რომანი და დეტექტივი

ჯუბა

№22

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 08.06

ჯუბა
დაკოპირებულია

ჯუბა საწოლზე იწვა და თვალცრემლიანი მისჩერებოდა გმირულად დაღუპული მამის პორტრეტს.

მილიციის 38 წლის მაიორი ვახტანგ ლიპარტელიანი მეზობელმა მოკლა.

ჯუბას ნათლად ახსოვდა ის ავბედითი დღე.

შაბათი იყო. 24-საათიანი მორიგეობიდან დაბრუნებულმა ვახტანგმა შხაპი მიიღო. ისაუზმა. შემდეგ შვილების საძინებელში შევიდა და მძინარე და-ძმას შესძახა:

– ცხრა საათია, თქვე ზარმაცებო. გაიღვიძეთ! დაგავიწყდათ, რომ ლაშქრობაში მივდივართ?

– რა დროს ლაშქრობაა, ვახტანგ! – მიაძახა მეუღლეს, უკან მიყოლილმა მარინემ და დაამატა, – ლაშქრობა სხვა დროს იყოს. მორიგეობდი, მთელი დღე-ღამე სამსახურში იყავი. დაიძინე, დაღლილი იქნები.

ვახტანგი ცოლს მიუბრუნდა. შუბლზე აკოცა. ხელში ატაცებული დააბზრიალა და თქვა:

– თქვენს პატრონს რა დამღლის. სიტყვა სიტყვაა და შესრულება უნდა. ისეთ ზღაპრულ ადგილებში წაგიყვანთ, რომ იმ მშვენიერებას თვალს ვერ მოსწყვეტთ.

ჯუბა და ლელა მთქნარებ-მთქნარებით წამოდგნენ. გარედან კი ოთახში მამაკაცის ბოხხმიანი ღმუილი და უწმაწური ლანძღვა-გინების ხმა შემოიჭრა.

– ჯოჯუაა. ეტყობა, ახლდახან მიეთრა სახლში და ცოლ-შვილს აწიოკებს, – თქვა მარინემ.

ვახტანგმა ცოლი ძირს დაუშვა და სახეწამოჭარხლებულმა უთხრა მეუღლეს:

– ბავშვები გაამზადე, ახლავე მოვალ.

– არ გინდა, ვახტანგ. ნუ ჩაერევი. თვითონ გაარკვევენ თავიანთ ამბავს, – თქვა მარინემ და მეუღლეს შიშნარევი მზერა მიაპყრო.

ცოლის სიტყვებმა ვახტანგი ოდნავ შეაყოვნა. ამ დროს გარედან გასროლის ხმა გაისმა, რასაც ქალისა და ბავშვის კივილიც მოჰყვა. ბოხხმიანი ღმუილი და გინება კი უფრო გაძლიერდა.

– ამას უყურე? – თქვა გაფითრებულმა მაიორმა და გასასვლელისკენ სწრაფი ნაბიჯებით გაემართა.

მარინე კართან დაეწია მეუღლეს და უთხრა:

– იარაღი მაინც წაიღე, ის ნაძირალაც ხომ შეიარაღებულია.

– არაა საჭირო. გააკეთე, რაც გითხარი და გარეთ ცხვირი არ გამოყოთ! – მკაცრი ტონით უთხრა ვახტანგმა ცოლს. ბინიდან გავიდა და სწრაფად დაეშვა მეოთხე სართულზე.

***

„ცეხავიკი“ რომან ჯოჯუა ლიპარტელიანების ქვევით, ორი სართულით დაბლა ცხოვრობდა. ფულისგან გაზულუქებულს, მთელი „ბობოლები“ მოსყიდული ჰყავდა და მას ძალოვან-პარტიული მაღალჩინოსნები მფარველობდნენ. პროვინციული სულისა და წარმომავლობის ნაძირალას ცა ქუდად არ მიაჩნდა და დედამიწა – ქალამნად. გახრწნილ-გათახსირებული რომანი ქეიფსა და მეძავებში ატარებდა დროს. ხოლო სახლში რომ ბრუნდებოდა, ცოლსა და 5 წლის ერთადერთ ქალიშვილს აწიოკებდა. ჯოჯუა მთელ სამეზობლოს სძულდა, მისი მდგომარეობის გამო, მაგრამ ვერაფერს უბედავდნენ. იცოდნენ, როგორი მფარველები ჰყავდა მას და რომ სიმართლეს ვერ იპოვიდნენ.

ჯოჯუას „გმირობის“ ამბავი ვახტანგმაც კარგად უწყოდა. ერთხელ რომანს იარაღიც კი წაართვა, როდესაც შელაპარაკებისას მან ერთ-ერთ მეზობელს მუცელზე მიადო და ვახტანგს დროზე რომ არ მიესწრო, ღმერთმა უწყის, რა მოხდებოდა. მაშინ, ვახტანგმა ჯოჯუა მილიციაში მიიყვანა და უფროსს იარაღიც წინ დაუდო. თუმცა, არაფერი გამოუვიდა, პოლკოვნიკმა საქმე აღუძრელად ჩაფარცხა. აბა, რას იფიქრებდა მაიორი, რომ კორუმპირებულმა მილიციის უფროსმა არა მარტო არ დაიჭირა ჯოჯუა, არამედ პისტოლეტიც დაუბრუნა, რომლის ტარების უფლება მას არ ჰქონდა. ვახტანგი კი სხვა განყოფილებაში გადავიდა სამუშაოდ.

ამ ინციდენტის შემდეგ ორი თვე იყო გასული და მეზობლები ემადლიერებოდნენ ვახტანგს. მათ ეგონათ, რომ რომანი ვეღარ გაბედავდა სკანდალს. და, მართლაც, ჯოჯუა თითქოს დაწყნარდა. თუმცა, ორი თვის შემდეგ მან მორიგი სკანდალი მოუწყო ცოლ-შვილს, თან, იარაღიც გაისროლა და ეს იყო ბოლო წვეთი. ვახტანგს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი ჯოჯუას შეპყრობა და ჩამორთმეული იარაღით მილიციაში კი არა, პირდაპირ უშიშროების კომიტეტში მიყვანა. ფიქრობდა, რომ იქ ვახტანგს უკვე ვეღარ დააიგნორებდნენ და რომან ჯოჯუა მკაცრად დაისჯებოდა.

***

ვახტანგმა სწრაფად ჩაიარა ორი სართული. შეკრებილ მეზობლებს ანიშნა, გაიწიეთო. შემდეგ ჯოჯუას ბინის კარს მიუახლოვდა და მიაყურადა. როგორც მიხვდა, გაცოფებული „ცეხავიკი“ იარაღით ემუქრებოდა ცოლ-შვილს და იმის დიდი ალბათობა იყო, რომ დაეხოცა კიდეც.

– აქაურობას მოშორდათ! მე ბინაში შევაღწევ აივნიდან და განვაიარაღებ. ისეა გაცოფებული, რომ შეიძლება, სროლაც კი ატეხოს, – გააფრთხილა ვახტანგმა მეზობლები.

– ფრთხილად, ვახტანგ. არ გესროლოს, – უთხრა მაიორს კარის მეზობელმა.

მაიორმა ხელით ანიშნა ყველას, ჩუმად იყავითო. შემდეგ დერეფნის ფანჯარა გამოაღო და ვიწრო კარნიზით ჯოჯუას ბინის აივნისკენ ფრთხილად დაიძრა. შვიდიოდე მეტრი გაიარა. აივანზე გადავიდა და ბინაში შევიდა, საძინებელი ფეხაკრეფით გაიარა და სასტუმრო ოთახში სწრაფად შეიჭრა. ეს კი იმიტომ გააკეთა, რომ რომან ჯოჯუას პისტოლეტის სასხლეტზე თითი ჰქონდა გამოდებული და გამოკვრას აპირებდა. მის წინ კი აცახცახებული, პირში ენაჩავარდნილი დედა-შვილი იდგა. მაიორმა მოასწრო დედა-შვილის გვერდით გაწევა და იარაღს წინ დაუდგა. მაგრამ პისტოლეტის წართმევა ვერ მოახერხა. „მაკაროვმა“ ორჯერ გაისროლა და ვახტანგს ტყვიები მუცელში მოხვდა. მაიორი ორიოდე მეტრით უკან გადავარდა. მაგრამ ჯერ კიდევ შემორჩენოდა ძალები. ფეხზე წამოდგა. იარაღმომარჯვებულ, გაოგნებულ ჯოჯუასთან მივიდა და პისტოლეტი ხელიდან გამოგლიჯა. შემდეგ მთელი ძალები მოიკრიბა და მარცხენა მუშტი საშინელი ძალით გაარტყა ყბაში. ჯოჯუა უკან გაფრინდა და გათიშული დაენარცხა იატაკს. ვახტანგი კი იქვე ჩაიკეცა. მარჯვენა ხელში მას წართმეული „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი ჰქონდა ჩაბღუჯული.

ჯოჯუას ცოლი ერთხანს გაოგნებული იდგა. ხან აცახცახებულ გოგონას უმზერდა, ხან იატაკზე დავარდნილ ვახტანგს. ხოლო, როდესაც მაიორის მუცლიდან სქლად გამოჟონილი სისხლი დაინახა, – მოკლა, მოკლაო, აკივლდა. მეზობლებმა კარი შეამტვრიეს. სასწრაფო დახმარება და მილიცია გამოიძახეს. იმ ბიჭმა კი, ვინც ვახტანგმა ორიოდე თვის წინ სიკვდილს გადაარჩინა, გონზე მოსულ ჯოჯუას ჯერ წიხლი ამოჰკრა ყბაში და მითიშა. შემდეგ ქამარი მოიხსნა და ზურგსუკან ხელები მაგრად გაუკოჭა.

***

– ჯუბა, ადექი, მოვიდნენ. გამოდი და გთხოვ, მშვიდად იყავი, – უთხრა ვაჟიშვილს საძინებელში შესულმა მარინემ და უკან გაბრუნდა.

ჯუბა საწოლიდან წამოდგა და იარაღი გადატენა. შემდეგ ქამარში გაირჭო. პიჯაკი ჩაიცვა, შეიკრა და ლელას წასაყვანად მოსულ მაყრიონთან დინჯი ნაბიჯებითა და მშვიდი სახით გავიდა.

ფორმალურად ლელა ლიპარტელიანს ქორწილი ჰქონდა. სიძესა და მაყრიონს ის „მმაჩის“ ბიუროში ხელის მოსაწერად უნდა წაეყვანათ. შემდეგ კი – საქორწილო სუფრაზე, რესტორან „არაგვში“. ერთი სიტყვით, ყველაფერი წესისამებრ, ტრადიციულად იყო გაწერილი, მაგრამ... ეს ისტორია დანაშაულით დაიწყო: ერთ საღამოს უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტები წყნეთში შეიკრიბნენ და თავიანთი თანაკურსელის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. მათ შორის იყო ლელაც. საღამოს 9 საათი რომ შესრულდა, გოგონა თანაკურსელებს გამოემშვიდობა და აგარაკიდან წამოვიდა, რომ ავტობუსით სახლში დაბრუნებულიყო. გზას მას პატარა, ტყიანი ბილიკი უნდა გაევლო. თითქმის გასულიც იყო, როდესაც მას იუბილარი ბიჭი და მისი ორი ძმაკაცი წამოეწია. ახალგაზრდები ალკოჰოლისა და მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ. სამივე უკიდურესად აგზნებული იყო. იუბილარი აუშარდა გოგონას: შეურაცხყოფა რატომ მომაყენე და სუფრიდან გამოიქეციო. მას ძმაკაცებმაც დაუჭირეს მხარი. იუბილარმა კი ჯერ სცემა ლელა, შემდეგ კი ძმაკაცების დახმარებით გააუპატიურა. დანარჩენმა ორმაც იგივე გააკეთეს. ბოლოს კი დაემუქრნენ: ამის შესახებ სიტყვა არავისთან დაგცდეს. ისევ შენ იზარალებ და სახელი გაგიტყდებაო. თუმცა, რომც თქვა, ფეხებსაც ვერ მოგვჭამო. იუბილარი პროკურორის ვაჟი იყო. მისი ძმაკაცების მამებსაც მაღალი თანამდებობები ეკავათ და იმ ნაძირლებს სწორედ ამის გამო შეყროდათ დაუსჯელობის სინდრომი. როცა ეს ამბავი მოხდა, ჯუბა სულ რაღაც ორი დღის წასული იყო ყამირ მიწებზე სამუშაოდ – ინსტიტუტიდან ერთი თვით შუა აზიაში გააგზავნეს. გაუპატიურებიდან სულ რაღაც 12 საათის შემდეგ ლიპარტელიანებთან იუბილარის პროკურორი მამა მივიდა, დანარჩენი მოძალადეების მამებთან ერთად და მარინე ისე დააშანტაჟეს, რომ აიძულეს, დათანხმდებოდა ლელასა და მისი ვაჟის შეუღლებაზე. თან, არწმუნებდნენ, რომ ვითომ პროკურორის ვაჟს სიგიჟემდე უყვარდა გოგონა. დანარჩენი ორი მოძალადის ქმედებას კი კატეგორიულად უარყოფდნენ. ლელა ისეთ სტრესში იყო, რომ ყველაფრის უნარი დაკარგული ჰქონდა. ავტომატურად ყველაფერზე თავს უქნევდა მოძალადეების მამებს და ხელმოწერის დღეც დაინიშნა. მოძალადეების მშობლებს კი სულ სხვა გეგმები ჰქონოდათ, როგორმე ჩაეფარცხათ ეს დანაშაული:

– ეგდოს ჩვენთან ექვსი თვე. როგორმე გავუძლებთ. მერე კი – განქორწინება და ჯანდამბამდეც გზა ჰქონია. შენ, უბრალოდ, არ მიეკარო, რომ არ დაორსულდეს, – ასე დამოძღვრა პროკურორმა თავისი ვაჟი.

ჯუბა ხელმოწერამდე სამი დღით ადრე დაბრუნდა ყამირი მიწებიდან. მას მარინემ მხოლოდ ის უთხრა, რომ ლელა საქმროს ქორწილამდე დაუწვაო. გაუპატიურებაზე, თანაც, ჯგუფურზე, ბიჭთან სიტყვაც კი არავის დაუძრავს. თუმცა, ჯუბა რაღაცას გრძნობდა, სიმართლის დადგენას ცდილობდა და გაიგო კიდეც. მეორე დღეს ბიჭი მამიდამისს ესტუმრა. შეუჩნდა და ყველაფერი ათქმევინა.

***

– ვა, ცოლის ძმას ვახლავარ! – დამცინავად უთხრა პროკურორის ვაჟმა ოთახიდან გამოსულ ჯუბას და დაამატა, – აი, მოვედი ჩემი ტურფას წასაყვანად.

ჯუბა შედგა და ავი მზერა მიაპყრო მოძალადეს.

– გაჩერდი, გეყოფა, – უთხრა ლელამ პროკურორის ვაჟს.

ჯუბას წარბიც არ შეუხრია და არც ადგილიდან დაძრულა. ქამრიდან გადატენილი „მაკაროვი“ ამოაცურა, მოძალადეს ტყვია ესროლა მუცელში და იატაკზე დააგდო. შემდეგ ორი ნაბიჯი გადადგა წინ და ტყვია სასქესო ორგანოებში დაახალა. მესამე ჯერზე კი თავში საკონტროლო გასროლით სული გააფრთხობინა. ბოლოს, იარაღი კვლავ ქამარში ჩააცურა, პიჯაკი შეიკრა, გაქვავებულ მარინეს და ლელას უხმოდ შეავლო მზერა და სწრაფი ნაბიჯებით გავიდა ბინიდან.

***

ჯუბა, ჯანო კახიანთან მივიდა. 21 წლის ობოლი ჯანო ჯუბას სკოლელი იყო და ბიჭები ბავშვობიდან ძმაკაცობდნენ. კახიანი ჯუბას სახლიდან ხუთასიოდე მეტრის დაშორებით, იტალიური ეზოს სამსართულიანი სახლის ბოლო სართულზე, სამოთახიან ბინაში მარტო ცხოვრობდა. მიუხედავად იმისა, რომ ობლობის გამო ჯანოს ჯარში წასვლა არ ეკუთვნოდა, მან მაინც თავისას მიაღწია და ორწლიანი სავალდებულო სამსახური გაიარა. შემდგომ, კიდევ ორი წლით გაახანგრძლივა სამსახური და ვადის ამოწურვამდე ერთი წელი ჰქონდა დარჩენილი. თბილისში კი სამკვირიანი შვებულებით იყო ჩამოსული და დედაქალაქში ჯუბას ყამირი მიწებიდან დაბრუნებამდე ერთი დღით ადრე ჩამოვიდა. ბიჭები წერილებით ყოველკვირა ურთიერთობდნენ, მაგრამ ერთმანეთი ორი წელი არ ენახათ. სკოლისა და უბნელობის გარდა, ბიჭებს სპორტიც აერთიანებდათ. დიდი ხნის განმავლობაში ისინი ერთად ვარჯიშობდნენ ძიუდოში.

ჯუბა ნაცნობი, ვიწრო ჩიხებით მიემართებოდა ჯანოს სახლისკენ, რომ არავის დაენახა. მან იცოდა, რომ თუკი დაიჭერდნენ, დახვრეტა არ ასცდებოდა. სიკვდილი კი არ უნდოდა. ყოველ შემთხვევაში მანამდე, სანამ შურისძიებას ბოლომდე არ მიიყვანდა.

ჯუბამ ბოლო ჩიხიც შეუმჩნევლად გაიარა. ჯანოს ბინაში სათადარიგო კიბით ავიდა და ფრთხილად დააკაკუნა. კარი ჯანომ გააღო. ჯუბა სწრაფად შევიდა ოთახში. კარი თავადევე მიხურა. ძმაკაცს გადაეხვია, ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა და ბოლოს უთხრა:

– სხვა გზა არ მქონდა და აქ ამიტომ მოვედი. დანარჩენებსაც დავხოცავ და მერე კი სადმე უნდა წავიდე, თორემ დახვრეტა არ ამცდება. თუმცა, ამას უკვე აღარ ექნება მნიშვნელობა და ფეხებზე მკიდია.

– არ გრცხვენია? რატომ ამბობ, სხვა გზა არ მქონდაო. აბა, სად უნდა წასულიყავი, თუ არა აქ? – იწყინა ჯანომ და დაამატა, – ერთად დავაწვებით სადმე და ფეხებსაც ვერავინ მოგვჭამს. ძმები არ ვართ?

– კი, ვართ, – მიუგო ჯუბამ.

– ჰოდა ერთად მოვუღებთ ბოლოს მაგ ნაძირლებს, – თქვა ჯანომ და დაამატა, – ჯარში რაღაც-რაღაცები ვისწავლე და ამ საქმეში მაგრად გამოგვადგება.

ჯანო კახიანი სადესანტო მომზადების პროგრამას გადიოდა და უნდოდა, სპეციალური დანიშნულების ჯარში ემსახურა.

პროკურორმა ივარაუდა, რომ შესაძლოა, ჯუბას დანარჩენი ორის დახოცვაც ჰქონოდა განზრახული და შესაბამისი ზომებიც წინასწარ მიიღო. ამიტომ, ჯუბას შანსი არ ჰქონდა და 18 წლის ახალგაზრდა სისხლის სამართლის სამძებროს ოპერებმა ელვისებურად დააკავეს. იარაღი ამოუღეს და დაკითხვაზე მილიციის სამმართველოში გადაიყვანეს.

პირველი ჯოჯოხეთი ჯუბა ლიპარტელიანმა სწორედ მილიციის სამმართველოში გაიარა და საკანში ცოცხალ-მკვდარი ჩააგდეს. იქ, ყოველგვარი კანონდარღვევით ერთი კვირა გააჩერეს და ამ ხნის განმავლობაში სასტიკად სცემდნენ. მეორე ჯოჯოხეთი მან უკვე ციხეში გაიარა, სადაც სიკვდილმისჯილთა საკანში გამოამწყვდიეს და ყველაფერი იმავე სცენარით გაგრძელდა. ორი თვის შემდეგ კი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესმა სასამართლომ ჯუმბერ ვახტანგის ძე ლიპარტელიანს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. კიდევ ერთი თვის მერე კი ლიპარტელიანების ოჯახს ოფიციალური შეტყობინება მიუვიდა სასჯელის აღსრულების თაობაზე.

დასასრული შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

16-22 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა