რომანი და დეტექტივი

ღალატი

№30

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 06.08

ღალატი
დაკოპირებულია

– გიგი, ხომ არ გაგიტყდება, ლიკუნა საცეკვაოდ რომ გავიწვიო? – უთხრა ბონდომ გიგი ბარათელს და მხარზე ხელი დაჰკრა.

– გასატყდომი რა არის, ძამიკო, – ღიმილით მიუგო გიგიმ ბონდოს და ლიკუნას ანიშნა, – ეცეკვეო.

გიგი ბარათელი, ბონდო ზოზიაშვილი და ლიკა აბესაძე თანაკლასელები იყვნენ. ერთ ქუჩაზე ცხოვრობდნენ და ბაღიდან ერთად იზრდებოდნენ. გიგის და ლიკუნას ბავშვობიდანვე უყვარდათ ერთმანეთი და სკოლის დასრულების შემდეგ დაქორწინებას აპირებდნენ. ლიკუნა ბონდოსაც უყვარდა, მაგრამ გიგის ძმაკაცი იყო და ამ გრძნობას არავის უმხელდა. თანაც, კარგად იცოდა, რომ ლიკუნასაც უზომოდ უყვარდა გიგი. ამიტომ გოგონას სიყვარულზე დაყოლიების მიზერული შანსიც არ ჰქონდა. ყოველ შემთხვევაში, სანამ გიგი ცოცხალი იყო, ბონდო ლიკუნას სიყვარულს ვერ ეღირსებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბონდო თავის გრძნობას საგულდაგულოდ ნიღბავდა და მალავდა. ქალური ინტუციით, ლიკუნა გრძნობდა ბონდოს სურვილს და ყოველთვის ცდილობდა, რომ მასთან მარტო არ დარჩენილიყო. არა იმიტომ, რომ ბონდო მას რამეს აკადრებდა – გიგის სიცოცხლეში ეს გამორიცხული იყო, უბრალოდ, გოგონას თრგუნავდა იმის გააზრება, რომ მისი საქმროს უახლოეს ძმაკაცს მასდამი ასეთი გრძნობა გაუჩნდა და 17 წლის გოგონას ეს ღალატად მიაჩნდა. ლიკამ რამდენიმეჯერ დააპირა კიდეც, რომ თავისი ფიქრები გიგისთვის გაენდო, მაგრამ გადაიფიქრა. შეეშინდა, „ჩორტაობა“ არ გამომივიდეს, ბიჭებმა ერთმანეთი არ დახოცონ. უფრო სწორად – გიგიმ ბონდო არ დალეწოსო. ამიტომ ბედს მიენდო. იმ საღამოსაც, სკოლის დამთავრების ბანკეტზე, როდესაც ბონდო ლიკასთან ცეკვავდა, გოგონა უკვე მთელი არსებით, მთელი სხეულითაც კი გრძნობდა, რომ ბონდო მასზე შეყვარებული იყო. ამიტომ, ლიკუნამ გადაწყვიტა, ცეკვა შეეწყვიტა და ბონდოს უთხრა:

– ბოდიში, ბონდო, მაგრამ თავბრუ დამეხვა და უნდა დავჯდე. დავიღალე.

ბონდო ყველაფერს მიხვდა, მაგრამ არ შეიმჩნია. ლიკას გაუღიმა. სკამთან მიიყვანა და გიგის უთხრა:

– დაიღალა ჩვენი ლიკუნა და დასვენება უნდა.

მოქეიფეები გამთენიისას დაიშალნენ. ბონდო ზოზიაშვილი უზომოდ დათვრა და სახლში ლიკუნამ და გიგიმ მიიყვანეს. თუმცა, სიმთვრალის მიუხედავად ბონდოს ერთი ზედმეტი სიტყვაც არ უთქვამს.

***

საკნის მძიმე კარი ჭრიალით გაიღო, შიგნით შემოგდებული მამაკაცი ბეტონის სველ იატაკზე უგონოდ დაეცა და სანამ ზედამხედველი კარს მიხურავდა, შემოგდებულს მიაძახა:

– ეგდე ახლა მაგ ქართველთან ერთად და ორმა ძაღლმა ერთმანეთი დაგლიჯეთ. ჩვენ კი ამით ვიკაიფებთ!

კარი რომ მიიხურა, საკნის სტაჟიანმა მობინადრემ „შემოგდებული“ რის ვაივაგლახით წამოაყენა და „ნარზე“ დააწვინა. შემდეგ საფეთქლები დაუზილა, გონზე მოიყვანა და დაელოდა, სანამ ოდნამ მოყოჩაღდებოდა და ხმას ამოიღებდა.

– ამათ სისხლს დავლევ„ გავიდე ჯერ აქედან... – მისუსტებული ხმით თქვა „შემოგდებულმა“, მაგრამ წამოდგომა ვერ შეძლო და საკნის სტაჟიან მობინადრეს მისი თავი რომ არ დაეჭირა, მოწყვეტით დავარდებოდა.

– მშვიდად, მშვიდად, მეგობარო! – თქვა საკნის მასპინძელმა და დაამატა, – წყალი ხომ არ გინდა?

– მინდა, – თქვა „შემოგდებულმა“. ძლივს წამოჯდა, წყალი მოსვა და „სტაჟიანს“ უთხრა:

– შენ, თუ არ მეშლება, ქართველი ხარ, ხომ?

– კი. ქართველი ვარ.

– მე კი ჩეჩენი ვარ, ახმატ ბულატოვი, – თქვა ჩეჩენმა და ქართველს ხელი გაუწოდა.

– გიგი ბარათელი, – ქართველმა ხელი ჩამოართვა ჩეჩენს.

– ტყვე ხარ, ხომ? – იკითხა ჩეჩენმა.

– კი. სამი წელია, აქ ვარ. გაგრაში ჩავვარდი. გათიშული ვიყავი და ტყვედ ამიყვანეს. მერე კი აქ ჩამაგდეს და არ მიშვებენ, – თქვა გიგიმ და დაამატა, – შენ რატომ დაგაპატიმრეს?

– უკეთესია, მკითხო, ვინ დამაპატიმრა, – თქვა ბულატოვმა და დააყოლა, – ბაგრამიანის ბატალიონის მეომრებმა, ამათი დედაც...

– მეც მაგათმა დამატვევეს. თავიდან დახვრეტა უნდოდათ. შემდეგ თქვეს, მონად წავიყვანოთო. მაგრამ ტყვარჩელის შახტში რომ ვერ მამუშავეს, აქ გამომამწყვდიეს, – თქვა გიგიმ და დაამატა, – შენ რა დააშავე? მე მაგათ ვებრძოდი და შენ?

– მე კი ქართველებს ვებრძოდი და ახლა ვნანობ ამას, – თქვა ბულატოვმა. პაუზა გააკეთა, წყალი მოსვა და დაამატა, – ჩვენი ჩეჩნური ნაწილი ოჩამჩირეშია დისლოცირებული. აქ სიტუაციის გასაცნობად გამომგზავნეს. ტყვარჩელის ქვანახშირის საბადოები იმათგან ჩემმა „ზემლიაკმა“ „დაითრია“ და ბაგრამიანელები ჩვენ უნდა ჩავანაცვლოთ. ეს კი ამათ არ მოსწონთ. შარზე არიან და ისე „განაგლდნენ“, რომ ვერ გაითვალისწინეს, თუ ვინ შეურაცხყვეს. ეგენი ფიქრობენ, აქედან წავლენ და ვერ მივწვდები, მაგრამ ცდებიან. გავალ და სათითაოდ თავებს დავაყრევინებ ამ „შაითნებს“!

– მაინც, რა მოხდა? – იკითხა გიგიმ.

– კარტის თამაში შემომთავაზეს და დავუჯექი. რაც ფული მქონდა, სულ წავაგე. ბოლოს ამ ოქროს ჯაჭვზე ვითამაშე და ტყუილში გამოვიჭირე. გარდა იმისა, რომ ერთმანეთში შეკრულები იყვნენ და ისე მეთამაშებოდნენ, კარტის ჩაწყობაში ჩავავლე. როგორც წესია, მთელი ფულის დაბრუნება მოვთხოვე, მაგრამ უარი რომ მივიღე, დავცხე. ბევრნი იყვნენ. მომერივნენ. მერე აქ ჩამაგდეს, მაგრამ ხომ გავალ აქედან და მაგათ სისხლს დავლევ.

– დამშვიდდი, ახმატ, ამ ადამიანებს ღირსება არ გააჩნიათ. ყველაფრის მკადრებლები არიან. ამ სამი წლის განმავლობაში მათგან ამის მეტი რა მინახავს, – თქვა გიგიმ. ბულატოვმა კი კბილებში გამოსცრა:

– ჰოდა, მე ვანახვებ ამათ სანახავს. ჯერ აქედან გავიდე...

გიგი ბარათელი და ახმატ ბულატოვი ათი დღის განმავლობაში ერთად ისხდნენ ტყვარჩელის ტყვეთა ბანაკის კარცერში და როდესაც იქ ჩეჩნური ქვედანაყოფი მივიდა, რათა საქმეები გადაებარებინა, ბაგრამიანის ბატალიონის მებრძოლთა „დუხიც“ არ იყო. ახმატი, რა თქმა უნდა, გაათავისუფლეს და მისი მონათხრობი რომ მოისმინეს, ბაგრამიანელთა გამოდევნება და მათი დასჯა დააპირეს, მაგრამ ისინი ბულატოვმა გააჩერა და უთხრა:

– ნუ ვიჩქარებთ, ძმებო. ცოტა დრო გავიდეს. დავლაგდეთ და მერე ჩავაკითხოთ გაგრაში. მაინც ვერსად წაგვივლენ.

ჩეჩენმა იმდენი მოახერხა, რომ გიგის კვება გაუუმჯობესა და უთხრა:

– რაც შემიძლია, იმის მაქსიმუმს ვაკეთებ. აქედან თავის დაღწევა თითქმის შეუძლებელია. გაქცევა რომც მოგიწყო, ამ მთებიდან ბოლომდე ვერ გააღწევ. დაგიჭერენ და დაგხვრეტენ. ერთადერთი, ფულს თუ გადაიხდის ვინმე, მაშინ შეიძლება, აქედან გასვლა.

– ბევრია გადასახდელი? – იკითხა გიგი ბარათელმა.

– მინიმუმ, ოცი ათასი „ბაქსი“, – თქვა ბულატოვმა.

– ეჰ, ამდენ ფულს ჩემთვის ვინ გამოვა. თუმცა, შეიძლება, ვცადოთ. იქნებ გამიმართლოს, – თქვა გიგიმ.

– გულწრფელად ვწუხვარ, ძმაო, მაგრამ თავზემოთ ძალა არ მაქვს. თუ ვინმესთან გამგზავნი, მაშინ პირადად მოვკიდებ ხელს ამ საქმეს და შევეცდები, გამოსასყიდზე ფასიც დავაკლებინო, – უთხრა ბულატოვმა გიგი ბარათელს.

გიგის ნაღვლიანად გაეღიმა და ახმატს უთხრა:

– ერთ კაცთან გაგიშვებ თბილისში, თუმცა არ მგონია, რამე გამოვიდეს. შეიძლება, ის თბილისშიც არ იყოს ან ამდენი თანხის თავმოყრაც ვერ მოახერხოს. ასე რომ, ძმაო, შანსია, ტყუილი გასეირნება მოგიწიოს.

– ცდა ბედის მონახევრეაო, ქართული ანდაზაა, რა იცი, რა ხდება, – თქვა ბულატოვმა და დაამატა, – მოდი, „ვიჩალიჩოთ“!

– „ვიჩალითოთ“, – თავი დაუქნია ბარათელმა ჩეჩენს.

ახმატ ბულატოვი რომ წავიდა, გიგი ბარათელი ნარზე წამოწვა და ტყვედ ჩავარდნის პრეისტორია დეტალურად გაიხსენა.

***

სასკოლო ბანკეტის შემდეგ გიგიმ და ლიკამ მოილაპარაკეს, რომ ჯერ უმაღლეს სასწავლებლებში ჩააბარებდნენ და შემდეგ იქორწინებდნენ. ლიკა კონსერვატორიაში აბარებდა. გიგისთვის კი კონსერვატორია გამორიცხული იყო, ამიტომ „გეპეიში“ შეიტანა საბუთები და ავტოსაინჟინრო ფაკულტეტზე მოეწყო. ლიკაც მოეწყო და შეყვარებულებს უკვე ხელმოწერის თარიღიც ჰქონდათ დათქმული, რომ გოგონას დედა გარდაეცვალა. ამან მათი ქორწინების ვადა ერთი წლით გადასწია. ამასობაში აფხაზეთში ომი დაიწყო. ბონდო ზოზიაშვილმა აფხაზეთში წასვლაზე ფეხი აითრია და მართალია, გიგისთან ერთად გამოცხადდა მოხალისეების შემკრებ პუნქტში, მაგრამ მარჯვენა ხელი საშინლად ჰქონდა გასიებული და უთხრეს: მოირჩინე და მერე მოდიო. გიგი კი მაშინვე ჩარიცხეს მოხალისეთა ერთ-ერთ დანაყოფში, ორკვირიანი მომზადება გაატარეს. ბიჭები მოუთმენლად ელოდნენ ფრონტზე გამგზავრების ბრძანებას და ერთი სული ჰქონდათ, მტერს შებმოდნენ. გიგიც ანალოგიურ მდგომარეობაში იყო და შეშინებულ ლიკას ამშვიდებდა:

– არ გრცხვენია, ლიკუნა, რამ შეგაშინა? ომი მალე მორჩება. გავიმარჯვებთ, ჩამოვალ და ვიქორწინებთო.

ლიკა ყოველდღე აკითხავდა საქმროს ყაზარმაში და დიდი ხნის განმავლობაში ელაპარაკებოდა ხოლმე. აფხაზეთში გამგზავრების წინა ღამე კი შეყვარებულებმა ერთად გაატარეს. გიგი რომ ყაზარმაში დაბრუნდა, მისი ნაწილის ბიჭები უკვე სატვირთო ავტომობილებში სხდებოდნენ. გიგიმ ტელეფონით დარეკვა სცადა, მაგრამ ყაზარმაში ხაზი გაფუჭებული იყო და არემონტებდნენ. დრო კი არ ითმენდა. ამიტომ გიგიმ რვეულის ნაგლეჯზე დაწერა: „ლიკუნა, საყვარელო, ამ წუთას დავბრუნდი ყაზარმაში და ჩვენები უკვე „გრუზავიკებში“ სხდებიან. ტელეფონი გაფუჭებულია და ვერ დავრეკე. ამიტომ გწერ ამ ბარათს. მოკლედ, აფხაზეთში მივდივართ. ძალიან მიყვარხარ! თავს გაუფრთხილდი! მალე ჩამოვალ. „ზოზიკას“ გადაეცი, რომ ველოდები. ნახვამდის! გიგი.“

ის-ის იყო „გრუზავიკი“ ადგილიდან უნდა დაძრულიყო, რომ ბარათი ერთ-ერთ მორიგე ჯარისკაცს გადასცა, რომელიც ყაზარმის კარს აღებდა. მისამართი უთხრა და სთხოვა:

– აი, ძამიკო, ეს ბარათი ამ მისამართზე მიიტანე და ლიკუნას უთხარი, რომ თითქმის „ნა ხადუ“ დაწერა-თქო.

– დარდი ნუ გაქვს, ძმაო. ამ წერილს დღესვე ჩავაბარებ მისამართზე, – მიუგო ჯარისკაცმა გიგის და დააყოლა, – მშვიდობით დაბრუნდით უკან, ძმებო!

აფხაზეთში მიმდინარე ომის განმავლობაში გიგი და მისი თანატოლები სუფთა გულით თავდაუზოგავად იბრძოდნენ და სამი თვის განმავლობაში ყოველთვის ფრონტის წინა ხაზზე იყვნენ. ყმაწვილი დარწმუნებული იყო, რომ მალე დაბრუნდებოდა მშობლიურ ქალაქში. საყვარელ გოგონაზე იქორწინებდა და ბედნიერ ოჯახს შექმნიდა. თუმცა, ყველაფერი უკუღმა დატრიალდა და სოხუმის დაცემის დღეს გიგი და მისი ცოცხლად გადარჩენილი რამდენიმე თანამებრძოლი მშვიდობიან მოსახლეობას ევაკუაციაში ეხმარებოდნენ, მათთან ერთად ბრძოლებით იხევდნენ უკან და ზურგს უმაგრებდნენ. უცებ ზეცაში ვერტმფრენები გამოჩნდნენ და უკანდახეულებს რეაქტიული რაკეტები დაუშინეს. ძლიერმა აფეთქების ტალღამ გიგი რამდენიმე მეტრზე გადააგდო. ბიჭი ბეტონის კედელს მიენარცხა და გაითიშა. გონს რომ მოვიდა, ის უკვე მტრის ხელში იმყოფებოდა და ბაგრამიანის დივიზიის მებრძოლები აგინებდნენ, შიგა და შიგ ავტომატის კონდახებსა და წიხლებს ურტყამდნენ. გიგიმ გონება დაკარგა. თავდაპირველად გადაწყვიტეს, დაეხვრიტათ. მაგრამ გადაიფიქრეს და ტყვარჩელში წაიყვანეს ქვანახშირის მოპოვებაზე მონურად სამუშაოდ. გიგიმ უარი თქვა ამაზე და ის კარცერში გაამწესეს. როცა იქ ახმატ ბულატოვი შეაგდეს, გიგი ბარათელი უკვე სამი წლის პატიმარი იყო. ამ მძიმე მოგონებებმა გიგი დაამძიმა, თვალები დახუჭა და ჩაეძინა. რამდენიმე საათის შემდეგ კი მასთან ახმატი დაბრუნდა და უთხრა:

– დაველაპარაკე და თანახმა არიან, თხუთმეტი ათას დოლარად გაგათავისუფლონ. მე ისიც ვუთხარი, რომ ასპროცენტიანი შანსი არ არსებობს, მაგრამ მაინც მიშვებენ. მოკლედ, ხვალ დილით მივემგზავრები და ახლა დაწვრილებით მითხარი, სად და ვისთან უნდა მივიდე.

გიგიმ ახმატს ბონდოს მისამართი მისცა, თან, სთხოვა ლიკუნაზეც გაერკვია რამე.

დასასრული შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

19-25 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 19 – 25 სექტემბერი