რომანი და დეტექტივი

ღალატის საიდუმლო

№26

ავტორი: ნია დვალი 20:00 05.07

ღალატის საიდუმლო
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #23-25 (1225)

ქეთიმ ძიძაზე უარი თქვა, არც ქალბატონ მარიამს დაუძალებია, ამიტომ ხშირად მიდიოდა და ბავშვს ასეირნებდა, რომ ქეთის დასვენება მოეხერხებინა.

– არ იჩქარო, დაისვენე, დაიძინე, მე მაბედნიერებს ბავშვთან ერთად სეირნობა, – ეუბნებოდა დედამთილი რძალს.

ქეთი გრძნობდა, რომ ქალბატონი მარიამი ამას გულწრფელად ამბობდა და უკვირდა, რატომ უფრთხოდა თავის დროზე სერგის მშობლების გაცნობას. ბავშვი იზრდებოდა და ლამაზდებოდა და ყველას აბედნიერებდა, ყველაზე მეტად კი მას ვიქტორ ბაბუა ანებივრებდა, როგორც და რითაც შეეძლო. შეძლებით კი, მართლაც, ბევრი შეეძლო.

წელიწად-ნახევარში ქეთი მიხვდა, რომ ისევ ფეხმძიმედ იყო და თუმცა ბიჭს ელოდებოდნენ, ისევ გოგონა დაიბადა. ორი ბავშვის მოვლა ქეთის უკვე ძალიან გაუჭირდა.

– რატომ ჯიუტობ და არ მოგყავს ძიძა? – საყვედურობდა სერგი ცოლს, – ხომ ხედავ, რომ ძალიან იღლები?!

– ვიღლები, მაგრამ ვერავის ვანდობ ჩემს ლამაზუნა გოგონებს, – ისევ უარობდა ქეთი, – თან, დედაშენი ძალიან მეხმარება.

მართლაც, ქალბატონი მარიამი ყოველდღე მიდიოდა რძალთან და შვილთან და დღის ბოლომდე რჩებოდა, უფროსი შვილიშვილი რამდენიმე დღით თავისთანაც მიჰყავდა ხოლმე, რომ ქეთის ამოესუნთქა.

სერგიმაც მოირგო მამის როლი: ბავშვებსაც ეთამაშებოდა, ღამითაც დგებოდა ხოლმე, ყველაფერი აინტერესებდა, რაც მათ უკავშირდებოდა, მცირე დეტალებიც კი, მაგრამ თანდათან შეიცვალა.

ქეთიმ ეს უცებ ვერ შეატყო, იმდენად იყო ჩართული თავის დედობრივ რუტინაში. სერგი ნელ-ნელა უუცხოვდებოდა. სახლშიც უფრო გვიან და გვიან ბრუნდებოდა. მალე მივლინებებში დაიწყო სიარული. თუმცა დედამთილი ისევ ხშირად მიდიოდა ქეთისთან, რომ დახმარებოდა, რასაც ვერ ვიტყოდით ქეთის დედაზე – ის მთლიანად თავისი ქმრის პრობლემებით იყო დაკავებული.

ქეთი თავს მარტოსულად გრძნობდა, იმიტომ რომ შემოაკლდა სერგიც და მისი მზრუნველობაც, ქათინაურები, ყურადღება. აშკარა იყო, რომ სერგი შეიცვალა. ქეთის ეს არც დაუმალავს და შეამჩნია თუ არა, მაშინვე ჰკითხა ქმარს:

– სერგი, მგონი, ძალიან შეიცვალე და ეს არ მომწონს, მეშინია... – უთხრა და თვალებზე ცრემლებიც მოადგა.

– სისულელეს ნუ ამბობ, უბრალოდ, დავიღალე. სამსახურში ბევრი საქმეა, სახლში წესიერად ვერ ვიძინებ. შენც იღლები, მაგრამ ყველაფერი დალაგდება, – დაარწმუნა ცოლი.

ქეთისაც იმის იმედი ჰქონდა, რომ ყველაფერი დალაგდებოდა. ოცნებობდა იმ დროზე, როდესაც გოგონები წამოიზრდებოდნენ და ძველებური სერგიც დაუბრუნდებოდა: მხიარული, საიმედო და მოსიყვარულე. მაგრამ რაღაც კარნახობდა, რომ, რაც ადრე იყო, იმ ადრეში დარჩა. სერგი მაშინაც თითქოს სადღაც დაფრინავდა, როდესაც სახლში იყო. ბევრი რამ, რაც ქეთიში მოსწონდა, ახლა უკვე აღიზიანებდა. ცდილობდა, არ გამოემჟღავნებინა, მაგრამ ქეთი გრძნობდა და ეს აუტანელ ტკივილს აყენებდა.

ქეთის ძველებურად ეხმარებოდა ქალბატონი მარიამი და, საერთოდაც, სერგის მშობლების დამოკიდებულება მისადმი არც შეცვლილა, შვილიშვილებს კი ორივე აღმერთებდა.

თუმცა ქალბატონი მარიამი ყოველდღე მიდიოდა ქეთისთან, ძირითადად, მხოლოდ იმ საკითხებზე საუბრობდნენ, რაც ბავშვებს ეხებოდა, მაგრამ ერთ დღესაც ქალბატონმა მარიამმა სულ სხვაგვარი საუბარი წამოიწყო რძალთან:

– ამ ბოლო დროს ძალიან სევდიანი ხარ, სერგიმ ხომ არ გაწყენინა?

– არა, ყველაფერი კარგადაა, – რატომღაც იცრუა ქეთიმ. ალბათ, იმიტომ, რომ მზად არ იყო ასეთი გულახდილი საუბრისთვის. თან, უხერხულობაც იგრძნო, ვინაიდან დედამთილთან ბავშვების გარდა სხვა თემაზე არც არასდროს უსაუბრია.

დედამთილმა თავი გადაიქნია და ეტყობოდა, რომ რძალს არ დაუჯერა. ქეთიმ დიდხანს იფიქრა ქალბატონი მარიამის შეკითხვაზე:

– ვითომ რამეს ხვდება? ან რამე იცის სერგის შესახებ?! ან რატომ იფიქრა, რომ სერგი მაწყენინებდა?! არადა მკითხა, რა უცნაურია?!

რამდენიმე დღის შემდეგ ქეთი მოულოდნელი ფაქტის წინაშე დადგა. იმ საღამოსაც ქმარს ელოდებოდა, თუმცა ძალიან ეძინებოდა და სერგიც ნაშუაღამევს დაბრუნდა სახლში. არ ელოდა, რომ ცოლი ფეხზე დახვდებოდა.

– რატომ არ გძინავს? – ჰკითხა ქეთის.

– შენ გელოდებოდი. რამდენი ხანია, საღამოობით მარტო არ დავრჩენილვართ. მომენატრე, – უთხრა ქეთიმ და ქმარს ლეპტოპის ჩანთა გამოართვა.

– ჯობდა, დაგესვენა, ძალიან იღლები, – ქეთის მოეჩვენა, რომ ეს სიტყვები სერგიმ ყასიდად, ზრდილობის გამო უთხრა, მაგრამ არ შეიმჩნია.

– შხაპს მივიღებ, ძალიან დავიღალე და ეგრევე დავწვები, – სერგი სააბაზანოში შევიდა. რამდენიმე წუთში სერგის ტელეფონმაც დაიწკრიალა, რომელიც შემოსასვლელის თაროზე დარჩენოდა. ქეთი ავტომატურად დასწვდა ტელეფონს, რომ სერგისთვის შეეტანა და უცებ ეკრანზე ფოტოები გაიხსნა.

ქეთი არავითარ შემთხვევაში არ აიღებდა ქმრის ტელეფონს და არც არასდროს შეუმოწმებია. ფოტოებისკენ მისი თვალები თავისით გაიქცა: ეს იყო საკმაოდ სექსუალურ თეთრეულში გამოწყობილი ახალგაზრდა, ქერა ლამაზმანის ფოტოები, წარწერით:

– ხომ გინდოდა გენახა, როგორ მომიხდებოდა შენი საჩუქარი და აი...

არც ფოტო და არც მინაწერი აღარ ტოვებდა იმის მინიმალურ შანსსაც კი, რომ ეს ფოტო შემთხვევით მოხვდა სერგის მობილურ ტელეფონში. სერგის საყვარელი ჰყავდა და, როგორც ჩანს, კარგა ხანია.

ქეთი მიმოწერის წაკითხვას შეუდგა და ბევრი საინტერესო ამბავიც შეიტყო.

როგორც ჩანს, ეს ახალგაზრდა ქალი, სახელად ელენე, ბატონი ვიქტორის ერთ-ერთ რეგიონულ ფილიალში მუშაობდა და ასე გაიცნო სერგიც. ქეთის თავში სრული სურათი დაულაგდა: ესეც მივლინებები და ღამით გვიანობამდე მუშაობა. გაარკვია, რომ სერგის თავის საყვარელთან ერთად უცხოეთში მოგზაურობაც მოესწრო.

ამასობაში აბაზანაში წყლის ხმა შეწყდა და ქეთიმ სასწრაფოდ უკან დააბრუნა ტელეფონი. თავად კი ბავშვების ოთახში შევიდა, როგორც თავშესაფარში. არ შეეძლო ახლა სერგის დანახვა. არც ის იცოდა, რა უნდა ეთქვა სერგისთვის, როგორ მოქცეულიყო. ეშინოდა იმის თქმის, რომ იცოდა სერგის თავგადასავლის შესახებ და ახსნა-განმარტება მოეთხოვა. რატომ? იმიტომ რომ სერგი თავის თავს აღარ ჰგავდა: ოდესღაც ის ქეთის აღმერთებდა და ხელის გულზე ატარებდა, მაგრამ ის დრო წარსულს შეუქცევადად ჩაჰბარდა. ახლა ის გულგრილი იყო ქეთისადმი და ვერც კი მალავდა, რომ ცოლი აღიზიანებდა, თუმცა ძალიან ცდილობდა, ეს დაემალა.

ქეთიმ არც ის იცოდა, როგორ მოიქცეოდა სერგი, თუ გაიგებდა, რომ ქეთიმ ყველაფერი იცოდა:

„ალბათ, ისევ მე დამაბრალებს, რატომ ავიღე მისი ტელეფონი ნებართვის გარეშე, – ფიქრობდა ქეთი, რომელიც გოგონების საწოლებს შორის იატაკზე იჯდა სრულიად დაბნეული, – და რომ აღიაროს, რომ სხვა ჰყავს და მასთან ერთად უნდა ცხოვრება და გაყრა მომთხოვოს?! სად უნდა წავიდე ბავშვებთან ერთად?! მშობლებთან?! იმ ბინაში, სადაც ახლაც კი არაფერი შეცვლილა?! – ქეთის თავში ეს უსიამოვნო კითხვები უტრიალებდა და საკუთარ თავზე ბრაზობდა: ან მუშაობას რატომ დავანებე თავი?! საიდან მოვიტანე, რომ რაღაც შეიძლებოდა, უსასრულოდ გაგრძელებულიყო?! ჩემი თავის გარდა, სხვას როგორ ვენდე ასე დაუფიქრებლად?!“

ქეთი თავს ძალიან უსუსურად და დაუცველად გრძნობდა. დღემდე თავს იმდენად უსაფრთხოდ გრძნობდა, რომ სიფხიზლეც კი მოუდუნდა, თორემ აქამდეც მიხვდებოდა, რომ სერგის საყვარელი ჰყავდა. შეეჩვია კომფორტს, რომელშიც აღმოჩნდა, რომ მის შვილებს არაფერი აკლდათ.

„ახლა რა იქნება?!“ – უმეორებდა ქეთი თავის თავს.

ქეთი ფეხის ხმით მიხვდა, რომ სერგი სამუშაო მაგიდასთან დაჯდა. ქეთიმ ცრემლები შეიმშრალა. გოგონებს დახედა და სარკეში ჩაიხედა:

– ახლა ვერ მივცემ თავს იმის უფლებას, რომ საქმეები ვარჩიო. ბავშვების გამო ხმას არ ამოვიღებ, არ დავუშვებ, რომ ჩემი გოგონები ისევ იქ დაბრუნდნენ, საიდანაც თავის დაღწევას მე ვცდილობდი. ამიტომ იყოს, როგორცაა და რამეს მოვიფიქრებ. ახლა ტირილის დრო არ არის, უმცროსი ცოტა მომაგრდეს, ისევ გავალ სამსახურში, ჩემი ფული მექნება და მერე უკვე მე ვიცი, როგორც მოვიქცევი, – უთხრა ქეთიმ თავის გამოსახულებას სარკეში შეათვალიერა და ოთახიდან გავიდა.

ქეთი იწვა და ძილი არ ეკარებოდა. დედამისი გაახსენდა და უნებლიეთ თავი შეადარა:

„არა, დედაჩემს არ ვგავარ, იმიტომ რომ არც სერგი ჰგავს მამაჩემს. არ სვამს, დებოშებს არ აწყობს, შეურაცხყოფას არ მაყენებს, არ მამცირებს, უბრალოდ, თავისი ცხოვრებით ცხოვრობს და არაფერს ითხოვს. მე აღარ მეკარება, მაგრამ თავის ფუნქციებს ასრულებს“, – იმშვიდებდა ქეთი თავს და გამოუვიდა კიდეც – დაარწმუნა, რომ ერთ-ორ წელს თავს მოიტყუებდა და ამ სიცრუეში გაძლებდა.

„მე ხომ ამას ჩემი შვილებისთვის ვაკეთებ? რა თქმა უნდა, ჩემი შვილებისთვის. მათთვის ასე სჯობს“, – გადაწყვიტა ქეთიმ. სანათი ჩააქრო და შეეცადა, დაეძინა.

***

ამ ამბის შემდეგ ცხოვრება თავის კალაპოტში მიედინებოდა: გარეგნულად არც არაფერი შეცვლილა. სერგი ბევრს მუშაობდა და მივლინებებშიც ხშირად დადიოდა. ქეთი სახლში იყო და ბავშვებს უვლიდა. დედამთილი ისევ ეხმარებოდა, დედამისი ისევ წუწუნებდა და ქეთის მამას დასდევდა. ქეთის კი თავში უამრავი აზრი უტრიალებდა:

„ნეტავ, სერგის დედამ იცის, რომ მის შვილს რომანი აქვს?! ან ბატონმა ვიქტორმა? ის ქალი ხომ მასთან მუშაობს?! არაფერი შეუმჩნევია?! იქნებ მათ წრეში ეს მიღებულია?!“

ქეთის ამ კითხვებზე პასუხები არ ჰქონდა და ამასობაში ერთი წელიც გავიდა. ქეთიმ სამსახურის ძებნა დაიწყო, რადგან მამამთილის კომპანიაში დაბრუნება არ უნდოდა, მაგრამ სამსახურის მოძებნა გაუჭირდა. ქეთის არ ჰქონდა საკმარისი გამოცდილება, რასაც ყველა ითხოვდა და მალევე მიხვდა, რომ სამსახურს, ნორმალური ანაზღაურებით, რთულად იპოვიდა. რაც მას ესადაგებოდა, იმით ბავშვებსაც კი არა, მარტო საკუთარ თავსაც ვერ არჩენდა. სინამდვილე გაცილებით მკაცრი აღმოჩნდა, ვიდრე ქეთის ერთი წლის წინათ წარმოედგინა.

სერგი კი უკვე აღარც ცდილობდა, სანიმუშო მეოჯახისა და ქმრის როლი გარეგნულად მაინც შეესრულებინა. მას არათუ ქეთი, ბავშვებიც კი აღიზიანებდა და ქეთი მიხვდა: სერგის ის, უბრალოდ, მობეზრდა და არც მაშინ ატყუებდა, როდესაც ერთადერთსა და განუმეორებელს ეძახდა. თავის დროზე ქეთიმ სერგის გული თავისი გამორჩეულობით მოინადირა, სხვებს რომ არ ჰგავდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ესეც მობეზრდა. თან, ქეთიც შეიცვალა. რა თქმა უნდა, ისევ ლამაზი იყო, მაგრამ ძველებური სილაღე და უდარდელობა ჩამოსცილდა, თან, მისთვის პირველ ადგილას უკვე ბავშვები იდგნენ და შეიძლება, სერგის არც ეს მოსწონდა.

ქეთი უკვე მუდმივად აკონტროლებდა სერგის ტელეფონს და იცოდა, რომ ის ვიღაც ელენე მის ქმარს ქათინაურებით ავსებდა, სერგით აღფრთოვანებული იყო და ლამის ეთაყვანებოდა. სერგის კი ეს მოსწონდა...

„ნარცისია და სხვანაირი ვერც იქნებოდა, ერთადერთი შვილი იყო და მშობლები თავს ევლებოდნენ, მაგრამ მე რატომ არ შევამჩნიე ეს აქამდე?! ასე სულელურ მდგომარეობაში ხომ არ აღმოვჩნდებოდი ახლა?!“ – ისევ თავის თავს საყვედურობდა ქეთი.

ქეთიმ ახლა უკვე იცოდა, რომ სერგი მასთან უზადო რაინდს მხოლოდ იმიტომ თამაშობდა, რომ საკუთარ თავს მოსწონებოდა. თავად სერგი იყო აღფრთოვანებული თავისივე სრულყოფილებით.

ქეთი ისე შეეჩვია სერგის ტელეფონში ძრომიალს, რომ ამას თავის ერთგვარ მოვალეობად აღიქვამდა – ინფორმაცია სჭირდებოდა, რომ თავისი გოგონები და საკუთარი თავიც ქუჩაში არ დაეტოვებინა.

მიმოწერას ეტყობოდა, რომ ელენესა და სერგის ურთიერთობა საკმაოდ სერიოზულ ხასიათს იძენდა. ქალი სერგის მიერ დაქირავებულ ბინაში ცხოვრობდა. სერგი მისთვის არც სასიყვარულო სიტყვებს იშურებდა და არც – ძვირად ღირებულ საჩუქრებს. ეტყობოდა, რომ ელენე არაფრის ნაკლებობას არ უჩიოდა და ძალიან ბევრს მოგზაურობდნენ ერთად თბილი ზღვების სანაპიროებსა და ეგზოტიკურ გარემოში.

ქეთი ინტერესით ათვალიერებდა ხოლმე მათ ფოტოებს ასეთი „მივლინებებიდან“. მოკლედ, სერგი ამ ელენესთან თავის ძირითად დროს ატარებდა და ერთ მომენტში ელენემ პრეტენზიაც წამოაყენა:

– ისე მენატრები ხოლმე, ტანჯვაა ჩემთვის უშენოდ გატარებული თითოეული წუთი. რამდენ ხანს უნდა ვიყოთ ასე?! თითქოს სათამაშო თოჯინა ვარ. მე არ მკადრულობ ცოლად? – წერდა სერგის.

– ხომ იცი, ასე მარტივი არ არის, რაც მთავარია, მიყვარხარ და დროის ამბავია ჩვენი ერთად ყოფნა, – ამშვიდებდა სერგი.

– მაგრამ შენი არავისთან გაყოფა არ მინდა, – ეწუწუნებოდა ელენე და ამის წაკითხვისას ქეთის გაეცინა, იმიტომ რომ კარგა ხანია, სერგის არც მიჰკარებია.

ყველაზე უცნაური ის იყო, რომ ქეთი ერთგვარად უგებდა ამ უცნობ ქერათმიან ლამაზმანს: მის ადგილას მეც არ მომეწონებოდა საყვარლობა და ცოლობა მინდებოდაო.

სერგი კი დაპირებებს არ იშურებდა:

– ცოტა მოითმინე, საყვარელო და ყველაფერი შეიცვლება.

– რა შეიცვლება? როდის? როგორ? – ქეთი სივრცეს უსვამდა ამ შეკითხვებს, იმიტომ რომ სერგის დაპირებები აფორიაქებდა, მას კი ჯერ სამსახურიც არ ჰქონდა ნაპოვნი, სად უნდა წასულიყო?!

რა თქმა უნდა, არანორმალური იყო ისე ცხოვრება, როგორც ქეთი ცხოვრობდა, მაგრამ ქეთი არც გაყრისთვის იყო ახლა მზად. იცოდა, რომ ვერ შეძლებდა ბავშვების მარტო მოვლას და ამ ფიქრების გამო ვერც კი იძინებდა. გახდა და თვალების ქვეშ მუქი რკალები გაუჩნდა.

დედამთილმა ეს ცვლილებები მალევე შეამჩნია, იმიტომ რომ ისევ ისე ყოველდღე მიდიოდა შვილიშვილებთან:

– ექიმთან უნდა წახვიდე. რატომღაც, გახდი და ცუდად გამოიყურები, თითქოს თვალსა და ხელს შუა დნები.

– ყველაფერი რიგზეა, უბრალოდ, ძალიან ვიღლები.

– მოდი, ორივეს ჩემთან წავიყვან, შენ კი დაისვენე, გამოიძინე, სადმე წადი, სალონში, რამე იყიდე, გახალისდი, – შესთავაზა დედამთილმა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა