რომანი და დეტექტივი

ენდჰაუზის საიდუმლოება

№1

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 14.01

დეტექტივი
დაკოპირებულია
  • აგატა კრისტი

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #47-52 (1200)

საავადმყოფოში დავბრუნდით. მაშინვე ზევით აგვიყვანეს. ნიკი ლოგინზე იჯდა. თვალის გუგები არაბუნებრივად გაფართოებოდა, ხელები უკანკალებდა. ძალიან აღელვებული ჩანდა. ნეტავი მოვეკალი. ყველაფერი მომბეზრდა, ძალზე მომბეზრდა! ხომ ხედავთ, თქვენმა საავადმყოფომაც ვერ დამიფარა.

– თქვენ გარკვევით გითხრეს, გარედან შემოტანილი არაფერი ჭამოთო.

– არც მიჭამია.

– შოკოლადის კანფეტები?

– ის ხომ თქვენ გამომიგზავნეთ.

– მე? არასოდეს. არაფერი ამის მსგავსი არ გამომიგზავნია.

– როგორ არ გამოგიგზავნიათ, თუ მასში თქვენი ბარათი იდო? აი, ნახეთ...

სუნთქვა შეგვეკრა.

ბარათზე იგივე ხელწერა იყო, რომელიც პუარომ ყვავილების კალათას გაუკეთა და წინადღით ნიკს გამოუგზავნა – „მოკითხვით – ერკიულ პუაროსაგან“.

– სწორედ ასეთი ბარათი მომივიდა ნარინჯისფერ მიხაკებთან ერთადაც, ეჭვიც არ შემპარვია, რომ ეს თქვენგან იყო.

პუარომ თავი გააქნია.

– ეშმაკი! ჭკვიანი ეშმაკი! ეს ადამიანი გენიოსია. „მოკითხვით – ერკიულ პუაროსაგან?!“ ასე უბრალოდ. ეს უნდა განმესაზღვრა. მე კი... ვერ გავითვალისწინე. ეს სვლა ხელიდან გავუშვი. გამხნევდით, მადმუაზელ. ეს ჩემი უკანასკნელი შეცდომაა. წავიდეთ, ჰასტინგს!

პუარომ, პირველ რიგში, საავადმყოფოს დიასახლისი მოინახულა. დაკითხვა დაიწყო, თუ რა ვითარებაში მოიტანეს ეს საბედისწერო ამანათი. დიასახლისის აზრით, უმჯობესი იყო მორიგე სანიტარი დაგვეკითხა. ეს ახალგაზრდა, გვარად ჰუდი, დიდი გონიერებით არ გამოირჩეოდა, მაგრამ წესიერი ადამიანი ჩანდა. ასე, 22 წლის იქნებოდა.

– კოლოფი გუშინ საღამოს მოიტანეს, ის ჯენტლმენმა მოიტანა.

– გამხდარმა და ქერათმიანმა?

– თმა ქერა ჰქონდა... მაგრამ გამხდარს ვერ ვიტყოდი. არა, ეს მისტერ ვაიზი არ იყო. მისტერ ვაიზს ვიცნობ. ის ჯენტლმენი უფრო მაღალი და ლამაზი იყო. თანაც დიდი მანქანით მოვიდა.

– ლაზარუსი! – წამოვიყვირე მე. პუარომ გამაფრთხილებლად გადმომხედა. ენა მოვიკვნიტე.

– მაშ, – დაიწყო პუარომ, – ეს ჯენტლმენი დიდი მანქანით მოვიდა და ამანათი დატოვა. იგი განკუთვნილი იყო მისის ბაკლისათვის? რა უყავით მას?

– სანიტარმა აიტანა. ჯერ ავიღე და მაგიდაზე დავდე.

– ნუ დაიზარებთ, მაჩვენეთ.

სანიტარმა ვესტიბიულში შეგვიყვანა. შესასვლელი კარი ღია იყო. იქვე ახლოს მარმარილოს გრძელი მაგიდა იდგა. მასზე წერილები და გადასაცემი ფუთები ეწყო.

– რაც მოაქვთ, ყველაფერს აქ ვდებთ, სერ. ხოლო შემდეგ სანიტრები პალატებში არიგებენ.

– გმადლობთ, – თქვა პუარომ. – ახლა კი ის სანიტარი უნდა ვნახოთ, რომელმაც ამანათები დაარიგა.

სანიტარი ერთ-ერთი სტაჟიორთაგანი აღმოჩნდა. მას ახსოვდა, რომ ფუთა ექვს საათზე წაიღო, როცა სამორიგეოდ გამოცხადდა. მხოლოდ ის კოლოფი კი არა, იქ იყო კიდევ ყვავილები, სურნელოვანი გვირილა, ჩემი აზრით, მისის და მისტერ კროფტებისაგან. ეს ყველაფერი ერთად ავიღე და მის ბაკლის ავუტანე. ჰო, მართლა, მის ბაკლისათვის კიდევ ერთი პაკეტი იყო, იგი ფოსტით მოვიდა. მასშიც ისეთივე კოლოფი აღმოჩნდა.

– კიდევ ერთი კოლოფი?

– დიახ, საოცარი დამთხვევაა. მის ბაკლიმ ორივე პაკეტი გახსნა და თქვა: „როგორ მწყინს, რომ ჭამის ნებას არ მაძლევენ“. ერთ–ერთში თქვენი ბარათი იდო, მაშინ მის ბაკლიმ თქვა: „ამისი ჭამა შეიძლება, ამისი კი არა. წაიღეთ, თორემ შეიძლება ამერიოს“. პუარომ მას ლაქლაქი შეაწყვეტინა.

– ვინ გამოგზავნა მეორე?

– მასზე არაფერი ეწერა.

– კი, მაგრამ, ამ ორიდან რომელია ვითომ ჩემი გამოგზავნილი. ფოსტით რომ მოვიდა, თუ მეორე?

– ო, ღმერთო, ეს კი არ მახსოვს. მის ბაკლისაც ზუსტად არ ახსოვს. ჯერ ორივე პაკეტი გაუხსნია, შემდეგ კი კოლოფები. მაგრამ, მისი აზრით, თქვენი კოლოფი ფოსტით არ უნდა იყოს გამოგზავნილი.

პუარო შეიჭმურხნა.

– ცუდი არ იქნებოდა მადმუაზელის ავადმყოფობა გაგვეზვიადებინა. გავავრცელებთ ხმას, რომ იგი სიკვდილის პირას არის.

ლაზარუსის საძებნელად დიდი დრო არ დაგვჭირვებია. იგი სასტუმროსთან იდგა და თავის მანქანას დასტრიალებდა. პუარო მაშინვე მისკენ გაემართა.

– გუშინ საღამოს, მუსიე ლაზარუს, მადმუაზელისათვის შოკოლადის კოლოფი მიგიტანიათ,

– მერე რა მოხდა? კაცმა რომ თქვას, კანფეტები ჩემგან კი არა, ფრედისაგან იყო, მისის რაისისაგან. მან მთხოვა მიმეტანა.

– სად არის ახლა მისის რაისი?

– მგონი, სალონშია.

ფრედერიკა ჩაის მიირთმევდა.

– მადამ. მითხარით, თქვენ გაუგზავნეთ მას გუშინ შოკოლადი?

– მან მთხოვა და ვუყიდე. დამირეკა. მკითხა, ხომ ვერ ვუყიდიდი ორფუნტიან შოკოლადის კანფეტს.

– მისი ხმა ძლივს ისმოდა?

– არა... სრულიადაც არა. საკმაოდ ხმამაღლა, მაგრამ უჩვეულოდ. პირველად ვერც კი ვიცანი.

– დარწმუნებული ხართ, მადამ, რომ ის თქვენი მეგობარი იყო?

ფრედერიკა დაიბნა.

– სხვა ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო? ისე, ხმა სულ არ ჰგავდა. ვიფიქრე, ეს, ალბათ, ტელეფონის ანდა ავადმყოფობის ბრალია-მეთქი. თავისი ვინაობა რომ არ ეთქვა, ვერ მივხვდებოდით ვინ იყო. ნიკი... განა... რამე მოხდა?

– კანფეტები მოწამლული იყო, მადამ. სიკვდილის პირასაა.

– ღმერთო ჩემო! მან სახეზე ხელები აიფარა. როდესაც თავი ასწია, მკვდრის ფერი ედო, – არ მესმის, – წაიჩურჩულა მან, – არაფერი მესმის, ჩემსა და ჯიმის გარდა კოლოფს არავინ შეხებია. თქვენ საშინელ შეცდომას უშვებთ, მუსიე პუარო.

– თუმცა კოლოფში ჩემი ბარათი იდო. მადმუაზელი ნიკი რომ მოკვდეს...

პუარომ სიტყვა არ დაამთავრა და მუქარის ნიშნად თითი დააქნია. რაისმა ჩუმად წამოიყვირა. პუარომ მას ზურგი შეაქცია. მერე ხელი მომკიდა და ორივენი სასტუმრო ოთახისაკენ გავემართეთ.

– ის ხომ კოკაინს იღებს, ჰასტინგს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეა. აქ მეორე აზრი არ არსებობს. კანფეტებშიც კოკაინი იყო. ახლა ეს დარდიმანდი მუსიე ლაზარუსი – როგორია მისი როლი? რა იცის მადამ რაისმა? ფრედერიკა იმათ რიცხვს არ ეკუთვნის, ვინც შეიძლება, შიშით ალაპარაკდეს. ეს ძალზე ბნელი ისტორიაა. ის მეორე კოლოფი, რომელიც ფოსტით გამოგზავნეს? მადმუაზელმა დაბეჯითებით არც კი იცის, რომელში იყო შხამი. აი კიდევ საფიქრალი!

დილის ხუთი საათისთვის მოურიდებლად გამაღვიძეს. ჩემს საწოლთან სახეგაბრწყინებული პუარო იდგა.

– საქმე ისაა, ჰასტინგს, რომ მადმუაზელი გარდაიცვალა.

– რაო! – დავიყვირე მე. – მაშინვე გამოვფხიზლდი.

– მართლა კი არა, მაგრამ ამისი მოწყობა რაღაც ოცდაოთხი საათით შესაძლებელია. მოველაპარაკები ექიმს და მომვლელებს. გამიგეთ, ჰასტინგს? აბა, ვნახოთ, რა მოხდება...

პუაროს ჩანაფიქრი თავიდან ბოლომდე სიცრუესა და ხრიკებზე იყო აგებული. აუცილებლად უნდა გადმოებირებინა ექიმი გრეჰემი, ხოლო როცა მის მხარდაჭერაში დარწმუნდებოდა, საჭირო იქნებოდა საავადმყოფოს დიასახლისისა და კიდევ ზოგიერთი მუშაკის დახმარება. პუარო ყველაფერზე თანახმა იყო, ოღონდ მისი გეგმა არ ჩაშლილიყო.

– ოჰ რა კომედიაა! მადამ რაისთან საკმაოდ ამაღელვებელი საუბარი მქონდა, ტრაურშია, რაც, უნდა ითქვას, ძალიან უხდება.

– მე კი მგონია, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში პირველად არ გჯერათ მისი დანაშაული.

პუარო შეიჭმუხნა და გაჩუმდა:

– თქვენ სწორედ ნიშანში მოარტყით, ჰასტინგს. მეტისმეტად საინტერესო ამბებია მოსალოდნელი. ყველანი გვირგვინებს უკვეთავენ. მუსიე კროფტი, მუსიე ვაიზი, კაპიტანი ჩელენჯერი...

– ყური მიგდეთ, პუარო. ჩელენჯერს ყველაფერი უნდა უამბოთ, თორემ საცოდავი დარდისაგან ჭკუიდან შეიშლება, ასე არ ვარგა.

პუარომ უარის ნიშნად თავი გააქნია. – არა. მე არ ვაკეთებ გამონაკლისს. უმჯობესია ვიფიქრო იმ სასიხარულო სიურპრიზზე, რომელსაც მას ვუმზადებ. საყვარელი ადამიანი მკვდარი გეგონოს და უეცრად ცოცხალი აღმოჩნდეს! საიდუმლოს შენახვა ხელოვნებაა, რომელიც მრავალგზის ვირტუოზულ სიცრუეს, დიდ მსახიობურ ნიჭსა და ამ კომედიის მთელი სულით განცდას მოითხოვს. კატეგორიულ უარს ვაცხადებ სენტიმენტებით გამოწვეულ რისკზე. აქ სიკვდილ-სიცოცხლის თამაშია, ჩემო მეგობარო. მე ძველებურადვე მაძებრად ვრჩები. იძულებული ვარ, უსიამოვნო ნივთები ვყნოსო... რა მოგივიდათ, ჩემო მეგობარო?

საშინელი ყვირილით სკამიდან წამოვვარდი და აკანკალებული ხელით ფანჯრისკენ მივუთითე.

– სახე! ფანჯარაში ვიღაცის სახე დავინახე. საშინელი! ის უკვე გაქრა, მაგრამ მე იგი დავინახე.

პუარომ ფანჯარასთან მიირბინა, გააღო და გადაიხედა.

– აქ არავინ არის, დარწმუნებული ხართ, რომ არ მოგელანდათ, ჰასტინგს?

– დარწმუნებული ვარ. კოშმარული სახე ჰქონდა. აქ აივანია და თუ ვინმეს მოესურვებოდა ყური დაეგდო ჩვენი საუბრისათვის, იგი ადვილად შეძლებდა ამოსვლას. გაცრეცილი, თითქმის არაადამიანური სახე, გადმოკარკლული თვალები...

– ასეთი წარმოდგენა იმიტომ შეგექმნათ, რომ სახე მას მინაზე ჰქონდა მიჭეჭყილი. ამასთანავე თქვენ არ ელოდით მის დანახვას.

– თქვენი ბრწყინვალე მანევრის შედეგები აქამდე მხოლოდ სავალალო იყო. ნიკი მკვდარია, მაგრამ ამას მნიშვნელოვანი არაფერი მოჰყოლია.

– ჯერ ადრეა. მე ხომ დავნიშნე ოცდაოთხი საათი. აი, ხვალ, თუ არ ვცდები, რაღაც უნდა მოხდეს. ხვალინდელ ფოსტაზე დიდ იმედებს ვამყარებ.

მეორე დილით თავს ძალიან სუსტად ვგრძნობდი, მაგრამ ციებამ გამიარა. მომშივდა. პუაროსთან ერთად სასტუმრო ოთახში ვისაუზმე. პუარო დუმდა. ტელეფონმა დარეკა. საუბარი მხოლოდ რეპლიკებით ამოიწურა, ამიტომ შეუძლებელი იყო იმის გაგება, თუ რაზე ლაპარაკობდნენ.

– აბა, რა გითხარით? საქმე დაიძრა. მუსიე ვაიზი რეკავდა. მან შემატყობინა, რომ დღეს დილით მიიღო თავისი ბიძაშვილის მიერ ხელმოწერილი და ამა წლის ოცდახუთი თებერვლით დათარიღებული ანდერძი. მაინც გამოჩნდა! – და ძალიან შესაფერის დროს. გეუბნებოდით, თუ მადმუაზელ ნიკს მკვდრად მიიჩნევენ, ერთი აურზაური ატყდება–მეთქი. და აი, გეთაყვა, დაიწყო კიდეც! ჰო, მართლა, მადმუაზელ მეგის წერილს, რომელიც დედამისმა გადმომიგზავნა..ერთხელ კიდევ მინდა, გადავხედო. რომელიღაც ფრაზა ცოტათი უცნაური მეჩვენა.

პუარო კითხვით გაერთო, მე კი ოთახში ბოლთას ვცემდი.

– ო! – ამოიგმინა პუარომ... – მე ბრმა ვიყავი... ბრმა... ახლა ყველაფერი თავის ადგილზე დადგა.

– თქვენთვის უკვე ყველაფერი ცნობილია?

– თითქმის ყველაფერი. დღეს ვგზავნი დეპეშას, რომელშიც ორი შეკითხვა იქნება... თუმცა პასუხი ახლავე ვიცი. გახსოვთ, მადმუაზელ ნიკი რომ ამბობდა, ყოველთვის მსურდა ენდჰაუზში პიესის დადგმაო? და აი, დღეს ენდჰაუზში შედგება სპექტაკლი. მაგრამ რეჟისორი იქნება ერკიულ პუარო. მადმუაზელ ნიკისთვისაც გამოყოფილია როლი. მას უეცრად ჩაეცინა. – იცით, ეს იქნება მოჩვენებებით სავსე პიესა, დიახ, მოჩვენებებით.

***

საოცარი კომპანია შეიკრიბა იმ ღამეს ენდჰაუზში. მისვლისთანავე სასადილო ოთახში შემიყვანეს. იქაურობა შევათვალიერე. აქ იყო ინვალიდის სავარძლის მსგავს სკამზე ნახევრად დაწოლილი მისის კროფტიც. ჩარლზ ვაიზი ბუხართან იდგა. პუარო მას სერიოზულად და ხმადაბლა რაღაცას ეუბნებოდა. ყველანი შეკრებილიყვნენ. სპექტაკლის წაყვანა ჩარლზ ვაიზს დაეკისრა. გარეგნულად იგი ისეთივე იყო, როგორც ყოველთვის, გულცივი და ქედმაღალი.

– ჩვენი დღევანდელი შეხვედრა, – დაიწყო მან, – მიმდინარეობს არსებული წესების დარღვევით. მხედველობაში მაქვს ის ვითარება, რომელშიც ჩემი ბიძაშვილია, მის ბაკლი მოკვდა. მართალია, ცხედარს გაკვეთენ, რადგან ეჭვს არ იწვევს, რომ იგი მოწამლულია შხამით, რომელიც მას შეაპარეს. მუსიე პუაროს დაჟინებული თხოვნით, მის ბაკლის ანდერძი ამ სამწუხარო ცერემონიამდე უნდა გაგაცნოთ.

ვაიზმა გრძელი კონვერტიდან ქაღალდი ამოაძვრინა. ყველამ კარგად დაინახა, რომ ეს ენდჰაუზის ჩვეულებრივი საფოსტო ბლანკი იყო.

„მაგდალა ბაკლის ანდერძი და უკანასკნელი სურვილი. ამ ანდერძით ვითხოვ, რომ დაიფაროს ჩემს გასვენებასთან და დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯები. ჩემს ბიძაშვილს ჩარლზ ვაიზს სულიერ მოძღვრად ვნიშნავ. ყველაფერს, რასაც გარდაცვალების დღეს ვფლობ, ვუანდერძებ მილდრედ კროფტს ნიშნად იმ დიდი და დაუფასებელი სამსახურისა, რაც მან ჩემს მამას ფილიპ ბაკლის გაუწია“.

გაოგნებული დავრჩი. ასეთივე მდგომარეობაში იყვნენ დანარჩენებიც. მხოლოდ მისის კროფტი აქნევდა თავს მშვიდად და დაფიქრებით.

– ასეც არის, – წარმოთქვა მან ნელა. – თუმცა, არ მინდოდა ამაზე ლაქლაქი... ფილიპ ბაკლი ავსტრალიაში ცხოვრობდა და მე რომ არა... მაგრამ არ ღირს ამაზე ლაპარაკი. საიდუმლო საიდუმლოდვე დარჩეს. ნიკმა ყველაფერი იცოდა. ალბათ, მამამ მოუთხრო. ჩვენ აქ იმისათვის ჩამოვედით, რომ ამ ადგილებისათვის თვალი შეგვევლო. არ იცოდა, როგორ ეცა ჩვენთვის პატივი. პირველად მას უნდოდა ერთად გვეცხოვრა სახლში, მაგრამ არ დავთანხმდით. შემდეგ მან ფლიგელი მოგვცა, და, სხვათა შორის, არანაირ ქირას არ გვახდევინებდა. ხალხის მოსაჩვენებლად ვუხდიდით მას, მაგრამ იგი ყველაფერს უკან გვიბრუნებდა.

დასასრული შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული