გამოცდა სიხარბით
ავტორი: ნია დვალი 20:00 22.08

– ნანა, შეაგროვეთ პირადი ნივთები. თქვენ ჩვენს კომპანიაში აღარ მუშაობთ.
ირაკლის კომპიუტერის მონიტორისთვის თვალიც კი არ მოუშორებია, ეს სიტყვები მშვიდად წარმოთქვა, თითქოს უცხო ადამიანს ელაპარაკებოდა. ნანა და ირაკლი თორმეტი წლის განმავლობაში ერთად მუშაობდნენ, ახლა კი ისე მიმართავდა, თითქოს არაფერი აკავშირებდათ.
– რას გულისხმობ? – ნანა კაბინეტის ზღურბლთან გაშეშდა, ხელში ანგარიშების საქაღალდე ეჭირა.
– გათავისუფლებული ხარ. დღეიდან. კომპენსაცია ბარათზე გადმოგერიცხება, კანონის შესაბამისად.
ირაკლის ხმა ცივი და ფორმალური იყო. ნანამ ნელა დადო საქაღალდე მაგიდაზე და ირაკლის მოპირდაპირედ დაჯდა.
– ირაკლი, ამიხსენი, რა მოხდა. ჩვენ ხომ ერთად ვაშენებდით ამ ბიზნესს?! იმას მაინც ხომ ვიმსახურებ, გავიგო, რა დავაშავე?!
– არაფერი დაგიშავებია. უბრალოდ, გუნდის განახლება გადავწყვიტე. ახალი იდეები, ახლებური ხედვა მჭირდება. დეამ კომპანიის განვითარებასთან დაკავშირებით რამდენიმე საინტერესო გადაწყვეტილება შემომთავაზა.
ახალი თანამშრომლის სახელის ხსენებაზე ნანა ყველაფერს მიხვდა. დეა სულ რაღაც ნახევარი წელია, რაც მათ კომპანიაში მუშაობდა, მაგრამ უკვე საკვანძო ფიგურა გახდა, ირაკლი გვერდიდან არ იშორებდა. ახალგაზრდა ქალი იყო, ენერგიული, თვალები უბრწყინავდა, როდესაც სოციალურ ქსელებში წინსვლასა და გაყიდვების ახალ ტექნოლოგიებზე ლაპარაკობდა.
– დეას იდეაა, ჩემი თავიდან მოშორება? – მწარედ ჩაეცინა ნანას.
– არავის იდეა არ არის. ჩემი იდეაა! – საკმაოდ უხეშად უპასუხა ირაკლიმ და ბოლოს და ბოლოს, თვალიც გაუსწორა, – გადაწყვეტილებებს მე ვიღებ, – და დასძინა, – ჩემს კომპანიაში.
– ჩვენს კომპანიაში, – შეუსწორა ნანამ.
– ჩემს კომპანიაში. ყველა დოკუმენტი ჩემზეა გაფორმებული. ეს ჩემი ბიზნესია. შენ კი მიიღებ იმას, რაც შრომის კოდექსით გეკუთვნის.
ნანა უყურებდა ადამიანს, ვისთან ერთადაც თვრამეტი წელი იცხოვრა და ვერ ცნობდა. ამ უცხო, გულცივსა და უხეშ მამაკაცს ოდესღაც სიყვარულში გამოუტყდა, მის ცოლობას დათანხმდა. აუხდინა ოცნება – სწორედ ნანას ავტოფარეხში გახსნეს პირველი მცირე საამქრო.
– გახსოვს, როგორ ვიწყებდით?! რაკი ჩემი და შენი გამიჯნე: ჩემს ავტოფარეხში. შენ ამზადებდი სკამებს, მე კი კლიენტებს ვეძებდი. დოკუმენტაციას ვაწარმოებდი…
– ეს ძალიან დიდი ხნის წინ იყო, – მოჭრა ირაკლიმ.
– დიახ, მაგრამ როგორ შეგიძლია, თქვა, რომ ეს მხოლოდ შენი ბიზნესია?!
– მე არ ვამბობ, ამას დოკუმენტები ამბობენ. ესეც შენი არაპროფესიონალიზმის მაჩვენებელია, არასდროს გაინტერესებდა, რა ეწერა დოკუმენტებში. მე არ ვარ შენი საკუთრება, – ქილიკით უთხრა ირაკლიმ.
ნანამ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ სწორედ ამ დროს კარი შემოაღო დეამ. როგორც ყოველთვის, უზადოდ გამოიყურებოდა: ვარცხნილობა, მაკიაჟი, საქმიანი კოსტუმი და, რა თქმა უნდა, სახეზე ღიმილით.
– ბატონო ირაკლი, დიდი ბოდიში, კლიენტი გვირეკავს, სამზარეულოს კომპლექტი რომ შეგვიკვეთა, სასწრაფოდ არის საჭირო გადაწყვეტილების მიღება.
– ერთ წუთში მოვალ, უთხრა ირაკლიმ და წამოდგა, – ქალბატონო ნანა, საუბარი დასრულებულია.
ნანა ნელა წამოდგა. სრულ სიცარიელეს გრძნობდა, წყენა კი ნაცრისფრად ჩაგუბებოდა და, რაოდენ საოცარიც უნდა იყოს, ერთგვარი გათავისუფლების შეგრძნებაც კი ჰქონდა.
– კეთილი, საქმეებს დეას გადავცემ.
– საჭირო არ არის. ჩვენ თვითონ გავერკვევით.
კაბინეტიდან გამოსვლისას ნანა სამსონს შეეჩეხა – ასაკოვან ოსტატს ოქროს ხელებით, რომელიც მათთან ჯერ კიდევ ავტოფარეხის პერიოდიდან მუშაობდა.
– რა მოხდა? ისეთი სახე გაქვთ…
– მე აქ აღარ ვმუშაობ.
– როგორ? ეს ხომ თქვენი კომპანიაა? – ღიმილნარევი გაკვირვებით ჰკითხა ასაკოვანმა ოსტატმა.
– დოკუმენტებით ჩემი არ არის, – თავი დახარა ნანამ.
– კი მაგრამ, ეს როგორ შეიძლება? – სამსონს ისე გაუკვირდა, რომ სათვალეც კი შეისწორა ცხვირზე, – და თუ თქვენ აღარ მუშაობთ, მაშინ ვინ?!
– ირაკლიმ გუნდის განახლება გადაწყვიტა. დეა ყველაფერს მოაგვარებს.
– რა უნდა მოაგვაროს, ეს გოგო MDF–ს DSP–სგან ვერ არჩევს?! გუშინ მეკითხებოდა, რა რა არის! – გულწრფელად აღშფოთდა ოსტატი.
– ალბათ, სწრაფად სწავლობს, – მწარედ ჩაიცინა ნანამ. – თავს გაუფრთხილდით, ბატონო სამსონ და ბიჭებს ჩემს ნაცვლად დაემშვიდობეთ.
ნანა თავის კაბინეტში შევიდა და ნივთების შეგროვება დაიწყო. გვერდითა ოთახიდან დეას ხმა გაიგონა:
– რა თქმა უნდა, ფასდაკლებას გავაკეთებთ! თხუთმეტი პროცენტი, ეს ბატონმა ირაკლიმაც დაადასტურა.
„ასეთი ფასდაკლებით შეიძლება, გაკოტრდე“, – გაიფიქრა ნანამ. მაგრამ ეს მას უკვე აღარ ეხებოდა.
***
იმავე დღის საღამოს ის თავისი დის, იას სამზარეულოში იჯდა და მას მომხდარს უყვებოდა. ია გამოცდილი რიელტორი, ყურადღებით უსმენდა, დროდადრო კი ოხრავდა.
– ვაჰ, თვრამეტი წლის ქორწინება, თორმეტი წლის საერთო ბიზნესი და ასე, უცხოსავით გამოგაგდო!
– იაკო, ემოციების გარეშე. რაც მოხდა, მოხდა...
– მესმის, რომ, რაც მოხდა, მოხდა, მაგრამ სახლში ვერ გითხრა?! ეს სამსახურში როგორ გითხრა?! რას აპირებ?! არ იდავებ?! – დააყარა კითხვები დას.
– ბინაც მასზეა, ბიზნესიც მასზეა, მანქანა მე ჩემი მყავს, კიდევ კარგი, ის მაინცაა ჩემს სახელზე, მისი მანქანა – მის სახელზეა.
– და არ იდავებ?! – ია არ ცხრებოდა.
– როგორ ვიდავო?! შენატანი შეგვქონდა საერთო ბიზნესიდან, დივიდენდებიდან, მაგრამ ის ბიზნესი ირაკლიზეა გაფორმებული. ვერ დავამტკიცებ, რომ ბინის ნახევარი ჩემია, ისევე, როგორც ბიზნესის.
– წარმოუდგენელია... – ია წამოდგა, შემდეგ ისევ დაჯდა, – სიგარეტისთვის თავის დანებებას ვაპირებდი, მაგრამ რას დაანებებ, როდესაც გარშემო ამდენი სალახანაა, – ია სკამზე დადგა და ზედა კარადიდან სიგარეტის კოლოფი გადმოიღო, – შენ არ მოწიო, მე მოვწევ. მე შენნაირი მშვიდი ნერვები არ მაქვს.
ნანა თვალს ადევნებდა დის მოძრაობებსა და ლაპარაკს და ეღიმებოდა: ია ძალიან ემოციური ადამიანი იყო, მაგრამ უბოროტო.
– თან, უშვილო რომ არის და შენ მაინც მასთან დარჩი, – განაგრძობდა ია ქოთქოთს.
– რაღა აზრი აქვს ამაზე საუბარს, – ნანა უჩვეულოდ მშვიდად იყო.
– მოიცა და, შენ ვერაფერს ხვდებოდი?! ხომ წარმოუდგენელია, ადამიანი, ვის გვერდითაც 18 წელი იცხოვრე, ისე გაცივდეს შენდამი, რომ შენ ამას ვერ მიხვდე?! – იამ დას თვალებში შეხედა.
– არ ვიცი, არასდროს მიფიქრია ამაზე. რაც თავი მახსოვს, სულ ირაკლისთან ერთად ვარ. თითქოს, რომ დავიბადე, იმ დროიდან და წვრილმანებს არ ვეკიდებოდი.
– გოგო, წვრილმანებია, ქმარი გიშვებს სამსახურიდან, აგახია საერთო ქონება და ბიზნესი. ჰო, მართლა, აგარაკის საქმე როგორაა? – უცებ გაახსენდა იას აგარაკი.
– ეგ არც კი გამხსენებია. დოკუმენტები უნდა ვნახო, ვის სახელზეა.
– არ გახსენებია! გადამრევს ეს გოგო, – იამ ღრმად დაარტყა ნაფაზი, – ნახე მერე, რას უცდი?!
– სად ვნახო?! – გაიკვირვა ნანამ.
– სად ნახო და რეესტრში. მე მაქვს ბიზნესი თუ შენ?! – თვალები დაუბრიალა დას იამ.
– მართალი ხარ, – იამ ტელეფონი გახსნა და რეესტრის საიტზე შევიდა. აკრიფა შესაბამისი ნომერი და შეჰყვირა:
– ჩემს სახელზეა!
– კიდევ კარგი და როგორ მოხდა? –დაინტერესდა ია.
– გამახსენდა, ქონების გადასახადის გამო გადმოაფორმა ჩემზე. ეტყობა, მასაც დაავიწყდა, თორემ ისევ თავის სახელზე გადაიფორმებდა.
– მოკლედ, ხვალვე გაეყარე და რაც დოკუმენტებით გეკუთვნის, წამოიღე, – დაარიგა იამ.
– არის, – დაეთანხმა ნანა დას.
– ისე, უჩვეულოდ მშვიდად ხარ, თუ მეჩვენება? – ეჭვით შეხედა დას იამ.
– და რა გავაკეთო?! თმა დავიპუტო?!
– არა, თმის დაპუტვა არ ღირს და რას აპირებ სამსახურზე?!
ნანა დაფიქრდა: „საცაა, ორმოცს მივუკაკუნებ, ამ ასაკში ჩემი შესაფერისი პოზიციის პოვნა რთულია. თან, სხვისთვის მუშაობა სულაც არ მინდა...“
– და ჩემი საქმე რომ დავიწყო?! ვითომ არ გამომივა? – მიაჩერდა ნანა დას.
ია წამოხტა.
– შესანიშნავი იდეაა! გამოცდილება გაქვს, კავშირები გაქვს, ყველა მომწოდებელს იცნობ! შემკვეთებს იცნობ!
– ფული არ მაქვს. – დაღონდა ნანა.
– როგორ არ გაქვს?! და კრედიტი?!
– მარტო აგარაკით არავინ მომცემს იმდენს, რომ კონკურენტუნარიანი საწარმოს აწყობისთვის მეყოს, – ხმადაბლა თქვა ნანამ.
– მე მკვდარი ვარ?! – შეჰყვირა იამ და ისევ წამოხტა.
ნანას უნებურად გაეცინა – ყოველთვის ახალისებდა მისი დის ეს ზედმეტი ბავშვური ემოციურობა.
– ღმერთმა დაგვიფაროს. ყველაზე ცოცხალი ხარ!
– მერე?! მე ხომ მაქვს სამოთახიანი ბინა, ცარიელი, ჩემმა ყოფილმა ქმარმა რომ დამიტოვა. ვერა და ვერ მოვაბი თავი მის გაქირავებას. ეტყობა, შენ გელოდებოდა.
– არა, შენც ხომ გინდა ფული, – იუარა ნანამ.
– არ გადამრიო ახლა. ფულის მეტს რას იშოვი შენ და კარგი საჩუქრები მიყიდე, – გაუღიმა დას.
ნანამ მადლიერებით შეხედა დას. საერთოდ, ია ყოველთვის მზად იყო, ყველაფერი გაეღო ოჯახისთვის.
– ეს მაინც სერიოზული ამბავია, რა მოხდება თუ არ გამომივა?
– რა არ გამოგივა, გოგო?! რატომ დააჯერე შენი თავი, რომ ირაკლია, ვინცაა?! კაცი არავინ არაა ქალის ენერგიის გარეშე. ყველაფერი იცი, ყველაფერში ერკვევი და თავი მაინც ჩაგიქინდრავს?! – ნანას ისევ გაეცინა, ამჯერად თავისი დის ლიტერატურული წიაღსვლის გამო.
მეორე დღეს ნანა დილიდანვე შესაფერისი ფართის მოსაძებნად წავიდა. იამ ვარიანტების სია გადასცა, რომლებიც ხელმისაწვდომ ფასად გასცემდნენ იჯარით საწარმოო ფართებს.
პირველი ორი ობიექტი ნანას არ მოეწონა, მაგრამ მესამე ზუსტად შეესაბამებოდა მის მიზნებს. ეს იყო პატარა საამქრო, სადაც ადრე სამკერვალო იყო განთავსებული: მაღალჭერიანი, მისასვლელად მოსახერხებელი, ცალკე შესასვლელით კლიენტებისთვის.
– უკვე ორი თვეა, თავისუფალია, გულდაწყვეტით უყვებოდა მფლობელი, – წინა მოიჯარეები წავიდნენ, ახლებს კი ვერ ვპოულობ. თქვენ რა საქმიანობას აპირებთ? – ჰკითხა მეპატრონემ.
– ნებისმიერი ავეჯის დამზადებას შეკვეთით.
– მშვენიერია! მე შევუკვეთე ცოტა ხნის წინ სამზარეულო, ძალიან გამაწვალეს: ან ვადებს არღვევენ, ან ზომებს ურევენ, ან მასალა არ ვარგა... ერთს გეუბნებიან და მეორეს ამზადებენ, – აწუწუნდა შუახნის მამაკაცი.
– ჩვენს საამქროში ეს ყველაფერი გამორიცხულია, – უთხრა ნანამ და გულში გაეცინა, როდესაც მის პასუხზე გამქირავებელმა ორჭოფობა ვერ დამალა.
– ვიქირავებ აუცილებლად. უბრალოდ, სესხი უნდა ავიღო, რასაც მცირე დრო დასჭირდება, ჩვენ მანამდე შეგვიძლია, ხელშეკრულება გავაფორმოთ, რომ თქვენ მშვიდად იყოთ, – შესთავაზა ნანამ.
მეპატრონემ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად.
საბოლოო ფასზე შეთანხმდნენ, ნანამ ავანსიც დაუტოვა.
– არ არის საჭირო ხელშეკრულების წინასწარ გაფორმება. თანხას რომ გადაიხდით, იმ დღიდან გავაფორმოთ.
ნანა დაეთანხმა და წამოვიდა.
ახლა ტექნიკის შეძენა იყო საჭირო, რაშიც ნანას ძველი კავშირების იმედი ჰქონდა. პირველად ოთარს დაურეკა, რომელიც მათი მუდმივი მიმწოდებელი იყო და მანაც მაშინვე უპასუხა ნანას ზარს.
– ძვირფასო ქალბატონო ნანა. რას მივაწერი თქვენი გამოჩენა? გაფართოებას აპირებთ?!
– გამარჯობა, ბატონო ოთარ. ახალ პროექტს ვიწყებ და დანადგარები მჭირდება. დამეხმარებით?
– რა თქმა უნდა! თან, მაქვს თითქმის ახალი კომპლექტი. შეკვეთა მივიღე და ბოლო წამს გადაიფიქრეს. ეტყობა, თქვენი ბედია. და, რა თქმა უნდა, თქვენ განსაკუთრებულ ფასად მოგაწვდით.
***
ნანას ერთი კვირა დასჭირდა ყველაფრის მოსაგვარებლად. ბანკშიც მარტივად გადაწყდა საკითხი, ვინაიდან, თუმცა კომპანიიდან, მაგრამ სწორედ ნანა აგვარებდა კრედიტოფიცერთან ურთიერთობას. საამქრო უკვე მზად იყო – სამუშაო მაგიდები, დანადგარები, ყველაფერი დალაგდა და დამონტაჟდა, მხოლოდ გუნდის შეკვრაღა რჩებოდა, რაც ნანას არანაკლებ აღელვებდა. იმიტომ რომ მაინც არ უნდოდა ყოფილი ქმრისთვის თანამშრომლების წართმევა, მიუხედავად იმისა, რომ გუნდი მისი შეკრებილი იყო.
ამ ფიქრებში იყო გართული ნანა, როდესაც მისმა ტელეფონმა დარეკა – ოსტატი სამსონი ურეკავდა:
– ქალბატონო ნანა, შეიძლება, შეგხვდეთ?
– რა თქმა უნდა? – სიხარულით დაეთანხმა ნანა.
შეთანხმდნენ და ნანას ახალ სახელოსნოსთან მდებარე კაფეში შეხვდნენ. ოსტატს განაწყენებული სახე ჰქონდა, ამიტომ ნანამ არ დააყოვნა:
– ხომ მშვიდობაა თქვენკენ?
– სრული ქაოსია. დეა იღებს შეკვეთებს, შემდეგ კი არ იცის, რა ქნას. გუშინ კლიენტს სამ დღეში კარადა-კუპეს დამზადებას დაჰპირდა! მე ვეუბნები, რომ მასალების შეკვეთას დრო უნდა, კლიენტთან უნდა შევათანხმოთ – ამასაც დრო უნდა და სამ დღეში ვერაფრით მოვასწრებთ-მეთქი, ის კი ყვირის, რატომ არ გვაქვს მასალების საწყობიო.
ნანამ ამოიოხრა – აშკარა იყო, დეას წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორ მუშაობდა წარმოება.
– და ირაკლი რას ამბობს?
– არაფერს, რაღაც შეხვედრებზე დადის, წარმოება დეას გადააბარა, რომელიც აზრზე არ არის.
– გადმოხვალთ ჩემთან? – ნანამ გაბედა და ჰკითხა ასაკოვან ოსტატს.
– რა თქმა უნდა, გადმოვალ! – სამსონი უცებ გამოცოცხლდა. ნანა მიხაილოვნა, მე სწორედ ამაზე ვოცნებობდი!
ერთ თვეში კი მათ ლადო და ანრიც შეუერთდნენ – ირაკლის ყოფილი გუნდის ახალგაზრდა დურგლები, რომლებიც სამსახურში, თავის დროზე, რა თქმა უნდა, ნანამ მიიღო და საქმეც კარგად ასწავლა.
ისინი დარეკვის გარეშე მიადგნენ ნანას და ნანა მიხვდა, რომ ფორტუნა მის მხარეს იხრებოდა.
აგრძელება შემდეგ ნომერში
სიახლეები ამავე კატეგორიიდან