რომანი და დეტექტივი

ღალატის სიკეთე

№38

ავტორი: ნინო მდივანი 20:00 29.09, 2023 წელი

ღალატის სიკეთე
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #36-37 (1185)

– სამსახურში წასვლის დროა და მღვიძავს. დღეს ბათუმში მივფრინავ. შენ, გეტყობა, კარგი დრო გაატარე. რაო გოგოებმა? – ჰკითხა ცოლს.

– ვისეირნეთ ბევრი. კარგი დრო გავატარე. აღარც კი მახსოვს, ბოლოს როდის ვიგრძენი თავი ასე კარგად, – მარინას მართლაც ბედნიერი სახე ჰქონდა.

– მიხარია, – უთხრა გიორგიმ, – არ გშია?

– არა, შხაპს მივიღებ, – და გიორგიმ ახლაღა შეამჩნია, რომ მარინა ფეხშიშველი იყო და ფეხსაცმელები ხელში ეჭირა.

მარინას არ გამოჰპარვია გიორგის მზერის ტრაექტორია:

– დამეღალა ფეხები. ფეხშიშველი სიარული დანაშაულია?

გიორგიმ მხრები აიჩეჩა.

– მგონი, არა.

მარინა კარისკენ გაემართა, მაგრამ გადაიფიქრა:

– გოგოებთან ერთად არ ვყოფილვარ.

– აბა, ვისთან ერთად იყავი? – მშვიდად ჰკითხა გიორგიმ და ჭამა განაგრძო.

– შენ არ იცნობ... დედაჩემთან ვერ დავბრუნდები...

– რატომ? სახლი არ აქვს? – გიორგი ისევ მშვიდად ლაპარაკობდა.

– აქვს, მაგრამ მე მინდა, რომ ჩემი ბინა მქონდეს. სამი წელი გავატარე შენს ტყვეობაში.

– გასაგებია, – გიორგიმ თავი დააქნია.

– რა არის გასაგები? იმდენად გკიდივარ, რომ არც კი გაინტერესებს, სად ვიყავი და ვისთან?!

– შენ ხომ მითხარი, რომ გოგოებთან ერთად არ ვიყავიო. ესე იგი, ბიჭებთან ერთად ყოფილხარ, – გიორგიმ ცოლს გაუღიმა.

– შევარჩევ ბინას და ფოტოებს ჩაგიყრი. სამართლიანად მეკუთვნის კომპენსაცია. სანამ ჩამოხვალ, აქ დავრჩები, – მარინა სააბაზანოში შევიდა.

– კარგია, რომ მოვასწარი შესვლა, – გიორგი არ გაბრაზებულა, მაგრამ მარინასადმი ზიზღი იგრძნო. სწრაფად ჩაიცვა. უცებ ჩაალაგა ჩანთა და კარი გაიხურა.

მანქანაში ჩაჯდა თუ არა, მისმა ტელეფონმაც დარეკა:

– ბატონო გიორგი, გაუთვალისწინებელი რამ მოხდა, ჩვენი იტალიელი პარტნიორი მოულოდნელად გარდაიცვალა... ამიტომ კონფერენცია გადაიდო. დაგიკავშირდებით აუცილებლად. ახლა აქ დიდი არეულობაა...

გიორგიმ ტელეფონი გათიშა და ჩანთას გადახედა: სახლში მისვლა არ უნდოდა, არც – სამსახურში. ხელები საჭეზე დააწყო და დაფიქრდა. ხუთი დღე ჰქონდა. არც სადმე წასვლა უნდოდა. უბრალოდ, მარტო დარჩენა სჭირდებოდა. ადრე ამაზე არასდროს დაფიქრებულა, მაგრამ მარინას გარეშე გატარებულმა ღამემ მიახვედრა, რომ მარინას არსებობა ძაბავდა. როდის გაუჩნდა ეს განცდა, არ იცოდა, თუმცა, ხვდებოდა, რომ ეს განცდა გაჩნდა მანამდე, სანამ მარინა ეტყოდა, რომ ვიღაც კაცთან ერთად სეირნობდა. ეჭვიანობის გრძნობა არ აწუხებდა, არც პატივმოყვარეობის შელახვის.

– უფრო ცუდად გვქონია საქმე, ვიდრე მეგონა, – თქვა ხმამაღლა და, მართლაც, თავადაც ვერ ხვდებოდა, რატომ არ დარჩა ოდნავ შეურაცხყოფილიც კი, ბოლოს და ბოლოს, რქები დაადგეს. ისიც იცოდა, რომ ამას ვერავის ეტყოდა. ვერ გაიგებდნენ. გიორგისთვის კი მაინც სულერთი იყო, რას იფიქრებდნენ სხვები, იმიტომ რომ სხვების აზრების უგულებელყოფის გზას თინეიჯერობის ასაკშივე მიაგნო. ვარჯიშობდა და ფიზიკურად ძლიერი იყო, ბავშვობიდანვე მიხვდა, რომ ფიზიკურ ძალას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა: არავის უყვარს ტკივილის ატანა. ამიტომ ყველას უბრალოდ ერეოდა და, რაც მთავარია, ამის პარალელურად ფლობდა გონებრივ უპირატესობას. არა იმიტომ რომ კარგად სწავლობდა, სხარტი გონება ჰქონდა და მოქნილი ენა. ეს კი უმოკლესი გზაა, დაიმორჩილო სხვები და გახდე არაფორმალური ლიდერი და, თუ ლიდერობა გჭირდება, ფორმალურიც და ნამდვილიც.

გიორგის ლიდერობა არ სჭირდებოდა, იმიტომ რომ ისედაც ლიდერი იყო და დიდწილად – დედამისის დამსახურებით. დედა არასდროს აძლევდა შენიშვნებს და ყოველთვის აქებდა. მთავარი კი ის იყო, რომ მუდამ სიამაყით და სიყვარულით უყურებდა. და გიორგიმაც დაიჯერა, რომ ყველაფერი შეეძლო, რასაც მოისურვებდა. დედამისი მაშინაც სიამაყითა და სიყვარულით უყურებდა თავის ვაჟს, როდესაც მარინა გააცნო: სრულიად ამოვარდნილი გიორგის ოჯახის კონტექსტიდან. არათუ არაფერი უთქვამს, რძალთან შესანიშნავი დამოკიდებულებაც კი ჰქონდა. გიორგის, უკვე რომ გაიზარდა, ეჭვიც კი გაუჩნდა, რომ დედამისი თამაშობდა. შეიძლება, თამაშობდა კიდეც, მაგრამ ერთი რამ, რაშიც გიორგის არასდროს ეპარებოდა ეჭვი, იყო ის, რომ დედამისს უყვარდა, რაც იმდენად საკმარისი იყო, რომ მარინას ეგოიზმს ანეიტრალებდა. გიორგი ერთგვარ კმაყოფილებასაც კი გრძნობდა, რომ ეს გაურკვეველი ურთიერთობა დამთავრდებოდა. უკვირდა, მაგრამ კმაყოფილებას აშკარად გრძნობდა.

– სადმე, ახლოს, არ გეგულება კარგი სასტუმრო? აუზით, კომფორტული? – გიორგიმ უნებლიეთ აკრიფა თავისი თანაკლასელის ნომერი, რომელსაც ტურისტული სააგენტო ჰქონდა.

– გაუმარჯოს, გიოს... როდის გინდა. რამდენ კაცზე?

– ერთ კაცზე და დღესვე, ხუთიოდე დღით. ჯობია, თუ უცხოელები იქნებიან, მოკლედ, ნაცნობები არ იყვნენ. გადმორეკე ან ჩამიყარე ლინქები.

ტელეფონი რომ გათიშა, მერეღა გაახსენდა, რომ აუზის შესაფერისი რაღაც კი ჰქონდა, მაგრამ დანარჩენი ტანსაცმელი ოფიციალური იყო.

– ვიყიდი, – გაიფიქრა თავისთვის და ისევ ტელეფონი მოიმარჯვა.

– ლილიკო, დიახ, მე ვარ, სათხოვარი მაქვს, ბატონ ვასილს არაფერი უთხრათ. არ არის აუცილებელი, იცოდეს, რომ კონფერენცია გადაიდო. ეწყინება ჩვენი იტალიელი პარტნიორის გარდაცვალება. მე ვეტყვი მერე.

ვასილი არაპეზენტაბელური იყო, გიორგის თავის ნათქვამზე გაეცინა კიდეც, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩებოდა, ამიტომ არ ერეოდა კონფერენციებსა და, ზოგადად, სამეცნიერო ურთიერთობებში, ჯერ ერთი, ხეირიანად ვერ ერკვეოდა, მეორეც, უცხო ენა არ იცოდა. ამიტომ გიორგიმ გადაწყვიტა, რომ ერთხელ მაინც მოქცეულიყო არასტანდარტულად. მით უმეტეს, ამით არავის არაფერი დაუშავდებოდა.

ორი წუთიც არ იყო გასული, რომ ტელეფონით რამდენიმე ლინქი მოუვიდა. გადახედა. ერთ–ერთი აარჩია და გზას გაუყვა. მანამდე კი სპორტულ მაღაზიაშიც შეიარა.

***

– მამა, დედას დაელაპარაკები? – ლიკა მამამისს მუდარით სავსე თვალებით შესცქეროდა.

– რაზე დაველაპარაკო?

– ვახომ დამპატიჟა სამიოდე დღით, ჩვენთან ჩამოდიო. წავალ, რა გთხოვ.

– რა დროს წასვლაა. ლიკა, ერთ კვირაში ოპერაციაა დანიშნული. ექიმმა თქვა...

– ყველა დანიშნულებას შევასრულებ და არც გავციცდები. თავს მოვუვლი. გთხოვ, მამა, ძალიან გთხოვ.

– ხომ იცი, დედაშენი არ დათანხმდება ამას?! ისედაც ძალიან ნერვიულობს. მეც ვნერვიულობ. ერთად ვიყოთ...

– დედა ნერვიულობს, შენ ნერვიულობ. მე არ ვნერვიულობ?! ჩემზე მეტად თქვენ როგორ ნერვიულობთ?! საერთოდაც, ჩემზე უკეთ თქვენ რატომ იცით, მე რა მჭირდება, რა მინდა, რა უნდა გავაკეთო?! – ლიკამ ხმას აუწია და ყვირილი დაიწყო. ყვირილის ხმაზე ოთახში დედამისი შემოვიდა.

– რა ხდება, ლიკა, რატომ ყვირი?!

ლიკამ ახლა უკვე ტირილი დაიწყო. ხმამაღლა, მოთქმით ტიროდა, ბოლოს, გული ამოუვარდა. დედა შვილის მოფერებას ცდილობდა, მაგრამ ლიკა ხელებით იშორებდა.

– გიფიქრიათ, რომ მე ყველაზე მეტად მეშინია? სიკვდილის მეშინია. ჰო, ძალიან მეშინია. რა მოხდა, გამიშვათ სამი დღით, იქნებ ეს ჩემი უკანასკნელი სამი დღეა?! იქნებ ვკვდები საოპერაციო მაგიდაზე ან მანამდე?! – ლიკა დაიღალა ტირილითა და ემოციებით და დედამისმა მოახერხა მისი გულში ჩაკვრა. ცდილობდა, თავადაც არ ეტირა და თავი ხელში აეყვანა.

– დამამაშვიდებელს მოგცემ, – დედამისის ამ ფრაზამ ლიკაზე ხარის თვალწინ აფრიალებული წითელი ნაჭერივით იმოქმედა:

– არანაირი დამაშვიდებელი არ მინდა! მინდა, ყველაფერი ვიგრძნო, თუმცა, თქვენი წყალობით, მხოლოდ ტკივილს ვგრძნობ და შიშს, ხომ შეიძლება, მეც გავიხარო და მერე, რაც გინდა, მოხდეს. სულ სამ დღეს ვითხოვ, მხოლოდ სამ დღეს! – ლიკამ ჯერ დედამისს შეხედა, მერე – მამამისს, – გთხოვთ, რა მოხდება, რომ ერთხელ მაინც, ერთხელ მაინც გააკეთოთ ის, რაც მე მინდა, გულით მინდა.

– და სად უნდა წახვიდე, როგორ? ვისთან? – დედამისი ცდილობდა, დრო მოეგო.

– ვახომ მითხრა, ჩამოდიო, – ლიკას იმედი მიეცა.

– ვახოსთან ხომ არ დარჩები სახლში, უხერხულია, – ვითომ მიზეზი მონახა დედამისმა.

– ვისთანაა უხერხული, დედა? ვისთან? – ლიკა არ ნებდებოდა.

– როგორ ვისთან, ვახოს მშობლებთან? – არ დაიბნა დედამისი.

– როგორაა უხერხული, როდესაც ვახოს მშობლები იქ არ არიან? – გულუბრყვილოდ თქვა ლიკამ.

– მით უმეტეს, უხერხულია, – უკან არ დაიხია დედამისმა, ხომ მართალი ვარ, ირაკლი? – გადახედა ქმარს.

– მართალი ხარ, ამიტომ იქვე რამე სასტუმრო იქნება და... – მაგრამ ლიკას მამა მაშინვე გაჩუმდა, იმიტომ რომ ცოლის გამძვინვარებულ თვალებს წააწყდა, მაგრამ ლიკა გამოცოცხლდა.

– ჰო, იქნება სასტუმრო ან რამე, სამი დღით წავალ, გთხოვთ, ძალიან გთხოვთ. – ლიკა უღონოდ დაეშვა სკამზე და ფერი დაკარგა. მისი დედ-მამა ერთმანეთს უყურებდა და არ იცოდნენ, რა ეთქვათ.

– ექიმს ვკითხავ, – სიჩუმე ლიკას დედამ დაარღვია.

– ვინ ეკითხება ექიმს?! დედა, ვინ ეკითხება ექიმს?! ზედამხედველია?! – ლიკა ახლა უკვე გალურჯდა, რაც დედამისს არ გამოჰპარვია.

– კარგი, კარგი, ვილაპარაკოთ ამაზე და გადავწყვიტოთ, – დედამისმა ისევ დროის მოგება სცადა.

– დედა, დრო არ მაქვს. გესმის? დრო არ მაქვს. აი, მითხარი, რა მინახავს ამ ცხოვრებაში ამ ოთხი კედლისა და საავადმყოფოების პალატების გარდა?! ყველაფერი დისტანციურია, მეგობარიც კი არ მყავს წესიერი. ვის ვჭირდები?! არავის. ავადმყოფი ვარ.

– რატომ ამბობ ამას, ოპერაციის შემდეგ ყველაფერი სხვანაირად იქნება, – დედამისი ლიკას დაწყნარებას ცდილობდა.

– არანაირი ოპერაცია არ იქნება, თუ არ გამიშვებთ. გასაგებია?! არანაირი ოპერაცია. გავიქცევი... არა, ხელს არ მოვაწერ დოკუმენტს, რომ თანახმა ვარ ოპერაციის ჩატარებაზე. ვიტყვი, რომ შემეშინდა იმის, რაც იქ წერია, რომ შეიძლება, საოპერაციო მაგიდაზე მოვკვდე. ამიტომ ბუნებრივ სიკვდილს დაველოდები. ამ თემაზე აღარ დამელაპარაკოთ! – ლიკა წამოხტა და თავის ოთახში შევარდა. დედამისს უნდოდა, დასდევნებოდა, მაგრამ ქმარმა გააჩერა:

– დაანებე თავი, დარჩეს მარტო. – ლეილამ სცადა თავის გათავისუფლება, მაგრამ ქმარს მაგრად ეჭირა მისი ხელი.

– გამიშვი ხელი, მტკივა. არ შევდივარ ლიკას ოთახში, – ლეილა დაჯდა და თვალებიდან ცრემლები წამოსცვივდა, – აღარ შემიძლია ამის ყურება. რა შევცოდეთ ღმერთს ამის ფასი?!

ქმარი ვერ მიხვდა, რას გულისხმობდა.

– მაგრამ ლიკა რა შუაშია?! ლიკა რატომ იტანჯება?! – ამოიკვნესა ლეილამ.

– იქნებ გავუშვათ? – შეაპარა ქმარმა.

– სად უნდა გავუშვათ?! გაგიჟდი?! რამე რომ დაემართოს?! ვინ მიხედავს?! – გააპროტესტა ლეილამ.

– რატომ უნდა დაემართოს?! ამდენი ხანია, არაფერი დამართვია... თან, მართალიცაა, მე და შენ გვიყურებს 20 წელია, ლამის მარტო მე და შენ.

– მარტო მე და შენ რატომ გვიყურებს?! ხომ სწავლობს? ამხანაგები ჰყავს?! – არ დაეთანხმა ცოლი.

– კარგი, რა, ლეილა, რა ამხანაგები? გაწერილი აქვს ყველაფერი, ჩვენი შეკითხვები, როგორ გრძნობს თავს, კონტროლი, წამლები, პროცედურები... შენ იცხოვრებდი ასე?!

– მე და შენ სხვანაირად ვცხოვრობთ?! – ისევ არ ეთანხმებოდა ცოლი ქმარს.

– და მე და შენ რომ ვცხოვრობთ, ისე უნდა იცხოვროს ლიკამაც?! ჩვენ ვაკონტროლებთ, რომ მშვიდად ვიგრძნოთ თავი. გამოტყდი. ჩვენი სიმშვიდისთვის ვაკონტროლებთ და გვინდა, რომ თვალწინ გვყავდეს. გვგონია, რომ არაფერი მოუვა, თუ ჩვენ მის სიახლოვეს ვიქნებით, მაგრამ ხომ იცი, რომ ეს ასე არ არის?

– როგორ არ არის?! ჩვენ... – მაგრამ ლეილამ აღარ გააგრძელა სიტყვა და თავი ჩაქინდრა.

– ჩვენ ვერაფერს შევაჩერებთ, ჩვენ არაფერი შეგვიძლია, ჩვენ თავს ვიტყუბთ, რომ შეგვიძლია რაღაც. ლეილა, წავიდეს. გამხიარულდეს. პატარა ხომ არაა?! და შეიძლება...

– რა შეიძლება?! – გაკაპასებული ხმით ჰკითხა ცოლმა.

– დაურეკე ვახოს, გთხოვ. ლეილა, შეიძლება, ვინანოთ მერე. ესეც ვინანოთ, – ცოლ-ქმარი ერთმანეთს სიბრალულით უყურებდა. ერთმანეთსაც არ უტყდებოდნენ, რომ ყველაზე უარესისთვისაც კი იყვნენ მზად. ლეილამ ძლივს აიტანა წელი სავარძლიდან:

– ვახოს დედას დავურეკავ, – უთხრა ქმარს ისე, რომ მისკენ არც მიტრიალებულა და ოთახიდან გავიდა.

***

– მზად ხარ? – ლეილა შვილის ოთახში შევიდა. ლიკას თვალები უციმციმებდა. ლეილამ რაღაც მომენტში დაიჯერა, რომ ლიკა სრულიად ჯანმრთელი იყო. არასდროს ენახა შვილის სახეზე მსგავსი ბედნიერი გამომეტყველება.

– ესე იგი, ყველაფერი სწორად გავაკეთეთ, – გაიფიქრა გულში, ღმერთს მადლობა შესწირა და მიცემული დანაპირებიც გაიხსენა.

– დედა, როგორი მადლიერი ვარ, რა ბედნიერებაა. მივდივარ! – ლიკა დედამისს ჩაეხუტა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა