რომანი და დეტექტივი

ენდჰაუზის საიდუმლოება

№48

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 10.12, 2023 წელი

დეტექტივი
დაკოპირებულია
  • აგატა კრისტი

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #47 (1194)

ოთახის კარი გაიღო და მის ბაკლი შემოვიდა.

– ელენ, შემოიტანეთ ყინული! – გასძახა მოახლეს და მხოლოდ ამის შემდეგ გაგვესაუბრა:

– აი, მეც... ისინი კი გავისტუმრე.

ცნობისმოყვარეობამ მოთმინება დამიკარგა.

– სამწუხაროდ, მადმუაზელ... – შეეცადა საუბრის დაწყებას პუარო. – მეც ის მსურს, რომ ყველაფერი კარგად იყოს – პუარომ სასმისი ჩამოართვა, – თქვენს კარგად ყოფნას ვისურვებდი, მადმუაზელ, ჯანმრთელობასა და ბედნიერებას.

ქალიშვილი ჭკვიანი იყო და პუაროს მრავალმნიშვნელოვანი ტონი არ გამოჰპარვია.

– მოხდა რამე?

– დიახ, მადმუაზელ. აი, – და მან ხელი გაუწოდა. ხელისგულზე ტყვია იდო. ქალიშვილმა აიღო იგი და გაოცებისაგან სახე მოეღუშა.

– მადმუაზელ, დღეს დილით, თქვენს ყურთან კრაზანამ კი არა... ტყვიამ გაიზუზუნა.

– გინდათ; თქვათ, რომ ვიღაც თავგასულმა იდიოტმა სასტუმროს პარკში ისროლა? ეშმაკმა წაიღოს! – გულახდილად გაოცდა ნიკი, – გამოდის, რომ მე ნამდვილად მოჯადოებული ვარ.

– გთხოვდით, გეამბნათ დანარჩენ სამ შემთხვევაზეც. მსურს დავრწმუნდე, რომ ის სამი სრული შემთხვევითობა იყო.

ნიკმა გადაიხარხარა. ეტყობოდა, პუაროს წინასწარმეტყველებამ იგი ძლიერ გაახალისა.

– ვინ აპირებს ჩემზე თავდასხმას? მე ხომ მომხიბლავი მემკვიდრე არა ვარ, რომლის შემდეგაც მილიონები რჩება. ვფიქრობ, ცრუ იმედია!

– მიამბობთ იმ შემთხვევითობაზე, მადმუაზელ?

– რასაკვირველია, მაგრამ ეს ყველაფერი უმნიშვნელოა, რაღაც სისულელე. ჩემი საწოლის თავზე მძიმე სურათი კიდია. ერთ ღამეს ის ჩამოვარდა. შემთხვევით გავიგონე, რომ სახლში სადღაც კარი ჭრიალებდა და სანახავად გავედი. მინდოდა, დამეკეტა... და ამგვარად გადავრჩი. სურათი, რა თქმა უნდა, თავზე დამეცემოდა.

– შემდეგ, მადმუაზელ. მეორეზე გადავიდეთ!

– ეს კი სრულიად უბრალო რამაა. აქ, კლდეებში, ერთი ციცაბო ბილიკია, რომლითაც ზღვაზე საბანაოდ დავდივარ, იქ ერთი კლდე მეგულება, საიდანაც ჩაყვინთვა შეიძლება. ჰოდა, როდესაც ამ ბილიკს მივყვებოდი, სადღაც, მაღლა, რიყის ქვა მოსწყდა და სწორედ ჩემს თავთან ჩაიქროლა. ხოლო მესამე უკვე სულ სხვა ოპერიდანაა – ავტომანქანის ძრავას რაღაც დაუზიანდა, არ ვიცი, ზუსტად რა! გარაჟში ამიხსნეს, მაგრამ ვერაფერი გავუგე. ყოველ შემთხვევაში, ჭიშკრიდან გამოსული ბორცვით რომ დაშვებულიყავი, მუხრუჭები ვერ დაიმაგრებდა და უეჭველად შევანგრევდი რატუშას. რადგანაც მე ყოველთვის რაღაც მავიწყდება, უკან დაბრუნება მომიხდა და მხოლოდ ცოცხალ მესერს დავეჯახე.

– შეგიძლიათ მითხრათ, რა ჰქონდა მანქანას დაზიანებული?

– რაღაც უბრალო ხრახნი იყო მოშვებული. ალბათ, ელენის ვაჟმა უჩხიკინა რამე. ჩემს მოსამსახურეს, აი, იმას, თქვენ რომ კარი გაგიღოთ, პატარა ვაჟი ჰყავს. ბიჭებს კი საერთოდ უყვართ მანქანის ჩხიკინი. ელენი იფიცება, ახლოსაც არ გაჰკარებიაო.

– სად აყენებთ მანქანას, მადმუაზელ?

– სახლის უკან, ფარდულში...

– მაშ, ყოველ გამვლელ–გამომვლელს შეუძლია; მივიდეს მანქანასთან და რაც სურს, ის გააკეთოს?

– საერთოდ – კი, მაგრამ ეს სისულელეა..

– არა, ეს სისულელე არ არის, მადმუაზელ. თქვენ ჯერ კიდევ ვერ შეგინიშნავთ, რომ ხიფათი გელით, სერიოზული ხიფათი. ამას მე გეუბნებით, მე! იცით თუ არა, ვინ ვარ მე? მე ერკიულ პუარო ვარ. თქვენთვის ცნობილია ეს სახელი?

– რასაკვირველია. ქალიშვილი მოიკუნტა. მის თვალებში შიშმა დაისადგურა.

– მაშ თქვენ ფიქრობთ, რომ ვიღაცას ჩემი თავიდან მოშორება სურს? მუსიე პუარო, თქვენი მადლობელი ვარ, მაგრამ ეს ყველაფერი უნებური დამთხვევაა. ბაბუაზე ეჭვი ჰქონდათ მიტანილი, ვითომც სული ეშმაკისათვის მიეყიდოს. მას აქ ყველანი ასეც უწოდებდნენ, მოხუცი ნიკი. ის ბოროტი მოხუცი იყო, მაგრამ ძალზე საქმიანი. მე ბაბუა ძალიან მიყვარდა. სულ ერთად დავდიოდით და ასე გვეძახდნენ: მას – მოხუც ნიკს, მე – ახალგაზრდა ნიკს. სინამდვილეში, მაგდალა მქვია. საგვარეულო სახელია. ბაკლების გვარში უამრავი მაგდალაა. აი, ერთი მათგანი აგერ კიდია. მან რომელიღაც სურათზე მიგვითითა.

– ა... – თქვა პუარომ, შემდეგ მზერა ბუხრის თავზე დაკიდებულ სურათზე გადაიტანა და იკითხა: – თქვენი ბაბუაა, მადმუაზელ?

– სწორედ ისაა, ხომ კარგია? ჯიმ ლაზარუსს სურდა ეყიდა ეს სურათი, მაგრამ ვერ დავთმე. მოხუცი ნიკი ჩემი სისუსტეა.

– ა... – პუარო ცოტა ხანს დადუმდა და შემდეგ ძალზე სერიოზულად თქვა, – მადმუაზელ, გთხოვთ, ნუ გამოიჩენთ ქარაფშუტობას. დიდი საფრთხე გელით. დღეს თქვენ მაუზერიდან გესროლეს... თქვენს ნაცნობებს ხომ არავის აქვს მაუზერი?

ნიკმა ჩაიცინა.

– მე, მაგალითად, მამისეული. ომიდან ჩამოიტანა. მას შემდეგ აქ აგდია. ამ დღეებში უჯრაში ვნახე. ძველ მაგიდაზე მიგვითითა. უეცრად რაღაც მოაგონდა, მაგიდასთან მივიდა, უჯრა გამოსწია და დაბნეულად მიმოიხედა, – ვაი! – წამოიძახა მან, – აქ აღარ არის...

გაირკვა თუ არა რევოლვერის დაკარგვის ამბავი, მაშინვე ყველაფერი შეიცვალა. ნიკს ყოველივე ეს გასართობ ისტორიად აღარ მიაჩნდა.

პუარო გრიგალივით დამესხა თავს:

– გახსოვთ, ჰანტინგს, მე რომ ერთ იდეაზე გელაპარაკებოდით? აი, ის დადასტურდა. დავუშვათ, მადმუაზელი მოკლულია და ბაღში გდია. აქ ის შეიძლება, რამდენიმე საათიც იყოს, რადგან ამ გზით ცოტანი დადიან. მის ხელთან გდია საკუთარი რევოლვერი, რომელიც მას დაუვარდა. მადამ ელენი, რა თქმა უნდა, ამოიცნობს იარაღს და იქვე დაიწყება მითქმა-მოთქმა: გაღიზიანებული იყო, უძილობა სჭირდა...

ნიკი მოიბუზა.

– არადა, მე მართლაც ნერვებმოშლილი ვარ. ყველა იმას მიმტკიცებს, ნერვიული გახდიო.

– ამ გზით თვითმკვლელობის ვერსიას დაამტკიცებდნენ. რევოლვერზე აღმოჩენილი თითების ანაბეჭდიც ამის საბუთად გამოდგებოდა. მეხუთე ცდა შეიძლება, უკეთესად დამთავრდეს. მაგრამ ჩვენ ამას არ დავუშვებთ. პირველი, რასაც ჩვენ გავაკეთებთ, – განაცხადა პუარომ, – დავსხდებით და ყველაფერს განვსჯით. ვისთვისაა ხელსაყრელი თქვენი სიკვდილი?

– წარმოდგენა არა მაქვს, – თქვა ნიკმა, – ამ ძველი დანგრეული სახლის მეტი არა გამაჩნია რა, და ისიც ათასჯერ დაგირავებულია, სახურავიდან წყალი ჩამოდის... გარდა ამისა, საეჭვოა, რომ ჩემს უბანში ქვანახშირის საბადო ან რაიმე ამის მსგავსი აღმოაჩინონ. იძულებული გავხდი, დამეგირავებინა. ექვსი წლის წინ გარდაიცვალა ბაბუა, შემდეგ ძმა. გასვენება გასვენებაზე. ამან გამაღარიბა. პატარაობიდან ამ სახლში ვცხოვრობდი ბაბუასთან ერთად. მამასთან ის ვერ თანხმდებოდა. არც იყო გასაკვირი. მამამ გადაწყვიტა, ბაბუასთვის მივენდე, თვითონ კი ბედის საძიებლად წავიდა. ჯერალდს – ჩემს ძმას, ბაბუა არ სწყალობდა. დარწმუნებული ვარ, ჩემთანაც ვერ იქნებოდა კარგად, ბიჭი რომ ვყოფილიყავი. ის ისეთი ცოდვილი იყო, რომლის მსგავსი ძნელად მოიძებნება. მაგრამ ბედი კი სწყალობდა. ასე ამბობდნენ, რასაც შეეხება, ოქროდ აქცევსო. ბანქოს თამაში უყვარდა და ყველაფერი, რაც კი დააგროვა, წააგო. მისი სიკვდილის შემდეგ მხოლოდ ეს სახლი და ეზო დარჩა. მაშინ თექვსმეტი წლის ვიყავი, ჯერალდი კი – ოცდაორის. სამი წლის შემდეგ ჯერალდი ავტომანქანის კატასტროფაში დაიღუპა, ხოლო სახლი მე მერგო.

– მადმუაზელ, თქვენს შემდეგ, ვინ არის ყველაზე ახლობელი ნათესავი?

– ჩემი ბიძაშვილი ჩარლი. ჩარლზ ვაიზი. ვექილია, აქვე, ქალაქში, მუშაობს. სავსებით წესიერი და დადებითი ადამიანია, მხოლოდ საშინლად მოსაწყენი.

– მთელ თქვენს საქმეს ის წარმართავს?

– სინამდვილეში სამართავი არაფერია. გირაოს საბუთი გამიფორმა და დამიყოლია, ფლიგელი გამექირავებინა. ავსტრალიელები არიან. კროფტები. ძალიან სათნო და გულკეთილი ხალხია. ჩემ მიმართ კი განსაკუთრებულ გულისხმიერებას იჩენენ. მუდამ ათასგვარი რამით მიმასპინძლდებიან: ხან ნაადრევი ბარდა მოაქვთ, ხან – ნიახური. განსაკუთრებით კაცია გადამეტებულად დათაფლული. ცოლი ავადმყოფი ჰყავს. საცოდავი, ლოგინზეა მიჯაჭვული. მაგრამ ჩემთვის მთავარი ის არის, რომ რენტას იხდიან, ეს კი შესანიშნავია.

– ამ ბიძაშვილის გარდა, კიდევ გყავთ ვინმე ნათესავი?

– ძალიან შორეული, იორკშირში ცხოვრობს და ისიც ბაკლია. აქ დიდხანს არ ვარ. უმეტესად ლონდონში ვცხოვრობ. ნათესავებთან ჩვეულებრივ მოწყენილობაა. ყველაფერში ცხვირს ყოფენ, ერევიან. ჩემი ჯალაბობა ელენია. კიდევ მისი ქმარი. იგი ბაღს უვლის და, უნდა ითქვას, რომ ძალიან ცუდად. მათ თითქმის გროშებს ვუხდი, მაგრამ უფლებას ვაძლევ, თავისთან იყოლიონ ბავშვი. როდესაც ჩამოვდივარ, ელენი მე მემსახურება. თუ სტუმრებს ველი, მას ვინმეს ვახმარ. სწორედ ორშაბათ საღამოს ვაწყობ წვეულებას.

– მადმუაზელ, შეგიძლიათ, რაიმე მიამბოთ თქვენს მეგობრებზე,?

– ფრედი რაისი – ქერა ქალი, ჩემი ყველაზე ახლო მეგობარია. მას ბევრი უბედურება გადახდა. მისი ქმარი ნამდვილი ცხოველი იყო – ლოთი, ნარკომანი და საერთოდ ნაძირალა. მისი მსგავსი იშვიათია. ერთი თუ ორი წლის წინ მიატოვა და მას შემდეგ ვერავის შეკედლებია. ღმერთს ვთხოვ, განქორწინდეს და ჯიმ ლაზარუსზე გათხოვდეს.

– ლაზარუსი? ანტიკვარული მაღაზია ბონდ-სტრიტზე?

– სწორედ ის. ჯიმი ერთადერთი ვაჟია. ფულის მხრივ, ცოტა ქესატათაა. მართალია, ებრაელია, მაგრამ ძალიან წესიერი კაცია. მეტისმეტად უყვარს ფრედი. ისინი ყოველთვის ერთად არიან. ამ კვირის ბოლომდე „მაჟესტიკში“ იქნებიან. ორშაბათიდან კი ჩემთან გადმოვლენ.

– მეორე მეგობარი? სანდომიანი კაპიტანი ჩელენჯერი?

– ჯორჯი? ჩვენი ნაცნობობა უხსოვარი დროიდან მოდის, ყოველ შემთხვევაში, ხუთი წელია.

– და სურს, რომ მისთხოვდეთ?

– ხანდახან გადმომკრავს ხოლმე. დილით ადრე ანდა მეორე ჭიქა პორტვეინის შემდეგ. აბა, რა აზრი აქვს ჩვენს ქორწინებას? ორივენი ღარიბ-ღატაკები ვართ, თანაც, საკმაოდ ჯიჯღინაა.

– ახლა კი დაწვრილებით მსურს გავიგო ამ უბედური შემთხვევის ამბავი. აი, მაგალითად, თუნდაც სურათის შესახებ.

– გინდათ, გაჩვენებთ!

უკან გავყევით. საძინებელ ოთახში, სწორედ საწოლის თავთან, მძიმე ჩარჩოში ჩასმული ზეთის საღებავებით შესრულებული სურათი ეკიდა. პუარომ ფეხსაცმელები წაიძრო. შემდეგ საწოლზე ავიდა, თოკი დაათვალიერა. სურათი ფრთხილად ასწია ხელში, სიმძიმე მოსინჯა და კოპებშეკრული უკანვე ჩამოვიდა, – დიახ, ასეთი რამ რომ თავზე დაგეცეს, მაინცდამაინც სასიამოვნო არ იქნება. გაწყვეტილი თოკი თუ გასინჯეთ? ბოლოები ხომ არ გადაიხეხა?

– მგონი, კი. ისე, სიმართლე რომ გითხრათ, არც კი დამითვალიერებია ან რაში მჭირდებოდა.

– შემდეგია ფლატედან მოწყვეტილი ქვა... ჰო, მართლა, იქნებ გეჩვენებინათ ის ადგილი?

მიხვეულ-მოხვეული ბილიკი კლდისკენ ეშვებოდა. მან გვიჩვენა ის ადგილი, საიდანაც ქვა მოსწყდა. ჩაფიქრებულმა პუარომ თავი დაუქნია, შემდეგ ჰკითხა:

– როგორ უნდა მოხვდეს კაცი თქვენს ბაღში, მადმუაზელ?

– ცენტრალური შესასვლელი იქ აქვს; სადაც ფლიგელია. იმის იქით, ზედ შუა გზაზე, ჭიშკარია მომმარაგებლებისთვის.

– გამოდის, აქ რომ ვინმე შემოვიდეს და ქვა დააგოროს, თითქმის ვერავინ შენიშნავს? მითხარით, ეს თქვენი მეგობრები, მისის რაისი და მისტერ ლაზარუსი დიდი ხანია აქ არიან?

– ფრედი ჩვენს მხარეში ოთხშაბათიდანაა. ორი დღე თევისტოკის მახლობლად ვიღაც ნაცნობებთან იყო სტუმრად. გუშინ აქ ჩამოვიდა. მე მგონია, ჯიმიც ამ დღეებში სადღაც ახლოს ტრიალებდა. კაპიტანი ჩელენჯერი დევონპორტშია. დროს იხელთებს თუ არა, მანქანით ჩამოდის აქ, ჩვეულებრივ, შაბათსა და კვირას.

– გყავთ თუ არა ისეთი მეგობარი, ვისაც ენდობით? მე მინდა, რომ ის თქვენთან მოიწვიოთ... დაუყოვნებლივ.

ნიკი ოდნავ დაიბნა. ჩაფიქრდა და შემდეგ გაუბედავად თქვა:

– იქნებ მეგი, ის აუცილებლად დამთანხმდებოდა...

– ვინ არის მეგი?

– იორკშირელია, ერთ–ერთი ბიძაშვილია. მათ დიდი ოჯახი აქვთ. მისი მამა მღვდელია. მეგი, დაახლოებით, ჩემი ხნისაა და ზაფხულობით, ჩვეულებრივ, სტუმრად ვპატიჟებ ხოლმე. მეტისმეტად უცოდველია. ძველისძველი ვარცხნილობა აქვს, აი ისეთი, ახლა შემთხვევით რომ შემოვიდა მოდაში. დეპეშას გავუგზავნი. უსათუოდ ჩამოვა, თუ რაიმე საეკლესიო დღესასწაული არ არის მოსალოდნელი. მაგრამ, კაცმა რომ თქვას, ვერ გამიგია, რა უნდა გააკეთოს მან?

– შეგიძლიათ, ისე მოაწყოთ, რომ მან თქვენს ოთახში დაიძინოს? ეს თხოვნა უცნაური ხომ არ მოეჩვენება?

– ო, მეგი არ აზროვნებს! იგი მხოლოდ ასრულებს – ჭეშმარიტად ქრისტიანულად, მთელი რწმენითა და გულმოდგინებით.

– ჰო, სხვათა შორის, ოდესმე ანდერძი თუ დაგიწერიათ?

– ნახევარი წლის წინ. ბრმა ნაწლავის ოპერაციის წინ. ვიღაცამ თქვა, რომ საჭიროა ანდერძის დაწერაო და მეც დავწერე. თან, თავი დიდ პიროვნებად წარმოვიდგინე.

ენდჰაუზი ჩარლის ვუანდერძე, დანარჩენი – ფრედის. თუმცა ბევრი აღარაფერი რჩებოდა.

– უნდა დაგტოვოთ. მადმუაზელ, თავს გაუფრთხილდით. რამდენიმე დღეში სიმართლეს გავარკვევ. ჰო, მართლა, – ჰკითხა მან, – რა თანხა შემოგთავაზათ მუსიე ლაზარუსმა ბაბუათქვენის პორტრეტში?

– ორმოცდაათი ფუნტი. მაგრამ მე უკვე გითხარით, რომ არ მსურს მოხუცის გაყიდვა.

– დიახ, დიახ, – დაფიქრებით თქვა პუარომ.

* * *

– აქ რაღაც ამბავია, პუარო, – მივმართე მას, როგორც კი გზას დავადექით, – მითხარით, რისთვის გამოაძახებინეთ ბიძაშვილი?

პუარო შეჩერდა და აღელვებულმა თითი დამიქნია.

– მკვლელმა, ასე ვთქვათ, თავისი ხელწერა დატოვა. მაგრამ ახლა დანაშაული არ არის სახეზე, – უფრო მეტიც, ჩვენ გვინდა, იგი შევაჩეროთ. იმის გამოძიება კი, რაც ჯერ არ მომხდარა, არცთუ ადვილი ამოცანაა. ისე უნდა მოვაწყოთ, რომ მის გვერდით ყოველთვის მიუკერძოებელი მოწმე იყოს. მაგრამ აი, რისი მეშინია, ჰასტინგს – ის მართლაც ძალიან ჭკვიანი კაცია.

ერთი შეხედვით, თითქოს არავისა აქვს საფუძველი სიკვდილი უსურვოს ჩვენს პატარა ნიკს. ქონება? ენდჰაუზი? ის დარჩება ბიძაშვილს, რომელიც ეტყობა, ნაკლებად არის დაინტერესებული ამ ძველი, ნახევრად დანგრეული და დაგირავებული სახლით. აუცილებლად ვნახავთ, ამ ჩარლზ ვაიზს, მაგრამ მასზე ეჭვის მიტანა, ასე მგონია, უაზრობაა... შემდეგ ქალბატონი, ნიკის საყვარელი მეგობარი – მადონა, თავისი საიდუმლო გამოხედვით.

მისის რაისმა გითხრათ, რომ მისი მეგობარი ცრუპენტელაა. რისთვის დასჭირდა მას ამის თქმა? იქნებ იმის შიშით, რომ ნიკს შეეძლო, რაღაც წამოცდენოდა?.. შემდეგია მუსიე ლაზარუსი, ლამაზი ქერა მამაკაცი. რაში შეიძლება მივედავოთ? შესანიშნავი მანქანა, გროვა ფული. შეიძლება თუ არა, რომ ისიც გარეული იყოს ამ საქმეში? კაპიტანი ჩელენჯერი... მე შევისწავლი იმ ჩელენჯერს. თქვენ ეჭვები აღმიძარით.

შეხედეთ ერთი, რა არის ჩვენ წინ? მოტის გარაჟი. მგონი, ეს ის უნდა იყოს, ვისზედაც მადმუაზელი გვეუბნებოდა. რამდენიმე კითხვა და ამ საქმეს გავარკვევთ. გარაჟში შესვლისას პუარომ განაცხადა, რომ აქ მის ბაკლის რჩევით მოვიდა. ლაპარაკში, ვითომ, სხვათა შორის, იმ დაზიანებასაც შეეხო, რომელიც მის ბაკლიმ ამ დღეებში მანქანაში აღმოაჩინა. გარაჟის პატრონი თითქოს აფეთქდაო.

– ასეთი რამ გაუგონარია ჩემს პრაქტიკაში! – განაცხადა მან, – მანქანა სპეციალურად გამოუყვანიათ წყობიდან, ამის გაკეთება კი ადვილად და სწრაფად შეიძლებოდა.

– აი, თურმე, რა, – ჩაილაპარაკა პუარომ, როდესაც გზა გავაგრძელეთ.

– სად მივდივართ?

– ფოსტაში. თუ არ დავაგვიანეთ, დეპეშას გავგზავნით. ფოსტა ჯერ კიდევ ღია იყო, პუარომ დეპეშა გაგზავნა, თუმცა საჭიროდ არ ჩათვალა მისი შინაარსი ჩემთვის შეეტყობინებინა.

– მხოლოდ ერთადერთი უეშმაკო კითხვა ჰასტინგს და ბევრი რამის განსჯას შევძლებთ. ასე მაგალითად, თუ დღეს პირველის ნახევარზე მუსიე ვაიზი თავის კანტორაში იმყოფებოდა, მაშინ „მაჟესტიკის“ პარკში მას არ უსვრია. ხომ არ შეგვემოწმებინა იმ სამის ალიბიც, მის ბაკლისთან ერთად რომ საუზმობდნენ? ყოველ მათგანს შეეძლო ცოტა ხნით გამოჰყოფოდა კომპანიას და შეუმჩნევლად გამძვრალიყო სალონიდან, მოსაწევიდან, ბიბლიოთეკიდან, თუნდაც სასტუმრო ოთახიდან. შემდეგ სწრაფად გასულიყო პარკში, ესროლა და ასევე სწრაფად დაბრუნებულიყო უკან. ავიღოთ, მაგალითისათვის, რესპექტაბელური ელენი და ჩვენთვის ჯერ კიდევ უცნობი მისი მეუღლე. ორივენი ამ სახლში ცხოვრობენ და შესაძლებელია, რაღაც ავი უდევთ გულში ჩვენი პატარა მადმუაზელის წინააღმდეგ. ფლიგელშიც ცხოვრობენ ვიღაც ავსტრალიელები. შესაძლოა, მის ბაკლის კიდევ ჰყავს სხვა მეგობრები და კეთილები, რომლებზედაც იგი არ ეჭვობს და ამიტომაც არ დაასახელა. ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ყოველივე ამის უკან ჩვენთვის ჯერ კიდევ სავსებით უცნობი რამ იმალება.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

თარგმნა ნინო წულუკიძემ

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული