ეპიცენტრში
ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00
ორ რამეს ვიტყვი. პირველი – თბილისელი ქართველი ვარ. მაგრამ, ყველა მონათხრობში საკუთარ თავს ხოსეთი მოვიხსენიებ. მეორე – მხოლოდ სიმართლე რომ დაიწეროს, მაშინ მსოფლიო ისტორიის გადაწერა გახდება საჭირო, განსაკუთრებით ეს პოლიტიკურ ისტორიას ეხება...
თბილისის უცხო ენების ინსტიტუტი დავამთავრე, ესპანურის განხრით. თუმცა, ინგლისურ და გერმანულ ენებსაც ვფლობდი. სწავლის გაგრძელებას მოსკოვის ასპირანტურაში ვაპირებდი და შესაბამისი საბუთებით საბჭოთა კავშირის დადაქალაქს ვეწვიე. სათვალიანმა მდივანმა ქალმა ამათვალიერ-ჩამათვალიერა და მითხრა:
– ამ სიშორეზე წამოსვლას, ადგილობრივი ასპირანტურისთვის მიგემართა.
შენობითვე არ მიპასუხია და ვუთხარი:
– დედაქალაქისკენ გამომიწია გულმა, ამხანაგო ასპირანტურის მდივანო.
– არ მიკვირს მემანდარინეებითა და მემწვანილეებითაა სავსე მოსკოვი და მათზე ნაკლები რით ხარ?
სხვა ჩემ ადგილზე მდივან ქალს ძალიან უწმაწურ პასუხს გასცემდა. მე კი ოლიმპიური სიმშვიდით მივუგე:
– აშკარად გეტყობათ, რომ ბაზრის ცხოვრებაში ღრმად ჩახედული ბრძანდებით და ალბათ, ხშირად დადიხართ იქ.
– მიწევს ხოლმე, – გაეღიმა ქალს და დაამატა, – ხვალ დილის ცხრა საათზე უნდა მოხვიდეთ გასაუბრებაზე. ნახვამდის!
მდივანი ქალის თქვენობითზე გადასვლა და მოულოდნელი თავაზიანობა კარგად მენიშნა. დავემშვიდობე და წამოვედი. მეორე დღეს კი დანიშნულ დროს იქ ვიყავი. მდივანი ქალი არ ჩანდა. მოსაცდელში შუა ხნის მამაკაცი შემოვიდა და მითხრა:
– ამხანაგო ხოსე, წამობრძანდით.
გრძელი დერეფანი რომ გავიარეთ, გამცილებელმა ¹13 ოთახში შემიშვა, თავად კი გარეთ დარჩა. ჟალუზებიანი, 20 კვადრატული მეტრის ფართობის კაბინეტში, სადად ჩაცმული მამაკაცი იჯდა. მან ესპანურად მითხრა, დაჯექიო და საუბარი ესპანურ ენაზე წარიმართა. კაბინეტის მასპინძელი ჯერ ჩემს ბიოგრაფიულ მონაცემებს მეკითხებოდა. შემდგომ სხვა თემებზე გადავედით. მათ შორის პოლიტიკასა და ლიტერატურასაც შევეხეთ და ბოლოს რუსულად მითხრა:
– ესპანურს უზადოდ ფლობთ. რიტასაც სიმართლე უთქვამს. თავსაც მშვენივრად აკონტროლებთ, ხოსე.
– გმადლობთ შექებისთვის...
– ივან ივანიჩი, – მომაშველა კაბინეტის მასპინძელმა და დაამატა, – რიტა ის სათვალიანი მდივანია, ვინც თქვენი საბუთები მიიღო. „მემანდარინეები და მემწვანილეები“ კი თქვენი შესამოწმებელი სიტყვები იყო. ასე ვთქვათ, გამოსაცდელი. გვინდოდა, გაგვეგო, თუ როგორ დაიჭერდით თავს შეურაცხყოფის დროს და უნდა გითხრათ, რომ გამოცდა ბრწყინვალედ ჩააბარეთ. „მემანდარინეებისა და მემწვანილეებისთვის“ კი რიტაც და მეც ბოდიშს გიხდით.
ზოგადად, ეს სიტუაცია უცნაურად მომეჩვენა. ვერ ვხვდებოდი, რა საჭირო იყო ასპირანტურაში შემსვლელის ასეთი შემოწმება და ივან ივანიჩს ვუთხარი:
– შეიძლება, შევეკითხოთ?
– რა თქმა უნდა.
– ივან ივანიჩ, რა მიზანს ემსახურებოდა ჩემი ასეთი შემოწმება?
– მთავარ მიზანს, ხოსე. უნდა დავრწმუნებულიყავით, ღირდა თუ არა თქვენთვის იმის შემოთავაზება, რაც უნდა შემოგთავაზოთ.
– რა უნდა შემომთავაზოთ, ივან ივანიჩ?
– რა და საგარეო დაზვერვაში მუშაობა, ძვირფასო ხოსე.
– საგარეო დაზვერვაში?
– დიახ.
– კი, მაგრამ, იქ რა უნდა გავაკეთო?
– ის, რასაც საჭიროება მოითხოვს. მანამდე კი სადაზვერვო სკოლაში უნდა ისწავლოთ.
– სადაზვერვო სკოლაში?
– სწორედაც. და, იქ თქვენ მრავალ საინტერესო დისციპლინას შეისწავლით. თანახმა ხართ?
– მოფიქრებისთვის დრო მაქვს?
– ოცდაოთხი საათი. ხვალ ამ დროს გელოდებით.
წამით ჩავფიქრდი და ივან ივანიჩს ვუთხარი:
– თანახმა ვარ.
– მოსაფიქრებელი დრო აღარ გჭირდებათ?
– მოვიფიქრე უკვე. თანახმა ვარ.
– თუ მასეა, გილოცავთ. ჩარიცხული ხართ სადაზვერვო სკოლაში. იქ კურსის გავლის შემდეგ ასპირანტურის დიპლომსაც აიღებთ.
– სწავლას როდის უნდა შევუდგე?
– ერთ კვირაში. მანამდე კი შეგიძლიათ, თბილისში დაბრუნდეთ. ორი წლის განმავლობაში ახლობლებს ვეღარ ნახავთ და შეგიძლიათ, მოისიყვარულოთ. მხოლოდ ერთი თხოვნაა, თქვენ ასპირანტურაში სწავლობთ და სადაზვერვო სკოლაზე კრინტიც კი არავისთან დაძრათ. გასაგებია?
– გასაგებია, ივან ივანიჩ.
– აეროფლოტის სალაროში თქვენზე ბილეთია დაჯავშნილი და უფასოდ მოგცემენ. ერთ კვირაში გელოდებით. აბა, შეხვედრამდე!
– გმადლობთ. შეხვედრამდე! – ვთქვი და წამოვედი.
როგორც მოგვიანებით შევიტყვე, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი, თურმე, მეორე კურსიდან მაკვირდებოდა. მსწავლობდა და ჯერ კიდევ მაშინ მამზადებდა იმ მისიისთვის, რაც შემდგომ ჩემი ცხოვრების მთვარი შემადგენელი ნაწილი გახდა.
სადაზვერვო სკოლაში ყველა ის აუცილებელი დისციპლინა შემასწავლეს, რაც უცხოეთში მომუშავე აგენტ არალეგალს სჭირდება. სწავლას რომ მოვრჩი, „კაგებეს“ შტაბ-ბინაში დამიბარეს და პირველი მთვარი სამმართველოს უფროსს, „პეგეუს“ (საგარეო დაზვერვა) ხელმძღვანელს შევხვდი. ზოგადი შესავლის მერე მან მითხრა:
– ხოსე, ძალიან მნიშვნელოვანი მისიის შესრულება მოგიწევთ. აქედანვე უნდა გითხრათ, რომ შესაძლოა, მრავალი წლის განმავლობაში ვერ მოახერხოთ სამშობლოში დაბრუნება და ამისთვის მზად უნდა იყოთ.
– მზად ვარ, ამხანაგო გენერალო!
– ხოსე, სამუშაოდ ჩილეში უნდა გაემგზავროთ. ამას ჩვენი სამშობლოს ინტერესები მოითხოვს. და, თქვენ, როგორც ჩვენი ქვეყნის გულმხურვალე პატრიოტსა და მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალს, განდობთ ამ მისიას.
– ვემსახურები საბჭოთა კავშირს, ამხანაგო გენერალო! – გამოვეჭიმე ჩემს უშუალო უფროსს.
შემდგომ, გენერალთან ერთად, უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესაც ვეახლე კაბინეტში. იმანაც, რამდენიმე ტრაფარეტული ფრაზით დამილოცა გზა და რთული, ტრანსატლანტიკური ბილიკებით, ერთი თვის შემდეგ უკვე ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში ჩავედი. იქ მე იურისტის საიმედო საბუთები მქონდა. ისეთი „სივები“, რომლებიც ნებისმიერ მკაცრ, სკურპულოზურ შემოწმებას გაუძლებდა. სულ რაღაც 28 წლის ვიყავი და ჩილეს სენატში იურისტად მოვეწყვე. თავდაპირველად ცენტრიდან არანაირი მითითებები არ მომდიოდა. პირველ ეტაპზე ჩემი ერთადერთი ამოცანა იყო, ჩილეს პოლიტიკურ წრეებში გავშინაურებულიყავი და ამ ამოცანას წარმატებით გავართვი თავი. პირველი დავალება იყო პოლიტიკოს სალვადორ ალიენდესთან დაახლოება. როგორც შემდგომ ამ პოლიტიკოსთან დაკავშირებით შევიტყვე,, საბჭოთა მთავრობის ხელმძღვანელებს სერიოზული გეგმები ჰქონდათ. ამ ადამიანის სოციალურ-პოლიტიკური შეხედულებები იმის საშუალებას იძლეოდა, რომ ეს პოლიტიკოსი ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ გამოეყენებინათ. ამიტომ, მას ჩილეს პრეზიდენტობისკენ მიმავალ გზაზე ფარულად უწყობდნენ ხელს. ალიენდე ხუთი წლის განმავლობაში იკავებდა სენატის პრეზიდენტის პოსტს და ეს პირდაპირი ტრამპლინი იყო ქვეყნის პრეზიდენტობის პოსტის დასაკავებლად...
მეოცე საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისი იყო. საბჭოთა კავშირ-შეერთებულ შტატებს შორის დროებითმა დათბობამ დაპირისპირების ახალი ტალღა ააგორა. კარიბის კრიზისმა კინაღამ მესამე, ბირთვული ომი გამოიწვია და ჯერ პრეზიდენტი კენედი მოკლეს, შემდეგ ხრუშჩოვიც ჩამოაშორეს მმართველობას და ბირთვულ-პოლიტიკურმა დაძაბულობამ ოდნავ იკლო. ორივე მხარე კვლავ ჩილეთი დაინტერესდა და ახალი დავალება მივიღე. მეკავშირეს სანტიაგოს ცენტრალურ სკვერში შევხვდი და მან მითხრა:
– ალიენდე სულ მალე მორიგ საპრეზიდენტო რბოლას დაიწყებს და მას ყოველმხრივ უნდა დაეხმაროთ.
– კონკრეტულად?
– კონკრეტულად, თქვენ მოუზიდავთ მას ფინანსებს. ფორმალურად ეს იქნება სხვადასხვა ორგანიზაციისა თუ ბიზნესმენთა შემოწირულობები. სინამდვილეში კი „კაგებეს“ ფული.
– მერე და ალიენდე დათანხმდება ამ ფულით სარგებლობას?
– მან არც უნდა იცოდეს ეს. თავის დროზე კი ალიენდეს უტყუარ საბუთებს დავუდებთ და ის უარს ვეღარ იტყვის ზოგიერთი ჩვენი თხოვნის შესრულებაზე.
როგორც მოგვიანებით შევიტყვე, ოპერაცია „ლიდერის“ ერთ-ერთი მთავარი ფიგურა ვიყავი. ამ ოპერაციას „კაგებე“ ატარებდა და მიზნად ისახავდა ლათინური ამერიკის ქვეყნებში ამერიკული იმპერიალიზმისთვის რევოლუციური დარტყმის მიყენებას. ალიენდეს გაპრეზიდენტება კი მხოლოდ ერთი მხარე იყო ამ ფართომასშტაბიანი ოპერაციისა.
საგულისხმო ფაქტი იყო ის, რომ მეკავშირე, ვინც ცენტრიდან ეს ინფორმაცია გადმომცა, მეორე დღესვე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს მისსავე სახლის სადარბაზოში. პოლიციამ განაცხადა, რომ ადგილი ჰქონდა ძარცვას. თუმცა, ეს მხოლოდ გარეგნული მხარე იყო. სინამდვილეში კი მეკავშირე ცენტრის ბრძანებით მოკლეს, როგორც ზესაიდუმლო ინფორმაციის მატარებელი. და პირველად მაშინ მივხვდი, მეც რამხელა რისკის ქვეშ ვიმყოფებოდი. ამიტომ ჯერ კიდევ მაშინ დავიწყე შესაბამისი ზომების მიღება ჩემი უსაფრთხოებისთვის.
1970 წლის 24 ოქტომბერს სალვადორ ალიენდე ჩილეს პრეზიდენტი გახდა. მე კი საკმაოდ საპასუხისმგებლო პოსტი დავიკავე მის ადმინისტრაციაში. ცენტრიდან დავალებული მქონდა, რომ თვალყური მედევნებინა მისთვის და საამისოდ შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობაც მივიღე...
დეტალებში აღარ შევალ, მაგრამ, ალიენდეს მოღვაწეობამ შეერთებული შტატების უკიდურესი გაღიზიანება და უკმაყოფილება გამოიწვია. „ცეერუმ“, სამხედროების გამოყენებით, მისი დამხობა სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა. პუტჩი ჩვენი დახმარებით განეიტრალდა. შტატებმა კი, ანტიპროპაგანდასთან ერთად, სანქციებიც გამოიყენა და ალიენდეს, რომ იტყვიან, წყალი შეუყენეს. ქვეყანაში გამოსვლები დაიწყო. პრეზიდენტის რეიტინგი ეცემოდა და აქ მოხდა ის, რაზეც ოფიციალური მსოფლიო ისტორია დუმს. 1974 წლის 11 სექტემბრამდე ორი კვირით ადრე პრეზიდენტ ალიენდეს კაბინეტში „ცეერუს“ ემისარი ეწვია და მათ შორის ასეთი დიალოგი გაიმართა. ემისარმა ალიენდეს უთხრა:
– ჩვენი მხარე შეშფოთებულია თქვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებით. მდგომარეობა ყოველდღიურად იძაბება და თუკი საჭირო ზომები არ იქნა მიღებული, ის შეიძლება, კონტროლს აღარ დაექვემდებაროს. აქ კი იმიტომ გეახელით, რომ დახმარების ხელი გამოგიწოდოთ.
ალიენდემ შესანიშნავად იცოდა, რომ ეს არეულობა ამერიკის მიერ იყო პროვოცირებული და ემისარს უთხრა:
– მაინც, როგორ დაგვეხმარებით?
– ჩვენ გვაქვს საკმაო გავლენა გარკვეულ წრეებზე. ამ გავლენას გამოვიყენებთ. სანქციებსაც უმალვე შევაჩერებთ.
– სანაცვლოდ რას ითხოვთ?
– ერთადერთ რამეს: საბჭოთა კვშირთან მეგობრული ურთიერთობების გაწყვეტას და ჩვენთან თანამშრომლობას.
ალიენდემ პაუზა გააკეთა. ბოლოს კი თქვა:
– თანახმა ვარ. მხოლოდ ერთი პირობით.
– ბრძანეთ თქვენი პირობა, ბატონო პრეზიდენტო.
– სამხედროების პრობლემა უნდა მომიხსნათ. ჩემთვის ცნობილია, რომ ისინი ჩემს დამხობას გეგმავენ და თქვენ მათ ამაში ხელს არ უშლით. უფრო ზუსტად კი, ხელს უწყობთ.
– გენერალ პინოჩეტს თუ გულისხმობთ, ის ჩვენი ერთი თითის დაქნევაზე მოჯდება. ხოლო, თუ არა, მაშინ მოვაჯენთ. და, მერწმუნეთ, ბატონო პრეზიდენტო, რომ ამას ძალიან სწრაფად და ეფექტურად განვახორციელებთ.
– მაშინ შევთანხმდით. პასუხი თქვენზეა.
– მაქსიმუმ, ორ-სამ კვირაში გეტყვით თეთრი სახლის პასუხს და იმასაც, თუ როგორი ფორმით უნდა განხორციელდეს საბჭოთა კვაშირთან ურთიერთობის გაწყვეტა.
ამ ჩანაწერმა ჩემზე საშინელი შთაბეჭდილება მოახდინა. ასლები გავაკეთე. ორიგინალი კი უმალვე მოსკოვში ვაფრინე ექსტრემალური კავშირით. ასეთი არხი განსაკუთრებული შემთხვევისთვის გვქონდა შემონახული. და, ეს ექსტრემალური კავშირი პირადად მე ვიყავი. ანუ, სანტიაგოდან მოსკოვში ბუენოს-აირესის გავლით ჩავფრინდი. ლუბიანკაზე რომ გამოვჩნდი, ჩემი უშუალო უფროსი საკუთარ თვალებს არ უჯერებდა. ყურადღებით შემათვალიერა და მითხრა:
– დიდი უბედურებაა?
– აი, ამას მოუსმინეთ, – ვუთხარი გენერალს და ჩანაწერი მაგიდაზე დავუდე.
ჩანაწერის მოსმენისას, გენერალი მიტკალივით გაფითრდა. ბოლოს კი მითხრა:
– საშინელებაა. ამას დიდი უბედურება მოჰყვება. აქ დამელოდე. ვეცდები, მალევე მოვიდე.
– ამხანაგო გენერალო, სასადილოში ჩავალ.
– არა. აქ მოგიტანენ ვახშამს. დამელოდე!
ვახშამი მალევე მომიტანეს და ჭამას გენერლის კაბინეტში შევუდექი. გენერალი კი კომიტეტის თავმჯდომარესთან გაიქცა და ჯერ კიდევ ჭამა არ მქონდა დასრულებული, რომ უკან დაბრუნდა და მითხრა:
– ანდროპოვი ბრეჟნევთან წავიდა და შენზე დაიბარა, ფეხი არსად მოიცვალოსო. რომ დაბრუნდება, ალბათ, პირადად დაგელაპარაკება.
გენერლის კაბინეტში დილის 5 საათამდე შევყოვნდი. შემდეგ ანდროპოვმა ორივე თავისთან გვიხმო და რომ მივედით, მკითხა:
– ეს ხომ ნამდვილი ჩანაწერია?
– დიახ, იური ვლადიმიროვიჩ, ორიგინალია. სამი ასლი სანტიაგოში მაქვს შენახული.
– მოკლედ, ასეთი რამ გადაწყდა, – თქვა ანდროპოვმა. შუბლიდან ოფლი მოიწმინდა და დაამატა, – ერთი ასლი გენერალ აუგუსტო პინოჩეტის უნდა გაუგზავნოთ. გაქვს ამის საშუალება? ანუ – შენ რომ არ გამოჩნდე.
– დიახ.
– მაშინ უკან დაბრუნდი და იმოქმედე. თან, ჩვენს სიგნალს დაელოდე. დიდი ალბათობით, ახალ დავალებას მიიღებ.
ჩილეში დავბრუნდი. პინოჩეტს ეს ჩანაწერი გავუგზავნე და როგორც „კაგებეს“ თავმჯდომარემ მიბრძანა, მოვლენების განვითარებას დაველოდე.
დასასრული შემდეგ ნომერში
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





