რომანი და დეტექტივი

იდეალურის სიყალბე

№45

ავტორი: ნია დვალი 20:00 18.11, 2022 წელი

იდეალურის სიყალბე
დაკოპირებულია

ანამ ბავშვებს ზღაპარი წაუკითხა და დააძინა. ყოველი შემთხვევისთვის კედლის პატარა სანათი ჩართული დატოვა და ოთახიდან გამოვიდა. ტყუპებს ორსართულიან საწოლში ეძინათ (მორიგეობით ცვლიდნენ ადგილებს), უმცროს ქალიშვილს კი, რომელიც ჯერ 2 წლის იყო, თავის ლოგინში, ცოტა მოშორებით. შემდეგ თავის საძინებელში შევიდა, ჩვეულებისამებრ, ელავდა იქაურობა, იქიდან – მისაღებ ოთახში. იქაურობაც მიათვალიერა კმაყოფილმა და სამზარეულოში გავიდა. სამზარეულო პირობითად ერქვა, თორემ საკმაოდ ვრცელი ოთახი იყო და მეორე მისაღებს უფრო ჰგავდა. ცოტა მიალაგ–მოალაგა იქაურობა, რომ იტყვიან, ხელი შეავლო და ფანჯარასთან დაჯდა. ძალიან უყვარდა თავისი ოჯახი და ეს ბინა, რომელიც მშობლებმა საქორწინო საჩუქრად გადასცეს. ის სიჩუმეც უყვარდა, იქ რომ ბავშვების დაძინების შემდეგ ჩამოწვებოდა. ამ მდუმარებაში ანა თავის სამფლობელოში მარტო რჩებოდა და მთელი არსებით ელოდებოდა თავის ქმარს, ვინც, ასევე, მთელი არსებით უყვარდა. ანამ ცას ახედა, თითქოს მადლობა უთხრა ამ სიმყუდროვისთვის. ქმრისთვის არ დაურეკავს. საერთოდაც, ზედმეტად არ აწუხებდა ხოლმე, იმიტომ რომ გუგა ბევრს მუშაობდა, რომ თავისი ცოლ–შვილისთვის არაფერი მოეკლო. ანას ოჯახური სიმყუდროვე თითქოს ათრობდა კიდეც. ოჯდა თავის სახლში, როგორც ციხე–სიმაგრეში და დიდად არც სტუმრიანობა უყვარდა, იმიტომ რომ ადამიანები მის სამყაროს აშფოთებდნენ. საკუთარი თავი ზღაპრული პრონცესა ეგონა, ვისაც თავის სასახლეში ყველაფერი ჰქონდა, რაზედაც კი უოცნებია.

არ იფიქროთ, რომ ანას ქმარი ფრთაშესხმულ ანგელოზს ჰგავდა. გუგა სიტყვაძვირი ადამიანი იყო და ვერც თბილსა და მოსიყვარულეს დავარქმევდი. შეიძლება, ითქვას, ანა თავის ქმარს არც იცნობდა ბოლომდე, თუმცა, თუ გულახდილად ვიტყვით, არც აინტერესებდა მისი შინაგანი სამყარო. აკმაყოფილებდა ოდნავ მკაცრი მეუღლე, რომელიც ზრუნავდა ცოლ–შვილზე, ბევრს მუშაობდა, უყვარდა შვილები, ყოველ შემთხვევაში, აშკარად მოსწონდა, რომ საკმაოდ ახალგაზრდამ სამი შვილი გაუჩინა და სახლშიც ყოველთვის ყველაფერი მოწესრიგებული ხვდებოდა.

მოკლედ, ცხოვრობდნენ მშვიდად, ზედმეტი ვნებათაღელვების გარეშე. გუგასთვის ოჯახი წარმატებული კარიერის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ატრიბუტი იყო, ანა კი – ოჯახური ინტერიერის განუყოფელი ნაწილი. უცხო და არა მხოლოდ უცხო თვალისთვის იდეალური წყვილის შთაბეჭდილებას ტოვებდნენ. გასაკვირი მხოლოდ ის იყო, რომ ანა მარტო უვლიდა სამ შვილს, თუმცა გუგას შემოსავალი ნამდვილად ეყოფოდა არათუ ერთი, რამდენიმე ძიძისა ან დამხმარე ქალის დაქირავებას, მაგრამ ანა ამის თხოვნას ვერ ბედავდა ქმრისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან იღლებოდა. იმდენად, რომ სარკეში ჩახედვის დროც არ ჰქონდა, მაგრამ ერთგვარად მასაც მოსწონდა თავისი ეს თავდადება ოჯახისთვის. ანა თავის სამფლობელოში თავს დედოფლად გრძნობდა და მერე რა, რომ ეს მხოლოდ სამზარეულოს დედოფლობა იყო?! დედოფალი ხომ მაინც დედოფალია?!

ანა ტელეფონის ზარმა გამოაღვიძა:

– სახლში არ მიშვებ? – გუგა იყო.

ანა წამოხტა და კარისკენ გაიქცა. გუგა ნასვამი იყო, რაც ანას გაუკვირდა. იმიტომ რომ, მისი ქმარი იშვიათად სვამდა, მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში. ამ დღეებში კი განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა.

– ნასვამი ხარ? – გულწრფელად გაიკვირვა ანამ.

– ნებართვა უნდა მეთხოვა შენთვის? – გუგამ ოდნავ გაღიზიანებულმა უპასუხა.

ანამ მაშინვე უკან დაიხია: არა, გამიკვირდა, შუა სამუშაო კვირაში არასდროს დაგილევია.

გუგას არაფერი უპასუხია, ისე შევიდა სააბაზანოში.

– ახლავე გაგიშლი, ყველაფერი მზად მაქვს, მშიერი იქნები, – გზაში დააწია სიტყვა ცოლმა.

– არ მშია, – უპასუხა ქმარმა და სააბაზანოს კარი გადაკეტა.

ანას გაუკვირდა, მაგრამ გუგას სიხისტე სასმელსა და გადაღლას დააბრალა. თუმცა ძალიან ეძინებოდა და ბავშვები დილით ადრე გააღვიძებდნენ, მაინც გადაწყვიტა, დალოდებოდა ქმრის სააბაზანოდან გამოსვლას, ზურგის მასაჟს გავუკეთებო. ამიტომ ისევ სამზარეულოს დაუბრუნდა და ვერც კი მიხვდა, ისე ჩაეძინა მაგიდაზე თავდაყრდნობილს. დილით მზის სხივებმა გამოაღვიძა, რომლებიც პირდაპირ თვალებზე აჭერდნენ. უცებ ვერც მიხვდა, სად იყო და დაფეთებულმა მოავლო თვალები გარემოს. პირველად თავისი სამზარეულოც კი არ ეცნო, მერე თანდათანობით დაწყნარდა და ყველაფერი გაახსენდა. საათს დახედა: დილის შვიდი საათი იყო.

საძინებელში შევიდა. გუგას გულაღმა ეძინა და საკმაოდ ბედნიერი გამომეტყველება ჰქონდა. ოთახში ალკოჰოლის მწკლატე სუნი იდგა. ანამ სარკმელი გამოაღო და ბავშვებთან შევიდა. მათაც მშვიდად ეძინათ და ისევ თავის საძინებელში დაბრუნდა. გუგას გვერდით მიუწვა და თავი მხარზე დაადო.

***

– შენ მაინც დაელაპარაკე ანას, – ლამის ტირილით შეევედრა ლანა ძმას.

– რა სჭირს ანას? – გაიკვირვა გუჯამ, ანას ბიძამ.

– რაღა რა სჭირს, ჩაჯდა სახლში და სამზარეულოსა და ბავშვების საძინებელს შორის დადის, დილიდან დაღამებამდე შვილებსა და ქმარს დასდევს, სახლს ალაგებს, რეცხავს, საჭმელს ამზადებს, თავს არ უვლის, მამამისი, ალბათ, საფლავში ბრუნავს.

– გეყოფა სიდედრული, გადასარევი ქმარი ჰყავს, შესანიშნავი ბინა აქვთ, სამი ანგელოზივით შვილი, – გააპროტესტა გუჯამ.

– რატომ ისწავლა – სამზარეულოში რომ გამაგრებულიყო? თან, ბინა ჩვენ ვაჩუქეთ, – არ დაეთანხმა და თავის ძმას.

– მერე, ვინ გაძალებდათ? – გუჯამ ჩაიცინა.

– ჩემი ნება რომ ყოფილიყო, არაფერსაც არ ვაჩუქებდი, – ჩაისისინა ლანამ, – მამამისმა დაიჟინა და ვერაფერს გავხდი.

– და ჩემგან რა გინდა? მე რა ვუთხრა?

– სამსახური დააწყებინე შენთან. ყოველთვის ძალიან კარგად სწავლობდა და ყველგან იშოვის სამსახურს, ისეთი გონება აქვს... უბრალოდ, გამოცდილება აკლია და ამის გარეშე სამსახურში ვინ მიიღებს?! გთხოვ, დაელაპარაკე გუგასაც, მანამდე – ანას და დაიყოლიე, რამენაირად იმ სახლიდან უნდა გამოვიყვანო. ვერც ვუყურებ, ისე გაიფუჭა გარეგნობა, სულ აწეწილი აქვს თმა, ხელები მოუვლელი და ბავშვების ნერწყვის სუნი ასდის. დაიწყებს გუგა განგანზე სიარულს, თუ ანამ არ იყოჩაღა, – ლანამ ხმაში ცრემლებიც გაურია.

– განგანზე ყველა დადის, მთავარია, ჩვენი სიძე კარგი მეოჯახეა.

ამის გაგონებაზე ლანამ იფეთქა:

– რას ჰქვია, ყველა დადის, მე ჩემი შვილი ვიღაცის მოსამსახურედ არ გამიზრდია. ცივ ნიავს არ ვაკარებდი და გული მიკვდება, რომ ვუყურებ.

– მას თუ მოსწონს, შენ რატომ ერევი? შენ ისეთი ქმარი გყავდა, როგორიც შენ მოგწონდა, ანას ისეთი ჰყავს, როგორიც მას მოსწონს, ნუ ჩაერევი, ასე ჯობია, – ურჩია ძმამ.

– შენ ჩემი ძმა ხარ თუ დათვის?! გეუბნები, დაელაპარაკე–მეთქი და დააწყებინე შენთან მუშაობა, გუგა შენ უარს ვერ გაგიბედავს. ანას მე დავამუშავებ მანამდე, – არ იშლიდა ლანა.

გუჯა თავის დას კარგად იცნობდა და იცოდა, რომ, ლანა თუ რამეს ამოიჩემებდა, აუცილებლად მიაღწევდა მიზანს და ამიტომ ერთბაშად დანებება არჩია, იმ იმედით, რომ ან გუგა არ დათანხმდებოდა, ან დისშვილი.

– კარგი, ავუვლი ამ დღეებში და დაველაპარაკები გუგას, მანამდე შენ ანას აზრი გაიგე. თუ არ უნდა, ხომ ვერ დავაძალებთ? და ბავშვები ვისთან იქნებიან?

– ძიძას დაუქირავებენ, – დაამშვიდა დამ.

– უცნობ ადამიანთან დატოვებ ბავშვებს? – არ დაეთანხმდა ძმა.

– მე მივალ ხოლმე პირველ ხანებში, რომ ვნახო, როგორ უვლის ბავშვებს. თან, მეოთხე შვილიც უნდა გუგას და მე ვცდილობ, ანას გადავათქმევინო. სამი შვილი სავსებით საკმარისია.

– რომ არ გიცნობდე, ურჩხული მეგონებოდი. ბებია უარს ამბობს შვილიშვილზე?! რა სჯობია შვილებს, გოგო?!

– ჯერ ერთი მაინც გააჩინე და მერე ვილაპარაკოთ. დაელაპარაკე, თორემ არ ვიცი, რას ვიზამ, – ლანამ ტირილი დაიწყო.

– კარგი, კარგი, დაველაპარაკები და ჩემთანაც მოვუძებნი რამე ადგილს ანუშკას, – ნუ ტირი, რა გაქვს სატირალი?! ბავშვობიდან უცნაური იყავი, ცარიელ ადგილას რა ამბავი ატეხე?!

– გკოცნი, ძამიკო. მე დღეს ანას გავუვლი და მის დამუშავებას დავიწყებ. ჩემი რძალუკა მომიკითხე, – ლანამ ტელეფონი გათიშა და თავისი გეგმის დეტალებზე დაიწყო ფიქრი.

ვერ ვიტყვით, რომ ლანას სიძე არ მოსწონდა, უფრო – პირიქით, მაგრამ რაღაც აშფოთებდა, თვითონაც ვერ გარკვეულიყო, რა. შორიდან ზედმეტად იდეალური ჩანდა გუგა და ზედმეტად მორჩილი ეჩვენებოდა თავისი ქალიშვილი.

– ეს საქმე რამენაირად უნდა მოვაგვარო, რა კარგი ვქენით, რომ ბინა ანას ქორწილამდე ვაჩუქეთ, სანამ ხელს მოაწერდნენ.

ლანა თავისმა ამ აზრმა თავადვე დააფრთხო: „ვითომ ასე ცუდადაა საქმე? რატომ მეუბნება გული ცუდს?“.

„კორსიზი“ მოძებნა და ენის ქვეშ დაიდო.

ოქროს წესად ჰქონდა, არც გადაწყვეტილებები მიეღო ცხელ გულზე და, მით უმეტეს, არ ემოქმედა. ლანას ვერ მოენელებინა, რომ ის ადგილი, სადაც გუგა მუშაობდა, ანასი იყო, მაგრამ მისმა შვილმა ქმარს დაუთმო და თავად დიასახლისობა არჩია. ხანდახან კი შემოეპარებოდა ფიქრი, იქნებ არასწორად ვიქცევიო, მაგრამ არც თავისი ასე სახეცვლილი შვილის ნახვა სიამოვნებდა: „მე ჩემსას ვიზამ და დანარჩენი უკვე იმის საქმეა...“ – ლანამ ზემოთ აიხედა და ამოიოხრა...

***

გუგა როცა საუზმობდა, ანა ამ დროს ცდილობდა ხოლმე, ბავშვები ოთახში დაეკავებინა, რომ მამა არ შეეწუხებინათ და მხოლოდ იმის შემდეგ უშვებდა ოთახიდან, გუგა რომ დანაყრდებოდა.

გუგას განსაკუთრებით უმცროსი გოგონა უყვარდა და ყოველთვის ანებივრებდა. ამჯერადაც მუხლებზე დაისვა და ანას გახედა:

– აი, კიდევ ერთი ასეთი გოგო გვინდა. რას იტყვი?!

ანა სამი ბავშვის მოვლას ძლივს აუდიოდა, ამიტომ მეოთხე ბავშვის გაჩენის პერსპექტივა დიდად არ ხიბლავდა, ამიტომ უხერხულად გაიღიმა, მაგრამ არაფერი უთქვამს.

– დღესაც დამაგვიანდება, არ დამელოდო, დაწექი, – თქვა გუგამ, ქალიშვილს აკოცა და ადგა. ანა ქმრისკენ გაიწია, რომ თავადაც ეკოცნა, მაგრამ გუგამ თითქოს ვერ შეამჩნია, – დაუჯერეთ დედიკოს, – დაემშვიდობა შვილებს და ტყუპებს თავზე ხელი გადაუსვა, ანას კი უთხრა, – გაცილება არ მინდა. ბავშვებთან დარჩი.

ანა ფანჯარასთან მივიდა. ქმარს უყურებდა, როგორ ჯდებოდა მანქანაში. მერე მიტრიალდა და ბავშვებს გაუცინა: დედიკო, მაგიდას აალაგებს და ვითამაშოთ. მაგიდა აალაგა, ჭურჭელი დარეცხა, მიალაგ–მოალაგა სამზარეულო, თან, ისე, რომ ცალი თვალი ბავშვებისკენ ჰქონდა. გაუმართლა, მისი შვილები ცელქები არ იყვნენ. თითქოს გრძნობდნენ, რომ დედა ძალიან იღლებოდა და არ აწვალებდნენ.

– საყვარლები, – სიყვარულით შეათვალიერა ანამ თავისი შვილები და მისმა ტელეფონმაც დარეკა.

– აბა, როგორაა ჩემი გოგო?! – გაისმა დედამისის ხმა, – კარი გამიღეთ!

ანას გაუხარდა ლანას მოსვლა და კარისკენ გაიქცა. ბავშვებიც უკან სირბილით მიჰყვნენ დედას. ოთხივე ლანას შემოეხვია.

– ისევ დაუვარცხნელი გაქვს თმა და სახის კანი გამომშრალი ან ეს სპორტული რას ჰგავს?! დალაქავებულია, – მიაყარა ლანამ შვილს.

– დედა, გეყოფა. სახლში ვისთვის უნდა გამოვიპრანჭო?!

– ვისთვის და საკუთარი თავისთვის. ვის დაემსგავსე, ვერ ვხვდები?! ჰო, ვის და ბებიაშენს, ისიც ასეთი საწყალი იყო და შენც ასე გაგზარდა.

– მერე გაგეზარდე შენ, – გაუცინა შვილმა.

– მართალი ხარ, ამიტომ ახლა უნდა გამოვისყიდო დანაშაული. მოიცა. ჯერ ამ ბარტყებს მოვეფერები და შენთან საქმე მაქვს. სერიოზულად უნდა ვილაპარაკოთ.

– ხომ მშვიდობაა? – ხმა დაეძაბა ანას.

– კი, კი, მშვიდობაა და უფრო უკეთესი მშვიდობა იქნება, თუ დამიჯერებ, – უთხრა ლანამ შვილს და შვილიშვილებისთვის საჩუქრების ამოლაგებას შეუდგა.

– გშია? – ჰკითხა ანამ დედამისს.

– არა, ყავა დავლიოთ, კარგი ნამცხვარი მოვიტანე, – შვილმა თავი დაუქნია და ყავის მოდუღებას შეუდგა.

– მარტო არ გიჭირს ბავშვების მოვლა? დამხმარეს რატომ არ სთხოვ შენს ქმარს? – გააგრძელა ლანამ მონოლოგი, – ცოტას ამოისუნთქავდი, თავს მიხედავდი და, ბოლოს და ბოლოს, მიიყვანე ბავშვები ბაღში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი