რომანი და დეტექტივი

ის, ვინც ხარ

№36

ავტორი: ნია დვალი 20:00 17.09, 2021 წელი

ის, ვინც ხარ
დაკოპირებულია

იმ ღამით, მართლაც, მკვდარივით მეძინა და დილით თითქოს სულ სხვა ადამიანად გავიღვიძე. ტელეფონი ჩავრთე, გამოტოვებული ზარები არ ყოფილა. ესე იგი - ლილი და ის ჩემი ქმარყოფილი ჯერ კიდევ დაბნეულები იყვნენ, ანუ მოქმედების გეგმა არ ჰქონდათ შემუშავებული, ან უბრალოდ ისევ იჩხუბეს: ერთმანეთს ხომ დასანახავად ვერ იტანდნენ?! მე თადარიგი მაინც დავიჭირე: მოვძებნე ჩვენი რაიონის პოლიციის განყოფილება (თუ როგორც ჰქვია ახლა), დავრეკე მორიგესთან, ვუთხარი, რომ ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ვიყავი და ვთხოვე, აეხსნა, რა პროცედურები უნდა გამევლო, რომ ჩემს ყოფილ მოძალადე ქმარს მშვიდობიანად გავყროდი და დაცულიც ვყოფილიყავი. ახალგაზრდა ვაჟის ხმამ ყველაფერი ამიხსნა (თუ მსგავსი დაგჭირდათ, არ მოგერიდოთ - მომმართეთ და რჩევას არ დაგამადლით, საერთოდაც, უვარგისი კაცები დროულად გაყარეთ თქვენი ცხოვრებიდან და ყველა, ვინც თქვენს ცხოვრებაში ცხვირს ყოფს, მიაყოლეთ), მადლობა გადავუხადე და ახლა იმაზე დავფიქრდი, როგორ გამენეიტრალებინა გოროზი ლილი - რომელიც უკვე აღარ მეგოროზებოდა (მართლაც როგორი დიდი თვალები ჰქონია შიშს, თორემ ლილის როგორ უნდა დავეშინებინე?! მაგრამ ამის შესახებ ოდესმე, მოგვიანებით გიამბობთ). რადგან დავინახე, რომ ის ქცევები ამართლებდა, რაც ადრე არასდროს ჩამიდენია, გადავწყვიტე, ამ ტაქტიკას გავყოლოდი.

დამავიწყდა, მეთქვა: გარშემო ყველა ფიქრობდა, რომ ძალიან კეთილშობილი და წესიერი ადამიანი ვიყავი, შესაბამისად, ბრიყვად აღმიქვამდნენ. არადა წესიერება უბრალოდ ჩემი არჩევანი იყო და დადგა მომენტი, როდესაც არადანი უნდა ამერჩია - ანუ რაღაც სხვა, არც წესიერება და არც უწესობა.

ეს რაღაც სხვა იმ კონკრეტულ მომენტში იყო ლილის სუსტი წერტილების გახსენება ან, თუ ვერ გავიხსენებდი, პოვნა. ამისთვის კი აუცილებელი გახლდათ გემრიელი და მსუყე საუზმე (სხვათა შორის, ბინა ჩემი იყო - მამამ მაჩუქა). ასეც მოვიქეცი და ყავა მოვიდუღე.

ბლეფი

დედად წოდებულ ლილისთან ახლო ურთიერთობა არ მქონია, მე მასთან ერთად სიარული არ მიყვარდა (უცებ წამომიტივტივდა გონებაში: იქნებ ლილისაც იმიტომ არ ვუყვარდი, რომ მეც არ მიყვარდა? მაგრამ ახლა ამის გარჩევის თავი არ მქონდა), მის დაქალებსაც ორგანულად ვერ ვიტანდი (ასე მეგონა - რომ მათთან დღენიადაგ მლანძღავდა, ამიტომ ვერიდებოდი, თუმცა შეიძლება, მწარედაც ვცდებოდი, მაგრამ არც ამაზე შემეძლო ახლა ჭმუნვა), ანუ აღმოვაჩინე, რომ წარმოდგენა არ მქონდა, ვინ იყო ლილი - როგორი ადამიანი, რა აწუხებდა, რა უხაროდა, რით ცხოვრობდა... ეს ამბავი არ მომეწონა, იმიტომ რომ ნგრევის სურვილი მიჩიჩხინებდა და იმ ნანგრევებში ლილი აუცილებლად უნდა მოყოლილიყო.

რაკი წესიერებაზე, ანუ კეთილშობილ ქალთა პანსიონის აღსაზრდელის როლზე საკუთარი ნებით ვთქვი უარი, ჩემი ტვინიც სხვანაირად ამუშავდა.

მსჯელობას ხმამაღლა შევუდექი (ასე უფრო ეფექტიანია - თან, გესმის, რასაც ფიქრობ, ანუ გრძნობის ორი ორგანოდან იღებ ინფორმაციას და გიიოლდება ოპტიმალური გამოსავლის მოძებნა):

- მამაჩემი არ უყვარს, მაგრამ იდეალური ცოლის როლს თამაშობს (თქვენ რომ იცოდეთ, როგორ პინგვინივით ჰყავდა გამოჭერილი ჩემი „ბულკივით“ მამა?!), თან, თავის მოვლა უყვარს, ცდილობს, სულ ფორმაში იყოს, მომხიბვლელად გამოიყურებოდეს... მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის ვითომ?! იქნებ, ვინმეც ჰყავს ან, თუ არ ჰყავს, უნდა, რომ ჰყავდეს?

ოპა! ეს აზრი მომეწონა: „ბლეფი“ - იდეალური გამოსავალი გამოუვალ ვითარებაში. მე შევაგდებ ნაღმს, თუ აფეთქდა, ესე იგი, საყვარელი ჰყავს, თუ არადა, მამაჩემს ჩავაწვეთებ, რომ გავიგე, თითქოს ჩვენს უსათნოეს დედას ახალგაზრდა თაყვანისმცემელი გაუჩენია.

წარმოვიდგინე კიდეც ეს სცენა: როგორ დავხრიდი თვალებს მორცხვად მამაჩემის წინაშე (რომელიც გულწრფელად მიყვარდა - მაგრამ ნორმალური კაცი აშკარაა, ლილის ვერ უნდა ეტრიალებინა თავის ჭკუაზე) და ცრემლების ყლაპვით და ენის ბორძიკით ვუამბობდი ამ საშინელი ღალატის (ცხადია, ჩემ მიერ მოგონილის) ისტორიას. აზრები ისე მიხვავდებოდა, თითქოს ვიღაც მოქმედების წინასწარ გამზადებულ ვერსიებს მიყრიდა თავში (სინდისი არ მაწუხებდა, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით).

მოკლედ, შევიმუშავე გეგმა „ა“ (ლილის კბილს მოვუსინჯავდი, იქნებ მართლაც მიქარავდა რამეს ან ჰქონდა მიქარული) და გეგმა „ბეც“ (მე თავად შევთხზავდი ისტორიას, მამაჩემს ეჭვის მარცვალს ჩავუგდებდი და მერე ერკვიათ მასა და ლილის ეს ამბავი).

ფეხები მაგიდაზე შემოვაწყვე – დამავიწყდა მეთქვა, მხოლოდ საცვალი მეცვა, რაღაც ასე უფრო მსიამოვნებდა ყოფნა, ყავა მოვწრუპე და ჩემი დედა ლილის ნომერი ავკრიფე.

მხოლოდ მეხუთე ზარზე მიპასუხა, საუბრის დაწყება არც მაცალა: ნანა, შვილო, მთელი ღამე არ მიძინია (არ უძინია არა - კვახი), გივიც ჩემ გვერდითაა ახლა (გივი მამაჩემია), ვაჟაც (ჩემთვის ქმარყოფილი) ჩვენთან დარჩა (ო - რა ნაძირალა ხარ, ლილი!), ყველანი ვღელავთ. მამამ (ასე ეძახდა ჩვენთან, შვილებთან მამაჩემს) სანდროს დაურეკა (მეგობარ ფსიქიატრს ანუ), საღამოს მოვა ჩვენთან, შენც ხომ შემოივლი, ჩემო ლამაზო გოგო („ჩემო ლამაზო გოგო“ - ლილის რეპერტუარში პირველად მოვისმინე და მივხვდი, საქმე იმაზე ცუდად მქონდა, თუ პრინციპულად არ დავდგებოდი, ვიდრე წარმომედგინა).

- ჩემი ხმა ისმის? - ვკითხე გულგრილად და ოდნავ უკმეხად?

- რა თქვი, შვილო?

- რა და ტელეფონის ხმას დაუწიე, იმიტომ, რომ არ მგონია, გინდოდეს, რასაც ახლა ვიტყვი, მანდ მყოფებმა გაიგონ, - ეს წინადადება ძალიან ნელა წარმოვთქვი, ვინაიდან ლილი საკმაოდ გაქნილი ქალი იყო და უცებ მოახერხებდა, შეუმჩნევლად ხმის ჩაწევას.

- გისმენ, შვილო, ნანიკო, – კიდევ უფრო დამიტკბა დედაჩემი.

- დიახ, ძალიან კარგად უნდა მომისმინო, დედავ, ძვირფასო, მე ყველაფერი ვიცი, შენი რომანის შესახებ, ჰოდა, აი, ახლავე დაახვევინებ მაგ ვაჟას მაქედან, უზრუნველყოფ, რომ სასწრაფოდ გავეყარო, შენი ნაცნობობით და ისე დააშინებ, რომ ჩემს სიახლოვეს გაკარება ვერ გაბედოს. გესმის, დედიკო, დამეხმარები? - ეს სიტყვები დამაჯერებლად კი წარმოვთქვი, მაგრამ უცებ ჩემმა სინდისმაც გაიღვიძა, ღმერთო, რა ნაძირალა ვარ, საკუთარ დედას ცილს ვწამებ და გავირინდე იქიდან ბომბის აფეთებისმაგვარი ხმის გაგონების მოლოდინში.

დუმილი ჩამოწვა, მეგონა, გაითიშა, ყურსასმენებით ვლაპარაკობდი და ტელეფონის ეკრანს დავხედე, წამები მიდიოდა, მე კი ხმის ამოღებას ვერ ვბედავდი და ის-ის იყო, ცრემლები მოადგა ჩემს თვალებს და გული მომეწურა საკუთარი უღირსი საქციელის გამო, რომ მეორე მხრიდან ჩამესმა დედაჩემის აკანკალებული ხმა:

- როგორ, შვილო, ვაჟა გცემდა და შენ ეს დაგვიმალე?! - დედაჩემი ტიროდა.

აღარ ვიცოდი, მეზეიმა თუ მეც მეტირა: თურმე იმაზე უარეს ქაქში ვცხოვრობდი, ვიდრე წარმომედგინა. აწ უკვე ნაგოროზალი ლილი კი აკანკალებული ხმით განაგრძობდა: ყველაფერში ჩემი იმედი გქონდეს, ნანიკო, მე შენ გვერდით ვარ!

იმავდროულად მამაჩემის აღელვებული ხმაც გავიგონე: ლილი, ლილი, საყვარელო, რა მოხდა? რა დაემართა ჩვენს ნანიკოს? ხმამაღალზე გადართე:

- ნანა, შვილო, რა უთხარი დედაშენს ასეთი, სახეზე ფერი არ ადევს!

ძალიან შემეცოდა ჩემი რქებდადგმული მამა, კაცი, რომელიც მთელი გულით მიყვარდა, მაგრამ თამაში უკვე დაწყებული იყო და მინდოდა თუ არა, უნდა გამეგრძელებინა: დედა მოგიყვება, მამიკო (მამაჩემს დღემდე „მამიკოს“ ვეძახდი, ამჯერად ამაზე უკვე გამეცინა). ახლა გავთიშავ, ცოტა უნდა დავისვენო.

მამაჩემთან ასე უტიფრად ვეღარ შევძლებდი საუბრის გაგრძელებას. ნაღველი ჩამეღვარა გულში, მაგრამ გამარჯვების სიხარულმა აჯობა: ვაჟა გავანეიტრალე (ლილი ჯოჯოხეთს მოუწყობდა), ლილი გამოვიჭირე და თვალნათლივ დავინახე მამაჩემის მაგალითზე, როგორ ზის, თურმე, ჩიტი ფუნაში და ჭიკჭიკებს.

თავისუფლების ფასი

ეს საქმეც მოვაკვარახჭინე. მაგრამ, რაკი ეშმაკი უკვე შემოჩენილი მყავდა (არადა მე შემოვიჩინე საკუთარი ნებით), ვგრძნობდი, რომ კიდევ უნდა მომემოქმედებინა რაღაც.

იდეები, როგორც გითხარით, თავისით მოდიოდა და ჩემი ერთი ძველი ნაცნობი გამახსენდა, უფრო ზუსტად, მისი ნაამბობი, რომ არიან ტიპები, რომლებიც კარგ ქალთან რესტორანში ვახშამშიც კი იხდიან ფულსო (ფული თითქმის არ მქონდა და ძალიანაც მჭირდებოდა). ნეტავ, მე როგორი ქალი ვარ? საკუთარ თავს დავუსვი ეს შეკითხვა და ნაღვლის მეორე დოზაც მოემზადა ჩემს გულში ჩასაღვრელად, მაგრამ ტვინში გენიალური აზრი მომივიდა: როგორი და გადასარევი! მაგრამ ახლა რომ პანდემიაა და მე აცრილი არ ვარ? - გამიელვა თავში. მერე რა? ტესტს გავიკეთებ (ამას ვფიქრობდი და უკვე მეორედ გავიაზრე, რომ არა მხოლოდ ჩემი პირადი, საზოგადოებრივი ცხოვრებაც გვარიან ქაქში იყო ჩაფლული).

- მე კი ვარ გასაოცარი ქალი, მაგრამ, მოიცა, რა ჰქვია? ჰო, თეო და თეოს ნომერი სად ვიპოვო? - ეს კითხვა ძალიან არსებითი იყო, აბა, ცირკთან ხომ არ დავდგებოდი ან სანაპიროზე კლიენტი პრინცის მოლოდინში? ისე - ეგეც უნდა მოსინჯოს ყველა პატიოსანმა, რა იცი, იქნებ მოეწონოთ-მეთქი, გავიფიქრე და ისევ ხმამაღლა გავიცინე.

ტელეფონს დავწვდი და სპა ცენტრში დავრეკე: მასაჟი მჭირდებოდა ჰაერივით და სახის რომელიღაც, სულერთია, რომელი, გამომაცოცხლებელი პროცედურა. დროზე შევთანხმდით და მაშინვე მამაჩემს დავურეკე: მამიკო, ცოტა ფულს ვერ ჩამირიცხავ? გული მინდა გადავაყოლო, სალონში წავალ.

მამაჩემს აღელვებული ხმა ჰქონდა: რა თქმა უნდა, ჩემო გოგო, რამდენი გჭირდება? მეც რომ მინდა შენი ნახვა?

- ოღონდ ახლა არა, ძალიან მრცხვენია და მიჭირს ამაზე ლაპარაკი, მერე იყოს, მამიკო, გთხოვ, - მოვისაწყლე თავი და ხმაში ნამტირალევის ინტონაცია გავურიე (გეფიცებით: თუ ვიცოდე, ვინ იყო ჩემში ჩასახლებული და როგორ იგონებდა ასეთ თაღლითობებს).

- კარგი, მამა, როგორც გინდა. ფულს ახლავე ჩაგირიცხავ, თავს მოუარე, ხომ იცი, როგორ მიყვარხარ.

- მეც მიყვარხარ, მამიკო, ჩემზე არ იდარდო.

ფული ანგარიშზე დაჯდა და მე სალონისკენ გავეშურე. საღამომდე იქ ვიყავი და თითქოს მართლაც თავიდან დავიბადე. პროცედურების შემდეგ ღია ორანჟერეაში ყავას ვსვამდი და ვის ვხედავ? თეოს! დიახ, დიახ, აი, იმ თეოს! ასეთი რამ რომ რომანში დაწერო, გეტყვიან, ყალბი და არადამაჯერებელიაო, არადა მთელი ცხოვრება სწორედ ასეთი შემთხვევითობების აკიდოა, რასაც ადამიანი ყურადღებას არ აქცევს, მაგრამ აი, ფილმშიც კი მსგავს სცენას სიყალბედ აღიქვამს.

- მე მეგონა, იმ ახვარმა კაცმა დაგასამარა, შენ კიდევ რა ვარდივით გაფურჩქნულხარ, გოგონა? - ჩაიდუდღუნა თეომ თავისი დაბალი, მკერდისმიერი ხმით.

- არ გაკოცებ... - მორიდებით ვუთხარი მე.

- აცრილი ვარ, მოდი, ჩაგეხუტო, - მითხრა თეომ და გადამეხვია.

- ვაჟას გავცილდი. იდიოტი იყო.

- ყოჩაღ! - კმაყოფილი სახით გადმომხედა თეომ: მაგრად გამოიყურებიო, დაამატა და უცებ ხელი თეთრ ხალათში შემოაცურა და მკერდზე ხელი მომიჭირა. კარგად შენახულხარ, დაო.

თავი იმდენად შეურაცხყოფილად ვიგრძენი, თეოს კინაღამ ყავა შევასხი სახეში, მაგრამ შემდეგ გამახსენდა, რომ ის ისევ ის თეო იყო, მე კი ისევ ის ნანა არ ვიყავი.

- ვინმეს ვერ გამიძრობ სავახშმოდ? - ვკითხე და ტუჩის კუთხით გავუღიმე.

თეომ წარბი აწია და ეჭვით გადმომხედა: დარწმუნებული ხარ?

- რაში? - მართლა გამიკვირდა.

- რა რაში? ვახშამზე თუ მოეწონე, ლოგინშიც მოგიწევს, მაგრამ ამაში დაამატებს.

- და შესახედავად როგორი იქნება? - მევე გამიკვირდა ეს შეკითხვა.

- შენ ფული გინდა თუ დაუვიწყარი სექსი? - გადაიხარხარა თეომ.

- ორივე არ მოსულა? - საკუთარ ყურებს არ ვუჯერებდი, ისეთებს ვამბობდი.

თეომ საქმიანად დამიქნია თავი: ეგეც მოსულა, მერე ჩემკენ გადმოიხარა და ჩუმად მკითხა: ვაჟამ ვერ ივარგა, ხომ?

- და შენ რა იცი? - ეს კითხვა უნებურად წამომცდა.

- რაკი ასეა საქმე, გეტყვი, შემთხვევით მოხდა, ძალიან მთვრალი ვიყავი და არ ვიცოდი, რომ შენი ქმარი იყო...

ესეც მეორე ოპა! მხოლოდ მამაჩემი არა, მეც რქიანი ვყოფილვარ. ისეთი ხარხარი ამიტყდა, გალიაში ბულბულები დავაფრთხე.

დასასრული შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი