რომანი და დეტექტივი

ღალატი

№31

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 13.08

ღალატი
დაკოპირებულია

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #30(1126)

***

ახმად ბულატოვი თბილისიდან ერთი კვირის მერე დაბრუნდა და ცოტა სული რომ მოითქვა, გიგი ბარათელს საკანში ეწვია.

– მართალი აღმოვჩნდი და არაფერი გამოვიდა, ხომ, ახმატ? – იკითხა გიგიმ, როდესაც ბულატოვის კოპებშეკრული სახე დაინახა.

– არა. პირიქით, – თქვა კოპებშეკრულმა ჩეჩენმა და ტუჩი მოიკვნიტა.

– ახმატ, ძმაო, აშკარად რაღაცაშია საქმე და იქნებ გამარკვიო, რა ხდება. თუ ყველაფერი კარგადაა, მაშინ ასეთი სახე რატომ გაქვს? რა ხდება, აღარ იტყვი? – უთხრა გიგიმ ახმატს და გამჭოლი მზერა მიაპყრო.

ბულატოვმა სიგარეტი გააბოლა, საკანში მდუმარედ გაიარ-გამოიარა, შემდეგ გიგის მიუბრუნდა და უთხრა:

– ვნახე ის კაცი, ვისთანაც გამიშვი და რომ იცოდე, ძალიან მდიდარია.

– კარგია, – მხიარულად თქვა გიგიმ, – მერე?

– მერე ის, ძმაო, რომ ყველაფერი ავუხსენი და თხუთმეტი ათასი დოლარი მოვთხოვე. მან კი ოცდახუთი ათასი დოლარი მომცა, – თქვა ახმატ ბულატოვმა, პაუზა გააკეთა და გიგი ბარათელს მწველი მზერა მიაპყრო.

– ოცდახუთი ათასი დოლარი მოგცა?! – გაკვირვებით გაიმეორა გიგიმ.

– კი. სწორედ ასეა, – დაუდასტურა ახმატმა.

გიგი ბარათელი ჯერ ჩაფიქრდა, შემდეგ თავი გააქნია და ირონიით თქვა:

– რატომ?

– რატომ და ისე გამოამწყვდიე, რომ იქიდან ცოცხალი ვერ გამოვიდესო, – თქვა ახმატმა.

– მერე? – ირონიით თქვა გიგიმ.

– რა მერე? – მიუგო ბულატოვმა.

– შეასრულე შეკვეთა. – უთხრა ახმატს გიგიმ.

ჩეჩენმა ალმაცერად გახედა ქართველს და უთხრა:

– გიგი, შენ მე შეურაცხყოფას მაყენებ და არ გირჩევ ასე გაგრძელებას.

– ბოდიში, ახმატ, შენი წყენინება ნამდვილად არ მინდოდა. – უთხრა ქართველმა ჩეჩენს და მხარზე ხელი მოუთათუნა.

– იცი, იმ დამპალმა რა მითხრა? რა და გიგიზე, ანუ შენზე, დაღუპვის ცნობა მოვიდა და მე ლიკაზე იმიტომ ვიქორწინე, რომ გოგონა დაღუპვისგან მეხსნაო. გიგის რომ ლიკა ჰყვარებოდა, ფრონტზე არ გაიქცეოდა და ცოლად მოიყვანდაო... და კიდევ, ათასი სისულელე. მოკლედ, ძალიან დამპალი ვინმეა და ვაჟკაცობისგან ძალიან შორს დგას. სიმართლე გითხრა, მისი მოხრჩობა მომინდა, მაგრამ თავი შევიკავე. ფული გამოვართვი. თხუთმეტი ათასი ამათ ჩავაბარე ათი ათასი კი ჩვენია. მე აქედან ხუთი ათასს ავიღებ შენ კი ამ წუთიდან თავისუფალი ხარ. თანაც, ფულიანი. ჩემი ხელით ჩაგიყვან საქართველოში. იქ კი შეგიძლია, თქვა, რომ აფხაზური ტყვეობიდან გამოიქეცი... ან რაც გინდა, ის თქვი. მოკლედ, ასეა და შენ გადაწყვიტე, რას იზამ, – თქვა ახმატმა.

– დიდი მადლობელი ვარ შენი, ახმატ, მაგრამ ერთი ეს მითხარი, ასე რატომ მეხმარები და ახლაც, შარში თავს რატომ იგდებ? – უთხრა გიგიმ ახმატს.

– რა შარში, ფული არ მომიტეხავს, რაზეც მოველაპარაკე, მე პირნათლად შევასრულე. მათი მოვალეობაა უპირობოდ გაგიშვან. ეს – ერთი, მეორე კი ისაა, ჩემო ძმაო, რომ მე შეკვეთებს არ ვასრულებ. მით უმეტეს, ისეთი ნაძირლების, როგორც ეგ ბონდოა და ფეხებსაც ვერავინ მომჭამს. შენ კი თავისუფალი ხარ. ხვალ დილით გზას გავუდგეთ. ახლა კი წამოდი ჩემთან, ოთახში ნორმალურად დაიძინე. მანამდე კი ცოტა წაიხემსე, – უთხრა ბულატოვმა გიგი ბარათელს და საკნიდან გაიყვანა.

მეორე დილით ახმატ ბულატოვი და გიგი ბარათელი ტყვარჩელიდან ვერტმფრენით ოჩამჩირეში გადაფრინდნენ და გალისკენ აიღეს გეზი.

***

გიგი ბარათელი უკვე ერთი თვის ჩასული იყო თბილისში და ნაქირავებ ბინაში ინკოგნიტოდ ცხოვრობდა. მას ძველი შეყვარებულის ნახვა და ურთიერთობის გარკვევა სურდა. მაგრამ ეს არც თუ ისე იოლი საქმე იყო. ბონდო ზოზიაშვილის მეუღლე მანქანით გადაადგილდებოდა, ხშირ შემთხვევაში დაცვის თანხლებით და მის მოხელთებას საკმაო მარიფათი სჭირდებოდა. გიგის ახმატ ბულატოვის დეიდაშვილი, ზაირა ეხმარებოდა. ეს ახალგაზრდა ქალი ჩეჩენი ლტოლვილი იყო და თბილისში დედასთან და ორ დასთან ერთად ცხოვრობდა. მამა კი გროზნოში, რუსებთან ომში დაეღუპა. ოჯახი სწორედ გროზნოდან გამოექცა ომს და საქართველოს დედაქალაქში დასახლდა. ზაირა კოსმეტოლოგად მუშაობდა ერთ-ერთ სილამაზის სალონში, სადაც მდიდარი ქალბატონები იყრიდნენ თავს. ეს სამსართულიანი სალონი ქალაქის ცენტრში მდებარეობდა და იქ ხშირად მართავდნენ სხვადასხვა სარეკლამო საღამოებს, რომლებზე დასწრებაც მხოლოდ მოსაწვევი ბარათებით შეიძლებოდა. ერთ-ერთი ასეთი საღამოს მოსაწვევი ბიზნესმენ ბონდო ზოზიაშვილის მეუღლეს, ლიკა აბესაძესაც გაუგზავნეს. თანაც, სახლშიც დაურეკეს და სთხოვეს, რომ საღამოზე აუცილებლად მისულიყო. ლიკა მსგავს ღონისძიებებს არ ეტანებოდა. მაგრამ გაგზავნილმა მოსაწვევმა და სატელეფონო ზარმა ახალგაზრდა ქალს რატომღაც გული აუფორიაქა. ის უცნაურმა წინათგრძნობამ შეიპყრო და სილამაზის სალონში გაემართა. სახლიდან გამოყოლილ მცველს კი უთხრა:

– შეგიძლია, წახვიდე. მე თვითონ წამოვალ.

– არა, რას ბრძანებთ, ქალბატონო ლიკა, – იუარა მცველმა.

– კარგი. მაშინ, წადი და სამიოდე საათში მომაკითხე. ვფიქრობ, ეს საღამო დიდხანს გაგრძელდება, – თქვა ლიკამ.

– არა. აქ დაგელოდებით, ქალბატონო ლიკა, – თქვა მცველმა. ლიკამ მხრები აიჩეჩა და მიუგო:

– როგორც გენებოს. იყავი და მელოდე.

– კარგი, ქალბატონო ლიკა. აქ დაგელოდებით, – უთხრა მცველმა ქალს და სალონში მიმავალ „დაცვის ობიექტს“ თვალი გააყოლა.

ზაირა მეორე სართულიდან იყურებოდა. როცა ლიკა შენობაში შევიდა და მოსაწვევ ბარათზე აღნიშნული ადგილის ძებნა დაიწყო, მას ზაირა მიუახლოვდა და უთხრა:

– ქალბატონო ლიკა, გამომყევით და მე გიჩვენეთ თქვენს ადგილს.

ლიკა გვერდით მიჰყვებოდა ზაირას. ისინი მესამე სართულზე ავიდნენ. დერეფანი გაიარეს და ნაცრისფერ კარს მიადგნენ. ზაირა დაწინაურდა, კარი გააღო და ლიკას მიმართა:

– აქ შებრძანდით, ქალბატონო ლიკა!

– აქ? – ეჭვით იკითხა ლიკამ და ზაირა შეათვალიერა.

– დიახ, დიახ, აქ. გელოდებიან, – უთხრა ზაირამ და გაუღიმა.

ლიკა ოთახში შევიდა და მიმოიხედა. იქ არავინ იყო. მაგრამ მარცხნივ რომ გაიხედა, ტყავის ტახტზე მჯდარი ადამიანი დაინახა. გოგონა დააკვირდა და გაოცებისგან თავი გააქნია. შემდეგ ორიოდე ნაბიჯი წინ გადადგა, ტახტზე მჯდომარეს მიაშტერდა და წამოიყვირა:

– გიგი, შენ?!

– კი, ლიკუნა, მე ვარ, მე, – მშვიდად მიუგო გიგიმ.

– აბა, ომში დაიღუპაო?! – ენის ბორძიკით თქვა ქალმა. გიგომ კი დააყოლა:

– „ზოზიკამ“ გითხრა, ხომ?

– კი, – დაუდასტურა ქალმა და ადგილზე გაქვავდა. ლიკას გიგისთან მირბენა და ჩახუტება უნდოდა, მაგრამ ფეხები არ ემორჩილებოდა.

გიგი თავად წარმოდგა სავარძლიდან და ლიკასთან მივიდა. ტახტზე დასვა, სამიოდე ნაბიჯით უკან დაიხია და უთხრა:

– უფრო გალამაზებულხარ, დაქალებულხარ...

გიგიმ ლიკუნას ყველაფერი მოუყვა და არც ის გამორჩენია თუ როგორ გადაიხადა ბონდო ზოზიაშვილმა ფული გიგის არდაბრუნებაში.

პაუზა ჩამოვარდა. ლიკა გიგის მონაყოლს იაზრებდა.

– წამითაც არ დამვიწყებიხარ. ხშირად ვტირი ხოლმე შენ გამო. დაღუპული მეგონე, თორემ ბონდოს ცოლობას წამითაც არ გავივლებდი თავში. ეს მე არ მამართლებს, მაგრამ დამიჯერე, დამარწმუნა, რომ ომში დაიღუპე. თან, მითხრა, მთელი ცხოვრება მიყვარდი და ძმაკაცობის გამო არ გაგრძნობინებდიო. არადა, ვგრძნობდი ამას, თუმცა ახლა რა მნიშვნელობა აქვს.

– ლიკუნა, შეიძლება, ბონდოსაც დაღუპული ვეგონე. არაა ეს გამორიცხული და ბოლო-ბოლო იმისი გაგებაც შეიძლება, რომ უყვარდი, მაგრამ ჩემს აქ არჩამოსვლაში, ფაქტობრივად კი, ჩემს განადგურებაში რომ ფული გადაიხადა, აი, ესაა ყველაზე დიდი სიდამპლე, – თქვა გიგიმ და გაჩუმდა.

ლიკუნა ჩაფიქრდა და ორიოდე წუთის მერე გიგის უთხრა:

– არა, გიგი, ბონდომ უფრო ადრე იდამპლა და გეტყვი, რა. ჩემი დარწმუნების ბოლო წვეთი იყო ვიღაც ტიპი, რომელიც ვითომ შემთხვევით შემხვდა და შენი აფხაზეთში დაღუპვის ამბავი დეტალურად აღმიწერა. ვითომ აფხაზებმა დაგხვრიტეს. ასე მითხრა, ჩემი თვალით ვუყურებდიო. ახლაღა მივხვდი, რომ ეს ტყუილი იმ კაცს ბონდომ შეუკვეთა. ბონდოს, ჩემი ხელში ჩაგდება უნდოდა, ეს ცირკიც ამიტომ დადგა და ფეხმძიმეც ამის გამო მომიყვანა ცოლად. ჩემთვის რომ დაემტკიცებინა, ნამდვილად მიყვარხარო.

– რაო, ფეხმძიმედ? – გაფითრდა გიგი.

– ჰო, გიგი, ფეხმძიმედ. მეხუთე თვეზე ვიყავი, როცა ბონდოზე გავთხოვდი. მეცხრე თვეზე კი ვაჟი გავაჩინე. გიგი დავარქვი და ის შენი შვილია, – თქვა ლიკამ.

– რას ამბობ, მართლა? – აღმოხდა გიგის.

– მართლა, მართლა. მართალია, ბონდოს არ უნდოდა, რომ ბავშვი გაჩენილიყო და ტექნიკურად მირჩევდა აბორტის გაკეთებას. მეუბნებოდა, ბევრი ნერვიულობა გადაიტანე და დიდი შანსია, რომ დაუნი გააჩინოო. მაგრამ, აბორტის წინააღმდეგი ვიყავი და უკვე აღარც შეიძლებოდა. ამიტომ გიგი დაიბადა. თუმცა, ბონდოს ნაყოფის განადგურების კიდევ ერთი მცდელობა ჰქონდა. ერთხელ, მაშინ მეექვსე თვეზე ვიყავი, იცოდა, რომ კართან ახლოს ვიდექი, საძინებლის კარი მთელი ძალით მკვეთრად გააღო და მარჯვენა გვერდში მომარტყა. მე წავიქეცი, მაგრამ რბილად დავეცი. ახლაღა მივხვდი, რომ მუცელში მორტყმა და ნაყოფის განადგურება უნდოდა. მერე ყველაფერი შემთხვევითობას მიეწერებოდა. რა ნაძირალაა! ნამდვილი ნაძირალა! ბავშვს დასანახავად ვერ იტანს, – თქვა ლიკამ.

– როგორია ჩემი ვაჟკაცი? – იკითხა გიგიმ.

– ზედგამოჭრილი შენ ხარ, – თქვა ლიკამ და დაამატა, – ესეც ამძაფრებს ბონდოს სიძულვილს ბავშვის მიმართ.

– ყველაფერი კარგად იქნება, ლიკუნა და ახლა ყურადღებით მომისმინე, – უთხრა გიგიმ ლიკას და გვერდით მიუჯდა...

ორიოდე საათის მერე ლიკა აბესაძე სილამაზის სალონიდან გამოვიდა. მანქანაში ჩაჯდა და მცველმა ის სახლში მიიყვანა.

***

გიგი ბარათელისა და ლიკა აბესაძის სილამაზის სალონში საუბრის შემდეგ სამი თვე იყო გასული. ბონდო ზოზიაშვილი ორკვირიანი ბიზნესტურნედან, რომელიც ოკეანის ქვეყნებში ჩატარდა, თბილისში დაბრუნდა. დაღლილი იყო, მაგრამ ჯერ ოფისში გაემგზავრა. იქ კი არ შეუშვეს და განუცხადეს, რომ შენობა უკვე სხვას ეკუთვნოდა. იგივე პასუხი მიიღო ფეშენებელურ სახლში მისულმა და ისიც გაყიდული დახვდა. საქმე ის იყო, რომ ზოზიაშვილს მთელი თავისი ქონება და ბიზნესი ლიკაზე ჰქონდა გაფორმებული იმ შემთხვევისთვის, თუკი მისი კანონდარღვევებით შესაბამისი ორგანოები დაინტერესდებოდნენ. „ზოზიკას“ კი კანონდარღვევა არა ერთი ჰქონდა, ის სახელმწიფოს ათეულობით მილიონ თანხას უმალავდა. ლიკამ მთელი ბიზნესი და ქონება ნახევარ ფასში გაყიდა და თანხები საზღვარგარეთის ბანკებში შეინახა და თბილისში დაბრუნებული „ზოზიკა“ მათხოვარი გახადა. ბონდომ რომ ეს გაიაზრა, ინსულტმა „დაარტყა“.

***

„ზოზიკა“ სამი თვის მერე ნახევრად პარალიზებული გამოწერეს საავადმყოფოდან. კართან მას ვიღაც წითური კაცი დახვდა, ტაქსიში ჩასვა, კონვერტი მისცა და უთხრა:

– აქ ორი ათასი დოლარია და წერილი. ტაქსი კი თქვენს ძველ ბინაში მიგიყვანთ.

ტაქსი ბონდოს ძველი ბინისკენ გაემართა, რომელიც მან ჯერ კიდევ ბიზნესის დაწყების წინ გაყიდა, რომ თანხა საქმეში ჩაედო. გიგიმ კი, სანამ ზოზიაშვილი საავადმყოფოში იწვა გამოისყიდა. ფულთან ერთად კონვერტში ბარათიც იდო და მასში ეწერა:

„მოკითხვამდე, ზოზიკ-ჯან!“

დასასრული

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

19-25 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 19 – 25 სექტემბერი