ინტერვიუ ღია ცის ქვეშ
ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 10.01
ჩემი სამსახურიდან წამოსვლის პატაკი მირონოვმა მხოლოდ მესამე ცდაზე დააკმაყოფილა. ანტონ ივანოვიჩ მირონოვი მაშინ პოლკოვნიკი იყო, ჩემი უშუალო უფროსი და მესამედ რომ მივაკითხე სამსახურიდან გათავისუფლების პატაკით, თავი გააქნია და მითხრა:
– მაინც არ იშლი ხომ, შენსას, მაიორო, მაინც არ იშლი...
– დიახ, ამხანაგო პოლკოვნიკო. მყარად გადავწყვიტე სამშობლოში დაბრუნება, – ვუპასუხე მირონოვს.
– ორჯერ გადავდე ეს პროცედურა. ვიფიქრე, გონს მოეგება, ყველაფერს გაიაზრებს და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს-მეთქი, მაგრამ...
– ყველაფერი გავიაზრე და სწორი გადაწყვეტილება მივიღე, ამხანაგო პოლკოვნიკო.
მირონოვმა კაბინეტში მიმოიხედა და ჩურჩულით მითხრა:
– ერთი შეხედვით, სწორი გადაწყვეტილება მიიღე, რომ მიდიხარ, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით. მერწმუნე, ლევან, ეს ვიგინდარები სულ მალე განიდევნებიან აქედან. მოვა დრო და ამ ავგიას თავლებს გავასუფთავებთ. ყველაფერი ნორმაში ჩადგება.
მე უხმოდ გავაქნიე თავი, მერე კი დავამატე:
– არა, ანტონ ივანოვიჩ, მივდივარ.
– რა გაეწყობა. ბედნიერი მგზავრობა! – მითხრა მირონოვმა, პატაკზე ხელი მოაწერა და დააყოლა, – აი, ინებე. ახლა ჩიტივით თავისუფალი ხარ, მაგრამ გახსოვდეს, რომ ყოფილი ჩეკისტი არ არსებობს. მერწმუნე, რომ აქაურობა მოგენატრება.
ლუბიანკის შენობიდან დინჯად გამოვედი და ფეხით გავემართე სახლისკენ. მაისის თბილი დღე იდგა და მოსკოვში ყველაფერი ყვაოდა. საღამოს კლიენტს ველოდებოდი, რომელსაც ჩემი ბინა უნდა ეყიდა. უშიშროებაში თხუთმეტწლიანი ჩემი მუშაობა დასრულებული იყო და თბილისში ვბრუნდებოდი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უწყებაში ახალი ხელმძღვანელობა მოვიდა. ისინი, რომ იტყვიან, ნაციონალისტ-შოვინისტურს „აწვებოდნენ“ და მე, ეროვნებით ქართველი, ამიტომ ამითვალწუნეს. თუმცა, რა ნაციონალ-შოვინისტური, იტყოდა ხოლმე ჩუმად მირონოვი, ეს მხოლოდ მათი ნიღაბია. სინამდვილეში კი დასავლეთის გოშიები არიან და მათ ამერიკელები კვებავენ. არ გამიკვირდება, რომ ერთ მშვენიერ დღეს ყველა მათგანი ან ქვეყნიდან გაიქცნენ ან ციხეში აღმოჩნდნენო. ასე იყო თუ ისე, ახალმა ხელმძღვანელობამ ალმაცერად დამიწყო ყურება და სანამ გამომაგდებდნენ, მე თვითონ წამოვედი. ავიღე ასეთ დროს კანონით კუთვნილი ხუთი თვის ხელფასი; ამას ჩემი მოსკოვური ბინის გაყიდვიდან მიღებული თანხაც დაემატა და იმ პერიოდის საქართველოს კვალობაზე, არც თუ ისე ცუდი კაპიტალი მქონდა. გადავწყვიტე, ბიზნესი დამეწყო და კერძო დეტექტიური სააგანტოს გასახსნელად საჭირო დოკუმენტაცია შევკრიბე. მაშინდელი წესების მიხედვით, ნებართვა ქალაქის თავს უნდა გაეცა. ეს თანამდებობა კი ახალგაზრდა კაცს, გიზოს ეკავა. თუმცა, ყველა „გიჟოთი“ მოიხსენიებდა. მან მიმიღო, საბუთებს გადახედა და მითხრა:
–„კაგებეს“ მაიორი ხართ?
– ყოფილი „კაგებეს“ მაიორი.
– რატომ წამოხვედით იმ უწყებიდან?
– ქართველობის გამო.
– გავიწროვებდნენ?
– იწყებდნენ.
– და დაასწარით და გამოეცალეთ, ხომ? – თქვა გიზო-გიჟომ და არაბუნებრივად გადაიკისკისა.
– დიახ. მასეც შეიძლება, ითქვას.
– თქვენი საბუთები წესრიგშია. შეგიძლიათ, მუშაობას შეუდგეთ. იმედია, დაგვეხმარებით თუ დაგვჭირდით.
– რა თქმა უნდა, ბატონო გიზო! – მივუგე ქალაქის თავს. ხელი ჩამოვართვი და წამოვედი.
დეტექტიური ბიუროს ოფისი ქალაქის ცენტრში, საშუალო ზომის ფართში მქონდა გახსნილი, რომელშიც ყველაფერი შესაბამისად მოვაწყვე. სამუშაოც ნელ-ნელა აეწყო. ძირითადად, სათვალთვალო შეკვეთები გვქონდა. ეჭვიანი ქმარი, ან ეჭვიანი ცოლი, ზოგჯერ – ეჭვიანი საყვარელიც კი გვიკვეთავდა ასეთ სამუშაოს და ობიექტს კუდზე უნდა დავჯდომოდით. მისი გადაადგილებები დაგვეფიქსირებინა. შეძლებისდაგვარად კი, გადაგვეღო კიდეც და ამაში შემკვეთები კარგ ფულს იხდიდნენ. კანონით, არასანქცირებული თვალთვალი დასჯადი ქმედება იყო. თუმცა, ვახერხებდით შეფუთვას და ვერავინ შემოგვედავებოდა. პრინციპში, არც არავინ მოსულა ჩვენთან ასეთი პრეტენზიით. აი, მოსმენა და ფარული გადაღება კიდევ უფრო რთული საქმე იყო, მაგრამ ამასაც ვახერხებდით. სიმართლე რომ ვთქვა, კანონიდან გამომდინარე, არცთუ ისე სუფთა ბიზნესი იყო, მაგრამ თავს იმით ვიწყნარებდი, რომ მოღალატე, ამორალური ადამიანების გამომჟღავნებით ვიყავი დაკავებული. გვქონდა სხვა შეკვეთებიც – ადამიანთა გაუჩინარება და მათი მოძებნა, ბინის ქურდობებიც და ძალადობის ფაქტებიც. ერთი სიტყვით, სრულფასოვან დეტექტიურ საქმიანობას ვეწეოდით და შემოსავალიც ურიგო არ გვქონდა. ძალიან საიმედოდ ვმუშაობდით. პროფესიონალების გუნდი მყავდა შეკრებილი – საიმედო, საგანგებოდ შერჩეული, შემოწმებული ხალხი. შემოსავლის გაზრდასთან ერთად ტექნიკური აღჭურვილობებიც გავაუმჯობესეთ და თანამედროვე აპარატურას ვფლობდით. თითქმის ისეთს, როგორიც მსოფლიოს მოწინავე სპეცსამსახურებს ჰქონდათ არსენალში. ჩემ გარდა, კიდევ ათი თანამშრომელი იყო, მათ შორის, ერთი ქალი. სულ თერთმეტნი ვიყავით. მაიორზე ნაკლები წოდება არავის ჰქონდა, ყველა იარაღის ტარების უფლების მფლობელი იყო.
ერთ დღეს ოფისში ახალგაზრდა კაცი მოვიდა. ეტყობოდა, რომ აღელვებული იყო, თანაც, არ უნდოდა, რომ ჩვენთან მისი ვიზიტი ვინმეს სცოდნოდა. აქედან გამომდინარე, შესაბამისადაც ეცვა. მიუხედავად იმისა, რომ გაზაფხულის თბილი ამინდი იდგა, ახალმოსულს პალტო და ყელიანი ფეხსაცმელები ეცვა, თავზე კეპი ჰქონდა ჩამოფხატული, ზურგჩანთა კი ისე მოეგდო, თითქოს სამოგზაუროდ აპირებდა წასვლას. ჩემთან რომ შემოვიდა, მიმოიხედა და მაშინვე მივხვდი, რომ ინიღბებოდა. სკამზე მივუთითე. დაჯდა და ვუთხარი:
– გისმენთ, ბატონო.
– მე გეგა მქვია. იმედია, რომ საიდუმლოს შენახვა იცით.
გამეცინა და გეგას ვუთხარი:
– ჩვენი უწყების ერთ-ერთი მთავარი წესი საიდუმლოს შენახვაა, ჩემო გეგა და ამაზე არ ინერვიულოთ. თუმცა, თუ თვალში არ მოგდივართ, შეგიძლიათ, სხვაგან მიბრძანდეთ.
– არა, როგორც მითხრეს, თქვენი უწყება საუკეთესოა და აქ ამიტომაც მოვედი. ახლა კი პირდაპირ საქმეზე გადავალ, – თქვა გეგამ. ზურგჩანთა მოიხსნა, იქიდან ფოტოსურათი ამოიღო, მიჩვენა და მკითხა, – გეცნობათ?
ფოტოზე ერთ-ერთი ტელეკომპანიის ჟურნალისტი გოგონა იყო გამოსახული და გეგას ვუთხარი.
– ეს ხომ ალა ხულიაა.
– დიახ. ალა ჩემი მეუღლეა, – დამიდასტურა გეგამ და დაამატა, – მინდა, რომ მასზე ოცდაოთხსაათიანი თვალთვალი დააწესოთ. ყველა მისი გადაადგილება კი ფირზე აღბეჭდოთ და გადმომცეთ.
– რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს ეს თვალთვალი და ჩაწერა?
– ერთი კვირა. ვფიქრობ, რომ ეს დრო საკმარისი იქნება მის გამოსააშკარავებლად.
ტიპური შეკვეთა იყო და ვკითხე:
– ფიქრობთ, რომ გღალატობთ?
– ვფიქრობ კი არა და, დარწმუნებული ვარ, რომ მღალატობს. მე მხოლოდ ამის დადასტურება მინდა და შეკვეთასაც ამიტომ გაძლევთ.
– თქვენი ვარაუდი თუ გამართლდა და ამას თქვენი შურისძიება მოჰყვა, ხოლო თქვენ სამართალდამცველების ხელში ჩავარდით და ისინი ჩვენზე გამოიყვანეთ, იცოდეთ, რომ ჩვენ კატეგორიულად გავემიჯნებით ამ ყველაფერს.
გეგას მწარედ ჩაეცინა და მითხრა:
– დარდი ნუ გაქვთ. ამ ბოზანდარას გამო თავს არ დავიღუპავ. მე, უბრალოდ, ჩემს ეჭვებში დარწმუნება მსურს.
– კარგი, შევთანხმდით. ასეთ შემთხვევაში შეკვეთას ოფიციალურად არ ვაფორმებთ. არც ფულს ვატარებთ შემოსავლებში. ამ შემთხვევაში არც გადარიცხვა გვაწყობს და მხოლოდ ქეშს ვიღებთ. გაწყობთ?
– სრულიად, – მითხრა გეგამ. ხელჩანთა გახსნა. ფულის დასტები დამანახვა და დაამატა, – თავს იზღვევთ იმ შემთხვევისთვის, თუ საქმე საპოლიციო გამიხდა. აქ ლარებიცაა და დოლარებიც. ბრძანეთ, რამდენი და რა ვალუტით გადაგიხადოთ და დღესვე დაიწყეთ მუშაობა.
ალა ხულიას ქმარი სუპერმარკეტების ქსელის მფლობელი იყო და ფული არ აკლდა. მან მოთხოვნილი თანხა დატოვა და სანამ წავიდოდა, თქვა, – ერთ კვირაში გამოვივლიო. ეს შეკვეთა ჩემს ქალ თანამშრომელს დავავალე და ერთი კვირის შემდეგ გეგას მისი მეუღლის სექსუალური თავგადასავლების მთელი პორნოფილმი გადავეცით. ალასთან ერთად, მთავარი მოქმედი პირი ქალაქის თავი გიჟუა იყო. წყვილი აბსოლუტური სექსუალური აღვირახსნილობით გამოირჩეოდა, რაც კადრებში მკაფიოდ ჩანდა. შემეშინდა კიდეც, გეგამ ამის ნახვის მერე ცოლი არ მოკლას-მეთქი და მსუბუქად შევაპარე გადაღებული მასალის შინაარსი. მას კი გაეცინა და მითხრა:
– გიზოსთან ერთად ბაირამობს, ხომ? ნუ გეშინიათ, არაფერს ვავნებ. გიჟი ხომ არ ვარ, ამ ბოზის გამო ცხოვრება წავიხდინო. გავშორდები და კისერიც უტეხია.
– იმედია, რომ მართლა მასე მოიქცევით, – ვუთხარი გეგას. ფირი გადავეცი და გავისტუმრე.
გეგამ ერთი თვის განმავლობაში გაყიდა თავისი ბიზნესი და გაურკვეველი მიმართულებით გაემგზავრა. მანამდე კი ალა ხულიას გაშორდა. გეგას გამგზავრებიდან სამ დღეში სოციალურ ქსელებში ალასა და გიჟოს სექსთავგადასავლების ათწუთიანი კადრები გავრცელდა, რომლებიც გეგას შეკვეთით გადავიღეთ და რა თქმა უნდა, ამ კინოპრემიერის ავტორი თავად გეგა იყო. რა თქმა უნდა, ეს კადრები, სულ რაღაც, ერთ საათში წაშალეს სოციალური ქსელებიდან, მაგრამ ის მილიონობით ადამიანმა ნახა და ბევრი ჩანაწერიც გაკეთდა. ტელევიზიით ძალოვანი სტრუქტურის მაღალჩინოსანი გამოვიდა და განაცხადა, რომ გიჟოს დისკრედტაციის მიზნით ფალსიფიცირებული კადრები გაავრცელეს. გამოძიება მიმდინარეობს და დამნაშავეები დაისჯებიანო. მსგავსი განცხადებები გააკეთეს ალა ხულიამ და გიჟომაც. მაგრამ, მათ ხომ კარგად იცოდნენ, რომ ფირი ავთენტური იყო. გიჟომ თავისი გავლენა გამოიყენა, რომლებმაც ამ კადრების გადამღების ძებნას მიჰყვეს ხელი. საქმეში პოლიცია და უშიშროება იყვნენ ჩართული, ასევე, კრიმინალური სტრუქტურები, რომლებიც გიჟოს უჭერდნენ მხარს. გეგა რომ შემკვეთი იყო, ამაში ეჭვი არავის ეპარებოდა. როგორც სარწმუნო წყაროებიდან შევიტყვე, გეგაზე ტოტალური საიდუმლო ძებნა იყო გამოცხადებული და ამ საქმეს სასტიკი შურისძიების სუნი ასდიოდა. გიჟო ძალიან სწრაფად მიიწევდა ზევით, კარიერული ოლიმპოსკენ, მის გვერდით კი საკმაოდ მნიშვნელოვანი შავ-ბნელი ძალები იდგნენ. ასე რომ, თუკი ჩვენს უწყებას მოადგებოდნენ და დამტკიცდებოდა, რომ ეს ფირი ჩემმა თანამშრომელმა გადაიღო, როგორც მინიმუმ, ჩემს სააგენტოს დახურავდნენ. თუმცა, ბევრად უფრო დიდი პრობლემები მელოდა. ჩემი და იმ ქალი თანამშრომლის გარდა, არავინ იცოდა, რომ ეს კადრები ჩვენ გადავიღეთ. ამიტომ, დიანა კაბინეტში დავიბარე და ვუთხარი:
– ჩვენ ორისა და შემკვეთის გარდა, იცის ვინმემ, რომ ეს კადრები შენ გადაიღე?
– მე არავისთვის მითქვამს, – მიპასუხა დიანამ.
– ერთი ამბავია ატეხილი და ცალკე გეგას ეძებენ, ცალკე კი – ჩვენ, ანუ გადამღებს. დიდი ალბათობით, ჩვენც მოგვაკითხავენ და ფრთხილად იყავი. რაც არ უნდა მოხდეს, არ აღიარო, რომ ეს ფირი შენ გადაიღე.
– არა, არა! რა თქმა უნდა. კრინტსაც კი არსად დავძრავ, – მითხრა დიანამ. თუმცა, აშკარად ეტყობოდა, რომ ეშინოდა.
– შენ, ყოველი შემთხვევისთვის გეუბნები. მაინც გაფრთხილებ, წინასწარ რომ მზად იყო. თუმცა, პირდაპირ შენთან არავინ მოვა და თუ რამეა, პირველად მე მომაკითხავენ. მე კი ცეცხლზეც რომ დამწვან, სიტყვის მთქმელი არ ვარ, – მტკიცედ ვუთხარი დიანას და ქალი დამშვიდდა.
ამ საუბრიდან ორი დღის შემდეგ, ოფისში შუახნის მამაკაცი მეწვია. გამეცნო და მითხრა:
– ბატონო ლევან, სანდო ხალხმა მითხრა, რომ თქვენი სააგენტო საუკეთესოა საქართველოში და აქ მაღალი კლასის პროფესიონალები მუშაობენ. ისიც მითხრეს, რომ თქვენგან საიდუმლო არსად ჟონავს.
– სრული სიმართლეა.
– ესე იგი, საჭირო ადგილას მოვსულვარ. ჩემო ლევან, უკვე ასაკში ვარ, ახალგაზრდა, ლამაზი ცოლი მყავს და ცოტა არ იყოს, ეჭვებმა შემიპყრო. და მინდა, რომ ჩემი ეჭვების გასაქარწყლებლად მასზე ოთხი-ხუთი დღის განმავლობაში ტოტალური თვალთვალი განახორციელოთ და ყოველი მისი ნაბიჯი ფარულად გადაიღოთ.
ახალმოსულის სიტყვები ძალიან საეჭვოდ ჟღერდა და დარწმუნებული ვიყავი, რომ მომიგზავნეს. ანუ, აინტერესებდათ, ასეთი საქმიანობით თუ ვიყავით დაკავებული, რომ შემდგომ გიჟოს ფირზე მომწოლოდნენ. მე გამეცინა, თავი გავაქნიე და ვუთხარი:
– სამწუხაროდ, უნდა გაგაწბილოთ, ბატონო ჩემო, რასაც თქვენ მთხოვთ, კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა. ჩვენ კი კანონის ჩარჩოებს არ ვცდებით.
– ეგ როგორ? ვთქვათ და დაკარგულ ადამიანს ეძებთ და ეჭვმიტანილი გყავთ, რა, მას არ უთვალთვალებთ?
– რა თქმა უნდა, ვუთვალთვალებთ და გადავუღებთ კიდეც, მაგრამ ეს სულ სხვა მომენტია. როცა ასე მოითხოვს ოპერატიული საჭიროება, მაგრამ სულ სხვაა, როცა ადამიანს ტოტალურად უთვალთვალებ, მის ყოველ ნაბიჯს უსანქციოდ იწერ და ასე შემდეგ. ასეთი ქმედება კვალიფიცირდება, როგორც პირად ცხოვრებაში ჩარევა და კანონით უმკაცრესად ისჯება, – განვუმარტე შემკვეთს.
– კარგად რომ გადაგიხადოთ? თანაც ვინ შეიტყობს ამას?
– არა და არა, ჩემო ბატონო. კანონს ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავარღვევთ. არანაირ გასამრჯელოდ არ მიღირს ამის გაკეთება.
შემკვეთმა კიდევ რამდენიმე კუთხით სცადა, დავეყოლიებინე, მაგრამ ჩემგან მტკიცე უარი რომ მიიღო, მითხრა:
– რა გაეწყობა, არა და ნუ. მომიწევს, სხვაგან ვეძებო შემსრულებლები.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





