რომანი და დეტექტივი

გლობალმენი

№45

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 16.11

რომანი
დაკოპირებულია

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #44 (1244)

დღის 2 საათი იყო, გული ცუდს მიგრძნობდა. ჰაერზე გავედი და ყველაფრის გააზრებას შევუდექი. იმაზე ვფიქრობდი, თუ საიდან შეიტყო ვოილსმა ჩვენი საუბრის შინაარსი. ბოლოს კი ვიფიქრე, ჩიპი ხომ არ ჩაგვიკერეს სხეულში-მეთქი. ამ აზრამდე კი იმიტომ მივედი, რომ პროექტის დაწყება ვოილსის ბინაში აღვნიშნეთ. იქ მე და ბრიუსი ვიმყოფებოდით. ერთ მომენტში გონება დამებინდა და გავითიშე. ხოლო, როცა გამოვფხიზლდი, სავარძელში ვიჯექი და ხელში ვისკით სავსე ჭიქა მეკავა. ცოტა კისრის მარჯვენა მხარე მტკიოდა, მაგრამ მალევე გამიარა. იმავე მდგომარეობაში იყო ბრიუსიც... ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩემი ეჭვების შემოწმება გადავწყვიტე. მეგობარი მყავს ერთი – ჯეიმს კორი. ფებეერელია და ვთხოვე, „ჟუკების“ აღმომჩენი სპეციალური მოწყობილობით შევემოწმებინე და სასწრაფოდ გავეშურე მასთან. ჯეიმსმა შემამოწმა და მითხრა:

– კისრის მარჯვენა მხარეს გაქვს ჩიპი-ამპულა ჩადგმული. შპრიცით შეჰყავთ და იმდენად პატარაა, რომ ვერაფერს გრძნობ. ამოგიღებ.

ჯეიმსმა ამპულა სპეციალური მოწყობილობით ამომაძრო და მითხრა:

– ასეთი ამპულებს ჩვენს აგენტებს უდგამენ, რომ ცენტრთან ჰქონდეთ კავშირი. ეს მოწყობილობა ხმას იჭერს და რადიოსიგნალს გადმოსცემს შენი ადგილმდებარეობის შესახებ. უნდა ვთქვა, რომ ამის გამოყენება კანონით მკაცრადაა შეზღუდული და წესით, მე გამოძიება უნდა დავიწყო.

– არაა საჭირო, – ვუთხარი ჯეიმსს და ჩიპი გამოვართვი. ტუალეტში შევედი, უნიტაზში ჩავაგდე და წყალი ჩავუშვი.

– რას შვრები? ნუთუ არ გაინტერესებს, ვინ ჩაგისვა ეს ჩიპი? – გაოცდა ჯეიმსი.

– ვიცი, ვინც ეს გააკეთა. მეჩქარება, ჯეიმს, შეგეხმიანები, – ვუთხარი კორს და სასწრაფოდ წამოვედი მისგან.

ქუჩაში რომ გავედი, ბრიუსს დავურეკე,

– გისმენთ, – მიპასუხა უცხო ხმამ.

– ვინ ბრძანდებით? – ვიკითხე მე.

– სასწრაფოს ექიმი ვარ. ამ ტელეფონის პატრონი საავადმყოფოში მიგვყავს, გულის შეტევა აქვს და მძიმე მდგომარეობაშია.

მე ტელეფონი გავთიშე. უახლოესი ბანკომატიდან ათი ათასი დოლარი გამოვიტანე და სახლის ნაცვლად გარეუბანში გავემგზავრე. იქ ერთი კვირით ბინა ვიქირავე და ოთახში შესვლისთანავე ტელევიზორი ჩავრთე. ახალ ამბებს გადმოსცემდნენ. სწორედ იქიდან შევიტყვე, რომ ბრიუს ლოტე სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა ინფარქტით. ეს კი აბსურდი იყო. საცოდავი ბრიუსი იმ ჯგუფის შეკვეთით მოკლეს, რომელსაც ვოილსი წარმოადგენდა. ჯერი ჩემზე იყო, მაგრამ დროზე მოვახერხე ჩიპის აღმოჩენა და გადაგდება. თუმცა, ისიც აშკარა იყო, რომ ტოტალურ ძებნას დამიწყებდნენ და მეც ლოტეს ბედს გავიზიარებდი. ამიტომ, ძალიან სწრაფად და ოპერატიულად დავიწყე მოქმედება. არ დამიყოვნებია. ნიუ-იორკის პორტში ერთი ტანკერის თანამშრომელს შევუთანხმდი, რომ არალეგალურად გადავეყვანე ოკეანის გაღმა და ამ საქმეში მას 5 ათასი დოლარი გადავუხადე. თუმცა, არანაირი გარანტია არ მქონდა იმის, რომ ეს კაცი არ გამამჟღავნებდა. ან, სულაც არ მომკლავდა და შუა ოკეანეში არ ჩამაგდებდა. თუმცა, გამიმართლა. ჰამბურგის პორტამდე მშვიდობით ჩავაღწიე. იქიდან კი სხვადასხვა არალეგალური გზებით ჩამოვედი თბილისში და პირდაპირ გურამ მესხს მივადექი.

ჩემი გაუჩინარებიდან ათი დღის შემდეგ ერთ-ერთმა ცნობილმა ტელეკომპანიამ კადრები აჩვენა. მათზე ავარია იყო აღბეჭილი. ნიუ-იორკის ერთ-ერთ გზატკეცილზე უორენ ვოილსის მსუბუქი ავტომობილი უზარმაზარ ტრაილერს შეეჯახა და მძღოლი და ვოილსი ადგილზევე დაიღუპნენ. დარწმუნებული ვიყავი, რომ ვოილსისნაირი ადამიანები ასე უბრალოდ არ იღუპებიან ავტოკატასტროფაში. სავარაუდოდ, ეს ყველაფერი იმ ჯგუფის მიერ იყო მოწყობილი, ვისაც ვოილსი წარმოადგენდა. ჩემი აზრით, უოლსის სიკვდილი იმით იყო გამოწვეული, რომ მან ბოლომდე ვერ შეასრულა თავისი პატრონების დავალება და ამის მთავარი მიზეზი კი მე ვიყავი.

– ესენი ასე მარტივად არ გაჩერდებიან, გურამ, – ვუთხარი ჩემს მასპინძელს.

– გეთანხმები, – ვთქვი მე და დავაყოლე, – გამოსავალი უნდა მოვძებნო.

– რას გულისხმობ.

– პირველ რიგში, აქედან უნდა წავიდე, რომ საფრთხე აგარიდო.

– პირველ რიგში, ეგ სისულელე ამოიგდე თავიდან. ვფიქრობ, სხვა გამოსავალი უნდა გამოვნახოთ.

– კონკრეტულად?

– კონკრეტულად ის, რომ ამ ჯგუფთან უნდა წახვიდე შეთანხმებაზე და მყარი გარანტიები მიიღო, რომ ხელს არ გახლებენ, თუკი ხმას არ ამოიღებ.

– პირად კონტაქტზე წასვლას მთავაზობ?

– რა თქმა უნდა, არა. საამისოდ ხომ „ფეისბუქი“ არსებობს, – მითხრა გურამმა.

მე უკვე ერთი თვის განმავლობაში არ მიაქტიურია „ფეისბუქით“ და ჩავრთე. პოსტი გამოვაქვეყნე, სადაც გაზიარებული მქონდა ვოილსის დაღუპვის კადრები. ეს კი იმის ნიშანი იყო, რომ ჩემი პერსონით დაინტერესებული ჯგუფი დამკონტაქტებოდა. შედეგმა არ დააყოვნა და ვინმე „გლობალმენმა“ პირადში მომწერა, რომ შესაბამის ანგარიშზე (ეს ანგარიში იქვე იყო მიწერილი, ბანკის დასახელებასთან ერთად) რვაასი ათასი დოლარი იყო ჩარიცხული, ანუ ის თანხა, რომელიც მე ადრევე მქონდა და მხოლოდ 10 ათასი გამოვიტანე ნიუ-იორკიდან გამოქცევის წინ. თანხის გამოტანა შემეძლო მხოლოდ და მხოლოდ იმ კოდის წარდგენით, რომელიც იქვე იყო აღნიშნული. ამიტომ არც პასპორტი მჭირდებოდა და არც პირადობის დამადასტურებელი რაიმე საბუთი.

– შენი იქ მისვლა დიდ რისკთანაა დაკავშირებული, – მითხრა გურამმა და დააყოლა, – ჯერ ერთი, რომ გაამჟღავნებ, რომელ ქვეყანაში ხარ და შენი ძებნის არეალი დაკონკრეტდება. მერე კი შეიძლება, მოგკლან და ამისი დიდი ალბათობაა.

– არც ვაპირებ, – ვუთხარი გურამს და დავაყოლე, – მე ხაფანგში არ გავყოფ თავს.

