ჯაჭვური რეაქცია
ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 30.11
დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #46 (1246)
კიევში რომ ჩავედით, ხელმძღვანელობამ საბრძოლო ჯილდოზე წარმადგინა და ერთკვირიანი შვებულება მომცეს. მართალია, ომი იყო, მაგრამ ზაფხულის სურნელი ანეიტრალებდა ამ უბედურებას. თანაც, ძალიან მინდოდა ჩემი მშობლების მონახულება. ისინი ქალაქის ცენტრში ცხოვრობდნენ, მაგრამ ჯერ კიდევ მოსკოვში ამიკრძალეს ამის გაკეთება. რა თქმა უნდა, ვერც ელენას ვინახულებდი. არადა, ჩემი საცოლეც ძალიან მენატრებოდა. ერთი სიტყვით, ყოველმხრივ შეზღუდული ვიყავი და მხოლოდ და მხოლოდ საქმის შესრულებაზე უნდა მეფიქრა და იმ ერთკვირიან შვებულებაში ჩავტეულიყავი. კიევის ქუჩებში უსაფრთხოების ძალების პატრული დადიოდა და საბუთებს ამოწმებდნენ. თუმცა, მე ამის არ მეშინოდა, ჯიბეში შვებულების საბუთი მედო და რომ იტყვიან, რკინის „ქსივა“ მქონდა, რომელიც ქვას გახვრეტდა. პატრულმა რამდენიმეჯერ შემამოწმა, მაგრამ ღიმილით დამემშვიდობნენ. დავდიოდი ქალაქში და საქმის შესასრულებელ ვარიანტს ვეძებდი. იარაღის სამალავის მისამართი ვიცოდი და როცა საჭირო გახდებოდა, მივიდოდი და ავიღებდი ჩემთვის. ფეხით დავდიოდი და ფეხებმა თავადვე მიმიყვანეს ჩემს მშობლიურ ეზოში. იქ ცხოვრობდნენ ჩემი დედ-მამა და ელენა, რომელიც ჩვენი კარის მეზობელი იყო. თითქოს ჯინაზე, ჩემი მშობლები ეზოში ისხდნენ და ელენას ელაპარაკებოდნენ. ყელში ბურთი მომაწვა და ძლივს შევიკავე თავი, რომ არ მივსულიყავი და არ გამოვცნაურებულიყავი. თუმცა, ფეხებმა მაინც იქითკენ წამიყვანეს. მოვახერხე და სიარულის მანერა შევცვალე, რომ დედას არ ვეცნე. ის ის იყო, გვერდით გავუარე, რომ საშინელი ხმა გაისმა და მძიმე ჭურვის აფეთქების ტალღამ ის სკამი შეახეთქა ხეს, რომელზეც ჩემები ისხდნენ. მე შლეგივით მივვარდი და როცა დავრწმუნდი, რომ ცოცხლები იყვნენ, შეცვლილი ხმით ვთქვი:
– სწრაფად თავშესაფარში!
ჩემს ეზოს ვინ მასწავლიდა და დედ-მამა და ელენა მაშინვე სარდაფისკენ გავაქანე. თან, ვცდილობდი, ხმა არ ამომეღო, რომ არ ვეცნეთ.
– გმადლობთ, შვილო. შენხელა ბიჭი მყავს, – მითხრა დედამ, როდესაც სარდაფში ჩავედით და დავრწმუნდით, რომ საღ-სალამათები ვიყავით.
– ბოდიში. უნდა წავიდე, – ვთქვი მე და ბუკნერიდან ამოსვლას ვაპირებდი.
– ლევან, შვილო! – იკივლა დედაჩემმა და მკლავში ხელები მაგრად ჩამავლო.
– უკაცრავად, ქალბატონო, – შეცვლილი ხმით ვუთხარი დედას. მან კი უფრო მაგრად მომიჭირა ხელები და მითხრა:
– რაც არ უნდა შეიცვალო ხმა და სახე, მაინც ვერ მომატყუებ, შვილო, დედის გულს ვერ მოატყუებ.
მამაჩემი და ელენა გაოცებული მიყურებდნენ და ბოლოს მამამ მას უთხრა:
– სირცხვილია. რა გჭირს? ხომ იცი, ჩვენი შვილი სადაცაა?
ჩემდა მოულოდნელად, დედაჩემმა პერანგი ჩამომახია, მკვეთრად შემატრიალა, მამაჩემს ჩემს მარცხენა მხარზე გულის ფორმის შავი, მკვეთრი ლაქა დაანახვა და უთხრა:
– ახლაც არ გჯერა, რომ ეს ჩვენი ლევანია?
– ლევან, შვილო! – აღმოხდა მამას და ჩამეხუტა.
ამ სცენის შემხედვარე ელენას თვალები გაუფართოვდა და გაოცებული გვიყურებდა. უარყოფას აზრი არ ჰქონდა და ხმადაბლა ვთქვი:
– მოდი, სახლში ავიდეთ და ყველაფერს მოგიყვებით.
სახლში რომ ავედით, დედ-მამასა და ელენას ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი და ბოლოს ვთქვი:
– გამოუვალ მდგომარეობაში ვიმყოფები და ნეტავ აქ არ მოვსულიყავი.
– გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს, – მითხრა დედამ და დააყოლა, – ვფიქრობ, აქაურობას უნდა გავეცალოთ და რაც უფრო მალე და რაც უფრო შორს წავალთ, მით უკეთესი იქნება.
– სად, როდის, როგორ? – თქვა მამამ და დაამატა, – ელენას აღარ ეკითხებით?
– მე თანახმა ვარ, – თქვა ელენამ, რომელიც ადრე დაობლდა და ბებიამ გაზარდა. როგორც შევიტყვე, ბებიამისი ექვსი თვის წინ გარდაიცვალა და გოგონა სრულიად მარტო დარჩა.
ის ღამე ჩემს მშობლიურ სახლში გავათენე. შემდგომ ქალაქის კომენდატურაში მივედი, აღნიშვნა გავაკეთე და ელენასთან ერთად გავისეირნე.
– ასეთს მიმიღებ? – ვკითხე ელენას, მას კი გაეცინა და მითხრა:
– სხვა გზა არაა. მთავარია, მშვიდობით გავაღწიოთ აქედან.
– გავაღწევთ კიდეც, მაგრამ ჯერ თქვენ უნდა გაემგზავროთ.
გეგმა იმავე დღეს შევიმუშავეთ და სანამ შვებულება გამითავდებოდა, სამივე მშვიდობიანად გავამგზავრე თბილისში. მამაჩემი თბილისელი იყო, ქალაქის ცენტრში დიდი ბინა ჰქონდა და თან, შეძლებული ნათესავებიც ჰყავდა. მე კი ჩემს სამხედრო ნაწილში დავბრუნდი. მეთაურმა გამომიძახა და მითხრა:
– შენზე ბრძნებაა: კიევში, ცენტრალურ შტაბში უნდა გადახვიდე და უსაფრთხოების სამსახურში გაიარო სტაჟირება.
ცოტა არ იყოს, ამ სიახლემ შემაცბუნა, მაგრამ საშიში არაფერი იყო. უბრალოდ, ჩემი უნარ-ჩვვები მოეწონათ და რა იცოდნენ, რომ ყველაფერი ეს მათთან მქონდა შეძენილი და მათი ყოფილი თანამშრომელი ვიყავი, მათ მიერვე თხასავის გაყიდული. ბედის ირონიით, სწორედ იმ კაცთან ვიყავი დაბარებული, ვინც უნდა მომეკლა. მან ხელი ჩამომართვა. სკამზე მიმითითა და მითხრა:
– იცით, ერთი საგანგებო დავალება გვაქვს შესასრულებელი, თქვენ კი ყველა კრიტერიუმით აკმაყოფილებთ ჩვენს მოთხოვნებს.
– დიახ. გისმენთ.
გენერლის სიტყვებზე გულმა ცუდი მიგრძნო და სმენად ვიქეცი.
– თქვენ ხომ თბილისელი ხართ?
– დიახ, – ვთქვი მე, – თუმცა, კიევში ვცხოვრობდი და თბილისში მხოლოდ რამდენიმეჯერ ვარ ნამყოფი.
გენერალმა ერთ-ერთი ქართველი პოლიტიკოსის სურათი მაჩვენა და მითხრა:
– აი, ამის ლიკვიდაცია უნდა განახორციელოთ. ეს კაცი ჩვენი ქვეყნების მეგობრობას საფრთხეს უქმნის და როგორც ნამდვილი პატრიოტი, ეს მისია უნდა შეასრულოთ. შემდეგ კი დიდ ფულს მიიღებთ და ნებისმიერ ქვეყანაში შეგეძლებათ წასვლა და უდარდელი ცხოვრება.
ეს უკვე მესამე მსგავსი დავალება იყო და ტექსტი კი – ყველგან ერთი. გენერალს თანხმობა განვუცხადე და მოვილაპარაკეთ, რომ ობიექტს მიტინგზე მოვუღებდი ბოლოს. საქართველოში არჩევნები ახლოვდებოდა. ეს კაცი თავის თანაგუნდელებთან ერთად საარჩევნო კამპანიას ატარებდა და შედარებით იოლი მოსახელთებელი იყო.
– თბილისში ჩვენი კაცი გაგიწევს დახმარებას. იარაღსაც ის მოგცემს, – მითხრა გენერალმა და სამი დღის შემდეგ უკვე საქართველოს დედაქალაქში ვიმყოფებოდი. თუმცა, კონსპირაციულ ბინაში ვცხოვრობდი და ჩემებს არ დავკონტაქტებივარ.
მეორე დღეს გენერლის მიერ მითითებულ კაცს შევხვდი. მან შემათვალიერა და მითხრა:
– არც თუ ისე იოლი მისია გაკისრია და შეძლებ შესრულებას?
– შევძლებ. მხოლოდ ინფორმაციები მჭირდება.
„გენერლის კაცმა“ თავის ბინაში მომიყვანა და საარჩევნო კამპანიის კადრები მიჩვენა, რომელზეც ობიექტი იყო გადაღებული.
– ხედავ? დაჯავშნულ კაბინაში გამოდის და მისი სნაიპერული შაშხანით ლიკვიდაცია არ მოხერხდება.
– ნაღმმტყორცნი დაგვჭირდება. არის ამის საშუალება?
– ნებისმიერი ტიპის. შენ მხოლოდ მითხარი.
იმავე საღამოს იმდენი მოვახერხე, რომ ჩემს „ობიექტს“ შევხვდი და მთელი ჩემი ისტორია დაწვრილებით მოვუყევი. მან თავი გააქნია, გაეცინა და მითხრა:
– არ მეგონა, თუ ამდენი და ასეთი ბორტი მტრები მყავდა. თუმცა, მოყვრებიც მყოლია და მადლობას მოგახსენებ. შენ, ალბათ, უსაფრთხოდ გაუჩინარება გინდა და ამას მე მოგიხერხებ.
– გმადლობთ. უსაფრთხო ცხოვრება მე და ჩემს ოჯახს ნამდვილად არ გვაწყენს, – ვუთხარი „ობიექტს“ და მისი სახლიდან წამოვედი.
მეორე დილით ვინმე პავლე მოვიდა ჩემთან და მითხრა:
– გაემზადეთ. დღესვე მივდივართ აქედან. თქვენებზე კი არ იდარდოთ. ისინი უკვე სამშვიდობოზე არიან და მათ იქ შეხვდებით.
კი ვიცოდი, ვინ იყო ჩემი მფარველი, ანუ „ობიექტი“, მაგრამ ასეთ ოპერატიულობას არ ველოდი. რამდენიმე საათის შემდეგ კი უკვე ჩემი დედ-მამისა და ელენას გვერდით ვიმყოფებოდი და ისინიც არანაკლებად გაოცებული იყვნენ.
ამ ამბიდან ერთი კვირა იყო გასული. ჩვენი ადგილსამყოფლის შესახებ მხოლოდ ჩვენ და საიმედო ადამიანებმა იცოდნენ. ყურადღებით ვადევნებდით თვალყურს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს და ისიც ვიცოდით, რომ ჩემი ყოფილი „ობიექტი“ საქართველოში წარმატებულ საარჩევნო კამპანიას ატარებდა.
საღამო ხანი იყო და დედაჩემმა დამიძახა და მითხრა:
– ერთი ამას შეხედე, ლევან!
კადრებზე ჩანდნენ დახოცილი სამხედრო მაღალჩინოსნები. ერთ-ერთ მათგანი ჩემი „ობიექტი“ იყო, ის, ვის სალიკვიდაციოდაც „პოლარული ბუდან“ გამომიშვეს და ვინც თბილისში გამომაგზავნა ჩემი მომავალი მფარველის მოსაკლავად. მეორე მოკლული კი ის კაცი იყო, ვინც მე რუსებს ჩამაბარა.
– ხედავთ, რუსებმა გენერალი მაინც მოიშორეს თავიდან, – ვუთხარი მამაჩემსა და დედაჩემს და დავაყოლე, – კიდევ კარგი, რომ მე არ მომიწია ამ მისიის შესრულება.
– ნახე, ნახე, თბილისში რა ხდება, – თქვა ელენამ და უზარმაზარი ტელევიზორისკენ გაიშვირა ხელი. ეკრანზე ხელბორკილდადებული, ჩემთვის ნაცნობი ადამიანები მოჩანდნენ, ის, ვინც უკრაინაში მოხალისედ გამგზავნა და ის, ვინც გენერალმა ჩემს დამხმარედ გამაცნო.
მამაჩემს გაეცინა და მითხრა:
– რაც ხდება, ამ ყველაფერს ჯაჭვური რეაქცია ეწოდება. რუსებმა ყველას დაასწრეს და ერთი მხრივ, არასასურველი ადამიანები მოიშორეს, მეორე მხრივ კი საერთაშორისო არენაზე თავიანთი პოზიციები გაიმაგრეს.
– როგორ? – იკითხა ელენამ.
– როგორ და იმ ხალხს, იმ წამქეზებლებს, ვინც ამ ომის პროვოცირება მოახდინეს, უჩვენეს, რომ მოუხელთებელი მათთვის არავინაა და ყველაზე დაცულ პერსონებსაც კი მისწვდებიან.
– თუ ასეა, მაშინ ჩვენც მოგვწვდებიან, – თქვა დედამ და დააყოლა, – ლევანმა ხომ მათი მისია არ შეასრულა.
მამამ თავი გააქნია და უთხრა:
– უსაფრთხოდ ცხოვრების გარანტია ნამდვილად გვჭირდება. თუმცა, აქაც ჯაჭვური რეაქცია მოხდა და ასეთი მფარველი გვყავს, რომ იმედია, ლევანი მათი სამიზნე არ გახდება.
– ღმერთმა ქნას, – თქვა ელენამ და საუბარი სხვა თემაზე გადავიტანეთ.
ორი დღის შემდეგ კი ჩვენს სახლში სტუმარი მოვიდა და გვითხრა:
– მეგობრებო, იმედია, ბოლო მოვლენების საქმის კურსში ხართ და თვალყურს ადევნებთ ყოველივეს.
– დიახ, – ვთქვი მე და დავამატე, – თქვენ, ალბათ, ჩვენმა მფარველმა გამოგგზავნათ.
– დიახ, – თქვა მან და დააყოლა, – თქვენი მფარველი მასთან გთავაზობთ მუშაობას და იმედი აქვს, რომ უარს არ ეტყვით.
ჩემთვის მოულოდნელი იყო ასეთი წინადადება. თუმცა, უარის თქმა არ მინდოდა და ვთქვი:
– რადგან ასეთ რამეს მთავაზობენ, ესე იგი, ასეა საჭირო და თანახმა ვარ.
– კეთილი. ახლავე გავემგზავრებით თბილისში, – მითხრა სტუმარმა და დააყოლა, – მხოლოდ ოჯახის წევრები აქ უნდა დარჩნენ, ისინი მოგვიანებით შემოგვიერთდებიან.
მეორე დღეს უკვე ბატონ აკაკის, ჩემს მფარველს, პირისპირ შევხვდი. მან კი მითხრა:
– ჩემო ლევან, გთავაზობ, რომ ჩვენი უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში ჩაერთო და ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულო. შენზე სრული ინფორმაცია მაქვს და აბსოლუტურად აკმაყოფილებ ყველა მოთხოვნას.
– რა თქმა უნდა, ჩემთვის დიდი პატივია თქვენი შეთავაზება, მაგრამ რუსეთში გასამართლებული ვარ და მუდმივი პატიმრობა მაქვს მისჯილი.
– ეს პრობლემა მოგვარებულია და რუსებს შენთან არანაირი პრეტენზია არ აქვთ,. ისევე, როგორც შენს ყოფილ უფროსებს, ვინც გაგყიდა და ვერაგულად გიღალატა.
– თუ ასეა, მე მზად ვარ, ბატონო კაკო, რომ მუშაობა დავიწყო.
ამ საუბრიდან რამდენიმე საათის შემდეგ უკვე ოფიციალური სტრუქტურის მაღალჩინოსანი ვიყავი. თუმცა, საიდუმლო ბრძანებით და როგორც ჩემი სხვა კოლეგები, არც ტელევიზორების ეკრანებზე ვჩნდები და არც არანაირ კომენტარს არ ვაკეთებ. უბრალოდ, პატიოსნად, პროფესიულ დონეზე ვასრულებ ჩემს საქმეს და მხოლოდ და მხოლოდ ბატონ კაკოსთან ვარ ანგარიშვალდებული. ამასობაში დრო გადის. არჩევნები ახლოვდება. ქვეყანაში ტემპერატურა მატულობს და უსაფრთხოების დაცვა კიდევ უფრო რთული ხდება. თუმცა, მთელ ძალისხმევას მივმართავ, რომ მფარველის ნდობა გავამართლო.
დასასრული
სიახლეები ამავე კატეგორიიდან