იმედგაცრუება
ავტორი: ნია დვალი 20:00
– საეჭვოა, ღია ცის ქვეშ რეგისტრაციის მოწყობა მოხერხდეს. თუ ამინდის პროგნოზს დავუჯერებთ, წვიმას გვპირდებიან, – შენიშნა საქორწინო კაბების სალონის კონსულტანტმა, როდესაც ფრთხილად უსწორებდა საპატარძლოს კაბაზე ნაოჭებს.
– წინასწარაა ცნობილი, როგორი ამინდი იქნება ორი კვირის შემდეგ? – გაიღიმა ეკატერინემ, კაბის ბოლო აიწია და სარკეში ყურადღებით შეათვალიერა შლეიფი, – წინ დიდი დროა და ამასობაში პროგნოზი ასჯერ მაინც შეიცვლება.
კონსულტანტმა თავი გააქნია:
– აი, ნახავთ, მე იშვიათად ვცდები. ამინდს წინასწარ ვგრძნობ.
– მე არ მჯერა ცრურწმენების, არც ეკუნას, – გაიცინა საპატარძლოს მეგობარმა ვიკამ, – დედამისმა უკვე გამოუჭედა ტვინი: ეს არ შეიძლება, ის არ შეიძლება. წარმოგიდგენია, გუშინ პანიკაში იყო, რეკავდა – 11 რიცხვი ორიანია და მაშინებსო.
ეკატერინემ კაბის მაქმანებიან კორსეტზე ხელისგული გადაატარა: იდეალურად ეჯდა ტანზე, თითქოს სპეციალურად მისთვის შეკერესო. მოშიშვლებულ მხრებს ნაზი მაქმანები მიჰყვებოდა და წელისკენ ქვედაბოლოში იკარგებოდა. ეკატერინემ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა წინ და დააკვირდა, როგორ ლივლივებდა ქსოვილი განათების შუქზე.
– ჩემი აზრით, შესანიშნავი თარიღია, – თქვა მან და სარკისკენ ზურგით შებრუნდა, – ადგილიც ზღაპრული შევარჩიეთ: ცერემონია ტბასთან გაიმართება, ულამაზესი კარავი გაიშლება სტუმრებისთვის და ცოცხალი მუსიკაც იქნება...
– მთავარია, სიძემ არ გადაიფიქროს, – თვალი ჩაუკრა კონსულტანტმა გოგონებს.
– ვინ გადაიფიქროს? ლექსომ?! მთელი წელი დასდევდა ეკას! – ჩაილაპარაკა ვიკამ, ერთად მუშაობენ: ის „აიტიშნიკია“, ეს – მარკეტოლოგი. კლასიკური სამსახურებრივი რომანია.
– ნუ იგონებ რაღაცებს, – გაიღიმა ეკატერინემ, ჩამოჯდა და ქვედაბოლო მუხლებზე გაისწორა, – რა რომანი. უბრალოდ, ერთხელ ლიფტში გავიჭედეთ და ერთმანეთს გამოველაპარაკეთ. მერე ერთობლივ პროექტზე ვმუშაობდით და მივლინებაში მოგვიწია წასვლა....
– და ამის მერე ვხედავ, რომ ჩემი მეგობარი უკვე ნიშნობის ბეჭდით დადის! – ისევ ჩაიღიმა ვიკამ და ახლოს მივიდა ეკატერინესთან, რომ მისი კაბით დამტკბარიყო, – მოუყევი, როგორ გთხოვა ხელი. მეც კი სიამოვნებით გავიხსენებ და გავიცინებ.
– კარგი რა! – ეკატერინე შეიშმუშნა, მაგრამ მოგონებებისგან თვალები გაუბრწყინდა, – ყველაფერი საკმაოდ მარტივად მოხდა. საღამოს სამსახურიდან ფეხით გამოვედით, სასიამოვნო ამინდი იყო. მთელი დღე ჩაფიქრებული იყო. მე მეგონა, რომ მოხდა. ის კი უცებ გაჩერდა და მითხრა: ეკა, იცი, ვიფიქრე და...
– და ჯიბიდან კოლოფი ამოიღო, – შეაწყვეტინა ვიკამ, – ეკუნა კი თვალებდაჭყეტილი იდგა, სანამ სასიძო გრძელ, წინასწარ მომზადებულ სიტყვას ამბობდა, ეკუნა კი ჩინური სათამაშოსავით თავს უქნევდა. ძალიან ამაღელვებელი მომენტი იყო, – ოცნებით ამოიოხრა ვიკამ.
კონსულტანტს გაუკვირდა, რადგან სასაცილო ვერაფერი დაინახა. ვიკა კი ეკატერინეს მიუბრუნდა.
– ძალიან ცოტა დრო დარჩა ქორწილამდე... ნერვიულობ?
– ცოტათი კი, ვნერვიულობ, – აღიარა ეკატერინემ ხმადაბლა, – იმდენი რამეა მოსასწრები: კაბა, შეხვედრა დეკორატორთან, რესტორანში მენიუს შემოწმება...
– ნუ ნერვიულობ! ყველაფერს ათიანზე შევასრულებთ, – დაამშვიდა მეგობარმა და მხარზე ხელი დაადო, – ბოლოს და ბოლოს, მე ხომ შენი მეჯვარე ვარ?!
შემდგომმა დღეებმა საქორწილო სამზადისის ორომტრიალში გაიფრინა. ეკატერინე ცდილობდა, ყველაფერი პირადად გაეკონტროლებინა – თაიგულის ლენტების ფერებით დაწყებული და საბანკეტო დარბაზში სტუმრებისთვის მაგიდების განლაგებით დამთავრებული. ლექსო ორგანიზაციულ საკითხებში თითქმის არ ერეოდა: სრულად ენდობოდა თავისი მომავალი ცოლის გემოვნებას და მხოლოდ იშვიათად თუ იკითხავდა, რით შეეძლო დახმარება.
– მთავარია, თავად არ დააგვიანო ცერემონიაზე, – ეხუმრებოდა ეკატერინე საქმროს.
– საკუთარ ქორწილში როგორ დავიგვიანებ? – იცინოდა პასუხად ლექსო.
ქორწილის წინა დღეს ეკატერინემ ვიკასთან დარჩენა გადაწყვიტა, თუმცა მისი მშობლები წინააღმდეგები იყვნენ. მაგრამ საპატარძლომ დაიჟინა:
– ასე უფრო მშვიდად მოვემზადები და შემდეგ სახლში მოვალ, რომ ლექსომ ჩვენი სახლიდან წამიყვანოს, – დაამშვიდა დედამისი, რომელსაც სხვა რა გზა ჰქონდა, თუ არა ის, რომ დათანხმებოდა შვილს, იმიტომ რომ არ უნდოდა, აენერვიულებინა ასეთი მნიშვნელოვანი დღის წინ.
მეგობრები გვიანობამდე შემორჩნენ და, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი გაამზადეს, მაინც არ წვებოდნენ და სასიამოვნო მომენტებს იხსენებდნენ.
– წარმოგიდგენია?! მე და ლექსომ ზუსტად ერთი წლის წინ დავიწყეთ უბრალოდ შეხვედრა. ხვალ კი მისი ცოლი გავხდები, – წარმოთქვა ეკატერინემ და თმის ვარცხნა განაგრძო.
– ჰო, თქვენთან ყველაფერი სწრაფად მოხდა, – შენიშნა ვიკამ და დაფიქრდა: მართლაც, როდესაც შენს ადამიანს პოულობ, რატომ უნდა გაწელო დრო?! ჩვენ ხომ პატარები აღარ ვართ?!
ეკატერინემ თავი დაუქნია.
***
დილით გოგონები ადრე ადგნენ და სიმართლე უნდა ითქვას, რომ ეკატერინეს თვალიც კი არ მოუხუჭავს, მაგრამ დაგეგმილი დღე პრობლემებით დაიწყო: ჯერ იყო და ვიზაჟისტი მოჰყვა საცობში და თითქმის ერთ საათს აგვიანებდა. ამას დაემეტა ის, რომ შეკვეთილი პიონების ნაცვლად ყვავილების სალონში ვარდების თაიგული ააწყვეს...
ეკატერინე მთელი ძალით ცდილობდა სიმშვიდის შენარჩუნებას, მაგრამ თითები მის მღელვარებას გასცემდა – შესამჩნევად უკანკალებდა, სანამ ფლორისტთან დარეკვას ცდილობდა.
– ვიკა, ლექსოს დაუკავშირდი რა, – სთხოვა მან მეგობარს, სანამ ფლორისტთან რეკავდა, – ცოტა ადრე მოვიდეს, ვინ იცის, კიდევ რა ხდება.
ვიკამ სასიძოს ნომერი აკრიფა, მაგრამ ტელეფონი გამორთული იყო.
– შეიძლება, ელემენტი დაუჯდა, – ჩაილაპარაკა ვიკამ და ეკატერინეს გადახედა:
– ასე ნუ ნერვიულობ, ყველაფერი მოგვარდება, – მაგრამ ეკატერინემ ფერი დაკარგა. თავადაც სცადა დარეკვა, მაგრამ უშედეგოდ. ტელეფონი გამორთული იყო.
– იქნებ, მის მშობლებთან დაგვერეკა? – შესთავაზა ვიკამ მეგობარს.
– ცოტა კიდევ მოვიცადოთ, – ეკატერინემ საათს დახედა, — ცერემონიამდე ორ საათზე მეტია... იქნებ სძინავს?
ამასობაში, როგორც იქნა, ვიზაჟისტი მოვიდა და პატარძლის მაკიაჟის კეთებას შეუდგა. კარზეც დარეკეს – კურიერმა ყვავილების მაღაზიიდან თაიგული მოიტანა.
ეკატერინემ ვერ მოითმინა, წამოხტა და შეფუთვა გახსნა: თეთრი პიონები და თხელი ატლასის ლენტები, ზუსტად ისე იყო, როგორც მან შეუკვეთა, მაგრამ ამან მაინც ვერ დაამშვიდა: ლექსოს კვლავ ვერ უკავშირდებოდნენ და არც ლექსო რეკავდა.
ბოლოს ეკატერინემ გადაწყვიტა, ლექსოს მშობლებისთვის დაერეკა. რამდენიმე ზარის შემდეგ ნაცნობი ხმა გაისმა:
– ქალბატონო ლანა, მაპატიეთ, ასე ადრე რომ გირეკავთ. ლექსო შემთხვევით თქვენთან ხომ არ არის?
– არა, ჩემო ძვირფასო, – სადედამთილოს ხმაში გულწრფელი გაკვირვება გაისმა, – ჩვენ ახლა ვაპირებთ სახლიდან გამოსვლას. შენთან მოვდივართ, რამე მოხდა?
– ვერაფრით ვუკავშირდებით. ლექსოს ტელეფონი გამორთულია...
– ნუ ნერვიულობ, საყვარელო... ალბათ, ისიც ნერვიულობს ქორწილის წინ. მალე შევხვდებით.
მაგრამ არც ლექსო ჩანდა და ეკატერინეც ადგილს ვერ პოულობდა. ეკატერინეს გული ცუდს უგრძნობდა და უფრო ღელავდა, ვიდრე შფოთავდა. იმიტომ რომ ლექსო ტელეფონს უმიზეზოდ არასდროს თიშავდა. ცერემინიამდე დრო სულ უფრო მცირდებოდა და მცირდებოდა. ღელვა კი მხოლოდ ძლიერდებოდა. რაღაც რიგზე არ იყო – ეკატერინე ამას სხეულის ყოველი უჯრედით გრძნობდა. სიძე კი არა და არ ჩანდა.
– იქნებ მანქანა გაუფუჭდა? – ფრთხილად იკითხა ვიკამ. ცდილობდა, მშვიდად ელაპარაკა, მაგრამ ხმა მის დაძაბულობას გასცემდა.
„მანქანა რომც გაფუჭებოდა, კავშირის უამრავი საშუალება არსებობდა. თან, მარტო ხომ არ იქნებოდა?!“ – გაიფიქრა ეკატერინემ, რომელიც ჩაცმულ-დახურული და მაკიაჟგაკეთებული უკვე თავისი მშობლების სახლში იყო და ლექსოს ელოდებოდა. მაგრამ არც ლექსო ჩანდა და არც მისი მეგობრები. სიძის მშობლებიც დაბნეულად გამოიყურებოდნენ. დედამისი აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს, ხოლო მამამისი ნერვიულად დადიოდა წინ და უკან.
– მე მასთან მივდივარ! – მტკიცედ განაცხადა ეკატერინემ და მანქანის გასაღები ამოიღო. ვიკაც თან გაჰყვა. ლექსოს ბინისკენ მიმავალი გზა უსასრულოდ გაიჭიმა. გზაში ორივე დუმდა.
– რა შეიძლებოდა, მომხდარიყო? იქნებ ავად გახდა? იქნებ ავარიაში მოყვა? – ფიქრობდა ეკატერინე და ყოველი ახალი ვარაუდი წინაზე საშინელი იყო. როგორც იქნა, ლექსოს სახლთანაც მივიდნენ. ეკატერინემ მაშნვე შენიშნა ლექსოს მანქანა:
„ესე იგი, სახლშია“, – გაიფიქრა და ამის გაფიქრებაზე ეკატერინეს გული ლამის ბუდიდან ამოუვარდა, აშკარად ცუდად გახდა. ლიფტს აღარ დალოდებია, მესამე სართული ფეხით აირბინა. ვიკა უკან მიჰყვებოდა. ეკატერინემ ღრმად ჩაისუნთქა და ზარის ღილაკს თითი დააჭირა... კარს მიღმა ჩამიჩუმი არ ისმოდა. ეკატერინემ კიდევ დააჭირა, შემდეგ ძლიერად დააბრახუნა. როგორც იქნა, ნაბიჯების ხმაც გაისმა და საკეტმაც გაიჩხაკუნა. ზღურბლზე ლექსო იდგა, საშინაო მაისურსა და შორტებში. ეკატერინეს დანახვისას უკან დაიხია. სამზარეულოსა და დერეფანს შორის ფიგურამ გაიელვა: ეს იყო ახალგაზრდა ქალი ჩვილით ხელში.
– ლექსო, ვინ არის? – ქალი კართან მივიდა.
ეკატერინე ადგილზე გაიყინა. პატარა ბიჭუნა თითქოს ლექსოს დაპატარავებული ასლი იყო: სახის იგივე ნაკვთები, იმავე ფერის თვალები.
– შემოდი, – ხმადაბლა თქვა ლექსომ და გვერდზე გაიწია.
ვიკაც შეჰყვა მეგობარს. ოთხივენი მისაღებში შევიდნენ:
– მე ნანა ვარ, – ახალგაზრდა ქალმა გაუბედავად დაიწყო საუბარი, იმიტომ რომ ლექსო თავჩაქინდრული იდგა. მას ბავშვი მკერდზე ისე მაგრად ჰყავდა მიკრული, თითქოს ვინმე წართმევას უპირებდა.
– მე არ მინდოდა, ასე მომხდარიყო, არც ვაპირებდი ამის გაკეთებას, – თქვა ქალმა, – უბრალოდ გუშინ ვნახე მისი სტატუსი სოციალურ ქსელებში და გავიგე ქორწილის შესახებ...
– და გადაწყვიტე, სწორედ დღეს გამოჩენილიყავი? – ეკატერინეს თავადაც გაუკვირდა საკუთარი სიმშვიდე.
– არა, მე მას წუხელ მივწერე. მხოლოდ იმის თქმა მინდოდა, რომ ჩვენ შვილი შეგვეძინა. ბავშვს მამა უნდა ჰყავდეს.
ლექსო თავსა და თვალებს მაღლა არ სწევდა.
– მაპატიე, ეკა, ეს ჩემი შვილია...
– აქამდე რატომ არ უთხარი? – ჰკითხა ეკატერინემ ნანას.
ახალგაზრდა ქალს არაფერი უპასუხია და ლექსოს გახედა.
– მე მინდოდა, შენთან ერთად ცხოვრება, – როგორც იქნა, ჩვეულებრივი ხმა ამოუშვა ლექსომ, მაგრამ ახლა, როდესაც ბავშვის შესახებ გავიგე, არ შემიძლია შენზე დაქორწინება და ვიცი, გამიგებ.
– ესე იგი, როდესაც ჩემთან შეხვედრა დაიწყე, ამასაც ხვდებოდი? – დააზუსტა ეკატერინემ.
ლექსომ არაფერი უპასუხა. სამაგიეროდ, ეკატერინემ განაგრძო:
– მაგრამ იფიქრე, რომ მე უკეთესი ვარიანტი ვიქნებოდი?!
ლექსო ისევ დუმდა.
– არ შეიძლებოდა, დაგერეკა და გეთქვა, რომ არ მოხვიდოდი?! აუცილებელი იყო ჩემი დამცირება?! რამდენ ხანს იქნები ჩუმად? – ვერ მოითმინა და ეკატერინემ ლექსოს დაუყვირა.
ლექსო მაინც ჯიუტად დუმდა.
– მე მეგონა, რომ ყველაზე დიდი საშინელება საყვარელი ადამიანის დაკარგვაა, მაგრამ, თურმე, უარესიც არსებობს, როდესაც მიხვდები, რომ უბრალოდ ცდებოდი.
– წავიდეთ! – მიუბრუნდა ეკატერინე ვიკას და ისინი ლექსოს ბინიდან გავიდნენ. ეკატერინეს თითქოს სხეულს უწვავდა საქორწინო კაბა. ვიკამ მანქანის გასაღები გამოართვა. ეკატერინემ მორჩილად მისცა. ვერაფერს გრძნობდა და ვერაფერს ხედავდა, თითქოს ძილბურანში იყო. ფიქრები ერეოდა და თავს ვერ უყრიდა. ისევ ვიკა გამოერკვია და ტელეფონი აიღო:
– ქორწილი არ იქნება, ლექსო ავადაა, – მოუბოდიშეთ სტუმრებს, ჩვენ პირდპირ სახლში წავალთ. იქ ვილაპარაკოთ, – მიაყარა ეკას დედას და ტელეფონი მაშინვე გამორთო. ეკატერინემ მადლიერებით შეხედა მეგობარს. ყველაზე მეტად ახლა იმის შესახებ არ უნდოდა ლაპარაკი, რაც შეემთხვა, მაგრამ მაშინვე მისმა ტელეფონმა დარეკა. რა თქმა უნდა, დედამისი იყო.
– რა მოხდა, შვილო?! ლექსოს რა დაემართა?!
– მერე მოგიყვები, დედა. ახლა არ შემიძლია, გამიგე, ისევ ვიკასთან წავალ. ცოტა ხანს მარტო მინდა, დავრჩე.
ეკატერინემ საქორწინო კაბა გაიხადა და ხალათი მოიცვა. მაკიაჟი მოიშორა და თმა გაიშალა. საძინებელში შევიდა და ლოგინზე დაემხო. რომ მოსაღამოვდა, ოთახის კარზე ვიკამ დააკაკუნა.
– იცი, არაა სასიამოვნო ამბავი, მაგრამ ჯობია, რომ ქორწილამდე გაიგე. თან, წარმოიდგინე, როგორ სიუჟეტში მოხვდი, „ჰოლივუდი“ ისვენებს.
ეკატერინეს უნებურად გაეღიმა.
– „ჰოლივუდის“ დასვენება უნდა აღვნიშნოთ, – გაუღიმა ვიკამ მეგობარს, – სიმართლე გითხრა, დიდად არც შეგეფერებოდა ეს ლექსო. რას ჰგავს უბედური.
ეკატერინემ მადლიერებით შეხედა მეგობარს, მაგრამ მის სიტყვებზე დაფიქრდა და, მართლაც, ლექსო ახლა ისეთად სულაც არ ეჩვენებოდა, როგორადაც დღემდე აღიქვამდა.
– ჰო, საშინაო მაისურსა და შორტებში რომ ვნახე, აღარ მომეწონა, რას გჰავდა, არა?!
ვიკამ თავი დაუქნია და მეგობარს მიუჭახუნა.
– ეს ჩვენკენ მომავალ უზადო რაინდებს გაუმარჯოთ...
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





