რომანი და დეტექტივი

ექვსი ნაპოლეონი

№5

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 11.02

დეტექტივი
დაკოპირებულია
  • არტურ კონან დოილი

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #3-4 (1204)

– ფანჯარასთან მივიდეთ და როცა გადმოხტება, მაშინვე შევიპყრობთ, – ჩურჩულით თქვა ლესტრეიდმა. მაგრამ დამნაშავე ფანჯრიდან უფრო ადრე გადმოხტა, ვიდრე ადგილიდან დაიძრებოდნენ. იგი სინათლის შუქზე შეჩერდა. იღლიის ქვეშ რაღაც თეთრი საგანი ამოეჩარა. გარემო ქურდულად შეათვალიერა, მაგრამ უდაბური ქუჩის დუმილმა სიმშვიდე მოჰგვარა. ჩასაფრებულებს ზურგი შეაქცია, ტვირთი მიწაზე დაუშვა და ერთი წამის შემდეგ ჯერ ძლიერი დარტყმის ხმა გაისმა, მერე კი კაკუნისა და მსხვრევის ხმაც. იგი თავისი საქმიანობით იმდენად იყო გატაცებული, რომ მიმპარავი ნაბიჯის ხმაც არ გაუგონია. ჰოლმსი ვეფხვივით დაახტა ზურგზე, ექიმმა და ლესტრეიდმა კი ხელები გაუკრეს და ზედ ხელბორკილები ჩამოაცვეს. როცა შემოტრიალდა, გონჯი, ფერწასული, დაღრეჯილსახიანი ადამიანი წარმოუდგათ. ეს სწორედ ფოტოსურათზე გამოსახული მამაკაცი იყო. მაგრამ ჰოლმსმა შეპყრობილ მძარცველს თავი ანება და უაღრესად გულდასმით გამოიკვლია ის, რაც ჩვენმა ტყვემ სახლიდან გამოიტანა. ეს იყო ნაპოლეონის დამსხვრეული ბიუსტი, ტყუპის ცალი იმისა, რაც იმ დილით ვნახეთ. ჰოლმსს რიგრიგობით მიჰქონდა შუქზე ყოველი ნამუსრევი, ერთიც არ დაუტოვებია უყურადღებოდ, მაგრამ ისინი არაფრით არ განირჩეოდნენ თაბაშირის სხვა ნატეხებისაგან. თავისი კვლევის დამთავრება ძლივს მოასწრო, რომ კარი გაიღო და წინ წარმოდგა სახლის პატრონი – პერანგითა და შარვლით შემოსილი გულკეთილი მსუქანი მამაკაცი.

– მისტერ ჯოზაია ბრაუნი, თუ არ ვცდები? – თქვა ჰოლმსმა.

– დიახ, სერ. თქვენ კი, უეჭველად, მისტერ შერლოკ ჰოლმსი უნდა იყოთ? შიკრიკმა მომიტანა თქვენი წერილი, და ისე მოვიქეცი, როგორც მირჩიეთ. ყველა კარი დავკეტეთ და ველოდით, რა მოხდებოდა. მოხარული ვარ, რომ არამზადა ვერ გაგექცათ. გთხოვთ, მეწვიოთ, ჯენტლმენებო, ვიდრე გზას გაუდგებით, ცოტა გადავკრათ. მაგრამ ლესტრეიდს დროზე უნდოდა პატიმრის მიყვანა საიმედო ადგილზე, და რამდენიმე წუთის შემდეგ კები ოთხივეს ლონდონისაკენ მიაქროლებდა. შეპყრობილს სიტყვაც არ დაუძრავს, თუმცა ავი თვალით კი იყურებოდა. საპოლიციო უბანში ის გულმოდგინედ გაჩხრიკეს, მაგრამ რამდენიმე შილინგისა და გრძელი ხანჯლის გარდა, რომლის ტარზეც სისხლის ლაქები აღმოჩნდა, ვერაფერი უპოვეს.

– ყველაფერი რიგზეა, – თქვა ლესტრეიდმა, – ჰილი იცნობს ამ ხალხს და არ გაუჭირდება მისი ვინაობის დადგენა. აი, ნახავთ, თუ ჩემი ვარაუდი მთლიანად არ დადასტურდება. მაგრამ მე დიდი მადლობელი ვარ თქვენი, მისტერ ჰოლმს, რომ დამნაშავეს ასე მოხერხებულად დაუგეთ მახე. მე ახლაც ვერ მივმხდარვარ, როგორ მოგივიდათ ეს თავში.

– ვგონებ, ძალიან გვიანაა და ახლა არა ღირს ახსნა-განმარტების მოცემა, – თქვა ჰოლმსმა. – ამას გარდა, ზოგიერთი წვრილმანი ჯერაც არ არის დადგენილი. თან, ეს საქმე ისეთია, რომ ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. თუ ხვალ ექვსი საათისთვის ბეიკერსტრიტზე შემოიხედავთ, დაგიმტკიცებთ, რომ ეს თავისებური საქმე ჩვენთვის ჯერ კიდევ ბნელითაა მოცული.

მომდევნო საღამოს ლესტრეიდმა შეატყობინა, დაპატიმრებულის ვინაობა დავადგინეთო. გვარი უცნობია, სახელად ბეპო ჰქვია. თურმე, იტალიური კოლონიის არამზადებში თავზეხელაღებულობით გამოირჩევაო. ოდესღაც დახელოვნებული მოქანდაკე ყოფილა, მაგრამ შემდეგ გზას აცდენია და ციხეში ორჯერ მოხვედრილა: ერთხელ ბაცაცობისათვის დაუპატიმრებიათ, მეორედ – თავისი თანამემამულე დაუჭრია. ინგლისურად ჩინებულად ლაპარაკობს. დღესაც გაურკვეველია, რისთვის ამსხვრევდა ბიუსტებს. შეუპოვრად დუმს და იმის თაობაზე ლაპარაკის გაგონებაც არ უნდა. მაგრამ პოლიციამ შეძლო იმის დადგენა, რომ თვითონ შეუძლია ბიუსტების კეთება და უკეთებია კიდეც, როცა ჰელდერისა და კომპანიის სახელოსნოში უმუშავია. ლესტრეიდის მონათხრობი ამბებიდან უმრავლესობა ჰოლმსისთვის უკვე ცნობილი იყო, თუმცა მაინც დიდი თავაზიანობით მოუსმინა, მაგრამ აშკარად რაღაცას ელოდა, ცმუკავდა და მოუსვენრობდა. ბოლოს თვალებგაბრწყინებული, სკამიდან წამოვარდა. სწორედ ამ დროს კარზე ზარი დარეკეს. წუთსაც არ გაუვლია, რომ ნაბიჯის ხმა გაისმა და ოთახში ხნიერი, წითურქილვაშიანი კაცი შემოვიდა, რომელსაც მარჯვენა ხელში ძველებური, პატარა ჩემოდანი ეჭირა. მოსულმა ჩემოდანი მაგიდაზე დადგა და ხმადაბლა იკითხა:

– შეიძლება შერლოკ ჰოლმსის ნახვა?

– თუ არ ვცდები, რედინგელი მისტერ სენდფორდი უნდა ბრძანდებოდეთ, არა? – ჰკითხა სტუმარს.

– დიახ, სერ. მგონი, ცოტა შემაგვიანდა, მაგრამ მატარებლების განრიგი ისე მოუხერხებლადაა შედგენილი... თქვენ ნაპოლეონის ბიუსტზე მწერდით ხომ? თქვენი წერილი თან წამოვიღე. თქვენ მწერთ: „მსურს შევიძინო დევინის ნამუშევარი ნაპოლეონის ბიუსტის ტვიფარი და მზად ვარ გადავიხადო ათი სტერლინგი იმ ასლისათვის, რომელიც თქვენ გაქვთ1“. ასეა?

– დიახ, ასე გახლავთ.

– თქვენმა წერილმა პირდაპირ განმაცვიფრა. ვერანაირად ვერ მივხვდი, საიდან გაიგეთ, რომ ეს ბიუსტი მქონდა.

– სავაჭრო სახლის, „ძმები ჰარდინგების“ პატრონმა, მისტერ ჰარდინგმა მითხრა, რომ ამ ბიუსტის უკანასკნელი ცალი თქვენ მოგყიდათ და თქვენი მისამართიც მომცა.

– მესმის. ის თუ გითხრათ, რამდენი გადავუხადე ამ ბიუსტში? მე პატიოსანი კაცი ვარ, თუმცა არცთუ ისეთი მდიდარი გახლავართ. ამ ბიუსტში მხოლოდ თხუთმეტი შილინგი მივეცი და ეს მინდა გაუწყოთ, სანამ თქვენგან ათ გირვანქას მივიღებ.

– ასეთი კეთილსინდისიერება პატივსა გდებთ, მისტერ სენდფორდ, მაგრამ თვითონვე აღგითქვით ეს ფასი და სიტყვას არ გადავალ.

– ეს, თქვენი მხრივ, მეტისმეტად კეთილშობილური საქციელია, მისტერ ჰოლმს. – აი, ბიუსტიც, ის თან წამოვიღე. – მისტერ სენდფორდმა ჩემოდანი გააღო. ბოლოს და ბოლოს დამსხვრეული ბიუსტისა და მისი ნატეხების ნაცვლად, სრულიად მთელი ბიუსტი იხილეს. ჰოლმსმა ჯიბიდან ქაღალდის ნაგლეჯი და ათგირვანქიანი საკრედიტო ბილეთი ამოიღო.

– კეთილი ინებეთ, მისტერ სენდფორდ და მოწმეთა თანდასწრებით ხელი მოაწერეთ ამ ქაღალდს. აქ ნათქვამია, რომ მითმობთ ამ ბიუსტის მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგულების, ერთი სიტყვით, ყველა უფლებას. როგორც ხედავთ, წინდახედული კაცი ვარ. შეუძლებელია წინდაწინ იმის ცოდნა, თუ რა მოხდება შემდეგში, როგორ იცვლებიან გარემოებანი... გმადლობთ, მისტერ სენდფორდ. ინებეთ თქვენი ფული. გისურვებთ ყოველივე კარგს. როცა სტუმარი გაეცალა, შერლოკ ჰოლმსმა ხელახლა გააოცა ექიმი და ლესტრეიდი. განჯინიდან გაქათქათებული სუფრა გადმოიღო და მაგიდას გადააფარა. შემდეგ ახლად ნაყიდი ბიუსტი ზედ შუა სუფრაზე დადგა. მერე ასწია თავისი სანადირო არგანი და მძიმე ტარი ნაპოლეონს შიგ კეფაში ჩაჰკრა. ბიუსტი ნამსხვრევებად იქცა და ჰოლმსმა მთელი გულმოდგინებით გასინჯა მისი ყოველი ნატეხი. ბოლოს საზეიმო შეძახილით გაუწოდა მეგობრებს ერთი ნატეხი, რომელშიაც პუდინგში ჩარეული ქიშმიშის მარცვლის მსგავსი რაღაც მუქი მრგვალი საგანი აღმოჩნდა.

– ჯენტლმენებო! – შესძახა მან, – ნება მიბოძეთ წარმოგიდგინოთ ბორჯიების სახელგანთქმული მარგალიტი. ლესტრეიდი და ექიმი გაოცებული დუმდნენ. შემდეგ, უეცრად აღგზნება დაეუფლათ და ტაშის ცემას მოყვნენ ისე, როგორც ეს თეატრებში დრამის კარგად გახსნილი კვანძის პატივსაცემად ხდება ხოლმე. ჰოლმსს ფერმკრთალი ლოყები აუვარდისფრდა და თავი ისე დაუკრა, როგორც დრამატურგმა, რომელსაც ტაშის ქუხილით კვლავ სცენაზე იწვევენ.

– დიახ, ჯენტლმენებო, – თქვა მან, – ეს დედამიწის ზურგზე ყველაზე უფრო სახელგანთქმული მარგალიტია და საბედნიეროდ, ჩემი მეთოდის წყალობით მოვახერხე მისი ბედის კვალდაკვალ მიყოლა თავად კოლონას საწოლი ოთახიდან სასტუმრო „დაკრში“, სადაც დაიკარგა, ვიდრე ნაპოლეონის იმ მეექვსე ბიუსტამდე, რომელიც ჰელდერისა და კომპანიის სახელოსნოში დამზადდა და თქვენმა მონამორჩილმა თქვენ თვალწინ დავამსხვრიე. თქვენ, რა თქმა უნდა, გახსოვთ, ლესტრეიდ, ამ ძვირფასი ქვის დაკარგვის სენსაციური ამბავი და ლონდონის პოლიციის ამაო ცდა, ეპოვათ ის. მაშინ დახმარებისათვის მეც მომმართეს, მაგრამ მეც უძლური აღმოვჩნდი. ეჭვი თავადის ქალის პირისფარეშზე ჰქონდათ, რომელიც ჩამომავლობით იტალიელი იყო. მას ლონდონში ჰყავდა ღვიძლი ძმა, მაგრამ, იმხანად მათ შორის ნათესაური კავშირი ვერ დაადგინეს. იმ მოსამსახურე გოგოს ლუკრეცია ერქვა, გვარად ვენუჩი იყო და ეჭვი არ მეპარება, რომ პიეტრო ვენუჩი, რომელიც ამ ორი დღის წინ მოკლეს, მისი ძმა იყო. ძველი გაზეთები გადავსინჯე და აღმოჩნდა, რომ მარგალიტი ბეპოს დაპატიმრებამდე ორი დღით ადრე გაქრა. ბეპო კი ჰელდერისა და კომპანიის სახელოსნოში სწორედ იმ დროს დააპატიმრეს, როცა ეს ბიუსტები მზადდებოდა. ახლა თქვენთვის ნათელია ამბავთა თანმიმდევრობა. მარგალიტი ბეპოს ჰქონდა. შეიძლება პიეტროს მოჰპარა. შეიძლება, პიეტრო ბეპოს თანამონაწილეც იყო ან პიეტროსა და მის დას შუამავლობდა. არსებითად, ჩვენთვის არ არის მთავარი, რომელი ამ ვარაუდთაგანია სწორი. ჩვენთვის მთავარია, რომ მარგალიტი თან ჰქონდა სწორედ მაშინ, როცა პოლიცია მისდევდა. ბეპომ თავი შეაფარა სახელოსნოს, სადაც მუშაობდა. მან მშვენივრად იცოდა, რომ სადაცაა გაჩხრეკდნენ და თუ ძვირფასი ნადავლის გადამალვას ვერ მოასწრებდა, უდაოდ უპოვიდნენ. ამ დროს სახელოსნოში ნაპოლეონის თაბაშირის ექვსი ბიუსტი შრებოდა. ერთი მათგანი ჯერ კიდევ სრულიად რბილი იყო. დახელოვნებულმა ოსტატმა ბეპომ ელვის სისწრაფით ჩადო ჯერ კიდევ სველ თაბაშირში შავი მარგალიტი და ბიუსტს კარგა ხნის ჩამოსხმულის სახე მისცა. ეს იყო შესანიშნავი საცავი და მარგალიტს იქ ვერავინ იპოვნიდა. მაგრამ ბეპოს ერთი წლის ციხე მიუსაჯეს, ამასობაში კი ექვსივე ბიუსტი გაყიდეს. ბეპომ არ იცოდა, რომელ მათგანში იყო მისი მარგალიტი. ამიტომ განიზრახა ყველა მათგანის დამტვრევა და განძის აღმოჩენა. ბეპო ძებნას შეუდგა შთაგონებით და თანმიმდევრულად. ჰელდერთან მომუშავე ბიძაშვილის დახმარებით გაიგო, რომელ ფირმებს მიჰყიდეს ბიუსტები. მორზ ჰადსონთან მოეწყო და მოახერხა გაეგო სამი ბიუსტის ბედი. ამ სამში მარგალიტი არ აღმოჩნდა. ნათესავ-თანამემამულეთა დახმარებით დაადგინა, ვის მიჰყიდეს დანარჩენი სამი ბიუსტი. პირველი მათგანი ჰარკერთან იყო. სწორედ აქ მიაგნო ბეპოს კვალს მისმა თანამოზიარემ, რომელიც მას მარგალიტის დაკარგვის მიზეზად მიიჩნევდა და მათ შორის ხელჩართული ბრძოლა გაიმართა. მკვლელობის შემდეგ ბეპომ არა თუ გადადო, არამედ დააჩქარა კიდეც მარგალიტის ძებნა. იმით შეშინებული, რომ მისი საიდუმლო არ გამომჟღავნებულიყო და მარგალიტი არ დაეკარგა, ცდილობდა, დაესწრო პოლიციისათვის და, რადაც უნდა დასჯდომოდა, მარგალიტისათვის მიეკვლია. რა თქმა უნდა, მე არ შემეძლო მტკიცება, რომ ჰარკერის კუთვნილ ბიუსტში მარგალიტი იყო. რას დაეძებდა, არც კი ვიცოდი. მაგრამ ჩემთვის ნათელი იყო, რომ რაღაც ძვირფას საგანს დაეძებდა, რადგანაც მოტაცებულ ბიუსტებს მხოლოდ ისეთ ადგილებში ამსხვრევდა, სადაც შუქი იყო. როცა ჰარკერის ბიუსტი დაამსხვრია, ორი ბიუსტიღა დარჩა და აშკარა იყო, დაიწყებდა იმით, რომელიც ლონდონში ეგულებოდა. მე გავაფრთხილე სახლის მცხოვრებნი, რათა თავიდან ამერიდებინა მეორე ტრაგედია და ბრწყინვალე შედეგებს მივაღწიეთ. ამ დროისთვის უკვე მტკიცედ მჯეროდა, რომ ჩვენ ბორჯიების მარგალიტზე ვნადირობდით. მოკლული პიეტრო ყველა ფაქტს ერთად აკავშირებდა. რჩებოდა მხოლოდ ერთი ბიუსტი – ის, რომელიც რედინგში გაიყიდა და მარგალიტი შეიძლებოდა, მხოლოდ იმ ბიუსტში ყოფილიყო. მე ეს ბიუსტი თქვენი თანდასწრებით შევიძინე და მარგალიტიც სწორედ შიგ აღმოჩნდა.

რამდენსამე წამს ვდუმდით.

– დიახ, მისტერ ჰოლმს, – თქვა ლესტრეიდმა, – თქვენი არაჩვეულებრივი ნიჭიერების მოწმე ბევრჯერ ვყოფილვარ, მაგრამ ასეთი ოსტატობით ამოხსნილი საიდუმლოება მაინც გასაოცრად მიმაჩნია.

– გმადლობთ! – თავმდაბლად წარმოთქვა ჰოლმსმა.

დასასრული

თარგმნა ნინო წულუკიძემ

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული