რომანი და დეტექტივი

გლობალმენი

№44

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 09.11

გლობალმენი
დაკოპირებულია

შუაღამე იყო, როდესაც გურამის კარ-მიდამოს მივადექი. კარგად მახსოვდა, სადაც ცხოვრობდა. მაგრამ, მაინც მეშინოდა, არ შემეშალოს-მეთქი და არ შემშლია... საათს დავხედე და ნიუ-იორკის დროით, 16 საათი და 05 წუთი იყო, ანუ, თბილისის დროის შუაღამიდან 5 წუთი იყო გადასული. თბილისსა და ნიუ-იორკს შორის მინუს რვა საათია განსხვავება. ამდენ დავიდარაბაში საათის გასწორება არც მიცდია. და აზრიც არ ჰქონდა, რადგან, სანამ საქართველოს დედაქალაქში ჩამოვიდოდი, უამრავი სასაათო სარტყელი გამოვიცვალე და ორიენტირი ნიუ-იორკის დროზე მქონდა დაჭერილი. ლოტკინის აღმართი ერთი ამოსუნთქვით ავიარე. ვიწრო ქუჩაზე შევუხვიე და უზარმაზარი ნაძვიც გამოჩნდა, რომელიც გურამ მესხის ეზოს ამშვენებდა. ჭიშკართან შევჩერდი, ამოვისუნთქე და ზარის მწვანე ღილაკს თითი დავაჭირე. ორიოდე წუთიც არ იყო გასული, რომ კარი გაიღო. ზღურბლზე გურამი გამოჩნდა, შემომხედა, არც კი გაჰკვირვებია ჩემი დანახვა. გამიღიმა და მითხრა:

– შემოდი!

მივხვდი, რომ რაღაცის საქმის კურსში იყო. უკან გავყევი. სახლში შევედით და მაშინღა ვუთხარი:

– გამარჯობა, გურამ.

– გაგიმარჯოს, საიმონ, – მითხრა გურამმა. გადამეხვია და დაამატა, – მარტო ვარ. ჩემი მეუღლე გერმანიაშია. შვილიშვილი შემეძინა და ჩვენს ქალიშვილთან გაემგზავრა დასახმარებლად. ასე რომ, ორნი ვიქნებით და ჩვენს თავს ჩვენ თვითონვე მივხედავთ.

– გილოცავ შვილიშვილს! – ვთქვი და დავამატე, – ჩემი ასეთი მოულოდნელი ვიზიტი არ გიკვირს?

– არანაირად, – თავი გააქნია გურამ მესხმა და დაამატა, – შენ წარმოიდგინე, გელოდებოდი.

– მელოდებოდი?

გურამს ჩაეცინა და მითხრა:

– საიმონ, ჯერ ის, რომ ბრიუს ლოტეს ინფარქტით სიკვდილი ისეთივე აბსურდია, როგორც არანარკომანის კაიფში გაპარვა. კიდევ ისიც, რომ არც ბრიუსის დასაფლავებას დასწრებიხარ, რადგან არცერთ კადრსა თუ ფოტოში არ ჩანხარ. მთავარი კი ისაა, რომ ერთი კვირაა, გაუჩინარდი და მოვლენათა ჯაჭვის ლოგიკურმა ანალიზმა იმ დასკვნამდე მიმიყვანა, რომ გაქცეული ხარ, იმალები და ეს ყოველივე ჩემთან მოგიყვანდა.

– გამოქცეული და მალვაში რომ ვარ, საიდან გაიგე?

– ნორმან ბრეიდს დავურეკე და ბრიუსის გარდაცვალება მივუსამძიმრე. ვუთხარი, რომ ჯერ შენ გირეკავდი, მაგრამ ტელეფონიც გამორთული გქონდა და არც „ფეისბუქზე“ აქტიურობდი. მან კი მიპასუხა: ძალიან დათრგუნულია. დასაფლავებაზეც არ ყოფილა. გარე სამყაროსთან თვითიზოლაციაშია მოქცეულიო... რომ არ გიცნობდე, შეიძლება, დამეჯერებინა კიდეც ბრეიდისთვის. მაგრამ, მივხვდი, რომ რაღაც ისეთი მოხდა, რამაც დამალვისკენ გიბიძგა. ისიც კი ვიფიქრე, ხომ არ მოკლეს ან გამოამწყვდიეს-მეთქი. თუმცა ესეც იმიტომ უარვყავი, რომ კარგად გიცნობ და გაქცევისა და დამალვის ვერსიაზე შევჩერდი. რა მოხდა სინამდვილეში?

ზუსტი ანალიზი იყო. გამეცინა და გურამს ვუთხარი:

– ბრეიდში ისედაც მეპარებოდა ეჭვი და შენი სიტყვების მერე დავრწმუნდი, რომ ისიც მათ საქმეშია. ასე რომ არ იყოს, მაშინ არ გეტყოდა – თვითიზოლაციაშიაო. ერთი სიტყვით, ჩემი ამბავი დაგიმალა და ამას არ გააკეთებდა, მათ თამაშს რომ არ თამაშობდეს.

– რა მოხდა? – გაიმეორა გურამმა.

– რომ მოგიყვე, შენც ჩემსავით სამიზნე გახდები და სიკვდილი დაგემუქრება.

– როგორც ლოტეს, ხომ? – დაამატა გურამმა.

– კი, როგორც ლოტეს.

– ისედაც უკვე ხიფათის ქვეშ ვარ. როგორ ფიქრობ, შენი მაძებრები ჩემზე არ გამოვლენ და აქ არ დაგიწყებენ ძებნას? მით უმეტეს, თუ როგორც შენ ამბობ, ბრეიდი მათ თამაშს თამაშობსო. თუმცა, ასეც რომ არ იყოს, აქ მაინც მოგძებნიან.

– ესე იგი, ტყუილად მოგადექი. ჩემი საშველი არ ყოფილა და შენც დიდი საფრთხის წინაშე დაგაყენე, – ვუთხარი გურამს. მას კი გაეცინა, თავი გააქნია და მითხრა:

– სულაც არა. სწორედ რომ, ჩემთან დაიმალები. სახლში საიდუმლო ბუნკერ-ლაბორატორია მაქვს და საფრთხის შემთხვევაში იქ ჩახვალ. იქაურობა ისე საიმედოდ მაქვს შენიღბული, რომ მთელი „ცეერუ“, „ფებეერი“, „მოსადი“ და ყოფილი „კაგებე“ რომ დაირაზმოს, მაინც ვერ აღმოაჩენენ. ახლა კი საქმეზე გადადი, მოყევი, რა შეგემთხვა.

გურამს დაწვრილებით მოვუყევი ყველაფერი.

***

ჩემი გაქცევის მიზეზი იყო ის, რაც ვნახე, მოვისმინე და გავაანალიზე.

მე – საიმონ ჯორჯი, პროფესიით სამხედრო ვირუსოლოგი ვარ და ვფლობ დოქტორის ხარისხს. ამ დარგში უზარმაზარი გამოცდილება მაქვს. ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა ვიყავი, როდესაც პენტაგონის დავალებით, ავღანეთში გავემგზავრე და საბჭოთა კოლეგებთან ერთად ვახორციელებდი უცნობი წარმოშობის ვირუსის კვლევას. ამასთან, უნდა მოგვეხდინა მისი ლოკალიზაცია. სწორედ მაშინ გავიცანი გურამ მესხი და ჩვენს მეგობრობას იმ დროს დაედო სათავე. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც კომუნისტებს ავღანეთიდან ჯარები გამოჰყავდა და საბჭოთა კავშირი მალევე დაიშალა. გურამი უკვე დამოუკიდებელი საქართველოს სახელით გამოგზავნეს ამერიკის შეერთებულ შტატებში და ჩვენ 5 წლის განმავლობაში გვერდიგვერდ ვიმუშავეთ ნიუ-იორკის ვირუსოლოგიის ლაბორატორიაში. მე ხუთჯერ ვიყავი ჩამოსული საქართველოში. ყოველთვის გურამთან ვცხოვრობდი და როგორც ქართველებს სჩვევიათ, პატივისცემა და ყურადღება არ მომკლებია. მოკლედ, უხლოესი მეგობრები გავხდით. ზემოთ ნახსენები ბრიუს ლოტე და ნორმან ბრეიდი ჩემი ხელქვეითები იყვნენ და გურამი მათაც ძალიან კარგად იცნობდა.

ეს ისტორია კი პანდემიამდე ერთი წლით ადრე დაიწყო. გურამი იმ წელს ნიუ-იორკში იმყოფებოდა 6 თვით და ერთად ვმუშაობდით ლაბორატორიაში, რომელიც მდინარე ჰუძონის ქვეშ, 45 მეტრის სიღრმეზე განლაგებული ბუნკერებშია მოწყობილი. გურამი რომ სამშობლოში გამოემგზავრა, აეროპორტში მე გავაცილე. უკან რომ დავრუნდი, მობილურზე ნორმან ბრეიდიმ დამირეკა და მითხრა:

– მისტერ საიმონ, თქვენი ნახვა სურთ და შეგიძლიათ, ლაბორატორიაში მოხვიდეთ?

საკმაოდ დაღლილი ვიყავი, თანაც უკვე შუაღამე იყო და ბრეიდს ვუთხარი:

– ზეზეულად მეძინება, ისეთი დაღლილი ვარ და იქნებ ხვალისთვის გადავდოთ შეხვედრა. მაინც ვინ მკითხულობს?

ტელეფონში უცნობი მამაკაცის ხმამ მითხრა:

– საღამო მშვიდობისა, მისტერ ჯორჯ.

– უფრო ღამე მშვიდობისა, – ვთქვი მე და დავამატე, – ვის ველაპარაკები?

– ჩემი სახელი თქვენ არაფერს გეტყვით. მე უორენ ვოილსი ვარ.

– გისმენთ, მისტერ ვოილს. რაშია საქმე, რატომ გსურთ ასე სასწრაფოდ ჩემი ნახვა?

– თქვენთან სერიოზული და ძალიან საქმიანი წინადადება მაქვს. სერიოზული საქმეების გადადება კი არ შეიძლება. შეგიძლიათ, შემხვდეთ?

– კარგი, მოვალ, – ვთქვი და მობილური გავთიშე.

უორენ ვოილსი ორმოცდაათიოდე წლის, რესპექტაბელური მამაკაცი აღმოჩნდა. ის ფრაკში იყო გამოწყობილი, პირში უზარმაზარი სიგარა გაერჭო და მწველი თვალებით იმზირებოდა. ჩემს კაბინეტში, ჩემს სავარძელში ფეხი ფეხზე გადადებული იჯდა. მასპინძელივით იქცეოდა. რომ დამინახა, ზანტად წამოდგა, ხელი ჩამომართვა და მითხრა:

– მისტერ საიმონ, თქვენზე მითხრეს, მსოფლიოში საუკეთესო სპეციალისტიაო და გთავაზობთ იმ პროექტის ხელმძღვანელობას, რომელსაც ჩვენი ჯგუფი აფინანსებს. დაფინანსება, ანუ ხარჯები, შეუზღუდავი იქნება. თუმცა, შედეგიც ანალოგიური უნდა იყოს. რას იტყვით, თანახმა ხარ?

უორენ ვოილსის სიტყვები საკმაოდ დამაჯერებლად ჟღერდა. თუმცა, მას არაფერი არსებითი უთქვამს, გარდა იმისა, რომ შეუზღუდავი ფინანსები გვექნებოდა და შედეგიც ასპროცენტიანი უნდა ყოფილიყო. ხოლო, რა უნდა გაგვეკეთებინა და რას წარმოადგენდა იყო ის იდუმალი ჯგუფი, ვინც ფულს იხდიდა, უცნობი იყო. ამიტომ ვოილსს ვუთხარი:

– მისტენ ვოილს, შეუზღუდავი დაფინანსება, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია და ამის წყალობით, ბევრი რამის მიღწევაა შესაძლებელი. თუმცა, არც შემკვეთი გითქვამთ ვინაა და რაც მთავარია, არც ის, თუ რას გვიკვეთავთ.

ვოილსმა გამჭოლი მზერა მომაპყრო და მითხრა:

– ეგრევე გეტყობათ, რომ საქმიანი კაცი ხართ და ძალიან გონიერი. მე წარმოვადგენ, ეგრეთ წოდებულ, „გლობალ ჯგუფს“, ჩვენ კაცობრიული პრობლემების გადაწყვეტით ვართ დაკავებული თითქმის ყველა სფეროში. თქვენგან კი გვსურს, მივიღოთ იმის მოდელი, თუ გლობალური პანდემიის დროს როგორ ვმართოთ ეს პრობლემა. მარტივად რომ თქვათ, თქვენ უნდა შექმნათ ვირუსი და მისი საწინააღმდეგო ვაქცინა. ვირუსს უნდა შეეძლოს ძალიან მოკლე დროში გავრცელება. ვაქცინას კი – ძალიან მოკლე დროში პანდემიის შეჩერება. შეძლებთ?

– პრინციპში, შევძლებთ, მაგრამ რისთვისაა ეს საჭირო?

– თუნდაც იმისთვის, რომ გლობალური ტერორიზმის ლოკალიზება და ლიკვიდაცია მოვახდინოთ.

– კონკრეტულად?

– წარმოიდგინეთ აღმოსავლეთის რეგიონის რომელიმე ადგილზე ტერორისტული ჯგუფების დიდი კონცენტრაცია. ეს ჯგუფები გლობალურ მშვიდობას უქმნიან საფრთხეს. ჩვენ კი, როგორც მსოფლიო წესრიგის მამამთავრები, იძულებული ვართ, ეს საფრთხე გავანეიტრალოთ. ჯარის გაგზავნა დიდ მსხვერპლთანაა დაკავშირებული. ამიტომ იქ ვირუსებს ვავრცელებთ, ვაწყობთ ბიოლოგიურ საფრთხეს. ხოლო უდანაშაულოდ დაავადებულებს კი ვაქცინაციით გამოვაჯანმრთელებთ. რას იტყვით, როგორია?

– აბა, რა გითხრათ – მხრები ავიჩეჩე და დავამატე, – ქაღალდზე დაწერილი ყოველთვის ზუსტია, თუმცა, ნებისმიერი პრაქტიკული საქმე განსხვავებულია ხოლმე და წინასწარ ნამდვილად ვერ გეტყვით, რა და როგორ იქნება.

– გარწმუნებთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მთავარია, გვერდში დაგვიდგეთ და თანახმა თუ ხარ?

– თანახმა ვარ, – ვუთხარი უორენ უოლსს და ორი დღის შემდეგ მე და ჩემი ჯგუფი, უკვე შეუზღუდავი დაფინანსების პირობებში, ვახორციელებდით შეკვეთას...

ერთი სიტყვით, მე და ჩემმა ჯგუფმა შევქმენით, უფრო სწორად კი გავაუმჯობესეთ კორონავირუსის შტამი და მისი გასანეიტრალებელი ვაქცინაც მზად იყო. როდესაც ჩვენმა ნამუშევარმა ლაბორატორიული შემოწმება გაიარა, მთელი დოკუმენტაცია უორენ ვოილსს გადავეცით. მან მადლობა გადაგვიხადა, კონტრაქტით გათვალისწინებული თანხებიც ჩაგვირიცხა და პროექტი ამით დაიხურა. მე და ჩემმა ჯგუფმა კი ჩვეულებრივ რიტმში განვაგრძეთ საქმიანობა. თუმცა, სულ რაღაც 3 თვის შემდეგ მსოფლიო პანდემია დაიწყო. მთელი პლანეტა ჩაიკეტა და ჩვენ მიერ შექმნილმა კორონავირუსმა მთელი მსოფლიო მოიცვა... მოხდა ის, რაც მოხდა. პანდემია დასრულდა და სულ რაღაც ორი კვირის შემდეგ უორენ ვოილსი გამომეცხადა და მითხრა:

– როგორ ხართ, მისტერ ჯორჯ.

– არა მიშავს, მისტერ ვოილს.

– მეც კარგად ვარ, – თქვა ვოილსმა და დააყოლა, – მისტერ ჯორჯ, მე მგონი, საკმარისი თანხები გადაგიხადეთ თქვენი საქმიანობისთვის, მაგრამ თუ გეცოტავებათ, შეგვიძლია, ეს თანხა გაგიორმაგოთ.

თავდაპირველად ვერ მივხვდი, რას ნიშნავდა ვოილსის სიტყვები და ვკითხე:

– ვერაფერს ვხვდები, მისტერ ვოილს.

– საიმონ, – ვოილსმა მეგობრულად დამადო მხარზე ხელი და დაამატა, – როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენ მიერ შექმნილ ვირუსს ჩვენი ჯგუფი პირადი ინტერესებისთვის, ბოროტად და ხალხის საზიანოდ ვიყენებთ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ამიტომ, იქნებ სხვაგვარად მიუდგეთ ამ საკითხს, რაც არ უნდა იყოს, ეს ყოველივე ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებშია და ამის წინააღმდეგ წასვლა არავის არაფერ კარგს არ მოუტანს.

საქმე ის იყო, რომ მე და ბრიუს ლოტეს კონფიდენციალური საუბარი გვქონდა ღია სივრცეში, ნიუ-იორკის ერთ-ერთ სკვერში. იქ ჩვენ ვგმობდით შემკვეთებს. მიგვაჩნდა, რომ ეს ხალხი ბოროტად იყენებდა ამ ჩვენს ნაშრომს. დაგეგმილი გვქონდა, საჯაროდ განგვეცხადებინა და ეს ყველაფერი მთელი მსოფლიოსთვის გვეცნობებინა. ერთი სიტყვით, ვოილსმა სიტყვასიტყვით გადმოგვცა ჩემი და ლოტეს პირადი საუბარი. ორი ვარიანტი იყო – ან ვოილსს ეს ყველაფერი ბრიუსმა მოუყვა, რაც გამორიცხული იყო, ან, უბრალოდ, გვისმენდნენ. თუმცა, ჩვენი საუბარი ღია სივრცეში მიმდინარეობდა... ეს ყველაფერი რომ გავიაზრე, ვოილსს ვუთხარი:

– იცით, თქვენ ჩვენ გამოგვიყენეთ თქვენი შავბნელი მიზნებისთვის. ერთი სიტყვით, მოგვატყუეთ და ეს საქმე არანაირი სახელმწიფო ინტერესებისთვის არ გაკეთებულა. ამით გარკვეული ჯგუფი სარგებლობს, რომელიც შეფარულ დანაშაულს სჩადის. ამიტომ, არ ვაპირებ დუმილს და ვერანაირი კორუფციული გარიგებით ვერ მომისყიდით.

– მისტერ ჯორჯ, ახლა თვქვენ აღელვებული ხართ და გირჩევთ, დამშვიდდეთ და კარგად გაიაზროთ ყველაფერი. მოგვიანებით შევხვდებით.

– თქვენთან სალაპარაკო აღარაფერი მაქვს. მშვიდობით! მიბრძანდით აქედან! – ვუთხარი ვოილსს და ჩემი კაბინეტიდან გავაგდე.

ცოტა ხნის შემდეგ ბრიუსი ვიხმე და ყველაფერი მოვუყევი. მან კი მითხრა.

– ნაძირლები! დღესვე დავუკავშირდეთ ტელეკომპანიებს და ყველაფერი პირდაპირ ეთერში მოვყვეთ.

ერთი სიტყვით, შევთანხმდით. ამ დროს ბრიუსს ბანკიდან დაურეკეს და სთხოვეს, რომ ათიოდე წუთით მისულიყო რაღაც პრობლემის აღმოსაფხვრელად, რომელიც მის საკრედიტო ბარათს ეხებოდა.

– მოკლედ, შევთანხმდით. მე მალე დავრუნდები და ტელეკომპანიებთან კომუნიკაციას შევუდგეთ, – მითხრა ბრიუსმა და წავიდა.

დასასრული შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა