რომანი და დეტექტივი

იდეალურის სიყალბე

№46

ავტორი: ნია დვალი 20:00 25.11, 2022 წელი

იდეალურის სიყალბე
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #45 (1141)

ანა ხმას არ იღებდა, იცოდა, აზრი არ ჰქონდა შეკამათებას, მით უმეტეს, რომ დედამისსა და მის ქმარს ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული შეხედულებები ჰქონდათ ქალის როლზე ოჯახშიც და ზოგადადაც. ამიტომ არც ერთს არ ეპასუხებოდა ხოლმე. მხოლოდ თავს უქნევდა და უღიმოდა ორივეს, მაგრამ ლანას თავისი გეგმა ჰქონდა სისრულეში მოსაყვანი და მიზნისკენ ცოტა შორიდან მისასვლელ გზას ჭრიდა.

ლანა ჭკვიანი ქალი იყო და იცოდა, რომ შვილს ვერც დამხმარე ქალის დაქირავებაზე დაიყოლიებდა და ვერც ბავშვების ბაღში მიყვანაზე, იმიტომ რომ მისი სიძე დარწმუნებული იყო, რომ ქალის უმთავრესი მოვალეობა ბავშვებისა და ქმრის მოვლა იყო. მართალია, ლანას უკვირდა სიძის ამდენად ჩამორჩენილი აზრები, წესით, უფრო თანამედროვედ უნდა ეაზროვნა და ამიტომ ერთხანს ფიქრობდა, ძუნწი ხომ არ არისო. თუმცა სიძის ქცევები სიძუნწის ვერსიის სასარგებლოდ ვერ მუშაობდა, ამიტომ ლანას ვერ აეხსნა, რატომ გადაუქცია სიძემ ქალიშვილი მოსამსახურედ.

რა თქმა უნდა, საკუთარი შვილების მოვლა მოსამსახურეობას არ ნიშნავს, ლანას ეს ესმოდა, მაგრამ ვერ ხსნიდა სიძის ქცევის მოტივს. მით უმეტეს, რომ გუგას დედა ფრიად და ფრიად კეკლუცი არსება გახლდათ და გუგას ხარჯზე არც მოგზაურობას იკლებდა და არც თავის მოვლას აკლებდა ხელს. შვილიშვილებს ნახულობდა ხოლმე, მაგრამ მათზე ზრუნვით თავს არ იწუხებდა. ლანა ვერაფერს ხედავდა ცუდს იმაში, რომ გუგა დედამისს ეხმარებოდა და ანებივრებდა, მაგრამ, თუ იცის, რომ ქალს განებივრება სჭირდება, საკუთარ ცოლს რატომ არ ანებივრებს?!

ლანას ამ კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა, თუმცა ჯიუტად ცდილობდა მის მოძიებას. იმდღევანდელი სტუმრობაც უფრო მოთელვა იყო, რომ ანა რამენაირად სამსახურის დაწყებაზე დაეყოლიებინა, მაგრამ იცოდა, რომ ჯერ ამის მოსასმენად ანა მზად არ იყო.

– მოდი, ბავშვებთან მე დავრჩები და შენ ტანსაცმლის მაღაზიებში გაიარ-გამოიარე, რამე ახალი კაბა იყიდე შენთვის, რომ გუგას სიურპრიზი მოუწყო. ვახშამი დაახვედრე სანთლებით...

– საჭმელი მაქვს გასაკეთებელი, ახლა ვერ წავალ, – იუარა ანამ.

– საჭმელს მე გავაკეთებ, – არ დანებდა ლანა, – შენ კი ცოტა თავი გაინიავე, ქუჩაში რამდენი ხანია, არ ყოფილხარ?!

– კარგი, რა, დედა, ბავშვებთან ერთად ლამის ყოველდღე ვსეირნობ.

– რა თქმა უნდა, სეირნობ და ყოჩაღი მყავხარ, რომ მარტო უვლი ამხელა სახლსაც, ქმარსაც, შვილებსაც, ყველაფერი გიელავს, მაგრამ სწორედ ასეთ ინტერიერს მოუხდება დიასახლისი, რომელიც ბრწყინავს. თმაც გადაივარცხნე, სალონში ჩაგწერ, დიანა სულ გკითხულობს. თორემ მერიდება, მე დავდივარ სალონში და შენ – არა. როგორი დედა გამოვდივარ? ცუდი, – ლანამ მოწყენილი სახე მიიღო, – გთხოვ, ჩაეწერე სალონში, – განაგრძობდა ლანა და როგორც კი დაინახა, რომ შვილი აპროტესტებდა მის თხოვნას, დაასწრო:

– გუგასთვის გააკეთე ეს. ცოტათი უფროსი ხომ ვარ შენზე? ესე იგი, მეტი გამოცდილება მაქვს. ჰოდა, მოუწყვე შენს ქმარს დღესასწაული, ვარცხნილობა შეიცვალე, ახალი კაბა იყიდე, თან, მშვენიერ ფორმაში ხარ, ვინ იტყვის, რომ ტყუპები გააჩინე?!

ლანა ისეთი გატაცებით ლაპარაკობდა, რომ ანასაც აუშალა გალამაზების საღერღელი, იმიტომ რომ ლანამ სწორი ტაქტიკა აირჩია და ცვლილება გუგას დაუკავშირა.

როგორც კი შვილს ორჭოფობა შეატყო, ლანამ „მეორე ფრონტიც“ გახსნა, – მართალი გითხრა, გუგას მეც მინდა, რამე სამახსოვრო ვაჩუქო, ისეთი კარგი მეოჯახეა?! სიძეში ნამდვილად გამიმართლა.

ანას თვალები გაუბრწყინდა.

– იქნებ ვიყიდო კიდეც რამე.

ლანამ ვითომ უკმაყოფილო სახე მიიღო.

– დედის თხოვნა არაფერია, არა?! მთავარია, გუგამ გაიხაროს?! ვიცი, ვიცი, ვიხუმრე და, საერთოდაც, რა თქმა უნდა, ქმარი უნდა გაახარო, მე, აბა, შენ ყველანაირ კაბაში მიყვარხარ და მომწონხარ, – ლანა გვიან მიხვდა, რომ გადაამლაშა, მაგრამ ანას დედამისის მიერ ნათქვამი ბოლო ფრაზის კონტექსტისთვის ყურადღება არ მიუქცევია.

– მე ბავშვებთან ვიქნები და შენ წადი. ჩვენ არაფერი მოგვივა, ჰო, მართლა, გუგას არაფერი უთხრა, თორემ სიურპრიზს აზრი დაეკარგება.

ანა საძინებელში შევიდა და 5 წუთში გამოვიდა. სპორტული ტანსაცმელი ჩაეცვა.

– რამე ელეგანტური შეარჩიე, სხეულის ფორმებს რომ გამოკვეთავს, დამიჯერე, სადა, მაგრამ ელეგანტური, – უთხრა ლანამ შვილს.

ანამ სპორტულივე ფეხსაცმელიც ამოიცვა და ლანამაც არ დაახანა: ფეხსაცმელიც შეათვალიერე, ელეგანტურ კაბას მაღალი ქუსლები მოუხდება.

– დედა, ქუსლიანი ფეხსაცმლით სიარულის თავი მე არ მაქვს, ხომ იცი?!

– ვიცი, მაგრამ სადმე მიდიხარ იმ ქუსლიანი ფეხსაცმლით? სახლში უნდა დახვდე გუგას, – ლანამ გულწრფელად გაიკვირვა.

კართან მისული ანა უცებ მოტრიალდა და ლანა მიხვდა, რომ მის შვილს ფული არ ჰქონდა, ამიტომ ისევ დაასწრო:

– არ მითხრა უარი, მინდა, რომ მე გიყიდო ახალი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. უცებ ამომივარდა თავიდან, ისე გამიხარდა, რომ დამთანხმდი გუგასთვის სიურპრიზის მოწყობაზე, – ლანა იმდენად ოსტატურად იტყუებოდა, რომ ცოტა რცხვენოდა კიდეც, მაგრამ ალღოთი გრძნობდა, რომ შვილი ამ სახლიდან უნდა გაეყვანა და ამას მის გარდა ვერავინ გააკეთებდა.

ანა, რატომღაც, ძალიან სწრაფად დათანხმდა დედამისს და საბანკო ბარათი გამოართვა.

– არის ფული ანგარიშზე, მაგაზე არ იდარდო. აბა, მივხედე მე საქმეს, დროზე თუ წახვალ, დროზე მოხვალ.

ანამ კიბეები ჩაირბინა და პირველად დაფიქრდა, რომ მას, ფაქტობრივად, ფული საერთოდ არ ჰქონდა. ჰიგიენურ პაკეტსაც კი ვერ იყიდიდა, თუ გუგა არ მისცემდა ფულს.

– რატომ არ მაძლევს ფულს? – თავის თავს პირველად დაუსვა ეს შეკითხვა, – ხომ შეიძლება, რომ ერთი ბარათი მეც მქონდეს, რომელზედაც ფულს ჩამირიცხავს?

ანას უსიამოვნო შეგრძნება დაეუფლა, თავი სრულიად დაუცველად იგრძნო. საწვავსაც კი გუგა უსხამდა მანქანაში. დიახ, ანას მანქანა ჰყავდა, ვინაიდან ბავშვების მოვლა ასე უფრო იოლი იყო, გუგა კი მეტად პრაქტიკული ადამიანი გახლდათ.

„უნდა გამოვართვა ხოლმე ფული და აქამდე რატომ არ მომივიდა ეს თავში აზრად?“ – გაიფიქრა ანამ. ლანას მიერ ჩაწვეთებული ნაღმები, როგორც ჩანს, მოქმედებას იწყებდა.

ანა ვერც კი იხსენებდა, ბოლოს როდის იყო ქუჩაში მარტო. რამდენი ხანია, თავის თავთან მარტო არ დარჩენილა. რა თქმა უნდა, ბავშვებს რომ დააძინებდა და გუგას ელოდებოდა, მარტო იყო, მაგრამ, როდესაც ვინმეს ელოდები, ეს შენს თავთან მარტო დარჩენა არ არის.

– რაღაცნაირად, მგონი, შინაურ ცხოველს დავემსგავსე, – გაეცინა, – მაგრამ არა, შინაურ ცხოველებსაც კი ასეირნებენ ხოლმე.

შემოდგომის ძალიან თბილი დღე იდგა და ვერ გაარკვევდი, გაზაფხულის სურნელი ტრიალებდა თუ ზამთრისპირის, იმიტომ რომ მზე მწველად ანათებდა. მანქანას რომ მიუახლოვდა, ანამ თავისი თავი დაინახა შუშაში და ვერ იცნო. არადა თითქოს თვალებიც ძველებური ჰქონდა, ცხვირიც, ტუჩებიც, ლოყებიც, ხელებიც, მაგრამ ის ვიღაც, მანქანის მინაში არეკლილი, მაინც რაღაცნაირად სხვა იყო. ანამ სცადა, მზისთვის გაესწორებინა თვალი, რაც, ცხადია, არ გამოუვიდა და თვალები თავისით დაეხუჭა. კარგა ხანს დახუჭული თვალების შიგნით ხედავდა ყვითელ დისკოს, მზის ნარჩენს და ანა მიხვდა: ის ნაპერწკალი ჩაქრობოდა, რომელსაც მისი თვალები ერთ დროს აი, იმდღევანდელი მზესავით აფრქვევდა.

ეს აღმოჩენა არ მოეწონა, იმიტომ რომ სწორედ ის ნაპერწკალი იყო ანას სავიზიტო ბარათი და შეიძლება, თავად ანას არსიც კი. მაგრამ იმდენად სასიამოვნო დღე იყო, რომ ცუდი ფიქრები თავიდან გამოყარა. საჭეს მიუჯდა და სავაჭრო ცენტრისკენ გაემართა.

ჯერ უმიზნოდ დაბორიალებდა, ესიამოვნა ქუჩის ხმაური და ადამიანების დანახვა, რომლებიც ჭიანჭველებივით ირეოდნენ. ანა თითქოს პარალელურ სამყაროში მოხვდა, უფრო ზუსტად, მოულოდნელად იმ ძველ სამყაროში დაბრუნდა, რომლის კარიც რამდენიმე წლის წინათ თავისივე ნებით გამოიხურა.

სკამზე ჩამოჯდა. დროის მდინარებას ვერ გრძნობდა. მიენდო იმ ხმაურს, ყურებში რომ უგუგუნებდა და თვალები დახუჭა. მთელ სხეულში ჟრუანტელმა დაუარა, სხეული მოადუნა და სახე ისევ მზეს მიუშვირა, რომლის სხივებიც თითქოს იმიტომ წვავდა შიგადაშიგ, რომ ანამ დაივიწყა მზის არსებობა და ახლა მისი სამყარო გუგას ირგვლივ ტრიალებდა. ანას ისევ გაეღიმა, მაგრამ თვალები არ გაუხელია.

მოულოდნელად უკნიდან და შორიდან ნაცნობი ხმა შემოესმა. ანამ ხმა ვერ იცნო, მაგრამ თვალების გახელა და თავის მიტრიალება დაეზარა, ისევ მზესთან არჩია დარჩენა. ნაცნობი ხმა კი უახლოვდებოდა. ანა მიხვდა, რომ არავისთან ლაპარაკი არ უნდოდა, ამიტომ თავისი სპორტული ზედატანის კაპიუშონი თავზე წამოიფარა.

ნაცნობი ხმა, უფრო ზუსტად, ნაცნობი ხმის პატრონი, როგორც ჩანს, ზუსტად ანას უკან გაჩერდა და ანას ახლა უკვე უცნობი ქალის ხმა შემოესმა:

– ამაღამაც ვერ დარჩები ჩემთან? საერთოდ, ოდესმე დარჩები? – ხმა ქალის იყო, რაღაცნაირად წვრილი, ყოველ შემთხვევაში, ანას ყურს ჭრიდა.

– ვერ, ხომ იცი, – და ანა მიხვდა, ვის ეკუთვნოდა ნაცნობი ხმა, რომელიც განაგრძობდა ლაპარაკს, – სამაგიეროდ, დღეს იმ ბეჭედსაც გიყიდი, რომელიც მოგეწონა.

– და ასე ერთმანეთისგან შორიშორ ვივლით? ჩემი ხომ არ გრცხვენია?! – იკითხა ქალის ხმამ.

ნაცნობ ხმას არაფერი უპასუხია, მაგრამ ანა მიხვდა, რომ ნაცნობი ხმის პატრონმა უსიამოვნო ხმის მქონე ქალს აკოცა. ანა სკამს მიეყინა.

– მერიდებოდა ამის თქმა, მაგრამ შენს ცოლს უნდა უთხრა, რომ ცოტა თავს მოუაროს, აი, ეს მართლა სირცხვილია, შენი ცოლი რომ ისე გამოიყურება, როგორც გამოიყურება. არ გამიბრაზდე, არ ვჭორაობ. უბრალოდ, მართლა უხერხულია და ჩემ გარდა ამას არავინ გეტყვის. ამას წინათ, შემთხვევით დავინახე ქუჩაში, ბავშვებთან ერთად იყო...

ანას აღარ გაუგონია, რა უპასუხა ნაცნობი ხმის პატრონმა ქალს, მაგრამ იგრძნო, რომ წავიდნენ. ვერ ინძრეოდა. არც იცოდა, საით უნდა წასულიყო, რომ შემთხვევით მათ არ გადაყროდა, თუმცა იმასაც ხვდებოდა, რომ იქ, სადაც იჯდა, დიდხანს ვერ გაჩერდებოდა.

– რქიანიც ვყოფილვარ, – რატომღაც ხმამაღლა თქვა და სიცილი აუტყდა. მხოლოდ მას შემდეგ შეწყვიტა, რაც რამდენიმე ადამიანის ყურადღება მიიპყრო. და ახლაღა აღმოაჩინა, რომ არც ერთი მეგობარი აღარ შემორჩა, იმიტომ არა, რომ გუგა უკრძალავდა მათთან ურთიერთობას, უბრალოდ, ანას აღარავისთვის აღარ ჰქონდა დრო, სულ მოუცლელი იყო და იმაზე ზრუნავდა, ქმრისთვის კომფორტული გარემო შეექმნა.

ანას ისევ ხარხარი აუტყდა, მაგრამ მალევე მოსხიპა. ადგა და აფთიაქისკენ გაემართა. დამამშვიდებელი იყიდა და ენის ქვეშ ამოიდო. ლანასთან ასეთ მდგომარეობაში ვერ დაბრუნდებოდა, თან, თავის თავთან უნდოდა მარტო დარჩენა, რომ გაეაზრებინა, რაც ნახა. ამიტომ ბევრი არ უფიქრია, დედამისს დაურეკა:

– როგორ ხართ? დაგღალეს? ჩემი ჯგუფელები შემხვდნენ და სადმე შევალთ, ყავას დავლევთ. ცოტა რომ დამაგვიანდეს, ხომ არ გამიბრაზდები? – ჰკითხა ლანას და დაამატა, – შენს მეზობელ ნორას უთხარი, მოვიდეს და მოგეხმაროს, ფულს გადავუხდი და, საერთოდაც, ჰკითხე, თუ იმუშავებს ჩემთან, რომ სახლში მომეხმაროს, – ანამ თითქოს დაინახა, როგორ გაუბრწყინდა სახე დედამისს, მაგრამ ლანა ჩვეულებისამებრ დიპლომატიურად მოიქცა:

– დარწმუნებული ხარ, რომ გუგას ეს მოეწონება? – ფრთხილად ჰკითხა შვილს.

– კი, რატომაც არა?! ესეც მეორე სიურპრიზი იქნება, – და ანას გაახსენდა, რომ ტანსაცმელი და ფეხსაცმელი უნდა ეყიდა. ახლა ამის არც თავი ჰქონდა, არც განწყობა. ბოლომდე ვერც აცნობიერებდა მომხდარს. როგორც ჩანს, მისი ტვინი თავს იცავდა და მოსმენილის გაანალიზებას არ ჩქარობდა.

– იქნებ მომეჩვენა კიდეც, – ჰკითხა საკუთარ თავს, მაგრამ მალევე მიხვდა ამ კითხვის უაზრობას: გუგას ხმას მილიონ ხმაში გამოარჩევდა. ანას თვალებზე ცრემლები მოადგა, უფრო იმის გამო, რომ მისი ქმარი თავისსავე საყვარელთან განიხილავდა და ვის? ანას – მისი შვილების დედას.

ანა დაფიქრდა: „ესე იგი, მე მარტო შვილების დედა ვარ?!“ – ხარხარი აღარ მოსდომებია, დამამშვიდებელი მოქმედებდა და ტვინის უბნებს სპონტანური აღგზნებისგან იცავდა. ამიტომ ანა მშვიდად იყო, მხოლოდ ფიქრობდა. ფიქრობდა უცხოდ, როგორც ამბავზე, რომელიც უამბეს და მას არც კი ეხებოდა.

– დედაჩემს ჯერ არ ვეტყვი... – გადაწყვიტა. ახლა ტანსაცმლის შერჩევის თავი არ ჰქონდა. მაგრამ ლანასთან ხელცარიელიც ვერ დაბრუნდებოდა, ამიტომ სკამიდან წამოიზლაზნა და ტანსაცმლის პირველივე მაღაზიაში შევიდა. გაახსენდა, რომ სტრესის დროს ეგრეთ წოდებული „შოპინგი“ ადამიანს შველოდა, ყოველ შემთხვევაში, იმ მომენტში მაინც, თორემ ახალი ტანსაცმელი რომ პრობლემას წყვეტდეს, მწარმოებლებიც კმაყოფილები იქნებოდნენ შემოსავლებით და კაცობრიობაც უზრუნველად იცხოვრებდა, თან, გარდერობებიც გამოტენილი ექნებოდათ. ამიტომ ანა მთლიანად ტანსაცმელზე გადაერთო.

რატომღაც საქმიანი კოსტიუმის შეძენა გადაწყვიტა და სასურველიც შეარჩია, შემდეგ თვალი ღვინისფერ კაბას დაადგა და შავი ფეხსაცმელიც მიაყოლა, თუმცა მალევე გადაიფიქრა და ორი ფეხსაცმელი აიღო, ორივე შერჩეული ტანსაცმლის ფერს შეუხამა. მოიზომა, კმაყოფილიც დარჩა და კმაყოფილების ღიმილი ტუჩებზევე შეაცივდა: სახლში დაბრუნება არ უნდოდა. არ უნდოდა, მაგრამ იცოდა, რომ მოუწევდა. სხვა რა გზა იყო, მანქანაში ჩაჯდა და სახლში წავიდა. ასვლამდე, ყოველი შემთხვევისთვის, კიდევ ერთი აბი ამოიდო ენის ქვეშ, მოკრიბა თავისი ახალი სამოსი და სახლში ავიდა.

ლანას ძალიან კმაყოფილი სახე ჰქონდა და შვილის შერჩეული ტანსაცმელიც მოეწონა. აიძულა, ჩაეცვა და სიამოვნებისგან სახე გაებადრა: მგონია, რომ კაბა ცოტა უნდა დავამოკლოთ, ძალიან გრძელია, მუხლს ზემოთ სიგრძე იქნება იდეალური. სანტიმეტრი მომიტანე, გავზომავ სიგრძეს და გადაკეთებულს მოგიტან.

ნორაც კმაყოფილი იღიმებოდა.

– აი, ახლა ჩვენი ძველი ანაა.

– დედა, დარჩი ამაღამ, – სთხოვა შვილმა, – ნორა დეიდას კი ტაქსის გამოვუძახებ.

ლანას გაუკვირდა:

– რამე მოხდა? – და შვილს დაეჭვებულმა შეხედა.

– არაფერი. რა უნდა მომხდარიყო სავაჭრო ცენტრში? – სიტყვა ბანზე აუგდო ანამ.

– კარგი, დავრჩები და შენი ქმარი... – ლანამ წინადადება აღარ დაასრულა.

– გვიან დავბრუნდები ან არ დავბრუნდებიო და მარტო ყურყუტს შენთან ერთად მირჩევნია.

– როგორ არ დავბრუნდებიო? – გადაირია ლანა.

– საქმე აქვს, დაბრუნდება, აბა, სად წავა? – გულგრილად თქვა ანამ: კარგად ჭამეს ბავშვებმა?

– ძალიან. არ იდარდო, მე და ნორამ ვივაჟკაცეთ, – გაუცინა ლანამ შვილს.

ნორა გაამგზავრეს და დედა–შვილი მარტო დარჩა. ანა სავარძელში ჩაჯდა და იგრძნო, როგორი დაღლილი იყო. არადა სულ იღლებოდა, მაგრამ თავის სამყაროში – სახელად იდეალური ოჯახი – თავს იმდენად კომფორტულად და დაცულად გრძნობდა, რომ დაღლა არ აწუხებდა.

– მესამე შვილიც რომ მოუნდა, თითქოს სანაშენე ძროხა ვიყო, – ჩაილაპარაკა ანამ.

– რამე მითხარი? – თავი გამოყო ლანამ ბავშვების ოთახიდან.

– რაო ნორამ, იმუშავებს ჩვენთან? და სალონში როდის ჩამწერ? – მიაყარა კითხვები ანამ.

– ბავშვები დავაძინოთ და ყველაფერს მოგიყვები, იმუშავებს, აბა, რას იზამს, – ისევ გამოსძახა ლანამ.

ანა ერთხანს სავარძელში იჯდა, მერე წამოდგა, ბავშვებს ვახშამი გაუმზადა, სამზარეულო მიალაგა, სარეცხი გაფინა და მორიგი პარტია შეყარა, შვილებს აჭამა, ეთამაშა, დაბანა, ლოგინებში ჩააწვინა და ზღაპარიც წაუკითხა.

– არა, ასე აღარ მინდა. ეს რუტინა გამაგიჟებს, – ფიქრობდა ანა და, რაკი თვალნათლივ დაინახა, რომ მისი ბედნიერების ხუხულა თავზე ჩამოექცა, საკუთარი ყოფა ციხედ ეჩვენა, თან, როგორც უვადო პატიმარს.

***

გუგა სახლში გვიან, მაგრამ მაინც დაბრუნდა. ანას არ ეძინა, მაგრამ, გუგა რომ შევიდა საძინებელში, თავი მოიმძინარა. გუგამ, ანამ ეს თვალდახუჭულმა დაინახა, ცოლს გადახედა და მხარზე ოდნავ შეახო ხელი. ანა მიხვდა, ამოწმებდა, რამდენად ღრმად ეძინა. ცხადია, ანა არც კი შეშმუშნულა და მთელი ძალით ცდილობდა, თანაბრად და მშვიდად ესუნთქა.

როდესაც გუგა დარწმუნდა, რომ ცოლს ეძინა, თვითონაც დაწვა და ხელში ტელეფონი აიღო. ანამ ისევ თვალდახუჭულმა იგრძნო, რომ გუგა ვიღაცას წერდა და იმასაც მიხვდა, თუ ვის. იმდენად გაბრაზდა, რომ უნებლიეთ ერთიანად შეერხა სხეული. გუგამ ტელეფონი ტუმბოზე დადო, ანა ამას ხმით მიხვდა და ძალიან მალე მშვიდი ფშვინვა ამოუშვა.

ანამ თვალები გაახილა და დილამდე ასე თვალგახელილი იწვა. ფიქრობდა. ვერ წარმოედგინა, როგორ უნდა შეეხედა ქმრისთვის თვალებში. მის ნაცვლად რცხვენოდა. არადა ყველაფერი აინტერესებდა, რამდენი ხანია, რაც ქმარი ღალატობდა. ვინ იყო ის ქალი და როგორ გამოიყურებოდა. უპირველესად, საკუთარ თავზე ბრაზობდა, ამდენი ხანი რომ ვერაფერს ხვდებოდა, მართალია, თვითონ სულ დაღლილი იყო და ერთი სული ჰქონდა დაძინებამდე, მიუხედავად იმისა, რომ გუგას ელოდებოდა და სანამ არ მოვიდოდა, არ იძინებდა, უფრო კი, ვერ იძინებდა, იმიტომ რომ გუგას გვერდით თავს მშვიდად და უსაფრთხოდ გრძნობდა. ახლა, როდესაც იცოდა ის, რაც არ უნდა სცოდნოდა, სხვა თვალით შეხედა მისი და გუგას ურთიერთობას და თვალნათლივ დაინახა, რომ გუგა არასდროს განიხილავდა, როგორც პიროვნებას. ანა, უბრალოდ, ინტერიერის შემადგენელი ნაწილი იყო; ისიც გაახსენდა, რომ გუგას არასდროს მიჰყავდა თავისი მეგობრების ოჯახებში სტუმრად. არც ერთად დადიოდნენ სადმე. ანა სახლში იყო გამაგრებული და შვილებს უვლიდა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი