ერთი ჩვეულებრივი დღე
ავტორი: ეთუნა ერაძე 20:00
ნუცამ თვალები გაახილა და საათს დახედა. ასე იცოდა – როცა არ უნდა გაღვიძებოდა, უნდა სცოდნოდა, რა დრო იყო, ამიტომაც ყოველთვის ზუსტად საზღვრავდა დროს, ხვდებოდა, რომელი საათი იყო. დროის კარგი შეგრძნება ჰქონდა და არც არსად აგვიანებდა. დილის ხუთი საათი სრულდებოდა, ჯერ ისევ ბნელოდა, ქალაქს ეძინა. ნუცას გული უცნაურად ჰქონდა სავსე – სიკეთით, სიხარულით, დიდი გრძნობით... უცბად მიხვდა, რაც მოხდა – სიზმარი ნახა ისეთი შთამბეჭდავი, რომ გაღვიძებისას მთელი სიცხადით წარმოუდგა განცდილი. დედა დაესიზმრა...
ნუცას დედა თითქმის არ ახსოვდა, სამი წლიდან დეიდა სოფო ზრდიდა, მისი მშობლები ჯერ კიდევ მაშინ დაშორდნენ, როდესაც დედა კარგად იყო. მამას იშვიათად ნახულობდა. ასე მოხდა, მას თავისი ოჯახი ჰქონდა. დეიდა სოფო კეთილი და სამართლიანი იყო, მაგრამ მკაცრი და სიტყვაძუნწი. ის აღარ გათხოვდა, ცხოვრება ნუცას მიუძღვნა, მაგრამ მაინც თავის სამყარო ჰქონდა. ნუცა უყვარდა, თუმცა თავისებურად... ნუცას დედა არ ახსოვდა, მაგრამ კარგად ახსოვდა მისი ხელის სითბო. ყოველ ღამით, პატარა ნუცა სულ დედის ხელთან ჩახუტებული იძინებდა, ზუსტად ეს სითბო განიცადა იმ სიზმარში. ნუცა იშვიათად ხედავდა დედას სიზმარში, თანაც მის სახეს კი არა, სიკეთეს, სინათლეს, სითბოს და გამოღვიძებულმა იცოდა, ეს დედა იყო, ის ძალას აძლევდა და ყოველთვის რაღაცაზე მიანიშნებდა.
ნუცა საწოლში ვეღარ გაჩერდა, ადგა, თხელი ხალათი მოიცვა და ფანჯარასთან მივიდა. ჯერ ისევ ბნელოდა, თუმცა, მალე გათენდებოდა... თითქოს ახლაღა გაახსენდა მის სხეულში არსებული პატარა არსება, ოდნავ წამოზრდილ მუცელს ხელი ფრთხილად შეახო, მიეფერა. პაწაწინა არსება ნუცას სხეულში, როგორც ჩანს, თავს კარგად გრძნობდა, თითქმის არ აწუხებდა მოძრაობით. ნუცამ ჯერ არ იცოდა, მუცლით გოგოს ატარებდა თუ ბიჭს, არ ჩქარობდა ამის გაგებას.
დემნა გაახსენდა, თუმცა არც არასდროს დავიწყებია. დემნა ნუცას ცხოვრებიდან ისევე უცებ გაქრა, როგორც გამოჩნდა. თავიდან მან თავისი იშვიათი სახელითაც მიიქცია ნუცას ყურადღება. ბევრი ლამაზი წუთი განიცადეს ერთად, ძალიან უხდებოდნენ ერთმანეთს, მთელი დღე ხეტიალობდნენ, მსჯელობდნენ, ხარობდნენ ერთად ყოფნით. თუმცა, დემნა ნუცას სხეულში ჩასახულმა პატარა სიცოცხლემ დააფრთხო, როგორც აღმოჩნდა, ამისთვის მზად არ იყო. პასუხისმგებლობას გაექცა, თავისუფლება უნდოდა, ოჯახური ცხოვრება კი მარწუხებში ყოფნას აგონებდა. დაბნეულიც იყო... ნუცამ თავიდან ბევრი იდარდა, თუმცა ერთი წუთითაც არ უფიქრია, ბავშვზე უარი ეთქვა. სამსახური ჰქონდა, ხელს უწყობდნენ, ნუცა ცხოვრებამ უშიშარი გახადა...
საათს დახედა, ჯერ ისევ ძალიან ადრე იყო, შაბათი იყო და დღე დაგეგმა, კარგად გათენებას დაელოდა, რომ მეგობართან დაერეკა.
***
აი, მეგობარში კი ნამდვილად გაუმართლა ნუცას. ანა თითქოს მისი მფარველი ანგელოზი იყო, გარეგნობითაც ანგელოზს ჰგავდა: სუსტი, თხელი, ნაზი და მშვიდი. სულ მზად იყო მეგობრის დასახმარებლად.
„ანა, მჭირდები!“ – საკმარისი იყო ამ ფრაზის თქმა, რომ ანა ნუცასთან გაჩნდებოდა. ახლაც მას დაურეკა და სთხოვა, თუ რაიმე მნიშვნელოვანი არ ჰქონდა დაგეგმილი, მასთან მისულიყო.
ერთ საათში ნუცა და ანა სასაფლაოს გზას მიუყვებოდნენ. ნოემბრის სუსხიანი დღე იყო, უკვე საკმაოდ ციოდა. ვიწრო ბილიკით გაიარეს საფლავებს შორის. მაღლობზე ავიდნენ, გზად კიპარისები და ნაძვები ხვდებოდათ, ზოგი მოვლილი იყო, ზოგიც – საცოდავად მეჩხერი.
– რა სევდიანია სასაფლაო, განსაკუთრებით თუ იქ დედის საფლავია... – ნუცამ უფრო თავისთვის თქვა.
ანამ თანაგრძნობით გადახედა მეგობარს, მასაც ბევრი საფიქრალი ჰქონდა, მაგრამ სულ ფიქრობდა, რომ ნუცა ბედისგან დაჩაგრული იყო, ესეც განაპირობებდა განსაკუთრებულ მზრუნველობას მეგობრის მიმართ.
– არ იყო კარგი იდეა შენი აქ წამოსვლა, – მხოლოდ ეს უთხრა და მზრუნველობით შეუსწორა თბილი შარფი.
ცოტაც და ნუცას დედის საფლავი გამოჩნდა. ნუცამ საფლავის ქვასთან ჩაიმუხლა და სურათს მიაჩერდა.
– სულ სევდიანი მეჩვენებოდა, ახლა თითქოს მიღიმის, – თქვა და დედის სურათს ხელი გადაუსვა.
ანამ წამოღებული ჩვარი მოიმარჯვა და ქვის გაწმენდას შეუდგა.
– სოფოსგან ვიცი, რომ ამ ფოტოზე ზუსტად ჩემხელაა. სოფოსთვის მინდოდა მეთხოვა, სასაფლაოზე წამომყოლოდა, მაგრამ ხომ იცი, არ უყვარს აქ მოსვლა, – თქვა ნუცამ. ანამ მხოლოდ ოდნავ გაიღიმა, საქმეს გულმოდგინედ განაგრძობდა. ნუცა ლაპარაკს აგრძელებდა:
– იცი, ანა, ბავშვის სქესს იმიტომ არ ვიგებ, რომ ძალიან მინდა, გოგო მყავდეს!
ანა მუცელზე მიეფერა მეგობარს, არაფერი უთქვამს.
– ცოტა ხანს ჩამოვსხდეთ, აქ კარგია, სიმშვიდეა.
ნუცა პატარა სკამზე ჩამოჯდა, ანაც გვერდით მიუჯდა. შორიდან ფრინველის უცნაური ხმა ისმოდა, ირგვლივ არავინ ჩანდა. დრო თითქოს გაჩერდა.
– ნუცა, წავიდეთ, აცივდა, – გაუბედავად უთხრა ანამ.
– წავიდეთ, – წამოდგა ნუცაც.
იგივე ბილიკი გაიარეს, ისევ არავინ შეხვედრიათ გზაზე. ცოტაც და სასაფლაოს გამოსცდებოდნენ, რომ შორიდან ქალი შენიშნეს. თითქოს არაფერი იყო უჩვეულო, მაგრამ მაინც ეუცნაურათ. რომ მიუახლოვდნენ, მიესალმნენ. გზის გაგრძელებას აპირებდნენ, რომ ქალი ნუცას მიაჩერდა და მშვიდად უთხრა:
– დედასთან მოხვედი? არ იდარდო! მე შვილთან მოვედი, – შემდეგ მის მუცელზე გადაიტანა მზერა და დაამატა, – გოგო გეყოლება, ბედნიერი იქნება!
და სანამ ნუცა მის სიტყვებს გაიაზრებდა, ქალი თითქოს გაქრა.
– ეს უცნაური ქალი მომეჩვენა თუ შენც დაინახე? – მიუბრუნდა ანას.
– მართლაც, რა უცნაური ქალი იყო, სიზმარს ჰგავდა, – გაიღიმა ანამ. სასაფლაოს რომ გასცდნენ, უკვე წვრილად ცრიდა.
***
– ჩემთან ავიდეთ, ანა, ცხელი ჩაი არ გვაწყენდა, – თქვა ნუცამ, ცოტა დაღლასაც გრძნობდა. ანა უსიტყვოდ გაჰყვა მეგობარს.
ლიფტი არ მუშაობდა და ფეხით მოუხდათ მეექვსე სართულზე ასვლა. ნუცას უკვე აშკარად უჭირდა კიბეზე სიარული, დაიღალა და კარი შეაღო თუ არა, დასასვენებლად ჩამოჯდა.
– ჩაიდანს დავადგამ, – ანა სამზარეულოსკენ გაემართა.
უცებ მობილური აწკრიალდა. ნუცამ ჩანთა გახსნა და ტელეფონს დახედა, სოფოს უკვე ბევრჯერ დაერეკა, მას კი როგორც ჩანს, გზაში ზარის ხმა არ ესმოდა.
– ნუცა, ხომ იცი, როგორ არ მიყვარს, რომ არ მპასუხობ?! – წყრომით უთხრა სოფომ.
– არ გაბრაზდე, სასაფლაოზე ვიყავით მე და ანა, – თქვა ნუცამ, რასაც სოფოს დუმილი მოჰყვა.
– ხომ კარგად ხარ? რაღაც უნდა მომეყოლა შენთვის, – სოფოს აშკარად რაღაცის თქმა ეჩქარებოდა.
– კარგად ვარ, რა მოხდა? – დაინტერესდა ნუცა.
– ნუცა, მამაშენი ვნახე, – თქვა სოფომ.
– მართლა? სად? – იკითხა ნუცამ.
შემთხვევით. ნატალიასთან ვიკრიბებოდით „გოგოები“, გზაში შემხვდა, ძლივს ვიცანი, ისე მოტეხილა... თვალის არიდებას ვაპირებდი, მე შენსავით არ შემიძლია, ყველას ყველაფერი ვაპატიო, მაგრამ არ გამომივიდა. თვითონ გამომელაპარაკა. შენ მოგიკითხა.
– მერე? – ნუცას თვალწინ დაუდგა მამის სახე.
– ვუთხარი, რომ ბავშვს ელოდები. არ უნდა მეთქვა? – იკითხა დამნაშავე ბავშვივით სოფომ.
– არ ვიცი, – ჩაფიქრდა ნუცა.
– შენი ნახვა უნდა, სახლში თუ მოგადგა, არ გაგიკვირდეს.
– ისევ გაიმკაცრა ხმა სოფომ.
ამასობაში ანამ ჩაი მოამზადა და ლანგრით ოთახში შემოიტანა.
– ნამცხვარიც იყო კარადაში, – ნუცას ახლაღა გაახსენდა, როგორი მონდომებით შეარჩია წინა დღით ნამცხვარი საკონდიტროში, მაგრამ სახლში რომ მოიტანა, უკვე აღარ უნდოდა.
– ახლავე მოვიტან! – ანა უკან გატრიალდა, ცოტა ხანში ნამცხვრით ხელდამშვენებული დაბრუნდა.
– გესმოდა, სოფოს რომ ველაპარაკებოდი? – ჰკითხა ნუცამ, – მამაჩემს ჩემი ნახვა უნდა... მიჭირს ჩემს მდგომარეობაში მისი ნახვა, წლებია, არ შევხვედრივარ.
– ყველაფერი კარგად იქნება, ნუცა! – ანამ ჩაის ფინჯანი მაგიდაზე დადგა, – მალე უნდა წავიდე, ხვალ კვირაა და ხომ იცი, ჩემებთან მივდივარ, სოფელში.
***
ანამ კარი გაიხურა თუ არა, ნუცა თავის ფიქრებთან მარტო დარჩა. ფიქრი უყვარდა, ბავშვობიდან ბევრს ფიქრობდა და ხშირად თავისი ფიქრები ღლიდა. ახლაც სოფოს მოყოლილ ამბავს აანალიზებდა გონებაში. მამაზე ფიქრობდა, კაცზე, რომელიც მისთვის ძალიან ახლობელი იყო, თან თითქოს, უცხო. მასთან ურთიერთობის ყველა მომენტი კინოფილმივით დაუდგა თვალწინ და თავს გამოუტყდა, ძალიან ენატრებოდა მამა...
ფიქრებიდან ზარის ხმამ გამოაფხიზლა, ვიღაც კარზე ზარს რეკავდა. ნუცა არავის ელოდა, უკვე მოსაღამოვებულიყო. გაუკვირდა, ასე გვიან ვინ უნდა ყოფილიყო, მძიმედ წამოდგა და შემოსასვლელში გავიდა. კარი გამოაღო და მოულოდნელობისგან გაშეშდა. თავიდან ვერც იცნო ახალმოსული. შეღებულ კარში დემნა იდგა და დარცხვენილი, გაუბედავად მისჩერებოდა ნუცას.
– შემომიშვებ? – ნუცამ უხმოდ დაუქნია თავი. დემნამ ფეხაკრეფით გაიარა შემოსასვლელი და ოთახში შევიდა.
ნუცა უკან მიჰყვა.
– დედაშენი დამესიზმრა, არასოდეს მინახავს, მაგრამ დამესიზმრა, – თვითონაც არ სჯეროდა თავისი სიტყვების დემნას, – ნუცა, ისედაც სულ შენზე ვფიქრობდი და მივხვდი, ეს ნიშანი იყო... უნდა მაპატიო!
ნუცას აღრიალებას არაფერი უკლდა, უყურებდა დემნას და თვითონაც არ იცოდა, კარგი იყო თუ ცუდი, ბავშვობიდან ყველაფრის პატიება რომ შეეძლო.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





