რომანი და დეტექტივი

ღალატის საიდუმლო

№27

ავტორი: ნია დვალი 20:00 12.07

ღალატის საიდუმლო
დაკოპირებულია

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #23-26 (1226)

– არა, – შეშინდა ქეთი, იმიტომ რომ ბავშვებზე ზრუნვა თავის დარდს ავიწყებდა ხოლმე. თავის თავთან მარტო დარჩენა კი არ უნდოდა.

– შენი გადასაწყვეტია, – მხრები აიჩეჩა ქალბატონმა მარიამმა, – მაგრამ, თუ გადაიფიქრებ, დამირეკე, როცა მოგესურვოს და, საერთოდაც, ნებისმიერ შემთხვევაში დამირეკე, თუ რამე დაგჭირდება.

ქეთიმ თავი დაუქნია და მადლიერებით შეხედა დედამთილს. მან იცოდა, რომ დედამთილს შვილიშვილები უყვარდა და რძალსაც ძალიან კარგად ექცეოდა, მაგრამ ის მაინც სერგის დედა იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ ყოველთვის შვილის მხარეს იქნებოდა.

***

ქეთის არანაირი გეგმა არ ჰქონდა: უვლიდა ბავშვებს, ქმარს საყვარელ კერძებს უმზადებდა, თუმცა სერგი სულ უფრო და უფრო ხშირად ამბობდა უარს ვახშამზე და ქეთიმ იცოდა, რატომაც. სერგი და ელენე უკვე ყოველდღე ხვდებოდნენ ერთმანეთს და, ალბათ, რესტორნებში დადიოდნენ, ამიტომაც სერგი უკვე დანაყრებული ბრუნდებოდა სახლში.

ქეთი თავს დამცირებულად და შეურაცხყოფილად გრძნობდა, რაც მთავარია, ზედმეტად და უმაქნისად, ოღონდ არავის ადანაშაულებდა, საკუთარი თავის გარდა.

– რა საჭირო იყო მაშინვე ბავშვების გაჩენა? მემუშავა ცოტა ხანს, ფინანსურად მოვმაგრებულიყავი და მერე გამეჩინა, რომ ასეთ მდგომარეობაში არ აღმოვჩენილიყავი?! – უბრაზდებოდა საკუთარ თავს, მაგრამ ახლა ფიქრობდა ასე, მანამდე კი ძალიან უნდოდა, მალე გამხდარიყო დედა...

ქეთის ეს მდგომარეობა კიდევ რამდენიმე თვეს გაგრძელდა და ერთ დღესაც, როდესაც სერგი მორიგი „მივლინებიდან“ დაბრუნდა, ჯერ ბავშვებს დახედა: ორივეს ეძინა, შემდეგ კი მისაღებ ოთახში დაჯდა და ქეთის დაუძახა:

– სერიოზულად უნდა ვილაპარაკოთ, – ქეთი მიხვდა, რაზეც უნდა ელაპარაკათ და ცივმა ოფლმა დაასხა, ხელებიც გაეყინა.

– გისმენ, – მშვიდად უთხრა ქმარს.

– ქეთი, შეამჩნევდი, რომ ამ ბოლო დროს უცხოებივით ვცხოვრობთ ერთ სახლში, – სერგი ბოლო ერთი წლის განმავლობაში პირველად უყურებდა ცოლს თვალებში, – თითქოს არავინ ვართ ერთმანეთისთვის.

– შევამჩნიე, რა თქმა უნდა. უბრალოდ, ბავშვები ჯერ პატარები არიან და დიდ დროს მოითხოვენ. მალე წარმოიზრდებიან და...

– არა, ეს არაფერ შუაშია. ასე ხდება ხოლმე. უბრალოდ, ვიჩქარეთ, იმიტომ რომ ჩვენ სხვადასხვანაირები ვართ. გრძნობებმა გაგვიტაცა, ჰორმონების ბრალია. ახლა ზუსტად ვხედავ, რომ ჩვენ ერთმანეთისთვის შეუფერებლები ვართ, – განაგრძობდა სერგი.

– და ჩვენი შვილები?! ისინიც ჩვენი ახალგაზრდობის შეცდომები არიან?! – გაოგნებულმა ჰკითხა ქმარს.

– რა თქმა უნდა, არა. მე მიყვარს ჩვენი შვილები და ყოველთვის მათ გვერდით ვიქნებით, ვნახავ ხოლმე...

– ვერ ვხვდები, რის თქმა გინდა, – ბოლომდე გაისულელა თავი ქეთიმ.

– ერთ ადამიანს ვხვდები და დიდი ხანია, ერთად ვართ. ჩვენი ურთიერთობა დრომ გამოსცადა და ორივენი მივხვდით, რომ აღარ გვინდა სხვადასხვა სახლში ცხოვრება და დამალვა. ოღონდ ჯერ ჩვენ უნდა გავეყაროთ.

მართალია, ქეთიმ კარგა ხანია, იცოდა, რომ მის ქმარს საყვარელი ჰყავდა, მაგრამ სერგის ნათქვამმა მაინც თავზარი დასცა. სუნთქვა გაუჭირდა და იგრძნო, რომ იხრჩობოდა.

– ოღონდ, გთხოვ, ისტერიკის გარეშე. მე ჩემს გადაწყვეტილებას მაინც არ შევცვლი და შენ ვერაფერს მიაღწევ. ყველაფერი გადავწყვიტე. მე ახლა წავალ და გაყრამდე მასთან ვიცხოვრებ... შენ კი ნელ-ნელა ჩაალაგე შენი და ბავშვების ნივთები, იმიტომ რომ როგორც კი ხელს მოვაწერთ; მე და ელემ აქ უნდა ვიცხოვროთ. ბავშვებს შეუძლიათ, როცა უნდათ, სტუმრად მოვიდნენ, – დიდსულოვნად უთხრა სერგიმ და დაამატა:

– არ იჩქარო, იმდენი დრო გაქვს, რამდენიც დაგჭირდება, ერთი კვირა, ერთი თვე, ორი თვე. მესმის, რომ ეს შენთვის შოკია და დრო გჭირდება...

– და სად წავიდე ბავშვებთან ერთად? – გაოგნებული სახით ჰკითხა ქეთიმ.

– უამრავი ვარიანტია, შეგიძლია, მშობლებთან დაბრუნდე, შეგიძლია, ბინა იქირაო, – და ქეთი მიხვდა, რომ სერგისთვის სულერთი იყო, რა პირობებში იცხოვრებდნენ მისი შვილები.

სერგი წავიდა...

ქეთი ჩუმად ტიროდა. ერთ საათში დამშვიდდა და სერგის მშობლები გაახსენდა:

– ქალბატონ მარიამს უნდა დაველაპარაკო, შეუძლებელია, მისთვის სულერთი იყოს ბავშვების ბედი.

მაგრამ მაშინვე არ დაურეკავს და არც მეორე დღეს უთქვამს არაფერი დედამთილისთვის, როდესაც ის ჩვეულებისამებრ, მივიდა შვილიშვილებთან. ერთ კვირაში კი ხელსაყრელი მომენტიც დადგა: ქეთი გასაუბრებაზე დაიბარეს კომპანიაში, სადაც მეტ-ნაკლებად ნორმალური ხელფასი იყო შეთავაზებული მცირე გამოცდილების მქონე თანამშრომლისთვის. თან, დისტანციური სამუშაო იყო, რაც ქეთის ხელს აძლევდა: ბავშვებთან იქნებოდა, მაგრამ გასაუბრებაზე უნდა მისულიყო, ამიტომ ქეთის დედამთილის დახმარება დასჭირდა. მას, ბუნებრივია, უარი არ უთქვამს.

ბებია, როგორც ყოველთვის, საჩუქრებით მივიდა გოგონებთან, ქეთიმ კი, ჩვეულებისამებრ, ყავა შესთავაზა და გადაწყვიტა:

„აი, ახლა მოვუყვები ყველაფერს, – მაგრამ ამ აზრმაც კი ააფორიაქა: როგორ ირეაგირებს? მე რომ დამადანაშაულოს?!“

ქალბატონმა მარიამმა ქეთის ყურადღებით მოუსმინა, არც ერთხელ არ გაუწყვეტინებია საუბარი და საკმაოდ მშვიდადაც მიიღო ქეთის ნაამბობი, მაგრამ მის ემოციებს ამჟღავნებდა თითები, იმდენი სრისა ხელსახოცი, რომ ლამის ნაკუწებად აქცია.

– არ დაგიმალავ. ვიცოდი, რომ საყვარელი ჰყავდა და ასე რომ იქნებოდა, პირველივე დღეს ვიცოდი, – ქალბატონი მარიამი მძიმედ ლაპარაკობდა, – ამიტომაც ვეუბნებოდი, რომ ჩქარობდით დაქორწინებას, მე ვიცნობ ჩემს შვილს. შენ მაშინვე მომეწონე, მაგრამ ისიც ხომ ვიცოდი, რომ სერგი ვერ შეძლებდა შენს გაბედნიერებას და ძალიან მეცოდებოდი. მე დიდხანს არ ვიღებდი ამას, მაგრამ ჩემი შვილი ბაბუამისს ჰგავს, მამაჩემს, ის არც ერთ კაბას არ უშვებდა და ეს გრძელდებოდა სიბერემდე. როგორც ჩანს, ეს გენეტიკის ბრალია... – ქალბატონმა მარიამმა ამოიოხრა.

ქეთი გაოგნდა: „ესე იგი, დედამისმა ყველაფერი იცოდა, რომ სერგი პათოლოგიური მექალთანეა და ასეთ ადამიანს დავუკავშირე ჩემი ცხოვრება?!“

– სერგი სულ შეყვარებულია. ის თავდავიწყებით მიჰყვება ამ გრძნობას, მერე კი ცივდება და ახალ სიყვარულს ეძებს და ასე გრძელდება დაუსრულებლად. ეს არაერთხელ მინახავს. რაღაც მომენტში მეგონა, რომ შენთან შეიცვალა და ვოცნებობი, იქნებ ჩემი შვილისგან კარგი მეოჯახე კაცი დამგარიყო, მაგრამ მისმა ზნემ გაიმარჯვა...

– ესე იგი, პრობლემა მე არ ვარ?! – იკითხა ქეთიმ, იმიტომ რომ ეს პერიოდი სულ თავს იდანაშაულებდა, რომ ცოტა დროს უთმობდა ქმარს, აღარ უვლიდა თავს. ეს აზრები მოსვენებას არ აძლევდა, ახლა კი აღმოჩნდა, რომ საქმე სულ სხვაგვარად ყოფილა.

– რა თქმა უნდა, შენი ბრალი არ არის, – ქალბატონმა მარიამმა ქეთის გაუღიმა, – მეტიც, მის მორიგ მეწყვილესაც იგივე ბედი ელის. არ დაგიმალავ, მე იმ ქალს ველაპარაკე კიდეც, მინდოდა, რამე შემეგნებინა, რომ არ დაენგრია სერგის ოჯახი, რადგან მათი ურთიერთობიდან მაინც არაფერი გამოვიდოდა. მაგრამ არ დამიჯერა, მას ჰგონია, რომ სერგი გამოჭერილი ჰყავს და არც კი წარმოუდგენია, რა ელოდება. ისე, საკმაოდ უსიამოვნო ადამიანია.

– შეხვდით?! – ჰკითხა ქეთიმ.

– არა, ტელეფონით ვესაუბრე. სერგი ოთახში არ იყო, მან კი დაურეკა. მე ვუპასუხე. ის დარწმუნებულია, რომ სერგის მართავს, მაგრამ ეს დროებითია და გაგრძელდება მანამ, სანამ სერგი ახალ ლამაზმანს გაიცნობს.

ქეთიმ საათს დახედა, გასაუბრებაზე აგვიანდებოდა. მით უმეტეს, რომ იგრძნო, ქალბატონი მარიამი მის მხარეს იყო და გადაწყვიტა, მერე გაეგრძელებინა საუბარი.

– თქვენთან მინდოდა, მელაპარაკა, სად წავიდე ბავშვებთან ერთად, მაგრამ ახლა არა, ახლა მაგვიანდება. – სთხოვა დედამთილს.

– გაიქეცი, არ გაიფუჭო საქმე. ეს ბინა ჩემს სახელზეა, სერგის არ არის, – და კიდევ ერთხელ გაუღიმა რძალს.

ქეთი მიხვდა, რომ ქალბატონმა მარიამმა იცოდა, რას გულისხმობდა ქეთი.

მანქანასთან რომ მივიდა, გაახსენდა, რომ საბუთები სახლში დარჩა და ისევ უკან დაბრუნდა. სირბილით აირბინა კიბე, თავისი გასაღებით გააღო კარი, უცებ აიღო შემოსასვლელის თაროდან საბუთები.

გოგონები საბავშვო ოთახში თამაშობდნენ და მათი ხმაურით იყო ავსებული სახლი, ქალბატონი მარიამიც მათთან ერთად იყო. ბაშვების ხალისიანმა ხმებმა ქეთი უცებ შეაყოვნა და დედამთილის საუბრის ნაწყვეტები მოესმა. ქალბატონი მარიამი ტელეფონით ლაპარაკობდა:

– თუ იმედი აქვს, რომ ამ ბინას დაისაკუთრებს, ძალიან ცდება, – ვიღაცას ძალიან გაღიზიანებული ხმით ეუბნებოდა ქალბატონი მარიამი.

ქეთი გაშეშდა: ჩემზე ამბობს?!

– რა თქმა უნდა, თვლის, რომ კარგად მოეწყო. შეუძლია, არ იმუშაოს, იცხოვროს, როგორც გაუხარდება. ოღონდ ეგ ამბავი არ გამოვა, – ქალბატონმა მარიამმა კიდევ რაღაც თქვა, მაგრამ მისი ხმა ბავშვების სიცილმა ჩაყლაპა.

თუმცა ქეთიმ საკმარისზე მეტი მოისმინა და ამიტომაც ახლა უკვე მანქანაში იჯდა და ცრემლად იღვრებოდა. ვერანაირ გასაუბრებაზე ვერ წავიდოდა, დარეკა და გადატანა სთხოვა.

– როგორ?! ხომ მითხრა, რომ ეს ბინა მისია და არა სერგისი?! თითქოს მითანაგრძნობდა?! რა გამოდის?! ისევ მოვტყუვდი?! თუ მე ვერ მივხვდი, რა იგულისხმა, როდესაც მითხრა, ბინა ჩემს სახელზეაო?!

დედამთილს ასე უხეშად არასდროს მოუხსენიებია რძალი, ყოველ შემთხვევაში, ქეთისთვის მსგავსი არასდროს უგრძნობინებია, არათუ უთქვამს, ახლა კი ვიღაცასთან ლანძღავდა. ქალბატონი მარიამი ძალიან აშკარად ეუბნებოდა ვიღაცას, რომ ქეთისა და ბავშვებს ბინას არ მისცემს და არც დაეხმარება.

ქეთის გული დასწყდა, რომ მის დედამთილს ასეთი ცუდი წარმოდგენა ჰქონია მასზე.

„მაგრამ როგორ შეუძლია ასე კარგად თამაში? – ყველაზე მეტად ეს უკვირდა ქეთის: როგორ?! არავის ნდობა არ შეიძლება?!“

ქეთიმ ცრემლები მოიწმინდა და შეეცადა, სუნთქვა დაეწყნარებინა. გადაწყვიტა, დალაპარაკებოდა ქალბატონ მარიამს: „ბოლოს და ბოლოს, ქეთიც დედაა და თავისი შვილების ინტერესები უნდა დაიცვას“.

ქეთის წარმოდგენა არ ჰქონდა, რაზე უნდა ელაპარაკა ან როგორ დაეწყო საუბარი, როგორ აეხსნა, რომ ყოფილი ქმრის მდიდარი მშობლების ხარჯზე არ აპირებდა ცხოვრებას, უბრალოდ, ახლა არ ჰქონდა წასასვლელი.

– ესე იგი, მის თვალში მე ერთი გაიძვერა ვარ, რომელიც ბავშვებს იყენებს იოლი ფულის მისაღებად?! მაგრამ ეს ხომ ასე არ არის?! როგორ ავუხსნა ეს?! – ისევ ანერვიულდა ქეთი. თავადაც არ იცოდა, რატომ უნდოდა, რომ ქალბატონ მარიამს მასზე ცუდი შთაბეჭდილება არ ჰქონოდა.

– დაველეპარაკები, ავუხსნი და მერე, სხვა რა გზაა, გოგონებთან ერთად მშობლებთან მივალ, – ქეთიმ ამოიოხრა და მანქანიდან გადავიდა: ვიპოვი სამსახურს, ბინასაც ვიქირავებ. ყველაფერი გამომივა!

***

– უკვე დაბრუნდი? – ქალბატონ მარიამს გულწრფელად გაკვირვებული ხმა ჰქონდა: მე მეგონა, რამდენიმე საათს არ დაბრუნდებოდი.

– გადავიტანე გასაუბრება, ვერ წავიდოდი. – უთხრა ქეთიმ მოწყენილი ხმით.

– რატომ? მოხდა რამე?

– უფრო მნიშვნელოვანი სასაუბრო მაქვს... მე გავიგონე, როგორ ეუბნებოდით ვიღაცას, რომ ამ ბინას ვერ მივიღებ და რომ აქ არასდროს შემომიშვებთ, – ქეთის ხმა უკანკალებდა.

ქალბატონი მარიამი დაბნეული ჩანდა და ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, რომ ვერაფერს ხვდებოდა.

„დაიბნა, იმიტომ რომ ჰგონია, ბავშვების ნახვის უფლებას არ მივცემ და ახლა ღელავს“, – გაიფიქრა ქეთიმ:.

– მე სიმართლე მჭირდება, რომ ვიცოდე, რას უნდა ველოდო და მოვემზადო, – განაგრძობდა ქეთი, – ამიტომ მითხარით, რამდენი დრო გვაქვს, რომ ჩავალაგო ტანსაცმელი და წავიდეთ ამ სახლიდან.

ქალბატონი მარიამი დუმდა, ეტყობოდა, რომ რაღაცაზე ფიქრობდა, ბოლოს, მისი სახე ღიმილმა გაანათა:

– მივხვდი, როგორც იქნა. შენ სერგისთან ჩემი საუბრის ნაწყვეტი გაიგონე, – უთხრა რძალს.

– სერგისთან?! – გაუკვირდა ქეთის და ახლა ქეთი დაიბნა, – „ჩემზე ელაპარაკებოდა სერგის და ასეთ რამეებს ეუბნებოდა?! მე დამცინოდნენ?!“

– დიახ, ვცდილობდი, ჩემი შვილისთვის ამეხსნა, რომ მისი ელე ვერაფერს მიიღებს ჩვენგან, ვერ გადმოვა ამ ბინაში. სერგიმ უკვე იცის, რომ აქ შენ და ჩემი შვილიშვილები იცხოვრებთ. ეს გოგონების ბინაა, გადავუფორმებ კიდეც, რომ სერგიმ ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ დაივიწყოს. ის მამაკაცია და იშოვის ფულს.

ქეთის შერცხვა.

– მე მეგონა, ჩემზე ლაპარაკობდით, – და თავი ჩაღუნა.

ქეთის სხეულში სითბო ჩაეღვარა, როდესაც გაიაზრა, რომ არსად გადასვლა არ მოუწევს, არც სასწრაფოდ სამსახურის მოძებნა. ამას ნელ–ნელა გააკეთებს, პანიკის გარეშე.

– ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება, – ქალბატონმა მარიამმა ქეთის მხარზე დაადო ხელი, – შენ არაჩვეულებრივი დედა ხარ და შესანიშნავი ადამიანი. ყველაფერი გამოგივა, მე კი შენ გვერდით ვიქნები და დამპირდი, რომ მარტო არ დარჩები...

დასასრული

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა