ექვსი ნაპოლეონი
ავტორი: „თბილისელები“ 20:00 28.01
- არტურ კონან დოილი
სკოტლანდიარდელი მაძებარი, მისტერ ლესტრეიდი, საღამოობით მეგობრების ხშირი სტუმარი იყო. შერლოკ ჰოლმსს სიამოვნებდა ხოლმე მისი მოსვლა. ის მისთვის პოლიციაში მომხდარი ყოველნაირი ამბების მაცნედ იქცა, რასაც ჰოლმსი დიდად უმადლოდა. ისმენდა ლესტრეიდის მოთხრობებს იმ საქმეებზე, რომლებიც მაძებარს ჰქონდა დავალებული და თან, თითქოს, უნებურად აძლევდა რჩევა–დარიგებებს, თავისი გამოცდილებისა და ფართო ცოდნის საგანძურიდან. ერთ საღამოს ლესტრეიდი მხოლოდ ამინდსა და საგაზეთო ცნობებზე ლაპარაკობდა. მერე უეცრად გაჩუმდა და ჩაფიქრებულმა სიგარა დაფერფლა. ჰოლმსი დაჟინებით დააცქერდა:
– ჩემთვის რაიმე საინტერესო საქმე ხომ არა გაქვთ? მომიყევით.
ლესტრეიდმა გაიცინა:
– თქვენ ხომ კაცი ვერაფერს დაგიმალავთ, მისტერ ჰოლმს. მართლაც, მაქვს შენიშნული ერთი შემთხვევა, მაგრამ ისე უმნიშვნელო, რომ თქვენი შეწუხება არ მინდოდა, ერთი შეხედვით, უბრალო და უმნიშვნელო ამბავია. ამ საქმემ უფრო დოქტორი უოთსონი უნდა დააინტერესოს, ვიდრე მე და თქვენ. სიგიჟეა, თანაც, საკმაოდ უცნაური სიგიჟე. ძნელი წარმოსადგენია, რომ ადამიანს, რომელიც ჩვენს საუკუნეში ცხოვრობს, იმდენად სძულდეს იმპერატორი ნაპოლეონ პირველი, რომ ანადგურებდეს მის ყველა გამოსახულებას, რაც კი ხელთ მოხვდება. ის ადამიანი არ ერიდება ქურდობას, სახლებს ტეხს და ანადგურებს ნაპოლეონის იმ გამოსახულებებს, რომლებიც მას კი არა, სხვებს ეკუთვნის.
ჰოლმსი წელში გაიმართა:
– სახლებს ტეხს და ძარცვავს? ეს ძალიან საინტერესო ამბავია. ბარემ ამ საქმის ყველა წვრილმანი კუნჭულიც გამაცანით.
ლესტრეიდმა სამსახურის საქმეებისთვის განკუთვნილი უბის წიგნაკი გადაფურცლა, რათა მეხსიერებაში ყოველი წვრილმანი აღედგინა.
– პირველ შემთხვევაზე ამ ოთხი დღის წინ შეგვატყობინეს. ეს ამბავი მორზ ჰადსონის დუქანში მოხდა. ჰადსონი სურათებითა და ქანდაკებებით ვაჭრობს. ნოქარი ერთი წუთით გავიდა მაღაზიიდან და უეცრად რაღაც ჭახანი შემოესმა. უკან შებრუნდა თუ არა, ნახა, რომ ნაპოლეონის თაბაშირის ბიუსტი ნამსხვრევებად ქცეულიყო და იატაკზე ეყარა. ნოქარი ქუჩაში გაიჭრა, და, თუმცა გამვლელები ამტკიცებდნენ, ამ წუთში დუქნიდან ვიღაც კაცი გამოვარდაო, უცნობი ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, მისი ასავალ-დასავალი ვეღარ გაიგო. ეტყობა, ესეც ერთი ისეთი უაზრო ხულიგნობაა, რომლის მსგავსიც დროდადრო ხდება ხოლმე... ასეც მოახსენეს ადგილზე მისულ კონსტებლს. ნაპოლეონის თაბაშირის ბიუსტი სულ რამდენიმე შილინგი ფასობს და მთელი საქმე ისე წვრილმანი ჩანდა, რომ ძიების წარმოებად არც ღირდა. ახალი შემთხვევა კი უფრო სერიოზულია და თან, არანაკლებ უცნაური. ეს წუხელ ღამით მოხდა. კენინგტონროუდში, მორზ ჰადსონის დუქნიდან სულ რამდენსამე ასეულ ნაბიჯზე, ცხოვრობს ცნობილი ექიმი, დოქტორი ბარნიკოტი, რომელსაც თემზის სამხრეთ ნაპირზე კარგა გვარიანი პრაქტიკა აქვს. დოქტორი ბარნიკოტი ნაპოლეონის მხურვალე თაყვანისმცემელია. მორზ ჰადსონთან შეუძენია ფრანგი მოქანდაკე დევინის მიერ თაბაშირისგან ჩამოსხმული ნაპოლეონის თავის ორი ერთნაირი ასლი. ერთი თავის ბინაში დაუდგამს, კენინგტონროუდზე, მეორე კი – ლაუერბრიქსტონროუდზე მდებარე ქირურგიულ კაბინეტში, ბუხრის თავზე. დღეს დილით შინ დაბრუნებულ დოქტორ ბარნიკოტს უნახავს, რომ ღამით მის სახლში ქურდი შესულა, ოღონდ არაფერი წაუღია, გარდა თაბაშირის ბიუსტისა, შესასვლელში რომ ედგა. მძარცველს ის ბიუსტი ბაღის მესერზე დაუმსხვრევია. დილით ღობის ძირას ნამსხვრევთა ზვინი უპოვიათ.
ჰოლმსმა ხელები მოიფშვნიტა.
– შემთხვევა მართლაც არაჩვეულებრივია! – თქვა მან.
– დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს შემთხვევა დაგაინტერესებდათ. მაგრამ ჯერ არ დამისრულებია. დოქტორი ბარნიკოტი თორმეტ საათზე მისულა ქირურგიულ განყოფილებაში და წარმოიდგინეთ მისი გაოცება, როცა ქირურგიული კაბინეტის ფანჯარა ღიად დახვედრია და მთელი იატაკი ნაპოლეონის მეორე ბიუსტის ნამსხვრევებით მოფენილი უნახავს. ქანდაკება ვიღაცის მსახვრალ ხელს სულ ნაცარტუტად უქცევია. ორივე შემთხვევა გულდასმით გამოვიკვლიეთ, მაგრამ დამნაშავის ვინაობა ვერ დავადგინეთ... გიჟი თუა, ასეთ საქმეებს როგორ სჩადის. მისტერ ჰოლმს, ყოველივე წვრილმანი ამ საქმის გარშემო, რაც გიამბეთ, ესაა.
– ორიგინალური და თან უჩვეულო ფაქტებია, – თქვა ჰოლმსმა, – საინტერესოა, დაადგინეთ თუ არა, რა მსგავსებაა დოქტორ ბარნიკოტისა და ქირურგიულ განყოფილებაში დამსხვრეულ ბიუსტებსა და მორზ ჰადსონის დუქანში გატეხილ ნეპოლეონის ბიუსტს შორის.
– ისინი ერთ ყალიბშია ჩამოსხმული.
– მაშასადამე, უაზრობაა იმის მტკიცება, თითქოს კაცს, რომელმაც ეს ბიუსტები დაამსხვრია, ნაპოლეონის სიძულვილი ამოქმედებდეს. თუ მხედველობაში მივიღებთ იმ გარემოებას, რომ ლონდონში დიდი იმპერატორის გამომსახველი რამდენიმე ათასი ბიუსტია, ძნელი წარმოსადგენია, რომ უცნობ ფანატიკოსს შემთხვევით დაეწყო ეს უცნაური თამაში და სამი სრულიად ერთნაირი ბიუსტი გაენადგურებინა. თქვენ რას ფიქრობთ, დოქტორო უოთსონ?
– სულიერი აშლილობა უსაზღვროდ ნაირსახოვანია. არსებობს მოვლენები, რომელთაც თანამედროვე ფსიქოლოგები „აკვიატებულ იდეებს“ უწოდებენ. ეს იდეა შეიძლება, იყოს სრულიად უმნიშვნელო და ამით შეპყრობილი ადამიანი ყველა სხვა ურთიერთობაში სრულიად ნორმალური გახლდეთ. დავუშვათ, რომ მანიაკმა ადამიანმა მეტისმეტად ბევრი რამ წაიკითხა ნაპოლეონზე ან შეიტყო რაიმე წყენის ამბავი, მის წინაპრებს რომ ნაპოლეონის ომების დროს მიაყენეს. ასე შეიქმნება „აკვიატებული იდეა“ და მისი ზეგავლენით გამომუშავდება უნარი უაღრესად ფანტასტიკური ოინების ჩასადენად.
– თქვენი თეორია ჩვენთვის გამოუსადეგარია, ჩემო საყვარელო უოთსონ, – თქვა თავის ქნევით ჰოლმსმა, – რადგან ვერავითარი „აკვიატებული იდეა“ ვერ უკარნახებდა იმ უცნაურ მანიაკს, რომელზეც ლესტრეიდმა მოგვითხრო, თუ სად და ვის ბინებში უნდა ეძებნა ნაპოლეონის ბიუსტები. ამ ჯენტლმენის უცნაურ საქციელში არის რაღაც სისტემა.
შემდგომ მოვლენები უფრო სწრაფად წარიმართა და უფრო ტრაგიკულადაც დასრულდა, ვიდრე ვარაუდობდნენ. მეორე დილით ჰოლმსმა დეპეშა მიიღო, რომელიც ხმამაღლა წაიკითხა: „სასწრაფოდ ჩამოდით კენსინგტონში, პიტსტრიტის 131. ლესტრეიდი“.
– ეს ბიუსტების ისტორიის გაგრძელებაა, – გაიცინა ჰოლმსმა, – თუ არ ვცდები, აქედან ჩანს, რომ ჩვენმა მეგობარმა მანიაკმა თავისი საქმიანობა ქალაქის მეორე ნაწილში გადაიტანა... ყავა მაგიდაზეა, უოთსონ, და კები კართან გველოდება..
სახლი ¹131 ერთი ულაზათო ნაგებობა აღმოჩნდა. მისი ბაღის ღობესთან უსაქმურების ჯგუფი იდგა.
ჰოლმსმა დაუსტვინა:
– ეშმაკმა დალახვროს, აქ, მე ვფიქრობ, მკვლელობა უნდა იყოს! ლესტრეიდი მათ შეეგება და ცხვირჩამოშვებულმა გაიყვანა სასტუმრო ოთახში, სადაც არაჩვეულებრივად თმაგაჩეჩილი, თივთიკისხალათიანი ხნიერი კაცი ადგილს ვერ პოულობდა და აქეთ–იქით აწყდებოდა. ოჯახის უფროსი აღმოჩნდა – მისტერ ჰორეს ჰარკერი, ბეჭდვითი სიტყვის ცენტრალური სინდიკატის გაზეთის მუშაკი.
– ნაპოლეონის ბიუსტების ისტორია გრძელდება, – თქვა ლესტრეიდმა, – გუშინ საღამოს თქვენ ამ ამბით დაინტერესდით, მისტერ ჰოლმს და ვიფიქრე, რომ გესიამოვნებოდათ ამ საქმის ძიებაში მონაწილეობა, მეტადრე ახლა, როცა მას ასეთი სავალალო შედეგი მოჰყვა.
– რა მოხდა?
– მკვლელობა. მისტერ ჰარკერ, გეთაყვა, უამბეთ ამ ჯენტლმენს ყველაფერი, რაც მოხდა.
– უცნაური ამბავია, – თქვა მან. – მთელი სიცოცხლის განმავლობაში გაზეთებში იმ ამბებზე ვწერდი, რაც თავს სხვებს გადახდენიათ, ხოლო როცა ბოლოს მე თვითონ გადამხდა თავს უცნაური ამბავი, დავიბენი. მისტერ შერლოკ ჰოლმს და თუ შეძლებთ, ამოხსნათ ეს საიდუმლოებით მოცული საქმე, ამით ამინაზღაურებთ ამ ამბის ხელახლა მოყოლის არასასიამოვნო აუცილებლობას.
ჰოლმსი დაჯდა და სმენად იქცა.
– ეს მკვლელობა დაკავშირებულია ნაპოლეონის ბიუსტთან, რომელიც ოთხი თვის წინ, ჰაისტრიტის ვაგზლის ახლოს, ძმები ჰარდინგების მაღაზიაში იაფად შევიძინე. საგაზეთო წერილებს, ჩვეულებრივ, ღამით ვწერ და ზოგჯერ საწერ მაგიდასთან ვათენებ ხოლმე. დაახლოებით, სამ საათზე ქვემოდან რაღაც ხმაური შემომესმა. ყური მივუგდე, მაგრამ ხმაური აღარ განმეორებულა, და მეც ხელი ჩავიქნიე, ალბათ, ქუჩიდან თუ მომეყურა–მეთქი. მაგრამ ხუთი წუთის შემდეგ საზარელი გოდება გავიგონე. არასოდეს მსმენია, მისტერ ჰოლმს, ასეთი საშინელი ხმა. ეს გოდება, ალბათ, სიკვდილამდე არ მოასვენებს ჩემს ყურთასმენას. ერთი თუ ორი წუთი შიშისაგან გარინდებული უძრავად ვიჯექი, შემდეგ ხელჯოხი ავიღე და დაბლა დავეშვი. ამ ოთახში რომ შემოვედი, ვნახე, რომ ფანჯარა ღიაა და ბუხარზე მდგარი ბიუსტი სადღაც გამქრალიყო. ვერაფრით გავიგე, რისთვის უნდა დახარბებოდა მძარცველი იმ ბიუსტს. ჩვეულებრივი ნივთი გახლდათ და მოსაპარად არც ღირდა. როგორც თვითონ კარგად ხედავთ, ვინც ამ ფანჯრიდან გადახტება, სადარბაზო შემოსასვლელის კიბის საფეხურებზე მოხვდება. რაკი მძარცველს სწორედ ეს გზა ერჩია, წინა ოთახი გავიარე და გარეთ გავედი. ბნელში რომ მივაბიჯებდი, რაღაცას ფეხი წავკარი და კინაღამ მიცვალებულზე დავვარდი. უკან დავბრუნდი და სანათი წავიღე. მოკლულს ყელზე ღრმად აჩნდა ნაჭრილობევი. ყველა ზედა საფეხური სისხლით იყო მოსვრილი. ზურგზე იწვა, მუხლები აეწია და პირი დაეღო. საშინელი სანახაობა ვიხილე, ალბათ, ყოველღამე დამესიზმრება. მეტი აღარაფერი მახსოვს. გონს რომ მოვედი, შევამჩნიე, წინა ოთახში ვიყავი და გვერდით პოლიციელი მედგა.
– ვინაა მოკლული? – ჰკითხა ჰოლმსმა.
– ეს ვერ დავადგინეთ, – თქვა ლესტრეიდმა. – შეგიძლიათ, გვამი თვითონვე დაათვალიეროთ, ლაზარეთის მიცვალებულთა ოჯახში გადაიტანეს. ჩვენ უკვე ყველაფერი ვცადეთ, ვიკვლიეთ, მაგრამ ვერაფერი შევიტყვეთ. ტანადი, მზით დამწვარი, ძალიან ღონიერი მამაკაცია, ოცდაათი წლისაც არ იქნება. ღარიბულად აცვია, მაგრამ მუშას არა ჰგავს. მის გვერდით, სისხლის გუბეში, ის დასაკეცი ძვლისტარიანი დანა ეგდო. არ ვიცი, მკვდარს ეკუთვნოდა თუ მკვლელს. მიცვალებულის სამოსელზე არ იყო არავითარი ნიშანი, რითაც შესაძლებელი გახდებოდა მისი სახელის გამოცნობა, გაჩხრეკისას ჯიბეში უპოვეს ვაშლი, თოკი, ლონდონის რუკა და ფოტოსურათი. აი, ეს სურათიც. ეს იყო, პატარა აპარატით, ნაუცბადევად გადაღებული სურათი. ფოტოზე გამოსახული იყო გამოკვეთილნაკვთებიანი, ხშირწარბება, პავიანივით წინ წამოშვერილი ყბების პატრონი ახალგაზრდა მამაკაცი. საერთოდ მასში იყო რაღაც მაიმუნისებური.
– რა მოუვიდა ბიუსტს? – იკითხა ჰოლმსმა, რომელიც ყურადღებით აკვირდებოდა ფოტოსურათს.
– ბიუსტის აღმოჩენა მხოლოდ თქვენი მოსვლის წინ მოხერხდა. კემპდენჰაიროუდზე, უკაცური სახლის წინ, ბაღში დამსხვრეული იპოვეს. სწორედ იქით მივდივარ, მინდა, ჩემი თვალით ვნახო იქაურობა. გნებავთ წამოსვლა?
ადგილი, სადაც ბიუსტის ნამსხვრევები იპოვეს, სულ რამდენიმე იარდით იყო დაშორებული სახლიდან. ბიუსტის ნამსხვრევები ბალახში ეყარა. ჰოლმსმა რამდენიმე ნამსხვრევი აიღო და ყურადღებით გასინჯა.
– რას იტყვით? – ჰკითხა ლესტრეიდმა. ჰოლმსმა მხრები აიჩეჩა.
– კიდევ ბევრი ჯახირი მოგვიხდება ამ საქმესთან დაკავშირებით, – თქვა მან, – და მაინც... ზოგიერთი რამ... გვაქვს კვლევა-ძიების დასაწყისისათვის. ეს რამდენიმეგროშიანი ბიუსტი იმ ახირებული დამნაშავის თვალში ადამიანის სიცოცხლეზე ძვირად ფასობს. აი, პირველი ფაქტი, რაც ჩვენ დავადგინეთ. არის მეორე ფაქტიც, არანაკლებ უცნაური – თუ დამნაშავის ერთადერთი მიზანი იყო ბიუსტის დამსხვრევა, რატომ არ დაამსხვრია სახლში ან სადმე სახლის მახლობლად.
– ალბათ, თავგზააბნეული იყო იმ კაცთან შეხვედრით, რომელიც შემოაკვდა და თვითონაც არ ესმოდა, რას აკეთებდა.
– ეგ ნათქვამი სიმართლეს ჰგავს. მაგრამ მინდა, თქვენი ყურადღება მივაქციო იმ სახლს, ბაღში რომ დგას, იქ, სადაც ბიუსტი დაამსხვრია.
ლესტრეიდმა ირგვლივ მიმოიხედა.
– ეს სახლი უკაცრიელია, – თქვა მან, – და დამნაშავემ იცოდა, რომ აქ ხელს არავინ შეუშლიდა.
– დიახ, – გამოეპასუხა ჰოლმსი, – მაგრამ ამ ქუჩაზე არის მეორე უკაცრიელი სახლი და იმის წინ უნდა ჩაევლო, რომ აქამდე მოეღწია. რატომ არ დაამსხვრია ბიუსტი პირველ უკაცრიელ სახლთან? ხომ იცოდა, ერთი ზედმეტი ნაბიჯი და შეიძლებოდა ვინმეს გადაჰყროდა! – ჰოლმსმა თითით ანიშნა ქუჩის ფარანზე და თქვა, – აქ იმ კაცს შეეძლო, დაენახა, თუ რას აკეთებს, იქ კი არ შეეძლო. აი, რამ მოიყვანა სწორედ ამ ადგილზე.
– თქვენ მართალი ხართ, დალახვროს ეშმაკმა! – თქვა მაძებარმა. – ახლა მომაგონდა, რომ დოქტორ ბარნიკოტის კუთვნილი ბიუსტი მისი წითელი ლამპის ახლოს გატეხა. მაგრამ რა ვუყოთ ახლა ამ ფაქტს, მისტერ ჰოლმს?
– დავიმახსოვროთ. შემდეგში შეიძლება, ისეთ ამბებს წავაწყდეთ, რაც გვაიძულებს ამ ფაქტს უკანვე დავუბრუნდეთ. ახლა რა ზომების მიღებას აპირებთ, ლესტრეიდ?
– ჩემი აზრით, ახლა ყველაზე უფრო საჭირო ის გახლავთ, რომ მოკლულის ვინაობა დავადგინოთ. ეს საქმე არც ისე ძნელია. როცა გვეცოდინება, ვინ არის და ვინ ჰყავს ამხანაგები, იმასაც გავიგებთ, რას აკეთებდა პიტსტრიტზე, ვის შეხვდა და ვინ მოკლა მისტერ ჰორეს ჰარკერის კიბეზე. არ მეთანხმებით?
– გეთანხმებით. მაგრამ მე ამ ამოცანას სულ სხვა მხრიდან მივუდგებოდი. არ მინდა, თქვენზე ზეგავლენა მოვახდინო. თქვენ თქვენებურად წარმართეთ ძიება, მეც ჩემებურად ვიმოქმედებ. შემდეგ ჩვენი ძიების შედეგებს შევაერთებთ და ასე დავეხმარებით ერთმანეთს.
– ჩინებულია! – თქვა ლესტრეიდმა.
– ბედნიერი ვიქნები, ლესტრეიდ, თუ საღამოს ექვსი საათისათვის ბეიკერსტრიტზე შემოგვივლით. მანამდე კი ფოტოსურათს ჩემთან დავიტოვებ.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
თარგმნა ნინო წულუკიძემ
სიახლეები ამავე კატეგორიიდან