რომანი და დეტექტივი

ღალატის საიდუმლო

№23

ავტორი: ნია დვალი 20:00 14.06

ღალატის საიდუმლო
დაკოპირებულია

ქეთი თავის მანქანას ეძებდა და თავში უამრავი გულის მომკვლელი აზრი უტრიალებდა: ეს დღე ყველაზე მზიანი და სადღესასწაულო უნდა გამხდარიყო მის აწ უკვე ნაცრისფერ ყოფაში და, მართლაც, რა კარგად დაიწყო ყველაფერი.

საბუთები დაავიწყდა და უკან დაბრუნება მოუწია. რის წყალობითაც მწარე სიმართლის პირისპირ აღმოჩნდა. თუმცა, ადრე თუ გვიან, მაინც მოუწევდა ამის გაგება.

ქეთიმ შემთხვევით მოჰკრა ყური დედამთილის საუბრის ნაწყვეტებს, რომელიც დახმარებას დაჰპირდა, სიტყვაც შეასრულა და ბავშვებთან მოვიდა, რომ მათთან დარჩენილიყო მაგრამ მისი საუბრის ნაწყვეტები საკმარისი იყო საიმისოდ, რომ ქეთის თავში სრული სურათი დახატულიყო და მთელი მისი ცხოვრება ამოეყირავებინა. ცხოვრება, რომელიც ვეღარ იქნებოდა ადრინდელივით მშვიდი, ზომიერი და გაწერილი რამდენიმე წლითაც კი.

ქეთი, როგორც იქნა, თავის მოძველებულ მანქანას მიუახლოვდა, რომელიც ქმარმა აჩუქა, როდესაც ქეთიმ მართვის მოწმობა აიღო.

– არც ისე ახალია, მაგრამ მარტივია. პირველ ხანს გამოგადგება, თუ რამეს გაუფუჭებ, არ დაგვენანება, – უღიმოდა ქმარი ქეთის, – როდესაც კარგად ისწავლი ტარებას, სალონიდან ახალთახალ მანქანას გამოგიყვან.

ქეთის ძალიან გაუხარდა საჩუქარი, იმიტომ რომ დიდი ხანია, ოცნებობდა, მანქანა ჰყოლოდა და აი, ეს ოცნებაც აუსრულდა. მართვის მოწმობა ჯიბეში ედო, ქმარმა კი ავტომანქანაც აჩუქა. თითქოს ფრთები გამოესხა. უმცროსი, ნიცა, ერთი წლის ჰყავდა, მარიამი კი – 3 წლის და თავს უკვე უბედნიერეს ქალად თვლიდა.

– ესე იგი, სერგის მაშინაც ჰყავდა საყვარელი, მაგრამ მალავდა და მეოჯახის იმიჯს იქმნიდა. კარგად გამოსდიოდა, ვერაფერს ვხვდებოდი. და რატომ ვერ ვხვდებოდი? სულელი ვარ?! თუ სიყვარულით ვიყავი დაბრმავებული? – ფიქრობდა ქეთი და ვერც კი მიხვდა, რომ სერგიზე წარსულ დროში ფიქრობდა.

***

სერგი ქეთის ცხოვრების აზრი იყო, მისი დასაყრდენი, ფაქტობრივად, ყველაფერი. თავად ქეთი კი საკმაოდ მოკრძალებულად გაიზარდა. მათ საცხოვრებელ ბინას ძველი დიდების კვალი ძველებური რემონტით ეტყობოდა, რომელიც უკვე გახუნებულ-დაზიანებული იყო. მისი მშობლები წელებზე ფეხს იდგამდნენ, მაგრამ ხელგაშლილად მაინც ვერ ახერხებდნენ ცხოვრებას. მათი შემოსავალი მხოლოდ ხელფასი იყო და გოგონა პატარაობიდანვე შეეჩვია, რომ არაფერი უნდა მოეთხოვა. დედამისი ყოველთვის დაღლილი იყო, ცდილობდა, მოესმინა შვილისთვის, მაგრამ ქეთი ამჩნევდა, რომ დედა ცალი ყურით უსმენდა ხოლმე და, ძირითადად, თავის პრობლემებზე ფიქრობდა. მამასთან თითქმის არ ჰქონდა ურთიერთობა, თუმცა ერთად ცხოვრობდნენ და, თან, არც თუ დიდ ბინაში. მამამისი ღამეებს ათენებდა, ამიტომ დღისით ეძინა ხოლმე და შვილს ვერც ხედავდა. და კიდევ, ხანდახან სვამდა, მართალია, დებოშებს არ აწყობდა, არაფერს ამსხვრევდა, მაგრამ ქეთის დედა შინაგანად მუდამ დაძაბული იყო, შიშობდა, რომ ქმარი სამსახურიდან არ გამოეგდოთ. ბავშვზე ეს შფოთი გადმოდიოდა და ქეთი თავს დაუცველად გრძნობდა. ყველგან საფრთხე ელანდებოდა.

ქეთის ხშირად მოუკრავს ყური მშობლების საუბრისთვის:

– დაანებე თავი ამდენ სმას, სამსახურს დაკარგავ და მერე რა გვეშველება? – ჩურჩულით საყვედურობდა ხოლმე დედა ქეთის მამას: შიმშილით მოვკვდებით. ხომ იცი, რომ ჩემი ხელფასი სამივეს არ გვეყოფა. აუცილებლად უნდა იმუშაო.

ქეთის მამა ცოლს ხმადაბლავე უყვიროდა და წუწუნებდა:

– ხომ იცი, რომ სახსრები მტკივა, კისერიც მიშეშდება. ვიღლები, მძინავს და სამსახურში ვარ. ეს ცხოვრებაა?! აქაც ვერ ვისვენებ, სულ მბურღავ. სასმელი მადუნებს, თავს ადამიანად ვგრძნობ, – და მერე თავადაც გადადიოდა შეტევაზე:

– ვერ ახერხებ ოჯახის გაძღოლას, იმიტომ რომ არ იცი, როგორ უნდა მოუარო ოჯახს და ამყოფინო, რაც გვაქვს. ხელიც არ გივარგა, უგემურ საჭმელს ამზადებ. მხოლოდ მთვრალი ადამიანი თუ შეჭამს. ან რას დაემსგავსე?!

ქეთის არ უყვარდა ამ საუბრების მოსმენა და ამიტომ ბალიშს თავზე წამოიფარებდა ხოლმე და ყურებს თითებით იცობდა, მაგრამ მამამისის სიტყვების ნაწყვეტები მაინც ესმოდა და გულში ესობოდა. გოგონას უნდოდა, რომ მამამისი, უბრალოდ, გაჩუმებულიყო. მაგრამ ის არ ჩუმდებოდა, მით უმეტეს, თუ ნასვამი იყო. ნასვამი კი ლამის ყოველდღე მოდიოდა.

ხანდახან დედამისი ქეთისაც მიაყოლებდა ხოლმე. ბავშვობაში ქეთი დედაზეც ბრაზდებოდა, ვინაიდან ვერ ხსნიდა, რატომ ეჩიჩინებოდა მამამისს, როდესაც მაინც ვერაფერს აგებინებდა და ეს ჩიჩინი ყოველთვის ჩხუბით მთავრდებოდა ხოლმე. ამის ატანა შეუძლებელი ხდებოდა: გოგონა მორალურად და ფიზიკურად იფიტებოდა. ერთხელაც ქეთიმ გამბედაობა მოიკრიბა და დედას ჰკითხა:

– დედა, რატომ ეჩხუბები ხოლმე? მოვა, დაწვება და დაიძინებს, შენ რომ რაღაცებს ეუბნები, მერე მთელი ღამე ჩხუბობს და ვერ ვიძინებ.

– ასე ვაჩერებ ცოტათი. კი, ილანძღება, მაგრამ ხომ არ მცემს?! კი, რთული ხასიათი აქვს, მაგრამ ხელფასი სახლში მოაქვს. უფრო მეტიც აქვს შემოსავალი, ვიდრე მე. ამიტომაც ვითმენ და შენც უნდა მოითმინო. სამაგიეროდ, მამა გყავს. ბევრი ცხოვრობს შენ გარშემო მამასთან ერთად?

დედამისი ამას ისეთი კმაყოფილი სახით ეუბნებოდა, რომ ხანდახან ქეთის მისი დანახვაც არ უნდოდა: ეს თუ ცხოვრება იყო?! ქეთი მაშინ ვერ ხვდებოდა, რომ დედამისი თითქოს ვალს ადებდა და ამიტომაც გრძნობდა თავს დამნაშავედ: აი, მისი მშობლები როგორ ცდილობენ, ის კი მაინც უკმაყოფილოა და დედასაც, ისედაც დაღლილს, კიდევ უფრო ამძიმებს.

მოკლედ, ქეთის აკრძალული ჰქონდა წუწუნი ან რამის თხოვნა და თავს საკმაოდ უბედურად გრძნობდა საკუთარ ოჯახში და ის, რომ თავს უბედურად გრძნობდა, მხოლოდ მაშინ გააცნობიერა, როდესაც სერგის შეხვდა. სწორედ სერგიმ აჩვენა მას სხვანაირი ცხოვრება: სავსე, ნათელი და ნამდვილი. იმ ცხოვრებაში სირცხვილი არ იყო, გელაპარაკა შენს სურვილებზე, გეწუწუნა კიდეც.

ქეთი საკმაოდ კარგი გარეგნობის ახალგაზრდა ქალად ჩამოყალიბდა და, რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, თავადაც გრძნობდა ამას, როდესაც საკუთარ თავს არათუ სხვა გოგონებს, მსახიობებსაც კი ადარებდა.

მაღალი იყო, თხელი აღნაგობის და დიდი, შავი თვალებით, თმა ღია წაბლისფერი ჰქონდა, ოდნავ ხორბლისფერი სახის კანი. კოსმეტიკაც კი არ სჭირდებოდა, იმიტომ რომ ბუნებას უხვად დაეჯილდოებინა მისი სახე ყველა საჭირო ფერით; შავი, მკაფიოდ გამოკვეთილი წარბებით, ღია ვარდისფერი ტუჩებითა და გლუვი, პრიალა სახის კანით. გენები საკმაოდ მოგებიანად დალაგდა ქეთის დნმ-ში. ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ ყველა თავისი ნათესავისგან გოგონამ ყველაფერი საუკეთესო აიღო. ხასიათიც კომფორტული ჰქონდა: რბილი, სასიამოვნო, არაკონფლიქტური, დამყოლი.

ამ მიზეზების გამო საკმაოდ ადრე დაიმსახურა ვაჟების ყურადღება. თუმცა ძალიანაც ადრე არა: ქეთიმ თავისი გალამაზების მწვერვალს უნივერსიტეტის ბოლო კურსზე მიაღწია და თუ დაინახავდი, მისთვის უკვე რთული იყო თვალის მოწყვეტა, მაშინ, როდესაც მეთერთმეტე-მეთორმეტე კლასში ერთი გამხდარი, აწოწილი გოგონა იყო, ცხვირზე შავი წერტილებით და ამის გამო ძალიან კომპლექსდებოდა.

ქეთი არ იყო თავდაჯერებული, რაც არ იყო გასაკვირი, რასაც ემატებოდა მისი წვეტიანი მუხლები და იდაყვები, თანაკლასელი გოგონები ბიჭებს ეკეკლუცებოდნენ, ქეთი კი სწავლაზე გადაერთო, რადგან ჩათვალა, რომ ეს მისთვის ერთადერთი გამოსავალი იყო. ამიტომ ბევრს სწავლობდა და ეს მოსწონდა. მეორე მხრივ, სხვა რა უნდა ეკეთებინა?!

ამიტომაც იოლად მოიპოვა გრანტი და დედამისი ძალიან ამაყობდა მისით. მამამისიც გახარებული ჩანდა, ოღონდ თავისი პირობები მაშინვე წამოაყენა:

– ეს ძალიან კარგია, მაგრამ სამუშაოც უნდა იპოვო. მე შენს ასაკში უკვე ვმუშაობდი.

ქეთი ვერ ხვდებოდა, როგორ უნდა შეეთავსებინა სწავლა და მუშაობა ერთმანეთისთვის, მაგრამ ისიც იცოდა, რომ დედამისი არ გამოესარჩლებოდა და იმასაც ხედავდა, რომ მშობლებს მისი დახმარება ნამდვილად არ აწყენდათ.

– ზრდასრული ადამიანი სხვის კისერზე არ უნდა იყოს, – უმეორებდა ქეთი თავის თავს და ეს ლამის ცხოვრების დევიზადაც გაიხადა.

ქეთის ყველაფერი გამოუვიდა: სწავლობდა, კარგადაც სწავლობდა და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაშიც დაიწყო მუშაობა. ორივეს ასწრებდა და აი, ბოლო კურსზე ქეთი უკვე ვარდივით გაიფურჩქნა. ხშირად ამჩნევდა მისკენ მომართულ მზერებს და არა მხოლოდ თანატოლების, ახალგაზრდა ლექტორებისაც. ეს აფრთიანებდა და მის სამყაროს ალამაზებდა.

საკუთარ თავს ლამაზმანად თვლიდა უკვე და ეს შეგრძნება ხანდახან თავბრუსაც ახვევდა, მაგრამ სასიხარულო ის იყო, რომ მისი ოჯახის პრობლემებსაც აუფერულებდა, ხოლო პრობლემები წლიდან წლამდე უფრო და უფრო მძიმდებოდა: მის მშობლებს ხომ ასაკი ემატებოდათ, არ აკლდებოდათ?!

მამამისი უფრო მეტს სვამდა და თითქმის არც მუშაობდა, პერიოდულად სადღაც დაიწყებდა ხოლმე მუშაობას, მაგრამ იქიდანაც აგდებდნენ, იმიტომ რომ სულ მთვრალი იყო. დედამისი მოტყდა, ჯანმრთელობაც შეერყა, მაგრამ არ ეპუებოდა და ორ სამსახურში მუშაობდა.

– კიდევ დატოვე ანთებული სიგარეტი მაგიდაზე? – ეჯიჯღინებოდა ქეთის დედა ქმარს, – ერთხელაც გადაგვწვავ და ის იქნება.

მაგრამ ქეთის მამაზე არაფერი მოქმედებდა – არც თუ იშვიათად, ბაღშიც ჩაეძინებოდა ხოლმე.

ქეთის არ უყვარდა სახლში მისვლა: იქ გამეფებული ატმოსფერო თრგუნავდა.

– დედა, რატომ იტან ამდენს? – ვერ მოითმინა ქეთიმ.

– რა არის ასატანი?! რა ხდება ისეთი, რაც სხვა ოჯახებში არ ხდება? – არ შეეპუა დედამისი, – ყველა ასე ცხოვრობს.

მაგრამ ქეთი პატარა არ იყო და უკვე იცოდა, რომ ყველა ასე არ ცხოვრობდა: შეიძლება, ფული არ გქონდეს საკმარისი, მაგრამ ეს არ ნიშნავს ისე ცხოვრებას, როგორც ისინი ცხოვრობდნენ.

– დედა, მე უკვე გავიზარდე, ჩემი შემოსავალი მაქვს, მამა სულ მთვრალია და ჩხუბობს. რაში გჭირდება? გაეყარე.

– როგორ შეგიძლია, ასე ილაპარაკო?! – აღშფოთდა ქეთის დედა, – არ დაგავიწყდეს, მამაშენმა გაგზარდა, ფეხზე დაგაყენა, გასწავლა და ახლა გინდა, რომ უსარგებლო ნივთივით მოისროლო?! ის ხომ ჩვენ გარეშე დაიღუპება?! და შენ როგორ იცხოვრებ ამის შემდეგ?!

ქეთის ამის შემდეგ აღარაფერი უთქვამს დედისთვის, ვინაიდან მიხვდა, რომ ვერაფერს გააგებინებდა – დედამისს მოსწონდა მსხვერპლის როლი და ძალიანაც კმაყოფილი იყო.

– ესე იგი, მე უნდა წავიდე, რომ ამ ჭაობმა მეც არ ჩამითრიოს, – გადაწყვიტა ქეთიმ თავისთვის. მას არ უნდოდა, დედამისს დამსგავსებოდა.

იმ მომენტში ვერსად წავიდოდა, იმიტომ რომ შემოსავალი არ ჰყოფნიდა ახალი ცხოვრების დასაწყებად.

– მაგრამ, როგორც კი დიპლომს ავიღებ, ამ სახლიდან წავალ, – მტკიცედ დაჰპირდა თავის თავს და სწავლას კიდევ უფრო გულმოდგინედ მიჰყო ხელი.

ვაჟებს ყურადღებას არ აქცევდა, იმიტომ რომ ქეთის თავისი მიზანი ჰქონდა, რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ გადაუხვევდა. მას ესმოდა, რომ ისეთ ცხოვრებას, როგორზეც თავად ოცნებობდა, ფული სჭირდებოდა, ამიტომ გადაწყვიტა, თავისით გამოემუშავებინა, რომ მთელი ცხოვრება, დედამისივით, ქმარზე არ ყოფილიყო დამოკიდებული.

ამასობაში უნივერსიტეტიც დაამთავრა. ნავთობკომპანიაში თანამშრომელს ეძებდნენ, ქეთიმ ბედი სცადა გასაუბრებაზე და გაუმართლა. ხელფასიც საკმაოდ კარგი დაუნიშნეს. მაგრამ ჭკუა იხმარა და სახლში არაფერი თქვა: თანხის ნაწილს ინახავდა, რომ, როცა საკმარისს დააგროვებდა, დამოუკიდებელი ცხოვრება დაეწყო.

– ერთი წელიც არ დამჭირდება, რომ საკმარისი თანხა მოვაგროვო, – ოცნებობდა თავისთვის და ისე გაიტაცა ამ პროცესმა, რომ მთვრალი მამამისის ჩხუბიც კი აღარ აღიზიანებდა, იმიტომ რომ ზუსტად იცოდა, რისკენაც მიდიოდა და სჯეროდა, რომ სასწაული ახლოვდებოდა.

***

სასწაული, მართლაც, მიუახლოვდა და უფრო ადრე, ვიდრე ქეთის წარმოედგინა – ახალი წლის კორპორაციულ წვეულებაზე. ამ საღამოსთვის დიდხანს ემზადებოდა, კარგა ხნით ადრე იყიდა ახალი კაბა: საკმაოდ მოკრძალებული, ტანზე მომდგარი, ზურგზე სამკუთხედად ამოჭრილი, დახურული გულისპირით. თითქოს მასზე იყო მორგებული.

– ნამდვილი სუპერმოდელი ხარ, – აღტაცებით შეათვალიერა ქეთი დედამ.

ქეთიმ გაიღიმა – თავადაც ასე ფიქრობდა. ძალიან სასიამოვნო იყო იმის შეგრძნება, რომ ახალგაზრდა, ლამაზი და დამოუკიდებელი იყო, იმიტომ რომ მისი დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ მიმავალი გზა საცაა, დასრულდებოდა და ქეთი სამშვიდობოს გააღწევდა.

ქეთი გამოეწყო თავის ახალ კაბაში და წვეულებაზე გაემართა: დარბაზში შესვლამდე თავი შეითვალიერა და საკუთარი გამოსახულება ძალიან მოეწონა: გაშლილი თმა ტალღებად ეფინებოდა მხრებზე, შიშველი მკლავები ორგანულად ერწყმოდა კაბის სილუეტს, მსუბუქი მაკიაჟი კი კიდევ უფრო გამოკვეთავდა მისი სახის ისედაც ლამაზ ნაკვთებს.

ქეთიმ თავაწეულმა შეაბიჯა დარბაზში და იმ საღამოს ბევრი კომპლიმენტიც მიიღო: ქალები სიტყვებს არ იშურებდნენ, მამაკაცები – მზერას. ქეთი თავს დედოფლად გრძნობდა და გაუჩერებლად ცეკვავდა. განსაკუთრებით, მისი ორი თანამშრომელი ახალგაზრდა ვაჟი აქტიურობდა და ქეთი არც ერთს არ სწყვეტდა გულს.

მორიგი ცეკვის შემდეგ ქეთი თანამშრომელ გოგონებთან ერთად აივანზე გავიდა. პლედები მოიხურეს და რაღაცაზე იცინოდნენ. ქალაქს ახალი წლის მოახლოება ეტყობოდა და ლამაზად აბრჭყვიალებდა ყინვიან ღამეს. მოულოდნელად გოგონების ჯგუფს ახალგაზრდა მამაკაცი მიუახლოვდა და ისინიც ჩაჩუმდნენ.

ახალგაზრდა კაცი ფირმის მფლობელის შვილი, სერგი იყო და, იმავდროულად, დირექტორის მოადგილეც. სერგი ძვალმსხვილი იყო, წარმოსადეგი და მისგან, როგორც წესი, ძვირად ღირებული პარფიუმის სურნელი იფრქვეოდა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

24-30 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული