რომანი და დეტექტივი

ჰაკერი

№7

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 24.02

ჰაკერი
დაკოპირებულია

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #6 (1206)

ოთახში მალევე შემოვიდა, წარმომიდგა და მითხრა:

– ქალბატონო ნატო, თქვენმა ქმედებამ საკმაოდ სერიოზულ კვალზე დაგვაყენა და მთელი ჩვენი უწყების სახელითა და პირადად უწყების დირექტორის სახელით მადლობას გიხდით!

– რა კვალზეა საუბარი, მისტერ ნოსტ?

– გიზო, მსხვილი ტერორისტული ქსელისთვის დაფინანსების მოპოვებით იყო დაკავებული და ამ საქმეში თქვენ გიყენებდათ. მან ეს დაკითხვაზე აღიარა და ამ მიმართულებით ინტენსიურად ვმუშაობთ. თუმცა ამ საქმეში თქვენი დახმარება გვჭირდება.

– რასაც შევძლებ, უარს არ გეტყვით, – მივუგე ნოსტს და დავაყოლე, – მაინც, რა დახმარებაზეა ლაპარაკი?

– ჩვენ გვაქვს უკვე გაშიფრული ბანკების ანგარიშები, საიდანაც ტერორისტები ფულს იღებდნენ და ეს თქვენი წყალობითაა. თუმცა, არის ისეთი ანგარიშები და ბანკები, სადაც ხელი არ მიგვიწყდება.

– თქვენც კი არ მიგიწვდებათ?

– წარმოიდგინეთ, რომ ჩვენც და სწორედ აქ გვინდა თქვენი დახმარება.

– ბრძანეთ.

– ჩვენ გვაქვს საეჭვო ბანკების სია და გვინდა, რომ ამ ბანკების ანგარიშები გაშიფროთ და იქიდან ყველა ინფორმაცია ამოქაჩოთ. ჩვენი აზრით, ამას შეძლებთ. თქვენ მსოფლიოში ყველაზე დაცული სისტემა გატეხეთ და არც ჩვენი თხოვნის შესრულება გაგიჭირდებათ. შეძლებთ ამას?

– შეიძლება, ერთი კითხვა?

– დიახ.

– მისტერ ნოსტ, ნუთუ თქვენს ძლევამოსილ სამსახურს ჩემზე ძლიერი სპეციალისტები არ ჰყავს? თუნდაც ჩემი დონის.

– ჩვენ, რა თქმა უნდა, გვყავს ძლიერი სპეციალისტები, მაგრამ მათ შორის თქვენ უძლიერესი ხართ და ამიტომ გთხოვთ დახმარებას. დაგვეხმარებით?

– ეს, ალბათ, არალეგალურ დონეზე უნდა გაკეთდეს.

– დიახ, – დამიდასტურა ნოსტიმ და დასძინა, – მაგრამ ჩვენ ყოველმხრივ დაგიცავთ. თქვენი სახელი არსად გაჟღერდება და ყოველმხრივ შეგიწყობთ ხელს. სურვილის შემთხვევაში, შეერთებული შტატების მოქალაქეობასაც მიიღებთ, ყველა უფლებებით. თანახმა ხართ?

– დიახ.

ნოსტს გაუხარდა ჩემი პასუხი და იმავე საღამოს ფეშენებელურ ვილაში დამასახლეს. ოლივერ ნოსტი საკმაოდ კომუნიკაბელური ადამიანი აღმოჩნდა, ჩემ მიმართაც კეთილად განეწყო. ლისის ტბის სახლისგან განსხვავებით, ის ვილა ნათელი იყო. არც გადაადგილება მქონდა შეზღუდული და არც სოციალურ ქსელებთან წვდომა. თუმცა ნოსტმა მთხოვა, რომ ამ ქსელებით სარგებლობისგან დროებით თავი შემეკავებინა დროებით და ჩემი ამბავიც არავისთვის შემეტყობინებინა. ეს ჩემს ინტერესებშიც შედიოდა და თანხმობა განვაცხადე. ორი დღე კარგად დავისვენე. შემდეგ კი მუშაობას შევუდექი. მათი მოწოდებული სიის მიხედვით ბანკების უსაფრთხოების სისტემაში ვაღწევდი, იქიდან ყველა ინფორმაციას ვქაჩავდი და ნოსტს ვაძლევდი. ის კი ანალიტიკოსების ჯგუფს აწვდიდა და ცენტრალური დაზვერვა კარგად განტოტვილ და ორგანიზებულ ტერორისტულ ქსელს, რომ იტყვიან, აჯდებოდა. ორთვიანი მუშაობის შემდეგ ერთი ძალიან საინტერესო დეტალი გავშიფრე. აღმოვაჩინე, რომ ერთ-ერთი ძალიან რთულად აღმოსაჩენი ბანკის ანგარიშზე სტაბილურად, ყოველ სამ დღეში ერთხელ ირიცხებოდა 100-100 ათასი დოლარი. უფრო ნიშანდობლივი კი ის იყო, რომ ეს თანხები, ჯერ ერთი, რომ იმავე სქემით ჯდებოდა ანგარიშებზე, როგორც ამას გიზო მაიძულებდა და რაც მთავარია, შეერთებული შტატებისა და რუსეთის მიერ კონტროლირებადი ლოკაციების ტრანზიტით მიედინებოდა. აშკარა იყო, რომ ეს ფული ტერორისტებს მისდიოდათ. უფრო მნიშვნელოვანი კი ის იყო, რომ ამ ორ, თითქოსდა ურთიერთსაწინააღმდეგო მხარეებს შორის შეთანხმებული კავშირი იყო. ჩემი ვარაუდი გადავამოწმე. დავრწმუნდი, რომ არ ვცდებოდი და როდესაც ყველაფერი სქემატურად დავალაგე, ნოსტს ვუჩვენე. ის ძალიან გამოცდილი კაცი იყო. გულდასმით გაეცნო ჩემ მიერ მიწოდებულ სქემას და გაოცებულმა მითხრა:

– რას ფიქრობთ ამის თაობაზე, ქალბატონო ნატო?

– თქვენ? – კითხვა შევუბრუნე ნოსტს.

ნოსტმა მხრები აიჩეჩა და მითხრა:

– თუ რაიმე შეცდომას არ აქვს ადგილი, მაშინ გამოდის, რომ ტერორისტებს თანაბრად აფინანსებს როგორც რუსეთი, ასევე შეერთებული შტატები?

– აქ არანაირი შეცდომა არაა, შემიძლია, თავი დავდო. სწორედ ეგრეა ყველაფერი.

ნოსტს სახე წამოეჭარხლა და მითხრა:

– ამ სქემას დღესვე გავაცნობ „ლენგლის“ ხელმძღვანელობას.

ნოსტი წავიდა და მას მერე აღარ გამოჩენილა. მეორე დღეს კი ახალი კურატორი მეწვია და წარმომიდგა:

– მე თომას მენინგი ვარ და თქვენს ახალ კურატორად დამნიშნეს.

– მისტერ ნოსტი?

– ნოსტს საგანგებო დავალება მიეცა და მას მე ვცვლი. თქვენ კი ყველაფრის საქმის კურსში უნდა შემიყვანოთ, რომ ნაყოფიერი თანაშრომლობა შევძლოთ.

მენინგის საქმის კურსში შეყვანას სამი დღე დასჭირდა. ყველაფერი რომ გავაცანი, ერთი საათიც არ იყო გასული, რომ მენინგმა მითხრა:

– ქალბატონო ნატო, სხვაგან უნდა გადავიდეთ, ლოკაციის ადგილს ვიცვლით. გაემზადეთ!

ეს სიახლე არ მომეწონა და ვკითხე:

– რატომ, რაშია საქმე?

– უსაფრთხოების თვალსაზრისით. ასე გადაწყვიტა ხელმძღვანელობამ.

ერთი საათის შემდეგ დახურული მანქანით გამამგზავრეს და დაახლოებით, სამი საათის შემდეგ უკვე სიბნელე იყო ჩამომდგარი, რომ რომელიღაც სახლში მიმიყვანეს. უფანჯრებო ოთახში განმათავსეს და მენინგმა მითხრა:

– ქალბატონო ნატო, დროებით აქ იცხოვრებთ. როგორც უკვე მოგახსენეთ, ეს თქვენი უსაფრთხოებისთვისაა აუცილებელი და არ ინერვიულოთ.

სამი დღე ისე გავიდა, რომ არანაირი სამუშაო არ შემისრულებია. ოთახში არც კომპიუტერი მქონდა და არც ტელევიზორი. ოთახიდანაც კი არ მიშვებდნენ და მხოლოდ საჭმელი მოჰქონდათ. ერთი სიტყვით, ისეთ რეჟიმში აღმოვჩნდი, როგორც თბილისში, გიზოს ხელში. ფიქრის მეტი რა დამრჩენოდა. ამ ხნის განმავლობაში მომხდარ მოვლენებს ვაანალიზებდი და იმ დასკვნამდე მივედი, რომ ისეთ რამეს მივაგენი და გავშიფრე, რაც არ უნდა მცოდნოდა. ანუ, არასასურველი მოწმე ვიყავი და ასეთ ხალხს კი თავიდან იშორებენ. ერთი სიტყვით, სიკვდილის მოლოდინში ვიყავი და ჩემს დასკვნას ისიც ამყარებდა, რომ არანაირი საკომუნიკაციო საშუალება არ მქონდა. ვინც ასეთ რეჟიმში ჩამსვა, იცოდნენ, თუ როგორ დავუსხლტი ხელიდან გიზოს და მსგავსი რამის გამეორების შანსი მომისპეს. კიდევ ორი დღე რომ გავიდა, მენინგმა მითხრა:

– ქალბატონო ნატო, სასწრაფოდ უნდა გადავიდეთ სხვა ლოკაციაზე. მოემზადეთ!

კვლავ დახურული მანქანით გავემგზავრეთ და მხოლოდ მენინგი მახლდა. დაახლოებით ოცი წუთის შემდეგ ჩვენი მანქანა რაღაცას ძლიერად დაეჯახა და გაჩერდა. უცებ ფურგონი გაიღო და მენინგი ჩაცხრილეს. მე კი ორმა ნიღბიანმა სხვა დახურულ მანქანაში გადამსვა. მანამდე კი თვალი მოვკარი ჩაცხრილულ მძღოლსა და მის გვერდით მჯდომ კაცს.

სანამ ვმგზავრობდით, ფურგონში მსხდომი ოთხი მამაკაცი სრულ სიჩუმეს ინარჩუნებდა. ბოლოს ერთ სახლში მივედით. ძალიან ბნელოდა და ვერაფერს ვარჩევდი. თანაც, არც ამის დრო მქონდა. ერთ უზარმაზარ სარდაფში ჩამათრიეს და მხოლოდ მაშინ ამოიდგეს ენა ჩემმა გამტაცებლებმა. ისინი რუსულად ლაპარაკობდნენ და ერთ-ერთმა მათგანმა მითხრა:

– საქართველოდან ხარ და რუსული გეცოდინება.

– დიახ, – ვუპასუხე მე.

– ჰოდა, ყურადღებით მომისმინე, თუ გინდა, იცოცხლო, ყველაფერზე სწორი პასუხები გაგვეცი.

– გისმენთ.

– ნოსტს რომ სქემა მიეცი, სიტყვიერად რა უთხარი?

– არაფერი.

– თვითონ რა გითხრა?

– მხოლოდ ის, რომ ამ ყველაფერს ხელმძღვანელობას წარუდგენდა.

– მეტი არაფერი?

– არა.

– სად არის ახლა ნოსტი?

– წარმოდგენა არ მაქვს.

– იტყუები.

– არ ვიტყუები. საიდან უნდა ვიცოდე? რომ წავიდა, მას მერე არ გამოჩენილა.

– სად მიდიოდით?

– მენინგმა მითხრა, ლოკაციას ვიცვლით უსაფრთხოების მიზნითო.

მათ ერთმანეთს მრავალმნიშვნელოვნად გადახედეს და მითხრეს:

– ის თუ იცით, ვინ ვართ?

– ალბათ, რუსები.

– ალბათ კი არა, რუსები ვართ!

– ჩემგან რა გნებავთ. რა დაგიშავეთ?

– ისეთ საქმეში ჩაყავი ცხვირი, რაშიც არ უნდა ჩაგეყო. შენს თავს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანე. თუმცა, გადარჩენის შანსი მაინც გაქვს და თუ ყველაფერს გაიხსენებ, რაც ნოსტთანაა დაკავშირებული, მაშინ ცოცხალს გაგიშვებთ.

– გამახსენდა, – ვთქვი მე და რუსებმა თვალები დაჭყიტეს მე კი გავაგრძელე, – მენინგს რომ ვკითხე, ოსტი სადაა-მეთქი, მან მიპასუხა, ხელმძღვანელობამ საგანგებო დავალებაზე გაუშვაო.

ჩემმა პასუხმა რუსებში იმედგაცრუება გამოიწვია და მითხრეს:

– სულ ესაა?

– დიახ, სულ ესაა. მეტი არაფერი ვიცი და მხოლოდ იმას ვასრულებდი, რასაც მავალებდნენ.

რუსებმა კვლავ მრავალმნიშვნელოვნად გადახედეს ერთმანეთს და მითხრეს:

– ხვალ დილამდე გაქვს დრო. თუ გაიხსენებ ყველაფერს და გულწრფელად მოგვიყვები, მაშინ ხვალვე ცოცხალს გაგიშვებთ. არადა, იცი, რაც გელოდება. ამიტომ გონიერება მოიკრიბე და ყველაფერი გაიხსენე. ახლა კი შეგიძლია, დაიძინო.

რუსებმა სარდაფში ჩამკეტეს და წავიდნენ. რა დამაძინებდა. მთელი ღამე ფიქრსა და ანალიზში გავატარე და დავასკვენი, რომ რუსებს დაჟინებით აინტერესებდათ, ფლობდა თუ არა ნოსტი ჩემგან ისეთ ინფორმაციას, რაც ჩემ მიერ მიწოდებულ სქემაში არ იყო აღნიშნული. ანუ, ისინი ფიქრობდნენ, რომ რაღაც ინფორმაციას ვუმალავდი. მაგრამ ეს ასე არ იყო. უკვე სიცოცხლეზე ხელი მქონდა ჩაქნეული და სიკვდილს ველოდებოდი. არც შემდგომ დღეს და არც მომდევნო ორი დღის განმავლობაში არავის მოვუკითხივარ. სამი დღე-ღამე მშიერ-მწყურვალი ვიყავი და ისე დავსუსტდი, რომ განძრევა აღარ შემეძლო. უკვე ყველაფრის სათვალავი მქონდა არეული. ჰალუცინაციები მეწყებოდა. ამ დროს ფეხის ხმა მომესმა და გავიფიქრე – ჩემს მოსაკლავად მოვიდნენ-მეთქი. კარგი გაიღო და ზღურბლზე მისტერ კრამპი გამოჩნდა. მან ერთი ნაბიჯი გადმოდგა, გამიღიმა და მითხრა:

– დილა მშვიდობისა, ქალბატონო ნატო.

– თქვენ ხართ, მისტერ კრამპ?

– მიცანით? ძალიან კარგი. ესე იგი, დროზე მოგისწარით და ძალიან მიხარია.

– რუსები სად არიან?

კრამპმა ხელი ჩაიქნია და მითხრა:

– დაივიწყეთ ყველაფერი და ახალი ცხოვრებისთვის მოემზადეთ.

– უკვე მერამდენედ ვიწყებ ახალ ცხოვრებას მოკლე დროში.

კრამპს უნიფორმებში გამოწყობილი ორი ახალგაზრდა ქალი ახლდა. ისინი აქეთ-იქიდან ამომიდგნენ და სარდაფიდან გამიყვანეს. ეზოში ახალთახალი „ჯიპი“ იდგა და უკანა სავარძელზე მომათავსეს. კრამპი მარჯვნივ მომიჯდა და მძღოლს ანიშნა, დაიძარიო.

მთელი გზა ხმა არავის ამოუღია. მე კი ისეთი გრძნობა დამეუფლა, რომ ჩემი ტანჯვა დასრულდა. სიკვდილის შიში მომეხსნა და დავმშვიდდი. ერთ პატარა აეროდრომზე მივედით და კოხტა თვითმფრინავით ვაშინგტონში ჩავფრინდით. კრამპმა ერთ ბინაში მიმიყვანა, რომელიც მეოცე სართულზე მდებარეობდა და მითხრა:

– ქალბატონო ნატო, თქვენი წამება დასრულდა. ორი დღე, ალბათ, გეყოფათ ფორმაში ჩასადგომად. მაზეგ კი მოგაკითხავთ და მისტერ ოსკარ დონალდსონთან წაგიყვანთ. შესაფერისი სამოსი კარადაშია და შეარჩიეთ. ახლა კი ღამე მშვიდობისა, ტკბილ ძილს გისურვებთ!

ოსკარ დონალდსონი ფედერალური სარეზერვო სისტემის მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, ძალიან გავლენიანი ადამიანი და მასთან შეხვედრა ბევრად უფრო რთული იყო, ვიდრე შეერთებული შტატების პრეზიდენტთან. ის საკმაოდ ასაკოვანი ადამიანი იყო, მაგრამ ძალიან მხნედ გამოიყურებოდა. მის ასაკზე მხოლოდ ცარცივით თეთრი თმა მიუთითებდა. ისე კი ახალგაზრდული ჟინით იყო აღვსილი და ცოცხალი, ჭკვიანი თვალებით იცოდა შემოხედვა. მის პატარა, მაგრამ კომპაქტურად და მდიდრულად მორთულ კაბინეტში აბსოლუტური სიჩუმე სუფევდა. დონალდსონმა სავარძელზე მიმითითა და მითხრა:

– ქალბატონო ნატო, გუშინ თქვენ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ქვეყნის სრულუფლებიანი მოქალაქეობა მოგანიჭათ და გილოცავთ! დღეიდან კი ჩვენს უწყებაში კიბერუსაფრთხოებას ჩაგაბარებთ. ანაზღაურება თავიდან ბევრი არ გექნებათ, სულ რაღაც, 200 ათასი დოლარი კვირაში, მაგრამ ყველაფერი თქვენს ხელთაა. თქვენი კაბინეტი ჩემი კაბინეტის გვერდითაა და ერთმანეთთან ყოველდღიური კონტაქტი გვექნება. თქვენი კონსულტაცია ხშირად დამჭირდება და იმედია, ჩემს თხოვნებს სათანადოდ შეასრულებთ. სანამ თქვენს ადგილს დაიკავებთ, პირველი თხოვნა მექნება...

– ბრძანეთ, მისტერ დონალდსონ.

– ქალბატონო ნატო, უმორჩილესად გთხოვთ, რომ თქვენს მიერ კრუიზში გაშვებული 10 მილიონი დოლარი კუთვნილ ადგილს დაუბრუნოთ.

დონალდსის დავალება 6 წუთში შევასრულე. მან კი თავი გააქნია, ხელზე მეამბორა და თქვა:

– გენიალურია! ასე გააგრძელეთ. და გთხოვთ, რომ რაც აქამდე გადაგხდათ, არასოდეს არავისან მოყვეთ.

დონალდსონის ეს თხოვნა არასოდეს დამირღვევია და მხოლოდ ამ ჩანაწერებს გავანდე ჩემი ისტორია.

დასასრული

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული