რომანი და დეტექტივი

გიჟი

№4

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 03.02

გიჟი
დაკოპირებულია

აგარაკზე გათიშული მიმიყვანეს და როგორც კი აზრზე მოვედი, სიკოს ბოროტმა მზერამ მომჭრა თვალი.

– სუსანა, სტალბერ პაპას დაუძახე, პაციენტი გამოფხიზლდა! – დაიყვირა სიკომ და დოინჯი შემოიდო.

აგარაკი თბილისის მახლობლად მდებარე, დახურული ფსიქიატრიული კლინიკა იყო, სტალბერ პაპა – ამ კლინიკის დირექტორი და მთავარი ექიმი, იგივე, სტალბერ ანარეკლაშვილი. სიკო და სუსანა კი – კლინიკის სანიტრები.

ანარეკლაშვილი მაღალი, გამხდარი, შუა ასაკს გადაცილებული მამაკაცი იყო, ცოცხივით ხშირი, ჩაპაევისნაირი ულვაშით. თავზე მოწითალო, სამედიცინო ქუდი ჩამოეფხატა. სწრაფად და გრძელი ნაბიჯებით დადიოდა. ხელის გაწვდენაზე იცოდა დადგომა და ყოველთვის ყველასთან იცავდა ამ დისტანციას. სიკო სანიტარიც შუა ასაკს იყო გადაცილებული. გარეგნულადაც ჰგავდა სტალბერ პაპას, მაგრამ მისგან განსხვავებით, არასდროს იცავდა დისტანციას. თუკი რამე არ მოეწონებოდა, პაციენტთან მიიჭრებოდა. გრძელ ხელებს სალტესავით შემოავლებდა, შებოჭავდა და მანამდე ეჭირა, სანამ სუსანა არ მიეშველებოდა და სპეციალურ პერანგს არ წამოაცმევდა შებოჭილს. სუსანა ძალიან დაბალი, ცომის გუნდასავით მრგვალი და მოკლეფეხება არსება იყო. თუმცა ჰერკულესის ძალა ჰქონდა და ხელის გადაწევაში მამაკაც კოლეგებსაც კი სჯობდა. თანაც, თავისი მოკლე ფეხებით ისეთი სწრაფი სირბილი შეეძლო, რომ ყველას აოცებდა.

მართალია, საწოლზე მიბმული ვიყავით, მაგრამ სტალბერ პაპა ჩემგან მაინც მეტრ-ნახევრის მოშორებით დადგა. დოინჯშემოყრილ სიკოსა და იმავე პოზაში მდგომ სუსანას გახედა. თვალით გაზომა მანძილი და რომ დარწმუნდა, ისინიც მეტრ-ნახევრის მოშორებით იდგნენ, მომიბრუნდა და მკითხა:

– თავს როგორ გრძნობთ, პაციენტო?

– კარგად, ექიმო. ოდნავ თავი მტკივა, – ვთქვი და ვკითხე, – სად ვიმყოფები?

– სად და ზიგმუნდ ფროიდისა და კარლ იუნგის სახელობის, თბილისის მახლობლად მდებარე, კერძო ფსიქიატრიულ კლინიკაში, – ჩამომირაკრაკა სტალბერ პაპამ და ისეთი სიცილი ამიტყდა, რომ კარგა ხანს ვერ გავჩერდი.

მივხვდი, რომ საგიჟეთში ვიმყოფებოდი, თანაც საწოლზე მიბმული, მაგრამ რატომ, წარმოდგენაც არ მქონდა.

სხვა პაციენტებს ჯერჯერობით არ ვიცნობდი, მაგრამ სიკო, სუსანა და სტალბერ პაპა პაციენტებს უფრო ჰგავდნენ, ვიდრე სამედიცინო პერსონალს. ანარეკლაშვილის მიერ წარმოთქმულმა გრძელმა აბრევიატურამ კი საბოლოოდ ამიშალა სიცილის საღერღელი და თავი ვეღარ შევიკავე. სტალბერ პაპამ მოთმინებით მიყურა და ბოლოს თქვა:

– ტატიანას უთხარით ამინაზინის საშუალო დოზა შეუშხაპუნოს. დამშვიდება სჭირდება.

ტატიანა შუა ხნის ექთანი იყო და ისე ზუსტად ასობდა წამლით სავსე უზარმაზარ შპრიცს ვენაში, როგორც უმაღლესი კვალფიკაციის სნაიპერი ათიანში. ეს ქალი კლინიკის პაციენტებს ისევე სძულდათ, როგორც დანარჩენი მედპერსონალი, მაგრამ მას ყველაზე მეტად უფრთხოდნენ. უზარმაზარშპრიციანი ტატიანას გამოჩენა იმის მომასწავებელი იყო, რომ ტატიანას მიერ ვენაში შეშხაპუნებული სითხე ვიღაცას გაურკვეველი დროით მითიშავდა. გამოფხიზლების შემდეგ კი ის ვიღაცა ღრმა დეპრესიაში უნდა ჩავარდნილიყო და შესაძლოა, სუიციდის წარმატებული ან წარუმატებელი მცდელობა ჰქონოდა. შესაშხაპუნებელი სითხის ტიპსა და დოზას სტალბერ პაპა ადგენდა, ტატიანა კი აბსოლუტური სიზუსტით ასრულებდა მის მითითებებს.

ტატიანა ჩემს საწოლს დინჯად მოუახლოვდა. ხელში, რომელშიც შპრიცი ეკავა უკანალზე ედო. ჯერ მზერით ჩამომიარა და გამზომა, შემდეგ უფრო ახლოს მოვიდა, ნელ-ნელა დაიხარა, ელვისებური სისწრაფით გააძრო შპრიცი და ისე, რომ სახელოც არ აუწევია, კლინიკის პიჟამაში ჩამასო და პირდაპირ ვენაში მოახვედრა. წამალი შემიშხაპუნა, ნემსი ამოაძრო და წავიდა. ერთი სიტყვით, სუპერსპეცი იყო შპრიცის ჩასობაში და ამ მანიპულაციას უზადოდ ასრულებდა.

ამინაზინის ტყვეობიდან რომ გავთავისუფლდი და თვალი გავახილე, თავი საშინლად მტკიოდა. ძალიან მერეოდა გული, უფრო მეტად კი მშიოდა. დაბმული აღარ ვიყავი, მაგრამ არც იზოლირებულ პალატაში ვიმყოფებოდი. სტალბერ პაპას განკარგულებით, საერთო პალატაში ვიწექი და ირგვლივ ნაცრისფერ პიჟამებში გამოწყობილი ადამიანები მეხვივნენ. თითოეული მათგანი დიდი ყურადღებით მაკვირდებოდა. ხმას არ იღებდნენ და აინტერესებდათ, რას ვიტყოდი. რის ვაი-ვაგლახით დავძლიე თავის ტკივილი. საწოლზე წამოვჯექი და ვთქვი:

– გამარჯობა, ხალხო!

– გაგიმარჯოს, ელისო! – ერთხმად მომიგეს თანაპალატელებმა.

– საიდან იცით ჩემი სახელი? – გაკვირვებულმა ვიკითხე.

– ჩვენ აქ ყველაზე ყველაფერი ვიცით, – მეგრული კილოთი მითხრა ერთ-ერთმა და დააყოლა, – მე ინდირა ვარ, ეს გულიკოა, ეს ხათათო...

– გაჩუმდი, ქალო! ჩვენ რა ლაპარაკი არ ვიცით? – გაჯავრდა ციცო, რომელიც სტალბერ პაპას პაციენტობამდე მათემატიკის მასწავლებლად მუშაობდა სკოლაში. ოდიოზური ადამიანი იყო. არავის „ევასებოდა“, რადგან, ვინც მასთან არ ემზადებოდა, ნიშანს არ უწერდა. თან, ყველას ეჩხუბებოდა და არც ბილწსიტყვაობას ერიდებოდა. ერთ-ერთ მოზარდ გოგონას კი, რომელსაც შარვალი ეცვა და ფეხები ერთმანეთზე არ ჰქონდა მიტყუპებული, უთხრა: გოგო, ფეხები მიატყუპე და რომ გათხოვდები, მაშინ გაშალეო. უკიდურესად შეურაცხყოფილი და თანაკლასელებთან შერცხვენილი ბავშვი, მშობლებმა სხვა სკოლაში გადაიყვანეს, რადგან მოზარდმა ძლიერი სტრესი მიიღო და ძველ სკოლაში დაბრუნება აღარ ისურვა. ციცო კი იმან გადაარჩინა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, რომ გოგონას ძალოსანი მამიდა უზრდელ მათემატიკის მასწავლებელს სადარბაზოსთან დახვდა, ფეხქვეშ ამოიდო და ისე სცემა, რომ ლამის ცხვირ-პირი გაუერთიანა. ციცომ ტვინის შერყევაც კი მიიღო და სკოლაში მხოლოდ ორი თვის მერე დაბრუნდა. ბედის ირონიით, პირველი გაკვეთილი იმავე კლასში ჰქონდა, სადაც გოგონას არაადამიანურად მოექცა. ბავშვები კი მას მომზადებული დახვდნენ: მათ რეზინის სქელი, გრძელი მილი წყლით გაავსეს, თავი და ბოლო შეკრეს, მერხებს შუა გაატარეს და მასწავლებლის სკამის წინ დაამაგრეს. ციცო რომ შევიდა და სკამზე დაჯდა, პირველ მერხზე მჯდომმა მოზარდმა ფეხი დააჭირა წყლით სავსე მილს, ციცოზე მიშვერილი მილის თავი გაიხსნა და წყლის ნაკადი ისე ძლიერად შეესხა ფეხებშუა, რომ მათემატიკის მასწავლებელი სკამიანად გადაყირავდა და მეორედ შეერყა ტვინი. ბავშვებმა მილი გააქრეს. ხმაურზე შემოსულ დირექტორსა და მასწავლებლებს კი უთხრეს, რომ მასწავლებელს გრაფინიდან დაეღვარა წყალი. მოზარდები ვერც გამოძახებულმა პოლიციამ გამოტეხა. თუმცა მისი თავგადასავალი ასე არ დასრულებულა. წყალმა ციცოს ფობია გაუჩინა, მოჩვენებები დაეწყო და ქვედა სართულზე მცხოვრებ მეზობელს გადაეკიდა, შენგან წყალი ამომდისო.... ამას ბოდვებიც დაერთო და ბოლოს შიზოფრენიაში გადაეზარდა. ყველას ისე ეგონა, რომ მოვლენების ასეთი დინამიკა სკოლაში მომხდარმა ინციდენტმა გამოიწვია. ეს ასეც იყო, მაგრამ ეს იყო ციცოს შიზოფრენიის ზედაპირული ახსნა. სინამდვილეში კი ამ ყველაფერს უფრო ღრმა ფესვები ჰქონდა და ციცოს სიგიჟე იმ დიდი ბოროტების შედეგი იყო, რაც მას ჰქონდა ჩადენილი. თუმცა, ამის შესახებ უფრო მოგვიანებით ვიტყვი. სწორედ ამის გამო შევჩერდი ციცოზე ასე დაწვრილებით, თორემ სხვა ჩემს თანაპალატელებსაც საკმაოდ საინტერესო ისტორიები ჰქონდათ.

– გაჩუმდი, ქალო! გაჩუმდი! – გაუმეორა ციცომ ინდირას. შემდეგ მე მომიბრუნდა. კოპებშეკრულმა თავი დამიკრა და მითხრა:

– ციცინო გოგოლაური – მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი, მრავალი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი და ასოცირებული პროფესორი, უამრავი სერიოზული ნაშრომის ერთადერთი ავტორი.

ციცო, რა თქმა უნდა, ბოდავდა და რომელ პროფესორობასა და ნაშრომებზე იყო ლაპარაკი, როდესაც სკოლის მასწავლებლის საატესტაციო გამოცდის ჩაბარებაც კი ვერ შეძლო და უფროსი მასწავლებლის სტატუსიც კი არ ჰქონდა. რომ გამეცნო, გვერდით გადგა და თანამიმდევრულად წარმიდგნენ გულიკო, ხათათო, პირველი და მეორე ნანა, ნაილი, ქეთინო და ფატი. ისინი სხვადასხვა პროფესიის იყვნენ და მათი დაავადებებიც სხვადასხვა მიზეზით იყო გამოწვეული. ერთი სიტყვით, თანაპალატელებს გავეცანი და საუზმეზეც გვიხმეს. ისე მშიოდა, რომ მგელივით დავეძგერე საჭმელს.

როგორც შევიტყვე, ამინაზინის საშუალო დოზამ სამი დღით გამთიშა და დიდი დოზა რომ შეეშხაპუნებინათ, ერთი კვირა მომიწევდა საწოლზე გდება. კლინიკაში ექვსი თვე ვიწექი და კიდევ კარგი, რომ უცებ გავერკვიე იქაურ ატმოსფეროში. რაც მთავარია, არც ამინაზინის შეშხაპუნება დამჭირვებია და არც საიზოლაციო ოთახში მოვხვედრილვარ „პარუსინაში“ გახვეული. გაღიმებასაც კი ვერიდებოდი, რომ არაფერი ვთქვა სიცილ-ხარხარზე. სტალბერ პაპა, რომ იტყვიან, სიცილზე აცრილი იყო, ფობია სჭირდა. მოხარხარეებს ვერ იტანდა, ეგონა, რომ მას დასცინოდნენ და ამისთვის უმკაცრესად სჯიდა „დანაშავეს“. ამინაზინის შეშხაპუნება, თურმე, ყველაზე „ლაითი“ დასჯა იყო. მთავარი ექიმის საფირმო სასჯელი სველ „პარუსინაში“ პაციენტის გახვევა და საიზოლაციო ოთახში გამოკეტვა იყო. „პარუსინა“ იალქნის ნაჭერი იყო. მას ერთი თვისება აქვს – წყალში რომ დაასველებ, ფართოვდება. გაშრობის დროს იწყებს შემჭიდროებას და ბოლოს ძალიან ვიწროვდება. სტალბერ პაპასგან მსჯავრდადებულს მჭიდროდ ახვევდნენ სველ „პარუსინაში“ და იატაკზე აგდებდნენ. ხოლო, როდესაც ის შევიწროებას იწყებდა, პაციენტის ძვლებს ჭახანი გასდიოდა, ადამიანი საშინელი ტკივილისგან იტანჯებოდა და გონებას კარგავდა. ამ პროცედურის დიდოსტატურად შემსრულებელი სანიტარი ვალიდა და მისი კოლეგა-საყვარელი მიტუშა იყო. წყვილი თვალის დაუხამხამებლად ასრულებდა ამ პროცედურას და სადისტური ჟინით ადევნებდა თვალყურს ადამიანის ტანჯვა-წამებას. ხოლო, როდესაც „პარუსინის“ მოხსნის დრო დგებოდა, რომ დასჯილს სული არ გასძრომოდა, მიტუშა და ვალიდა ნელ-ნელა ათავისუფლებდნენ პაციენტს „პარუსინისგან“, რაც დამატებით ტანჯვას იწვევდა ადამიანში. „ნაპარუსინებული“ ადამიანი ამ პროცედურის შემდეგ, მინიმუმ, ერთი კვირა საწოლზე ეგდო. ძვლები სტკიოდა და განძრევაც კი არ შეეძლო.

ასეთი სისასტიკე კი სტალბერ პაპაში ერთმა შემთხვევამ გამოიწვია. წლების წინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა სტალბერ ანარეკლაშვილი თბილისის ფსიქიატრიული კლინიკის რიგითი ექიმი იყო. ერთ-ერთი პაციენტის შემოწმებისას (მაშინ სტალბერი ახლო კონტაქტს არ ერიდებოდა და ავადმყოფებს ხელითაც სინჯავდა), თურმე, მუხლზე ხელის მტევანს ურტყამდა, რომ მისი რეაქცია შეემოწმებინა. ერთ-ერთი ასეთი მირტყმის დროს ანარეკლაშვილს ხელი მუხლისთვის აუცილებია და შემთხვევით მამაკაცის სასქესო ორგანოსთვის მიურტყამს. ამის შედეგად პაციენტი, თურმე, ეძგერა სტალბერს, თავში „დირაკოლი“ (ქაღალდების სახვრეტი) ჩაარტყა და ძირს დასცა. შემდგომ კი სახეზე კბილებით ეცა და ზედა ტუჩი მოაკვნიტა. სანიტრებს ძლივს აუგლეჯავთ ის კაცი სტალბერისგან და წაუთრევიათ. პაციენტი კი, თურმე, საზარლად ხარხარებდა. ამის შემდეგ სტალბერ ანარეკლაშვილმა ულვაშები მოუშვა, რომ მოჭმული ზედა ტუჩი დაემალა და „დირაკოლისგან“ დარჩენილი უზარმაზარი იარის დასაფარად თავზე „კალპაკი“ ჩამოიფხატა, რადგან ის მელოტი იყო და თმით ვერ ნიღბავდა. ხარხარი კი ექიმს იმ საშინელ დღეს ახსენებდა. ეგონა, რომ მას დასცინოდნენ და „დამნაშავეს“ სჯიდა.

საგიჟეთში ჩემი ექვსთვიანი ყოფნის განმავლობაში მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რატომ დამემართა ის, რის გამოც ფსიქიატრიულ კლინიკაში მოვხვდი. საავადმყოფოში არსებულ ისტორიაში ეწერა, რომ სახლში ყველაფერი დავლეწე, უზარმაზარი დანით დავრბოდი და ჩემს დასა და ერთადერთ ქალიშვილს დახოცვით ვემუქრებოდი. პოლიციის მიერ შედგენილ ოქმში ამას ადასტურებდნენ როგორც ჩემი მეზობლები, ასევე ჩემი 17 წლის ერთადერთი ქალიშვილი ანიკო. თურმე, ჩემს ნახევარდას, ეთერს და ჩემს ქალიშვილს მოუსწრიათ სახლიდან გამოვარდნა და ჩემი სახლში გამოკეტვა. პოლიცია რომ ოთახში შემოსულა, უკვე გონებამიხდილი და ძალაგამოცლილი ვეგდე. მათ სახელმწიფოს გამგებლობაში მყოფ საგიჟეთში უნდოდათ ჩემი გადაყვანა, ეთერს კი უძალავია და სტალბერის კლინიკაში წამიყვანეს, სადაც ფასიანი მომსახურება იყო და იქ მკურნალობაში ფულს იხდიდა.

ეთერ წითლაძე ჩემი ნახევარდაა. დედით ერთნი ვართ და ჩემზე ის ხუთი წლით უმცროსია. მამაჩემი მდიდარი ბიზნესმენი იყო. გულის შეტევით გარდაიცვალა და მთელი თავისი ქონება მე დამიტოვა. დედაჩემის დაჟინებული თხოვნით, ბიზნესი გავყიდეთ და ფული ბანკში შევიტანეთ. ყოველთვიურად ძალიან დიდ პროცენტს ვიღებდით ერთ-ერთი შვეიცარიული ბანკიდან და მსუყედ ვცხოვრობდით. არც ჭამა-სმა გვაკლდა, არც ჩაცმა-დახურვა და არც საზღვარგარეთის კურორტებზე დასვენება. დედაჩემმა სამი წელიწადი გაძლო. შემდეგ კი ეთერის მამას გაჰყვა ცოლად. მაგრამ მათი კავშირი ორ წელიწადში დაიშალა. ის კაცი ნარკომანი აღმოჩნდა. ყოველდღიურად დიდ თანხებს ხარჯავდა „კაიფისთვის“. ერთ მშვენიერ დღეს კი ზედოზირებით გარდაიცვალა და დედაჩემი მეორედ დაქვრივდა. დედას ეს არ უნაღვლია, თუმცა, აღარც გათხოვილა. სანამ ეთერი წამოიზარდა და ანიკო წამოიჩიტა, ჩვენთან ერთად იყო. შემდეგ კი შეერთებულ შტატებში გაემგზავრა და იქ დასახლდა. ეთერი კი ჩემთან დარჩა და სამნი ერთად ვცხოვრობდით. ჩემს ნახევარდასა და პატარა გოგონას ზრუნვას არ ვაკლებდი. ბოლო ერთი წლის განმავლობაში კი ჯანმრთელობის პრობლემები დამეწყო. ნელ-ნელა ვატყობდი, რომ ნერვები აღარ მიჯერებდა. ფეთქებადი გავხდი. იოლად ვღიზიანდებოდი და დროდადრო მეხსიერებაც მღალატობდა. თუმცა, ჩემი ნახევარდისა და შვილის მიმართ მცირე აგრესიაც არასდროს გამომიჩენია და იმ დღეს რა დამემართა, ვერაფრით ვხსნიდი. საგიჟეთში ეთერი ყოველკვირა მაკითხავდა და მამხნევებდა. ბოდიშს მიხდიდა, რომ ფსიქიატრიულში გამამწესა და ამას ჩემზე ზრუნვითა და სიყვარულით ხსნიდა. ანიკო კი არასდროს მოჰყავდა და მეუბნებოდა – ბავშვი დაისტრესება, ასეთ მდგომარეობაში რომ გნახავს და აქედან მალე რომ გამოხვალ, იმაზე უკეთესად ვიცხოვრებთ, ვიდრე ადრეო.

დასასრული შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული