რომანი და დეტექტივი

იდეალური შვილი

№10

ავტორი: ნია დვალი 20:00

იდეალური შვილი
დაკოპირებულია

– ეს რატომ გამიკეთე. ეს ხომ უსამართლობაა?!

ნათიას ხმა ჩაუწყდა და ბოლო წინადადება თითქმის ამოიხავლა. ის ოთახის შუაგულში იდგა გახევებული, ხელში კონვერტი ეჭირა და დედას ისე უყურებდა, თითქოს პირველად ხედავდა. დედამისი, მარიამი, კი ფანჯრისკენ მიბრუნებულ სავარძელში იჯდა: ნაზი, გამხდარი ქალი იყო, ზედმიწევნით საგულდაგულოდ გადავარცხნილი ჭაღარა თმით. ხელები მოვლილი ჰქონდა და ფრჩხილებზე მუქი წითელი ლაქი ესვა. ორივე ხელი მუხლებზე ეწყო და აღელვების ნატამალი არ ეტყობოდა. მშვიდად ათვალიერებდა ფანჯრიდან წვიმას.

– დაჯექი, ნათია! – ხმადაბლა უთხრა ქალიშვილს, – სერიოზულად უნდა ვილაპარაკოთ.

– სერიოზულად უნდა ვილაპარაკოთ?! რაზე უნდა ვილაპარაკოთ? – ნათიას სიმწრისგან გაეცინა.

მარიამს თითქოს არც კი შეუმჩნევია ქალშვილის გამწარება.

– 15 წლის განმავლობაში ყოველ კვირადღეს შენთან მოვდიოდი, ვალაგებდი სახლს, გიმზადებდი მთელი კვირის სამყოფ კერძებს, შუა კვირაში დამყავდი ექიმებთან, კლინიკებში. ვყიდულობდი წამლებს და ვაკონტროლებდი, რომ ექიმის დანიშნულება სწორად შეგესრულებინა.

– შენ ყოველთვის გიყვარდა ფული, – დედამ შვილს გაუღიმა, როგორც პატარა, ძუნწ ბავშვებს უღიმიან ხოლმე, როდესაც ეცოდებათ.

ნათია გაფითრდა:

– მე, უბრალოდ, გახსენებ, იმიტომ რომ აშკარაა, შენ დაგავიწყდა ყველაფერი.

ნათიამ კონვერტი მაგიდაზე მიაგდო. დედამისს თვალიც არ დაუხამხამებია, ისე წარმოთქვა მტკიცედ:

– თამუნას უფრო უჭირს, შენგან განსხვავებით, მას არაფერი აქვს, ამიტომ ჰქონდეს ჩვენგან უძრავი ქონება.

ნათია ნელა დაეშვა სკამზე, თითქოს ჩაიფუშაო. დოკუმენტი შემთხვევით იპოვა უჯრაში, საიდანაც დედამისმა რაღაცის ამოღება დაავალა. ნათიას აზრადაც არ მოსვლია, რეესტრში გადაემოწმებინა, თუ ვინ იყო მათი ქონების მფლობელი, ამიტომ დედამისის გადაწყვეტილებამ ნათიას სამყარო ამოაყირავა. მშობლების ბინა და, როგორც ჩანს, აგარაკიც თამუნას რჩებოდა, იმიტომ რომ უკვე მის სახელზე იყო გაფორმებული.

– და ეს არის ჩემი თხუთმეტწლიანი ზრუნვის საფასური?! – გაიფიქრა ნათიამ.

გულდასაწყვეტი ის იყო, რომ ნათიამ თავისი და ბოლოს მათი მამის დასაფლავებაზე ნახა, ისევე, როგორც დედამისმა. არც მანამდე და არც შემდეგ თამუნა არ გამოჩენილა. დისთვის არც არასდროს დაურეკავს, დედას კი მხოლოდ მაშინ უკავშირდებოდა, როდესაც რამე სჭირდებოდა.

– არაფერი აქვს?! საიდან მოიტანე, დედა?! ყოფილმა ქმარმა განქორწინების შემდეგ სამოთახიანი ბინა დაუტოვა. მას ჰყავს ზრდასრული ქალიშვილი, რომელსაც აქვს კარგი სამსახური. მე კი ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობ მარტო, რასაც ვზოგავდი, შენ გახარჯავდი.

– ვიცი, იმიტომ რომ შენ კარგი შვილი ხარ და ძლიერი ადამიანი. შენ ყველაფერს გაუმკლავდები. თამუნა კი ყოველთვის სუსტი იყო, დღენაკლული დაიბადა. ბევრს ავადმყოფობდა, – მარიამმა ქალიშვილს თვალებში შეხედა და ეტყობოდა, რომ სჯეროდა, რასაც ამბობდა.

– მე ძლიერი ვიყავი, როდესაც 20 წლის ვიყავი, როდესაც 30 წლის ვიყავი. ახლა 30-ს გადავაბიჯე. იქნებ, საკმარისია და აღარ უნდა ვიყო ძლიერი?

– ასაკს მნიშვნელობა არ აქვს. ეს ხასიათია. შენ მამაშენს ჰგავხარ. არავინ გჭირდება. თავად აგვარებ ყველაფერს. ყოჩაღი ხარ.

– მე ყოჩაღი ვარ, თამუნა ყაჩაღია... – ჩაილაპარაკა ნათიამ.

– როგორ არ გრცხვენია, როდესაც დაზე ამას ამბობ? ვცდილობ, არ გაგიბრაზდე, მაგრამ შენ ცდილობ, რომ გული მატკინო, – მარიამს ლამის თვალები აუცრემლიანდა.

– კიდევ მე უნდა მრცხვენოდეს? – ვერ შეიკავა თავი ნათიამ.

– დიახ, უნდა გრცხვენოდეს. შენ ყველაფერი გაქვს: კარგად სწავლობდი. ყველა შენ გაქებდა, კაჟივით ჯანმრთელი ხარ. ავად არ ხდებოდი, ბავშვობაშიც კი, – თითქოს საყვედურით უთხრა დედამ.

– და ეს დანაშაულია?!

– შენი ბრალი არ არის. ღმერთმა ისურვა ასე, რომ შენ უფრო ამტანი და ძლიერი ყოფილიყავი. უფრო ჭკვიანიც. გონიერიც. პასუხისმგებლიანიც, ამიტომ მეტი მოგეთხოვება.

– დედა, მე შენთვის ყოველთვის მოსამსახურე ვიყავი? – ჰკითხა ნათიამ.

– აი, ისევ ცდილობ, გული მატკინო, თუმცა, იცი, რომ სუსტი გული მაქვს, – მარიამს ცრემლები მოადგა თვალებზე.

– იცი, შენი სახით მსოფლიო ხელოვნებამ დიდი მსახიობი დაკარგა. მიმიქარავს ანა მანიანი. ნებისმიერ დიდ სცენას დაამშვენებდი.

მარიამი ცოტა ხანს შეყოვნდა, იმიტომ რომ არ იცოდა, რა ეპასუხა შვილისთვის – ესიამოვნა ეს შედარება. მით უმეტეს, რომ ბავშვობიდან ოცნებობდა მსახიობობაზე, მაგრამ მამამისი იყო წინააღმდეგი. ამიტომ ბევრჯერ უოცნებია და წარმოუდენია, თუ როგორ იდგა დიდ სცენაზე, დარბაზიდან კი ოვაციები ისმოდა, თაყვანისმცემლები ყვავილების თაიგულებს ჩუქნიდნენ, ის კი სცენიდან პუბლიკას თავს უკრავდა. ეს რომ გაახსენდა, ხმა უნებლიეთ აუკანკალდა:

– მე, მე...

ნათია დაიძაბა, იფიქრა, ცუდად ხდებაო:

– ხომ კარგად ხარ, დედა? – და მარიამმაც მაშინვე სძლია მოგონებებს.

– რომ გაინტერესებდეს, როგორ ვარ, ასეთ სასტიკ სიტყვებს არ მეტყოდი. არაფერი მინდა. – ხისტად უთხრა შვილს.

ნათიას ისევ მწარედ ჩაეცინა, უფრო მეტად საკუთარ გულუბრყვილობაზე, რომელიც სისულელეში გადასდიოდა.

„ჩემი ბრალია ყველაფერი. მე ავიკიდე ყველას პასუხისმგებლობა და ახლა მიკვირს, რატომ იწმენდენ ჩემზე ფეხებს“, – გაიფიქრა და დედამისს ნაწყენი თვალებით შეხედა.

– მე და მამაშენმა ასე გადავწყვიტეთ. ისიც დამეთანხმა.

– არ მჯერა, რომ მამა დაგეთანხმა.

– შენ ყოველთვის დაუნდობელი იყავი, ბავშვობიდან. ახარბებდი შენს დას შენს ჯანმრთელობას, შენს წარმატებებს. მას კი არაფერი ჰქონდა და განიცდიდა.

– როდის ვახარბებდი, დედა?! – ნათია ყურებს არ უჯერებდა.

– ბავშვობიდან ასეთი იყავი, მთელ ყურადღებას შენ ითხოვდი, მამაშენი ყოველთვის ამაყობდა შენით, თამუნას კი, თითქოს, ვერც ამჩნევდა, რითიც ჩემს გოგოს გულს სტკენდით ორივე.

– და მე რა შუაში ვარ, დედა, თუ მამა ასე იქცეოდა? მისთვის გეთქვა. თუ შენ გერჩივნა, მეც თამუნასავით მაჩანჩალა ვყოფილიყავი?! – თავი ვერ შეიკავა ნათიამ.

– აი. ხომ ხედავ, როგორი დაუნდობელი ხარ?! – დანანებით წარმოთქვა მარიამმა – სიმართლეს გეუბნები, შენ კი უარობ. არც კი გინდა, რომ გამოსწორდე.

ნათიას არაფერი უპასუხია, ადგა და უხმოდ გაიკეტა კარი.

***

– შენ ყველაფერი იცი, იცი, როგორ უნდა მოიქცე, რა არის სწორი, – ნანა ჰორიზონტს უყურებდა. მასზე არ მოქმედებდა მეგობრის ცრემლები, იმიტომ რომ ელოდებოდა ასეთ ფინალს და ყოველთვის აფრთხილებდა ნათიას.

– კი, ვიცი, მართალი ხარ, მაგრამ არ მჯეროდა, რომ ეს მოხდებოდა, – ამოისლუკუნა ნათიამ.

– რის არ გჯეროდა? რომ შენი ოჯახის წევრები, უბრალოდ, მომსახურე პერსონალად განგიხილავდნენ? განსაკუთრებით კი, დედაშენი?! – არ დაინდო ნანამ მეგობარი.

– დედას თუკი ეხმარები, რატომ ხარ მომსახურე პესონალი? – არ დაეთანხმა ნათია.

– როდესაც ეხმარები, არ ხარ მომსახურე პერსონალი, მაგრამ, როდესაც გავალდებულებენ და შენ იკლებ და სხვას აძლევ, უბრალოდ, სულელი ხარ, – ნანა განზრახ ეუბნებოდა ნათიას გულსატკენ სიტყვებს. რომ როგორმე გამოეფხიზლებინა.

– სულელი ვარ, კი...

– იმიტომ არ გეუბნები, რომ ახლა თვითგვემას მიეცე. იმიტომ გეუბნები, რომ გაიაზრო, ბოლოს და ბოლოს, რატომ დაემონე დედაშენსა და შენს დას და ამას სიყვარული დაარქვი.

– აბა, ამას რა ჰქვია? – გაუკვირდა ნათიას.

– ყველაფერი, სიყვარულის გარდა. ეს ეგოზიმია.

– ეს როგორ?! მე ვარ ეგოისტი?! – კიდევ უფრო გაუკვირდა ნათიას.

– როგორ და ჭრელად, – გაღიზიანდა ნანა, – დიახ, ეგოისტი ხარ, არავინ გიყვარს დედამიწაზე, აი, საერთოდ არავინ.

– კარგი, ახლა – ცრემლები მოიწმინდა ნათიამ.

– დიახ, არავინ გიყვარს, იმიტომ რომ ადამიანს, რომელსაც საკუთარი თავი არ უყვარს. მას არავინ უყვარს. არ იცი, რა არის სიყვარული და სხვას როგორ შეიყვარებ?!

– რატომ არ მიყვარს საკუთარი თავი და მაშინ ეგოისტი როგორ ვარ?

– და რაში ჩანს, რომ გიყვარს?! ქმარი შენ არ გყავს, შვილი შენ არ გყავს, საყვარელი შენ არ გყავს, თავს არ ინებივრებ, თავს არ იზოგავ. გავაგრძელო? და კვებავ შენს ეგოს, აი, რა კარგი და თავგანწირული ხარ. ეს სიყვარული არ არის, ეს საკუთარი თავის სიძულვილია.

ნათიას ისევ მოერია ცრემლები, იმდენად შეეცოდა თავისი თავი.

– აი, ახლაც თავს იცოდებ. გაქვს არაჩვეულებრივი თანამდებობა, კარგი შემოსავალი, ხარ უგონიერესი და გარეგნულად არ შეესაბამები შენს სოციალურ სტატუსს.

– რატომ არ შევესაბამები? – ნათიამ უხერხულად გადაისვა თავზე ხელი.

– რატომ და იმიტომ, რომ უნდა დადიოდე სპა–სალონებში, საუკეთესო სტილისტებთან, შაბათ-კვირას ქალაქგარეთ გადიოდე, შენ კი რას აკეთებ? დედაშენის მონა ხარ.

ნათია წელში გაიმართა:

– უბრალოდ ვცდილობ, ვაჩვენო, რომ მარტო არ არის.

– და ხომ ხედავ, რომ მარტო არ არის? მარტო რომ გრძნობდეს თავს, შენს დას არ დაუტოვებდა ბინას.

– მან ხომ არ იცის, რომ მე მაქვს ბინაც და მანქანაც?!

– ის ცალკე უბედურებაა, რომ ამის დამალვა გიწევს.

– მაგრამ ეს ხომ მისი ჩემდამი დამოკიდებულების ფაქტს არ ცვლის?! – შეეწინააღმდეგა ნათია.

– ცხადია, არ ცვლის, მაგრამ რამდენიც უნდა გაიშვირო თითი მათკენ, შენ მიეცი მათ ამის უფლება. რატომ მიეცი ამის უფლება, არ გინდა, გამოუტყდე შენს თავს? – ნანამ მეგობარს თვალებში ჯიქურ შეხედა.

– რა მიზეზი უნდა მქონოდა? – ოდნავ დარცხვენით უთხრა ნათიამ.

– არ ვიცი, დაფიქრდი, ცოტა ხანს მარტო დაგტოვებ და იფიქრე, – ნანა ოთახიდან გავიდა. ნათიამ ამოიოხრა. თვალწინ კადრებივით გაურბინა თავისმა ბავშვობამ. დედა მართალი იყო, მამა ყოველთვის ანებივრებდა და გამორჩეულად უყვარდა ნათია. თამუნას თითქოს ვერ ამჩნევდა. სამაგიეროდ, დედამისი თითქოს ნათიას ვერ ამჩნევდა. შვილები ერთგვარად გადანაწილებული ჰყავდათ, ყოველ შემთხვევაში, ასეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, ამიტომაც ნათია ყოველთვის ცდილობდა, რომ დედამისის გული მოეგო, იმიტომ რომ მამამისს ნათია, უბრალოდ, უყვარდა მხოლოდ იმ ფაქტის გამო, რომ ნათია არსებობდა. ნათია ცდილობდა, ყველაფერში საუკეთესო ყოფილიყო, რომ დედას მისთვის ისეთივე ყურადღება მიექცია, როგორსაც თამუნასადმი იჩენდა. მაგრამ, რაც მეტს ცდილობდა, მით უფრო ვერ ამჩნევდა დედა მას. ნათია არ ნებდებოდა და, მართლაც, მან თავად მოირგო მოსამსახურის როლი, რომ დედამისს მისი თავგანწირვა დაენახა და სინდისის ქენჯნა ეგრძნო. უცებ ძალიან შერცხვა, როდესაც დედამისთან საუბარი გაიხსენა, ნათიამ აღმოაჩინა, რომ დედამისს, უბრალოდ, უთვლიდა, რასაც უკეთებდა, იმ იმედით, რომ დედა დააფასებდა მის მიერ გაღებულ მსხვერპლს და თამუნაზე უპირატესად აღიარებდა. ნათიას უნებურად გაეღიმა.

– გატყობ, პასუხს მიაგენი, – ჩაესმა ნანას ხმა.

– მგონი, კი, – უპასუხა ნათიამ: ანგარებით ვაკეთებდი, რასაც ვაკეთებდი, უბრალოდ, მინდოდა, რომ ამით მეყიდა დედაჩემის ყურადღება და სიყვარული. უბრალოდ, უნდა მივიღო, რომ დედაჩემია და ისიც საკმარისია, რომ გამაჩინა და გამზარდა.

– თვალსა და ხელს შუა ბრძენდები, – გაუღიმა ნანამ.

– არ ვარ გულწრფელი და ზუსტად ასევე მექცევიან ჩემი ოჯახის წევრები.

– შენც ადექი და იყავი გულწრფელი.

***

მომდევნო კვირას ნათია დედასთან აღარ მივიდა. თუმცა მარიამი გამუდმებით ურეკავდა. რადგან ქალიშვილს ვერ დაუკავშირდა, ახლა უკვე მეზობელმა, დეიდა ზოიამ, დაურეკა:

– რატომ არ იღებ ყურმილს, შვილო?

– ბევრი საქმე მქონდა, ზოია დეიდა, თამუნას დაურეკეთ. უბრალოდ სამსახურიდან ცხვირს ვერ ვყოფ. ახლაც შემთხვევით ავიღე ტელეფონი.

საღამოს უკვე დამ დაურეკა:

– როგორ იქცევი? – უცერემონიოდ დაესხა თავს თამუნა, – დედა რატომ მიატოვე?

ნათიას ენაზე მოადგა: როგორც შენ, ზუსტად ისეო, მაგრამ თავი მოთოკა და მშვიდად უპასუხა:

– მე საქმეები მაქვს, ახლა შენი ჯერია. თან, მემკვიდრე შენ ხარ. დედამ შენ გაჩუქა ბინა, როგორც საყვარელ შვილს, სამართლიანია, რომ ახლა მაინც იზრუნო მასზე.

ნათია არც დალოდებია დის პასუხს, ტელეფონი გათიშა. თუმცა გული ეთანაღრებოდა და უნდოდა, გაეგო დედამისის ამბავი, მაგრამ თავს აიძულებდა, ეს არ გაეკეთებინა. დროის მოკვლის მიზნით ბავშვობისდროინდელი ფოტოების დათვალიერება დაიწყო და საბუთებსაც წააწყდა. დაბადების მოწმობასთან ერთად იპოვა ამონაწერი. რის თანახმადაც, არმაზში მათი აგარაკის მემკვიდრე ნათია იყო. ნათია თვალებს არ უჯერებდა, შემდეგ ლეპტოპო გახსნა და საჯარო რეესტრის გვერდზე შევიდა: მართლაც, ნათია იყო იმ აგარაკის მესაკუთრე. თვალებზე ცრემლი მოადგა, მიხვდა, რომ მამამისმა ეს ჩუმად გააკეთა, ისე, რომ არავინ იცოდა.

„შეიძლება, დედამ იცოდა“, – გაჰკრა თავში ამ აზრმა, მაგრამ ამას უკვე მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. ნათია მიხვდა, რომ არავისთვის თავის მოწონება არ უნდოდა, ხოლო დედამისი, საერთო ჯამში, ჯანმრთელი ადამიანი იყო და არ აპირებდა, თავისთვის დაეძალებინა იდეალური შვილის როლის თამაში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი