რომანი და დეტექტივი

ერთჯერადი აქცია

№3

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 27.01

ლაშაური
დაკოპირებულია

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #2 (1202)

შალიკაშვილთან ყველა კითხვა რომ ამოვწურე, გამოვემშვიდობე და წამოვედი. იმ მწირი ინფორმაციებიდან, რაც მისგან შევაგროვე, საერთო დანაშაულების სურათის წარმოდგენას ვცდილობდი და იმ დასკვნამდე მივედი, რომ ბანდიტებს პოლიციაში ჰყავდათ კაცი, რომელიც მათ ინფორმაციებს აწვდიდა. ძიების დაწვრილებითი დეტალები რომ გამოვტოვო, იმ დასკვნამდე მივედი, რომ ჩემს დასა და სიძეზე „ნაკოლი“ მკვლელებს ბანკიდან მისცეს. სწორედ იმ დღეს გამოიტანა ჩემმა დამ 10 ათასი დოლარი. მაგრამ სახლში არ წაუღია და თავის მაზლს, მიხოს მიაბარა შესანახად. ეს მე მიხოსგან ვიცოდი. რაიონის ბანკში დავიწყე „ნაკოლშჩიკის“ ძებნა და გავიგე, რომ ვინც ჩემს დაზე ფული გასცა, 39 წლის გურანდა გრიგალაშვილი იყო. გურანდა ციხიდან გაქცეული და ძებნაში მყოფი რეციდივისტ „ხაზოს“, იგივე კაკო ხაზიაშვილის ძველი საყვარელი იყო და ეს ორი რამ ერთმანეთთან დავაკავშირე. ამიტომ ერთი ფანდი მოვიფიქრე: ჩემს დისშვილებს იტალიიდან 5 ათასი დოლარი გადმოვარიცხინე მიხოს სახელზე, მაგრამ ფულის აღებას არ ვჩქარობდით. 3 დღე ვაცადეთ. შემდეგ კი მიხომ ფული აიღო და სახლში წავიდა. საღამოსკენ მე და მიხო ჩავსაფრდით. ორ-ორი იარაღი გვქონდა მომარჯვებული და თავდასხმას ველოდებოდით. მართლაც, შუაღამეზე სამი ადამიანი გამოჩნდა. ისინი ფეხაკრეფით შემოიპარნენ ეზოში და სახლისკენ წამოვიდნენ. მიხო ფარდულში იყო ჩასაფრებული, მე კი – სახლში. წინასწარი მოლაპარაკებით, ბოროტმოქმედები ალყაში უნდა მოგვექცია და თუკი ვინმე უკან წამოვიდოდა, ესე იგი, გამოიქცეოდა, მიხოს მისთვის ცეცხლი უნდა გაეხსნა. ძირითადი სამუშაო კი მე უნდა შემესრულებინა, ანუ, სახლში შემოსვლისთანავე სამივე ბოროტოქმედისთვის ცეცხლი უნდა გამეხსნა და ადგილზე დამეხოცა. როდესაც ბოროტმოქმედები კიბეებზე ამოდიოდნენ, ერთ-ერთი მათგანი მოულოდნელად სწრაფი ნაბიჯებით უკან გაბრუნდა. მიხოს ეგონა, ყაჩაღი უკან გამოიქცაო და თოფიდან დუპლეტი ესროლა. დანარჩენი ორი უკან გაბრუნდა. თავისი დაჭრილი „პაძელნიკი“ თავში ორი გასროლით ეზოშივე მოკლეს და გაიქცნენ. როგორც ვვარაუდობდი, მოკლული „ხაზო“ აღმოჩნდა. ის ფეხებში იყო დაჭრილი. სიარული არ შეეძლო და ის კვალის დაფარვის მიზნით მოკლეს და მიიმალნენ. დანარჩენი უკვე ტექნიკის საქმე იყო და მეორე დღეს გურანდას დავადექი თავზე, ისე, რომ არავის შეემჩნია. ყველაფერში გამოვტეხე. მოკლული რეციდივისტის საყვარელმა მითხრა:

– სამკაციანი ბანდაა – „ხაზო“, „ჭანჭიკა“ და უშანგი ბაკერაშვილი – „ჭანჭიკას“ მძღოლი. „ხაზოს“ „ჭანჭიკა“ მალავდა დედამისთან, შუშანასთან და საქმეებზე ერთად დადიოდნენ. ძველი და ახალი საქმეები მათი გაკეთებულიაო.

ტვინში სისხლმა ამასხა. ამ სიტყვების შემდეგ. ოპერატიული მოქმედება იყო საჭირო. ამიტომ, გურანდას სახლიდან „ჭანჭიკას“ მოსახელთებლად უნდა წავსულიყავი, მაგრამ მოულოდნელად უშანგი ბაკერაშვილი გამოჩნდა. გურანდასთან მოდიოდა და რა თქმა უნდა, მის მოსაკლავად, რომ კვალი დაეფარა. ქალიც მიხვდა თუ რაში იყო საქმე და აკანკალდა.

– თუ გინდა, იცოცხლო, გაჩუმდი, – ვუთხარი ქალს და იარაღი მოვიმარჯვე. გურანდა კი თავის საძინებლის კარადაში დაიმალა.

ბაკერაშვილი ფეხაკრეფით შემოვიდა ოთახში და საძინებლისკენ გაემართა, მე ის უკნიდან შევაყენე. იარაღი ავართვი და კეფაზე პისტოლეტმიდებულს ვუთხარი:

– თუ გინდა, იცოცხლო, სიმართლე თქვი, აქ რატომ მოხვედი?

– გურანდას მოსაკლავად, – მიპასუხა ბაკერაშვილმა.

– ვინ გამოგგზავნა?

– „ჭანჭიკამ“.

– ჩემი და და სიძე ვინ მოკლა?

– „ჭანჭიკამ“.

– შენ რას აკეთებდი, როგორ მოხდა მკვლელობა?

– მე და „ხაზო“ შენს დასა და სიძეს ვაუთოებდით და რომ ვერაფერი ვათქმევინეთ, „ჭანჭიკამ“ ორივეს თითო ტყვია დაახალა კეფაში და დახოცა.

– „ხაზო“ ვინ მოკლა?

– „ჭანჭიკამ“.

ჩემი ვარაუდები დადასტურდა. სასხლეტს ხელი გამოვკარი, ბაკერაშვილს ტვინი გავასხმევინე და „ჭანჭიკას“ მოსახელთებლად გავემართე. დეტალები არაა საჭირო. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ ის ნაძირალა მისსავე კაბინეტში მოვიხელთე და საშინელი წამებით ამოვხადე სული. ოთახში შემოსვლას ვერავინ ბედავდა და როდესაც „ჭანჭიკა“ ჩაძაღლდა, პოლიციის ეზოში თბილისიდან გამოძახებული სპეცრაზმი გამოჩნდა. ისინი ვერტმფრენით გადმოსხეს და დანებებისკენ მომიწოდეს. მე გაქცევას არც კი ვაპირებდი. ეს შეუძლებელი იყო და ხელებაწეული გავედი ოთახიდან.

მთავრობა ყველანაირად ცდილობდა, რომ ეს ამბავი არ გაეხმაურებინა. სასამართლოზეც მხოლოდ თავისიანები დაასწრეს და ის ფაქტობრივად, დახურულად წარიმართა. ციხეში რომ გადამიყვანეს, მაშინ ჯერ კიდევ ძველი „გუბერნსკი“ შენობა იდგა. ერთადგილიან, სიკვდილმისჯილთა საკანში გამომამწყვდიეს. დღეში ორჯერ მკვებავდნენ და ძალიან ცუდად. არავის მაკარებდნენ და ასეთ ყოფაში 4 თვე გავატარე. ერთ დღეს ბადრაგმა საკნიდან გამომიყვანა და ციხის უფროსის კაბინეტში ამიყვანეს. ხელბორკილებით სპეციალურ ფოლადის ძელზე მიმაბეს და მარტო დამტოვეს. ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა. ათიოდე წუთის შემდეგ ოთახში ოცდათიოდე წლის ახალგაზრდა, პუტკუნა კაცი შემოვიდა, ჩემ წინ დაჯდა, სიგარეტი გააბოლა და ერთხანს უხმოდ მიყურა. მოწევა რომ დაასრულა, მითხრა:

– შენთან ერთი წინადადებით მოვედი და თუ თანახმა იქნები, ხომ კარგი თუ არა და იმ ჯურღმულში ამოგხდება სული, სადაც ამჟამად იმყოფები.

– ვისთან ვსაუბრობ? – ვკითხე ახალგაზრდას და პუტკუნას.

– ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩათვალე, რომ ჩემი პირით ქვეყნის მმართველობა გელაპარაკება, – მითხრა პუტკუნამ.

– რა გნებავთ?

– სახელმწიფოს წინაშე უმძიმესი დანაშაული გაქვს ჩადენილი. ორი პოლიციელი მოკალი. ერთ-ერთი მათგანი, პოლკოვნიკი კი – განსაკუთრებული სისასტიკით.

– პოლიციელები თუ პაგონიანი მაქციები?

– შენს საქმეში ასე წერია და მაქციები იქ არაა ნახსენები. ნუ მაწყვეტინებ და ყურადღებით მომისმინე. ჩვენ გვინდა, შანსი მოგცეთ, რომ შენი დანაშაული გამოისყიდო.

– რა შანსი? რა უნდა გავაკეთო?

– სახელმწიფოს მტრის, ქვეყნის მოღალატის ლიკვიდაცია უნდა განახორციელო. სამაგიეროდ ციხიდან გამოხვალ. ახალ პასპორტს მიიღებ და მილიონი დოლარით საზღვარგარეთ იცხოვრებ.

– ვინ უნდა მოვკლა?

– ამას მოგვიანებით შეიტყობ. შენ ჯერ ის მითხარი, თანახმა ხარ თუ არა ჩენს წინადადებაზე?

– მაინცდამაინც ჩემზე რატომ შეაჩერეთ არჩევანი?

– იმიტომ, რომ პროფესიონალი ხარ. ასეთ საქმეებში დიდი გამოცდილება გაქვს მიღებული. თანაც, ადამიანური ფაქტორიც გავითვალისწინეთ. მართალია, ეს საქმეში არ ფიგურირებს, მაგრამ შენი საქციელი გასაგებია. გამზრდელი დის გამო იძიე შური. თანაც, როგორც შენ თქვი, „პაგონიანი“ მაქცია გაანადგურე. ასეთი ხალხი ჩვენს ახალ სახელმწიფოს არ სჭირდება. ერთი სიტყვით, სწორად მოიქეცი და თუკი დაგვეხმარები, დაგიფასდება, თუ არადა, იჯდები „აძინოჩკაში“ და არავინ იქნება შენი მომკითხავი.

აშკარა იყო, რომ პუტკუნა „მაბოლებდა“ და ისეთი საქმის გაკეთებას მავალებდა, რომლის შესრულების შემდეგაც მეც გამანადგურებდნენ. უარი რომ მიმეხალა, ჯურღმულში ამომალპობდნენ და იქიდან გაქცევის შანსი არ იყო. მივხვდი, რომ გაქცევაზე უნდა მეფიქრა და დავთანხმდებოდი მის წინადადებას. ამიტომ ვუთხარი:

– სამი კვირა მომეცით, მოსაფიქრებლად.

– სამი ბევრია. ერთ კვირაში მოვალ და საბოლოო პასუხი დამახვედრე, – მითხრა პუტკუნამ და წავიდა.

როგორც მოგვიანებით შევიტყვე, პუტკუნა ახალი მთავრობის უშიშროების სამსახურის მაღალჩინოსანი იყო და ჩემთან რევოლუციონერთა ვიწრო ბანდის დავალებით მოვიდა. იმ ერთი კვირის განმავლობაში, რაც მოსაფიქრებლად მომცეს, ნაირ-ნაირი საჭმელებით დღეში სამჯერ მკვებავდნენ და საუკეთესო სიგარეტები მოჰქონდათ. მე კი მხოლოდ და მხოლოდ გაქცევის ვარიანტებზე ვფიქრობდი და რამდენიმე ვარიანტი დეტალურად შევიმუშავე. ერთი კვირის შემდეგ პუტკუნა პირდაპირ საკანში მოვიდა და მითხრა:

– რა პასუხი გაქვს?

– თანახმა ვარ.

– ძალიან კარგი. შენ ახლა აქედან გაგიყვანენ, მაგრამ იცოდე, რომ გაქცევა არ დააპირო, თორემ შუბლში მიიღებ ტყვიას.

– სულელი გგნივართ? – თავდაჯერებულად ვუთხარი პუტკუნას. თან, ვფიქრობდი, თუკი მცირედი შანსი მაინც მომცა, ტრანსპორტირების დროს გავიქცევი-მეთქი. თუმცა, ასეთი შანსი არ გამომიჩნდა და ეს საქმე გადავდე.

ციხიდან სპეცდანიშნულების ბაზაზე გადამიყვანეს, სადაც ადრე ვმუშაობდი. იქაურობას კარგად ვიცნობდი, მაგრამ ვერ ვიცანი, ისე იყო მოდერნიზებული და არც იქიდან არსებობდა გაქცევის შანსი. ამიტომ, ბოლო ვარიანტზე შევჩერდი და მაშინ ვაპირებდი გაქცევას, როცა ობიექტის სალიკვიდაციოდ ჩამიყვანდნენ, თუმცა, ობიექტის ვინაობას არ მეუბნებოდნენ. ბაზაზე ორი კვირა დავყავი და ამ ხნის განმავლობაში ინტენსიურად მავარჯიშებდნენ „უზიდან“ სროლაში. სქემა მარტივი იყო, პოლიციელის ფორმაში გამოწყობილს ცეცხლი უნდა გამეხსნა ობიექტისთვის და მისი ორი პირადი მცველისთვის. შემდგომ კი 50 მეტრში მდგომ დაქოქილ პოლიციის მანქანაში ჩავმჯდარიყავი და გავქცეულიყავი. მეორე ეტაპზე მანქანა უნდა გამომეცვალა და დანიშნულ ადგილზე მივსულიყავი. იმავე საღამოს ევროპაში გადამიყვანდნენ მილიონდოლარიანი საბანკო ბარათით. თუმცა, დარწმუნებული ვიყავი, რომ როგორც კი საქმეს შევასრულებდი, მაშინვე მომიღებდნენ ბოლოს. ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ერთჯერადი აქციისთვის მიყენებდნენ და გაქცევის შანსი ხელიდან არ უნდა გამეშვა. ორი კვირის შემდეგ ბაზაზე პუტკუნა მოვიდა და მითხრა:

– ხვალ, დილის 8 საათზე წაგიყვანენ საქმეზე. როგორც კი შეარსულებ, რაც გითხრეს, ისე მოიქეცი და საღამოს უკვე სამშვიდობოზე იქნები დიდი ფულით. გასაგებია?

– დიახ. გასაგებია, – ვუთხარი პუტკუნას.

მეორე დილით პოლიციელის ფორმაში გამომაწყვეს. მძიმე ჯავშანჟილეტი ჩამაცვეს, გრძელმჭიდიანი „უზი“ მომცეს და საქმეზე წავედით. საბურთალოზე, ერთ-ერთ ახლად აშენებული კორპუსის მეორე სართულზე მდებარე ბინაში მივედით და ჩემმა თანმხლებმა პირმა მითხრა:

– მოპირდაპირე სახლიდან გამოვა ობიექტი. შენ მას უკვე ქუჩაში დახვდები და საქმეს შეასრულებ. აქედან მარტო ჩახვალ, მაგრამ იცოდე, ამ კორპუსს ერთი გასასვლელი აქვს. გაქცევას ვერსად შეძლებ. ოთხი სნაიპერია სხვადასხვა კორპუსში, მიზანში იქნები ამოღებული და რამე რომ შეგეშალოს, ეგრევე გესვრიან, ახლა კი წადი! დროა, ობიექტი ხუთ წუთში გამოვა.

სანამ პირველ სართულზე ჩავედი, მძიმე ჯავშანჟილეტი სასწრაფოდ მოვიხსენი და ელექტრომრიცხველების კარადაზე შემოვდე. ეს კი იმიტომ გავაკეთე, რომ უფრო სწრაფად გავქცეულიყავი. ქუჩაში რომ გავედი, სამიოდე წუთის შემდეგ ობიექტიც გამოჩნდა და გავოგნდი. ის ახალი მთავრობის რანგით მეორე კაცი იყო და უმალვე მივხვდი, რომ მას იშორებდნენ თავიდან. წინასწარ ვიყავი დარიგებული, რომ ობიექტს ათიოდე მეტრით უნდა მივახლოებოდი და ცეცხლი ამის მერე გამეხსნა, რათა ასპროცენტიანად მომეკლა. ვიცოდი, რომ ფანჯრიდან მიყურებდნენ და ჩემი მეთვალყურეების დასანახად ობიექტისკენ გავემართე. შემდგომ კი გაქცევას ვაპირებდი. სწორედ იმ კორპუსისკენ, საიდანაც ობიექტი გამოვიდა და თუ ვერ მივიმალებოდი, იმას მაინც ვიტყოდი, თუ რა დამავალეს. როგორც კი ობიექტს სასროლ მანძილზე მივუახლოვდი, ჩემ უკან საშინელი აფეთქების ხმა გაისმა. ობიექტი პირადმა მცველებმა უკანვე, სადარბაზოში შეაბრუნეს. მე უკან მივიხედე და უმალვე მივხვდი, რომ სადარბაზოში დატოვებული ჯავშანჟილეტი აფეთქდა. უკვე ნათელი იყო, რომ ცოცხალ ბომბად მიყენებდნენ და ჯავშანჭილეტი დისტანციურად ააფეთქეს. ფიქრისა და გაჩერების დრო არ იყო. ადგილს მოვწყდი და გავიქეცი. სირბილშივე გავიძრე პოლიციელის პერანგი. ორასიოდე მეტრის მოშორებით გაჩერებული ტაქსიდან მძღოლი „უზის“ მუქარით გადმოვსვი და ერთ ჩემს ახლობელთან გავიქეცი, რომლის შესახებაც არავინ იცოდა. ანუ, როდესაც ძებნას დამიწყებდნენ, მასზე ვერ გავიდოდნენ. საგულისხმო ფაქტია ის, რომ „უზში“ საბრძოლო ტყვიები არ ელაგა და ეს მათ (მკვლელობის შემკვეთებს) წინასწარ ჰქონდათ გათვალისწინებული. თუმცა, მათ ის ვერ გაითვალისწინეს, რომ ჯავშანჟილეტს მოვიხსნიდი.

ამჟამად საქართველოდან შორს ვარ. თუ სად, ეს საიდუმლოა და არც იმას ვიტყვი, თუ ვისგან და როგორ გავედი სამშვიდობოზე. მართალია, ძველი ბანდა უკვე აღარაა ხელისუფლებაში, მაგრამ მაინც ძებნილი ვარ მძიმე დანაშაულისთვის. შეიძლება, პატიმრობის ვადა შემიმცირონ კიდეც, მაგრამ ორი, თუნდაც უნაძირლესი ადამიანის მკვლელობას არავინ მაპატიებს. ამიტომ მირჩევნია, იქ ვიყო, სადაც ამჟამად ვარ და საკმაოდ კომფორტულადაც. ხშირად ვფიქრობ საქართველოზე და ყურადღებით ვაკვირდები იქაურ მოვლენებს. სამწუხარო ისაა, რომ ბევრი მათგანი, ვინც იმ ერთჯერადი აქციის შესრულება დამავალა, დღემდე დაუსჯელები არიან. მით უმეტეს, რომ მათ თავიანთ მიზანს მაინც მიაღწიეს და ობიექტი სიცოცხლეს გამოასალმეს, თან ბევრად უფრო დახვეწილი მეთოდით. მადლობა ღმერთს, რომ დამეხმარა და თავიდან ამაცილა იმ ერთჯერადი აქციის შესრულება, რასაც მეც შევეწირებოდი და სიმართლესაც ვერავინ გაიგებდა.

დასასრული

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული