ინტერვიუ ღია ცის ქვეშ
ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00
დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #52 (1305)
ამ კაცის მოგზავნილობაში ეჭვი არ მეპარებოდა, მაგრამ მაინც გადავამოწმე. მე მდიდარი ელექტრონული კარტოთეკა მქონდა, სადაც ათეულ-ათასობით მოქალაქის დოსიე იყო თავმოყრილი. კომპიუტერის საძიებო სისტემაში შევაგდე ფარულად გადაღებული სურათი და ჩემი ვარაუდი გამართლდა: საეჭვო ვიზიტორი, ანუ მოგზავნილი, პოლიციიდან გაგდებული, მექრთამე, ნაოფიცრალი აღმოჩნდა, რომელიც გიჟოს შეუფარებია და მის სამდივნოში კურიერად მუშაობდა. ამის მერე კომენტარი ზედმეტი იყო და დავრწმუნდი, რომ არ შევმცდარვარ. შემდგომი მოვლენები კი ელვისებურად განვითარდა. გიჟომ სახელმწიფო სამსახური დატოვა და ოპოზიციური პოლიტიკური მოღვაწეობა გააჩაღა. რა თქმა უნდა, უცხოური სპეცსამსახურების დახმარებით. ხალხი ქუჩებში გამოიყვანეს, ცრუპატრიოტული ლოზუნგები მოიშველიეს, არსებული ხელისუფლების უნიათობით ისარგშებლეს და ხელისუფლებაში მოვიდნენ. როგორც ხდება ხოლმე, ცრულიდერი გამეფდა, მაგრამ სულ მალე გამოაჩინა ნამდვილი სახე და უკვე მას აუბუნტდა ხალხი. საბოლოოდ გიჟომ არჩევნები წააგო და ოპოზიციაში გადავიდა, მაგრამ ამ სტატუსს ვერ შეეგუა და მეორედ შეეცადა არსებული ხელისუფლების განდევნას. ამ საქმეში მას კვლავ უცხოეთის სპეცსამსახურები, ეგრეთ წოდებული, ლიბერალი პოლიტიკოსები ეხმარებოდნენ. ქვეყნის შიგნით კი, ასევე ოპოზიციაში გადასული, ყოფილი პროსამთავრობო მედია, რომლის ავანგარდშიც ალა ხულია იდგა. გიჟო მას უხვად აფინანსებდა და პორნოკადრების გმირი ქალი ძალას არ იშურებდა გიჟოს დავალებების შესასრულებლად. ერთი სიტყვით, გიჟო და მისი რაზმი ხელისუფლებაში დასაბრუნებლად ემზადებოდნენ და დღე არ გავიდოდა, რომ გიჟო რომელიმე ტელევიზიით არ გამოსულიყო ანტისამთავრობო გამოსვლით. ხოლო ყოველი კვირის ბოლოს კი გიჟო ალა ხულიას შოუში იყო გამოჭიმული და მთავრობას იმ დანაშაულს აბრალებდა, რაც თავად ჰქონდა ჩადენილი მმართველობის პერიოდში. მთავრობასთან ერთად გიჟოს მთავარი საგარეო სამიზნე რუსეთი იყო და გიჟო მოუწოდებდა მოსახლეობას, რომ რუსების წინააღმდეგ ნებისმიერი ხერხებით ებრძოლათ. იარაღიც აესხათ და რუსი ტურისტები ქვეყანაში არ შემოეშვათ. ხოლო თუკი შემოვიდოდნენ, მათთვის მოსვენება არ მიეცათ. და მართლაც, პროგიჟური აქტივისტები სასტვენებით დარბოდნენ, მათ კაფე-რესტორნები ეჭრებოდნენ და ჭამის საშუალებას არ აძლევდნენ. ერთი სიტყვით, ტრაგიკომიკური გარემო იყო შექმნილი და აბსურდის თეატრი აპოთეოზს აღწევდა. მაგრამ ამ ყველაფერს, რომ იტყვიან, მარილი აკლდა. ხალხის ძირითადი მასა გიჟოს წინააღმდეგი იყო და მხოლოდ მისი აქტივისტების ჯგუფები ქმნიდნენ სახალხო პროცესის ილუზიას. ალა ხულია კი, ეგრეთ წოდებული, „ფეიკებით“ კვებავდა ტელემაყურებელს და გიჟუას რეიტინეგთან ერთად, საკუთარ რეიტინგსაც იმაღლებდა მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში.
ყოველივე ამის ფონზე, ჩემი სამსახური განაგრძობდა ფუნქციონირებას და შემოთავაზებების მიუხედავად, პოლიტიკაში არანაირად არ ვერეოდით. ერთ დღეს ჩემთან შუახნის ქალბატონი მოვიდა. გამეცნო და მითხრა:
– თქვენს უწყებას ძალიან აქებენ და ამიტომ მოვედი. იმედია, დამეხმარებით.
– გისმენთ, ქალბატონო. რა გაგჭირვებიათ, – ვუთხარი ახალმოსულს.
– ერთი კვირაა ჩემი ერთადერთი ვაჟი არ ჩანს. ტელეფონიც გამორთული აქვს და „ფეისბუქიც“. 23 წლისაა და ვაჟა ჰქვია. ერთი კვირის წინ მითხრა, გერმანიაში მივემგზავრები და სამ კვირაში დავბრუნდებიო, მაგრამ ტყუილია.
– თქვენ რა იცით, რომ ტყუილია?
– მითხრა, როგორც კი ჩავალ, დაგირეკავ ან მოგწერო, მაგრამ კონტაქტზე არ გამოსულა. სამი დღე რომ გავიდა, პოლიციას მივმართე. გადაამოწმეს და მითხრეს – თქვენს შვილს საზღვარი არ გადაუკვეთავსო. ესე იგი, ქვეყნიდან არ გასულაო.
– იქნებ სხვისი საბუთებით გავიდა?
– არაო, მითხრეს პოლიციაში. ფეისკონტროლითაც გადაამოწმეს და მისი სახე არ ამოვარდნილა. შეიძლება, როგორც მითხრეს, არალეგალური გზითაც შეეძლო, გასულიყო ქვეყნიდან, მაგრამ რაში სჭირდებოდა, ვერ წარმომიდგენია.
– მუშაობს სადმე?
– პროფესიით მწვრთნელია. ფიზკულტურის ინსტიტუტი აქვს დამთავრებული, მაგრამ დროებით უმუშევარია. გიზოს ოპოზიციურ მოძრაობაშია ჩაბმული და აქტივისტობს. ბატონო ლევან, პოლიცია ან უშიშროება ხომ არ გააქრობდა ამის გამო.
– არ მგონია, ქალბატონო. მაშინ ათასობით აქტივისტი უნდა გააქრონ, – ვთქვი და დავამატე, – რა სპორტის სახეობის მწვრთნელია?
– ბიატლონისტი იყო, ბატონო ლევან. საქართველოს ჩემპიონი ორჯერ გახდა. ერთხელ საერთაშორისო შეჯიბრებაც მოიგო, ნორვეგიაში, მაგრამ მარცხენა ფეხის ტრავმა მიიღო და აქტიურ სპორტს ჩამოშორდა. ექვსი თვე ბაკურიანში იმუშავა მწვრთნელად, მაგრამ ბიატლონი არაპრესტიჟული სახეობაა ჩვენში. ფულს, ფაქტობრივად, არ უხდიან და იძულებული გახდა, თავი დაენებებინა და ცოტა ხანში გიზოს აქტივისტი გახდა.
– დაოჯახებულია?
– არა. მხოლოდ შეყვარებული ჰყავს. ბერტა ჰქვია და ერთად აქტივისტობენ.
– პოლიციამ არ მოიძია ეგ ბერტა?
– ქალბატონმა პაუზა გააკეთა და მითხრა:
– ბატონო ლევან, პოლიციისთვის არ მითქვამს, რომ ჩემი შვილი გიზოსთანაა და არც ბერტა მიხსენებია. შემეშინდა, ამას რომ გაიგებდნენ, არ დამეხმარებოდნენ.
– გასაგებია, – ვთქვი და ვკითხე, – თავად გიზოსთან არ გიცდიათ შეხვედრა და თქვენი ვაჟის მოკითხვა?
– ვცადე, მაგრამ გიზომდე ვერ მივაღწიე. მისი დაცვა და მდივნები მპასუხობდნენ, არ სცალიაო. ერთი სიტყვით, სრულ გაურკვევლობაში ვარ და თქვენთან ამიტომ მოვედი. დამეხმარეთ და რაც მაბადია, ყველაფერს გავიღებ, ოღონდ ჩემი ვაჟი მომაძებნინეთ და სახლში ცოცხალი დამიბრუნდეს.
ქალბატონის მონათხრობი საკმაოდ საინტერესო და საყურადღებო იყო. ამიტომ, გადავწყვიტე, მე თითონ შევდგომოდი ამ საქმის გამოძიებას. თავში რამდენიმე ვერსია მიტრიალებდა და უნდა გადამემოწმებინა. პირველ რიგში, თავად ძებნილზე მოვიძიე ინფორმაცია და აღმოჩნდა, რომ უბრალო, წესიარი ადამიანი იყო და გიჟოსთან ბერტას მეშვეობით მოხვდა. აი, ბერტა კი საკმაოდ ბნელი წარსულის ადამიანი აღმოჩნდა. ჯერ ერთი, რომ ვაჟაზე 7 წლით იყო უფროსი და 30 წლის ქალს 14 წლის ქალიშვილი ჰყოლია, რომელიც საზღვარგარეთ, კოლეჯში სწავლობდა. ბერტა გაურკვეველი პროფესიის, უფრო სწორად კი, პროფესიის არმქონე ადამიანი იყო. ერთ დროს მოდელობდა. გიჟოს მმართველობისას, მის სამდივნოში მუშაობდა და როგორც მარწმუნებდნენ, ქალიშვილი სწორედ გიჟოსგან ჰყავდა უკანონოდ გაჩენილი. ბერტა მარტო ცხოვრობდა და როგორც გაირკვა, ისიც ერთი კვირის წინ გაუჩინარდა და არავის უნახავს. ვივარაუდე, რომ ვაჟა და ბერტა ერთად იმყოფებოდნენ. მაგრამ სად და რისთვის, გამოცანად რჩებოდა. ვერსიებზე ფიქრისას ქვეყანაში შექმნილ სურათს უფრო ფართო პლანით შევხედე. ანალიზის დროს თვალში მომხვდა ტელევიზიით ალა ხულიას მიერ დაანონსებული გადაცემა „ინტერვიუ ღია ცის ქვეშ“. ანონსის მიხედვით, ალა ხულიას დიდი ინტერვიუ უნდა აეღო რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ხალხის წინ მოწყობილ იმპროვიზირებულ სცენაზე გიჟოსთვის. გიჟო პირობას დებდა, რომ აქამდე არნახულ ფაქტებს გამოამზეურებდა მოქმედი მთავროობის დანაშაულებების შესახებ და მოსახლეობას რუსთავეელზე შეკრებისა და მთავრობის დამხობისკენ მოუწოდებდა. სიტუაციის გაანალიზებამ საშინელ დასკვნამდე მიმიყვანა და უშიშროების ანტიტერორისტულ სამსახურში მუშაობის მრავალწლიანმა პრაქტიკამ ასეთი სქემა მიჩვენა: გიჟოს შეკვეთით, სნაიპერს რუსთაველის გამზირზე ხულია უნდა მოეკლა, ხოლო გიჟო კი შეკრებილ მასას მთავრობის დასამხობად დაძრავდა. ამ ფიქრებში ვიყავი, როდესაც კარზე დააკაკუნეს და შემოსვლის უფლება რომ მივეცი, ჩემს კაბინეტში პოლკოვნიკი მაჩაიძე შემოვიდა. ის ანტიტერორისტული ქვედანაყოფის თანამშრომელი იყო. მოსკოვიდან ჩემზე ადრე დაბრუნდა თბილისში და ნაყოფიერად მუშაობდა. ახალმოსულს ხელი ჩამოვართვი. სავარძელში დაჯდომა ვთხოვე და ვკითხე:
– აქ რა ქარმა გადმოგაგდო?
მაჩაიძემ ოთახს თვალი მიმოავლო და მკითხა:
– სუფთაა?
– ზოგადად, ვიწერ და ვიღებ, მაგრამ ახლა გამორთულია. რა, ხომ არ ჩავრთო?
– არა, რა ჩართო?! კონფიდენციალური საქმე მაქვს და მომისმინე.
– გისმენ.
– ვაჟასა და ბერტას ძებნას თავი დაანებე. ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ არიან და საქმე არ გააფუჭო.
– მე მგონი, რაღაცას ვხვდები.
– მაინც, რას? – მკითხა მაჩაიძემ.
– ინტერვიუს დროს ვაჟამ ხულია ხომ არ უნდა მოკლას და მერე კი გიჟომ ადამიანები მთავრობის დასამხობად დაძრას?
– რას ნიშნავს ძველი კადრი?! კი, მასეა, მაგრამ პირში წყალი ჩაიგუბე.
– ვაჟას დედა კი თავის შვილს დაეძებს და რა დღეში ჩავარდება, როცა გაიგებს, რომ მისი შვილი მკვლელობის მცდელობაზე დააპატიმრეს...
– თუ ჩვენთან ითანამშრომლებს, მაშინ მინიმალურ სასჯელს მიიღებს. შესაძლოა, პირობითითაც კი გამოძვრეს.
– დეტალებს არ გეკითხები. მაინც არ იტყვი, მაგრამ ვფიქრობ, რომ გიჟოს შეკვეთაა, ხომ?
– ვნახოთ. კარგი, წავედი. შევთანხმდით, რომ ძებნას შეწყვეტ და ხელს არ შეგვიშლი? – მითხრა მაჩაიძემ, გამომემშვიდობა და წავიდა.
***
მეორე დღეს კაბინეტში ჩემი ძველი მოსკოველი კოლეგა მეწვია და მასთან ერთად გაყოლა მთხოვა. მანქანაში რომ ჩავსხედით, გორის მიმართულებით დავიძარით და ცხინვალთან გადავუხვიეთ, ვკითხე:
– ხომ არ მიტაცებ?
– კი. დროებით.
ცხინვალისკენ უპრობლემოდ გაგვატარეს და რუსული სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე შევედით. შტაბის უფროსის კაბინეტში გენერალ ანტონ ივანოვიჩ მირონოვი დამხვდა. ერთმანეთს გულთბილად შევხვდით. შემდეგ კი გენერალი საქმეზე გადავიდა და მითხრა:
– ეს ინფორმაცია მაჩაიძემდე უნდა მიიტანო. გასაგები მიზეზების გამო ვერც აქ მოვიყვანდი მას და ვერც მე მოვიდოდი მასთან.
– ეტყობა, რაღაც ზემნიშვნელოვანი ხდება, რადგან მოსკოვიდან თქვენი რანგის ადამიანი ჩამოფრინდა.
– მომისმინე ყურადღებით და მაჩაიძეს ეს გადაეცი, – მითხრა მირონოვმა და ფლეშკა გადმომცა.
– ეს რა არის?
– როგორც შენც იცი და საქართველოს უშიშროებამაც, „ღია ცის ქვეშ ინტერვიუს“ დროს რუსთაველზე ვაჟამ ხულია უნდა მოკლას, რასაც დიდი არეულობა უნდა მოჰვეს. ახლა ბერტა და ვაჟა პანკისის ხეობაში იმყოფებიან და ყოფილ ბიატლონისტს ჩეჩენი ინსტრუქტორები წვრთნიან. გუშინ შენთან მაჩაიძე იყო და გთხოვა, რომ მათთვის ხელი არ შეგეშალა და ძებნა შეგეწყვიტა. ხომ მართალი ვარ?
– კი, მასეა, – ჩამეცინა მე.
– მთლად მასე არაა და სწორედ ამისთვის ჩამოვედი აქ და ინფორმაციას გაწვდი.
– კიდევ რამეა?
– მთავარი ისაა, რომ ხულიას რომ ვაჟა მოკლავს, თავად ვაჟას მეორე სნაიპერი მოკლავს და ნამდვილი არეულობაც მაშინ დაიწყება. ასე გადაწყვიტეს ევროპელმა სპონსორებმა და საკმაოდ კარგად გათვალეს ყველაფერი. აი, ამ ფლეშკაზეა ჩაწერილი ყველაფერი და საქართველოს უშიშროებამ ოპერატიულად უნდა იმოქმედოს. ჩვენ ნამდვილად არ გვაწყობს თქვენთან არეულობა, თან ეს სცენარი რუსეთს დაბრალდება.
– ესე იგი, ევროპელებს სათადარიგო ლიდერი ჰყავთ, ვინც მასებს გაუძღვება?
– და, რომ შეიტყობ, ვინ, არ დაიჯერებ – მითხრა მირონოვმა და გაეცინა.
– შევეცდები, გამოვიცნო.
– მიდი, იქნებ გაგიმართლოს.
მცირე ხნით ჩავფიქრდი და ვუთხარი:
– ეს ლიდერი ბერტაა.
– ყოჩაღ მაიორო! აკი გითხარი, ყოფილი ჩეკისტები არ არსებობენ-მეთქი. ისევ ისეთი პროფესიონალი ხარ, მიდი, იმოქმედე. დრო არ ითმენს.
– მირონოვს გამოვემშვიდობე და ცხინვალიდან პირდაპირ მაჩაიძეს მივუტანე ფლეშკა და გენერლის დანაბარები გადავეცი. შემდეგ კი სახლში დავბრუნდი და მკვდარივით დამეძინა...
***
სამი დღის შემდეგ საქართველოს უშიშროების სამსახურმა ორმაგი მკვლელობის მცდელობის საქმე გახსნა და მირონოვის მიერ მოწოდებული კადრების ნაწილი გაასაჯაროვეს... როგორც მაჩაიძემ მოგვიანებით მომიყვა, როდესაც გიჟოს ფლეშკაზე არსებული ფარული ჩანაწერები უჩვენეს და დარწმუნდა, რომ მას მსხვერპლად სწირავდნენ, საშინელი ისტერიკა დაემართა. ჯერ აყვირდა, შემდგომ აკისკისდა, ბოლოს კი იატაკზე გაგორდა დორბლმორეული და სანამ დამამშვიდებლის დიდი დოზა არ გაუკეთეს, იატაკზე კოტრიალობდა.
დასასრული
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





