რომანი და დეტექტივი

ენდჰაუზის საიდუმლოება

№47

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 03.12, 2023 წელი

დეტექტივი
დაკოპირებულია
  • აგათა კრისტი

ჩვენ სასტუმრო „მაჟესტიკის“ ერთ–ერთ აივანზე ვისხედით. მთელ კვირას ვაპირებდით დარჩენას. თუ ამ დილის მიხედვით ვიმსჯელებდით, ეს დრო ნამდვილად სასიამოვნოდ უნდა გაგვეტარებინა.

ჩემდა გასაკვირად, პუარო უეცრად წამოდგა და აივნიდან კიბეებით დაბლა დაეშვა. ამ დროს გზაზე ჩვენკენ სწრაფი ნაბიჯით მომავალი ქალიშვილი გამოჩნდა. ვერც კი მოვასწარი მისი შეთვალიერება, რადგანაც ჩემი ყურადღება პუარომ მიიპყრო. იგი თავაწეული მიდიოდა, უცებ ფეხი ფესვს წამოსდო და ქალიშვილის წინ გაიშხლართა. ჩვენ მას წამოდგომაში მივეხმარეთ.

ქალიშვილს მუქი თმა, მეტყველი სახე და დიდრონი ლურჯი თვალები ჰქონდა.

– მადმუაზელ, ძალიან კეთილი ხართ... არა, არა, სერიოზული არაფერია, უბრალოდ, კოჭი გადამიბრუნდა. ცოტა ხანში ყველაფერი გაივლის. თქვენ რომ დახმარება შეგეძლოთ, ჰასტინგს... მაშინ ერთი მხრიდან თქვენ და მეორე მხრიდან მადმუაზელი... თუ ის არაჩვეულებრივ თავაზიანობას გამოიჩენს. მრცხვენია კიდეც ამის თხოვნა. ქალიშვილმა და მე ხელი მოვკიდეთ პუაროს. მხრებში ამოვუდექით, აივანზე ავიყვანეთ და სავარძელში მოვათავსეთ. ექიმთან წასვლა შევთავაზე, მაგრამ პუარომ კატეგორიულად უარყო ჩემი წინადადება.

– ცოტაც და ნახავთ, რომ ყველაფერი დამავიწყდება. მადლობელი ვარ, მადმუაზელ. თქვენ ძალიან თავაზიანი ხართ. დაბრძანდით, გთხოვთ.

– მადლობას მოგახსენებთ, დიდი სიამოვნებით.

– მარტინი?

– დიახ. თუ შეიძლება, მშრალი მარტინი. კოქტეილის შესაკვეთად გავედი. როდესაც დავბრუნდი, პუარო და ქალიშვილი რაღაცაზე გაცხარებით საუბრობდნენ.

– წარმოიდგინეთ, ჰასტინგს, – თქვა პუარომ, – ის სახლი, აი, ყველაზე ბოლო, ჩვენ რომ ასე ძლიერ მოგვეწონა, მადმუაზელს ეკუთვნის.

– მე ის ძალიან მიყვარს, მაგრამ დანგრეულია. სულის ერთი შებერვა და სულ დაირღვევა.

– მადმუაზელ, თქვენ ამ ძველი საგვარეულოს უკანასკნელი წარმომადგენელი ხართ?

– ბაკლები აქ უკვე ორასი-სამასი წელია, ცხოვრობენ. ჩემი ძმა სამი წლის წინ გარდაიცვალა, ასე რომ, მე ოჯახის უკანასკნელი წევრი ვარ. როცა ჩამოვდივარ, ჩემთან ყოველთვის მეგობრების გულთბილი წრე იკრიბება.

– მე კი მარტო წარმოგიდგინეთ ამ მოწყენილ და საიდუმლო სახლში, რომელსაც საგვარეულო წყევლა ამძიმებს.

– რა მშვენიერია! ჩანს, თქვენ ძალიან მდიდარი ფანტაზია გაქვთ. არა, მე არანაირი წყევლა არ მამძიმებს, ხოლო თუ სახლში მოჩვენებამ დაისადგურა, მას ჩემ მიმართ კარგი განწყობა აქვს. ბოლო სამი დღეა, სამჯერ გადავრჩი აშკარა სიკვდილს. შეიძლება, ვიფიქრო, რომ მომაჯადოვეს.

– სიკვდილს გადარჩით? – გაიკვირვა პუარომ.

– სრული შემთხვევითობაა, – მოულოდნელად მან თავი გასწია, ახლოს კრაზანამ გაიზუზუნა. – საზიზღარი კრაზანები. ალბათ, ბუდე აქვთ ახლოს.

– ფუტკრები და კრაზანები... არ გიყვართ, მადმუაზელ? ოდესმე ხომ არ დაგკბინეს?

– არა... უბრალოდ, ნერვებზე მოქმედებენ, ცხვირთან რომ გაიზუზუნებენ ხოლმე.

კოქტეილი მოიტანეს. სასმისები ავწიეთ და ჩვეულებრივი, უმნიშვნელო ფრაზები წარმოვთქვით.

– ჩვენებს, ალბათ, უკვირთ, სად დაიკარგაო.

ქალიშვილი დიდი ინტერესით შევათვალიერე. გაწეწილი შავი თმა მას ელფს ამსგავსებდა, მაგრამ მხოლოდ თმა არა, მეტყველი ოვალური სახე, დიდი ლურჯი თვალები და კიდევ რაღაც მიმზიდველი და უჩვეულო.

ტერასა, სადაც ჩვენ ვისხედით, ჩვეულებრივ, ცარიელი იყო. ხალხი კუთხის ტერასაზე იკრიბებოდა, საიდანაც ციცაბო ნაპირი მოსხლეტით ეშვებოდა ზღვაში. სწორედ ამ კუთხიდან გამოჩნდა წითელსახიანი მამაკაცი. მარჯვე და დაუდეგარი ჩანდა.

– ვერ გამიგია, სად უნდა დამალულიყო, – ისე ხმამაღლა გამოთქვამდა გაკვირვებას, რომ მის ხმას თავისუფლად გაიგონებდით.

– ნიკ! ნიკ!

მის ბაკლი წამოდგა.

– ჯორჯ აი, მეც...

გოგონამ ერთმანეთს წარგვიდგინა.

– მესამე რანგის კაპიტანი ჩელენჯერი – მ...მ... ჩემდა გასაკვირად, პუარო არც ცდილა, დახმარებოდა ქალიშვილს. ნაცვლად იმისა, რომ თავისი ვინაობა ეთქვა, იგი წამოდგა, მორიდებულად დაუკრა თავი და ჩაიბურტყუნა:

– ინგლისის სამხედრო–საზღვაო ფლოტიდან? თავს ვხრი ინგლისის ფლოტის წინაშე.

კაპიტანი ჩელენჯერი გაწითლდა. ინიციატივა ნიკმა აიღო.

– წავიდეთ, ჯორჯ. გვეყოფა ბუზების თვლა. სად არიან ფრედი და ჯიმი?

ქალიშვილმა პუაროს გაუღიმა.

– გმადლობთ კოქტეილისთვის. ვიმედოვნებ, რომ ფეხი მოგირჩებათ, – მან თავი დაგვიკრა, შემდეგ მეზღვაურს ხელი გამოსდო და ორივენი თვალს მიეფარნენ.

– ეტყობა, მადმუაზელის ერთ–ერთი მეგობარია, – დაფიქრებით თქვა პუარომ, – როგორია თქვენი შეხედულება, ჰასტინგს? შეშვენის იგი თქვენს „კარგი ბიჭების“ კატეგორიას, ა? საინტერესოა... – ჩაილაპარაკა პუარომ.

ქალიშვილს ქუდი დარჩა. პუარო დაიხარა, ქუდი აიღო და უაზროდ დაუწყო თითზე ტრიალი.

– როგორ ფიქრობთ, ჰასტინგს, კაპიტანს ქალიშვილისადმი თბილი გრძნობები ამოძრავებს?

– ჩემო ძვირფასო პუარო, საიდან უნდა ვიცოდე ეს? კმარა, მომეცით ქუდი. ქალს დასჭირდება. წავუღებ. პუარომ ჩაიქირქილა, წინ გადაიხარა და ცხვირზე ხელი მიიდო.

– ეჭვს გარეშეა, ამ ქუდს დავუბრუნებთ, მხოლოდ მოგვიანებით. ქუდს ენდჰაუზში წავიღებთ და ამით შესაძლებლობა გვექნება, ერთხელ კიდევ ვიხილოთ მშვენიერი მის ნიკი.

– რატომ დაგაინტერესათ ამ ლედიმ ასე ძლიერ?

– დამაინტერესა? ცდებით, ლედიმ შეიძლება მართლაც დამაინტერესა, მაგრამ მე უფრო მისი ქუდი მაფიქრებს.

მე თვალებდაჭყეტილი მივაჩერდი პუაროს, მას კი წარბიც არ შეუხრია.

– დიახ, ჰასტინგს, სწორედ ეს, – დამიდასტურა მან და ქუდი გამომიწოდა, – მიმიხვდით, რატომ?

– ქუდი მშვენიერია, – წავიდუდუნე აბნეულად, – მაგრამ სავსებით ჩვეულებრივი... უამრავი ქალიშვილი ატარებს ასეთს.

– ასეთებს არ ატარებენ.

ქუდს უფრო ყურადღებით დავაკვირდი.

– ხედავთ, ჰასტინგს? – ძალიან სწორბეწვიანი ღია ყავისფერი ფეტრია, კარგი მოყვანილობის. შეხედეთ, შეხედეთ!

ახლა კი შევამჩნიე ის, რაზედაც პუაროს ჩემი ყურადღების მიქცევა სურდა, თითზე წამოცმული ქუდი ნელა ტრიალებდა, თითი კი ქუდის ნასვრეტში ჰქონდა გაყრილი. ნახვრეტი პატარა იყო, კოხტა და სრულიად მრგვალი. მაგრამ ვერ გამეგო, რა დანიშნულება ჰქონდა მას, თუკი ასეთი საერთოდ ჰქონდა.

– მიაქციეთ ყურადღება, როგორ მოიგერია მადმუაზელ ნიკმა ფუტკარი?

– მაგრამ ფუტკარს ხომ არ შეეძლო ამის გაკეთება.

– დიახ, ჰასტინგს როგორი შორსმჭვრეტელობაა! არ შეეძლო, ხოლო ტყვიას შეეძლო, მან ხელისგულზე დადებული რაღაც პატარა საგანი მაჩვენა, – აი, რა დავარდა ტერასაზე ჩვენი საუბრის დროს. ტყვია!

– მაშასადამე?..

– მაშასადამე, ერთი სანტიმეტრიც და ტყვია ქუდში კი არა, თავში აღმოჩნდებოდა. ახლა მიხვდით, რამ დამაინტერესა? მაგრამ მკვლელმა მიუტევებელი შეცდომა ჩაიდინა, როდესაც ჩახმახი ერკიულ პუაროსგან დუჟინ იარდის სიშორეზე მოსხლიტა! სამი დღის განმავლობაში იგი სამჯერ გადარჩა აშკარა სიკვდილს. ეს მისი სიტყვებია. ჩვენ არ შეგვიძლია დაყოვნება, ჰასტინგს. საშიშროება ძალზე დიდია.

***

ჩვენ ფანჯარასთან მდგარ პატარა მაგიდასთან ვსაუზმობდით.

– ო, – ჩუმად წარმოთქვა პუარომ, – ჩანს, მადმუაზელი და მისი მეგობრები აქ აპირებენ საუზმობას. ეტყობა, ქუდის დაბრუნება მომიწევს, მაგრამ ეს არ არის ძირითადი. საუბარი იმდენად სერიოზულია, რომ მისი დაწყება ყოველგვარი მიზეზის გარეშეც შეიძლება.

პუარო აჩქარებით წამოხტა, დარბაზი სწრაფად გაიარა, თავი დაუკრა მის ბაკლის, რომელიც მეგობრების თანხლებით მაგიდასთან ჯდებოდა და ქუდი გაუწოდა. ისინი ოთხნი იყვნენ: ნიკ ბაკლი, მესამე რანგის კაპიტანი ჩელენჯერი და კიდევ ვიღაც კაცი მანდილოსნით. დროდადრო მეზღვაურის გამაყრუებელი როხროხი გვესმოდა. ის ერთი შეხედვით კეთილი მეჩვენა და მაშინვე მომეწონა. პუარომ ყველის ჭამა კარგა ხანია მოათავა, მაგრამ ადგომას არ აპირებდა. როგორც კი მის ბაკლის კომპანიამ დარბაზი დატოვა და აივანზე მოკალათდა, იგი უეცრად წამოდგა, მტკიცე ნაბიჯით მათკენ გაემართა და ყოველგვარი შესავლის გარეშე ნიკს მიმართა:

– შეგიძლიათ, მადმუაზელ, ცოტა ხნით ყურადღება მომაპყროთ?

ნიკი საკმაოდ უხალისოდ მოშორდა მაგიდას. პუარომ ხმადაბლა და სწრაფად დაიწყო ლაპარაკი. პირველსავე სიტყვებზე ნიკს სახეზე გაკვირვება გამოეხატა. ამ ხნის განმავლობაში მე მოჯადოებულივით ვიდექი. საბედნიეროდ, ჩელენჯერი, რომელმაც ჩემი უხერხულობა შეამჩნია, მომიახლოვდა, სიგარეტი გამომიწოდა და საუბარი გამიბა. ჩვენ მაშინვე შევაფასეთ ერთმანეთი და სიმპათიურად განვეწყვეთ. ეს იყო შესანიშნავად ჩაცმული, მაღალი, ქერა, ლამაზი ახალგაზრდა, რომელსაც ოდნავ მოზრდილი ცხვირი ჰქონდა. თავი ქედმაღლურად ეჭირა, სიტყვებს მინაზებულად აგრძელებდა.

ყურადღება ქალზე გადავიტანე. მას ქუდი მოეხადა და ჩემ პირდაპირ სავარძელში მოკალათებულიყო. „დაღლილი მადონა“ – ეს გამოთქმა მას ყველაზე მეტად შეეფერებოდა. ქერა, თითქმის ჩალისფერი თმა შუაში სწორად გაეყო, ყურებზე გადაევარცხნა და კეფაზე შეეკრა. ქალი გულდასმით მათვალიერებდა. უეცრად მან ლაპარაკი დაიწყო.

– დაბრძანდით. სანამ თქვენი მეგობარი ნიკთან საუბარს დაასრულებდეს.

მისი ხმა როგორღაც არაბუნებრივად ჟღერდა – ნაზად და ნაძალადევად, მაგრამ მასში ფარული მშვენიერება იგრძნობოდა. არასოდეს მენახა ასეთი დაღლილი არსება, მაგრამ დაღლილი არა სხეულით, არამედ სულით.

– ნიკმა მიამბო თქვენი მეგობრის ამბავი. ყველაფერი კეთილად დასრულდა, ხომ? ვიგრძენი, რომ ვწითლდებოდი.

– დიახ, მნიშვნელოვანი არაფერია, ოდნავი ნაღრძობია.

– მოხარული ვარ, რომ ნიკმა არ შეთხზა ეს ისტორია. ჩვენი პატარა ნიკი ხომ მატყუარად არის დაბადებული. მართლაც ტალანტია. რაღაც დაუჯერებელია ისტორია მუხრუჭების შესახებ. ჯიმი ამბობს, რომ ეს აშკარა გამონაგონიაო.

სწორედ ამ დროს შემოგვიერთდა პუარო. წამოვდექი, მან ხელკავი გამომდო, იქ მყოფთ აჩქარებით დაემშვიდობა და სწრაფად გამიყოლია.

– საქმე გაკეთებულია, ჩემო მეგობარო, შვიდის ნახევარზე მიწვეული ვართ მადმუაზელთან, ენდჰაუზში.

***

ზუსტად ექვს საათზე ნომრიდან გამოვედით..

– გაფიქრებაც კი ძნელია, – ვთქვი აივნიდან ჩამოსვლისას, – სასტუმროსთან სროლა? მხოლოდ შეშლილს შეეძლო ამის გაკეთება!

– არ გეთანხმებით. განსაზღვრულ პირობებში რისკი არ იყო დიდი – ბაღი უკაცრიელია. სასტუმროში მცხოვრებნი კი ნამდვილი ცხვრები არიან. მიღებულია ტერასაზე ჯდომა და ყურის ხედით დატკბობა. მეც კი ვერაფერი დავინახე. შეამჩნევდით, რომ პარკში ბევრია თავშესაფარი. ხეები, ბუჩქები, პალმები. იდექი და მშვიდად ელოდე, როდის გამოივლის მადმუაზელი. ის კი აუცილებლად გამოივლის. მადმუაზელი ნიკი კი ადამიანთა იმ კატეგორიას ეკუთვნის, რომლებიც ყოველთვის იგვიანებენ და უმოკლესი გზით ცდილობენ შინ დაბრუნებას. დანაშაულის მოტივები უცნობია. აი, სწორედ ეს მაშინებს, ჰასტინგს! დიახ, ახლაც მაშინებს. მაგრამ თავს ვიმშვიდებ: „ისინი ხომ ოთხნი არიან. სანამ ყველანი ერთად არიან, არაფერი მოხდება“. ამ „შემთხვევითობებზე“ კი დაწვრილებით მინდა გავიგო ყველაფერი..

სასტუმროს ცენტრალური კარიდან გამოვედით. მარჯვნივ მივბრუნდით და ციცაბო გორაკს ვიწრო ბილიკით ავყევით. აქვე იყო წარწერა „მხოლოდ ენდჰაუზისკენ“. ამ მაჩვენებლით ვისარგებლეთ და გზა განვაგრძეთ. რამდენიმე ასეული იარდის შემდეგ ბილიკმა მკვეთრად მოუხვია და ჩვენც ძველისძველ, დიდი ხნის შეუღებავ ჭიშკარს მივადექით.

ენდჰაუზი დიდი და პირქუში სახლი აღმოჩნდა. იგი ჩაფლული იყო ხეებში, რომელთა ტოტები სახურავს ეხებოდა. სანამ ზარს დარეკავდა, პუარომ გულდასმით შეათვალიერა ის.

კარი შუახნის ქალმა გაგვიღო. „სასიამოვნო არსება შავებში“ – აი სიტყვები, რომლებსაც უნებურად გაივლებდით გუნებაში ამ რესპექტაბელური, საკმაოდ პირქუში და სავსებით გულგრილი მოახლის შეხედვისას. მან გვაცნობა, რომ მის ბაკლი ჯერ არ დაბრუნებულიყო. პუარომ აუხსნა ჩვენი მისვლის მიზეზი, მაგრამ დიდი შრომა დასჭირდა მის დასაყოლიებლად, რომ შინ შევეშვით. სასტუმრო ოთახში შეგვიყვანეს, სადაც მის ბაკლის უნდა დავლოდებოდით. დედოფალ ვიქტორიას დროინდელ მძიმე სტილის ავეჯში რამდენიმე იაფფასიანი, ულტრამოდერნული ნივთი გამოირჩეოდა. ფარჩის ფარდები გახუნებულიყო, სამაგიეროდ ახალი შალითები ხასხასებდა, ხოლო ტახტის ბალიშები სისხლისფრად ელვარებდა. გრამაფონის გვერდით ფირფიტები ეყარა, იქვე პატარა მიმღები იდგა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

თარგმნა ნინო წულუკიძემ

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული