რომანი და დეტექტივი

ექვსი ნაპოლეონი

№4

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 04.02

დეტექტივი
დაკოპირებულია
  • არტურ კონან დოილი

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #3 (1203)

ექიმი და შერლოკ ჰოლმსი ფეხით წავიდნენ ჰაისტრიტზე და ძმები ჰარდინგების დუქანში შევიდნენ, სადაც ბიუსტი იყიდეს. ახალგაზრდა ნოქარმა უთხრა, მისტერ ჰარდინგი მხოლოდ დღის ბოლოს იქნება, მე კი არაფერი ცნობის მოცემა არ შემიძლია, რადგან ძალიან ცოტა ხანია, რაც აქ ვმუშაობო. ჰოლმსის სახეზე იმედგაცრუება და უკმაყოფილება გამოიხატა.

– რას იზამთ, უოთსონ, ხომ არ შეიძლება, ადამიანს მუდამ წარმატება ჰქონდეს? რაკი მისტერ ჰარდინგი საღამომდე არ იქნება, კიდევ მოგვიხდება აქ შემოვლა. ცხადია, მიმიხვდით, მინდა, ამ ბიუსტების ჩამოსხმის ისტორია შევისწავლო. უნდა დადგინდეს, იყო თუ არა მათი შექმნისას რაიმე უცნაური გარემოება, რამაც იმპერატორის ბიუსტების საკვირველი ბედი განაპირობა. ჯერ კი კენინგტონროუდზე ვეწვიოთ მისტერ მორზ ჰადსონს და ვნახოთ, მისი დაკითხვა ხომ არ მოჰფენს ცოტაოდენ შუქს ამ თავსატეხს.

ჰადსონი ჩია ტანის, სქელი, უცხვირპირო, წითური კაცი აღმოჩნდა. – დიახ, სერ, ჩემს დახლზე დაამსხვრიეს, – თქვა მან. – რისთვის ვიხდით გადასახადებს, თუ ყოველი არამზადა ჩვენს დუქანში შემოიჭრება და საქონელს გააფუჭებს! დიახ, სერ, დოქტორ ბარნიკოტს ორივე ბიუსტი მე მივყიდე. სირცხვილი და თავის მოჭრა, სერ! ანარქისტული შეთქმულებაა თუ რა? ჩემი აზრით, მხოლოდ თავზე ხელაღებულ ანარქისტს შეუძლია დაამსხვრიოს ქანდაკება. საიდან ვიშოვე ეს ბიუსტები? არ მესმის, რა საერთო შეიძლება, ჰქონდეს ამას საქმესთან. რა გაეწყობა, რაკი გაინტერესებთ, მოგახსენებთ. ჩერჩსტრიტზე, სტეპნიში „ჰელდესა და კომპანიისგან“ შევიძინე; კარგად ცნობილი ფირმაა, უკვე ოცი წელია, არსებობს. რამდენი ცალი ვიყიდე? სამი. ორი მივყიდე დოქტორ ბარნიკოტს, ერთიც დღისით მზისით ჩემს საკუთარ დახლზე დაამსხვრიეს. ხომ არ ვიცნობ ამ ფოტოსურათზე გამოხატულ ადამიანს? არა, არ ვიცნობ. თუმცა, ვიცნობ. ესაა ბეპო, იტალიელი ხელოსანი. ზოგჯერ ჩემს დუქანში პატარ-პატარა სამუშაოებს ასრულებს. შეუძლია, ხეზე ფიგურების ამოკვეთა, ჩარჩოების მოვარაყება, ცოტ-ცოტა ყველაფერი ეხერხება. ერთი კვირის წინ წავიდა ჩემგან და მას შემდეგ მისი ასავალ-დასავალი აღარ ვიცი. არც ის ვიცი, საიდან მოვიდა. სად იმყოფება ახლა? არც ეგ ვიცი. მის წინააღმდეგ არაფრის თქმა არ შემიძლია. ცუდად არ მუშაობდა. სანამ ბიუსტს დამიმსხვრევდნენ, ორი დღით ადრე დამეთხოვა...

– რა გვეთქმის, მორზ ჰადსონმა იმაზე მეტი ცნობები მოგვცა, ვიდრე ველოდით, – თქვა ჰოლმსმა, როცა დუქნიდან გამოვიდნენ, – ამრიგად, იტალიელი ხელოსანი ბეპო მონაწილეობას იღებდა იმ მოვლენებში, რომლებიც კენინგტონში მოხდა. ასეთი ფაქტის დადგენისთვის ათი მილის გავლას არც ინანებ. ახლა კი, უოთსონ, სტეპნისკენ გავწიოთ და ბიუსტების სამშობლოს, „ჰელდერსა და კომპანიას“ ვესტუმროთ. ეჭვი არ მეპარება, იქ ბევრს რასმე საგულისხმოს შევიტყობთ.

