რომანი და დეტექტივი

ღალატის საიდუმლო

№25

ავტორი: ნია დვალი 20:00 28.06

ღალატის საიდუმლო
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #23-24 (1224)

– მამაჩემი რა შუაშია? 15 წლის ხომ არ ვარ? ზრდასრული ვარ, მაქვს ჩემი ფული, მშობლებთან არ ვცხოვრობ. მე ისინი მიყვარს, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში არ ვრევ, არც თავად ერევიან. რაც მე მეხება, იმას მე ვწყვეტ.

ქეთიმ თავი დაუქნია სერგის, თუმცა თავად მაინც დარწმუნებული იყო, რომ სერგის მშობლები არ მოუწონებდნენ არჩევანს, მაგრამ არაფერი უთქვამს.

– მამაჩემმა იცის, რომ ერთმანეთს ვხვდებით და მითხრა, რომ ძალიან კარგი გოგო ხარ, ლამაზი და თავმდაბალი და მეც ვეთანხმები, – სერგიმ ქეთის წელზე შემოჰხვია ხელი.

ქეთიმ, როგორც ყოელთვის, სერგის მკლავებში თავი დაცულად იგრძნო. მეტი არც არაფერი უნდოდა. ამ მდგომარეობაში დარჩებოდა მარადიულად, ოღონდ კი მისი სითბო და გულისცემა ეგრძნო. რაც მთავარია, მის გვერდით თავს ყოველთვის ერთადერთად და განუმეორებლად განიცდიდა. ეს არც იყო გასაკვირი, სერგიმ იცოდა ქალებთან მოქცევა, ის სრულიად განსახვევებული ასაკისა და ტიპის ქალებს მოსწონდათ. ქეთის არაერთხელ შეუმჩნევია, როგორ ცდილობდნენ სერგისთან გაარშიყებას საკმაოდ ახალგაზრდა გოგონებიც და ასაკიანი ქალებიც და ეს ხდებოდა ყველგან: ქუჩაში, რესტორანში, სამსახურში. სერგი თითქოს მაგნიტივით იზიდავდა საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს. ქეთის ასეთ დროს გული ეკუმშებოდა ხოლმე, ცუდი წინათრგძნობა უტევდა და ხვდებოდა, რომ ეს ეჭვიანობა იყო. ცდილობდა, არ გამოეხატა, ბოლოს და ბოლოს, სერგი მისი საკუთრება, ხომ, არ იყო?! მით უმეტეს, რომ სერგი ყოველთვის ახერხებდა, საკმაოდ მოხდენილად დაეძვრინა თავი თაყვანისმცემლებისგან. თან, ისე, რომ მათ არც სწყენოდათ. როგორ გამოსდიოდა, ამას ქეთი ვერ ხვდებოდა, მაგრამ ფაქტია, გამოსდიოდა.

სერგი ხშირად უყვებოდა ხოლმე ქეთის თავის ადრინდელ თავგადასავლებზე:

– მომწონდა ეს ხანმოკლე და ეგზოტიკური ახალი შეგრძნებები. ერთგვარი თამაში იყო. ვსწავლობდი ქალებს, მაინტერესებდა მათი ბუნება, მაგრამ ვერაფერი განსაკუთრებული ვერ აღმოვაჩინე. ყველა ერთმანეთს ჰგავდა.

აი, ქეთის კი არაფერი ჰქონდა სატრაბახო, რადგან სერგის გაცნობამდე პაემანზეც კი არ ყოფილა და ამის დამალვას ცდილობდა, ვინაიდან ფიქრობდა, რომ სერგი ნაკლად ჩაუთვლიდა, მაგრამ სერგის, პირიქით, გაუხარდა კიდეც ამის გაგება:

– იმიტომ რომ განსაკუთრებული ხარ. განსხვავებული სხვებისგან. შენ გვერდით თავს ყველაზე ძლიერად ვგრძნობ, – ეუბნებოდა სერგი და ქეთის გული ისევ ეკუმშებოდა, ოღონდ ამჯერად ბედნიერებისგან.

სერგი ხშირად სთავაზობდა ქეთის, რომ მასთან გადასულიყო საცხოვრებლად, მას საკუთარი ბინა ჰქონდა და საკმაოდ ახლოსაც იყო სამსახურთან. ქეთი უარს ამბობდა და არა იმიტომ, რომ არ უნდოდა. სერგის ოჯახის რეაქცია აფრთხობდა და საკუთარი მშობლებისაც.

არადა ქეთის მშობლებმა იცოდნენ, რომ ქეთი ვიღაცას ხვდებოდა და ისიც ესმოდათ, რომ ახალგაზრდა კაცი მათგან განსხვავებული წრიდან იყო, ამიტომ შვილს კიცხავდნენ.

– ახლა ვიღაც ფულიანი ტომრის სათრევიც გახდი, – ეჩხუბებოდა მამამისი.

– ფრთხილად იყავი, გაერთობა და მოგისვრის, ნაბიჭვარიღა აკლია ჩვენს სრულ ბედნიერებას, – წუწუნებდა დედამისი.

ქეთის ძალიან უნდოდა ამ ორი ადამიანისგან გაქცევა, რომლებმაც სიცოცხლე აჩუქეს, რის გარეშეც სერგის ვერც კი გაიცნობდა. თითქოს გამოსავალიც იყო: სერგი სთავაზობდა ერთად ცხოვრებას, მაგრამ გულის სიღრმეში ეთანხმებოდა ორივე მშობელს:

– უხეშად ამბობენ სათქმელს, მაგრამ მართლები არიან. სერგი მეუბნება, რომ თავად იღებს გადაწყვეტილებებს, მაგრამ იქნებ ეს მხოლოდ ეჩვენება?! ერთია, როდესაც იცი, რომ შენს შვილს რომანი აქვს შეუფერებელ გოგოსთან და, მეორე, როდესაც ერთად იწყებენ ცხოვრებას, – თავისთვის მსჯელობდა ქეთი, მაგრამ ამ უსიამოვნო ფიქრებს არ აჰყვებოდა ხოლმე, ვინაიდან არ უნდოდა იმ ბედნიერი მდგომარეობის ერთი წამის გაფუჭებაც კი, რომელიც ღმერთმა აჩუქა, მით უფრო, რომ არავინ იცოდა, როდის დამთავრდებოდა ეს ზღაპარი.

ერთ დღესაც სერგიმ ქეთი თავის კაბინეტში გამოიძახა. პირველად არ მოქცეულა ასე, ამიტომ ქეთი თამამად ავიდა და კარი შეაღო.

– სერიოზულად უნდა ვილაპარაკოთ, – უთხრა სერგიმ საქმიანი ხმით.

ქეთი სკამზე დაჯდა უსიამოვნო ამბის გაგების მოლოდინით.

– დიდი ხანია, ერთმანეთს ვხვდებით. მე შენ მიყვარხარ და ვიცი, რომ შენც გიყვარვარ, მაგრამ რაღაც ჩემთვის გაუგებარი აზრები გიტრიალებს თავში. მე მინდა, რომ სულ ერთად ვიყოთ, – სერგიმ შარვლის ჯიბიდან პატარა, ხავერდის ყუთი ამოიღო.

ქეთის გული გაუჩერდა, ხელები გაეყინა და ცივმა ოფლმა დაასხა:

– გამომყვები ცოლად? – ჰკითხა სერგიმ, ქეთისთან მივიდა და პატარა ხავერდის ყუთი ხელებში ჩაუდო. ქეთიმ ავტომატურად გახსნა და აღტაცება ვერ დამალა: ოქროს ბეჭედი სხვადასხვა ფერის ძვირფასი ქვით იყო შემკული, რომლებიც ელფერთა საოცარ გამას ქმნიდა. ნაკეთობა მდიდრული და ძალიან დახვეწილი იყო.

ქეთი პირველად ხედავდა მსგავს ნივთს და ხმას არ იღებდა.

– გამომყვები ცოლად?! – სერგის ხმაში ეჭვი შეეტყო.

– რა თქმა უნდა, – წამოიძახა ქეთიმ და სერგის ყელზე მოეხვია.

– ძალიან ბედნიერები ვიქნებით... აი, ნახავ, – ეუბნებოდა სერგი და თავზე ხელს უსვამდა ქეთის...

***

ერთი კვირის განმავლობაში ქეთი დაფრინავდა, იმიტომ რომ ამას ნამდვილად არ ელოდა. თან წელიწადიც არ იყო, რაც ერთმანეთი გაიცნეს, თან, ნერვიულობდა, რომ სერგის მშობლების გაცნობა მოუწევდა. განსაკუთრებით, სერგის მამის რეაქცია აშინებდა, მაგრამ სერგის დედასაც უფრთხოდა. თუმცა დიდხანს ვერ გადაავადებდა ამ შეხვედრას.

– ხვალ, საღამოს, ჩემს მშობლებთან მივდივართ, – გამოუცხადა სერგიმ ქეთის და ქეთის ისევ ცივმა ოფლმა დაასხა. სერგის მუდარით აღსავსე თვალებით შეხედა, მაგრამ სერგის მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილება მიღებული.

– უარი არ მიიღება. პატარები ხომ არ ვართ?! – ქეთისაც სხვა რა გზა ჰქონდა, თავი დაუქნია.

– კარგი, როგორც იტყვი.

მთელი ღამე არ უძინია და დილიდანვე აფორიაქებული იყო. ყველა კაბა მოისინჯა, რომელიც ჰქონდა. სარკეს არ შორდებოდა და ცდილობდა, მიმხვდარიყო, რომელი სამოსი უფრო მეტად შეესაბამებოდა დღევანდელ საღამოს. ამას დედამისის ჩიჩინიც ემატებოდა ფონად:

– შეეცადე, თავი მოაწონო. მის მშობლებს თუ არ მოუხვედი თვალში, ეს ქორწინება არ შედგება, მაგრამ, თუ ყველაფერი გამოგივა, თავს დააღწევ ამ სიღარიბეს. ეს შენი ერთადერთი შანსია.

ქეთი დედამისს არაფერს პასუხობდა, თუმცა თვისთვის გულდაწყვეტილი ფიქრობდა:

– არასდროს იცოდა გამხნევება. პირიქით, უფრო მეტად მამძიმებდა და ახლაც ასე იქცევა. მე ხომ სწორედ ის არ მინდა, სერგის მშობლებმა იფიქრონ, რომ მათ შვილს ფულის გამო ვხვდები?! რატომ არ მიცნობს საკუთარი დედა?!

დანიშნულ დროს სერგიმ გაუარა. ქეთი ისე იყო ანერვიულებული, რომ ხელებიც თვალშისაცემად უკანკალებდა. სერგიმ ეს შეამჩნია:

– რა განერვიულებს?! მე ძალიან კარგი მშობლები მყავს.

ქეთი თითქოს დამშვიდდა, მაგრამ სერგის სახლის დანახვამ ისევ აანერვიულა: ეს იყო დიდი, ორსართულიანი კოტეჯი, ძალიან კოხტა და მოწესრიგებული ეზოთი და აუზით უკანა ეზოში. სახლის ექსტერიერიც საკმაოდ დახვეწილი და გემოვნებიანი იყო. ქეთი აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს, თითქოს მუზეუმშიაო.

– უკანა ეზოში გავიდეთ, იქაა ჩვენთვის გაშლილი სუფრა, – სერგის ერთგვარად ახალისებდა ქეთის რეაქცია.

ქეთი იცნობდა სერგის მამას – ვიქტორს, უფრო ზუსტად, რამდენჯერმე ჰქონდა თვალი მოკრული და მხოლოდ ესალმებოდნენ ერთმანეთს. ერთი შეხედვით, საკმაოდ მკაცრი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა, მაგრამ სახლში სრულიად განსხვავებულად იქცეოდა. ბევრს ხუმრობდა, სუფრასთან თავის ცოლსა და ქეთის ემსახურებოდა. სახალისო ისტორიებს ყვებოდა და ყველას აცინებდა.

სერგის დედა კი ძალიან ლამაზი ქალი აღმოჩნდა: ელეგანტური და მომხიბვლელი. ქალბატონი მარიამი, მეუღლისგან განსხვავებით, თავშეკავებულად იქცეოდა. ერთვებოდა საუბარში, ქეთის უღიმოდა, კითხვებსაც უსვამდა, ოღონდ უმეტესწილად მაინც ჩუმად იყო. აკვირდებოდა ყველაფერს. როგორც ჩანს, თავისთვის დასკვნები გამოჰქონდა.

ქეთის უსიამოვნო შეგრძნება არ გასჩენია სერგის მშობლებთან ურთიერთბისას, ბატონმა ვიქტორმა, საერთოდაც, კომპლიმენტებით აავსო. თითქოს არც ქალბატონი მარიამ უწუნებდა არჩევანს თავის ვაჟს, მაგრამ ქათინაურებს ერიდებოდა. ამის მიუხედავადაც, სწორედ მან წამოიწყო საუბარი ქორწილზე და ქეთის გასაკვირად, იკითხა:

– ქეთი, შენ როგორი ქორწილი გინდა? ჩვენ შევეცდებით, ყველაფერი ისე მოვაწყოთ, რომ მთელი ცხოვრება გაგყვეთ ეს ლამაზი მოგონება და ორივეს მოგეწონოთ.

ქეთიმ მორცხვად დახარა თავი.

– თქვენ როგორც გადაწყვეტთ...

***

სერგის სახლიდან ქეთი ძალიან მშვიდი და ბედნიერი წამოვიდა. დარწმუნდა, რომ სერგის მშობლები მათი ქორწინების წინააღმდეგები არ იყვნენ, მაგრამ ეს სიმშვიდე დიდხანს არ გაგრძელებულა. სერგის ოჯახთან მორიგი სტუმრობისას ქეთიმ შემთხვევით მოჰკრა ყური თავისი მომავალი დედამთილისა და ქმრის საუბარს.

სერგი და ქალბატონი მარიამი სახლში შევიდნენ, რომ ცივი სასმელები გამოეტანათ. ქეთი უკან გაჰყვა, რომ მიხმარებოდა და შემთხვევით მათი საუბარიც მოისმინა.

– შეიძლება, ჩქარობთ? – ქალბატონი მარიამი შვილს გამჭოლი მზერით უყრებდა. ქეთი ადგილს მიეყინა, როდესაც ეს სიტყვები გაიგონა.

– უცნაურია, მე მეგონა, მოვეწონე, – გაიფიქრა თავისთვის.

– ჩვენ ყველაფერი გადავწყვიტეთ. მე გადავწყვიტე, – გაღიზიანებული ხმით უპასუხა სერგიმ დედამისს.

– დარწმუნებული ხარ? – კიდევ ჰკითხა დედამ, – ქეთი ძალიან ფაქიზია, მას სჭირდება საიმედო ადამიანი, შენ კი თავადაც ყველაფერი იცი საკუთარ თავზე.

– ზუსტად ასეთი ვარ, – მოუჭრა სერგიმ, – საიმედო ვარ.

– მაშინ ფრთხილად იყავი, – უთხრა ქალბატონმა მარიამმა.

ქეთი ხშირად იხსენებდა იმ დიალოგს და ჩათვალა, რომ ქალბატონი მარიამი მათი ქორწინების წინააღმდეგი იყო, არ ზემოქმედებდა შვილზე, მაგრამ, აფრთხილებდა.

მართალია, ქეთიმ დაასკვნა, რომ, სერგის დედის შეფასებით, ის მათი ოჯახისთვის შეუფერებელი რძალი იყო, მაგრამ ქალბატონი მარიამი მას მაინც კარგად ექცეოდა. არაფერს აგრძნობინებდა. ყოველ შემთხვევაში, ქეთი ვერაფერს გრძნობდა, ვერც სიყალბეს ამჩნევდა. ისე ჩანდა, რომ მომავალ დედამთილს ძალიანაც მოსწონდა შვილის არჩევანი.

ბოლოს და ბოლოს, ქეთიმ გადაწყვიტა, რომ თავიდან ამოეგდო ის საუბარი: „დედა-შვილი რაზეც უნდა, ილაპარაკებს. ჩემი საქმე არ არის“.

ქორწილი კი, მართლაც, დიდებული გამოვიდა. ქეთი ელოდა რაღაც გრანდიოზულს, მაგრამ ნანახმა ყველა მის მოლოდინს გადააჭარბა. თავს ნამდვილ დედოფლად გრძნობდა, იმიტომ რომ დღესასწაულის მთავარი პერსონა იყო. აი, ქეთის მშობლები კი დაბნეულები ჩანდნენ. ისინი არ ელოდნენ ასეთ დღესასწაულს. ქეთი ხედავდა, როგორ ცდილობდა ქალბატონი მარიამი, რომ მის მშობლებს თავი თავისუფლად ეგრძნოთ, მაგრამ ქეთი მაინც შფოთავდა. ეშინოდა, რომ მამამისი დალევდა და ამაზრზენად მოიქცეოდა. ასეც მოხდა, მაგრამ ქალბატონმა მარიამმა ყველაფერი ისე მოაგვარა, რომ სტუმრები ვერც ვერაფერს მიხვდნენ. ტაქსი გამოიძახა და მძახლები გაამგზავრა. ქეთი სრულიად მარტო დარჩა და კიდევ ერთხელ შერცხვა.

– შენი ბრალი არაფერი არ არის, – სერგიმ შემცბარ ქეთის ყურში ჩასჩურჩულა.

– რა თქმა უნდა, ყველაფერი რიგზეა, – შვილს ქალბატონი მარიამიც შეეშველა, – არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. ეს ხომ ქორწილია, სტუმრების ნახევარი მალე ასეთსავე მდგომარეობაში იქნება, – იცინოდა ქალბატონი მარიამი და ქეთისაც გულზე მოეშვა.

***

ქეთი სერგისთან გადავიდა საცხოვრებლად. დიდხანს ეჩვეოდა დიდ, ნათელ ბინას, ლამაზ ხედებს და პირველივე დანახვისთანავე შეუყვარდა ეს ლამაზი ბინა. ქორწილიდან რამდენიმე თვის შემდეგ ქეთი მიხვდა, რომ ფეხმძიმედ იყო. თუმცა ეს ბუნებრივი იყო, ქეთი მაინც დაიძაბა: იქნებ ბავშვმა ჩვენი ურთიერთობა გააფუჭოს?! – ეს კითხვა აწვალებდა და ვერც ამხელდა.

სერგის ძალიან გაუხარდა სიახლე და ქეთიმ კიდევ ერთხელ ამოისუნთქა. დედამთილ-მამამთილსაც გაუხარდა და არც დაუმალავთ სიხარული.

მართალია, ქალბატონ მარიამს რძალთან შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ ნამდვილი სიახლოვე მათ შორის არ იგრძნობოდა. ქეთის, ალბათ, უნდოდა უფრო ახლო ურთიერთობა ჰქონოდა დედამთილთან, მაგრამ ქალბატონი მარიამი ყველასთან დისტანციას ინარჩუნებდა, ამიტომ ქეთი ამაზე აღარ ნაღვლობდა. ის თავის ახალ როლებს ეგუებოდა და ირგებდა. მით უფრო, რომ სერგი თავს ევლებოდა.

ქალიშვილი შეეძინათ და ქეთი უბედნიერესი ადამიანი იყო. ბედნიერი ჩანდა ქეთის დედაც, რასაც ვერ ვიტყოდით ქეთის მამაზე, რომლემაც არც კი შეიმჩნია შვილიშვილის დაბადება, სასმელმა მას ყველა და ყველაფერი ჩაუნაცვლა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

1–7 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული