რომანი და დეტექტივი

გულმოკლული ქმარი

№24

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 23.06

დეტექტივი
დაკოპირებულია
  • აგათა კრისტი

კერძო დეტექტივის მთავარი და უდიდესი ღირსება თანაგრძნობის უნარი გახლდათ, რაც უეჭველად ჩაუნერგავდა კაცს რწმენას. მან მშვენივრად იცოდა, რა უხერხულად გრძნობდნენ ხოლმე თავს კლიენტები მის დაწესებულებაში შემოსვლისას, მისტერ ჰარისზე იყო დამოკიდებული, გულს გადაუშლიდნენ თუ არა.

იმ დილით ახალი კლიენტი ეჯდა, მისტერ რეჯინალდ უეიდი. მაშინვე შეატყო, რომ მისტერ უეიდი დიდი ენამჭევრი კაცი არ იყო, ამ ტიპის ადამიანებს უჭირთ, სიტყვებით გამოთქვან ყველაფერი, რაც გრძნობებთან არის დაკავშირებული. მისტერ უეიდი მაღალი, მხარბეჭიანი, მზემოკიდებული, ცისფერთვალა კაცი გახლდათ. იჯდა დაბნეული, პატარა ულვაშს აწვალებდა და მისტერ ჰარისს უსიტყვოდ შეჰყურებდა.

– იცით, თქვენი განცხადება წავიკითხე, – ამოღერღა ბოლოს, – ვიფიქრე, შევივლი–მეთქი. ცოტა უცნაურად მეჩვენება, მაგრამ მაინც მომინდა, ბედი მესინჯა.

მისტერ ჰარისი მიუხვდა.

– როცა საქმეები ცუდად მიდის, ადამიანი ყოველ ღონეს ხმარობს მათ გამოსასწორებლად, – უთხრა მან.

– დიახ, სწორედ ასეა, ძალიან მინდა, როგორმე შევცვალო ჩემი ცხოვრება. ჩემი საქმე ცუდადაა, მისტერ ჰარის, – არ ვიცი, როგორ მოვიქცე. მიჭირს, ძალიან მიჭირს.

– გიჭირთ და მეც აქა ვარ, – უთხრა მისტერ ჰარისმა, – ვიცი, როგორ უნდა მოიქცეს კაცი, მე ყოველგვარი ადამიანური გასაჭირის მშველელი ვარ.

– ოჰ, მეტისმეტს ნუ იღებთ საკუთარ თავზე!

– სულაც არა! ადამიანური საწუხარი სულ უბრალოდ იყოფა რამდენიმე სახეობად, აწუხებთ სუსტი ჯანმრთელობა, მოწყენილობა, არიან ცოლები, რომლებსაც ქმრების დარდი კლავთ და ქმრები... – პაუზა გააკეთა მან, – რომლებიც ცოლებზე დარდობენ.

– კაცმა რომ თქვას, გამოიცანით. სწორედ რომ მიზანში მოარტყით.

– მაშ, მიამბეთ ყველაფერი, – უთხრა მისტერ ჰარისმა.

– მოსაყოლი ბევრი არაფერია, ჩემს ცოლს ჩემთან განქორწინება და სხვაზე გათხოვება უნდა.

– დღეს ასეთი ამბები ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხდება, თქვენ კი, როგორც ვატყობ, არა გსურთ განქორწინება.

– დიახ, მიყვარს ცოლი, – გულახდილად თქვა მისტერ უეიდმა, – ხომ გესმით, მიყვარს. ეს უბრალო და ცოტა არ იყოს გაცვეთილი სიტყვებია, მაგრამ მეტსაც გეტყვით – ვაღმერთებ ჩემს ცოლს, მის ნაკვალევსაც კი ვეთაყვანები, მისი გულისთვის სიცოცხლეს გავწირავ.

– უფრო ნათლად ვერავინ გამაგებინებდა თავის განცდებს, – გაიღიმა მისტერ ჰარისმა.

– ჰოდა, – განაგრძო მისტერ უეიდმა, – არ ვიცი, რა ვქნა. კაცი ისეთი უმწეოა, თუ ქალს სხვა მამაკაცი სურს, – მორჩა, განზე უნდა გადგე და მეტი არაფერი.

– შემოგთავაზათ, გავშორდეთო?

– რა თქმა უნდა, მაგრამ განქორწინების თაობაზე მე მას სასამართლოში ვერ ვაწოწიალებ.

მისტერ ჰარისმა ჩაფიქრებით შეხედა.

– ჰმ, ჩემთან რატომ მოხვედით?

კაცმა მორიდებით ჩაიცინა. – არ ვიცი. როგორც ხედავთ, დიდი ჭკუით ვერ დავიტრაბახებ. ვერაფერი მოვიფიქრე, მერე თქვენ მომაგონდით, იქნებ რაიმე მირჩიოს-მეთქი. იცით, ექვსი თვის ვადაზე დამთანხმდა, თუ ექვსი თვის მერე აზრს არ შეიცვლის, მაშინ უნდა შევეშვა. თქვენზე ვიფიქრე, იქნებ მირჩიოს, როგორ მოვიქცე–მეთქი. დღესდღეობით, რასაც მე ვაკეთებ, ყველაფერი აღიზიანებს. საქმე ის გახლავთ, რომ ტვინი მაინცდამაინც არ გადმომდის თავიდან! ბურთის დევნა, გოლფისა და ჩოგბურთის თამაში მიყვარს. მუსიკის, ხელოვნების და ასეთი რამეების არაფერი გამეგება. ჩემი ცოლი კი ჭკვიანი ქალია. უყვარს სურათების დათვალიერება, ოპერაში და კონცერტებზე სიარული და, ბუნებრივია, ჩემთან სწყინდება. იმ კაცს კი, ერთი ვიღაც საძაგელი, გრძელთმიანი ტიპია, ასეთი რამეებისა კარგად ესმის. საუბარი ყველაფერზე შეუძლია, მე კი – არა. ერთი მხრივ, ჩემთვის გასაგებია, ჭკვიან, ლამაზ ქალს ჩემნაირი მუტრუკი რომ მობეზრდეს.

– ცოლი რომ შეირთეთ, მას მერე...

– რამდენი ხანია? ცხრა წელი…

– ჩემო ძვირფასო სერ, ქალთან მორიდებით არასოდეს დაიჭიროთ თავი, თავიდანვე დაგიწყებთ აწონ-დაწონას და ღირსიც იქნებით. იცით, რა უნდა გექნათ? უნდა გექოთ და გედიდებინათ საკუთარი სპორტული ღირსებები, ხელოვნებასა და მუსიკაზე უნდა გეთქვათ, ხედავთ, რა სისულელეებზე გიჟდება ჩემი ცოლიო, უნდა გეთანაგრძნოთ მისთვის, ასე ცუდად რომ თამაშობდა სპორტულ თამაშობებს. თავმდაბალი ადამიანი, ჩემო ძვირფასო სერ, ქალთა საზოგადოებაში ჩირადაც არ ფასობს! ეს ყველა ქალზე ვრცელდება, გასაკვირი არაა, თქვენს მეუღლეს რომ მობეზრდით.

მისტერ უეიდი შეცბუნებული შეჰყურებდა.

– კეთილი. ახლა რას მირჩევთ, როგორ უნდა მოვიქცე? – ჰკითხა ბოლოს.

– სწორედ ეგ არის საკითხავი. ის, რაც ცხრა წლის წინ უნდა გაგეკეთებინათ, ახლა ძალზე გვიანაა, ახალი ტაქტიკა უნდა შევიმუშაოთ. რაიმე სასიყვარულო თავგადასავალი არ გქონიათ?

– რა თქმა უნდა, არა.

– არც გაარშიყებიხართ ვინმეს?

– ქალებზე ფიქრით არასოდეს ამიტკივებია თავი.

– ძალიანაც შემცდარხართ. ახლა უნდა აიტკიოთ.

– ოჰ, მართლა რომ არ შემიძლია? იცით... – შეშფოთდა მისტერ უეიდი.

– თქვენ ამაზე თავს ნუ შეიწუხებთ. ამ მიზნით ჩემს ერთ-ერთ თანამშრომელს მოგიჩენთ. ის ქალი გეტყვით, როგორც უნდა მოიქცეთ და თქვენი მისდამი ყურადღებაც, რა თქმა უნდა, საქმით იქნება გამოწვეული.

მისტერ უეიდმა შვებით ამოისუნთქა.

– ასე ჯობია, მაგრამ თქვენ მართლა ფიქრობთ, რომ... იცით, ასე მგონია, აირისს უფრო მეტად მოუნდება ჩემი თავიდან მოშორება.

– თქვენ არ იცნობთ ადამიანის ბუნებას, მისტერ უეიდ, ქალების ბუნებისა კი სულ არაფერი გაგეგებათ. ქალური თვალსაზრისით, თქვენ ახლა არარაობა ხართ, არავის უნდიხართ, რაში სჭირდება ქალს ის, ვინც არავის უნდა? ახლა სხვა კუთხით მივუდგეთ და წარმოვიდგინოთ, რომ თქვენმა ცოლმა გაიგო, თქვენც ისევე ისწრაფვით თავისუფლებისაკენ, როგორც თავად.

– ეს მას, ალბათ, გაუხარდება.

– იქნებ უნდა გაუხარდეს კიდეც, მაგრამ არ გაუხარდება! უფრო მეტიც, როცა ის ნახავს, რომ თქვენ მიიზიდეთ და მოხიბლეთ ქალიშვილი, რომელსაც შავისა და თეთრის გარჩევა შეუძლია, თქვენი ფასი მაშინვე აიწევს მის თვალში. თქვენმა ცოლმა იცის, რომ ყველა მისი მეგობარი იმას იტყვის, ქმარს მოყირჭდა და უფრო ეშხიანი ქალი მოძებნაო. ეს კი ჭკუაში არ დაუჯდება.

– თქვენ ასე ფიქრობთ?

– დარწმუნებული ვარ. საბრალო რეგი კი აღარ იქნებით მისთვის, არამედ – ცბიერი, ძაღლი რეგი. ეს კი იცით, რამდენს ნიშნავს! მეორე მამაკაცის დაუთმობლად, უეჭველია, შეეცდება, ისევ მოგიპოვოთ, მაგრამ ვერ მოახერხებს. თქვენ გონივრულად მოიქცევით და თქვენი მხრივ, გაუმეორებთ მის ადრე ნათქვამს: „უმჯობესია, დავშორდეთ, ხასიათით ვერ ვეწყობით!” თქვენ თითქოს ახლა მიხვდით, რომ მისი ნათქვამი – ვერ მიგებთ, მართალია, თუმცა, მართალია ისიც, რომ თავადაც ვერასოდეს გიგებდათ თქვენ, მაგრამ ახლა ამაზე ნუღარ ვილაპარაკებთ, თავის დროზე დაწვრილებით გეტყვით, როგორ მოიქცეთ.

მისტერ უეიდს კვლავ რაღაც ეეჭვებოდა.

– მართლა ფიქრობთ, რომ ეს ოინი გამოდგება? – დაეჭვებით იკითხა მან.

– მთლად დარწმუნებული ვარ-მეთქი, ვერ ვიტყვი, – უთხრა მისტერ ჰარისმა წინდახედულად, – ადვილი შესაძლებელია, თქვენს მეუღლეს ისე უყვარდეს ის კაცი, რომ თქვენ რაც არ უნდა თქვათ ან მოიმოქმედოთ, არაფერმა გაჭრას. თუმცა, რაღაც არა მგონია, ასე იყოს. მას, ალბათ, მოწყენილობამ გადაადგმევინა ეს ნაბიჯი. ეს თქვენი ნამდვილად უგუნური საქციელის გამო ჩაიდინა. უბრალოდ, ასეთი ეჭვშეუტანელი ერთგულება მოყირჭდა. თუ ისე მოიქცევით, როგორც მე დაგარიგებთ, გამარჯვების შანსი ოთხმოცდაჩვიდმეტი პროცენტი გაქვთ.

– კეთილი, – თქვა მისტერ უეიდმა, – ყველაფერს გავაკეთებ. სხვათა შორის... რამდენი?..

– უნდა გადამიხადოთ? ორასი გინეა. დიახ, წინასწარ.

მისტერ უეიდმა ჩეკი გამოწერა.

***

ლორიმერის კორტები შუადღის ბრდღვიალა მზეზე ძალიან ლამაზი ჩანდა. გრძელ მერხზე გადაწოლილი აირის უეიდი ძალიან ლამაზ ფერებში იყო მორთული – მოვარდისფროიისფერი ნაზი ქსოვილის კაბა ეცვა, სახე კი ისე ოსტატურად შეეღება, რომ ოცდათხუთმეტ წელზე გაცილებით ნაკლებს მისცემდით. ის თავის მეგობარს, მისის მასინგტონს ესაუბრებოდა. ეს ქალი ყოველთვის ყველაფერში თანაუგრძნობდა ხოლმე. ორივე ქალბატონს ნერვებს უშლიდა ქმარი – ბირჟის, აქციებისა და გოლფის მეტი სალაპარაკო რომ არაფერი ჰქონდათ.

– ...და ასე სწავლობს ადამიანი ცხოვრებას და სხვასაც აცხოვრებს, – დაამთავრა რაღაცის მოყოლა აირისმა.

– რა თქმა უნდა, ძვირფასო, – უთხრა მისის მასინგტონმა და მაშინვე ჰკითხა, – ერთი მითხარი, ვინ არის ეს გოგონა?

აირისმა ზანტად აიჩეჩა მხრები.

– არ ვიცი! რეგიმ აღმოაჩინა. რეგის პატარა მეგობარია! რა სასაცილოა. ხომ იცი, ჩემი ქმარი ზედაც არ უყურებს გოგოებს. მოვიდა ჩემთან, ილუღლუღა, იბუტბუტა და ბოლოს გამომიცხადა, მის დე სარას წამოყვანა მინდა უიკენდზეო. მე, რა თქმა უნდა, გამეცინა, თავი ვერ შევიკავე – რეგი ხომ წარმოგიდგენია! ჰოდა, აი, ხომ ხედავ. ისიც აქ არის.

– სად შეხვდნენ ერთმანეთს?

– არ ვიცი, წესიერად არაფერი უთქვამს.

– იქნებ წინათაც იცნობდა.

– ოჰ, არა მგონია, – თქვა მისის უეიდმა.

– რა თქმა უნდა, – განაგრძო მან, – ძალიან მიხარია, ის კი არადა, აღფრთოვანებული ვარ. ხომ იცი, რასაც ვგულისხმობ – გაცილებით გამიადვილდება ყველაფერი, რეგის გამო ძალიან უბედურად ვგრძნობდი თავს. ის ისეთი საყვარელია... სინკლერს სულ ამას ვეუბნებოდი – რეგი ამას ვერ გადაიტანს-მეთქი, მან კი დაიჩემა, – რეგი ხელად შეეჩვევა თავის მდგომარეობასო. როგორც ჩანს, მართალს მეუბნებოდა. ორიოდე დღის წინ რეგი ისეთი გულგატეხილი ჩანდა, ახლა კი, ხომ ნახე, ეს გოგო ჩამოიყვანა აქ! როგორც გითხარი, ძალიან მართობს ეს ამბავი, მსიამოვნებს, რეგი რომ კარგად გრძნობს თავს.

– საბრალოს, ალბათ, ეგონა, იეჭვიანებდი.

– რა სისულელეა! ვუთხარი, რა თქმა უნდა, წამოიყვანე შენი მეგობარი-მეთქი. საბრალო რეგი, ჰგონია, ასეთ გოგოს მოეწონება. ეს გოგონა, ალბათ, თავს ირთობს.

– ძალიან მომხიბვლელია, – თქვა მისის მასინგტონმა, – მისი სილამაზე თითქმის სახიფათოა, ხომ ხვდები, რისი თქმაც მინდა. ეს ისეთი გოგოა, მხოლოდ კაცები რომ აინტერესებს. თუმცა, რა ვიცი, იქნებ კარგი გოგოცაა.

– არ ეტყობა, – თქვა მისის უეიდმა.

– რატომ? მშვენივრად აცვია, – თქვა მისის მასინგტონმა, – ძალზე ძვირფასად. – მდიდრულად, მას მეტისმეტად მდიდრული იერი აქვს. აი, აქეთ მოდიან.

მადლენ დე სარა და რეგი უეიდი მდელოზე მოსეირნობდნენ. საუბრობდნენ, იცინოდნენ და ძალიან ბედნიერები ჩანდნენ. მადლენი შეზლონგში ჩაესვენა, თავიდან ბერეტი მოიძრო და მშვენიერ შავ კულულებზე ჩამოისვა ხელი. მართლაც რომ, ლამაზი იყო.

– რა საუცხოო იყო! – წამოიძახა მან. – ძალიან მცხელა. ალბათ, საშინლად გამოვიყურები.

– თქვენ... თქვენ... – გაიცინა რეგი უეიდმა, – ვერც კი გამოვთქვამ, როგორ გამოიყურებით.

მადლენის თვალები მისას შეხვდნენ, გოგონას თვალები ერთთავად თანაგრძნობას გამოხატავდნენ. მისის მასინგტონმა მაშინვე შეამჩნია ეს.

– გოლფი უნდა ითამაშოთ, – უთხრა მადლენმა მისის უეიდს, – იმდენ სიამოვნებას კარგავთ. რატომ არ სწავლობთ? ერთი მეგობარი მყავდა. ისწავლა და მშვენივრადაც თამაშობდა, თუმცა, თქვენზე გაცილებით უფროსი იყო.

– ასეთი რამეები არ მაინტერესებს, – თქვა აირისმა ცივად.

– სპორტული თამაშები არ იცით? საშინელებაა! უმაგისოდ, ასე მგონია, ყველაფერს ჩამორჩენილი ვიქნებოდი. თუმცა, მისის უეიდ, ახლა ისე კარგად წვრთნიან, რომ თითქმის ყველა მშვენივრად სწავლობს. შარშან, ზაფხულის ბოლოს, უკვე კარგად ვთამაშობდი ჩოგბურთს. გოლფში კი, ვშიშობ, მთლად უიმედო ვარ.

– სისულელეა! – თქვა რეგიმ. – ცოტა ვარჯიში გჭირდება. ხომ ხედავდი, როგორ იღებდი დღეს იმ დარტყმებს.

– ეს იმიტომ, რომ შენ მაჩვენებდი, შესანიშნავი მასწავლებელი ხარ. ბევრს საერთოდ არ ეხერხება ახსნა. ნიჭი გაქვს. ნეტა შენნაირი ვიყო, ყველაფერი გეხერხება.

– სისულელეა. არაფერშიც არ ვვარგივარ, – შეცბა რეგი.

– თქვენ უნდა ამაყობდეთ თქვენი ქმრით, – მიუბრუნდა მადლენი მისის უეიდს, – როგორ მოახერხეთ ამდენი ხანი მისი შენარჩუნება? ალბათ, ძალიან ჭკვიანურად და მოხერხებულად იქცეოდით… თუ სადმე გყავდათ გადამალული?

მისის უეიდს პასუხი არ გაუცია. აკანკალებული ხელით წიგნი აიღო. რეგიმ წაიბუტბუტა, ტანზე გამოვიცვლიო და წავიდა.

– რა კეთილი ხართ, აქ რომ მომიწვიეთ, – უთხრა მადლენმა მისის უეიდს. – ზოგი ქალი ქმრის მეგობრებზე ეჭვიანობს ხოლმე. მე ეჭვიანობა სისულელედ მიმაჩნია. თქვენ?

– მეც არასოდეს მომსვლია თავში აზრად რეგიზე მეეჭვიანა.

– რა კეთილშობილური საქციელია თქვენი მხრივ! იცით, იგი ქალებს აშკარად ძალიან მოსწონთ. კინაღამ გავგიჟდი, რომ გავიგე ცოლიანიაო. ნეტავ რატომ ხდება, სიმპათიურ მამაკაცებს ახალგაზრდობაშივე რომ დაიტაცებენ ხოლმე?

– მოხარული ვარ, რეგი რომ გესიმპათიურებათ, – დაცინვით უთხრა მისის უეიდმა.

– დიახ, მართლაც რომ ძალიან სიმპათიურია! ასე კარგია გარეგნულად და საოცრად კარგად თამაშობს ყველაფერს. თან, თავი ისე უჭირავს, ქალებს ზედაც არ უყურებს. ეს კი ჩვენზე, ქალებზე, ხომ იცით, როგორ მოქმედებს.

– ალბათ, ბევრი მეგობარი კაცი გყავთ, არა? – ჰკითხა მისის უეიდმა.

– ოჰ, დიახ, ქალებს კაცები მირჩევნია, ქალებს რატომღაც თვალში არ მოუდივართ. ვერ გამიგია, რატომ.

– იქნებ იმიტომ, რომ მეტისმეტად კარგად ექცევით მათ ქმრებს. ამაზე არასოდეს გიფიქრიათ? – ეშმაკურად გაიცინა მისის მასინგტონმა.

დასასრული შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

24-30 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული