რომანი და დეტექტივი

ჯაჭვური რეაქცია

№46

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 23.11

რომანი
დაკოპირებულია

რუსეთის ფედერაციის #18 გამოსასწორებელი კოლონია პოლარული წრის მიღმა მდებარეობს. შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნის კიდეზე. დაბას, სადაც ისაა განლაგებული, ხარპი ეწოდება, თავად ამ ციხეს კი – „პოლარული ბუ“... აქ, 320 განსაკუთრებით საშიში ბოროტმოქმედი იხდის სასჯელს – სამუდამო პატიმრობას. ძირითადი კონტინგენტი სერიული მკვლელებისა და მოძალადეებისგან შედგება. იმ პატიმრებისგან, ვისაც საშინელი დანაშაულები აქვთ ჩადენილი. იქ ათავსებენ ხოლმე ძალიან საშიშ ტერორისტებსაც. ზოგჯერ – მთავრობის პოლიტიკურ ოპონენტებსაც, ანუ ოპოზიციონრებს, რომლებიც მათ ყელში ძვალივით ეჩხირებათ. ხარპშია ¹3, განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიაც, ასევე, დასახლებაც – შედარებით მსუბუქი დანაშაულებისთვის გასამართლებული პატიმრებისთვის. ხარპის სრული მოსახლეობა, პატიმრებითა და ციხის პერსონალის ჩათვლით, 5 ათასი ადამიანია. იქ, ხარპში, ¹18 დაწესებულებაში გამამწესეს. მოსკოვიდან ჯერ 3 საათი ვიფრინეთ ურალისკენ, შემდეგ გემით ვიცურეთ ყინულიან წყალში და ბოლოს ხარპს საეტაპო მატარებლით მივაღწიეთ. კარანტინში სპეციალური უნიფორმა გადამაცვეს და ზურგსუკან ხელბორკილები დამადეს. კუნთმაგარმა ზედამხედველმა ხელბორკილებიანი ხელები ამიწია და წელში მოხრილმა გავიარე გზა ციხის უფროსის კაბინეტამდე. უკან მეორე ბადრაგი მოგვყვებოდა, ძაღლით, რომელიც ადამიანებზე იყო დაგეშილი. ციხის უფროსი პოლკოვნიკი მედვედევი აღნაგობითაც დათვს ჰგავდა და ხმაც ბოხი ჰქონდა. ის სავარძელში იჯდა. მე შემომხედა და ბადრაგს მიმართა:

– წელში გაასწრეთ, მინდა შევათვალიერო! ბადრაგმა ხელი გამიშვა და წელში გავსწორდი. მედვედმა ამათვალიერ-ჩამათვალიერა. შემდეგ ბადრაგს ანიშნა და მან ხელები კვლავ ამიწია და მე ისევ წელში მოვიხარე.

– ქართველს არ ჰგავხარ, ჩხიკვაძე, სახითა და ფერით უფრო სლავს მაგონებ.

– დედით რუსი ვარ, ბატონო პოლკოვნიკო, – ვთქვი მე.

– დაიმახსოვრე, სანამ ლაპარაკის უფლებას არ მოგცემენ, კრინტიც არ უნდა დაძრა, – თქვა მედვედევმა და დაამატა, – ესე იგი, დედით რუსი ხარ. შენი დედაც...

„შენი დედაც და შენი ცოლ-შვილიც...“ – ვთქვი გუნებაში.

მედვედევმა კი მითხრა:

– ჩვენგან გაქცევა შეუძლებელია, აქ იქნები სიცოცხლის ბოლომდე. აქედან გასვლა მხოლოდ სასაფლაოზე შეიძლება.

პოლკოვნიკი მართალი იყო. ჯერ ერთი, რომ ციხიდან გაღწევის შანსი არ არსებობდა. კიდეც რომ გაგეღწია და „პაბეგი“ აგეკიდა, უმკაცრესი პოლარული ბუნება მოგიღებდა ბოლოს და საშინელი სიკვდილი გარანტირებული გქონდა. ზამთარი აქ 10 თვეა და ყინვა 40 გრადუსზე ქვევით არ ჩამოდის. ზაფხულში კი სხეულს უზარმაზარი კოღოები გიჭამენ. „პოლარულ ბუში“ მოხვედრილი ტუსაღის სიცოცხლის ხანგრძლივობა, საშუალოდ, 5-6 წელია. რეკორდი კი ერთ სვერდლოვსკელ მანიაკს ეკუთვნოდა, რომელმაც იქ 7 წელი გაძლო და ბოლოს ინფარქტით მოკვდა. ციხის საკნები ორადგილიანებია. საკნებს ორი ფოლადის კარი აქვს, ერთი კი – დაჯავშნილი. „ატბოიმდე“ საწოლზე წამოწოლა კატეგორიულად აკრძალულია და პატიმარს მხოლოდ 4 საათი შეუძლია, დაიძინოს. 20 საათის განმავლობაში კი ფეხზე უნდა იდგეს და იფხიზლოს. თანამოსაკნესთან მხოლოდ ჩურჩულით შეიძლება ლაპარაკი. ყველაფერს ვიდეოკამერები აკონტროლებენ და დარღვევისთვის კარცერია გათვალისწინებული, სადაც არც ძილი შეიძლება, არც დაწოლა და არც დაჯდომა. შხაპი ციხეში მხოლოდ 10 წუთის განმავლობაში შეიძლება, მიიღო და ისიც – კვირაში ერთხელ. ყოველ ათ დღეში ერთხელ კი პატიმარი 90 წუთით სასეირნოდ გაჰყავთ, რომლის დროსაც საერთოდ იკრძალება ლაპარაკი. ყოველივე ეს პოლკოვნიკმა მედვედევმა თავად გამაცნო და ბოლოს მითხრა:

– თუ გინდა, რომ 5-6 წელი იცოცხლო, აქაურ წესებს უნდა დაემორჩილო. წინააღმდეგ შემთხვევაში, 5-6 თვესაც კი ვერ გაძლებო.

სწორედ აქაური დღის წესრიგი გისპობდა სიცოცხლეს, თუმცა, დაუმორჩილებლობა 20-ჯერ გიმოკლებდა. მე არც სერიული მკვლელი ვიყავი, არც პედოფილი და არც რუსეთის მთავრობის ოპოზიციონერი ან ტერორისტი. თუმცა, თითქმის გამათანაბრეს ამ ორი ტიპის დამნაშავეებთან და მაინც მოვხვდი „პოლარულ ბუში“ მე რუსეთის მოქალაქეც კი არ ვყოფილვარ.

მე – ლევან პავლეს ძე ჩხიკვაძე, ეროვნებით ქართველი ადამიანი უკრაინის მოქალაქე ვიყავი, „ესბეუს“ (უკრაინის უსაფრთხოების სამსახური) თანამშრომელი, ჩინით მაიორი. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე ორიოდე წლით ადრე ოპერატიული სამსახურის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვიქტორ ტკაჩენკომ დამიბარა და მითხრა:

– ლევან, სპეცდავალებით რუსეთში უნდა გაემგზავრო და დიდი იმედია, რომ მას წარმატებით შეასრულებ. ხოლო, რომ დაბრუნდები, ჩინი მოგემატება და მნიშვნელოვან ჯილდოსაც მიიღებ.

– რა დავალებაა, ბატონო გენერალო? – ვკითხე ტკაჩენკოს.

გენერალმა რუსეთის ენერგოკომპანიის ხელმძღვანელის სურათი მაჩვენა და მკითხა:

– იცი, ეს ვინაა?

– დიახ.

– ჰოდა, ამის ლიკვიდაცია უნდა განახორციელო. ძალიან გვიშლის ხელს ჩვენი ენერგოპოლიტიკის წარმოებაში. ევროპელი მეგობრებიც უკმაყოფილოები არიან. ასე რომ, შენი იმედი გვაქვს.

– ვემსახურები სამშობლოს! – ვთქვი მე და დავალების მომზადებას შევუდექი.

მომიმზადეს საბუთები, მომცეს ფული და ევროპაში გავემგზავრე, რომ იქიდან, რომ იტყვიან, – „ჩერეზ“ შევსულიყავი რუსეთში. იარაღის სამალავი მოსკოვში იყო. სიტუაცია ადგილზევე უნდა შემესწავლა და საჭირო მომენტში ამ საწყობით მესარგებლა. ყოველივე ამას სამი კვირა დასჭირდა. როგორც იქნა, დავგეგმე ლიკვიდაციის დრო და ადგილი და სამალავში მივედი, რომ ჩემთვის საჭირო „რეკვიზიტი“ ამეღო. გავხსენი თუ არა სამალავი, იქვე, მყისიერად გამკოჭეს და თითის განძრევაც კი ვერ მოვასწარი. მივხვდი, რომ ოპერაცია წინასწარ იყო დაგეგმილი. ჩემთვის ისიც ნათელი იყო, რომ ჩემი დაპატიმრების ერთადერთი მიზეზი ინფორმაციის მიწოდება იყო, ანუ ჩემი ჩაშვება, მტრისთვის ჩაბარება. არადა, ამ ჩემი მისიის შესახებ მხოლოდ გენერალმა ტკაჩენკომ და თითებზე ჩამოსათვლელმა ადამიანებმა იცოდნენ, ისიც მთავრობაში. ინფორმაციის გაჟონვა გამორიცხული იყო და აშკარად ღალატს ჰქონდა ადგილი, ჩემი ეს ვარაუდი რუსმა ძალოვნებმაც გაამყარეს. ერთ-ერთმა მათგანმა მითხრა:

– შენებმა ჩაგვაბარეს შენი თავი და ძალიანაც კარგად მოიქცნენ. სამუშაო გაგვიადვილეს.