ქანდაკებათა სახელოსნო მალევე იპოვეს. სახელოსნო სასაფლაოს ძეგლებით გაჭედილ ფართო ეზოში იყო მოთავსებული. ის ერთი დიდი ოთახი იყო, რომელშიც ამოკვეთასა და დაყალიბებაზე დასაქმებული ორმოცდაათამდე ხელოსანი მუშაობდა. ტანმაღალმა, ქერა მასპინძელმა თავაზიანად მიიღო ჰოლმსი და ყველა კითხვაზე ნათელი, ამომწურავი პასუხები მისცა. მისი ჩანაწერების წიგნი მოწმობდა, რომ დევინის ნამუშევარი ნაპოლეონის თავის მრავალი ასლი გაკეთდა, მაგრამ ის სამი ბიუსტი, რომლებიც დაახლოებით, ერთი წლის წინ გადაუგზავნეს მორზ ჰადსონს, ექვსცალიანი ცალკე პარტიის ნახევარს შეადგენდა. ამ პარტიის დანარჩენი სამი ცალი კენსინგტონელი ძმები ჰარდინგებისთვის მიუყიდიათ. ის ექვსი ცალი ბიუსტი არაფრით არ განირჩეოდა ყველა დანარჩენისგან. მან არ იცოდა, რა მიზეზით შეიძლებოდა, ვინმეს ბიუსტების განადგურება მოსვლოდა თავში. მსგავსი აზრი მას, უბრალოდ, სასაცილოდ მიაჩნდა. ბითუმი ფასი ამ ბიუსტებისა – ექვსი შილინგია, მაგრამ სათითაოდ თუ გაიყიდება, თითოში თორმეტისა და მეტის აღებაც შეიძლება. ეს ბიუსტები ასე მზადდება: ჩამოასხამენ თაბაშირის ორ ტვიფრს სახის ორი ნახევრისგან და შემდეგ ორსავე პროფილს ერთად შილინგი. მთელ ამ სამუშაოს, ჩვეულებრივ, იტალიელები ასრულებენ, აი, ამ ოთახში. როცა ბიუსტი მზადაა, მას დერეფანში დგამენ მაგიდაზე, რომ გამოშრეს, შემდეგ კი საწყობში გზავნიან. მეტი მოსათხრობი არაფერი მაქვსო, თქვა. მაგრამ, როცა ჰოლმსმა მასპინძელს ფოტოსურათი უჩვენა, ამ ამბავმა შემაძრწუნებელი შთაბეჭდილება მოახდინა. მისი სახე ბრაზისაგან აენთო, ცისფერმა თვალებმა ცეცხლი დააკვესეს.

– აჰ, არამზადა! – შესძახა მან. – დიახ, ამას კარგად ვიცნობ. ჩვენი სახელოსნო საყოველთაო პატივისცემით სარგებლობს, მთელი მისი არსებობის განმავლობაში აქ მხოლოდ ერთხელ იყო პოლიცია და აი, ამ ვიგინდარას მიზეზით! ეს ერთ წელზე მეტი ხნის წინათ მოხდა. თურმე, ვიღაც თავის თანამემამულეს დანა ჩასცა, პოლიცია დაედევნა და ის კი ჩემს სახელოსნოში შემოვარდა. აქ დაიჭირეს. ბეპო ჰქვია. გვარი არ ვიცი. სამართლიანად დავისაჯე იმისთვის, რომ სამუშაოზე ავიყვანე კაცი, რომელსაც ასეთი სახე ჰქონდა. თუმცა კარგი მუშა კი იყო, საუკეთესოც. დაჭრილი გადარჩა და ამიტომ მხოლოდ ერთი წლის პატიმრობა აკმარეს. ეჭვი არ მეპარება, უკვე თავისუფალიც იქნება, მაგრამ აქ ცხვირის შემოყოფას ვერ გაბედავს. ჩემთან მისი ბიძაშვილი მუშაობს. მე მგონია, მისგან შეიძლება, გაიგოთ, სადაა ბეპო.

– არა, არა, – შესძახა ჰოლმსმა, – მის ბიძაშვილს არც ერთი სიტყვა არ უნდა ვუთხრათ, არც ერთი სიტყვა! ეს საქმე ძლიერ სერიოზულია. თქვენს სავაჭრო წიგნში აღნიშნულია, რომ ეს ბიუსტები შარშან სამ ივნისს გაყიდეთ. ხომ ვერ მეტყვით, რომელ რიცხვში დააპატიმრეს ბეპო?

– ეს შემიძლია საგადასახადო უწყისის საშუალებით დავადგინო, – მიუგო მასპინძელმა. – დიახ, – დასძინა ქაღალდებში თავჩარგულმა, – უკანასკნელი გასამრჯელო ოც მაისს მიუღია.

– მადლობელი ვარ, – უთხრა ჰოლმსმა. – მეტ დროს აღარ წაგართმევთ და თქვენი მოთმინებით ბოროტად არ ვისარგებლებ.

შუადღე დიდი ხნის გადასული იყო, როცა ჰოლმსმა და ექიმმა საუზმობა მოახერხეს. რესტორანში შესასვლელთან გაზეთებს ყიდდნენ. უკანასკნელ ამბებში მსხვილი შრიფტით ეწერა: „დანაშაული კენსინგტონში. შეშლილი მკვლელი“. გაზეთში რომ ჩაიხედეს, დარწმუნდნენ, რომ მისტერ ჰორეს ჰარკერს მაინც მოეხერხებინა თავისი სტატიის დაწერა. ორი სვეტი ეთმობოდა იმ სენსაციური ამბის აღწერას, რაც ჰორეს ჰარკერის სახლში მოხდა. ჰოლმსმა გაზეთი მაგიდაზე გაშალა და კითხვა ისე დაიწყო, რომ ჭამა არ შეუწყვეტია. ერთი-ორჯერ ჩუმად ჩაიცინა კიდეც.

– ყველაფერი რიგზეა, უოთსონ, – თქვა მან. – სასიამოვნოა იმის შეგნება, რომ არ შეიძლება, ამ მოვლენაზე ორი აზრი არსებობდეს, რადგან პოლიციის ერთი ყველაზე გამოცდილი მაძებარი, მისტერ ლესტრეიდი და საქვეყნოდ ცნობილი კონსულტანტი და ექსპერტი, მისტერ შერლოკ ჰოლმსი იმაზე შეთანხმდნენ, რომ ასე ტრაგიკულად დამთავრებული უცნაური მოვლენების ჯაჭვი მოწმობს სიგიჟეს და არა დანაშაულს. ჩვენ მიერ მოთხრობილი ფაქტები, თუ არა შეშლილობით, სხვანაირად ვერ აიხსნება. ბეჭდვითი სიტყვა ძიებაში ნამდვილი საგანძურია, უოთსონ, თუ ადამიანი მას უნარიანად გამოიყენებს. ახლა კი, თუ უკვე ისაუზმეთ, კენსინგტონში დავბრუნდეთ და მოვისმინოთ, რას გვეტყვის „ძმები ჰარდინგების“ პატრონი.

ამ დიდი სავაჭრო სახლის დამაარსებელი მკვირცხლი, მოუსვენარი, მოსაზრებული და ყბედი კაცი აღმოჩნდა.

– დიახ, სერ, საღამოს გაზეთებიდან უკვე ყველაფერი ვიცი. მისტერ ჰორეს ჰარკერი ჩვენი მუდმივი მუშტარია. საფრანგეთის იმპერატორის ბიუსტი მას რამდენიმე თვის წინ მივყიდეთ. სამი ბიუსტი ჰელდერსა და კომპანიისაგან მივიღეთ სტეპნიში. უკვე გავყიდეთ. ვინ და ვინ იყიდა? ერთი ჩავიხედო ჩემს სავაჭრო წიგნში და მაშინ გიპასუხებთ. აგერ, ყველაფერი წერია. ერთი ბიუსტი – მისტერ ჰორეს ჰარკერისათვის მიგვიყიდია, მეორე – მისტერ ჯოზაიე ბრაუნისათვის, ჩიზიკში რომ სახლობს, მესამე კი – რედინგში, ლაუერგროვროუდზე მცხოვრებ მისტერ სენდფორდისათვის.

სანამ მისტერ ჰარდინგი ლაპარაკობდა, ჰოლმსი რაღაცას იწერდა. მეტისმეტად კმაყოფილი სახე ჰქონდა.

საღამოს, ბეიკერსტრიტზე მაძებარი მოუთმენლად სცემდა ბოლთას ოთახში. მის საქმიან გამომეტყველებაზე შენიშნავდით, რომ ის დღე უნაყოფოდ არ დაეკარგა.

– როგორაა საქმე, მისტერ ჰოლმს? – ჰკითხა ლესტრეიდმა.

– დაძაბული მუშაობა მოგვიხდა და დრო ფუჭად არც ჩვენ დაგვიკარგავს, – მიუგო ჰოლმსმა. – ორივე მედუქნე და სახელოსნოს პატრონი მოვინახულეთ. ყოველი ბიუსტის ბედი თავიდან ბოლომდე გავიგე.

– ყოველი ბიუსტის ბედი? – შესძახა ლესტრეიდმა. – კარგი, კარგი, მისტერ ჰოლმს, ყველას თავისი მეთოდი აქვს, და თქვენთან დავას არ ვაპირებ, მაგრამ მეჩვენება, რომ ამ საქმის ძიებაში თქვენზე მეტს მივაღწიე. მე დავადგინე მოკლულის ვინაობა.

– რასა ბრძანებთ! – და გავარკვიე დანაშაულის მიზეზი.

– ჩინებულია!

– ერთი ინსპექტორი გვყავს, ლონდონის იტალიურ უბნებს თავისი ხუთი თითივით იცნობს. მოკლულს ყელზე კათოლიკური ჯვარი აღმოაჩნდა. ამას გარდა, მისი კანის ჩამუქებულმა ფერმა უნებურად გვაფიქრებინა, რომ სამხრეთელი უნდა ყოფილიყო. ინსპექტორმა ჰილმა მოკლულს დახედა თუ არა, იმწამსვე იცნო. იგი აღმოჩნდა პიეტრო ვენუჩი, წარმოშობით ნეაპოლელი, ლონდონის ერთი ყველაზე უფრო თავზე ხელაღებული ავაზაკი. როგორც ხედავთ, ყველაფერს შუქი ეფინება. ალბათ, მკვლელიც იტალიელი იქნება. პიეტრო მკვლელს გადარაჯებია, როცა ის სახლში შესულა, თან მისი ფოტოსურათი ჰქონია, რომ მის მაგიერ სხვა ვინმე არ შემოჰკვდომოდა. დიახ, პიეტრო ვენუჩიმ თავისი მტრის კვალს მიაგნო, დაინახა სახლში შესული, გარეთ დაელოდა, თავს დაესხა და შეტაკების დროს სასიკვდილოდ დაჭრა... რას ფიქრობთ ამაზე, მისტერ შერლოკ ჰოლმს?

ჰოლმსმა აღელვებით ჩამოართვა ხელი.

– ჩინებულია, ლესტრეიდ, ჩინებული! – შესძახა მან, – მაგრამ ნათლად ვერ გავიგე, ბიუსტების გატაცებას, დამტვრევასა და განადგურებას როგორღა ახსნით.

– ისევ ბიუსტები! ვერაფრით ვერ გამოგიგდიათ თავიდან ეს ბიუსტები. ბოლოს და ბოლოს მათი ისტორია რა საყურადღებო ამბავია. ეგ ხომ წვრილმანი ქურდბაცაცობაა, რისთვისაც დამნაშავეს, სულ დიდი, ექვსი თვის პატიმრობას მიუსჯიან. აი, მკვლელობის საქმე კი ღირს ხელის მოკიდებად და როგორც ხედავთ, საქმის გახსნას ბევრი არაფერი მიკლია.

– რას აპირებთ, რა უნდა მოიმოქმედოთ? – ძალიან უბრალო გეგმა მაქვს. ჰილს გავყვები იტალიურ უბანში, ვიპოვით სურათზე გამოსახულ კაცს, დავაპატიმრებთ და მკვლელი ხელში გვეყოლება, თან ხომ არ წამომყვებით?

– რა მოგახსენოთ. მგონი, ვერ გამოგყვებით. მე მგონია, ჩვენ უფრო იოლად მივაღწევთ წარმატებას. დაბეჯითებით თქმა არ შემიძლია, რადგანაც ეს დამოკიდებულია... ერთი სიტყვით, ეს დამოკიდებულია ერთ გარემოებაზე, რაც ჩვენს ხელთ არ არის. ჩემი აზრით, მკვლელი ამაღამ მახეში თავისი ფეხით უნდა გაებას. თუ თქვენ გამომყვებით, ამაღამვე შევიპყრობთ.

– იტალიურ კვარტალში?

– არა. ჩემი აზრით, იგი ჩიზიკში უნდა ვეძიოთ. თუ დღეს ღამით ჩიზიკში გამყვებით, ლესტრეიდ, ხვალ იტალიურ კვარტალში მე გეახლებით. დამერწმუნეთ, იტალიურ კვარტალში დღევანდელი წაუსვლელობა არავითარ ზიანს არ მოიტანს. ახლა კი ცოტა წავიძინოთ, რადგანაც თერთმეტ საათზე ადრე გასვლას აზრი არა აქვს, ხოლო დაბრუნება კი ალბათ, დილით მოგვიწევს. ისადილეთ ჩვენთან ერთად, ლესტრეიდ, და ამ დივანზე დაწექით. თქვენ კი, უოთსონ, დარეკეთ და შიკრიკი იხმეთ. წერილის გაგზავნა აუცილებელია და დაუყოვნებლივ უნდა გავაგზავნოთ.

ჰოლმსი მთელი საღამო იქექებოდა ძველ გაზეთებში, რითაც სავსე ჰქონდა ერთ–ერთი საკუჭნაო. როცა საკუჭნაოდან გამოვიდა, თვალები საზეიმოდ უბრწყინავდა, მაგრამ თავისი ძიების შედეგებზე სიტყვა არ დასცდენია. ეს ახირებული დამნაშავე ახლა, ალბათ, შეეცდებოდა დანარჩენი ორი ბიუსტი მოესპო, რომელთაგანაც ერთი, როგორც დავიმახსოვრე, ამჟამად ჩიზიკში იდგა. უეჭველია, ღამის ლაშქრობის მიზანი ის იყო, რომ ბოროტმოქმედი ადგილზე შეეპყროთ. ჰოლმსის ეშმაკობით ყველა აღტაცებული იყო. მან ხომ განზრახ გამოაქვეყნა საღამოს გაზეთში სრულიად შემცდარი ვარაუდი, რათა დამნაშავე დაერწმუნებინა, ყოველგვარი რისკის გარეშე შეგიძლია მოქმედებაო. თვითონ კი თავის საყვარელ იარაღს – მონადირის არგანს წამოავლო ხელი, რომლის ტარში ტყვია იყო ჩასხმული. თერთმეტ საათზე მათ კართან ეტლი გაჩერდა, რომელმაც ისინი ჰამერსმითის ხიდით თემზის მეორე ნაპირზე გადაიყვანა. მერე გზა ფეხით გააგრძელეს და მალე კოხტა სახლებით გარემოცულ უდაბურ გზაზე აღმოჩნდნენ. პატარ–პატარა სახლები მზრუნველ ხელს წალკოტში ჩაესვა. ქუჩის ფარნის შუქზე ერთი მათგანის ჭიშკარზე ასეთი წარწერა იკითხებოდა: „ვილა ლაბურნუმი“. სახლის პატრონებს, ალბათ, უკვე ეძინათ, რადგან მთელი სახლი წყვდიადს მოეცვა. მხოლოდ შესავალი კარის თავზე მრგვალი პატარა ფანჯრიდან ბჟუტავდა შუქი და ბაღის ბილიკზე ეფინებოდა. ჭიშკარში შევიდნენ და ბაღსა და გზას შორის მესერის ხშირ ჩრდილს ამოეფარნენ. მოლოდინი ხანგრძლივი არ აღმოჩნდა და სრულიად მოულოდნელად და უცნაურად დამთავრდა. ანაზდად, ყოველგვარი სიფრთხილის გარეშე, ბაღის კარი გაიღო და მაიმუნივით მოქნილი, შავი სხეული ბილიკს სირბილით გაჰყვა. ყველამ დაინახა, როგორ გაიელვა იმ სხეულმა ფანჯრიდან გამომავალ შუქზე და შავ ჩრდილში გაქრა. ხანგრძლივი დუმილი ჩამოწვა. ყველანი სუნთქვაშეკრულნი იდგნენ. ბოლოს მათ ყურამდე სარკმლის ანჯამების სუსტი ჭრიალის ხმამ მოაღწია. ამას ისევ დუმილი მოჰყვა. დამნაშავე უკვე სახლში დაძვრებოდა. უეცრად დაინახეს, როგორ გაანათა ოთახში მისი ჯიბის ფარნის შუქმა. რასაც ეძებდა, ეტყობოდა, იქ არ აღმოჩნდა, რადგან წუთის შემდეგ შუქმა მეორე ოთახში გადაინაცვლა.

დასასრული შემდეგ ნომერში

თარგმნა ნინო წულუკიძემ

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული