რომანი და დეტექტივი

ის, ვინც ხარ

№35

ავტორი: ნია დვალი 20:00 10.09

ის ვინც ხარ
დაკოპირებულია

გაქცევა სარკიდან

ჩემი აქილევსის ქუსლი ჩაძინებაა: ო, როგორ მენანება ბნელი ღამე ძილისთვის და როგორ მიყვარს მზე სინათლისთვის. და აი, ასე სინანულსა და სიყვარულს შორის დავიარებოდი მუდამ და ამ ხეტიალ-ხეტიალში ვერც ვიძინებდი ხეირიანად და ვერც ვიღვიძებდი. ამიტომაც მალიმალ ვყლაპავდი აბებს (ძილისას, რამე უარესი არ იფიქროთ?!) და ვიძინებდი, მაგრამ აი, ჩაძინების სიამოვნებას ვერასდროს განვიცდიდი. ამიტომაც თავზე საყრელად დრო ჰქონდა ჩემს ფანტაზიას და ვნახულობდი ოხრად სიზმარს ცხადში და ვერც ერთს – ძილში…

ამ ფილოსოფიურ ფიქრებში გართული მსხვრევის ხმამ გამომაფხიზლა: ისევ „ნაბეღლავს“ ეძებს, ეტყობა... და გამახსენდა, რომ ცხადში ვიყავი და მივხვდი, რომ ისევ ცხადში უნდა მენახა „სიზმარი“.

ხალათი მოვისხი და სამზარეულოში გავედი. ჩემი წუხანდელი ნამთვრალევი ქმარი მთვარეულივით დაბოდიალებდა. დამინახა თუ არა, კიდევ უფრო უკმაყოფილო სახე მიიღო და მისთვის ჩვეული ღრიალი მორთო.

შევეჩვიე და ამიტომ არც კი მესმის, რას ამბობს ხოლმე. დაგვა დავიწყე, ყურები ისე მიბზუოდა, ამით ვხვდებოდი, რომ ყვირილს უმატებდა. მე ჩუმად ვიყავი…

ცრემლებს აღარ ვყლაპავდი, რადგან კარგა ხანია, საკუთარი თავის შეცოდების უმადურ საქმესაც დავანებე თავი. აი, ასე მივყვებოდი დინებას ხალათში, იმის იმედით, რომ რაღაც შეიცვლებოდა, ოდესმე მაინც. უცებ კარის მინაში საკუთარ თავს მოვკარი თვალი. ადრე მზერას ვარიდებდი ხოლმე. ახლა ჯიქურ მივაშტერდი! მე იმ ქალს უკვე არ ვიცნობდი. არც ვიცნობდი და მისი დანახვაც აღარ მინდოდა. თვითონაც არ ვიცი, როგორ ვესროლე აქანდაზი კარს. მინა ჩაიმსხვრა, ისე, რომ ერთიანად, პაწაწკინტელა ცრემლებივით გაიბნა მეტლახის იატაკზე. ყურები აღარ მიბზუოდა. ჩემი ქმრისკენ, თუ უკვე ქმრად ყოფილისკენ, აღარც კი გამიხედავს. ცოცხი დავაგდე და პირდაპირ იატაკზე დავჯექი: თავში ერთადერთი აზრი მიტრიალებდა - უნდა წავიდე!

რაო? საკუთარი თავისგან ვერ მირბიანო?! როგორ გეკადრებათ, სწორედ საკუთარი თავისგან მირბიან, თუ მირბიან.

ბრაზილიური პრელუდია

საკუთარ თავზე გავბრაზდი. მართალია, გამახსენდა, რომ საკუთარ თავზეც კი არ უნდა გაბრაზდე, ენერგიისგან გცლისო, ოღონდ მხოლოდ გამახსენდა, გაბრაზება ჩემზე ძლიერი იყო, ბორგავდა და ბობოქრობდა. წყალწაღებულივით ხავსს ვეჭიდებოდი: ახლა ის გავიხსენე, რომ ასეთ დროს ყველა კუნთი უნდა მოადუნო, რისხვა ადგილს ვეღარ იპოვისო. ამის მცდელობაში სხეული კიდევ უფრო დამეჭიმა და თვალებიდან ცრემლებიც წამომცვივდა. ახლა კი მართლაც მოვეშვი. უხმოდ ვტიროდი. მარილიანი ცრემლები მმდუღრავდა, თითქოს სახეს მისერავდა, სამაგიეროდ, მთელ ჩემს შინაგან სამყაროს ამშვიდებდა.

საკუთარი თავის შეცოდება რომ დავასრულე, უფრო ზუსტად, მომბეზრდა (ადრე თუ გვიან, რაც მონოტონურად მეორდება, ბეზრდება ხოლმე ადამიანს, აი, ასეთი უცნაური არსებაა ის), სარკესთან მივედი.

ოჰ, როგორ არ მომწონდა ის ვიღაც, ჩემი ორეული, რომელიც სარკიდან მიმზერდა. შევატყვე, რომ მასაც არ მოვწონდი და მართალიც იყო, აბა, მე რა მოსაწონი ვიყავი?!

რამდენი ხანია, არ მიმიხედავს საკუთარი თავისთვის?! აღარც კი მახსოვდა.

ნეტავ, როდის გადავწყვიტე, რომ ასეთი იდიოტი უნდა გავმხდარიყავი?! რომ დამეჯერებინა ყველა ის სისულელე, რასაც მიჩიჩინებდნენ, საკუთარი ოჯახის წევრები, ნათესავები, მეგობრები, მეზობლები, ნაცნობები, გამვლელ-გამომვლელები. მოკლედ, ყველა, ვისაც ენის ტარტარი არ ეზარებოდა: რომ მაშინ უნდა გავიღვიძო, როცა ხალხი იღვიძებს, მაშინ უნდა დავიძინო, როცა ყველა იძინებს, უნდა გავთხოვდე, როცა ამის დროს (და ვინ რა იცის, როდის რის დროა?!), რომ მამაკაცი უნდა იყოს ასეთი და ისეთი, ქალი კიდევ – ისეთი და ასეთი, იმას ეს უნდა, ამას – ჯანდაბა?! აღარ მაინტერესებს, ვის რა უნდა და ვინ როგორი უნდა იყოს. მე ჩემი წესები უნდა შემოვიტანო. თუ ცხოვრება ჩემია, წესებიც ჩემი უნდა იყოს.

სულ დამავიწყდა მეთქვა, რომ მე ნანა ვარ. უფრო ზუსტად, ნანა მქვია, ოღონდ წარმოდგენა არ მაქვს, ვინაა ეს ნანა: ქალი, შვილი, ცოლი, მეზობელი, თანამშრომელი, ნათესავი, და, დეიდაშვილი თუ რომელი ერთი ჯანდაბა… უცებ ყურები ამტკივდა. რაღაც ხმა მესმოდა, ოღონდ ვერ ვარჩევდი, საიდან. ოო, უკვე ვიცანი – ისევ ჩემი ქმარი ბღაოდა (წინა ცხოვრებაში აშკარად დაკოდილი დათვი იყო): კარი გააღე, დაყრუვდი?! მორჩილად ავდექი. ხანდახან მგონია, რომ რობოტი ვარ – მთლად ის სოფია არა, ნაწილ-ნაწილ დაშლილს რომ დაათრევდნენ ერთი ქვეყნიდან მეორეში და ისე უსმენენ, თითქოს ცოცხალი პლატონი იყოს, მე ცოტა საწყალი რობოტი ვარ. ისევ შემეცოდა საკუთარი თავი და ისევ სარკეში ჩავიხედე. სარკემ გამიცინა (არ გავგიჟებულვარ, მართლა გამიცინა), მეც გავუღიმე (ცოტა საბრალოდ) და კარისკენ გავიქეცი. სტუმარი უკვე კარზე აბრახუნებდა: მივხვდი, ეს დედაჩემი იყო, ქალბატონი ლილი! ღიმილი სახეზე შემეყინა, კარი გავაღე და დედაჩემიც შემოქოთქოთდა, რა თქმა უნდა, საყვედურების კორიანტელის თანხლებით.

და მე მტკიცედ გადავწყვიტე: აქედან გავაღწევ! აუცილებლად გავაღწევ!

1 1 2

ლილი, ჩვეულებისამებრ, გამოპრანჭული იყო (მგონი, ხალათში საკუთარ თავსაც არ ენახვებოდა სარკეში), სახეზე ფერუმარილიც ეცხო (რატომღაც მე მეფერუმარილებოდა, თორემ სავსებით თანამედროვე კოსმეტიკას ეძალებოდა) და თმაც დაყენებული ჰქონდა. ოთახში შემოკაკუნდა და ამრეზით ამათვალ-ჩამათვალიერა.

- არა, ეს ჩემი შვილი არ არის, - ჩაილაპარაკა, ოღონდ არც ისე თავისთვის, რომ მე ვერ გამეგონა. საერთოდაც, დედაჩემი ის არსება გახლდათ, რომელიც არც მალავდა, რომ არ მოვწონდი და ეს, სულაც, არ მიაჩნდა უხერხულობად. არ დაგიმალავთ და, არც მე მომწონდა და არც მე ვგრძნობდი უხერხულობას. ასე რომ, ბარიბარში ვიყავით, მაგრამ მას მორგებული ჰქონდა დედის როლი - უფრო ზუსტად, ჩემი გამამწარებლის როლი და ამიტომ მომენტს არ უშვებდა ხელიდან, რომ წავეკბინე. ბუნებრივია, ამას დედობრივი მზრუნველობით ამართლებდა და იქნებ, მართლაც, ვერ ხვდებოდა (არ უტყდებოდა საკუთარ თავს), რომ მისი ამგვარი დამოკიდებულების მიზანი არა ჩემზე ზრუნვა, არამედ ჩემი დამცირებით სიამოვნების მიღება იყო (მორიგი სტერეოტიპი: მე მამას ვგავდი, რომელსაც დედაჩემი ორგანულად ვერ იტანდა, მაგრამ, რაკი მამაჩემის ფული უყვარდა, მას ესიყვარულებოდა, აბა, ფულებს ხომ არ დაკარგავდა, სამაგიეროდ კი, მის გვერდით ცხოვრების გამო ჯავრს ჩემზე იყრიდა).

თუმცა ჩვენი დედაშვილური ისტორია მთლად ასე დრამატულადაც არ დაწყებულა: როდესაც დავიბადე, ვუყვარდი, შეიძლება, იმიტომ, რომ პატარა ყველას უყვარს, თუ მთლად წყალწაღებული არ გამოდგა - ანუ ჩხავანა. ოღონდ საქმე ისაა, რომ, როდესაც გაიზრდება და გახდება ისეთი, როგორიც გახდება, თავისი ხასიათით, სურვილებით, ჩვევებითა და მიზნებით, მერე უკვე მის გადაკეთებას იწყებენ მშობლები, იმიტომ რომ უნდათ, იყოს ისეთი, როგორიც მათ უნდათ, რომ იყოს და არ იღებენ ისეთს, როგორიც არის. ამას ჰქვია, ალბათ, უპირობო სიყვარული, რის არსსაც მაინცდამაინც, ბოლომდე ვერ ვწვდებოდი, თუმცა თითქოს მესმოდა და ხშირადაც ვიმეორებდი: ადამიანი უნდა გიყვარდეს ისეთი, როგორიც არის-მეთქი. არადა, როგორ უნდა გიყვარდეს და, რაც მთავარია, რატომ უნდა გიყვარდეს ისეთი, როგორიც არის, ანუ ისეთი, შენ რომ არ მოგწონს?! თუ უნდა, რომ იყოს ისეთი, როგორიც არის, იყოს თავისთვის და ჩემგან შორს. მეც ვიქნები შორს მისგან, ვისაც ჰგონია, რომ ვარ ისეთი, როგორიც ვარ.

ამ ფიქრებმა ჩემს თავში ელვის უსწრაფესად ჩაირბინა და უკვალოდ აორთქლდა ლილის გამჭოლი მზერით. ის უკვე სავარძელში იჯდა და, რატომღაც, ცმუკავდა.

მივხვდი, რომ რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ მისი ეს ცმუკვა ცუდად მენიშნა - დედაჩემი ის ადამიანი არ იყო, რამის მორიდებოდა, განსაკუთრებით, ჩემთან. ხოლო, რაკი ცმუკავდა, ესე იგი, სულ მთლად გაუგონარი ამბის თქმას აპირებდა.

პირველად ჩემს ცხოვრებაში გადავწყვიტე, მეთამაშა მის ნერვებზე - იმიტომ რომ, ალბათ, ყველა მსხვერპლის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც მას ბორკილების გაწყვეტის შესაძლებლობა მიეცემა, საქმე მხოლოდ ისაა, მოუნდება თუ არა ამ შესაძლებლობის ხორცშესხმა და, რაც მთავარია, მოახერხებს თუ არა.

- დედა, ყავას არ დალევ? - ვკითხე და როგორც შემეძლო, გულწრფელად გავუღიმე. დედაჩემისთვის ეს შოკი იყო (სადღაც მქონდა ამოკითხული, თუ გინდა, ადამიანი დააბნიო, იმის საპირისპიროდ უნდა მოიქცე, როგორც მიჩვეულია და შენგან ელის). დაიბნა, მაგრამ პასუხი მაინც მოიფიქრა: არ მიყვარს შენი მოდუღებული ყავა და, ჩვეულებისამებრ, გაიხსენა წლების წინათ მომხდარი ამბავი, როგორ ამიდუღდა სტუმრებისთვის ასადუღებელი ყავა და დავსვარე გაზქურა.

- როგორც გინდა, მაშინ ჩემთვის მოვიდუღებ, დამელოდე, - ვუთხარი თავაზიანად, სამზარეულოში შევედი, რატომღაც, ტაატით და იმის გაფიქრებაც კი მოვასწარი, თუ რამ დაადუმა ჩემი ქმარი. უცნაურ სიმშვიდეს ვგრძნობდი, საერთოდ არ მანაღვლებდა, რომ ეს ორი, რომლებიც ახლა ჩემს სახლში, ერთ ჭერქვეშ იყვნენ, სამკვდრო-სასიცოცხლოდ შეიძლებოდა, დარეოდა ერთმანეთს. პირიქით - მინდოდა კიდეც, ცოტას გავერთობოდი. ისე მომეწონა ეს იდეა, რომ ხმამაღლა გადავიხარხარე.

- სულელი ხარ, ქალო? - ცივი წყალივით გადამესხა ჩემი ქმრის ღრიალი, რომელიც სამზარეულოში ყოფილა და მჟავე კიტრის მწნილს ეძებდა.

- სულელი დედაშენია, შენისთანა ბრიყვი რომ გაზარდა და ახლავე აახვიე ჩემი სახლიდან! - მოვუჭერი მოკლედ. მოულოდნელობის ეფექტმა თავისი ქნა, რადგან ჩემი ქმარი მართლაც ბრიყვი იყო (იმაზე მოგვიანებით გამკიცხეთ, მე ვინღა გამოვდიოდი, როდესაც ამ ბრიყვის ცოლი ვარ აგერ უკვე მეხუთე წელია), პასუხი უცებ ვერ მოიფიქრა. მე კი დავწვდი მობილურ ტელეფონს, ავკრიფე 112 და ეკრანი ცხვირთან მივუტანე: ახლა ადგები, გახვალ იმ კარიდან და გაქრები. შენს ძონძებს მოვხიკავ, გამოგზავნე მანქანა და გავატან, თუ არადა, პატრულს გამოვიძახებ და ოჯახურ ძალადობაში დაგდებ ბრალს, აი, შუშაც კი ჩაამსხვრიე, ხომ ხედავ, ნივთმტკიცებაც მაქვს, ავდგები და ნამსხვრევით ხელსაც გადავისერავ, იმიტომ რომ შენ ჩემი მოკვლა გინდოდა. სახე გაუშტერდა - რაც სავსებით ბუნებრივ რეაქციად მეჩვენა, ვინაიდან შუშა მე ჩავამსხვრიე, მაგრამ ქალების უფლებების დაცვის ამ გაქანებულ ისტერიაში საერთოდ არ გამიჭირდებოდა ამ ნაბახუსევი არსებისთვის ამის გადაბრალება ისე, რომ სინდისის იოტისოდენა ქენჯნაც არ მეგრძნო.

კიდევ ვაპირებდი მონოლოგის გაგრძელებას, მაგრამ ჩემი სიტყვები პირთან ისევ გამჭოლმა მზერამ მიალურსმა. მზერამ თითქოს ჩემი კეფა გამოიარა, ენაზე მომქაჩა და ტუჩები მომაკუმვინა. რა თქმა უნდა, ეს ლილი ბრძანდებოდა.

- ნანა, ვერ გცნობ! - მზერა კი ჰქონდა ისევ ფოლადივით, მაგრამ ხმაში გაუბედაობის ნოტებიც შევნიშნე. შემოვტრიალდი. დოინჯი შემოვირტყი და ხმამაღლა, ოდნავ თეატრალურადაც კი დავმარცვლე სათქმელი:

- თქვენც მი-გა-ყო-ლებთ ზედ, ქალ-ბა-ტო-ნო ლი-ლი! - ისეც არ ვიყავი გამამაცებული დედაჩემისთვისაც შემეტია, თან, ვიცოდი, ტაქტიკურად არასწორად ვიქცეოდი, დედაჩემი და ჩემი ქმარი (ჩემთვის ქმარყოფილი), ერთად, ფაქტობრივად, ატომურ ბომბს უდრიდა მოწინააღმდეგედ, მაგრამ ხიდების დაწვის სურვილი მიჩხიკინებდა. გაგეცინებათ და, ამის გაფიქრებაც კი მოვასწარი. საერთოდაც, დღეს ფიქრები ძალიან უცნაურად მეხმარებოდნენ, თითქოს მე არ ვიყავი და ვიყავი კიდეც, თუ ვინმე მკარნახობდა?! ამის გასარკვევი დრო არ მქონდა.

- როგორ მელაპარაკები? - ხმის ტონის აწევა სცადა დედაჩემმა.

- როგორც იმსახურებ! რა უფლებით ერევი ჩემს ცხოვრებაში? მიხედე შენსას და, თუ და როცა გთხოვ, მაშინ ჩაერიე! - უცნაური ის იყო, მშვიდად ვამბობდი ამას, მაგრამ მტკიცედ (არა, მგონი, მართლაც ვიღაც შემომისახლდა?!). ჩემმა სიმტკიცემ ისევ გამამხიარულა და გადავიხარხარე. ოღონდ მაინც შევნიშნე, რომ დედაჩემმა თვალებით ანიშნა ჩემს ქმარს (უფრო ზუსტად, უკვე ქმარყოფილს), გაჩუმებულიყო და ოთახიდან გასულიყო, მე მოვაგვარებო და დამიყვავა: ნანიკო, შვილო, დაწყნარდი, თუ გინდა, ყავა მომიდუღე, დავსხდეთ, ვილაპარაკოთ.

დედაჩემის ამ სახეცვლილებამ კიდევ უფრო გამამხიარულა და კინაღამ ჩავბჟირდი. სიცილით გული რომ ვიჯერე, გავუმეორე: საყვარელო დედავ, დამტოვე, თუ შეიძლება და, როდესაც დავმშვიდდები და ყავის მოდუღებაში დავხელოვნდები, დაგირეკავ, მოდი და ვილაპარაკოთ, რამდენიც გაგიხარდება. ჩემი სიმშვიდით შეგულიანებულმა ჩემმა ქმარმა (აღარ დავაზუსტებ ზედმეტად - ჩემთვის უკვე ქმარყოფილმა) თავი ისევ შემოყო სამზარეულოს კარიდან. მე უხმოდ დავანახვე ტელეფონი, რომლის ეკრანზეც ისევ ჩანდა აკრეფილი სამი რიცხვი - 112 და სანამ დედაჩემი ხმას ამოიღებდა, მივახალე: შენც დაგასმენ პოლიციაში, როგორ ძალადობდი ჩემზე ბავშვობაში და ყველაფერი მახსოვს, სხვათა შორის!

არ ვიცი, საიდან მომეცა ძალა და მომიზღვავდა ენერგია, მაგრამ თითქოს ახალი ადამიანი დაიბადა ჩემში. ძველი ნანა თითქოს გაზავდა ამ ახალში და ძველის ადგილას ახალ კონტურებს ავლებდა. ვხვდებოდი, რომ ამას ის ორიც გრძნობდა და ერთადერთი სურვილი მამოძრავებდა: დროზე წასულიყვნენ. თითქოს ვხედავდი კიდეც, როგორ მიჰყავდა ჩემი უკვე ქმარყოფილი დედაჩემს თავის სახლში (ქალბატონი ლილი ციდან ჩამოვარდნილ შანსს, რომ მე მორიგ ჯერზე ველანძღე, ხელიდან ვერასდიდებით გაუშვებდა).

ამის წარმოდგენაზე ისევ ავხარხარდი, ხოლო დედაჩემი და მისი სიძე (დედა ლილისთვის ის ისევ სიძედ რჩებოდა), რომელსაც უკვე მოესწრო ჩაცმა და ისე სათნოდ გამოიყურებოდა, თითქოს წუხელ არც გამომტყვრალიყოს ღორივით, ფართხა-ფურთხით გაემართნენ კარისკენ. მე უკან დავედევნე ტელეფონით ხელში და ვუმეორებდი, რომ 112-ში ვაპირებდი დარეკვას, თუ არ დამემორჩილებოდნენ, თუმცა იმასაც ვხვდებოდი, რომ მათ თვალში ფსიქიატრიულის პაციენტი ვიყავი და ამაზე დაოსებამდე ილაპარაკებდნენ და მამაჩემთანაც დამასმენდნენ.

კარი შიგნიდან ურდულით გადავრაზე, ეშმაკს არ სძინავს მაინც, არ მობრუნდნენ-მეთქი და უღონობაც ვიგრძენი, ოღონდ სასიამოვნო უღონობა. სხეული ამიმსუბუქდა და ბუმბულივით მივფარფატდი ჩემს საძინებლამდე, რომელიც ჩემი ციხესიმაგრის როლს ასრულებდა (იქ კარგა ხანია, არ ვუშვებდი ჩემს ქმარყოფილს) და ლოგინზე დავეფინე. დიახ, დიახ - დავეფინე. თვალები მიმელულა და უსიზმრო სიზმარმაც ამ რეალობიდან გამაპარა.

ანტი-მე

შუაღამისას გამეღვიძა. სახლში სიჩუმე იდგა - იმდენად მესიამოვნა, ჩემთვის ჩავიღიმე. სარკესთან მივედი, თავი შევათვალიერე, იქიდან სულ სხვა ადამიანი მიყურებდა. დიდხანს ვათვალიერე საკუთარი თავი - რომ მივმხვდარიყავი, რა შეიცვალა, თითქოს არც არაფერი და უცებ მივხვდი, რა მოხდა. ჩემი თვალები გაცოცხლდნენ, რამაც მთლიანად შეცვალა არა მხოლოდ ჩემი სახე, სრულიად სხეულიც. ხალათი გავიხადე და ახლა უკვე დედიშობილა ვიდექი სარკესთან, საკუთარი სხეულიც დაკვირვებით დავითვალიერე, შევტრიალდ-შემოვტრიალდი, ხელებითაც მოვისინჯე - ხორცის სიმკვრივე შევამოწმე და, რატომღაც, კმაყოფილი დავრჩი, მაგრამ ძალიან გულდაწყვეტილი - რამდენი ხანია, არ მქონია სექსი?!

ამოვიოხრე, მაგრამ თავში იდეამ გამიელვა - რომელიც ჩემმა გონებამ მაშინვე უკუაგდო (მე ხომ კეთილშობილ ქალთა პანსიონში აღზრდილის მორალი ჩამინერგეს, თან - ისე, რომ არც კი უკითხავთ, მინდოდა კი, ვყოფილიყავი კეთილშობილი ქალი?!). სამზარეულოში გავედი. ყავისა და ზეითუნის ზეთისგან ბუნებრივი სკრაბი დავამზადე და აბაზანისკენ ავიღე გეზი. სანამ აბაზანა წყლით ივსებოდა, მობილური ტელეფონიც მოვიტანე, შტრაუსის ვალსები მოვძებნე, ჩავრთე და ვარდის ეთერზეთს თავსახურიც მოვხსენი, რომ დამევიწყებინა, სად ვიყავი. კარგა ხანს ვინებივრე, შემდეგ სკრაბითაც შესანიშნავად ვასიამოვნე საკუთარ სხეულს, შემოვიცვი ხალათი (ეს ბოლოჯერ! ხალათის ადგილი ჩემს ცხოვრებაში აღარ იქნებოდა ამიერიდან), ჩემი დოზა საძილე აბი დავლიე და დავიძინე.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

20-26 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

ვახტანგ ტატიშვილი

ვახტანგ ტატიშვილი: ჩემი თაობა უფრო ტრადიციების მიმ...