თავდაპირველად ვერ ვხვდებოდი, თუ რატომ გამწირეს ჩემებმა. შემდგომ კი ყველაფერს ჩავწვდი. შუაში იყო ეკონომიკური ინტერესები, ანუ ფული. საქმე ის იყო, რომ სანამ მე სალიკვიდაციოდ ვემზადებოდი, რუსეთსა და უკრაინას შორის უთანხმოება მოგვარდა და აღარ გახდა საჭირო უკიდურესი ზომის გამოყენება. წესით, მე უკან უნდა გამოვეხმეთ, მაგრამ ჩემებმა ყველაზე ბინძური გზა აირჩიეს და პარტნიორების გული რომ მოეგოთ და მათი ნდობა მოეპოვებინათ, უბრალოდ, მათ ჩამაბარეს: აი, „ძმებო“ საშიშ მკვლელს გადმოგცემთ და მიხედეთო. რუსებს კი მეტი რა უნდოდათ? გამასამართლეს და ხარპში, პირდაპირ „პოლარულ ბუში“ მიკრეს თავი... ორი წლის განმავლობაში ვიმყოფებოდი იქ. ერთ დღეს კი ჩემი საკნის კართან პირადად ოლეგ მედვედევი მოვიდა. მართალია, ხელბორკილები მაინც დამადეს, თანაც უკან, მაგრამ წაკუზული არ გავუტარებივართ და დერეფანში გამართულმა გავიარე. ციხის უფროსი და ერთი ბადრაგი მომყვებოდა. ძაღლიანი ბადრაგი კი არსად ჩანდა. აქედან გამომდინარე, მივხვდი, რომ რაღაც განსაკუთრებული ხდებოდა და ჩემს ცხოვრებაში ცვლილება იქნებოდა. პოლკოვნიკმა თავის კაბინეტამდე მიმიყვანა და ბადრაგი გაუშვა. შემდეგ ოთახში შევედით. იქ სამოქალაქოსამოსიანი ორმოციოდე წლის კაცი იჯდა. მედვედევს მან უთხრა:

– ხელბორკილები მოხსენით!

ციხის უფროსმა დაუყოვნებლივ შეასრულა ბრძანება და ოთახი დატოვა.

ოთახში მყოფმა ხელი ჩამომართვა და მითხრა:

– პოლკოვნიკი ვიქტორ ზინჩენკო „ეფესბედან“. დაბრძანდით, ლევან.

დავჯექი და ზინჩენკომ დაამატა:

– თქვენთან სერიოზული საქმით ვარ მოსული და ყურადღებით მომისმინეთ.

– ყურადღებით გისმენთ.

– მაიორო, თქვენი ძველი კოლეგებისგან განსხვავებით, ჩვენ ჩვენიანებს არ ვღალატობთ. კარგად ვიცი, თუ რა ჯოჯოხეთურ პირობებში იმყოფებით აქ. შანსი გეძლევათ, რომ არა მარტო თავი დააღწიოთ აქაურობას, არამედ გამდიდრდეთ და მთელი დარჩენილი ცხოვრება უდარდელად იცხოვროთ. თანაც, ამით სამაგიეროს გადაუხდით ყოფილ კოლეგებს... ღალატისთვის.

– რა უნდა გავაკეთო?

ზინჩენკომ უკრაინის მაღალჩინოსანი ძალოვნის სურათი მიჩვენა და მითხრა:

– ამ სუბიექტის ლიკვიდაცია უნდა განაორციელოთ.

– ეს რთული საქმეა. მით უმეტეს, ომის პირობებში. გაძლიერებული დაცვა ეყოლება და მასთან მიახლოებაც კი ურთულესი იქნება, ჩემთვის კი – ალბათ, შეუძლებელი.

– სწორედ ამიტომ გთავაზობთ თქვენ ამ საქმეს. ვიცით, რომ უმაღლესი დონის პროფესიონალი ხართ. მთავარია, დაგვთანხმდეთ, დანარჩენზე კი ჩვენ ვიზრუნებთ.

– რას გულისხმობთ?

– სახის კორექციას უმაღლეს დონეზე ჩაგიტარებთ და ვერავინ გიცნობთ. ლეგენდასა და საბუთებს მოგიმზადებთ და უკრაინაში გაგიშვებთ.

– ალბათ, როგორც მოხალისესა და რუსების მოძულეს.

– ათიანში მოარტყით. სწორედ ეგრე. კიევში თბილისიდან გაემგზავრებით. მანამდე კი სამკვირიან ტესტირებას გაივლით. თანახმა ხართ?

– არ გეშინიათ, რომ გავიქცე და დავალება არ შევასრულო?

– არა.

– რატომ?

– უკრაინელებს ვერ ჩაბარდებით. გარწმუნებთ, რომ ისინი მაშინვე გაგაქრობენ, როგორც არასასურველ მოწმეს. ვერც ევროპაში გაჩერდებით – ვერ დაიმალებით, რომ არაფერი ვთქვათ სხვა კონტინენტებზე – ამაზე ჩვენ ვიზრუნებთ და მაშინვე დაგაპატიმრებენ.

– თუ ასეა, მაშინ, თანახმა ვარ.

ჩემმა სამკვირიანმა ტესტირებამ შესანიშნავად ჩაიარა და როგორც გაირკვა, ძველი უნარები შენარჩუნებული მქონდა. ჩემი გარეგნობის კორექციაც კარგად ჩატარდა. სარკეში რომ ჩავიხედე, შევკრთი – ჩემთვის უჩვეულო სახე დავინახე, მაგრამ ქირურგმა მითხრა, შეეჩვევიო. ამასობაში ერთი თვე გავიდა. ათი დღე დავისვენე და „პოლარული ბუდან“ ჩემი გათავისუფლების ორმოცდამეათე დღეს ჩემს ისტორიულ სამშობლოში ჩავედი. ზაფხული იდგა და თბილისი ყვაოდა. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად, უკრაინაში ვიყავი გაზრდილი, ქართული ენა კარგად ვიცოდი. როგორც მოსკოვში დამარიგეს, ორკვირიანი ადაპტაციის შემდეგ ვინმე ალეკოს მივაკითხე, რომელიც უკრაინაში გამგზავრების მსურველებს კრებდა და ომში აგზავნიდა. ეს იყო ორმოციოდე წლის კაცი, ყოფილი მმართველი პარტიის წევრი. მან შემათვალიერა და მკითხა:

– სამხედრო მოქმედებებში თუ მიგიღია მონაწილეობა?

– მხოლოდ ჯარში ვარ ნამყოფი.

– მოხალისეობა რატომ გადაწყვიტე?

– ორი მიზეზის გამო. მძულს რუსები და ფულიც მჭირდება.

– გასაგებია. ოთხ დღეში ახალი ჯგუფი გაემგზავრება უკრაინაში და მათთან ერთად გაგიშვებ.

დანიშნულ დროს ჩვეულებრივი სამარშრუტო მიკროავტობუსით ფოთში ჩაგვიყვანეს. იქიდან კი ბარჟით უკრაინისკენ ავიღეთ გეზი და ოდესაში ჩავედით. ოდესიდან კი გაურკვეველი მიმართულებით გავემგზავრეთ დახურული სამხედრო მანქანებით და როცა დანიშნულების პუნქტს მივადექით, მხოლოდ მაშინ შევიტყვეთ, რომ ბალტიისპირეთში ვიმყოფებოდით ერთ-ერთ ძველ საბჭოთა სამხედრო პოლიგონზე. იქ ჩვენ ინგლისურენოვანი ინსტრუქტორები დაგვხვდნენ. ისინი სამი კვირის განმავლობაში გვამზადებდნენ და მხოლოოდ ამის შემდეგ გაგვიშვეს ფრონტის წინა ხაზზე. მე, რა თქმა უნდა, ისე ვიქცეოდი, რომ ეჭვი არავის აეღო ჩემი სპეციალური უნარ-ჩვევების გამო. ისე ვაჩვენებდი ყველას თავს, რომ თითქოს იქ ვიძენდი საჭირო ცოდნას. ჩემი პირველადი ამოცანა იყო, ისე მომხდარიყო, რომ კიევში გადავეგზავნეთ. ეს აუცილებელი იყო, რადგან მხოლოდ კიევში იყო შესაძლებელი ობიექტის მოხელთება და ლიკვიდაცია. დრო გადიოდა, მაგრამ კიევში გასამგზავრებელი არც მიზეზი და არც საბაბი არ ჩანდა. ამიტომ, გამოსავალი თავადვე უნდა მომეძებნა და ვიპოვე კიდეც. ერთ დღეს ფრონტის წინა ხაზიდან რუსი მეენე მოვიყვანე. ის კაპიტნის ჩინს ატარებდა და სადესანტო ნაწილის ოფიცერი იყო. ხელმძღვანელობა თვალებს არ უჯერებდა და პოლკოვნიკმა მითხრა:

– ყოჩაღ, ჩხიკვაძე! ძვირფასი ნადავლი მოგვიყვანე და პირადად ჩაიყვან კიევში, მთავარ შტაბში.

დასასრული შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა