რომანი და დეტექტივი

გაქნილი ალფონსი

№1

ავტორი: ნია დვალი 20:00 17.01

ნინოს მოთხრობა
დაკოპირებულია

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #1 (1252)

– მარიკო, აბა, გამახსენე, როგორი გრაფიკით ისვენებთ ახალ წელს შენს სამსახურში? რაღაცას მეუბნებოდი წუხელ და ვერ დავიმახსოვრე, – ჰკითხა აჩიკომ ცოლს, დაურეკა თუ არა, ისე, რომ არც კი მოუკითხავს.

მარიკომ გადაწყვიტა, რომ რაღაც მნიშვნელოვანი ხდებოდა:

„ნუთუ, ახალ წელს სადმე წამიყვანს?“ – გაიფიქრა და სიამოვნებისგან გაეღიმა.

– 27 დეკემბრიდან, პარასკევია, სამ იანვარს გავალთ და რა ხდება? – შეეცადა, მშვიდად ეპასუხა, რომ თავი არ გაეცა, სინამდვილეში კი გულისფანცქალით ელოდა პასუხს.

– ესე იგი, 6 სრული დღე გამოდის? – დააზუსტა აჩიკომ.

მარიკომ თავი დაუქნია და ვერც კი გაიაზრა, რომ აჩიკო ვერ ხედავდა.

– ჰო, ასეა და რა ხდება? – ქალი ვერ ითმენდა, გაეგო, რა სიურპრიზი მოუმზადა ქმარმა საახალწლოდ.

– არაფერი. შენთვის დავალება მაქვს და, ჩვეულებისამებრ, ძალიან შემოქმედებითი და შენი კრეატიულობის იმედად ვარ.

„ესე იგი, მე უნდა შევარჩიო ადგილი?“ – გაიფიქრა მარიკომ და სიამოვნებისგან გაიბადრა.

– ჩემი და მარინა ჩამოდის ოჯახთან ერთად და ჩვენთან უნდა აღნიშნოს თავისი დაბადების დღე. ხომ იცი, რომ 29 დეკემბერსაა დაბადებული და გიჟდება შენ მიერ მომზადებულ საჭმელებზე. მაქსიმუმ, 15 კაცი იქნება სტუმარი. თან, ახალ წელსაც ჩვენთან შეხვდება. 29–დან 31–მდე კი ორი დღეა. რაღაცებს მიამატებ და ოჯახური დღესასწაულიც გამოგვივა. რას იტყვი?!

მარიკოს ღიმილი ტუჩებზე მიეყინა. მისი ქმარი კი განაგრძობდა:

– მოკლედ, მთელი პასუხისმგებლობა შენზეა. ახლა კი გავიქეცი, საქმე მაქვს. დღეს ცოტა დამაგვიანდება.

ქმარმა ტელეფონი გათიშა. მარიკო ერთხანს გაშეშებული იდგა. მერე მიტრიალდა თანამშრომლებისკენ. თუმცა, სინამდვილეში, ისინი მისი უახლოესი მეგობრები იყვნენ, ამიტომ უსიტყვოდ მიხვდნენ, რომ რაღაც მოხდა.

– რა უნდოდა? – პირველმა თიკომ გარისკა.

– ჩემი მული ჩამოდის ოჯახთან ერთად... მოკლედ, მე ვერ წამოვალ ბათუმში.

– რას ჰქვია, ვერ წამოხვალ?! – სამივემ ერთხმად წამოიძახა, – რამდენი ხანია, ამას ვგეგმავთ და შენ დაგვპირდი, რომ ნებისმიერ შემთხვევაში წამოხვიდოდი. სასტუმროც დაჯავშნილია და მინივენიც.

– მესმის და ძალიან მერიდება, მაგრამ ჩემი მულის დაბადების დღეა 29-ში, სტუმრები მოვლენ და დედამთილს უნდა მივეხმარო, – მარიკომ მეგობრებს დაუმალა, რომ არავის არ ეხმარებოდა, მას მარტო უნდა მოემზადებინა 15 ადამიანისთვის სუფრა.

– თან, მერე ახალი წელია. ახალ წელსაც ჩვენთან შეხვდებიან. უნდა მოვემზადო... ბევრი საქმე მექნება. – მარიკო მაინც მშვიდად ლაპარაკობდა, თითქოს შეეჩვია კიდეც, რომ საკუთარი არაფერი ჰქონდა, – თქვენ დასვენეთ, გალაღდით და ჩემ ნაცვლადაც... – ბოლო წინადადება მარიკომ ისე გულწრფელად თქვა, რომ მის სამივე მეგობარს გული მოეწურა.

– მარიკო, – ისევ თიკომ დაასწრო ყველას, – არჩილი შენი ქმარი არ არის. ჩემთვის რაღაც გაუგებარი სამოქალაქო ქორწინება გაქვთ. ეს იმას ნიშნავს, რომ არც მული გყავს და არც დედამთილი. მით უმეტეს, არც ვალდებულება გაქვს, რომ მას რამე მოუმზადო. თან, ჩვენ მივდივართ სამი დღით იმისთვის, რომ დავისვენოთ, გავლამაზდეთ და სიახლეები მოვიზიდოთ ჩვენს ცხოვრებაში.

თიკოსთვის ქორწინების აქტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მხოლოდ ისეთ ურთიერთობას აღიარებდა, რომელიც გარანტირებულად დაგვირგვინდებოდა ოჯახის შექმნით, წინააღმდეგ შემთხვევაში, საწყის ეტაპზევე წყვეტდა ნებისმიერ პერსპექტიულ ურთიერთობასაც კი, ამიტომ მარიკოს მუდმივად იმას უჩიჩინებდა, რომ არჩილისთვის მოეთხოვა, ცოლად მოეყვანა.

– რა არის საჩქარო?! – არ ეთანხმებოდა მარიკო მეგობრებს, – ერთად ვცხოვრობთ, ესე იგი, ქმარია, აბა, ვინაა?! თან, მის მშობლებთან ერთად ვცხოვრობთ და ისინიც რძლად მთვლიან. უბრალოდ, ვერ წამოვალ. ოჯახს ვჭირდები, – მტკიცედ წარმოთქვა.

– რძლად კი არა, მოსამსახურედ გთვლიან, – არ დაინდო თიკომ მეგობარი და ნათიამ მაშინვე მუჯლუგუნი გაჰკრა, თუმცა თიკო გაჩერებას არ აპირებდა:

– ჩვენ თუ არ ვუთხარით, ვინ ეტყვის? – არ შეეპუა თიკო დანარჩენებს. პირიქით, მრისხანედ გადახედა, – ფეხებს იწმენდენ შენზე და შენ ამის უფლებას აძლევ.

– სულ ბევრი საქმე გაქვს, სამაგიეროდ, შენი აჩიკო ხან ერთ რესტორანშია და ხან – მეორეში და ქალებს ეტორღიალება, – ჩაილაპარაკა თავისთვის კატომ და მარიკომაც თავი მოიკატუნა, ვითომ ვერ გაიგონა. არც უნდოდა ეფიქრა იმის შესახებ, ღალატობდა თუ არა აჩიკო.

***

მარიკო გათხოვილ ქალად თავის თავს უკვე წელიწად-ნახევარია, თვლიდა და დედამისმაც ასე იცოდა. მისთვის მარიკოს არ უთქვამს, რომ უბრალოდ, ისინი ერთად ცხოვრობდნენ, ყოველგვარი ოფიციალური დოკუმენტების გარეშე.

– როგორ? ქორწილი არ გექნებათ? – გაიკვირვა დედამისმა, როდესაც მარიკო მასთან თელავში ჩავიდა და ახალი ამბავი აცნობა.

ირინა, რაც ქმარი გარდაეცვალა, რაიონში დაბრუნდა, მამისეულ სახლში. ბინა კი გააქირავა, რომ თავი გაეტანა, იმიტომ რომ კარგი ქმარი ჰყავდა და არასდროს უმუშავია. თუმცა სპეციალობა ჰქონდა, მაგრამ სახლში ფუსფუსი უყვარდა, უფრო სწორად, ქმარმა დააძალა, თავი დაენებებინა სამსახურისთვის და ოჯახისთვის მიეხედა. თელავში კი საკმაოდ კარგი ეზო-კარი ჰქონდათ, სანამ გრიგოლი, მარიკოს მამა, ცოცხალი იყო უვლიდა და ამიტომ ირინამ ასე არჩია, თუმცა მარიკო დედამისს არ გაჰყვა და თბილისში დარჩა, მამიდასთან, რომელსაც მარიკოს გარდა არც არავინ ჰყავდა.

– არა, დედა, ქორწილისთვის ფულს არ დავხარჯავთ. ჯობია, ბინისთვის დავაგროვოთ, – უთხრა შვილმა დედას.

ირინას არც კი შეუთავაზებია შვილისთვის, რომ მათ ბინაში ეცხოვრათ, ვინაიდან დარწმუნებული იყო, რომ ოჯახი მამაკაცს უნდა ერჩინა და ბინითაც მამაკაცს უნდა უზუნველეყო.

მარიკოს ეს ცოტა ეწყინა, მაგრამ არ შეიმჩნია. რატომღაც, ელოდა, რომ დედამისი შესთავაზებდა მათ ბინაში ცხოვრებას, მაგრამ ირინას კრინტიც კი არ დაუძრავს. მით უმეტეს, რომ უქორწილობამ საკმაოდ გააღიზიანა. მარიკო ამას მიხვდა და ამიტომ ბარემ კიდევ ერთი ტყულიც უთხრა დედამისს:

– არ გეწყინოს, დედა. მამა ერთი წლის წინ გარდაიცვალა და ამიტომ ჩვენ ხელი უკვე მოვაწერეთ, უბრალოდ, სანამ შენ არ გითხარი, აჩიკოსთან საცხოვრებლად არ გადავსულვარ.

ირინას სახე შეეცვალა.

– ასეთი რამ როგორ დამიმალე?! ან მამიდაშენმა რატომ არ მითხრა?!

– არც მამიდამ იცის, პირველს შენ გითხარი, – მარიკომ უკვე იმდენი ტყუილი თქვა, რომ სათვალავიც აერია.

– და შენთან ერთად რატომ არ ჩამოვიდა? არ ეკადრებოდა? – ირინამ სიძის სახელი არც კი ახსენა, იმდენად გაცეცხლდა.

– მოერიდა. ძალიან კარგად აღზრდილი და მორიდებული ადამიანია. ძალიან მოგეწონება. დარწმუნებული ვარ, – გათამამდა მარიკო.

– მისი მშობლები რას იტყვიან, ასე ქუჩიდან რომ მიხვედი? რა წარმოდგენა ექნებათ შენზე?! – არ ცხრებოდა ირინა.

– ისინიც ძალიან ნორმალური ადამიანები არიან. ყველაფერი ავუხსენით. – დაამშვიდა შვილმა დედა.

ირინამ გამომცდელად შეხედა, მერე კი უთხრა:

– კარგი, ჩამოდით, გავიცნობ მაინც...

მარიკომ, როგორც იქნა, დაიყოლია აჩიკო და ერთ შაბათ დღესაც თელავში ერთად ჩავიდნენ. ირინას სიძე არც მოეწონა და არც არ მოეწონა, მაგრამ ცდილობდა, არ შეემჩნია. საღამოს აჩიკომ ქალბატონებს მოუბოდიშა და თბილისში დაბრუნდა. მარიკომ მორიგი ტყუილი მოიგონა, გადაუდებელი საქმე გამოუჩნდაო და დედამისი დაამშვიდა.

***

მარიკოს თავის მეგობრებთან თავი კარგად ეჭირა და ერიდებოდა, ეთქვა, რომ ბოლო დროს აჩიკოს სახლში თავს ზემეტადაც გრძნობდა და დამცირებულადაც და არამც და არამც – რძლად. აჩიკოც არ ამჟღავნებდა არანაირი სურვილს, რომ მარიკოსთან ურთიერთობისთვის ოფიციალური სახე მიეცა. იმეორებდა თავდაპირველ ვერსიას, რომ შტამპი არაფერს ნიშნავდა, თუმცა, როდესაც გაიგო, რომ მისი დეიდაშვილი აპირებდა, რომ თავის შეყვარებულთან ერთად ეცხოვრა ნაქირავებ ბინაში, იმდენად გაბრაზდა, რომ მის საცემრადაც კი გაიწია. საბოლოოდ, მისი დეიდაშვილი და მისი შეყვარებული დაქორწინდნენ. მარიკოც იყო ქორწილში და ნატვრით შესცქეროდა ბედნიერ წყვილს. თუმცა მარიკომ ვერც ამის შემდეგ დაიყოლია აჩიკო ცალკე ცხოვრებაზე. ეს მას კატეგორიულად არ უნდოდა.

– ტყუილად ფული უნდა გადავყაროთ. ვერ ხედავ, რამხელა სახლია?! თან, აქედან ჩემს სამსახურამდე ათი წუთი მჭირდება. მშობლები წინააღმდეგები არ არიან, პირიქით. საჭმელზეც გვეზოგება და კომუნალურებზეც, ისინი იხდიან, – ამბობდა აჩიკო და მარიკო თავს არ უტყდებოდა, რომ მსგავსის მოსმენა არ სიამოვნებდა. ვერ ხსნიდა, ზრდასრული მამაკაცი როგორ შეიძლებოდა, კმაყოფილი ყოფილიყო იმით, რომ მას მშობლები არჩენდნენ?! მაგრამ არაფერს ამბობდა, მხოლოდ ოხრავდა.

– კარგი, მაგრამ ფული მაინც დავაგროვოთ, რომ ბინა ვიყიდოთ, რამდენიმე წელიწადში მაინც. მთელი ცხოვრება მშობლების კისერზე ხომ ვერ იქნები?! ჩვენც ხომ ოჯახი გვაქვს?! – მარიკო ცდილობდა ქმრის დარწმუნებას, რომ იქნებ რამე შეეცვალა თავის ცხოვრებაში, მაგრამ აჩიკომ ნათლად აგრძნობინა: ან ისე იქნებოდა, როგორც მას უნდოდა, ან მარიკოს შეეძლო, წასულიყო იქ, საიდანაც მოვიდა.

მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ნორმალურ გარემოში გაიზარდა, მარიკოს რაღაცნაირად თავისი თავის იმედი არ ჰქონდა, რადგან ეგონა, რომ ცოლი სახლში უნდა მჯდარიყო, როგორც დედამისი და ქმრის სურვილები შეესრულებინა. ისიც აკომპლექსებდა, რომ აჩიკო მამამისს არ ჰგავდა – აჩიკო ხომ მას მუშაობის უფლებას აძლევდა და სახლში არ ჰყავდა გამოკეტილი?! რაც მთავარია, აჩიკოს თავისთვის საკმაოდ მომგებიან პარტიად მიიჩნევდა და ამიტომ ბევრი არც უფიქრია, როდესაც მან ერთად ცხოვრება შესთავაზა.

მარიკოს არც იმის შესახებ უფიქრია, როგორ შეეგუებოდა აჩიკოს დედ–მამას. მაგრამ, როდესაც ისინი გაიცნო, მათი საკმაოდ ცივი დახვედრით, მიხვდა, რომ აჩიკოს მშობლებს მარიკო არ მოეწონათ, მაგრამ შვილისთვის არაფერი უთქვამთ.

როგორც კი მარიკო დაიმარტოხელა, დედამთილმა პირდაპირ და ხისტად აუხსნა მას მოვალეობები, რომლებიც უნდა შეესრულებინა.

– არ იფიქრო, რომ მზამზარეულზე იცხოვრებ. ამ სახლს აქვს თავისი ტრადიცია და წესები და ყველანი ჩვენს მოვალეობებს ვასრულებთ. პარაზიტები არ გვიყვარს და არც აჩიკოსნაირი ბიჭის მოძებნაა დღეს ადვილი. ძალიან გაგიმართლა, თუმცა... – დედამთილმა მარიკო უკმაყოფილოდ აათვალიერ–ჩაათვალიერა, მაგრამ მზერა მოსხიპა და მონოლოგი გააგრძელა:

– ჩვენს ოჯახში საერთო ბიუჯეტია და ყველანი ვდებთ ფულს. ეს შენც გეხება. ამით ვფარავთ კომუნალურ ხარჯებს, ვყიდულობთ პროდუქტებს, ოჯახს უამრავი რამ სჭირდება. ამას გარდა, შენ მოგიწევს დაალაგო სახლი და გარეცხო სარეცხი. ვახშამიც შენზეა. სამსახურიდან დაღლილი ვბრუნდები და არაფრის თავი არ მაქვს ხოლმე. მარიკო თავს უქნევდა დედამთილს, თუმცა მალევე მიხვდა, რომ, მაგალითდ, აჩიკო ოჯახის ბიუჯეტში ფულს არასდროს დებდა და არც საშინაო საქმეების ვალდებულება ჰქონდა.

– მაგრამ ის მათი შვილია, – დაიმშვიდა თავი, მერე კი გონებაში გადაითვალა ის თანხა, რაც დედამთილმა მისგან მოითხოვა:

– არც ისე ბევრია, იმის ნახევარია, რაც კარგი ბინის დასაქირავებლად დაგვჭირდებოდა, – უთხრა მარიკომ თავის თავს, თუმცა ის აღარ გახსენებია, თუ რატომ უნდა დაექირავებინა ბინა მას და არა აჩიკოს.

– წარმოგიდგენიათ, გოგონებო, ფულსაც კი დავზოგავ. შევაგროვებ. ძალიან მაგარია. სახლის საქმეს კი ისედაც მე ვაკეთებდი მამიდაჩემთან. ახლა ჩემზე მხოლოდ ვახშმის მომზადება, სახლის დალაგება და გარეცხვაა. ისიც, მე ხომ არ ვრეცხავ?! მანქანა რეცხავს, დანარჩენს დედამთილი აკეთებს, – ახარა მარიკომ თავის მეგობრებს, რომლებიც პირველ ხანებში ხმას არ იღებდნენ და ყველაფერზე ეთანხმებოდნენ.

***

მაგრამ დრო გადიოდა და მარიკოს მოვალეობების ჩამონათვალი იზრდებოდა: ახალ-ახალი პუნქტები ემატებოდა. ამას დაემატა აჩიკოს დის რეაქციაც, როდესაც უცხოეთიდან ჩამობრძანდა, სადაც თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. მარინამ მარიკო რომ დაინახა, წარბები მაღლა ასწია, დოინჯი შემოირტყა და ცხვირი აიბზუა. აჩიკო გვერდით გაიხმო და საკმაოდ ხმამაღლა უთხრა:

– ამაზე უკეთესი ვერაფერი ნახე?! მოგაკლდა ჩემი ხელი. ფასდაკლება იყო თუ უფასოდ არიგებდნენ?! რა სირცხვილია. ეს ვის უნდა აჩვენო?! შეხედე შენს თავს: ნამდვილი მზეჭაბუკი ხარ. ერთად საშინელი სანახავები ხართ. ნეტავ, ეს არ დამენახა!

მარიკომ ვითომ ვერაფერი გაიგონა, სახეც კი არ შეცვლია და მული სუფრასთან მიიპატიჟა. აჩიკოს და ცხვირაბზუებულივე დაჯდა მაგიდასთან, მაგრამ კერძები რომ გასინჯა, მოწონება ვერ დამალა:

– კულინარი მშვენიერია, ცოლობაზე რა მოგახსენო, – მაინც დაიგესლა და ჭამა განაგრძო.

მარიკო ცდილობდა, არ სწყენოდა, რაც მის თავს ხდებოდა, მაგრამ ვერაფრით ახერხებდა რამის შეცვლას. მეგობრებსაც აღარაფერს უყვებოდა თავისი ოჯახური ცხოვრების შესახებ, იმიტომ რომ ერიდებოდა. არც ჰქონდა აზრი, ვინაიდან მეგობრები დაჟინებით ურჩევდნენ, მიეტოვებინა აჩიკო და უფრო ნორმალური ადამიანი ეპოვა ან, ბოლოს და ბოლოს, მარტო ყოფილიყო.

– მაგნაირ კაცთან ყოფნას, ჯობია, კაცი საერთოდ არ გყავდეს, – თიკო იყო ყველაზე ხისტი და დაუნდობელი.

– შორიდან ასე ჩანს, მაგრამ სინამდვილეში, აჩიკო კარგი ადამიანია, – ამართლებდა მარიკო ქმარს, რომელიც ქმარი არც იყო.

დასასრული შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ნია-რომანი
მხსნელი დიაგნოზი

20:00 20.12, 2024 წელი

რომანი-ლაშაური
აისბერგი

20:00 14.12, 2024 წელი

რომანი ნია
პატიების ძალა

20:00 13.12, 2024 წელი

რომანი
ორმაგი აფერა

20:00 07.12, 2024 წელი

ეჭვის ფასი
ეჭვის ფასი

20:00 06.12, 2024 წელი

ახალი ნომერი - №3

20-26 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა