რომანი და დეტექტივი

ღალატის საიდუმლო

№24

ავტორი: ნია დვალი 20:00 22.06

ღალატის საიდუმლო
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #23 (1223)

– საღამო მშვიდობის, – მიესალმა სერგი გოგონებს. თითქოს ყველას მიესალმა, მაგრამ აშკარად ქეთის უყურებდა და მის თვალებში ქეთიმ ნამდვილად დაინახა დაინტერესების ნაპერწკალი.

„მართლა მოვეწონე, თუ მინდა, რომ მოვეწონო?“ – გაიფიქრა ქეთიმ და სერგის თვალი აარიდა.

– როგორ მოგეწონათ საღამო? – ისევ თითქოს ყველას ჰკითხა სერგიმ.

– არაჩვეულებრივია, მშვენიერია, – გოგონები ერთმანეთს არ აცლიდნენ ლაპარაკს.

სერგიმ გაიღიმა.

– ძალიანაც კარგი. ესე იგი, ყველაფერი სწორად გავთვალეთ. ისიამოვნეთ, – და უცებ პირდაპირ ქეთის მიმართა, – თქვენთან საქმე მაქვს, თუ არ შეგაწუხებთ? – ქეთი დაიბნა და ავტომატურად გაჰყვა უკან ახალგაზრდა კაცს.

გული ძლიერად უცემდა, საფეთქლებში თითქოს ჩაქუჩებს ურტყამენო და ხელისგულებიც გაუოფლიანდა. ემოციების მოზღვავებას გრძნობდა და მიხვდა, რომ ეს ახალგაზრდა კაცი იზიდავდა და მხოლოდ იმას იმეორებდა: „ოღონდაც არ შემამჩნიოს“.

სერგიმ ქეთი გრძელი აივნის მეორე ბოლოსკენ წაიყვანა, სადაც მათ გარდა არავინ იდგა. სერგი დაიხარა და მოაჯირს დაეყრდნო, ღამის ქალაქს უყურებდა. მას პლედი არ ჰქონდა მოსხმული.

„ალბათ, სცივა, – გაიფიქრა ქეთიმ, მაგრამ არ იმჩნევს“.

– თქვენ ძალიან ლამაზი ხართ, – დაიწყო სერგიმ საუბარი. ქეთის გული თითქოს სადღაც ჩაუვარდა.

– მადლობა, – ძლივს ამილუღლუღა.

– ძალიან გიხდებათ სიმორცხვე, – ამის გაგონებაზე ქეთი ერთიანად გაწითლდა.

„თითქოს ყველაფერს კითხულობს, რასაც ვფიქრობ, – გაიფიქრა, – მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს?! თუნდაც, უსასრულობამდეც გაგრძელდეს ეს მდგომარეობა“.

– ერთმანეთი კინაღამ სცემეს, ვინ იცეკვებდა შენთან, – გაიღიმა სერგიმ, – შენც ხომ შეამჩნიე?

ქეთიმ თავი დაუქნია და ისიც შენიშნა, რომ სერგი უკვე შენობით მიმართავდა, რაც ძალიან მოეწონა.

– მზეთუნახავი დაინახეს და გაგიჟდნენ, – გაიცინა სერგიმ, – ორივე გამოცდილი ლაველასია და ზუსტად იციან, როგორ მოინადირონ მორიგი ლამაზმანი, შენ კიდევ ორივეს მოეწონე. მინდა, გაგაფრთხილო, შენზე დანაძლევდნენ.

– ეს როგორ?! – გაუკვირდა ქეთის.

– ვისთან ერთადაც წახვალ აქედან, ის იქნება გამარჯვებული.

– და თუ მარტო წავედი, არავისთან ერთად? – იკითხა ქეთიმ.

– არ მგონია, ამის გაკეთება შეგძლებოდა, რომ არ გამეფრთხილებინე, – ისევ ჩაიცინა სერგიმ, – თითქოს სერიოზული ადამიანები არიან, მაგრამ ახლა ბავშვებივით იქცევიან, მოდიან ჩემთან და თავიანთი მიღწევებით ტრაბახობენ. თითოეული დარწმუნებულია, რომ გამარჯვებულია.

– მადლობა, რომ გამაფრთხილეთ, – თავაზიანად უთხრა ქეთიმ სერგის.

საღამომ მისთვის ჩვეული პეწი დაკარგა. ესე იგი, უბრალოდ დანაძლევდნენ, თითქოს ნივთი ყოფილიყო.

– რატომ მოიწყინე? – სერგიმ მხარზე მოჰკიდა ხელი ქეთის. და ქეთიმ ისევ იგრძნო, რომ ეს კაცი მაგნიტივით იზიდავდა.

„ნეტავ, ცოლიანია?! ალბათ, არა, თორემ გოგოები აუცილებლად იტყოდნენ. ცოლიანი რომ ყოფილიყო, მის ცოლს აუცილებლად გაჭორავდნენ“. – ფიქრები თავის ნებაზე ფიქრობდნენ ქეთის თავში.

– არ არიან ცუდი ბიჭები, უბრალოდ, დღეს ცოტა მეტი მოუვიდათ და ამიტომ დადეს ნაძლევი, – განაგრძობდა სერგი.

– ალბათ, ჯობია, სახლში წავიდე – თქვა ქეთიმ. მის მხარზე კვლავ სერგის ხელი იდო.

– ალბათ, ჯობია, – დაეთანხმა სერგიც, – ასე იოლად არ მოგეშვებიან.

– დიდი მადლობა, რომ გამაფრთხილეთ. ტაქსის გამოვიძახებ.

– რა საჭიროა ტაქსი? მეც სახლში მივდივარ. ხვალ ადრე უნდა ავდგე, ბევრი საქმე მაქვს, მე მიგიყვან, – შესთავაზა სერგიმ, – არ დამილევია.

– უხერხულია, – ისევ დაიმორცხვა ქეთიმ.

– არაფერია საუხერხულო, პირიქით, გამიხარდება.

მოგვიანებით სერგი გამოუტყდა ქეთის, რომ თავადაც იღებდა მონაწილეობას ნაძლევში, უბრალოდ, დანარჩენებს მოხერხებულობით აჯობა და ქეთი მასთან ერთად წავიდა წვეულებიდან.

***

რა მოხდა შემდეგ?!

შემდეგ ყველაფერი ბანალურად შეიძლებოდა, მომხდარიყო, რადგან ქეთი იმდენად იყო მონუსხული სერგით, რომ ყველაფერზე დათანხმდებოდა. სერგი არა მხოლოდ მოსწონდა ქეთის, არამედ სრულად ემორჩილებოდა მას და კაცი ამას ხვდებოდა. მაგრამ პირველად თავის ცხოვრებაში სერგი დარწმუნებული იყო, რომ ასე ვერ მოექცეოდა ამ ახალგაზრდა ქალს. ჩვეულებისამებრ, არ ერიდებოდა ქალებთან ურთიერთობას და გამოსდიოდა კიდეც და არც ატყუებდა მათ: თავიდანვე უხსნიდა, რა როგორ იყო და რის იმედიც შეიძლებოდა ჰქონოდა, ანუ არაფრის. ამის შემდეგ თითოეული იღებდა იმას, რაც უნდოდა: სერგი – მორიგ ლამაზმანთან მცირეხნიან ურთიერთობას, მორიგი ლამაზმანი – ძვირფას საჩუქარსა და რესტორნებში ვახშმობას. ყველაფერი ხდებოდა მარტივად და ძალიან პატიოსნად.

მაგრამ ქეთი აშკარად სხვანაირი იყო და სერგიმ ეს იმთავითვე იგრძნო: გამოუცდელი, მიმნდობი და წესიერი ადამიანი, მიუხედავად თავისი ძალიან თვალშისაცემი გარეგნობისა. ასეთს სერგი პირველად შეხვდა. ქეთიმ რაღაცით მიიზიდა აივანზე საუბრისას, თუმცა მანამდე, როდესაც ნაძლევს დებდა, მორიგ ლამაზმანად აღიქვამდა, რომელმაც მათთან დაიწყო მუშაობა. მაგრამ მას შემდეგ, რაც ქეთის გამოელაპარაკა, შთაბეჭდილება შეეცვალა, მოუნდა, რომ ქეთის გვერდით ძლიერი და საიმედო გამოჩენილიყო, საფრთხეებისგან დაეცვა.

სერგისთვის ეს უჩვეულო შეგრძნებები იყო და თავისთავად ეს შეგრძნებებიც მოსწონდა.

ქეთი სახლამდე მიიყვანა, ცოტა ხანს ისაუბრეს მანქანაში და ბევრიც იცინეს.

– ტელეფონები ხომ არ გავცვალოთ და უფრო მშვიდ გარემოში შევხვდეთ ერთმანეთს? – მოულოდნელად შესთავაზა სერგიმ და დააზუსტა: – თუ, რა თქმა უნდა, არავინ გყავს.

– არავინ მყავს, – უთხრა ქეთიმ, – და დიდი სიამოვნებით შეგხვდები.

ქეთის ამ ფრაზამ დაძაბულობა სრულად გაფანტა.

– მშვენიერია, ესე იგი, ხვალამდე. აუცილებლად დაგირეკავ, – დაემშვიდობა სერგი და ქეთი მიხვდა, რომ მანქანიდან უნდა გადასულიყო. სახლში ლამის აფრინდა, მიუხედავად იმისა, რომ არ სჯეროდა, თუ სერგი დაურეკავდა. მაგრამ სერგიმ დაურეკა და გუდაურშიც დაპატიჟა.

ქეთი არასდროს იყო ნამყოფი და ძალიან გაუხარდა. თუმცა თხილამურებზე დგომა გაუჭირდა.

– ბებერს ვგავარ... სწორადაც ვერ ვდგავარ, – წუწუნებდა და ცოტათი რცხვენოდა თავისი მოუქნელობის.

სერგიმ ქეთის წელზე შემოჰხვია ხელი, რომ არ დაცემულიყო და მოულოდნელად აკოცა. ქეთი თითქოს ამას ელოდაო და მიეწებასავით. მოსწონდა სერგის გვერდით დაცულობისა და უსაფრთხოების შეგრძნება.

– მაპატიე, თავი ვერ შევიკავე, – უთხრა სერგიმ და უკან დაიხია, – უბრალოდ ძალიან ლამაზი ხარ.

ქეთი თავს ბედნიერად გრძნობდა: ბოლოს და ბოლოს, მასაც ჰყავს საყვარელი ადამიანი და, თან, როგორი?! ასეთზე ვერც კი იოცნებებდა და არც უოცნებია.

თავისი მეგობრებისგან განსხვავებით, ქეთის არასდროს სჯეროდა და არც უფიქრია, რომ მოახერხებდა, ცოლად გაჰყოლოდა მდიდარ კაცს და ასე დაეღწია თავი თავისი ხელმოკლე ცხოვრებისგან. დარწმუნებული იყო, რომ მდიდარი ოჯახის შვილები აუცილებლად თავიანთ შესაფერის, ანუ მდიდარ ცოლებს თხოულობდნენ, მაგრამ, რაოდენ უცნაურიც უნდა ყოფილიყო, სწორედ მას გამოუჩნდა ასეთი საყვარელი კაცი. თან, ისე, რომ არანაირი ძალისხმევა არ გაუღია. ქეთის შეეძლო, თავად გადაედგა პირველი ნაბიჯი?! რა თქმა უნდა, არა, იმიტომ რომ ვერ გაბედავდა.

სამსახურში არც იმჩნევდნენ, რომ ერთმანეთს ხვდებოდნენ, ჭორებს და ზედმეტ კითხვებს ერიდებოდა ორივე, მაგრამ, თუ არავინ იყო, კედლის უკან კოცნიდნენ ერთმანეთს. საღამოობით ფეხით სეირნობდნენ ქალაქგარეთ, რომ არავის წაწყდომოდნენ. ზაფხულში ზღვაზე მიდიოდნენ, ზამთარში – სასრიალოდ. სერგის აქტიურად დასვენება უყვარდა და ქეთიც შეაჩვია. თხილამურებზე სრიალიც ასწავლა.

ამასობაში ერთმანეთი საკმარისზე უკეთესადაც გაიცნეს და ქეთის არც დაუმალავს სერგისთვის, თუ რა პირობებში გაიზარდა და ვინ იყვნენ მისი მშობლები. რა თქმა უნდა, ისიც მოუყვა, რომ სახლიდან წასვლას აპირებდა და ამისთვის ფულს აგროვებდა.

– ძალიან მალე ცალკე გადავალ, ადრეც შეიძლებოდა, მაგრამ დედაჩემს ძვირად ღირებული წამლები დასჭირდა, მამაჩემს შეალია თავისი ჯანმრთელობაც კი, – მოწყენილი ხმით უთხრა ქეთიმ სერგის.

ქეთის დედამისი ეცოდებოდა, იმიტომაც, რომ დედამისს ვერც კი წარმოედგინა, თუ იყო შესაძლებელი, თავი დაეღწია იმ მდგომარეობისთვის, რომელშიც ცხოვრობდა, თუმცა ის სიამოვნებით წაიყვანდა თავის ახალ ბინაში, მაგრამ ისიც იცოდა, რომ ამას აზრი არ ჰქონდა, დედამისი არ დაეთანხმებოდა, ამიტომ დაუნანებლად გაიღო თანხა მისი წამლებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ცალკე გადასვლა გადავადდა.

ქეთის დედა ძალიან უყვარდა და ცდილობდა, რამენაირად შეემსუბუქებინა მისთვის მძიმე ყოფა. თან, მას შემდეგ, რაც სერგი გაიცნო, თავისი ცხოვრება ძველებურად აუტანლად აღარც ეჩვენებოდა, ერთგვარად იმ უღიმღამო ბინასაც შეეჩვია და არც მამამისის ჩხუბი აღიზიანებდა. სერგიმ თითქოს ღია ფერებში გადაღება ქეთის ცხოვრება და სითბოთი და სურნელით აავსო.

სერგი ყურადღებით უსმენდა ქეთის ისტორიას და ერთგვარად აღტაცებულიც კი იყო მისი ნებისყოფით, რომ შეძლო იმ რუტინის გამორღვევა. მეტიც, ეთანხმებოდა, რომ სავსებით ნორმალური იყო ქეთის პრეტენზია მამისადმი.

– შენ არ ხარ ცუდი შვილი, თუ ფიქრობ, რომ მშობელი უპასუხისმგებლოა და არც ვალდებული ხარ, რომ მის ცხოვრებას მოარგო შენი ცხოვრება, მხოლოდ იმიტომ, რომ გაგზარდა.

ქეთიმ იგრძნო, რომ, როგორც კი ამოთქვა თავისი პრობლემები, გულიდან ლოდი მოსწყდა. ვერც კი წარმოედგინა, რომ ამ მძიმე ტვირთით ცხოვრობდა ამდენი წლის განმავლობაში.

ქეთისგან სრულიად განსხვავებული იყო სერგის ცხოვრება: ის ლაღად გაიზარდა, მის ოჯახში სიყვარული და ურთიერთგაგება იყო. მამა ბევრს მუშაობდა, დედამისი კი სერგისთან იყო და დიდ სახლს უვლიდა. ერთად მოგზაურობდნენ. ისინი ისეთ ეგზოტიკურ ადგილებშიც კი იყვნენ ნამყოფები, რომელთა არსებობა ქეთიმ არც კი იცოდა და ძალიან უყვარდა, როდესაც სერგი ამის შესახებ უყვებოდა. თან, სერგის გადმოცემის არაჩვეულებრივი უნარი ჰქონდა და დაწვრილებით და ზუსტად აღწერდა ნანახს, ქეთი კი საოცრად კარგი წარმოსახვის უნარით იყო დაჯილდოებული და ვერავინ დაარწმუნებდა, რომ თავადაც არ ემოგზაურა იმ ადგილებში, რომლებზეც სერგი უყვებოდა.

***

– რას ფიქრობ? სერიოზულად გიყურებს? – მოულოდნელად ჰკითხა დალიმ ქეთის. ისინი ერთ ოთახში მუშაობდნენ და თან მეგობრობდნენ.

– ვინ მიყურებს? – თავდაპირველად ქეთი მართლა ვერ მიხვდა, რაზე ეკითხებოდა დალი.

– კარგი, ნუ გაიშტერებ თავს, ვინ და სერგი?

ქეთი გაწითლდა.

– არაფერია მოსარიდებელი, შენს ადგილას, მეც ასე მოვიქცეოდი. უბრალოდ, შემთხვევით დაგინახეთ და მივხვდი, – გაამხნევა დალიმ მეგობარი.

ქეთიმ მორცხვად ჩაქინდრა თავი.

– არ ვიცი, არც აქვს მნიშვნელობა, რაც არის, ისიც საოცრებაა. მე არაფერს ვთხოვ.

– რას ჰქვია, არაფერს სთხოვ?! შენი თავისთვის შეგიხედავს სარკეში? – დაუცაცხანა დალიმ, – ქალღმერთს ჰგავხარ და არაფერს ითხოვს.

– კარგი, რა. ვინ ვარ? რას წარმოვადგენ?! კი ბატონო, კარგი გარეგნობა მაქვს, მაგრამ გაიხედ-გამოიხედე, რამდენი ლამაზი გოგოა. სერგის ნებისმიერი გაეკიდება უკან, ოღონდ კი ხელი დაუქნიოს, – დანანებით უთხრა დალის.

– არ გეთანხმები, მაგრამ შენი საქმისა შენ იცი, – მხრები აიჩეჩა დალიმ და მეგობარს თავი დაანება. მას შემდეგ არც არაფერი უკითხავს. ერთი ის უთხრა, თუ რამე დაგჭირდება, იცი, სადაც ვარ. ჩემი იმედი ყოველთვის შეგიძლია, გქონდესო და გაჩუმდა.

ქეთიმ დალისთან არ შეიმჩნია, მაგრამ გრძნობდა, რომ სერგი, უბრალოდ, გატაცებული არ იყო. მით უმეტეს, რომ სამომავლო გეგმებსაც აწყობდა ხოლმე, როგორ ამოგზაურებდა ქეთის ყველგან, სადაც კი მოისურვებდა.

ქეთი ცდილობდა, გულთან ახლოს არ მიეტანა სერგის სიტყვები და არ დაეჯერებინა.

„თქმით ყველაფრის თქმა შეიძლება, ენას ძვალი არ აქვს. მეუბნება, რომ მასიამოვნოს, – ირწმუნებდა თავს, მაგრამ გულის სიღრმეში სჯეროდა, რომ ეს ასეც იქნებოდა და ამის საფუძველს მას სერგის თვალები აძლევდა, – ამის თამაში შეუძლებელია, მაგრამ ასეთი რამ მხოლოდ წიგნებში წამიკითხავს. ნუთუ სინამდვილეშიც შესაძლებელია?!“

ქეთის ამის გაფიქრებაზე გული საგულიდან უვარდებოდა: სჯეროდა და თან, არც სჯეროდა. მაგრამ ცდილობდა, თითოეული იმ წამით დამტკბარიყო, რაც მიეცა. თუმცა საქმეს ისეთი პირი უჩანდა, რომ ძალიან დიდხანსაც ვერ დამალავდნენ თავიანთ ურთიერთობას, კოლეგებმაც დაიწყეს ჩურჩული და, ძირითადად, ქეთის უსვამდნენ საეჭვო კითხვებს.

– რა ვუთხრა? უკვე ძალიან შემაწუხეს, – ჰკითხა ქეთიმ სერგის და დარწმუნებული იყო, რომ სერგი სთხოვდა, არაფერი ეთქვა.

– სიმართლე უთხარი, – მხრები აიჩეჩა სერგიმ, – რა საჭიროა ეს კონსპირაცია?! ჩვენ სერიოზული ურთიერთობა გვაქვს, რატომ უნდა დავიმალოთ?!

– და მამაშენი რას იტყვის? – ქეთიმ დასვა კითხვა, რომელიც ყველაზე მეტად აწუხებდა, ვინაიდან დარწმუნებული იყო, რომ სერგის მშობლები მათი ურთიერთობის წინააღმდეგნი იქნებოდნენ და, ალბათ, სერგისთვის უკვე შერჩეული ჰყავდათ მდიდარი საცოლე.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

24-30 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული