რომანი და დეტექტივი

ჰაკერი

№20

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 28.05

ჰაკერი
დაკოპირებულია

– ბატონო პოლკოვნიკო, ობიექტი ვერსად აღმოვაჩინეთ. ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, არ ვიცით, – მოახსენა უშანგი მჭედლიძეს ლეიტენანტმა ტარას უშხვანმა.

– ესე იგი, სათანადოდ არ ეძებთ, – შეუღრინა პოლკოვნიკმა ლეიტენანტს და დააყოლა, – თუ ვერ იპოვით, მიწა ჩვენ ჩაგვყლაპავს. პირველ რიგში, კი – შენ.

– ყველგან ვეძებთ, ბატონო უშანგი. ფაქტობრივად, არც კი გვძინავს, – თავი იმართლა უშხვანმა, მაგრამ მჭედლიძე ღრენიდან ყეფაზე გადავიდა:

– იდიოტებო, იცით, რომ მაგას სერიოზული სამსახურები ეძებენ და იქ თქვენნაირი იდიოტები კი არ მუშაობენ?! იპოვიან, ყველაფერს დააფქვევინებენ და ყველას დედა გვეტირება. პირველ რიგში, მე და შენ და ამიტომაა მისი სასწრაფოდ პოვნა აუცილებელი. გასაგებია?

– კი, გასაგებია, ბატონო უშანგი. თავს მართლა არ ვზოგავთ, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არაა და რა ვქნათ. განა ჩვენ არ გვესმის ამ ყველაფრის სერიოზულობა და მისი პოვნა არ გვინდა, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი გამოგვდის. ვეძებთ, ყველგან ვეძებთ და იმედია, მალე ვიპოვით, – თქვა უშხვანმა.

მჭედლიძემ კი კბილებში გამოცრა:

– არ იპოვით და დედა არცერთს არ გვეყოლება. პირველ რიგში, კი თქვენ, თქვე კრეტინებო! ახლა კი წადი და ძებნა გააგრძელეთ, მიწიდან ამოიღეთ ის ძუკნა!

პოლკოვნიკსა და ლეიტენანტს შორის საუბარი უშიშროების სამსახურის ერთ-ერთ კაბინეტში შედგა, რომელიც უშანგი მჭედლიძეს ეკუთვნოდა. ლეიტენანტი ტარას უშხვანი მჭედლიძის ხელქვეითი იყო. პოლკოვნიკი კი უშიშროების ერთ-ერთ ოპერატიულ ქვედანაყოფს მეთაურობდა და უშხვანი ამ ქვედანაყოფის წევრი იყო. ხოლო „ობიექტი“25 წლის ელენე ბარამიძე გახლდათ, რომელსაც ძალოვნები დიდი ინტენსიურობით, უშედეგოდ ეძებდნენ. უმაღლესი კვალიფიკაციის პროგრამისტ გოგონას უშიშროება იმიტომ ეძებდა, რომ გაენეიტრალებინა. მანამდე კი გოგონასთვის ფული წაერთმია, რომელიც ელენემ უკანონოდ, ჰაკერული გზით მოიპოვა. 25 წლის სუპერპროგრამისტმა რამდენიმე ცნობილი საზღვარგარეთული კომპანიისა და ბანკების ანგარიშებიდან ორმილიონამდე დოლარი და ევრო მოხსნა. ასეთი რამ კი მან იძულებით გააკეთა და ყველაფერ ამას სათავეში უშიშროების პოლკოვნიკი უშანგი მჭედლიძე ედგა. მან თავის ხელქვეითებს ელენეზე კომპრომატის მოპოვება დაავალა. შემდგომ კი ამის მეშვეობით გოგონა დააშანტაჟა და გადაიბირა. ელენეს შეყვარებული ჰყავდა – ჯუნა ხარაძე. ის 30 წლის, პროფესიით პათანატომი იყო. წყვილს საბურთალოზე ბინა ჰქონდათ ნაქირავები და ერთმანეთს იქ ხვდებოდნენ. უშიშროებამ კი ბინაში ფარული ვიდეოთვალი დააყენა და მათი ინტიმური ურთიერთობები ფირზე ჩაიწერეს. ერთ დღეს კი სამსახურში მიმავალ გოგონას პოლკოვნიკი უშანგი მჭედლიძე წამოეწია და უთხრა:

– თუ არ ვცდები, თქვენ ელენე ბარამიძე ხართ, ხომ?

– დიახ. რაშია საქმე? – უპასუხა გოგონამ.

– ელენე, თქვენთან სერიოზული სალაპარაკო მაქვს. ქუჩაში ეს არ გამოვა და იქნებ ჩემს მანქანაში ვისაუბროთ? – შესთავაზა მჭედლიძემ გოგონას.

– მე თქვენ არ გიცნობთ, – უთხრა ელენემ.

– უშიშროების პოლკოვნიკი უშანგი მჭედლიძე – თავი გააცნო გოგონას მჭედლიძემ.

– ჩემთან რა საქმე უნდა ჰქონდეს უშიშროებას? ჯაშუში მე არ ვარ და სამშობლოს მოღალატე, – თქვა ელენემ.

– თქვენს უახლოეს ადამიანზე მინდა დაგელაპარაკოთ – ჯუნა ხარაძეზე, – მიანიშნა მჭედლიძემ გოგონას.

– ჯუნაზე? კი, ბატონო, დამელაპარაკეთ, – იხტიბარი არ გაიტეხა გოგონამ და დაამატა, – ამისთვის სულაც არაა აუცილებელი მანქანაში ჩაჯდომა.

– მერწმუნეთ, რომ აუცილებელია. ჩანაწერები უნდა გაგაცნოთ და ეს ქუჩაში არ მოხერხდება. ამიტომ გთხოვთ, ათიოდე წუთით ჩემს მანქანაში ჩავსხდეთ, – თქვა მჭედლიძემ.

– კარგი. ჩავსხდეთ. საინტერესოა, რა ჩანაწერები უნდა მაჩვენოთ, – თქვა ელენემ და მჭედლიძეს მანქანისკენ გაჰყვა.

ელენე უკანა სავარძელზე მოთავსდა. პოლკოვნიკი საჭეს მიუჯდა. შემდეგ ლეპტოპი გაშალა, გვერდიდან ფლეშკა შეარჭო და გოგონას უთხრა:

– ჩემო კარგო, სიმართლე გითხრათ, ძალიან მეუხერხულება ამის თქმა, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. აქაა მრავალსაათიანი ჩანაწერი, თუ როგორ ურთიერთობთ ერთმანეთთან თქვენ და ჯუნა ხარაძე. თუ არ გჯერათ, შემიძლია, გაჩვენოთ. ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია.

გოგონა წამოწითლდა და თავი ხელებში ჩარგო. ორწუთიანი პაუზის მერე კი პოლკოვნიკს უთხრა:

– ჩემგან რა გინდა?

– ბევრი არაფერი, ჩემო ელენე, – ღიმილით უთხრა მჭედლიძემ გოგონას და დაამატა, – ამ კადრებმა რომ სოციალურ ქსელებში არ გადაინაცვლოს და თავი არ მოგეჭრათ, ერთი პატარა საქმე უნდა გაგვიკეთოთ. რა თქმა უნდა, შესაბამისი ანაზღაურების ფასად.

– მაინც, რა გინდათ? – იკითხა ელენემ.

– რა გვინდა და, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან მაღალი კვალიფიკაციის „კომპიუტერშჩიკი“ ხართ, ზოგიერთი ფირმისა და ბანკის ანგარიშებიდან თანხები უნდა მოხსნათ და სპეციალურ ანგარიშზე გადაიტანოთ. გთავაზობთ გამომუშავებული თანხის მეოთხედს და მე მგონი, ოცდახუთი პროცენტი ურიგო არ უნდა იყოს, – თქვა პოლკოვნიკმა.

– ასეთი რამ რომ მინდოდეს, ასპროცენტიან კუშს მოვხსნიდი. არა! – კატეგორიულად თქვა ელენემ.

უშანგი მჭედლიძე წინასწარ იყო მზად ასეთი პასუხისთვის. ამიტომ, მან ლეპტოპი გოგონასკენ შეაბრუნა და ფარული ჩანაწერები ჩართო.

– ახლავე გამორთეთ! – ისტერიულად იკივლა ელენემ.

– ამას კი გამოვრთავ, მაგრამ სანამ სოციალური ქსელიდან ამოიღებენ, ამ ჩანაწერს მილიონობით ადამიანი ნახავს და გააზიარებს, – ცინიკურად თქვა მჭედლიძემ და გამორთვის ღილაკს თითი დააჭირა.

– მაინც, რა უნდა გავაკეთო? – თქვა ელენემ გატეხილი ხმით და თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა.

– დამშვიდდით. თავი მოიწესრიგეთ და ხვალ უფრო დაწვრილებით დაგელაპარაკებით. დილის ცხრაზე აქვე შევხვდეთ ერთმანეთს. აბა, შეხვედრამდე, – უთხრა პოლკოვნიკმა გოგონას და მანქანის კარი გაუღო...

***

მეორე დილით პოლკოვნიკმა მჭედლიძემ ელენე ბარამიძე კონსპირაციულ ბინაში წაიყვანა. იქაურობა უძლიერესი კომპიუტერებით იყო აღჭურვილი და ელენეს უთხრა:

– აი, დღეიდან აქ იმუშავებ. ხოლო რაიმე რომ არ გამოგვაპარო, ზედამხედველები გეყოლება.

– სამსახურს რა ვუყო? – იკითხა ელენემ, – რომელსაც მთელი ღამე თვალი არ მოეხუჭა და იმაზე ფიქრში დაათენდა, თუ როგორ გამომძვრალიყო ამ სიტუაციიდან.

– იმდენი ფული გექნება, რომ სამსახური აღარ დაგჭირდება. თუმცა შვებულება აიღე ორი კვირით, – უთხრა პოლკოვნიკმა და დააყოლა, – აი, იმ უწყებების სია, საიდანაც ფული უნდა გადმოქაჩო.

ელენე ისე მოიქცა, როგორც მას პოლკოვნიკმა უთხრა და სამსახურში ორკვირიანი უხელფასო შვებულება აიღო. შემდგომ კი კონსპირაციულ ბინაში კომპიუტერებს მიუჯდა და საქმიანობას შეუდგა. გოგონას ორი ზედამხედველი ჰყავდა, – ლეიტენანტი ტარას უშხვანი და ოლეგ მანუჩაროვი, რომელიც უშიშროების „შპიკი“ იყო. სწორედ მანუჩაროვმა დააყენა ნაქირავებ ბინაში ფარული ვიდეოთვალი.

უმკაცრესი კონტროლის მიუხედავად, ელენემ მაინც მოახერხა ზედამხედველების გაცურება. გოგონამ ხუთი კომპანიისა და ბანკის ანგარიშებიდან ორი მილიონი დოლარი მოხსნა და ობშორებში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე გადაიტანა. მჭედლიძის გეგმის მიხედვით, მისი ნდობით აღჭურვილ პირს ობშორებიდან ნაღდი ფული უნდა გამოეტანა და წყნარი ოკეანის ერთ-ერთ კუნძულზე, ნაქირავებ სახლში შეენახა და მჭედლიძეს დალოდებოდა. ხოლო, როდესაც პოლკოვნიკს უკვე ხელთ ექნებოდა ქეში, ელენე, როგორც არასასურველი მოწმე, უნდა მოეშორებინათ. ელენემ გაითვალისწინა, რომ მჭედლიძე მის ლიკვიდაციას შეეცდებოდა. ამიტომ, როდესაც სპეციალურ ანგარიშზე ბოლო თანხა გადარიცხა, დრო მოიგო, და სანამ მჭედლიძის სანდო პირი ობშორშიდან ქეშს მოხსნიდა, მიიმალა... მეორე დღეს ელენეს ვერც ვერსად მიაგნეს და ვერც ტელეფონზე დაუკავშირდნენ, რადგან გამორთული ჰქონდა.

გოგონამ კი მოძალადეები ოსტატურად გააცურა. მან ისე მოახერხა, რომ სხვადასხვა უწყებებიდან მოპარული ფული ჯერ სპეცანგარიშზე ჩარიცხა. თუმცა, ეს თანხა ყოველ 2 საათში სხვა ანგარიშზე გადადიოდა. ანუ მოძრაობდა და მისი გამოტანის შანსი არ იყო. ამის გაკეთება მხოლოდ თავად ელენეს შეეძლო, რადგან მან იცოდა, როგორ უნდა გაეჩერებინა ეს მოძრაობა. იმავდროულად, იმ უწყებებმა, საიდანაც გოგონამ თანხები მოიპარა, სასწრაფოდ პოლიციასა და ამ საქმის სპეციალისტ კერძო დეტექტივებს მიმართეს და დაიწყო გამოძიება. ქურდს ძალიან მალე მიაგნეს, რადგან გოგონას საკუთარი ლოგო ჰქონდა დატოვებული. თუმცა, ფულის მოძრაობის დაბლოკვას ვერ ახერხებდნენ და, რადგან იცოდნენ ქურდის ვინაობა, დახმარებისთვის ქართულ მხარეს მიმართეს და პოლკოვნიკმა მჭედლიძემ ამიტომ დააყენა ყირაზე თავისი ხელქვეითები. მას ფული უკვე აღარ ადარდებდა. პოლკოვნიკი საკუთარი თავზე ფიქრობდა, ეშინოდა და ელენეს მოხელთება ამიტომ უნდოდა, რომ მოეკლა. ხოლო თუკი გოგონას მასზე ადრე უცხოელი მაძებრები იპოვიდნენ, მაშინ მჭედლიძესა და მის ბანდას უმკაცრესი სასჯელი ემუქრებოდა.

უშხვანმა და ბანდის სხვა წევრებმა ყველა სავარაუდო ადგილი გადაჩხრიკეს, სადაც ელენე ბარამიძე შეიძლება, ყოფილიყო, მაგრამ ყოვლად უშედეგოდ. მათ ვერც ჯუნა ხარაძეს მიაგნეს. ადგილობრივი მაძებრები დარწმუნდნენ, რომ ელენე და ჯუნა ერთად გაიქცნენ. ელენე უკვე საერთაშორისო ძებნილი იყო და პოლკოვნიკს ყველა საშუალების გამოყენება შეეძლო. ამიტომ, გენშტაბმა ოფიციალურად ჩართო სხვა, გაუსვრელი თანამშრომლები. თუმცა მათ უთხრა: როგორც კი ხელში ჩაიგდებთ, მაშინვე მე მაცნობეთ, რომ პირველებმა ჩვენ დავკითხოთო. სინამდვილეში კი პოლკოვნიკს ერთი სული ჰქონდა, გოგონა პირველად მას ჩაეგდო ხელში და მოეკლა. ძებნის გამოცხადებიდან 36 საათი იყო გასული, როდესაც უშიშროებაში შეტყობინება შევიდა, რომ ფშავიდან თბილისისკენ მომავალი გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე ხევში ელენე ბარამიძის მანქანა გადაიჩეხა, აფეთქდა და მთლიანად დაიწვა. გოგონას „ჯიპში“ ორი დანახშირებული ცხედარი აღმოაჩინეს. ერთი – ქალის, მეორე კი – მამაკაცის.

უშხვანმა, რომელმაც ეს ინფორმაცია პოლკოვნიკს გააცნოო, სიხარულით უთხრა:

– გადავრჩით, ბატონო უშანგი. ის ნაბიჭვრები მანქანაში ჩაიწვნენ და უკვე ვერავის ვერაფერს ეტყვიან. როგორც ეტყობა, ფშავში იმალებოდნენ და თბილისისკენ რომ მოდიოდნენ, მოცურდნენ და ხევში გადაიჩეხნენ.

მჭედლიძემ მწველი მზერა ესროლა ლეიტენანტს და უთხრა:

– ნუ გიხარია ჯერ. უნდა დადასტურდეს და მერე იმხიარულე, მანამდე კი ყურადღებით იყავი, – თქვა პოლკოვნიკმა და დაამატა, – ევროპული მაძებრები უკვე აქ არიან და მათაც იციან ეს ამბავი. მაგრამ შენგან განსხვავებით, ნაჩქარევ დასკვნებს არ აკეთებენ და ექსპერტიზის ჩატარებას აპირებენ.

– რა ექსპერტიზის, ბატონო უშანგი, ისინი ხომ დანახშირებულები არიან? – მხრები აიჩეჩა ლეიტენანტმა.

– რა ექსპერტიზისა და „დეენემის“ ექსპერტიზის. გასაგებია? – კბილებში გამოცრა პოლკოვნკიმა.

– ა, – აღმოხდა უშხვანს.

– რა ა? – გაიმეორა მჭედლიძემ, – ის ბიჭი უპატრონო ყოფილა. ნათესავები არ ჰყავს და შესადარებელი მასალა არ არსებობს. აი, ელენე ბარამიძეს კი დედა საზღვარგარეთ ჰყოლია. არ იციან, რომელ ქვეყანაში. ამიტომ ეძებენ, რომ დეენემისთვის მასალა მოიპოვონ.

– რომ ვერ იპოვონ? – იკითხა უშხვანმა.

– რა რომ ვერ იპოვონ? – ვერ მიხვდა პოლკოვნიკი, რომელსაც თავში ერთი გეგმა უტრიალებდა.

– რა და დედამისი რომ ვერ იპოვონ, – დააზუსტა ლეიტენანტმა.

– ა, დედამისი? ჰო, რა ვიცი. იპოვიან, ალბათ. მოკლედ, შეიძლება, ჩვენი შეცდომაში შეყვანა უნდათ. ამიტომ, სანამ ყველაფერი არ გაირკვევა, ძებნა განაგრძეთ და თუკი იპოვით, იცი, რა უნდა გააკეთო, – უთხრა უშხვანს მჭედლიძემ და გაისტუმრა. თავად კი მობილურზე დარეკა.

დასასრული შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №25

20-26 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

ლუკა შუბითიძე

როდის იბრძოდა სიცოცხლისთვის ლუკა შუბითიძე დედასთან...