რომანი და დეტექტივი

ეპიცენტრში

№7

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00

ეპიცენტრში
დაკოპირებულია

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #6 (1311)

1973 წლის 11 სექტემბერს გენერალმა აუგუსტო პინოჩეტმა პრეზიდენტის სასახლეს შეუტია და ლა მანედაში სალვადორ ალიენდემ „კალაშნიკოვის“ ავტომატით თავი მოიკლა. ეს იარაღი მას ფიდელ კასტრომ აჩუქა და მასზე ეწერა: „ძვირფას სალვადორეს ფიდელისგან“.

მოხდა ის, რომ საბჭოთა მთავრობამ მოკავშირისგან ღალატს მისი დამხობა ამჯობინა. ამით სახელი შეინარჩუნა და მორალური უფლება დაიტოვა, ჩილელ ხალხს გვერდით დასდგომოდა დიქტატორ პინოჩეტთან ბრძოლის საქმეში... პარადოქსია, ხომ? მაგრამ ეს აბსოლუტური სიმართლეა და პინოჩეტი საბჭოთა კავშირის მთავრობამ მოიყვანა ხელისუფლებაში.

რაც შემეხება მე, ძალიან სახიფათო, თითქმის გამოუვალ მდგომარეობაში ვიმყოფებოდი. ერთადერთი პირდაპირი მოწმე ვიყავი, ვისაც შეეძლო საბჭოთა მთავრობის მხილება მუხანათობასა და პინოჩეტისთვის ხელის შეწყობაში. ეს კი საშინელ მორალურ-პოლიტიკურ კატასტროფას გამოიწვევდა საბჭოეთისთვის. ქვეყანა აბსოლუტურ მხარდაჭერას დაკარგავდა ლათინურ სამყაროში. ეს კი შეერთებული შტატების წისქვილზე დაასხამდა წყალს. რა თქმა უნდა, შეერთებული შტატებისთვის, განსაკუთრებით კი პინოჩეტისთვის, ცნობილი იყო, თუ რა მოხდა სინამდვილეში, მაგრამ სიმართლეს არცერთი მხარე არ იტყოდა, ორივესთვის ხელსაყრელი იყო ასეთი მდგომარეობა. და ეს მალევე გამოჩნდა, როდესაც ამერიკის პრეზიდენტი მიესალმა პინოჩეტის გამეფებას და მას ჩილელი ხალხის გადამრჩენი უწოდა. სამაგიეროდ, ფეხზე იდგა მთელი ლათინური სამყარო. განსაკუთრებით კი ფიდელ კასტრო აქტიურობდა და ლათინოსებს ჩილეს დახმარებისკენ მოუწოდებდა, თან ნებისმიერი ხერხებით. რა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირმაც ამოიდგა ენა და ჩილეს მხარდამჭერ პოლიტიკურ დემარშებს მართავდა. მაგრამ ეს იმდენად უსუსური რამ იყო, ხოლო საქმეში ჩახედულთათვის კი უბრალოდ სასაცილო, რომ ალბათ, პინოჩეტი სიცილით კვდებოდა.

1974 წლის სექტემბრის მეორე ნახევარმა ჩილეში მგზნებარედ ჩაიარა, მაგრამ რეპრესიების ტალღა ჯერ კიდევ არ იყო აზვირთებული. აშკარა იყო, რომ პინოჩეტი ცდილობდა, საერთოდ უსისხლოდ თუ არა, უმნიშვნელო სისხლით დაელაგებინა ქვეყანაში მდგომარეობა. თუმცა, როგორც შემდგომმა მოვლენებმა ცხადყო, ამის გაკეთება შეუძლებელი იყო. სიტუაცია, განსაკუთრებით სანტიაგოში, მდუღარე ვულკანს ჰგავდა და პინოჩეტმა ჯერ კომენდანტის საათი შემოიღო, შემდგომ კი რეპრესიების მანქანა აამუშავა და დაიწყო დაპატიმრებები და მკვლელობები. თუმცა, დაღუპული ალიენდეს მომხრე ასი ათასობით მგზნებარე ჩილელი არ ცხრებოდა. 24 ოქტომბერს კი ალიენდეს გაპრეზიდენტების მეოთხე წლისთავზე სანტიანგოში გრანდიოზული მანიფესტაცია გაიმართა. ქუჩაში გამოსულ პროტესტანტებს კი, პინოჩეტის ბრძანებით, ცეცხლი გაუხსნეს და ეს გამოსვლა სისხლში ჩაახშეს. მე ჩემს ბინაში ვიყავი და მოვლენებს თვალყურს ვადევნებდი. თითქმის ორი თვე იყო გასული, რაც მოსკოვი დუმდა. ეს სიწყნარე კი საშინელი ქარიშხლის წინ არსებულ სიმშვიდეს ჰგავდა. ხოლო რა იქნებოდა, ეს ქარიშხალი, ძნელი მისახვედრი არ იყო.

25 ოქტომბერს ჩილეს დედაქალაქი პროტესტანტთა გვამებით იყო მოფენილი. ქუჩებში ჯარისკაცები ბოგინობდნენ. სანიტარული სამსახურის მუშაკები ცხედრებს აგროვებდნენ და პროზექტურაში მიჰქონდათ. დილის 10 საათი რომ შესრულდა, ტელეფონმა დარეკა.

– გისმენთ, – ვუპასუხე ზარს.

– თუ შეიძლება, სენიორა ანჟელიკას სთხოვეთ.

– ნომერი შეგეშალათ.

მამაკაცის ხმამ ჩემი ნომერი დაასახელა და მკითხა:

– ამ ნომერზე არ ვრეკავ?

– დიახ, ამ ნომერზე რეკავთ, მაგრამ სენიორა ანჟელიკა აქ არ ცხოვრობს.

– ბოდიშს გიხდით, ეტყობა, სენიორამ შეცდომაში შემიყვანა, – მითხრა მამაკაცის ხმამ და ტელეფონი გათიშა.

მთელი ეს დიალოგი იმას ნიშნავდა, რომ მეკავშირე მირეკავდა. თანაც არა უბრალო, არამედ ექსტრემალური მეკავშირე. ცენტრიდან გამოგზავნილი, რომელსაც ქვეყნიდან საგანგებო გზით უნდა გავეყვანე. სხვანაირად რომ ვთქვათ, მირეკავდა „ევაკუატორი“. 40 წუთის შემდეგ „ევაკუატორი“ სახლში მომადგა. პაროლები გავცვალეთ და ის ბინაში შემოვიდა.

– მარტო ხარ? – იკითხა ახალმოსულმა.

– დიახ.

– დრო ძალიან ცოტა გვაქვს. ცენტრმა სპეციალურად გამომგზავნა, რომ აქედან გაგიყვანოთ.

– გასაგებია.

– ჩანაწერების ასლები აქ გაქვთ?

ჩანაწერების ასლები სახლში, საიდუმლო სამალავში მქონდა დამალული, მეკავშირეს კი ვუთხარი:

– ოფისში მაქვს გადამალული, იქ უფრო საიმედოა.

– სწრაფად მოემზადეთ. დრო არ ითმენს. ოფისიდან ჩანაწერები ავიღოთ და წავიდეთ.

– მოდი, ასე ვქნათ, თქვენ ქუჩის ბოლოში, სატელეფონო ჯიხურში დამელოდეთ. ეს ოფისის წინაა. რომ გამოვალ, უკან გამომყევით. ტაქსი ავიყვანოთ, თუ ვიშოვით, თუ არადა მიწისქვეშა ავტოსადგომიდან ჩემი მანქანა გამოვიყვანოთ და იმით ვიმგზავროთ. ჯერ თქვენ გადით. 10 წუთში მეც გამოვალ. სასურველი არაა, რომ წყვილში ვიაროთ. სამხედროები წყვილებს ჩხრეკენ. საბუთები წესრიგში გაქვთ.

– დიახ. ქვას გახეთქავს.

– კარგი. დაიძარი!

მეკავშირე ბინიდან გავიდა. მე ჩანაწერები სამალავიდან ამოვიღე. შემდგომ საევაკუაციო გასასვლელით ვისარგებლე და მეკავშირისგან სრულიად საპირისპირო მიმართულებით გავემართე. დიდი ჭკუა არ სჭირდებოდა იმის მიხვედრას, რომ ეს „ევაკუატორი“, სინამდვილეში, ცენტრიდან გამოგზავნილი ლიკვიდატორი იყო. როგორც ეტყობოდა, საბჭოთა მთავრობის მესვეურებმა ყველა კვალისა და მოწმის მოშორება გადაწყვიტეს და ჩემი ლიკვიდაცია დაგეგმეს.

„ევაკუატორ-ლიკვიდატორის“ თქმისა არ იყოს, ჩემი „ქსივები“ მართლაც რომ, ქვას ხეთქავდა. ქუჩაში რამდენიმეჯერ გამაჩერეს, მაგრამ, როდესაც პირადად პინოჩეტის მიერ ხელმოწერილ საშვს ვუჩვენებდი, ოფიცრები მხედრულ სალამს მაძლევდნენ და მიშვებდნენ.

სანტიაგოს გარეუბანში მივდიოდი. იქ მე ფარულად დაქირავებული პატარა სახლი მქონდა, რომლის შესახებ მხოლოდ მე ვიცოდი. სიმშვიდე მჭირდებოდა, რომ ყველაფერი გამეაზრებინა და შემდგომი მოქმედების გეგმა შემედგინა. ძალიან მეძინებოდა, ამიტომ გადავწყვიტე, ცოტა წამეთვლიმა, დამესვენა და მშვიდი გონებით მეფიქრა. ჩანაწერები კი სახლის უკან, მიწაში ჩავმარხე. ეს ყოველი შემთხვევისთვის გავაკეთე. მართალია, ჩემი პოვნის შანსი იქ თითქმის არ არსებობდა, მაგრამ რომ აღმოვეჩინეთ, ჩანაწერების გარეშე ხელს არ მახლებდნენ. უფრო სწორად, მანამდე არ მომკლავდნენ, სანამ ჩანაწერებს არ გამოვაჩენდი. თუმცა, სასტიკად კი მაწამებდნენ. რას იზამ, ჩვენს პროფესიაში ასეთი რამეც ხდება.

ერთი სიტყვით, 24 საათი გაუნძრევლად მეძინა. კარგად დასვენებულმა გავიღვიძე. თავი მოვიწესრიგე, თან ვფიქრობდი, რა გამეკეთებინა და ასეთი რამ მოვიფიქრე: „კაგებეს“ თავმჯდომარის სახელზე შიფროგრამა შევადგინე, ასეთი შინაარსით: „პატივცემულო იური ვლადიმიროვიჩ, მე შესანიშნავად მესმის, რა პოლიტიკური სირთულეებია და ის, რომ ჩემი ლიკვიდაციის გადაწყვეტილების მიღება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობდა და თქვენთვის ამის გაკეთება იოლი არ იყო. მადლობა ღმერთს, რომ ლიკვიდატორის კლანჭებს თავი დავაღწიე და ახლა უსაფრთხო ადგილზე ვიმყოფები. გთავაზობთ შეთანხმებას, მე არსად არასდროს არ გამოვაქვეყნებ ამ ჩანაწერს. სამაგიეროდ კი, თქვენ თავი უნდა დაანებოთ ჩემს დევნას. ხოლო, თუკი მაინც არ შემეშვებით და ჩემს მოხელთებას მოახერხებთ, გარწმუნებთ, რომ ეს ჩანაწერები შესაბამისი კომენტარებით მსოფლიოსთვის გახდება ცნობილი. უსაფრთხოების მიზნით თქვენგან ასეთივე პასუხს არ მოვითხოვ. თუ ჩემს პირობებზე თანახმა ხართ, მაშინ ერთი კვირის შემდეგ ლეონიდ ბრეჟნევი საბჭოთა ტელევიზიით გამოვიდეს და თქვას ასეთი ფრაზა: „პინოჩეტმა სალვადორ ალიენდეს გრძელი დანების დღე მოუწყო და ის ფაშიზმის მიმდევარია“. ეს ფრაზა ზუსტად ასეთი თანამიმდევრობით უნდა წარმოთქვას. ღრმა პატივისცემით, ხოსე“.

ზუსტად ერთ კვირაში ბრეჟნევმა ეს ფრაზა თქვა, რომელიც მსოფლიო მედიამ აიტაცა... ერთი შეხედვით, შეთანხმება მიღწეული იყო. შემეძლო, სამსახურში დავბრუნებულიყავი და სადაზვერვო საქმიანობა გამეგრძელებინა. იყო იმის ალბათობა, რომ ჩემთვის მართლა არ ეხლოთ ხელი. თუმცა, თავი დავიზღვიე. როდესაც „მეტკას“ გადებენ. ლიკვიდატორს გიგზავნიან და გადარჩები, ბედი აღარ უნდა გამოსცადო და ძველ პარტნიორებს აუცილებლად უნდა ჩამოშორდე. ამიტომ, გადავწყვიტე, ჩილედან წავსულიყავი და საიმედოდ დავმალულიყავი. მაგრამ სად? იმდენი ფული არ მქონდა, რომ გადაკარგულში მეცხოვრა და ეს არც იყო მაინცდამაინც საიმედო. ჩილეში დარჩენა საბოლოოდ ჩემს გაშიფვრას გამოიწვევდა, ამიტომ აქაურობას სასწრაფოდ უნდა გავცლოდი. ბევრი ფიქრის შემდეგ, კუბაზე გამგზავრება გადავწყვიტე. ერთი შეხედვით, ეს უაზრო ავანტიურა იყო. საბჭოთა კავშირის მეგობარს და ერთგულ მოკავშირე კასტროს ნამდვილად შეეძლო ჩემი მოსკოვში ექსტრადიცია. თუმცა, კასტროს კეთილგონიერების იმედი მქონდა. მხოლოდ მასთან შეხვედრა და ლაპარაკი იყო საჭირო. ასეთი შეხვედრის მოწყობა კი მიგელ არდილესს შეეძლო. მიგელი 1970 წელს გავიცანი ალიენდეს საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის დროს. არდილესი კასტროს ნდობით აღჭურვილი პირი იყო. სწორედ მიგელ არდილესმა ჩაუტანა ალიენდეს ფიდელ კასტროს მიერ ნაჩუქარი „კალაშნიკოვის“ ავტომატი, რომლითაც ჩილეს პრეზიდენტმა ლა-მონედაში თავი მოიკლა. იმჟამად მიგელ არდილესი პოლკოვნიკის ჩინს ატარებდა და კუბის უსაფრთხოების სამსახურის მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. მოკლედ, ჩანაწერები მიწიდან ამოვთხარე. დავანაწილე. ერთი თან წავიღე დანარჩენი ორი კი სხვადასხვა ადგილზე საიმედოდ დავმალე. შემდეგ ყალბი, მაგრამ საიმედო საბუთებით გემში ჩავჯექი და რამდენიმე სამხრეთამერიკული ქვეყნის გავლით, ჰავანაში ჩავედი. მიგელის მისამართი ვიცოდი და მასთან ტაქსით გავემგზავრე. ქალაქგარეთ ცხოვრობდა. ზღვის პირას. მის ვილას კი შეიარაღებული ჯარისკაცები იცავდნენ.

– საით, სენიორ? აქ შესვლა არ შეიძლება, – გზა გადამიღობა ავტომატიანმა ჯარისკაცმა.

– სენიორ მიგელის მეგობარი ვარ. თუ შეიძლება, მოახსენეთ, ხოსე გესტუმრათო.

ჩემდა საბედნიეროდ, მიგელ არდილესი შინ აღმოჩნდა. თავად გამოვიდა და რომ დამინახა, ჩამეხუტა, ხელგადახვეულმა შემიყვანა სახლში და მითხრა:

– როგორ ხარ, ამიგო? ოთხი წელი არ შევხვედრივართ ერთმანეთს.

– მიგელ, შენი დახმარება მჭირდება.

– მითხარი, რა გიჭირს, ხოსე.

– კომანდანტეს უნდა შემახვედრო.

– ვის? – გაუკვირდა არდილესს.

კომანდანტეს კუბელები ჩე გევარასა და ფიდელ კასტროს უწოდებდნენ. ჩე მკვდარი იყო. ფიდელი კი – კუბის მეთაური და არდილესმა უცებ ვერ აღიქვა ჩემი თხოვნის შინაარსი.

– ფიდელ კასტროს, მიგელ, – განვუმარტე არდილესს.

– კომანდანტეს? ეს არც თუ ისე იოლია, ხოსე. ფიდელი ძალიან დაკავებულია, მნიშვნელოვანი საქმეები აქვს.

– მიგელ, ჩათვალე, რომ ფიდელთან უმნიშვნელოვანი საქმე მაქვს.

– შევეცდები, ხოსე.

მე ჩანაწერი ჯიბიდან ამოვიღე, არდილესს გავუწოდე და ვუთხარი:

– ეს ზესაიდუმლო ინფორმაციაა. კომანდანტემ მოისმინოს და ვფიქრობ, უარს არ იტყვის ჩემთან შეხვედრეზე.

– პასუხს საღამოს გეტყვი. შენ კი აქ დარჩი. მე უნდა წავიდე. აბა, შეხვედრამდე!

საღამოს მაგივრად, მიგელი ორ საათში დაბრუნდა. ძალიან სერიოზული გამომეტყველება ჰქონდა. მრავალმნიშვნელოვნად შემათვალიერა და მითხრა:

– წევედით! კომანდანტე გელოდება.

ფიდელს მის რეზიდენციაში შევხვდი ტელე- და კინოკადრებზე ნანახი მყავდა, მაგრამ პირადად ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. კასტრო ძალიან ქარიზმატული, მიმზიდველი პიროვნება იყო. შუა ოთახში მეგობარივით შემეგება. სავარძელში დაჯდომა შემომთავაზა, თვითონ წინ დამიჯდა და მკითხა:

– სერნიორ ხოსე, ეს ჩანაწერი საიდან გაქვს და ნამდვილია?

– კომანდანტე, მართალია, ეს ასლია, მაგრამ სრული სიმართლეა. თავად მე ჩავწერე.

– თქვენ?

– დიახ. კომანდანტე, მე, – თავი დავუკარი კასტროს და დავაყოლე, – მე საბჭოთა მზვერავი ვარ და ჯერ კიდევ ათი წლის წინ ჩამნერგეს ჩილეში. იქ კი ძალიან საშიში ვითარება შეიქმნა და იძულებული გავხდი, იქაურობას გავცლოდი.

ფიდელი ძალიან გონიერი, ცოცხალი აზროვნების ადამიანი იყო. ჩემს სიტყვებზე ის ჩაფიქრდა. ეტყობოდა, რომ მათ შინაარსს იაზრებდა და მითხრა:

– თქვენის ნებართვით, ერთ პატარა ანალიზს გავაკეთებ და თუ რამე შემეშლება, გამისწორეთ.

– დიახ, კომანდანტე.

– ჩემი აზრით, თქვენი ლიკვიდაციის ბრძანება მოსკოვმა გასცა და მკვლელს გამოექეცით. ასეა?

– დიახ. ასეა.

ფიდელ კასტრომ ხელით მანიშნა – ნუ მაწყვეტინებო და განაგრძო:

– როგორც ეტყობა, პინოჩეტის პუტჩი „ცეერუსთან“ არ იყო შეთანხმებული. თუმცა გენერალს ის მომზადებული ჰქონდა. თავისი გეგმა კი მას მერე მოიყვანა მოქმედებაში, როდესაც ეს ჩანაწერი მოისმინა. ეს ჩანაწერი კი მას საბჭოთა მთავრობის მითითებით გადაეცა.

– დიახ. გენერალს მე გავუგზავნე ეს ფირი, მათი ბრძანებით. საბჭოთა ხელმძღვანელობის მითითებით.

– ესე იგი, სალვადორე გაწირეს. თუმცა, ეს მისი ბრალია. ჩემთვისაც არაერთხელ შემოუთავაზებიათ დიდი დახმარება საბჭოთა კავშირთან ურთიერთობის გაწყვეტის სანაცვლოდ, მაგრამ ყოველთვის უარით ვისტუმრებდი. მაგრამ ალიენდეს ასე მაინც არ უნდა მოქცეოდნენ და საკმარისი იყო, ეს ჩანაწერი მისთვის ეჩვენებინათ, რომ ის დღესაც ცოცხალი იქნებოდა. აი, ჩემო მეგობარო, ასეთი ბინძური თამაშია გლობალური პოლიტიკა.

– სამწუხაროდ ასეა, – ვუთხარი კასტროს. თან მოვუყევი ჩემ მიერ გაგზავნილი „შიფროვკისა“ და დადებული პირობის შესახებ.

ფიდელს გაეცინა და მითხრა:

– ამიგო, ახლა მეც განდობილი გამოვდივარ და „კაგებეს“ სამიზნე.

– თქვენ ტყვია არ გეკარებათ, კომანდანტე. ვერც „ცეერუმ“ დაგაკლოთ რამე და ვერც „კაგებე“ დაგაკლებთ.

– იმედია, – თქვა კასტრომ და დაამატა, – როგორც ჩანს, ჩვენთან ცხოვრება გადაწყვიტეთ და ძალიან მოხარული ვარ. პირობას გაძლევთ, რომ აქ უსაფრთხოდ იქნებით. მით უმეტეს, რომ კუბაზე, ზოგადად, მედიცინა, და მათ შორის, პლასტიკური მედიცინა მაღალ დონეზეა განვითარებული.

კომანდანტეს სიტყვა ფოლადზე მტკიცე და ვაჟკაცური იყო. სულ მალე გარეგნობა შემიცვალეს. კუბაში დავსახლდი. იქვე დავოჯახდი და კომანდანტეს გარდაცვალებამდე იქ ვცხოვრობდი. თუმცა, დიდი დროის გასვლისა და ჩემი ასაკის მიუხედავად, საცხოვრებელი ადგილი მაინც შევიცვალე. მართალია, ამჟამად 92 წელს ვარ გადაცილებული, მაგრამ ჯანმრთელობას არ ვუჩივი. ჩემი აზრით, დღემდე სახიფათო მოწმე ვარ და თავის დროზე ისეთი ინფორმაციის მფლობელი გავხდი, რომელსაც ხანდაზმულობის ვადა არ გააჩნია. ამიტომ დღემდე თავს ვიზღვევ. ის ორი ასლი კი კვლავ საიმედოდაა შენახული ორ სხვადასხვა ადგილზე. ფიდელისთვის გადაცემული ერთი ჩანაწერი კი კომანდანტეს ჰქონდა შენახული და მას რა ბედი ეწია, არ ვიცი.

დასასრული

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი