რომანი და დეტექტივი

იდეალურის სიყალბე

№47

ავტორი: ნია დვალი 20:00 02.12, 2022 წელი

იდეალურის სიყალბე
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #45-46 (1142)

„ძიძაზეც იმიტომ თქვა უარი, რომ ამის დრო არ მქონოდა“, – გაიფიქრა ანამ და უნებურად ამოუტივტივდა თავში უცნაური კითხვა: ნეტავ, შვილები თუ უყვარს?!

და ირონიულად გაეცინა: თან, მესამე შვილსაც რომ ითხოვს. თავის მოსაფხანი დროც რომ არ მქონდეს. თუ უნდა, რომ გმირი დედა გავხდე?!

ანამ სიმწრისგან ისე მოიკვნიდა ტუჩი, რომ პირში სისხლის მლაშე გემო იგრძნო. ძალიან უნდოდა, ეყვირა, ისტერიკა მოეწყო, მაგრამ სწორედ იმიტომ სთხოვა დედამისს დარჩენა, რომ მსგავსი არ ჩაედინა. ცაზე რომ ოდნავ ინათა, ანას ჩაეძინა. მკვდარივით ეძინა, ალბათ, იმიტომ რომ ტვინმა თავი დაიცვა და სხეული გათიშა. როდესაც გაიღვიძა, საწოლში მარტო იყო. დაფეთებული წამოხტა, მაგრამ საძინებლიდან გამოვიდა თუ არა, დედამისის ხმა გაიგონა და დამშვიდდა: ბავშვები მასთან იყვნენ.

– გუგასთვის არ გითქვამს, რომ ვრჩებოდი? – ჰკითხა ლანამ.

ანამ თავი გააქნია უარის ნიშნად.

– ჰოდა, ძალიან დავაფეთე სიძე, აქ რომ დავხვდი დასკუპებული, – ხმამაღლა იცინოდა ლანა.

– არა უშავს, გადაიტანს, – ჩაილაპარაკა ანამ.

– მოხდა რამე? – ჩაეძია დედამისი.

– არა, არაფერი, როგორ ვერ გავიგე, გუგა რომ ადგა? – თავის თავს ჰკითხა ხმამაღლა ანამ.

– ძალიან ტკბილად გეძინა და არ გაგაღვიძე, თვალის უპეებიც ჩაშავებული გაქვს. იცი, დილით გუგას ველაპარაკე და ნორას ამბავი ვუთხარი, მგონი, ცოტა არ ესიამოვნა. რა ვქნათ? – ჰკითხა ლანამ შვილს.

– რა უნდა ვქნათ? – უნდა მოვიყვანოთ ნორა და კვირაში ორჯერ დამხმარე ქალი, რომელიც სახლს დაალაგებს და სადილს გააკეთებს. მე დავიღალე, – თქვა და სკამზე მოწყვეტით დაჯდა.

– რაღაც ხდება და არ მეუბნები, – ეჭვით შეხედა დედამ შვილს.

– არაფერი მომხდარა, დედა, ვფიქრობ... რაღაც უნდა მოვიფიქრო.

– მერე? ერთად ვიფიქროთ, არ ჯობია? – ხალისით უთხრა ლანამ, მაგრამ შვილის დაძაბულ სახეს რომ წააწყდა, გაჩუმდა.

ადრეც ვთქვი, ლანა გონიერი ქალი იყო, წინდახედული, ამიტომ შვილს არ ჩასძიებია, საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა: იცოდა, რომ ანა, ბოლოს და ბოლოს, ეტყოდა, რაც მოხდა, იმიტომ რომ მის შვილს გვერდით სხვა არც არავინ შემორჩა.

„ისე, როგორ მოახერხა, რომ ყველა მეგობარს ჩამოაშორა? თან, როგორ მოხდენილად და უმტკივნეულოდ, ვერც კი შეედავები“, – გაიფიქრა ლანამ და შვილს ჩაი დაუსხა.

– ნორა როდის მოვა? – შეეკითხა ანა.

– როცა ვეტყვით. – უპასუხა ლანამ.

– ძალიან კარგი, უთხარი, რაც შეიძლება, მალე მოვიდეს და ბიჭებიც ბაღში უნდა მივიყვანოთ.

– გუგა დათანხმდება? – ეჭვით იკითხა ლანამ.

– შეუძლია, არ დათანხმდეს, მისი ნებაა, ნორა ბაღშიც წაიყვანს და სანამ მოიყვანს, აქ ისაქმიანებს. ყველაფერს მოასწრებს.

– კარგი, როგორც იტყვი, – მშვიდად დაეთანხმა ლანა.

– და დღესაც ჩემთან დარჩი, დედა, – სთხოვა შვილმა.

– სიდედრი ორი დღით ნამეტანია, დავინდოთ სიძე, – ლანამ ისეთი წკრიალა ხმით გადაიკისკისა, რომ ანასაც კი გაეღიმა.

– დარჩი, დარჩი. იდეა მომივიდა თავში, ხათუნაც მოვიპატიჟოთ და ისიც დარჩეს, – ახლა უკვე ანა ახარხარდა.

ლანა შვილს აჰყვა, მაგრამ უკვე დარწმუნდა, რომ გუშინ, ქუჩაში, რაღაც მოხდა, რაც ანას გარდა არავინ იცოდა.

ანამ ტელეფონი აიღო.

– ხათუნა, ანა ვარ, როგორ ხარ? გუგამ მთხოვა, დამერეკა, იქნებ ამ საღამოს გვესტუმრო და დარჩე? ძალიან მთხოვა, უარი არ მითხრა. ერთად ვივახშმოთ საღამოს, ბავშვებიც გახალისდებიან. მოდი, რა, გთხოვ.

ხათუნამ იუარა, მაგრამ საბოლოოდ რძალს დათანხმდა.

– შვიდისთვის მოდი, გელოდებით, – ანამ ტელეფონი მაგიდაზე დადო.

– მართლა გუგამ გთხოვა? – ჰკითხა ლანამ შვილს.

– გუგასთან არც მილაპარაკია, ცოტა მოვიტყუე. რა, დედამისის დანახვა ეწყინება? – კითხვა დაუბრუნა ანამ.

ლანამ მხრები აიჩეჩა.

– არ ვიცი.

***

დედამთილი გერმანული სიზუსტით მივიდა. ანამ კარი გაუღო და შემოიპატიჟა. გითხარით, რომ ხათუნა ერთობ გაპრანჭული არსება გახლდათ, ადრე დაქვრივდა და ამიტომ შვილს ბავშვობიდან ჩაუნერგა, რომ დედაზე უნდა ეზრუნა, რადგან დედამ მას ახალგაზრდობა შესწირა. ხათუნას კარგი ცხოვრება უყვარდა, მოგზაურობა და მისთანანი. ფულს, ბუნებრივია, შვილს ართმევდა. ამიტომაც, შორიდან თუ შევხედავდით და ზურგიდან, შეიძლება, ხათუნა უფრო ჰგავდა გუგას ცოლს, ანა კი – გუგას დედას.

უცნაურია, მაგრამ პირველად სწორედ იმ საღამოს შეამჩნია ეს ამბავი ანამ. „მე ვეღარ ვიტან ჩემს თავს სარკეში და კაცმა რატომ უნდა მომაქციოს ყურადღება?“ – გაიფიქრა და ცუდ ხასიათზე დადგა.

ამასობაში ლანა და ბავშვებიც გამოვიდნენ და ხათუნას სახეზე შეეტყო, რომ ლანას ნახვას არც ელოდა და დიდად კმაყოფილიც არ იყო ამ ამბით, თუმცა მძახალთან ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა.

– გუგა სად არის? – იკითხა დედამთილმა.

– არ ვიცი, მე რომ ვურეკავ, არ მპასუხობს ხოლმე, იქნებ შენ გიპასუხოს, დაურეკე. – შესთავაზა ანამ.

ხათუნამ ტელეფონი აიღო და ცოტა ხანში გაკვირვებული მიუბრუნდა ანას:

– გამითიშა.

– ჰო, ასე იცის, როდესაც დაკავებულია, მოდი, ჩვენ ვივახშმოთ, ყველაფერი მზადაა.

სამი ქალი და ორი ბავშვი სუფრას მიუსხდნენ.

ეს ჩვენი კეკლუცი ხათუნა წარმოშობით პროვინციიდან იყო, რაც არც კარგია და არც ცუდი, უბრალოდ, ფაქტია, მაგრამ თავად მას ეს ფაქტი არ მოსწონდა და მალავდა, ამიტომ სულ თავის ქმარ სულხანზე ლაპარაკობდა, სულხანი ერთგვარი ფარი იყო, რომლის უკანაც ხათუნა თავის წარმომავლობას მალავდა.

სუფრაზე უხერხულობა იგრძნობოდა, თუმცა ბავშვები ანეიტრალებდნენ დაძაბულობას თავიანთი უშუალობით.

– ხათუნა, რაღაც უნდა გთხოვო, გუგას უთხარი, რომ ბავშვები ბაღში უნდა მივიყვანო და მე მუშაობა დავიწყო, ხან დედაჩემი და ხან შენ მოხვალთ, რომ თვალყური ადევნოთ. შენ მაინც არ მუშაობ და დრო გაქვს.

ხათუნა ინდაურივით გაიფხორა, იმდენად არ ესიამოვნა რძლის შემოთავაზება, მაგრამ არ შეიმჩნია.

– რა ძალა გადგას, რომ იმუშავო? შენს ქმარს საკმარისი ფული აქვს, – უთხრა რძალს.

– აი, მეც მაგას ვეუბნები, – შეეშველა ლანა მძახალს, – გამოართვას ქმარს ფული და სალონში წავიდეს, თავს მოუაროს, შენგან აიღოს მაგალითი. რა გადასარევად გამოიყურები. ხათო, წაიყვანე რა იმ სალონში შენ რომ დადიხარ, ცოტა ქალს დაამსგავსე.

ანას ცოტა ეწყინა ლანას მონოლოგი, მაგრამ დედას არაფერი უთხრა.

ლანა კი არ ჩერდებოდა:

– ან ბოლოს და ბოლოს, მე რომ დავდივარ, იმ სალონში წამოვიდეს?!

ხათუნა ვერ მიუხვდა ლანას ეშმაკობას.

– შენთან წაიყვანე, ჯობია, ჩემს სალონში წინასწარაა ჩაწერა, ლოდინი მოუწევს.

– კი ბატონო, გუგასაც უთხარი, რომ დააძალოს ცოლს, – ვითომ გულუბრყვილოდ სთხოვა ლანამ მძახალს.

ხათუნას იმდენად გაუხარდა, რომ რძლის წაყვანა არ მოუწევდა თავის სალონში, რომ მაშინვე დათანხმდა:

– რა თქმა უნდა, ვეტყვი. აუცილებლად.

ხათუნას ტელეფონმა დარეკა.

– შენთან ვარ სტუმრად, ანამ დამპატიჟა, მითხრა, რომ შენ სთხოვე, ჩემი კარგი ბიჭი, მალე მოხვალ? გელოდებით.

– მალე გუგაც მოვა, – აუწყა ხათუნამ რძალსა და მძახალს.

მართლაც, ნახევარ საათში გუგაც მოვიდა სახლში. ანამ კარი გაუღო და თვალი აარიდა. მეტიც, ჭარხალივით გაწითლდა, გუგა რომ ისე შემოვიდა სახლში, თითქოს არაფერი მომხდარიყოს. გუგა ცოლისკენ გაიწია, ანამ სახის არიდება ვერ მოასწრო და აკოცა. ანა მიხვდა, რომ მისი ქმარი დედამისისა და სიდედრის წინ თამაშობდა და გულისრევის შეგრძნება გაუჩნდა. თუკი აქამდე საკუთარი თავი ეცოდებოდა, ახლა გაბრაზდა, მაგრამ სიმშვიდე არჩია, იმიტომ რომ ჯერაც არ იცოდა, როგორ უნდა ემოქმედა და როგორ გაეგრძელებინა ერთ ჭერქვეშ ცხოვრება კაცთან, რომელიც მის გარეგნობას თავის საყვარელთან არჩევდა.

ანამ თავს ძალა დაატანა და მხიარულად შეიპატიჟა სუფრასთან. გუგამ ჯერ დედამისს აკოცა, შემდეგ კი სიდედრს დაუკრა თავი. ლანას არ გამოჰპარვია შვილის ნაძალადევი კეთილგანწყობა ქმრისადმი, მაგრამ, ცხადია, არ შეიმჩნია, სიძეს გაუღიმა და შეაქო:

– ბევრი ვერ დაიტრაბახებს, შენ რომ ოჯახი გაქვს.

გუგამ ანას გადახედა:

– ეს სულ შენი ქალიშვილის დამსახურებაა.

ანა ისევ წამოჭარხლდა და უხერხულად ჩაქინდრა თავი.

– გუგა, გენაცვალე, აი, მე და ხათუნამ გადავწყვიტეთ, რომ შენს ცოლს სჭირდება გალამაზება, ასეთი წარმატებული კაცის ცოლი ბრწყინვალედ უნდა გამოიყურებოდეს. ხომ მეთანხმები?

– ჩემი ცოლი ისედაც ბრწყინვალედ გამოიყურება, – უთხრა სიძემ.

– რა თქმა უნდა, – დაეთანხმა ლანა, მაგრამ ხათუნამ დაიჟინა და ვიცი, დედას არ აწყენინებ, შენ ისეთი კარგი შვილი ხარ.

ხათუნა დაიბნა, მაგრამ მალევე აიყვანა თავი ხელში.

– ჰო, გუგა, სახლში ისე ჩააჯინე ეს გოგო, ხალხი იფიქრებს, რომ დესპოტი ხარ.

– ამაზე უკეთესი რა უნდა გააკეთოს ქალმა? – უფრო სიდედრს მიმართა გუგამ.

– არც არაფერი, – გამოეპასუხა ლანა, – შენ კიდევ უფრო მოგეწონება მოვლილი ცოლი.

– მე ძალიან მომწონს ჩემი ცოლი, – გუგამ სახე ანასკენ მიატრიალა და ანას ფეხებში ღონე გამოეცალა შეურაცხყოფისგან.

„ან როგორ ვერ მივხვდი აქამდე, რომ ჩვეულებრივი ფარისეველია?!“ – გაიფიქრა, მაგრამ ხმამაღლა სხვა რამ თქვა:

– გუგა, ფული საერთოდ არ მაქვს, ან ნაღდი მომეცი ხოლმე, ან ბარათზე დამირიცხე ყოველთვიურად.

ყველა გაჩუმდა, მაგრამ ანა განაგრძობდა:

– დღეს მივხვდი, უცებ პაკეტის ყიდვა რომ მომინდეს, ვერ ვიყიდი, შენ უნდა დაგირეკო. გუგა ხმას არ იღებდა, მაგრამ ეტყობოდა, რომ ბრაზდებოდა.

– არასდროს გითქვამს, რომ ფული გჭირდებოდა, – მიმართა ცოლს, – პირდაპირ მე ვერ მეტყოდი?

– თქმა რად უნდა ამას. ხათუნას ხომ ურიცხავ ფულს? ესე იგი, იცი, რომ სჭირდება, ასე არ არის? – არ შეეპუა ანა. გრძნობდა, რომ სკანდალის მოწყობის სურვილი უძლიერდებოდა. დიდი სიამოვნებით გადაასხამდა თავზე გუგას სადილიან ქვაბს, მაგრამ ჯერჯერობით თავს იკავებდა, ვინაიდან იცოდა, რომ ორი შვილით მარტო ვერ დარჩებოდა, სანამ შემოსავალს არ გაიჩენდა.

– თუ არასდროს გითქვამს, როგორ მოგცემდა ფულს? გუგას სიძუნწეს ვერავინ დასწამებს, – ლანამ სიძის მხარე დაიჭირა.

– მე წავალ, მასაჟისტი უნდა მოვიდეს, ახლაღა გამახსენდა, – ხათუნა წამოდგა.

– მე გაგიყვან, – შესთავაზა შვილმა.

– რა კარგი შვილი ხარ, – შეაქო ლანამ და ხათუნას სიტყვის თქმა არ დააცალა.

– თქვენც გაგიყვანთ, – შესთავაზა სიძემ.

– დედაჩემი რჩება, ნორა დეიდა ხვალიდან ჩვენთან ივლის და ბავშვები ბაღში მიმყავს, – გამოაცხადა ანამ.

ისევ სიჩუმე ჩამოწვა.

– ამაზე მერე ვილაპარაკოთ, – ცოტა უხეშად უთხრა გუგამ.

– არა, ამაზე ახლა ვილაპარაკებთ და იმაზეც, ვისთან ერთად არჩევდი ჩემს გარეგნობასა და ჩაცმულობას სავაჭრო ცენტრში, – მიახალა ანამ.

– რას ბოდავ? – შეუტია გუგამ.

– მე არ ვბოდავ, დაგინახე ჩემი თვალებით და თქვენი საუბარი მოვისმინე ჩემი ყურებით! ან როგორ არ გრცხვენია, დღისით–მზისით ებღლარძუნები ვიღაც ქალს სავაჭრო ცენტრში?! – ანას სულ დაავიწყდა, რომ მაგიდასთან ბავშვებიც ისხდნენ.

– შენ რა გინდოდა სავაჭრო ცენტრში? – გაბრაზდა გუგა.

– უი, თურმე, მთავარია, მე რა მინდოდა სავაჭრო ცენტრში და არა ის, რომ შენ საყვარელი გყავს?! – ანა უკან აღარ იხევდა.

– ბავშვებო. წამოდით, რაღაც უნდა გაჩვენოთ? – ლანამ ბავშვები სწრაფად გაიყვანა სამზარეულოდან.

– სარკეში ბოლოს როდის ჩაიხედე? – უცებ ჰკითხა გუგამ ცოლს.

– დღეს და შენი ცოლი დავინახე, შენი ცოლი ზუსტად ასეთი უნდა იყოს, – ჩაიცინა ანამ, – მეტის ღირსი არ ხარ.

გუგას სახე დაეძაბა:

– ბევრს ტლიკინებ.

– მე არ მიყიდი ბეჭედს? წადი და დარჩი, ვისთანაც გინდა და ყოველ დარჩენაზე მე ბეჭედი მიყიდე, – შესთავაზა ანამ, – და საერთოდაც, შეგიძლია, ახლავე წახვიდე. შეგახსენებ, რომ ეს ბინა ჩემია და სადაც მუშაობ, ის ადგილიც ჩემია. დაგითმე, იმიტომ რომ კაცი მეგონე. ჰოდა, როგორც დაგითმე, ისე წამოვიღებ უკან.

გუგას სიბრაზისგან კისრის კუნთები დაეჭიმა, მაგრამ ანა არ ჩერდებოდა:

– მამაჩემის მეგობარია შენ რომ მუშაობ, იმ კომპანიის მფლობელი და წამში გავარდები იქიდანაც.

ანა ხიდებს წვავდა და წარმოდგენა არ ჰქონდა, ეს კარგი იყო თუ ცუდი. მაგრამ ენას ვეღარ იმორჩილებდა. საყვარელს კიდევ აიტანდა, მაგრამ მისი გარეგნობის გარჩევას ქმარს ვერ პატიობდა.

– რა კაცი ხარ შენ ამის მერე? შენს ცოლზე, შენი შვილების დედაზე ალაპარაკებ ვიღაცას, ვინც უნდა იყოს ის ვიღაც.

ხათუნამ არ იცოდა, რა ექნა და ამიტომ ხან ჯდებოდა სკამზე და ხან სკამიდან დგებოდა.

– დედაჩემს გავიყვან და რომ დავბრუნდები, მერე ვილაპარაკოთ, მოდიხარ? – მიუბრუნდა გუგა დედამისს.

ხათუნა წამოდგა და შვილს უკან გაჰყვა. როგორც კი კარი გაიხურეს, ანამ ტირილი დაიწყო.

ლანამ ბავშვების ოთახის კარი მიკეტა.

რომ გამოვიდა, ანა უკვე აღარ ტიროდა.

– შენთვის არ მისწავლებია, რომ გონიერი ქალები ასეთ სცენებს არ აწყობენ? – ჰკითხა დედამ შვილს.

– არა, დედა, არ გისწავლებია ან იქნებ მასწავლე და მე დამავიწყდა, – სევდიანად უთხრა ანამ.

– იცი, საყვარლები მამაშენსაც ჰყავდა.

– იტყუები, გინდა, რომ გამამხნევო, – არ დაუჯერა ანამ.

– არ ვიტყუები. სიმართლეს გეუბნები.

– და მამაჩემი შენზე ალაპარაკებდა თავის საყვარლებს? – ჰკითხა ანამ.

– არ ვიცი... იქნებ კი, იქნებ არა, – ლანა ჩაფიქრდა: მაგრამ მაინც ზედმეტი მოგივიდა დღეს.

– ზედმეტი მაშინაც კი არ მომივიდოდა, თუ სადილიან ქვაბს თავზე დავასხამდი, – ჯიუტობდა ანა.

– მე სიმართლის თქმა მიყვარს, მით უმეტეს, შვილისთვის. რატომ აღარ უვლი თავს? კაცები იდიოტები არიან, თვალებით რასაც ხედავენ, ის მოსწონთ და რაც კუჭში ჩასდით. მეტზე ტვინი არ ყოფნით. შენ სახლს მშვენივრად უვლი, ბავშვებს უჩენ, აგერ კიდევ უნდა შვილი, ანუ იდეალური შინამოსამსახურე და ინკუბატორი ხარ.

– დედა?! – ანას თვალები აუცრემლიანდა.

– არ არის საჭირო თავის შეცოდება. შენ სახლში ჰყავხარ, ოჯახი კარგი რამაა, ცოლი მოგივლის და გაჭმევს და შვილებს გაგიჩენს, სრული ჰარმონიისთვის კი ამატებ საყვარელსაც. მძაფრი შეგრძნებებისთვის, სიახლისთვის, იმიტომ რომ სახლში მუშაობით დაღლილ ცოლს ლოგინში დაძინება ურჩევნია სხვა რამეს. რატომ არ მითხარი, რომ ასეთი რამ შეგემთხვა?

– მე მეგონა, თავს მოვთოკავდი და არ წამომცდებოდა, მინდოდა, მომეფიქრებინა, რა მეთქვა, როგორ მოვქცეულიყავი. დედა, ყველაფერი დამენგრა ერთ წამში.

– მერე რა?! რაც დასანგრევია, უნდა დაინგრეს, მაგრამ ის არ უნდა გეთქვა, რაც უთხარი, სამსახურზე.

– რატომ არ უნდა მეთქვა? რამე ტყუილი ვთქვი? – გაწიწმატდა ანა.

– იმიტომ, რომ თქმას მოქმედება ჯობია... თუ შენ მოქმედებას არ აპირებ და უბრალოდ თქვი? – ლანა ანას თვალებში მიაჩერდა.

– არ ვიცი, რაც ენაზე მომადგა, ის ვთქვი. არასდროს მიფიქრია იმაზე, რომ ჩემი ადგილი დავუთმე და არც მინანია, დღეს გამახსენდა და ვინანე.

– იმიტომ რომ გეწყინა. ესე იგი, მთლად გულითაც არ დაგითმია, – გაუღიმა ლანამ შვილს.

– გულით დავუთმე, დედა, – გულდაწყვეტით უთხრა ანამ.

– გულით რომ დაგეთმო, არ ინანებდი არასდროს, – ისევ გაუღიმა ლანამ ანას, – შენ კი მაშინვე წამოაძახე, როგორც კი გაწყენინა.

– დედა, ეს წყენინებაა?! ჩემს გარეგნობას არჩევდა ვიღაც ქალთან?

– და შენ გგონია, შენ მოგაყენა ამით შეურცხყოფა? – ისევ გაეღიმა ლანას.

– აბა, ვის?!

– საკუთარ თავს და უნდა შეგეცოდოს, რომ ამდენსაც კი ვერ ხვდება, დაისვენე, არ მგონია, დღეს სახლში მოვიდეს. ბავშვებს მე წავიყვან ჩემთან ცოტა ხნით.

– არც კი მიფიქრია იმაზე, ამდენად თუ ვიყავი დამოკიდებული გუგაზე, – თავი ჩაქინდრა ანამ.

– აი, ეს ყველაზე ნაკლები პრობლემაა, გუჯა ბიძია ნებისმიერ დროს დაგაწყებინებს მუშაობას, – დაამშვიდა შვილი ლანამ.

– და გუჯა ბიძია რომ არ მყავდეს, ესე იგი, მონა უნდა ვიყო?!

– შენ გააკეთე ეს არჩევანი, არავის დაუძალებია. მე გითხარი, რომ არ დაგეთმო გუგასთვის, მაგრამ შენ დაუთმე. შენ თვითონ მიეცი მას ნება, მოგქცეოდა ისე, როგორც იქცევა, – ლანამ შვილს დაუყვავა.

– მე რომც მიმეცა უფლება, ის ასე უნდა მოქცეულიყო?! – ანამ დედას თვალი თვალში გაუყარა.

– აბა, მისი კეთილშობილების იმედი გქონდა? თუ იმის, რომ შენი მადლიერი იქნებოდა ცხოვრების ბოლომდე? პირიქით ხდება, ჩემო გოგო, არიან, ალბათ, გამონაკლისები და არიან ნამდვილად, მაგრამ არ უნდა ავკიდოთ ადამიანებს იმაზე მეტი ტვირთი, რის ზიდვაც შეუძლიათ. წადი, დაიძინე. დილით ვილაპარაკოთ.

ანამ დედას აკოცა და საძინებლისკენ წავიდა, უფრო წალასლასდა.

ლანამ შვილს მზერა გააყოლა და ამოიოხრა. მერე მაღლა აღაპყრო თვალები და ჩუმად თქვა:

– მაპატიე, უნდა მომეტყუებინა, მერე ვეტყვი, რომ არანაირი საყვარლები არ გყოლია... – და კიდევ ერთხელ ამოიოხრა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში


მსგავსი სიახლეები

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი