რომანი და დეტექტივი

ერთჯერადი აქცია

№2

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 20.01

ერთჯერადი აქცია
დაკოპირებულია

ოცდაათწლიანი პატიმრობა, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობისთვის მომისაჯეს.

ვარდოსან რევოლუციონერთა მიერ რეფორმირებული სასამართლოს ვერდიქტი ცალსახა იყო და მოსამართლის მანტიაში გამოწყობილმა ნააქტივისტარმა დაყენებული ხმით, მკაცრად, საზეიმოდ გამოაცხადა: ვლადიმერ თორნიკეს ძე გოგრიჭიანს მიესაჯოს თავისუფლების აღკვეთა ოცდაათი წლის ვადით. გასაჩივრებისა და დროზე ადრე გათავისუფლების უფლების გარეშე.

მანტიაში გამოწყობილი სუბიექტი, ვინმე ხუტა ბაცილაშვილი იყო. იგივე „ხეპრე“, როგორც მას თანაპარტიელები უწოდებდნენ და ეს სახელი მას არც თემიდას სამსახურში ჩადგომის შემდეგ მოსცილებია.

„ხეპრეს“ პირველად მაშინ შევხვდი, როდესაც „გიჟუა“ და კომპანია სავარდრევოლუციოდ ემზადებოდნენ. იმ დროს ანტიტერორისტული სამსახურის ერთ-ერთ დანაყოფს ვხელმძღვანელობდი. ერთ დღეს მივიღეთ ოპერატიული ინფორმაცია, რომ ძველი თბილისის რაიონის ერთ-ერთ ბინაში არეულობის მოსაწყობად საჭირო ატრიბუტიკა მზადდებოდა და ინახებოდა. მითითებულ ადგილზე მივედით და ნესტიან სარდაფში მოლოტოვის კოქტეილებით სავსე ყუთები აღმოვაჩინეთ. ბინას, რომელსაც ის სარდაფი ეკუთვნოდა, ხუტა ბაცილაშვილი, ანუ „ხეპრე“ ქირაობდა. „ხეპრე“ დავაკავეთ და საკანში მოვათავსეთ. მოლოტოვის კოქტეილების კონფისკაცია მოვახდინეთ და სისხლის სამართლის საქმე აღვძარით. როგორც შემდგომში ამ საქმის გამომძიებელი მიყვებოდა, ბაცილაშვილი ისეთი უწიგნური და გაუნათლებელი ყოფილა, რომ მარტივ აზრებსაც კი ვერ აბამდა ერთმანეთზე და წერის დროს ერთ წინადადებაში, მინიმუმ, ოთხ შეცდომას უშვებდა. ერთი სიტყვით, სუპერხეპრე იყო და ტყუილად როდი შეარქვეს ეს სახელი. თუმცა იურისტის დიპლომი ჰქონდა, „ჭ“ კლასის დაწესებულებაში აღებული და აქაური მინიმალური დონის უმინიმალურესი ცოდნაც არ გააჩნდა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ახალმა მთავრობამ მას უზენაესი მოსამართლის სტატუსი მიანიჭა... რაც შეეხება მის დაპატიმრებას, „გიჟუამ“ ეს ფაქტი სათავისოდ გამოიყენა. „ხეპრეს“ სიმართლისთვის წამებული რაინდის გვირგვინი დაადგა და მართალია, ის არ გაუმართლებიათ, მაგრამ საპყრობილიდან ხელწერილით გაათავისუფლეს. მალევე ვარდოსნები პარლამენტში შეიჭრნენ. ხელისუფლება შეიცვალა და ყელამდე ნეხვში მჯდომი „ხეპრე“, ახალი მთავრობის ელიტაში „გაიჩითა“... მიუხედავად იმისა, რომ მას არც წერა-კითხვა უსწავლია და არც გონება განათებია, 1 ლარად ახალი ბინა „დაირტყა“, მაღალი ხელფასი დაუნიშნეს, გააპიარეს და ყველაფერ ამის სანაცვლოდ ის სამთავრობო შეკვეთებს ასრულებდა და ფალსიფიცირებულ საქმეებსა და წინასწარ შედგენილ განაჩენებზე აწერდა ხელს.

„ხეპრეს“ ჩემი მოსამართლეობა პირადად მოუთხოვია. რომ უკითხავთ, რატომო, უთქვამს, – რევოლუციის პირველი მტერი იყო. სიმართლისთვის მებრძოლი კაცი ტყუილად დამაპატიმრა და პირადად უნდა გამოვუტანო მკაცრი სასჯელიო... არადა, ის იდიოტი რომ არ დაგვეპატიმრებინა და ჯოჯოხეთური სითხე არ ჩამოგვერთმია, საშინელება მოხდებოდა. ბაცილაშვილს, „გიჟუას“ დავალებით, ხალხის მასაში უნდა ჩაეგდო რამდენიმე ბოთლი და ძნელი მისახვედრი არაა, თუ რა მოჰვებოდა ამას.

ახლა კი, რაც შემეხება მე, საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებიდან სამი დღის შემდეგ სამსახურიდან ყოველგვარი მიზეზის გარეშე გამათავისუფლეს. თუმცა, მიზეზი ის იყო, რომ ვარდოსნების მიერ დაგეგმილი ტერორისტული აქტი აღვკვეთე. ერთმა ჩემმა ახლობელმა კი, რომელიც ახალ მთავრობაში შედიოდა და ძალოვან სტრუქტურაში მუშაობდა, მაცნობა, რომ ჩემი „გასროკვა“ იყო გადაწყვეტილი და მირჩია, საქართველოდან დროებით მაინც წავსულიყავი. სხვა რა დამრჩენოდა, დავკარი ფეხი და მოსკოვს მივაშურე. თუმცა, ექვსი თვის შემდეგ საშინელი ტრაგედია დამატყდა თავს და კვლავ სამშობლოში დავბრუნდი.

იმ საშინელ, წყეულ დილას ჩემი სიძის ძმამ დამირეკა და მითხრა:

– როგორ ხარ, ლადიკო?

– კარგად. ხომ მშვიდობაა? – ვუთხარი მე და გულმა რეჩხი მიყო. საათი დილის შვიდსა და ათ წუთს აჩვენებდა.

– ლადიკო, – ენის ბორძიკით დაიწყო სიძის ძმამ და მივხვდი, რომ კარგი არაფერი უნდა ეთქვა და წამოვიყვირე:

– თქვი, რა მოხდა?!

– საშინელება, – ქვითინით მიპასუხა მიხომ და დააყოლა, – ვასო და ელიკო აღარ არიან.

ამ სიტყვების გაგონებაზე ჩემი გულისცემის ხმა მომესმა და ცივი ხმით ვკითხე:

– რა მოხდა?

– წუხელ ყაჩაღები დასხმიან თავს, სახლში შეჭრილან და წამებით მოუკლავთ. როგორც ეტყობა, დოლარებს ეძებდნენ. კატუშა რომაა, ჩვენების მეზობელი, დილის ოთხ საათზე უპოვია ის საცოდავები. კატუშა, თურმე, თავის შვილს ელოდებოდა ქორწილიდან და ქუჩაში იდგა. დაუნახავს, რომ ჩვენების ეზოდან სამი ადამიანი გამოსულა და ტყისკენ გაქცეულან. კატუშას უვარაუდია, რაღაც უბედურება ხდებაო და ჩვენებთან რომ შესულა, ორივე ცოლ-ქმარი უკვე მკვდარი ყოფილა.

ერთადერთი დედმამიშვილი მყავდა, ჩემი გამზრდელი და. ჩემზე ოცი წლით უფროსი იყო და თავის შვილებთან ერთად შვილივით მზრდიდა. მე და ელიკოს მშობლები ადრე დაგვეღუპა. ჩემი და მაშინ უკვე გათხოვილი იყო და პირველ ბავშვს ელოდებოდა. მე სულ რაღაც ორი წლის ვიყავი. თავისთან წამიყვანა, რაიონში. მან და ვასომ თავიანთ ორ შვილთან ერთად გამზარდეს. ქვეყანა რომ აირია, მე ახალი დაწყებული მქონდა სამსახური უშიშროებაში და თბილისში ვცხოვრობდი. ჩემი და, მისი მეუღლე და ორი შვილი კი იტალიაში გაემგზავრნენ სამუშაოდ. მეც მთხოვდნენ, წამოდიო, მაგრამ არ წავყევი. მათ კი იტალიის მოქალაქეობა მიიღეს, ორმაგი მოქალაქეები იყვნენ და თავისუფლად დადიოდნენ აქეთ-იქით. სოფლის მიტოვება არ უნდოდათ და ორი-სამი თვით ყოველ წელიწადს ჩამოდიოდნენ. იმ საშინელ წელიწადსაც ჩამოვიდნენ და მეორე დღეს ასეთი უბედურება დაატყდათ თავს.

სანამ მიხო ტელეფონში ტიროდა, მე თვალწინ გამიარა მთელმა ჩემმა ცხოვრებამ. ძალები მოვიკრიბე და მიხოს ვუთხარი:

– იციან, ვინ არიან?

– ჯერჯერობით არა. მაგრამ, რაიონის მთელი პოლიცია ფეხზე დგას და ყაჩაღებს ეძებენ.

– კარგი, გასაგებია. გამაგრდი. მალე მანდ ვიქნები, – ვუთხარი მიხოს და ტელეფონი გავთიშე.

საღამოს 6 საათი იყო, როდესაც სოფელში ჩავედი. მიცვალებულები უკვე სახლში იყვნენ გადასვენებულები და მთელი სოფელი იქ იმყოფებოდა.

სანამ ჩემი და და სიძე არ დავკრძალე, მათი მკვლელობის საქმეზე კრინტიც არავისთან დამიძრავს. ხოლო, როდესაც ისინი მიწას მივაბარეთ, მეორე დღესვე მივედი რაიონის პოლიციაში და გამოძიების მიმდინარეობით დავინტერესდი.

– ამ საქმეს ბატონი დურმიშხანი კურირებს. მეორე სართულზე აბრძანდით, მისი კაბინეტის ნომერია ხუთი, – მითხრა ახალგაზრდა მორიგემ.

– ბატონი დურმიშხანი ვინაა? – ვკითხე მორიგეს.

– პოლიციის უფროსის მოადგილე. პოლკოვნიკი დურმიშხან ჭანჭიკელაშვილი, – განმიმარტა მორიგემ.

ყველაფერს მოველოდი, გარდა იმისა, რომ „ჭანჭიკა“ პოლკოვნიკი გახდებოდა და პოლიციის უფროსის მოადგილედ დანიშნავდნენ. თუმცა, ახალი მთავრობა აქტივისტებს აწინაურებდა და „ხეპრეც“ ხომ ამ ტალღაზე გაელიტურდა? ჭანჭიკელაშვილი ჩემზე ოთხი წლით უფროსი იყო და რადგან მთელი ბავშვობა სოფელში მქონდა გატარებული, მას კარგად ვიცნობდი. როგორც ჩვენში ზოგადადაა მიღებული, გრძელგვარიანებს შემოკლებულ სახელებს არქმევენ და მას „ჭანჭიკა“ შეარქვეს. ბავშვობიდან საზიზღარი ტიპი იყო. მავნე, ბოროტი, სუსტების დაჩაგვრა სიამოვნებას ანიჭებდა და ყველაფერთან ერთად, ხელცივიც იყო. თუკი სადმე რამე „ცუდად“ დადებულს მოჰკრავდა თვალს, უმალვე მოიპარავდა. ყველაზე მთავარი და ცუდი კი მის ცხოვრებაში ის იყო, რომ დედა მეძავი ჰყავდა. 26 წლის რომ იყო, მამამისი მოულოდნელად გარდაიცვალა. დილით, საწოლში იპოვეს გაგუდული. გალოთებული იყო და ცოლმა თქვა, ალბათ, დაიხრჩოო. თუმცა, ხალხი ამბობდა, შუშანამ მოკლა. თავიდან მოიშორა, ბალიშით დაახრჩო, რომ ბოზობაში ხელი არ შეეშალაო. შუშანა ჭანჭიკას დედა იყო და სოფელში მას მილიციის ბოზს უწოდებდნენ. ამ სახელს ორმაგი მნიშვნელობა ჰქონდა, მეძავისა და დამსმენის. და, მართლაც, შუშანას სახლში მთელი რაიონის მილიციელები დადიოდნენ და იყო ერთი ამბავი. „ჭანჭიკაც“ ასეთ ვითარებაში იზრდებოდა და სულაც არ იყო გასაკვირი, რომ მასში ადამიანის ყველაზე ნაძირლურმა ინსტინქტებმა იმძლავრეს. მე ჯერ კდევ სკოლაში ვსწავლობდი, როდესაც „ჭანჭიკამ“ პოლიციაში დაიწყო მუშაობა და მალევე გაითქვა სახელი, როგორც ჯალათმა. მასზე საშინელებებს ჰყვებოდნენ. დაკავებულებს სასტიკად სცემდა, აწამებდა და როგორც ეს ქართულ საბჭოთა მილიციაში ხდებოდა, წამების ხარჯზე იღებდა სასურველ ჩვენებას და ასეთი ძალადობით იხსნებოდა საქმეები, რომელთა უმრავლესობა ფალსიფიცირებული იყო. ეს ტენდენცია ახალმა მთავრობამაც აიტაცა. კიდევ უფრო მეტად დახვეწა და აბა, „ჭანჭიკაზე“ უკეთეს კადრს სად იპოვიდნენ. ამას ისიც თან ერთოდა, რომ „ჭანჭიკა“ იმთავითვე მიემხრო რევოლუციონერებს და ამ ყველაფერმა მას ფართოდ გაუღო კარი, ახალი ხელისუფლების ელიტაში. „ჭანჭიკას“ პოლკოვნიკობა მიანიჭეს, პოლიციის უფროსის მოადგილედ დანიშნეს და სწორედ ეს არარაობა კურირებდა ჩემი დისა და სიძის მკვლელობის საქმეს. კარგად ვიცოდი, თუ ვისთან მივდიოდი. მაგრამ, თავი მოვთოკე და „ჭანჭიკას“ კაბინეტში შევედი. ისეთი გრძნობა დამრჩა, რომ მელოდებოდა და მომზადებული დამხვდა – შუა ოთახში შემომეგება. მწუხარე სახით მითხრა:

– ვიზიარებ, ძმაო, ვიზიარებ. საშინელი ტრაგედია დაგვატყდა თავს მთელ რაიონს. გარწმუნებ, ძალ-ღონეს არ ვიშურებდი ამ საქმის გასახსნელად და იმ ნაძირალების დასაჭერად და დასასჯელად. ბიჭებს დღე და ღამე აქვთ გასწორებული. ახლაც გასულები არიან და იმედია, იმ ნაძირალებს მალე დავიჭერთ.

„ჭანჭიკას“ მიკიბ-მოკიბულიდან ის გავიგე, რომ რაიონში მძიმე კრიმინოგენური სიტუაციაა და რომ ის, ანუ ჭანჭიკა სულ მალე გამოასწორებდა მას. ხოლო, როგორც „ჭანჭიკას“ წინამორბედმა, სამსახურიდან გათავისუფლებულმა ყოფილმა პოლიციელმა, გურამ შალიკაშვილმა მითხრა, ისედაც მძიმე ვითარება ახალი მთავრობის ხელში კიდევ უფრო მეტად დამძიმებულა:

– „ჭანჭიკა“ რის გამომსწორებელია, ლადიკო. მას მხოლოდ ცემა-ტყეპა და ქრთამის აღება შეუძლია. ინტრიგანი და ჩამშვებია ეგ ბოზიშვილი. შუშანას ვაჟი, აბა, როგორი იქნება? ვირეშმაკაა და გვერდით თავისნაირები შემოიკრიბა. „ვლასტი“ რომ შეიცვალა, თბილისში ჩავიდა და ახალ მთავრობას უთხრა: ძველებს, ანუ, ჩვენ, ეზიზღებით და თუ დროზე არ გაყარეთ სამსახურიდან, „პალაჟენიას“ გაგიფუჭებენო. იმათაც დაუჯერეს და ყველანი გაგვყარეს. „ჭანჭიკამ“ ჩემი ადგილი დაიკავა და ეგრევე პოლკოვნიკობა მიანიჭეს. ბრძანებაში ეწერა: სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვისო. მაგის დამსახურება კი ის იყო, რომ მიტინგებზე დაეთრეოდა და ამ გიჟებს არეულობის მოწყობაში ეხმარებოდა.

– გასაგებია. მეც ხომ სულ ტყუილად გამიშვეს სამსახურიდან, – ვუთხარი შალიკაშვილს და დავამატე, – შენ ის მითხარი, რას ფიქრობ ჩემი დისა და სიძის მკვლელობებზე?

– რაიონში, ჩემი აზრით, კარგად ორგანიზებული და შენიღბული ბანდა მოქმედებს. შენი და და სიძე უკვე მეოთხე შემთხვევაა ამ სამი თვის განმავლობაში. ბოროტმოქმედები ისეთ ოჯახებს ესხმიან თავს, რომლებიც საზღვარგარეთ არიან ნამყოფები სამუშაოდ და მათთან ფული ეგულებათ. ოთხივე საქმე მკვლელობით დასრულდა, ექვსი ადამიანია მოკლული. ჩვენ დროს ორი ანალოგიური შემთხვევა მოხდა და ორი ადამიანი დაიღუპა. ამ საქმეს მე ვკურირებდი, მაგრამ შემდეგ „ვლასტი“ შეიცვალა და გამოძიებას ჩამოვშორდი.

– რამე ხელჩასაჭიდი გქონდა ამ საქმეებში? – ვკითხე გურამს.

– ერთი ისაა დაზუსტებული, რომ ძველსა და ახალ საქმეებში ერთი და იგივე ორი იარაღი ფიგურირებს. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ერთი და იგივე ხალხი მოქმედებს. ბანდა, სავარაუდოდ, 3-4-კაციანია. მაშინაც ასე ვფიქრობდი და ახლაც, რომ ვიღაც შინაურია ამ საქმეში გარეული. ბანდიტებს მფარველი ჰყავთ და ამიტომ არიან მოუხელთებლები.

– მფარველში ვის გულისხმობ?

– ჩემი ღრმა რწმენით, პოლიციელს.

– რატომ ფიქრობ ეგრე?

– იმიტომ, ლადიკო, რომ იმ ნაძირალებს ზუსტი ინფორმაცია აქვთ და ერთი ნაბიჯით ასწრებენ პოლიციას. ჩემს დროს მეორე საქმე რომ გააკეთეს, მახე დავუგეთ. ხმა გავავრცელეთ, რომ ერთ-ერთ ოჯახში დიდი ფული ინახებოდა. სინამდვილეში კი, ჩასაფრება გვქონდა მოწყობილი, მაგრამ კაციშვილი არ გამოჩენილა. მე ერთ-ერთ ჩემს კოლეგაზე მქონდა ეჭვი, ვინც ამ მახის შესახებ იცოდა და მისთვისაც მახე მქონდა დაგებული, მაგრამ ან მიხვდა და არ გაება, ან ის არ იყო და შემეშალა. თუმცა, ამას ახლა მნიშვნელობა აღარ აქვს. ის ცოცხალი აღარაა და ჯერ კიდევ რევოლუციამდე გარდაიცვალა „პერედოზიროვკით“.

– ნარკომანი იყო?

– ჰო.

– ვისზე გაქვს საუბარი?

– მარლენა გარიშვილზე. სხვათა შორის, მაგან მოათრია „ჭანჭიკა“ მილიციაში. დედამისთან დაეთრეოდა და შუშანამ მოაწყო თავისი ვაჟი ჩვენთან, – მითხრა გურამმა.

დასასრული შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული