რომანი და დეტექტივი

ჰაკერი

№6

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 17.02

ჰაკერი
დაკოპირებულია

– გაიღვიძე, ქალბატონო? – შემომესმა ნაცნობი ხმა, მაგრამ თავი ისე მაგრად მტკიოდა, რომ ვერ გავიაზრე, ვინ მელაპარაკებოდა. თანაც, თვალები დაბინდული მქონდა და ჩემ წინ მდგომის სილუეტს ძლივს ვხედავდი.

– მალე მოვა აზრზე, – ნაცნობის ხმას უცნობმა ხმამ უპასუხა.

– ვინ ხართ? სად ვარ? – ვთქვი მე.

– ჩვენთან ხარ, ნატო, ჩვენთან, – თქვა ნაცნობმა ხმამ და ქოჩიაშვილი ვიცანი.

– ქოჩიაშვილი ხარ? – ვიკითხე მე.

– არა, ანჟელინა ჟოლი, – როგორც ყოველთვის, ამ ირონიით ქოჩიაშვილმა თავისი უვიცობა გამოავლინა და თვალებშიც გამოვიხედე.

– რა ხდება, ზაქირა, სად ვარ? – ვკითხე ქოჩიაშვილს და საწოლზე წამოვჯექი, რომელზეც ტანსაცმლიანად ვიწექი.

– დაგვტოვე! – უთხრა ქოჩიაშვილს უცნობმა მამაკაცმა და მომიბრუნდა.

– ქალბატონო ნატო, გარწმუნებთ, ჩვენთან არანაირი საფრთხე არ გემუქრებათ, თუ, რა თქმა უნდა, ჩვენს თხოვნას შეასრულებთ, – შემათვალიერა და დაამატა, – თანაც, ამ საქმიდან თქვენც დიდ სარგებელს მიიღებთ.

– მემუქრებით, ბატონო?

– რაში შემატყვეთ?

– მაშინ, სხვანაირად გკითხავთ?

– ბრძანეთ?

– მართალია, არ ვიცი, რა თხოვნა გაქვთ, მაგრამ, რომ არ დაგთანხმდეთ?

– თქვენთვისვე იქნება ცუდი.

– და თქვენ მარწმუნებთ, რომ არ მემუქრებით?

– რის მუქარა, ქალბატონო ნატო. სარფიან საქმეს გთავაზობთ.

– ბრძანეთ, რას მთავაზობთ.

– ჩვენ ძალიან ცუდ დროში, ძალიან ღარიბ და დაჩაგრულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, მაგრამ აქ ულამაზესი, ძალიან კეთილშობილი ხალხი სახლობს. ჩვენი სამშობლო კი მსოფლიოში ულამაზესია. მე და ჩემი მეგობრები ჭეშმარიტი პატრიოტები ვართ. გვსურს, რომ სამშობლო ავაღორძინოთ. ხალხმა კარგად იცხოვროს. რისთვისაც ფული გვჭირდება და თქვენ სწორედ ამისთვის ხართ აქ.

– თქვენი გრძელი მონოლოგიდან მხოლოდ იმას მივხვდი, რომ ჩემგან ფულს ელოდებით. თუმცა, ეს უფრო მეტ ბუნდოვანებას აჩენს.

– ახლავე გაგარკვევთ ყველაფერში.

– ბრძანეთ.

– თქვენ ხართ სუპერკლასის ჰაკერი და გვსურს, რომ ამ კუთხით დაგასაქმოთ.

– გეშლებათ, პროგრამისტი ვარ. ჰაკერობა სისხლის სამართლის დანაშაულია. მე კი სუფთა ვარ კანონის წინაშე. ასე რომ, მისამართი შეგეშალათ.

– არ შეგვშლია. განა, თქვენ არ დაუბრუნეთ ათი ათასი დოლარი ზაირა მატარაძეს, როდესაც მას თურქულმა ბანკმა დაუბლოკა ანგარიში პროცენტის გადახდის ვადის გადაცილების გამო?

უცნობი მამაკაცი სიმართლეს ამბობდა. ზაირა ჩემი კარის მეზობელი იყო და სხვადასხვა საქონლით ვაჭრობდა, რომელიც თურქეთიდან ჩამოჰქონდა. იქ საქონელს ადგილობრივი ბანკის მეშვეობით ყიდულობდა. შემოსავლის პროცენტს მას უხდიდა, რაც ხელშეკრულებით ჰქონდა გათვალისწინებული. დანარჩენი კი გამოჰქონდა. ყოველ გადაცილებულ დღეზე საჯარიმო პროცენტები ერიცხებოდა. ერთხელაც ისე მოხდა, რომ როდესაც საქონელი მოჰქონდა და ავარიაში მოხდა. საქონელი განადგურდა, დამნაშავე ადგილობრივი თურქი იყო. ასეთ შემთხვევებში ზარალს დამნაშავე ანაზღაურებს, თუმცა, ეს პროცესი გაიწელა. ბანკმა კი არ გაითვალისწინა, თუმცა, უნდა გაეთვალისწინებინა და პროცენტების დარიცხვა შეეჩერებინა. ერთი სიტყვით, მატარაძეს კუთვნილი ათი ათასი დოლარი წაართვეს. ის კი ჩემთან მოვიდა, შემევედრა, მიშველეო. მეც იმ ბანკის ანგარიშიდან ათი ათასი დოლარი მოვხსენი და ზაირამ თავისი ფული დაიბრუნა. ეს ოპერაცია კი ისე განვახრციელე, რომ ვერ მომაგნეს. მე ბევრად უფრო მეტი თანხის ჩამოჭრა შემეძლო, მაგრამ ეს ჩემთვის მიუღებელი საქციელი იყო და მე მხოლოდ სამართლიანობა აღვადგინე. ზაირას კი ვუთხარი, ეს ამბავი არავისთვის მოეყოლა, მაგრამ ეტყობა, ენას კბილი ვერ დააჭირა. ზაქირა ქოჩიაშვილი ზაირას მდგმური იყო და რადგან ზაქირა ამ უცნობ მამაკაცთან ერთად იმყოფებოდა, მივხვდი, ეს ამბავი მისგან გაიგეს. ყველაფერი ეს რომ გავიაზრე, უცნობს ვუთხარი:

– ეს იყო ერთადერთი შემთხვევა. თანაც, მე სამართლიანობა აღვადგინე, დაჩაგრულს დავეხმარე. თქვენ კი, სავარაუდოდ, დანაშაულის ჩადენას მთავაზობთ.

– ქართველებსა და საქართველოზე დაჩაგრული ვინაა ამქვეყნად? ჩვენი ხალხისა და სამშობლოს მიმართაა აღსადგენი სამართლიანობა და გაზულუქებულ ბანკირებს სამშობლოს ასაღორძინებლად და ხალხის საკეთილდღეოდ თუ ფულს ავართმევთ, განა ეს დანაშაულია?

– თქვენი სახელი, ბატონო ჩემო?

– გიზო დამიძახეთ.

– ბატონო გიზო, თქვენი სიტყვები წმინდა წყლის დემაგოგიაა. ასე რომ, მშვიდობით! ახლა კი უნდა დაგტოვოთ.

– სამუდამოდ უნდა დაგვტოვო, ნატალია?

– სიტყვებს დაუკვირდით, ბატონო გიზო.

– შენ, როგორც ეტყობა, ვერაფერს ხვდები. ის თუ იცი, სად იმყოფები?

– სად?

– ჩვენთან.

– სად თქვენთან?

– უშიშროებაში, ჩემო გოგონი, – მითხრა გიზომ და ანთებული თვალებით მწველი მზერა მომაპყრო.

– რა სისულელეა, – ირონიით ვთქვი და მხრები ავიჩეჩე, თან დავამატე, – რა, დაპატიმრებული ვარ?

– დროებით დაკავებული და თუ გონს არ მოეგები, შარშანდელი თოვლივით სამუდამოდ გაქრები.

– დაკავების ორდერი მაჩვენეთ.

– ჩვენ ორდერებს არ ვწერთ.

– ესე იგი, ყაჩაღურად გამიტაცეთ.

– მოკლედ, ასე, ჩემო გოგონი, ან ჩვენს ნებას დაჰყვები და სამშობლოს გამოადგები, ან არადა, საიქიოსთვის მოემზადე. ამოირჩიე – ან საშინელი სიკვდილი, ან სიცოცხლე და კეთილდღეობა.

ამ სიტყვების შემდეგ ჩემთვის უკვე ნათელი გახდა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში არ მაცოცხლებდნენ. თანხმობის შემთხვევაში კი გარკვეულ დრომდე გამომიყენებდნენ და მაინც გამაქრობდნენ. ამიტომ, საჭირო იყო, დრო გამეწელა და რაიმე გამოსავალი მომეძებნა. ამიტომ, გიზოს ვუთხარი:

– სიცოცხლე და კეთილდღეობა.

– სწორი არჩევანია, ჩემო გოგონი. ასე ჯობია. მაგრამ გაფრთხილებ, აქედან ვერ გაიქცევი და ამაზე არც იფიქრო. ვერც ვერავის მისწერ, მიშველეო. სოციალური ქსელები დაბლოკილი გექნება. ტელეფონსაც ვერ მოიხელთებ. ერთი სიტყვით, თუ კეთილსინდისიერად მოიქცევი, მაშინ არც ჩვენ გაწყენინებთ. გასაგებია?

– გასაგებია.

– ჰო და ძალიან კარგი. დღეს დაისვენე, ხვალიდან კი საქმეს შეუდგები. ამ ოთახში იცხოვრებ. თუ რამე დაგჭირდება, კარზე დააბრახუნე და ან ზაქირა მოვა, ან ზაირა.

– ვინ ზაირა?

– ზაირა, შენი მეზობელი.

მოგვიანებით შევიტყვე, რომ მთელი ეს კომბინაცია, თურქულ ბანკთან დაკავშირებით, წინასწარ იყო დამუშავებული ჩემს შესამოწმებლად და ჩასათრევად. ზაირა და ზაქირა კი გიზოს მოგზავნილები იყვნენ. გიზოს კი შორს მიმავალი, ბნელი გეგმები ჰქონდა და მივხვდი, რომ ძალიან ჩახლართულ საქმესთან ვიყავი დაკავშირებული.

ჩემი ტყვეობის მეორე დღე რომ გათენდა, გიზომ რკინის კარზე დამიკაკუნა, შემდეგ შემოაღო, მომესალმა, თაბახის ფურცელი მომაწოდა და მითხრა:

– აი, ამ ორი ბანკიდან თუ შეძლებ ფულების გადმოქაჩვას?

– შევეცდები, – ვუთხარი გიზოს და ფურცელი გამოვართვი.

ბანკები საშუალო დონის სირთულის დაცვის სისტემით იყვნენ აღჭურვილები და 100-100 ათასი დოლარის მოხსნა და გიზოს მიერ მითითებულ ანგარიშებზე გადარიცხვა არ გამჭირვებია. როგორც მოგვიანებით შევიტყვე, ჩემ მიერ მოპარული და გადარიცხული თანხები ადგილებზე უმალვე გადმოჰქონდათ გიზოს ხალხს და უჩინარდებოდნენ. თანხებს ოფშორებში ვრიცხავდი და მათი მოძიება სპეცსამსახურებისთვისაც კი საკმაოდ რთული საქმე იყო. 100 ათასი დოლარი კი გლობალური მასშტაბებისთვის საკმაოდ უმნიშვნელო თანხა იყო და გიზო შეგნებულად მაპარინებდა ამ რაოდენობის ფულს. ასეთ ხლაფორთში გაიარა ერთმა თვემ. ყოველი ოპერაციის შესრულებისას გიზო თავზე მედგა და თითოეულ მოძრაობას მკაცრად მიკონტროლებდა. მას ეშინოდა, რომ ჩემი ტყვეობის შესახებ არავისთვის შემეტყობინებინა. თუმცა, ეს სოციალური ქსელებით შეუძლებელი იყო, რადგან მათთან წვდომა დაბლოკილი მქონდა. ყოველი სამუშაოს დასრულების შემდეგ გიზო ჩემს ოთახში მაბრუნებდა. ზაქირა და ზაირა პატიოსნად მემსახურებოდნენ. თუმცა სწორედ მათ მიუძღვოდათ ლომის წილი ჩემს დატყვევებაში. ამიტომ, მათ თითქმის არ ველაპარაკებოდი. მხოლოდ იმას ვეუბნებოდი, რა საჭმელი და რა საჭირო ნივთი მოეტანათ ჩემთვის. სად ვიმყოფებოდი, ჯერ კიდევ ვერ გამეგო. როგორც ჩემი საძინებელი, ასევე სამუშაო ოთახი უფანჯრო იყო. სხვაგან კი არ მიშვებდნენ. გიზოს ვატყობდი, რომ ძალიან ეშინოდა ამ ამბის გასკდომისა და საფუძვლიანადაც. მე მაინც მოვახერხე გამოსავლის მოძებნა. ერთ-ერთ სამუშაო დღეს, გარდა გიზოს მიერ მითითებული ბანკისა, ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო სისტემის ურთულესი დაცვის სისტემა გავტეხე. იქიდან 10 მილიონი დოლარი მოვიპარე და ამ ფულს ისეთი მიმართულება მივეცი, რომ თანხა ყოველ 15 წუთში ერთი ბანკის ანგარიშიდან მეორე ბანკის ანგარიშზე მოგზაურობდა და გარს უვლიდა მთელ მსოფლიოს. ამის გაკეთებას ორი მიზეზი ჰქონდა. პირველი – ფედერალურ სისტემას თავისი სპეციალური სამსახური ჰქონდა, რომელიც ისეთი ტექნოლოგიებით იყო აღჭურვილი, რომ ფულის მომპარავის აბსოლუტურად ზუსტ ლოკაციას ადვილად ადგენდნენ. მე იმის იმედი მქონდა, რომ ამერიკელები დამოუკიდებლად შეეცდებოდნენ ჩემი ტყვეობის ლოკაციის გარკვევას, მოვიდოდნენ და იქ მყოფებს შეიპყრობდნენ. ეს კი ჩემს სასიცოცხლი ინტერესებში შედიოდა და მოუთმენლად ველოდებოდი ჩემი მხსნელების გამოჩენას. მეორე მიზეზი კი მეტწილად გასართობ ხასიათს ატარებდა. სიმართლე რომ ვთქვა, იმით ვხალისობდი, რომ მსოფლიოს ყველაზე დაცულ სისტემას უზარმაზარი თანხა „ავახიე“ და ვაპამპულებდი.

ჩემმა გათვლამ გაამართლა. ამერიკული სარეზერვო სისტემის გატეხვიდან ერთი კვირის თავზე ჩემი ტყვეობის ლოკაციაზე ამერიკელი სუპერსპეცები შემოვიდნენ და ათი ადამიანი უხმაუროდ და ელვისებურად დაგვაპატიმრეს. შენობაში კიდევ ექვსი ადამიანი ყოფილა. ექვსივე სპეცრაზმელი იყო და რამდენიმე ვიდეოთვალთან ერთად, სამსართულიან სახლსა და მთელს პერიმეტრს აკონტროლებდნენ. სახლი ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობდა, მოშიშვლებულ ადგილზე და შეუმჩნევლად მიახლოება შეუძლებელი იყო, თუმცა არა ამერიკელებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად, საკმაოდ ფხიზელი ძილი ვიცი, იმ დროს კი ეს თვისება გამძაფრებული მქონდა, რკინის კარით ჩაკეტილ ოთახში ისე ჩუმად წამომადგნენ თავს, გამკოჭეს და გამჩხრიკეს, რომ ამოსუნთქვაც კი ვერ მოვასწარი.

– კიდევ ერთი ქალი ყოფილა, – მომესმა ინგლისურად ერთ-ერთი ამერიკელი სპეცის ფრაზა.

ინგლისური კარგად ვიცი და მათი ერთი სიტყვაც არ გამომპარვია.

– ხმა არ ამოაღებინოთ, ყველაფერი გაჩხრიკეთ და ნივთები ერთად დააპაკეტეთ, – უბრძანა სპეცს მათმა მეთაურმა და დაამატა, – ერთი საათი გვაქვს ყველაფრისთვის. ცენტრში გველოდებიან და უნდა გავემგზავროთ.

პირზე „სკოჩები“ აგვაკრეს და ერთი საათის შემდეგ ვაზიანის სამხედრო ბაზიდან სატრანსპორტო-სამხედრო თვითმფრინავით ვაშინგტონისკენ ავიღეთ გეზი. ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს სპეციალური ოპერატიული ჯგუფი, რომელმაც ჩვენ აგვიყვანა ფედერალური სარეზერვო სისტემის დაქვემდებარებაში იმყოფებოდა. ის მაღალკვალიფიცირებული თანამშრომლებით იყო დაკომპლექტებული. სპეცჯგუფს ჯოზეფ კრამპი მეთაურობდა. ჩვენ უფანჯრო, დიდ ოთახში შეგვიყვანეს და მხოლოდ იმ მოგვხსნეს პირიდან „სკოჩები“. სპეცჯგუფის მეთაურმა მზერით ჩამოგვიარა. შემდეგ მე მომიახლოვდა, ხელბორკილები მომხსნა, ცალკე ოთახში გამიყვანა და მითხრა:

– ქალბატონო ნატო, თქვენ ადასტურებთ, რომ სარეზერვო ბანკიდან ათი მილიონი დოლარი გაიტაცეთ?

– დიახ, მისტერ.

– ჯოზეფ კრამპი, – წარმომიდგა სპეცჯგუფის მეთაური.

– მისტერ კრამპ, ვადასტურებ, რომ ათი მილიონი დოლარი მე გავიტაცე.

– რა მიზნით?

– მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მომხდარიყო ის, რაც მოხდა, ანუ მოგეგნოთ ჩემთვის და გაგეთავისუფლებინეთ.

კრამპს გაეცინა და მითხრა:

– სწორედ ამის დადასტურებას ველოდებოდი თქვენგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, თქვენი საქმე გართულებულიყო და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაგკისრებოდათ. გილოცავთ, ქალბატონო, კრამპმა ხელი ჩამომართვა და დაამატა, – თუმცა, გარკვეული დროით მაინც მოგიწევთ ჩვენთან დარჩენა. უფრო სწორად კი ჩემთან თანამშრომლობა და ოლივერ ნოსტის განკარგულებაში გადადიხართ.

– ვინ ბრძადება მისტერ ნოსტი?

– ანტიტერორისტული სამსახურის თანამშრომელი.

– ანტიტერორიზმი ამ საქმესთან რა კავშირშია?

– ეს უკვე ნოსტის კომპეტენციაა და ის ჩაგაყენებთ საქმის კურსში.

– კარგი. გასაგებია. მისტერ ნოსტს დაველოდები.

– ის მალე მოვა. მე კი უნდა დაგტოვოთ, – მითხრა კრამპმა და კარისკენ დაიძრა. შუა გზაში შეჩერდა, მომიტრიალდა და ღიმილით მითხრა, – შეიძლება კიდევ ერთი კითხვა?

– ბრძანეთ.

– ქალბატონო ნატო, ფულის ეს მსოფლიო კრუიზი რაღაში დაგჭირდათ?

მე გამეცინა და მივუგე:

– მხოლოდ და მხოლოდ სახალისოდ.

– ასეც ვიფიქრე, – თქვა კრამპმა და დაამატა, – თუმცა ეს ხალისობა დღემდე გრძელდება და ეს თანხა ჯერაც ვერ მოუხელთებიათ.

დასასრული შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული