რომანი და დეტექტივი

ეშმაკის ფეხი

№35

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 12.09

დეტექტივი
დაკოპირებულია
  • არტურ კონან დოილი

(იბეჭდება შემოკლებით)

ჩვენს პატარა სასტუმრო ოთახში ორი კაცი შემოიჭრა.

– მისტერ ჰოლმს, – თქვა აღელვებულმა მღვდელმა, – წუხელ საშინელი ტრაგედია დატრიალდა, პირდაპირ გაუგონარი ამბავია! ალბათ, თვითონ განგებამ მოგიყვანათ ასე დროულად ჩვენს მხარეში. ჩვენ ხომ ვიცით, ინგლისში თუ ვინმეს შეუძლია ჩვენი დახმარება, მხოლოდ თქვენ!

ჰოლმსმა პირიდან ჩიბუხი გამოიღო და, როგორც გამოცდილმა მეძებარმა ძაღლმა იცის მონადირის ძახილზე, ყურები ცქვიტა.

– გუშინ საღამოს ჩვენი მეგობარი სტუმრად იყო თავის ძმებთან, ოუენთან და ჯორჯთან, იქვე იყო მათი და – ბრენდა. მათი სახლი ტრიდენიკ უორთში, ტორფის ჭაობებში, ძველი ქვის ჯვრის მახლობლად მდებარეობს. სანამ სასადილოში ბანქოს თამაშობდნენ, ყველანი მხიარულობდნენ. თერთმეტი საათი რომ დაიწყო, მისტერ ტრიჯენისმა მოთამაშეები დატოვა და უკან დაბრუნდა. დღეს დილით, ჯერ კიდევ საუზმობამდე, ჩვენი მეგობარი სასეირნოდ გაეშურა. გზაზე ექიმ რიჩარდსის ეტლი წამოეწია. აღმოჩნდა, რომ ექიმი ტრიდენიკ უორთში გამოეძახათ. რა თქმა უნდა, მისტერ მორტიმერ ტრიჯენისიც მასთან ერთად გაემგზავრა. ადგილზე მისულები გაუგონარი ამბის მოწმენი გახდნენ. და-ძმები მაგიდას ისევ ისე უსხდნენ, როგორც მორტიმერმა წინა ღამეს დატოვა. წინ ისევ ის ბანქო ჰქონდათ გაშლილი, სანთლები კი ბოლომდე ჩამწვარიყო. ბრენდა სავარძელში ესვენა, აქეთ-იქით ძმები ისხდნენ: ყვიროდნენ, მღეროდნენ, ხარხარებდნენ... ერთი სიტყვით, გიჟებივით იქცეოდნენ. სამივეს – გარდაცვლილ დასა და ორ შეშლილ ძმას, სახეებზე გამოუთქმელი შიში შეჰყინვოდათ. წაღებული არაფერია, ყველა ნივთი თავის ადგილზე დევს და ამიტომ სრულიად გაუგებარია, ისე რამ დააშინა საბრალო ადამიანები, რომ ქალმა სული განუტევა, ხოლო ძმები ჭკუიდან შეიშალნენ.

ჰოლმსი დუმდა. იგი მთლიანად შთაენთქა ამ არაჩვეულებრივ დრამას.

– ამ საქმის კვლევას დაუყოვნებლივ შევუდგები, – თქვა ბოლოს, – მისტერ მორტიმერ ტრიჯენის, მინდა რამდენიმე კითხვა დაგისვათ.

– ყველაფერი მკითხეთ, რასაც საჭიროდ ჩათვლით, მისტერ ჰოლმს, – თითქოს ხალისით წარმოთქვა ტრიჯენისმა, – ჩემთვის ძნელია ამაზე ლაპარაკი, მაგრამ არაფერს დაგიმალავთ.

– მომიყევით გუშინდელი საღამოს შესახებ. წამოსვლისას ვინ გამოგაცილათ, კარი ვინ დახურა?

– მოსამსახურე უკვე დაწოლილი იყო, არავის გამოვუცილებივარ, თვითონ გამოვიხურე კარი. იმ ოთახის ფანჯარა, რომელშიც ისინი დავტოვე, დახურული იყო. ცხადია, დახურულ კარსა და სარკმელში უცხო ვერ შეიპარებოდა, მაგრამ მაინც მგონია, რომ ჩემი ძმები, რაღაცის შიშმა გააგიჟა, შიშმა მოკლა ბრენდაც. რომ გენახათ, როგორ ეგდო სავარძლის სახელურიდან გადმოკიდებული. რა დამავიწყებს იმ ოთახს!

– როცა წამოხვედით, თქვენი ნათესავები ჩვეულებრივ გუნებაზე იყვნენ?

– დიახ, ძალიან კარგ გუნებაზე.

– მისტერ ტრიჯენის, როგორც მივხვდი, რაღაც უთანხმოება გქონდათ ნათესავებთან, თქვენ ხომ ცალკე ცხოვრობთ, არა?

– დიახ, ასეც გახლდათ, მისტერ ჰოლმს, თუმცა ეს წარსულის საქმეა. ჩვენს წინაპრებს რედრუტში კალის საბადოები ჰქონდათ, მაგრამ შემდეგ კომპანიას მივყიდეთ. საშუალება მოგვეცა, სიღარიბისთვის თავი დაგვეღწია და იქაურობას გავეცალეთ. არ დავმალავ, რომ წილის გაყოფისას უთანხმოება მოგვივიდა და ერთხანს ვემდუროდით კიდეც ერთმანეთს. მაგრამ რაც იყო, იყო, უკმაყოფილება წარსულს ჩაჰბარდა და ჩვენ ისევ საუკეთესო მეგობრებად დავრჩით. აი, რა მომაგონდა, როცა ბანქოს ვთამაშობდით, ზურგით ფანჯრისკენ ვიჯექი. ხოლო ჩემი ძმა, ჯორჯი, ბანქოში ჩემი პარტნიორი, ფანჯარაში იცქირებოდა. უცებ შევნიშნე, რომ ჩემ უკან, დაძაბულად უმზერდა რაღაცას. მეც შემოვბრუნდი და გავიხედე. ფანჯარა დახურული იყო, მაგრამ ფარდები არ გვქონდა ჩამოშვებული და მინდორზე ბუჩქები კარგად ჩანდა. მომეჩვენა, თითქოს იმ ბუჩქებში რაღაც მოძრაობდა. ვერ გავარკვიე, კაცი იყო თუ ცხოველი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ იქ ვიღაც იყო. როცა ძმას ვკითხე, საით იყურები ასე დაჟინებით-მეთქი, მიპასუხა, რაღაც მომეჩვენაო. აი, სულ ეს იყო. იმწუთასვე დამავიწყდა.

– ძალიან საყურადღებო ამბავია, ძალიან საყურადღებო! – წარმოთქვა ჰოლმსმა, ადგა და ქუდი აიღო, – ვფიქრობ, დრო რომ არ დავკარგოთ, პირდაპირ ტრიდენიკ უორთში გავეშუროთ. უნდა ვაღიარო, იშვიათად შემხვედრია საქმე, რომელიც თავიდანვე ესოდენ უჩვეულოდ მომჩვენებია.

***

ჰოლმსმა დიდი ინტერესით დაათვალიერა ბრენდა ტრიჯენისის გვამი. მართალია, შუახანს გადაცილებული იყო, მაგრამ ახლაც იტყოდით, ახალგაზრდობაში მზეთუნახავი ყოფილაო. სიკვდილის შემდეგაც კი მისი სახის მშვენიერ, ნატიფ ნაკვთებზე შიშის დაღი ირეკლებოდა – ეს იყო მისი უკანასკნელი განცდა სიკვდილის წინ.

ფანჯარა, საიდანაც, მორტიმერ ტრიჯენისის მტკიცებით, სახლში ავი სული შეიჭრა, პატრონები დააინვალიდა და ერთი მოკლა კიდეც, სასტუმრო ოთახიდან ბაღში გადიოდა. ჰოლმსმა ნელა, დაფიქრებულმა დაათვალიერა ყვავილნარი და ბაღის ბილიკები მოიარა. მახსოვს, ისე იყო ფიქრებში გართული, რომ სარწყავ ვედროს წამოედო, რომელიც წაიქცა და დაღვრილმა წყალმა ფეხები დაგვისველა.

ჰოლმსი დაძაბულ დუმილს მიეცა. ღრმა სავარძელში იჯდა, თამბაქოს ბოლის ბოლქვებით გარემოცული. შავი წარბები დაბლა დაეშვა, შუბლს ისე ჭმუხნიდა, რომ ნაოჭები გაუჩნდა, ბევრი ფიქრის შემდეგ ჩიბუხი გადააგდო და ზეზე წამოიჭრა.

– ახლა კი დამშვიდებით განვსაჯოთ შექმნილი მდგომარეობის ავ-კარგი, უოტსონ. შევთანხმდეთ, რომ ეშმაკის მანქანები აქ არაფერ შუაშია. ეს აზრი თავიდან უნდა ამოვიგდოთ. ჩვენ თვალწინაა სამი მსხვერპლი, განზრახ თუ შემთხვევითი დანაშაულისა, რომელიც ადამიანმა ჩაიდინა. თუ მორტიმერ ტრიჯენისს დავუჯერებთ, ყველაფერი მისი წასვლიდან რამდენიმე წუთის შემდეგ დაიწყო და დასრულდა. ბანქო ჯერაც მაგიდაზეა მიმობნეული. ეს მოხდა დაუყოვნებლივ, სტუმრის წასვლის შემდეგ და არა უგვიანეს საღამოს თერთმეტი საათისა.

რამდენად არის შესაძლებელი, რომ ეს მორტიმერ ტრიჯენისს ჩაედინა ოთახიდან გასვლის შემდეგ? თქვენ იცნობთ ჩემს მეთოდებს და სარწყავზე დაუდევრობით ფეხის წამოკვრაც იმისთვის დამჭირდა, რომ მისი ფეხის მკაფიო ანაბეჭდს დავკვირვებოდი. სველ ქვიშაზე ჩინებული ანაბეჭდი დაუტოვებია. გუშინ საღამოსაც, როგორც გახსოვთ, ნიადაგი სველი იყო და მე იოლად მივყევი ნაკვალევს. ყველაფრიდან ჩანს, რომ ის კაცი მღვდლის სახლისკენ მიისწრაფვოდა. რაკი მორტიმერ ტრიჯენისი სცენიდან ქრება, მაშასადამე, ბანქოს მოთამაშეებს ვიღაც სხვა გამოეცხადა. ვინ იყო ის კაცი და რით გამოიწვია ასეთი ელდა?

შეიძლება თუ არა იმის მტკიცება, რომ ვიღაცა ბაღიდან გადმოვიდა, ფანჯარას მიადგა და თავისი გამოჩენით ასეთი უბედურება დაატრიალა? ამის თაობაზე ერთადერთი ჩვენება გვაქვს და ისიც კვლავ მორტიმერ ტრიჯენისს ეკუთვნის. მან შეამჩნია, რომ მისმა ძმამ ბუჩქებში ვიღაც დალანდა. ეს უცნაურია, რადგან ბნელი საღამო იყო, წვიმდა, და თუ ვინმე მართლა აპირებდა ტრიჯენისების დაშინებას, იმ ადამიანს ფანჯრის მინაზე ცხვირი და პირი ზედ უნდა მიეჭყლიტა, ფანჯრის ქვეშ კი, დიდ ყვავილნარში ფეხის არავითარი ნაკვალევი არ ჩანს. ხვდებით, რა სიძნელეებია ჩვენ წინ, უოტსონ?

შინ დაბრუნებულებს სტუმარი გველოდა. ჩვენ მას კარგად ვიცნობდით. ახმახი აღნაგობა, ტლანქი ნაოჭებით დაღარული სახე, ცეცხლოვანი თვალები, არწივისებური კეხიანი ცხვირი, შეჭაღარავებული თავი, თითქმის ჭერს რომ სწვდებოდა – ეს გახლდათ ექიმი ლეონ სტერნდეილი, სახელგანთქმული მკვლევარი და ლომებზე მონადირე.

იგი სადღაც ჩვენს მახლობლად ცხოვრობდა და არაერთხელ დაგვინახავს კიდეც ტორფის ჭაობებში.

– პოლიცია ჩიხში მოექცა, – თქვა მან, – მაგრამ იქნებ თქვენმა მდიდარმა გამოცდილებამ მოგვცეს მისაღები ახსნა-განმარტება? ტრიჯენისების ოჯახს ახლოს ვიცნობ, დედის მხრიდან ნათესავებად მერგებიან. აფრიკაში მივემგზავრებოდი, უკვე პლიმუტში ვიყავი, როცა ეს შემზარავი ამბავი გავიგე და მაშინვე აქეთ გამოვეშურე, რათა ძიებაში დაგეხმაროთ.

ჰოლმსმა წარბები აზიდა.

– ღმერთო ჩემო, აი, მეგობრობაც ასეთი უნდა!

– აკი მოგახსენეთ, ნათესავები ვართ-მეთქი.

– ბარგი უკვე გემბანზე გქონდათ?

– ნაწილი. მეტი წილი ჯერ კიდევ სასტუმროში მაქვს.

– მესმის. მაგრამ თქვენი ნათესავების დაღუპვის ცნობა დღეს დილითვე ხომ ვერ მოხვდებოდა პლიმუტის გაზეთებში?

– არა, სერ. დეპეშა მივიღე.

– ნება მომეცით, გკითხოთ, ვისგან მიიღეთ დეპეშა?

მკვლევარს გამხდარი სახე მოექუფრა.

– რატომ უნდა დაგიმალოთ სიმართლე, – თქვა მან, – დეპეშა მღვდელმა – მისტერ რაუნდჰეიმ, გამომიგზავნა. ხომ ვერ მეტყვით, ეჭვი თუ გაქვთ ვინმეზე?

– ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ.

– მაშინ ტყუილად მოვსულვარ, მეტს აღარ შეგაწუხებთ.

სახელგანთქმული ექიმი ფართო ნაბიჯებით გავიდა ოთახიდან. იგი საგრძნობლად შეწუხებული ჩანდა.

– რას იტყვით, უოტსონ?

– როგორც ჩანს, ეს საქმე გულთან ახლოს მიუტანია.

– ძალიან. აი, ეს არის ის ძაფი, რომელსაც ჯერ ვერ ჩავავლეთ ხელი. არადა, სწორედ, მას შეუძლია ლაბირინთიდან ჩვენი გამოყვანა. გამხნევდით, უოტსონ, დარწმუნებული ვარ, რომ ჯერ ყველაფერი არ ვიცით. როცა მეტს გავიგებთ, ყველა სიძნელე უკან დაგვრჩება.

ვერაფრით ვივარაუდებდი, რომ ჰოლმსის სიტყვები ასე მალე ახდებოდა, ვერც იმას წარმოვიდგენდი, რა უცნაური და საზარელი აღმოჩნდებოდა ჩვენი მიგნება, რომელმაც ძიება სულ სხვა, ახალი გზით წარმართა. დილით, წვერს ვიპარსავდი, ცხენის ფლოქვების ხმა რომ შემომესმა. ფანჯარაში გავიხედე და ორთვალა ეტლი დავინახე. ეტლი დიდი სისწრაფით მოქროდა და ჩვენს ჭიშკართან გაჩერდა. ორთვალადან მღვდელი გადმოხტა და, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, ბაღის ბილიკზე გამოიქცა. ჰოლმსი უკვე მზად იყო და ჩვენ საჩქაროდ შევეგებეთ.

– ჩვენ ეშმაკის ხელში ვართ, მისტერ ჰოლმს! ჩემი უბედური მრევლი ეშმაკის ხელში მოხვდა! – გაიძახოდა და თან სული ეხუთებოდა, – მისტერ მორტიმერ ტრიჯენისიც ისევე მოკვდა წუხელ, როგორც მისი და-ძმანი დაიხოცნენ.

ენერგიით აღსავსე ჰოლმსი მის ნათქვამზე შეხტა.

– ჩქარა, ჩქარა, ვიდრე იქ ყველაფერი ხელუხლებელია!

(დასასრული შემდეგ ნომერში)

თარგმნა

ნინო წულუკიძემ

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

13 -19 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

ნუგზარ კვაშალი

რატომ ვერ გაიხსნა 49 წლის განმავლობაში ნუგზარ კვაშ...