რომანი და დეტექტივი

გიჟი

№5

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 10.02

გიჟი
დაკოპირებულია

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #4 (1204)

ეს „მალე გამოსვლა“ კი ექვსი თვე გაიწელა და რომ არა ჩემი ცხონებული მეუღლის და, ბარბარე, სტალბერ პაპას ხელში ამომხდებოდა სული. ბარბარე უმაღლესი კვალიფიკაციის ექსპერტ-კრიმინალისტი იყო. „ეფბეერის“ აკადემია ჰქონდა დამთავრებული. ამერიკელი მეუღლე ჰყავდა და შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა და მუშაობდა. ბარბარე წელიწადში ერთხელ ჩამოდიოდა თბილისში და ჩვენთან ცხოვრობდა სამი კვირა. ყოველკვირა კი ერთმანეთს სკაიპით ველაპარაკებოდით და კონტაქტს არ ვწყვეტდით. საგიჟეთში ჩემი ყოფნის მეხუთე თვე რომ დაიწყო, სიკომ მითხრა – პაემანზე გეძახიანო. გამიკვირდა. წინა დღით ეთერი იყო ჩემთან და მხოლოდ შემდეგ კვირას უნდა მოსულიყო. სხვა კი არავინ მაკითხავდა. პაემნის ოთახში რომ შევედი და ბარბარე დავინახე, სიხარულზე მეტად გაოცება დამეუფლა. ჩემს საყვარელ ადამიანს გადავეხვიე და ვუთხარი:

– ხომ მშვიდობაა? წესით, აგვისტოში უნდა ჩამოსულიყავი და მოხდა რამე?

– რა, არ გაგიხარდა ჩემი ჩამოსვლა? – ისე თბილად მკითხა ბარბარემ, რომ გადავეხვიე და თვალცრემლიანმა ვუპასუხე:

– რას ამბობ, გოგო, როგორ არა! უბრალოდ, გამიკვირდა. შენ ხომ მკაცრად გაწერილი გრაფიკი გაქვს.

– შენ გამო ვარ აქ. სამი დღის წინ ჩამოვფრინდი და მაშინვე ჩავერთე საქმეში.

– ჩემ გამო? ეთერმა მოგიყვა, ხომ, ჩემი ამბავი?

– არა, – თავი გააქნია ბარბარემ და დაამატა, – ეთერმა სიმართლე არ მითხრა. მომატყუა და სწორედ ამან დამაეჭვა. არც ეთერმა და არც ანიკომ არ იციან ჩემი ჩამოსვლის შესახებ. ერთკვირიანი შვებულება ავიღე ყველაფრის გასარკვევად. ინკოგნიტოდ ჩამოვედი.

– მაინც, რამ დაგაეჭვა. რა მოგატყუა ეთერმა?

– თავად ეთერმა რაც მომიყვა, ეს პოლიციის ოქმითაც დასტურდება.

– შენ რა, პოლიციის ოქმსაც გაეცანი?

– ჰო. გავეცანი. ნუ მაწყვეტინებ და მომისმინე, – თქვა ბარბარემ და განაგრძო, – მერე, სკაიპით რომ ველაპარაკებოდი, შენზე მეუბნებოდა, გონებაზე არაა, ცნობიერება აქვს დარღვეული და არავის ნახვა არ უნდა. ანიკოც კი არ ახსოვს და ვერც მე მცნობსო. ანიკოც იმავეს მიდასტურებდა, თუმცა ნანახიც არ ჰყავდი. სწორედ ამან დამაეჭვა. ახლა კი, როგორც შეგხედე, დავრწმუნდი, რომ ჩემი ეჭვები გამართლდა. ამ საქმის სპეციალისტი ვარ, ყოველდღიური შეხება მაქვს შეშლილებთან და გამორიცხულია, რომ ასეთი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ადამიანს ერთხელ მაინც არ დაბრუნებოდეს ცნობიერება და თავისი შვილის ნახვის სურვილი არ გაუჩნდეს. მით უმეტეს, შენ კარგად გიცნობ და მივხვდი, რომ საქმე სხვა რაღაცაშია. შენ ის მითხარი, აქ მწვანე, ცილინდრის ფორმის აბებს ხომ არ გასმევენ?

პიჟამას ჯიბიდან აბი ამოვიღე, ბარბარეს ვუჩვენე და ვუთხარი:

– ამას?

ბარბარემ სწრაფად გამომართვა აბი. ჯიბეში ჩაიდო და თავი დამიქნია. შემდეგ მკითხა:

– რა სიხშირით გასმევენ?

– დღეში ერთხელ მაძლეენ და მხოლოდ ერთი კვირა ვსვი, თავიდან. შემდეგ კი ენის ქვეშ ვმალავდი და ტუალეტში ვყრიდი. პაემანზე რომ დამიძახეს ზუსტად ტუალეტში ვაპირებდი შესვლას და ვერ მოვასწარი.

– ძალიან კარგი, რომ ვერ მოასწარი ამ საზიზღრობის გადაგდება. საქმეში ჩავდებ.

– ისეთი, რა აბია?

– რა და ცნობიერების დასაბინდი საშუალება. სრულიად ჯანმრთელ ადამიანსაც რომ რეგულარულად პატარ-პატარა დოზები დაალევინო, ექვსი თვის შემდეგ ჯერ შეუქცევადი გიჟი ხდება, შემდგომ კი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს. როგორც ეტყობა, შენც ამისთვის გამზადებდნენ და კიდევ კარგი, რომ დროზე მოგისწარი.

– მამზადებდნენ, ვინ და რატომ? ვის რა დავუშავე? – ვერ მივხვდი და მხრები ავიჩეჩე.

– ამას სულ მალე გავარკვევ. ნუ გავუსწრებთ მოვლენებს და ყველაფერს მეთოდურად მივყვეთ. შენ კი არაფერი შეიმჩნიო. ისევ ისე გააგრძელე, როგორც ადრე და მაქსიმუმ, ორ თვეში ეს კოშმარი დასრულდება. მე აქ კიდევ ოთხი დღე დავრჩები ინკოგნიტოდ, შემდეგ ამერიკაში გავემგზავრები და ერთ თვეში დავბრუნდები. ეთერთან არც კი დაგცდეს, რომ შენს სანახავად ვიყავი. მას მოახსენებენ, რომ ვიზიტორი გყავდა და უთხარი, რომ საქველმოქმედო; არასამთავრობო ორგანიზაციიდან ვიყავი და გეკითხებოდი, თუ როგორ პირობებში გამყოფებენ. ამათმა ასე იციან ჩემზე და ჩემი ნამდვილი ვიზიტის მიზანზე არაფერი უწყიან. ახლა კი წავედი. აბა, შენ იცი, ჩემო ლამაზო და მაგრად იყავი!

როგორც კი ბარბარე წავიდა, სტალბერ პაპამ თავის კაბინეტში მიხმო, ტატიანაც იქ იმყოფებოდა და ჩვენს საუბარს ყურადღებით ისმენდა. ანარეკლაშვილმა დაწვრილებით გამომკითხა ბარბარესთან საუბრის შინაარსი და რომ დარწმუნდა, „ენჯეოშნიკისთვის“ ზედმეტი არაფერი მითქვამს, პალატაში გამოისტუმრა.

მომდევნო დროის განმავლობაში, რაც მე ფსიქიატრიულ კლინიკაში გავატარე, იმ დასკვნამდე მივედი, რომ ჩემი გაგიჟებისა და მოკვლის მცდელობაში ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი ჩემი ნახევარდა, ეთერ წითლიძე იყო. ეს ასეც აღმოჩნდა. თუმცა ამ ისტორიას უფრო ღრმა და შორეული ფესვები აღმოაჩნდა და საბოლოოდ ძალიან სერიოზული დანაშაული გაიხსნა. მასში არაერთი ქვეყნის მოქალაქე ფიგურირებდა და მათ შორის ქართველებიც.

ბარბარეს ვიზიტიდან ორმოცდაათი დღე იყო გასული, როდესაც ფსიქიატრიულ კლინიკაში სპეცდანიშნულების რაზმი შემოიჭრა. როგორც აშკარა იყო, მათ ოპერაცია კარგად ჰქონდათ დაგეგმილი და მომზადებული. ისინი ძალიან შეთანხმებულად და ზუსტად მოქმედებდნენ. მათ ყველა სტრატეგიული წერტილი გადაკეტეს. მათთან ერთად შემოსულმა „ეფბეერის“ აგენტებმა და ქართველმა კოლეგებმა კი, რომ იტყვიან, თვალის დახამხამებაში დააკავეს სტალბერ პაპა, იგივე სტალბერ ანარეკლაშვილი, ექთანი ტატიანა, მიტუშა და ვალიდა და მათთან ერთად ციცო გოგოლაურიც, სუსანა და სიკო კი, როგორც შემდგომ შევიტყვე, მხოლოდ დაჰკითხეს, დაწვრილებითი ჩვენება ჩამოართვეს და გაუშვეს. ამ ჯგუფთან ერთად ბარბარეც იმყოფებოდა. ის მე პალატაში მეწვია. გადამეხვია და მითხრა:

– წავედით, ელისო! შენი ტანჯვა-წამება დასრულდა. თავისუფალი ხარ!

ჩვენ რომ პალატიდან გამოვდიოდით, „ეფბეერის“ აგენტებსა და მათ ქართველ კოლეგებს ფსიქიატრიულიდან ციცოც გამოჰყავდათ. თავდაპირველად მისთვის ხელბორკილების დადებაც კი არ უნდოდათ, მაგრამ, მათემატიკოსი ქალი ისე „აბუინდა“, რომ სპეციალური პერანგი ჩააცვეს და ჰაერში აწეული გაიტანეს. ციცო იფურთხებოდა და გაჰკიოდა: უბადრუკნო, როგორ ბედავთ დიადი მეცნიერ-მათემატიკოსის გაკოჭვას. რას იტყვის მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოება?! ბოლოს და ბოლოს ნობელის პრემიის ლაურეატი ვარ და ნობელის კომიტეტის მაინც შეგრცხვეთო.

ციცოს იმდენად ჰქონდა გაფრენილი, რომ არ ახსოვდა – მათემატიკაში ნობელის პრემია არ გაიცემოდა. ჩემდა გასაკვირად, ბატისტვინა ინდირამ, რომელიც ციცოსგან ყველაზე მეტად იყო დამცირებული, ტუჩები დაბრიცა, ხელები გაშალა და მხრებაჩეჩილმა მეგრული კილოთი თქვა: ბოჟე მოი, რა უვიცი ყოფილა ეს ქალი, როდის იყო მათემატიკაში პრემიებს არიგებდნენ. კონსტანტინე მაინც არ წაუკითხავს, რომ აქვს ნათქვამი – ისმინე, სწავლის მძებნელოო, – გურამიშვილი გამსახურდიაში აერია ინდირას და დამაჯერებლად დაამატა, – აქვს ახლა ამას რამე მონასმენი ან ნასტავლი?.. ეს მონოლოგი რომ დაასრულა, ინდირა ისე ახარხარდა, რომ კიდევ კარგი სტალბერ პაპა უკვე დაპატიმრებული იყო, თორემ არც „პარუსინაში“ გახვევა ასცდებოდა და არც ამინაზინის დიდი დოზის შეშხაპუნება ტატიანას უზარმაზარი შპრიცით ვენაში.

საქმემ, რის გამოც „ეფბეერმა“ ნახევარი საგიჟეთი დააპატიმრა, ძალიან საინტერესო და მოულოდნელი შინაარსი შეიძინა. მთავარი ფიგურანტი შეერთებული შტატების მოქალაქე კონრად ფრეზერი აღმოჩნდა. ეს 62 წლის კაცი პროფესიით ქიმიკოს-ფარმაცევტი იყო და არალეგალურ, მავნე და დანაშაულებრივ საქმიანობას ახორციელებდა. ლაბორატორია მას ილინოისის შტატში ჰქონდა და იქ სხვადასხვა დანიშნულების აბებს, ძირითადად, ფსიქოტროპულ საშუალებებს ამზადებდა. მისი ნაწარმი იყო ის ცილინდრის ფორმის აბებიც, რომელსაც მე სიგიჟეთის ტუალეტში ვყრიდი. ფრეზერი საერთაშორისო მასშტაბის ბოროტმოქმედი იყო. თავის აბებს ფართოდ განტოტვილი დანაშაულებრივი ქსელის მეშვეობით ავრცელებდა, საიდანაც ძალიან დიდ შემოსავალს იღებდა და თავად კი ჩრდილში იმყოფებოდა. ფრეზერის კლიენტები იყვნენ პოტენციადაკარგული ადამიანები და სხვისი ქონების ხელში ჩაგდების მსურველნი, ვისაც განზრახული ჰქონდათ მეპატრონის მეთოდურად შეშლის, გაგიჟების შედეგად დაუფლებოდნენ მის ქონებას. ეს პროცედურა იურიდიულად ფორმდებოდა და სწორედ ამგვარად აპირებდა ჩემი ნახევარდა ჩემი ქონების ხელში ჩაგდებას. მას შემდეგ, რაც ცნობიერებას დავვკარგავდი, იდეალურ შემთხვევაში კი, სიცოცხლეს თვითმკვლელობით დავასრულებდი, ჩემი ანიკოს კურატორად და ქონების განმკარგველად ეთერ წითლიძე დაინიშნებოდა. ხოლო შემდგომ კი ეს ბოროტი არსება ანიკოსაც მოუსწრაფებდა სიცოცხლეს და მთელ ჩემს ქონებას ჩაიგდებდა ხელში. ასეთი არაერთი სქემა გამოვლინდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და როდესაც ერთ-ერთ ამერიკულ კლინიკაში ერთმა დიდი ქონების მეპატრონე პაციენტმა თავი ჩამოიხრჩო, „ეფბეერმა“ გამოძიება დაიწყო. დანაშაულის ძაფმა ისინი სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში ჩამოიყვანა და ეგრეთ წოდებული, ქართული კვანძი ბარბარემ ჩემი მეშვეობით გახსნა. დაკითხვებზე ეთერმა აღიარა, რომ ჩემი მიყვანა გიჟის კონდიციამდე მეთოდურად ხორციელდებოდა და რომ ის ფრეზერის ფსიქოტროპულ აბებს ფშვნიდა და საჭმელში მიყრიდა. ხოლო იმ დღეს, როდესაც მე დანით ვემუქრებოდი ირგვლივ მყოფთ და სახლში ყველაფერი დავლეწე, აბების მოქმედების კულმინაციური მომენტი იყო. შემდგომ კი ჩემი გაგიჟების პროცესი უკვე ფსიქიატრიული კლინიკის კედლებში გაგრძელდა და მთავარი ფიგურანტები სტალბერ პაპა და ტატიანა იყვნენ. რომ არა ბარბარე, ანარეკლაშვილი მალე მიხვდებოდა, რომ მე აბებს არ ვსვამდი და ძალით დამალევინებდა. სტალბერ ანარეკლაშვილი ფრეზერის ნდობით აღჭურვილი პირი იყო და ამ სატანურ მანიპულაციებს საქართველოში კურირებდა. ჩემი ნახევარდა კი გიჟი ციცოს ქმრის მიერ იყო დამოძღვრილი. ომარ კოშკაძე (ციცოს ქმარი) ეთერის მამის მამიდაშვილი, პროფესიით ფარმაკოლოგი, ფრეზერის დანაშაულებრივ სინდიკატში ციცოსთან ერთად იყო ჩართული. სწორედ „ციცო ძალო“ აძლევდა ჩემს გასაგიჟებელ აბებს ეთერს და მე ერთხელაც არ ვყავდი ნანახი. მან არც ჩემი ვინაობა იცოდა და მხოლოდ იმ ფულის დაუფლების ჟინით იყო შეპყრობილი, რასაც ეთერი მის ცოლს შეჰპირდა. სწორედ რომ, ბედის ირონია იყო ციცოსა და ჩემი შეხვედრა საგიჟეთში. ის დაჰკითხეს, ინფორმაცია მიიღეს და მიუხედავად იმისა, რომ დამნაშავე იყო, ციხეში არ ჩასვეს, სარეაბილიტაციოდ სახელმწიფოს გამგებლობაში მყოფ ფსიქიატრიულ კლინიკაში გაამწესეს. სამაგიეროდ, ომარ კოშკაძე გამოამწყვდიეს ოთხ კედელში. ერთ დიდ შოუდ გადაიქცა ცოლ-ქმრის დაპირისპირება „მოდულის“ შენობაში. ისინი ერთმანეთს აბრალებდნენ ყველაფერს. ციცოს დროდადრო მეხსიერება აღუდგებოდა ხოლმე და დალაგებულ ჩვენებებს იძლეოდა. კოშკაძემ ერთ მომენტში შეურაცხადის როლის თამაში განიზრახა. იატაკზე გაგორდა და ყვიროდა, აბესალომი ვარ, ეთერი მიყვარს და მურმანმა დამღუპაო. ციცო ჯერ გაოცებული უმზერდა მეუღლეს. უცებ მას გონება დაებინდა, ომარს სახეზე დააცხრა და ჩათლახო, ჩათლახოს ძახილით ცხვირ-პირი დაუსისხლიანა. გაავებული ციცო ძლივს ააგლიჯეს თავის ქმარს, რომელსაც სიმულაციის სურვილი გაუქრა და სწორი ჩვენებების მიცემა დაიწყო.

ჩემს ნახევარდასთან დაპირისპირება კი ჩემთვის ტანჯვად გადაიქცა. ეთერი რომ შემოიყვანეს, შეხედვისთანავე სიბრალულის გრძნობა დამეუფლა და მინდოდა, გადავხვეოდი კიდეც, მაგრამ თავი შევიკავე. მან კი თანამიმდევრულად მოუყვა გამომძიებელს, თუ როგორ ცდილობდა ჩემი ქონების ხელში ჩაგდებას. ბოლოს კი ასე დაასრულა თავისი აღიარებაა:

– ელისო ჩემი დაა. მისი გაზრდილი ვარ და ერთი თხოვნა მაქვს, ამ ამბავს დედაჩემს ნუ გააგებინებთ, – შემდეგ პაუზა გააკეთა, შემომხედა და მითხრა, – მაპატიე...

მინდოდა, მივსულიყავი და ჩავხუტებოდი, მაგრამ ბარბარემ თვალებით მანიშნა, გაჩერდიო. ეთერი გაიყვანეს და საკანში დააბრუნეს.

სასამართლო პროცესი შეერთებულ შტატებში გაიმართა. ბრალდებულის სკამზე 35 ადამიანი იჯდა. კონრად ფრეზერი საკმაოდ მოხერხებულად ცდილობდა ბრალდებების თავიდან აცილებას. თუმცა, მას ორი მკვლელობა დაუდასტურდა, რომელშიც უშუალო მონაწილეობა ჰქონდა მიღებული და ვერაფერი მოახერხა. ამიტომ ორი მუდმივი პატიმრობა მიესაჯა. ასევე, მუდმივი პატიმრობა მიუსაჯეს სტალბერ პაპასაც და ისიც შეერთებული შტატების ციხეში გამოამწყვდიეს. მე მგონი, ანარკლაშვილი იმდენად არ შეუწუხებია ამ განაჩენს, ვიდრე ბრალდებულების გვერდით ჯდომას. ის ხომ ყველასთან მეტრნახევრიან დისტანციას იცავდა. იქ კი ეს ვერ ხერხდებოდა და ყოფილი მთავარი ექიმი განუწყვეტლივ ცქმუტავდა, გვერდით მსხდომებს მუჯლუგუნებს ჰკრავდა – გაიწიეთო. ერთი სიტყვით, ეს პროცესი ტრაგიკომიკური შოუ იყო და ერთადერთი ეთერი იყო, ვისაც თავი არ აუწევია და მოსამართლის შეკითხვებსაც თავაუწევლად პასუხობდა. როდესაც პროცესზე განაჩენები გამოაცხადეს, ეთერს მხოლოდ 5-წლიანი სასჯელი გამოუტანეს. ეს იყო ყველაზე მცირე იმ დღეს გამოცხადებულ სასჯელთა შორის.

მას მერე სამი წელიწადია გასული. მე და ანიკო შეერთებულ შტატებში გადავსახლდით და მაიამიში დედასთან ერთად ვცხოვრობთ. არაფერი გვაკლია. თუმცა, ამ ისტორიამ თავისი დაღი მაინც დამასვა და ზოგჯერ კოშმარებიც მესიზმრება. ადამიანს შეიძლება, ყველაფერი შეემთხვეს და ჩემი ღრმა რწმენით, ყველაფერი ცუდი იმის პასუხია, რაც ნებსით თუ უნებლიეთ დაგიშავებია. მთავარია, გაუძლო, გადაიტანო, გაიაზრო, პატიებაც ითხოვო და მოუტევო. ეთერმა პატიება ითხოვა. მე მას მივუტევე და მოუთმენლად ველოდები მის დაბრუნებას.

დასასრული

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული