გამოცდა სიხარბით
ავტორი: ნია დვალი 22:00 05.09

დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #32-33 (1286)
***
ნანა გვინობამდე შემორჩა სამსახურში. ახალი შეკვეთის ნახაზებს ამოწმებდა. მისი კაბინეტის კარზე ვიღაცამ დააკაკუნა. კარი მალევე გაიღო და ოთახში ირაკლი შემოვიდა.
– ირაკლი?! აქ რას აკეთებ?
– სალაპარაკო გვაქვს.
– დაბრძანდი, – მიუთითა ნანამ სკამზე.
ირაკლიმ ოთახი მოათვალიერა.
– კარგად მოწყობილხარ.
– მადლობა. ელოდი, რომ ქუჩაში დავრჩებოდი?! – ჩაეცინა ნანას.
– საქმეზე სალაპარაკოდ მოვედი: შენ კლიენტები გყავს, მე – გამოცდილება, ვფიქრობ, ძალები უნდა გავაერთიანოთ.
ნანამ თვალებში შეხედა.
– გავერთიანდეთ, ანუ?
– ერთობლივი პროექტი შევქმნათ.
– რომელიც მერე შენი ბიზნესი გახდება?! – ნანამ გადაიხარხარა: სულელი გგონოვარ?!
ირაკლიმ სარკაზმი არ შეიმჩნია:
– ვითანამშრომლოთ, როგორც ადრე.
– ირაკლი, ფიქრობ, რომ მეხსიერების პრობლემები მაქვს?! გახსოვს, ბოლოს როგორ „ვითანამშრომლეთ“?! შენ მე გამომაგდე, როგორც უსარგებლო ნივთი.
– შევცდი. ვის არ მოსვლია შეცდომა?!
– შეცდი? – ხმას აუწია ნანამ: შენ მე საჯაროდ დამამცირე. გამაგდე ახალგაზრდა თანაშემწის გამო. არ შეგეძლო, ადამიანურად მოქცეულიყავი?! გავეყრებოდით და გავინაწილებდით, რაც ერთობლივად შევქმენით. მე შენ არ გადანაშაულებ იმის გამო, რომ მე აღარ გინდოდი, როგორც ცოლი, როგორც ადამიანს, მომექეცი ცუდად, ენით აუწერლად ცუდად და ახლა გყოფნის სითავხედე, მოხვიდე და ის მითხრა, რასაც მეუბნები?!
ირაკლის სახე შეეჭმუხნა დეას ხსენებაზე.
– შენ არასწორად იფიქრე. ჩვენ მხოლოდ ვთანამშრომლობთ.
– ფეხებზე მკიდია, რა ურთიერთობა გაქვთ. მით უარესი, თუ მოგეწონა, როგორც ბიზნესპარტნიორი. როგორ უნდა გენდო?! წარბიც არ შეგიხრია, ისე წამართვი ის, რაც იცოდი, რომ ჩემი იყო.
ირაკლი მაინც არ იტეხავდა იხტიბარს:
– რის მოსმენა გინდა, რომ მე ვარ დამნაშავე? რომ ვნანობ? ვნანობ. მაგრამ, მოდი, მომავალზე ვიფიქროთ.
– ჩვენ სხვადასხვა მომავალი გვაქვს. შენ შენი გზა აირჩიე და იარე იმ გზაზე.
– ნანა, შენ ყოველთვის გონიერი ქალი იყავი. კონკურენციამ ორივე გაგვანადგურა. ჯობია, ერთად ვიმუშაოთ.
– მე არაფერს გავუნადგურებივარ. შენ ეცადე ჩემს განადგურებას, მაგრამ... – ნანამ ხელები გაშალა: მიბრძანდი, თუ შეიძლება, შენთან აღარაფერი მაქვს სალაპარაკო. თან, სამუშაო მაქვს.
– კარგი. მაშინ ბაზარზე შევხვდებით, – ირაკლი წამოდგა.
ნანას არაფერი უპასუხია, მაგრამ მისი წასვლის შემდეგ ქაღალდებისკენ აღარ გაუხედავს. ირაკლის შეთავაზება არ გაჰკვირვებია, ირაკლი ყოველთვის ანგარიშიანი იყო, უბრალოდ, ნანას ეგონა, რომ ანგარიშიანი იყო საქმეში და არა ადამიანებისადმი, მაგრამ დღეს აღმოაჩინა, რომ ცდებოდა.
***
ირაკლი მანქანაში ჩაჯდა და იმ ადგილს გაეცალა. ნანა ერთხანს იჯდა კაბინეტში, შემდეგ შუქი ჩააქრო, კარი დაკეტა და სახლში წავიდა.
შემდეგმა თვემ აჩვენა, ვის რა შეეძლო, ნანას საწარმო საათივით მუშაობდა. განრიგს მიჰყვებოდა და ახალი კლიენტებიც ყოველდღიურად მრავლდებოდნენ. ნანასთან ირაკლის კიდევ ერთი ოსტატი გადავიდა სამუშაოდ.
– ქალბატონონ ანა, უნდა გავფართოვდეთ. ადგილი ცოტაა, შეკვეთა – ბევრი, – ვერ ვეტევით, ხელს ვუშლით ერთმანეთს, – შესჩივა ნანას ერთ დღეს სამსონმა.
– ვფიქრობ ამაზე. ჩემი და შესაფერის ფართს ეძებს სადმე ახლოს, რომ მარტივად გადავიდეთ და დრო არ დავკარგოთ.
– აღჭურვილობა?
– ოთარი დამპირდა, რომ ყველაფერს მოაგვარებს.
ირაკლის საწარმოში კი ყველაფერი აირია: დეა ცდილობდა წესრიგის დამყარებას, მაგრამ გამოცდილება არ ჰყოფნიდა. ირაკლიმ კი, უბრალოდ, არ იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა.
– იქნებ სტრატეგია შევცვალოთ, ბიუჯეტურ სეგმენტზე გადავიდეთ? – ერთ დღესაც შესთავაზა დეამ ირაკლის.
– რა, ავეჯი ნახერხისა და წებოსგან გავაკეთოთ? – გაბრაზდა ირაკლი.
– არა, შევამციროთ თვითღირებულება.
– ჩვენ უკვე ყველაფერი შევამცირეთ, რაც შესაძლებელი იყო. შემდეგი ეტაპი რეპუტაციის დაკარგვაა.
მაგრამ რეპუტაცია უკვე შელახული ჰქონდათ. კლიენტები წუწუნებდნენ, ვადები ირღვეოდა. ორმა მსხვილმა კონტრაქტორმა ხელშეკრულებები გააუქმეს. ბოლო წვეთი საბავშვო ბაღთან დაკავშირებული საქმე იყო: კარადები უხარისხო საღებავით აღმოჩნდა შეღებილი, რის გამოც ჯარიმა გამოუწერეს.
– ბატონო ირაკლი, მე არ ვიცოდი, რომ საღებავი არასერტიფიცირებული იყო! მომწოდებელმა თქვა, რომ ყველაფერი რიგზეა…
– საიდან მოიყვანე ეს მომწოდებელი?
– ინტერნეტში ვიპოვე. ფასი კარგი ჰქონდა…
ირაკლის თვალები აუჭრელდა, ნანა არასდროს მუშაობდა შეუმოწმებელ და არასანდო პარტნიორებთან.
– შენ ყველაფერი გაანადგურე, – ირაკლი მშვიდად ლაპარაკობდა, მაგრამ თვალებიდან რისხვას აფრქვევდა.
– მე არაფერი გამინადგურებია. მე სიახლეები შემოგთავაზე, შენ კი ისევ შენს ყოფილ ცოლს დასდევ. ყველაფერი აპატიე, მათ შორის, ჩვენი თანამშრომლების გადაბირება და ვითომც არაფერი. აგარაკიც კი მიეცი!
– გადი აქედან! – ირაკლი წამოიწია. დეა ოთახიდან გავიდა, – საერთოდ, წადი აქედან და აღარასდროს დამენახვო! – დააწია ირაკლიმ.
დეა წამოჭარხლდა, მაგრამ არაფერი შეიმჩნია. ჩანთა აიღო და ოფისიდან გავიდა. ერთ ხანს ფეხით იარა, ცოტა დამშვიდდა და შემდეგ სკამზე ჩამოჯდა. ტელეფონი ამოიღო:
– გური, შენი დახმარება მჭირდება.
***
დეას თვალები ლამის ნაპერწკლებს ყრიდა:
– იმ საზიზღარმა ქალმა ყველა გეგმა ჩამიშალა. ყველაფერს გვართმევს, თანამშრომლები წაიყვანა, კლიენტები, გვაკოტრებს... ჩვენი უკანასკნელი იმედიც, მსხვილი შეკვეთა წაიღო და მის გამო ირაკლიმ გამაგდო.
– და რა გინდა, რომ გავაკეთო? მოვკლა? – გურიმ უსიამოვნოდ ჩაიცინა.
დეამ შეხედა: არ იქნებოდა ურიგო, მაგრამ ეს უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია. უნდა დაუწვა საწარმო, რომ შეკვეთა ვერ შეასრულოს. ეს – დასაწყისისთვის, მერე ვნახოთ. მისამართს მოგწერ. მაგრამ რამდენიმე დღე დაიცადე, არ მინდა, ჩემს გამოშვებას დაემთხვეს, – დეას გაბოროტებისგან სახე მოექცა, როდესაც გაახსენდა, როგორ უცერემონიოდ გამოისტუმრა ირაკლიმ.
***
ნანა და სამსონი დეტექტივთან ერთად შევიდნენ შენობაში.
– სავარაუდოდ, ხანძარი განზრახაა გაჩენილი, აალებადი სითხის ნარჩენებია. კარგია, რომ სახანძროს სისტემამ იმუშავა, – უთხრა დეტექტივმა ნანას
– დიახ, მე დავაყენებინე. წესად მაქვს, ჩვენ ხის მასალაზე ვმუშაობთ, წებო... მოკლედ, ყველაფერი იოლად ალდება...
– კამერა ხომ არ გიყენიათ? – დააზუსტა დეტექტივმა.
– მხოლოდ ერთის დაყენება მოვასწარით. შენობის უკან. ჩემმა დამ დამაძალა და სწორედ ამ კამერის წყალობით გადარჩა დანადგარები და მასალები. როგორც კი უცხო ადამიანი შევნიშნე, რომელიც საამქროში შედიოდა, მაშინვე სახანძროც გამოვიძახე და პოლიციაც, თორემ უკვე დამზადებული შეკვეთები სხვა საწყობში გვაქვს გადატანილი. ასეთი წესი მაქვს. მზა პროდუქციას სხვაგან ვინახავ.
– ცნობ, ხომ, სიარულის მანერაზე? – ჰკითა დეტექტივს მეწყვილემ.
ზურაბმა თავი დაუქნია:
– გური კაკაურიძეა.
– მაგრამ ეს არ იქნება საკმარისი. სახე არ უჩანს, კიდევ გვჭირდება სამხილი. მეზობლები გამოჰკითხე?
– მოხუცი ქალია, მარტო ცხოვრობს და ყველა მიმსვლელ-მომსვლელს აკვირდება, მითხრა, დიდი, შავი „ჯიპი“ გაჩერდა, საიდანაც ის ნიღბიანი გადმოვიდა და საამქროსკენ წავიდა... მერე იმავე მანქანით წავიდნენო.... ნომერიც ჩაიწერა და ბაზაში გადავამოწმე – დეა ძაგნიძეა.
***
ერთი წლის შემდეგ ნანა თავის ახალ, გაფართოებულ საამქროში იდგა და მილოცვებს იღებდა. იაც მის გვერდით იდგა. ორჭოფობდა, მაგრამ, ბოლოს, მაინც ვერ მოერია თავს:
– გაიგე, რომ ირაკლი თავის ბიზნესს ყიდის?!
– იაკო, დღეს ძალიან კარგი დღეა, ბედნიერი ვარ. წარსულზე ნუ ვილაპარაკებთ, რაც იყო, იყო, – ნანამ დას გაუღიმა და იამაც უხერხულად გაუღიმა მას.
როდესაც სტუმრები წავიდნენ, ნანამ ეკრანზე დაინახა, რომ კართან ვიღაც იდგა. როდესაც მამაკაცმა თავი ასწია, ნანამ იცნო და კარი გააღო.
– ძალიან დამნაშავე ვარ შენ წინაშე. ბოდიშის მოსახდელად მოვედი და სათხოვნელად: იქნებ იყიდო ჩემი, – ირაკლის ხმა გაუწყდა, – ჩვენი საწარმო, სიმბოლურ ფასად გადმოგცემ. მენანება. შენ გააძლიერებ და განავითარებ.
– არა, ირაკლი, წარსული წარსულში დარჩა. მე სხვა გზით მინდა, ვიარო და შენი ძალიან მადლიერი ვარ.
ირაკლიმ გაკვირვებულმა შეხედა. ნანამ გაუღიმა:
– შენ მე მთავარი რამ მასწავლე ცხოვრებაში. არ შეიძლება, შენი თავი გაანულო და ადამიანს იმდენად ენდო, რომ ამით თავი დააკარგვინო. შენ რომ არ გამოგეგდე, მე საკუთარი თავი ყოველთვის შენი დანამატი მეგონებოდა.
ირაკლიმ თავი დახარა.
– ძალიან შევცდი. იმედია, არ ფიქრობ, რომ იმ ხანძართან რამე მაკავშირებს.
ნანამ თავი გააქნია.
– თუ მეტი არაფერი გაქვს სათქმელი, უნდა წავიდე, მაპატიე.
ირაკლი ადგა და გავიდა. ნანა ლეპტოპის ეკრანზე უყურებდა მიმავალ კაცს და ვერ ხსნიდა, რატომ ეუცხოვებოდა ადამიანი, რომელიც ერთ დროს საკუთარ თავს ერჩივნა...
დასასრული
სიახლეები ამავე კატეგორიიდან