– მოდი, ასე მოვიქცეთ, – მითხრა გურამმა და დააყოლა, – რადგან ეს კოდი მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში დაუბრკოლებლად მოქმედებს, ასე ვქნათ, მე და ჩემი ნათესავი თურქეთში გავემგზავრებით და იქიდან შევეცდებით კონტაქტის დამყრებას ამ „გლობალმენთან“.

– ანუ საკუთარ თავსა და შენს ნათესავს დარტყმის ქვეშ აყენებ? არა, არ მაწყობს! – ვთქვი მე.

– პატარა რისკი, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ ჩიტი ბდღვნად ღირს.

– მაშინ, მე გავრისკავ.

– სისულელეს ამბობ. შენ, დიდი ალბათობით, ეგრევე მოგკლავენ. სხვას კი არა. რა, ამდენი არ გესმის?

გურამი და მისი ნათესავი სტამბოლში გაემგზავრნენ და უკან რომ დაბრუნდნენ, გურამმა მითხრა:

– „გლობალმენი“ მყარ გარანტიას იძლევა, რომ ყოველმხრივ დაიცავს შეთანხმებას, თუკი შენ სიტყვასაც არ დაძრავ ამ ყველაფერზე.

– კონკრეტულად?

– ყველაფერ იმაზე, რაც შენ მე მომიყევი. ისინი გვთავაზობენ, საიდუმლო ლაბორატორიას, ვაქცინებზე მუშაობას და ვოყველმხრივ ხელშეწყობას. შენ წარმოიდგინე, ნობელის პრემიასაც კი გპირდებიან და რას იტყვი, არ ხარ თანახმა?

გურამის პატიოსნებაში რომ შემპარვოდა ეჭვი, ვიფიქრებდი, ის მოისყიდეს-მეთქი, თუმცა ეს გამორიცხული იყო. ამიტომ მას ვუთხარი:

– ნუთუ ისეთი მიამიტი ხარ, რომ მათი გჯერა?

ამ სიტყვების თქმა იყო და გურამის სახლში მწვავე სუნი დადგა და გავითიშე. ხოლო თვალი რომ გავახილე, დავინახე, რომ მე და გურამი სავარძლებში ვისხედით. ჩვენ წინ ექვსი კუნთმაგარი მამაკაცი იდგა. შუაში კი ნორმან ბრეიდი და გვაკვირდებოდა. რომ დაინახა, აზრზე მოვედით, გვითხრა:

– როგორც იქნა, გამოფხიზლდით. ერთი გაფიქრება, მეგონა, რომ მეტი დოზა მოგვივიდა, მაგრამ ახლა ვხედავ, რომ ყველაფერი რიგზეა.

– აქ როგორ აღმოჩნდით? – იკითხა გურამმა.

– თურქეთიდან მიკროჩიპი გამოგაყოლეთ და მოგაგენით. ეს არცთუ ისე რთული საქმეა, – გაეცინა ბრეიდს. მე კი ვთქვი:

– ჩიპები, ისევ ჩიპები... ვეღარ გავცდით ამ ჩიპებს.

– მისტერ ჯორჯ, სიმართლე გითხრათ, თქვენი ლიკვიდაცია არც არავის გვინდოდა. მით უმეტეს, ახლა, როცა ჩვენს ხელთ ხართ და თანამშრომლობას გთავაზობთ. მხოლოდ ხელშეკრულება უნდა დაგვიდოთ, რომ თქვენი მოღვაწეობის შესახებ არავის არაფერს ეტყვით.

– თუ ვიტყვი, ჩიპებით შეიტყობთ, ხომ?

– არავითარი ჩიპები, – ხელები გაასავსავა ბრეიდმა და დაამატა, – სრულიად თავისუფალი იქნებით. უბრალოდ, სიტყვა არ უნდა დაძრათ თქვენი საქმიანობის შესახებ, ესაა და ეს.

– და მაინც, რა უნდა გავაკეთო?

– გააკეთოთ, – მითხრა ბრეიდმა. გურამზე მიმანიშნა და დააყოლა, – ორივეს გთავაზობთ სამუშაოს. თქვენი ტანდემი მსოფლიოში საუკეთესოა.

– მსოფლიოში საუკეთესო ტანდემს მსოფლიო ბოროტებისთვის გამოიყენებთ, ხომ? – ირონიით თქვა გურამმა. და მომიბრუნდა, – ბოდიში, საიმონ, ჩემი ბრალია, რომ ასე მოხდა. თურქეთში არ უნდა გავმგზავრებულიყავი და საიმედოდ უნდა გადამემალე.

– მისტერ გურამ, – თქვა ბრეიდმა, – მაინც გიპოვიდით. თქვენ ძებნის ერთ-ერთი მიმართულება იყავით. ასე რომ, საკუთარ თავს ნურაფერში ადანაშაულებთ. ჯობია, დაგვეთანხმოთ. აი, ეს თანხა კი ავანსია. აქ ხუთასი ათასი დოლარია.

– წინააღმდეგი ვარ! – მივახალე ბრეიდს. გურამმა კი თვალი ჩამიკრა და უთხრა:

– სადაა ჩვენი თავისუფლების გარანტია? – რა ვიცით, იქნებ აქედან გაგვიტყუოთ და სადმე უკვალოდ აგვაორთქლოთ?

ბრეიდს გაეცინა და თქვა:

– ახლა რა გვიშლის ამაში ხელს?

– არაფერი, – თქვა გურამმა.

– მართალია. არაფერი. ამიტომ, ჯობია, ჩვენს წინადადებას დათანხმდეთ.

– სად უნდა ვიმუშაოთ, შტატებში? – იკითხა გურამმა.

– შეგიძლიათ, აქაც. თბილისის მახლობლად ხომ ჩვენი ლაბორატორიაა და იქ გაგამწესებთ. თანაც საიდუმლო ბუნკერში. იქ, სადაც თითზე ჩამოსათვლელ ხალხს თუ აქვთ დაშვება.

– კარგი. მოვიფიქრებთ, – თქვა გურამმა. შემომხედა, კვლავ ჩამიკრა თვალი და მითხრა:

– მე მგონი, ურიგო წინადადება არაა. რას იტყვი, საიმონ?

აშკარა იყო, რომ გურამს რაღაც ჰქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ რა, არ ვიცოდი, ამიტომ ვუთხარი:

– კარგი. დილამდე მოვიფიქროთ.

– გესმით? – უთხრა გურამმა ბრეიდს, – დილით გეტყვით პასუხს. ახლა კი აქედან წადით.

– წავალთ, მაგრამ შორს ვერა. აქვე ვიქნებით, – თქვა ბრეიდმა. თავის ექვს მამაკაცს ანიშნა, მათთან ერთად ეზოში ჩავიდა და ყველანი მანქანებში მოთავსდნენ.

გურამმა და მე სხეული შევიმოწმეთ, ტანსაცმელი დავათვალიერეთ და გამოვიცვალეთ, რადგან ჩიპები სწორედ მათზე იყო მიმაგრებული. გურამმა ფანარი აიღო, შემდგომ კი ფრთხილად გააღო საიდუმლო ლაბორატორიის შენიღბული კარი, რომელიც ბუხარში იყო ჩამონტაჟებული და ფრთხილად ჩავედით ქვევით, გვირაბი გავიარეთ და ტყეში გავედით. ამის მერე, გორის გზატკეცილს დავადექით და გავემგზავრეთ იქ, სადაც ამერიკის ვერცერთი ძალოვანი სტრუქტურა ვერ მოგვაგნებდა. მართალია, „გლობალმენი“ ძალიან მძლავრი, ზესახელმწიფოებრივი სტრუქტურაა, მაგრამ არც მას ძალუძს ჩვენამდე მოსვლა.

ყველაფერი კალედოსკოპური სისწრაფით მოხდა. გადავკვეთეთ თუ არა საზღვარი, კომპეტენტურ პიროვნებას შევხვდით. მან კი უფრო მეტი კომპეტენციის ადამიანთან შეგვახვედრა და პირველი, რაც მოვითხოვეთ, ის იყო, რომ გურამის ცოლი და მისი შვილი, სიძე და შვილიშვილი უსაფრთხოების მიზნით გერმანიიდან ჩვენთან ჩამოეყვანათ. სულ რაღაც ათიოდე დღის შემდეგ კი უზარმაზარი მიწისქვეშა საიდუმლო ლაბორატორია ჩაგვაბარეს და მე და გურამი იქ ვმუშაობთ. რა თქმა უნდა, ჩვენი სამუშაოები გასაიდუმლოებულია და გაუთქმელობის აღთქმა გვაქვს დადებული, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ჩვენ გლობალურ ბოროტებას არ ვქმნით. პირიქით, „გლობალმენის“ მიერ კულტივირებულ ბოროტებას ვებრძვით.

დასასრული

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა