ეჭვის ფასი
ავტორი: ნია დვალი 20:00 06.12
დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #47 (1247)
მარინა, მართალია, დარწმუნებული იყო, რომ ოთო შედარებით დამშვიდებული დაბრუნდებოდა სახლში და ყველაფერს გაარკვევდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ძალიან შეურაცხმყოფელი იყო „დე ენ ემის“ ანალიზის ჩატარება, მაგრამ ამაზეც თანახმა იყო, ოღონდ თავისი მოსიყვარულე ოჯახი დაებრუნებინა. ამიტომ ისე მოახერხა, რომ მეგი მასთან არ ასულიყო.
მარინა ლიფტიდან გამოვიდა და... კარის წინ თავისი ნივთები აღმოაჩინა. ჭურჭელიც კი, რომელიც მარინას მშობლებმა აჩუქეს. წიგნები, ხელჩანთები. მისი ტანსაცმელი ყუთებში უწესრიგოდ იყო ჩაყრილი ფეხსაცმელებთან და ჩექმებთან ერთად.
მარინამ მაინც სცადა კარის გაღება თავისი გასაღებით, მაგრამ ძვრაც ვერ უყო. ოთოს საკეტი გამოეცვალა და მხოლოდ ახლაღა შეამჩნია კარის ღრიჭოში დატოვებული წერილი:
– ბინას ვყიდი. გაყრის საბუთებს ელფოსტაზე გამოგიგზავნი.
– როგორ მოასწრო ჩემი ნივთების ასე უცბად ჩალაგება?! ან საიდან იცოდა, რომ სახლიდან წავედი?! საკეტიც გამოუცვლია, – მარინა დაიბნა. არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო. ამდენ ნივთს მარტო ვერსად წაიღებდა.
***
მარინას ბინაზე არანაირი უფლება არ ჰქონდა. ეს მან იცოდა, მაგრამ არ ელოდა, რომ ოთო სახლიდან გამოაგდებდა. მისი ტელეფონის ნომერიც დაებლოკა, ამიტომ ვერ დაუკავშირდა. დაკეტილი კარის წინ იდგა თავზარდაცემული – ყველაფერს წარმოიდგენდა იმის გარდა, რაც დაემართა, მისი ცხოვრება ხელის ერთი მოსმით გაქრა. ჯერ კიდევ გუშინ მას მოსიყვარულე და მზრუნველი ქმარი ჰყავდა, რომელიც მის ნებისმიერ სურვილს ასრულებდა, დღეს კი მარინა სრულიად მარტო დარჩა, ქუჩაში, თან, მოღალატის იარლიყითა და ფეხმძიმედ.
მარინა ატირდა და კედელს მიეყრდნო: ოთოსთან თანაცხოვრების უწვრილმანესი დეტალებიც კი თვალწინ დაუდგა: მარინა ოთოს ყოველთვის ეხმარებოდა და სწორედ ოთოს გაუწია ანგარიში და მუშაობა არ დაიწყო. მარინა დაეთანხმა მაშინ თავის საყვარელ ადამიანს და თავი დაირწმუნა, რომ ეს მათი ერთობლივი გადაწყვეტილება იყო. ყურადღება არ მიაქცია მამამისის გულდაწყვეტილ გამომეტყველებას, დედამისის – საყვედურნარევ თვალებს, იმიტომ რომ ოთო მისთვის ყველაფერი იყო, საუკეთესო ადამიანი, ვისაც კი ოდესმე მარინა იცნობდა.
– როგორ უნდა ვიცხოვრო ახლა? – მარინა საკუთარ თავს ხმამაღლა ელაპარაკებოდა: პროფესიით ერთი დღეც არ მიმუშავია, არაფერი მეხერხება, დამავიწყდა ყველაფერი, – ამას მარინა იტყუებოდა, იმიტომ რომ ოთოს ეხმარებოდა და ყველაფერი ახსოვდა, მაგრამ ახლა დამთრგუნველი ფიქრები უტრიალებდა თავში, იმიტომ რომ გამოსავალს ვერ ხედავდა.
მარინა ხვდებოდა, როგორ გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდა – ორად ორი რამ დარჩა: ფეხმძიმობა და აუტანელი გრძნობა, რომ მოისროლეს, როგორც უსარგებლო ნივთი.
***
მარინამ მეგის დაურეკა და მხოლოდ ორი სიტყვა უთხრა: შეგიძლია, მოხვიდე?
იმდენად დათრგუნული ხმა ჰქონდა, რომ მეგის არაფერი უკითხავს. როდესაც მარინას ნივთები დაინახა დერეფანში, მაშინაც არ დაუსვამს ზედმეტი კითხვები. ტელეფონი ამოიღო და სადღაც დარეკა:
– ჩემს მეგობარს ცუდი რამ შეემთხვა. ქმარი დაეღუპა და დედამთილმა სახლიდან გამოაგდო ფეხმძიმე. წაგვაღებინე ნივთები, – უთხრა ვიღაცას და მარინას არც უკითხავს, ვის სთხოვა დახმარება მეგიმ.
მარინა მშობლებთან წავიდა, რომლებიც რაიონში ცხოვრობდნენ. თბილისში ბინა გაყიდეს და იქ გადასახლდნენ, სუფთა ჰაერზე. მცირე საოჯახო ფერმის შექმნაც მოახერხეს და მეურნეობასაც მალე აუღეს ალღო. მარინა ყოველთვის ოცნებობდა, რომ ისეთი ოჯახი ჰქონოდა, როგორიც მის მშობლებს – თბილი, მოსიყვარულე, სადაც ყველა ერთმანეთზე ზრუნავდა და ერთმანეთს ენდობოდა.
ელენეს შვილის დანახვა ძალიან გაუხარდა, მაგრამ მის თვალცრემლიან სახეს რომ მოჰკრა თვალი, გულში ჩაიკრა:
– რა მოხდა, ჩემო გოგო?!
– გამომაგდო სახლიდან, დედა. ნივთები დამიყარა სადარბაზოში და საკეტი გამოცვალა. მეყრება, – მარინა აზლუქუნდა, – არ ვიცი, რა გავაკეთო. ასე როგორ მომექცა?!
– როგორ არ იცი?! ახლა მამაშენიც დაბრუნდება და მე უკვე გამოვაცხვე ხაჭაპურები. ყველანი დავლევთ ჩაის. მეგი, მოდი! რამდენი ხანია, არ მინახავხარ, – ელენემ ისე გადაიტანა საუბარი მეგიზე, თითქოს ვერ მიხვდა, შვილის ცხოვრებაში რა ტრაგედია დატრიალებულიყო, – ყველაფერი კარგად იქნება. ხომ გახსოვს, სულ ამას გიმეორებდი: რაც ხდება, უკეთესობისთვის ხდება. ყველაფერს მოევლება. ჯერ მივირთვათ და მერე ვილაპარაკოთ.
ელენემ მოასწრო, დაენახა მეგის მანქანაში მოთავსებული შვილის ნივთები, მაგრამ არ შეიმჩნია, თუმცა მიხვდა, რომ საქმე უბრალოდ კინკლაობაზე სერიოზულად იყო.
– მე და მამაშენი ყოველთვის შენ გვერდით ვართ, – უთხრა შვილს, გულში ჩაიკრა, მეორე ხელი კი მეგის გადახვია და სამივენი სახლისკენ წავიდნენ.
მეორე დღეს კი მარინამ აღმოაჩინა, რომ ოთომ ყველა მათი საერთო ანგარიში და საბანკო ბარათიც დაბლოკა.
***
მარინეს მშობლები ცას ეწივნენ სიხარულით, როდესაც გაიგეს, რომ შვილიშვილი ეყოლებოდათ. და თუმცა შვილს ყველანაირად დაჰპირდნენ დახმარებას, მარინას უნდოდა, რომ რამენაირად თავად დამდგარიყო ფეხზე, მაგრამ ჯერ არ იცოდა, როგორ მოახერხებდა ამას სამუშაო გამოცდილების გარეშე. ამიტომ ყველა თავისი ნაცნობი შეაწუხა, ყველა გაიხსენა და დახმარება სთხოვა. მაინც მოახერხა და დისტანციური სამუშაო იპოვა, მართალია, მისი კვალიფიკაციისთვის შეუფერებელი – მარინა არქიტექტორი იყო, მაგრამ ხელფასი არც თუ მცირე გამოსდიოდა. მშობლებიც ეხმარებოდნენ, მაგრამ არც მარინა ზოგავდა თავს, მით უმეტეს, რომ სამსახური ეხმარებოდა, არ ეფიქრა იმის შესახებ, რაც თავს დაატყდა.
ბავშვის დაბადებამდე რამდენიმე თვე იყო დარჩენილი, მაგრამ მარინას ოთახი ივსებოდა ჩვილის ნივთებით, სათამაშოებით, ტანსაცმლით. ყოველ ჯერზე, როდესაც მარინა მათ თვალს შეავლებდა, ერთი მხრივ, ბედნიერების შეგრძნება მოიცავდა, რომ მალე დედა გახდებოდა, მეორე მხრივ კი, ახსენდებოდა, როგორ ატკინა გული ოთომ, რომელმაც უარი თქვა ბავშვზე, რომელსაც ათი წელი ელოდნენ...
მარინა ლამის მშობიარობის დღემდე მუშაობდა და გრძნობდა, რომ შინაგანადაც შეიცვალა: ის აღარ ჰგავდა იმ ქალს, რომელიც ოთოს სახლის კარის წინ იდგა და უმწეოდ ტიროდა...
***
და დადგა დღე, როდესაც ნატალია დაიბადა: მზესავით გოგონა, რომელმაც ბედნიერებით აავსო მარინას გულიც და მისი მშობლების სახლიც. პატარა ფერია მარინასთვის სიცოცხლის მანათობელ სხივად იქცა, რომელმაც აღარ დატოვა ადგილი ოთოს მიერ მოყენებული ტკივილისთვის.
– ჩვენ, ერთად, ყველაფერი გამოგვივა, – ეუბნებოდა მარინა შვილს, – გპირდები. შენ გაიზრდები უბედნიერესი!
მარინას მშობლები ყველანაირად ეხმარებოდნენ და მათ ისედაც შეხმატკბილებულ ოჯახში პატარა ფერიამ სულ სხვა სითბო და სიხალისე შეიტანა. მის გაჩენამდე მაინც იგრძნობოდა სიმძიმე, რომელიც მარინას აჩრდილივით დაჰყვებოდა, მაგრამ ბავშვმა სახლი თავისი სურნელითა და ღუღუნით აავსო, ასე რომ, სევდისა და წყენისთვის ადგილი, უბრალოდ, აღარ დარჩა.
გადიოდა თვეები. ნატალია იზრდებოდა, მარინა კი თითქოს თავიდან იწყებდა ცხოვრებას. მან სხვა სამსახური იპოვა, რომელიც, ასევე, დისტანციური იყო, მაგრამ საკმაოდ კარგად უხდინენ. ნელ-ნელა თავის პროფესიასაც იხსენებდა. პროექტებს აკეთებდა და კონკურსებზე გზავნიდა. მშობლების წინაშე თავს დამნაშავედ გრძნობდა, რომ თავის დროზე არ დაუჯერა, თუმცა ისინი არაფერს აგრძნობინებდნენ და ახლა უნდოდა, რომ გამოესყიდა.
***
ოთხი წელიც გავიდა. მარინას ცხოვრებაში ნათელი ფერები შემოვიდა და მან ისწავლა, ყოველდღე გახარებული ყოფილიყო ახალი დღით და ნატალიაც ყოველდღე ახსენებდა, თავისი არსებობით, რომ მისი დაბადება საუკეთესო რამ იყო, რაც კი მარინას ცხოვრებაში მომხდარიყო.
ერთ დღესაც მეგი უცნობთან ერთად ეწვია მარინას. მარინამ მოახერხა და გვერდით გაიხმო:
– ეს ვინმე ახალია? ვინ არის, სად მუშაობს?
– ახალი არაა, ძველია, გოგო, ვერ იცანი?! ჩემი მამიდაშვილია. ბავშვობაში შენზე რომ იყო შეყვარებული?! შენ მგონი, მართლა სკლეროზი დაგემართა, – მეგიმ მოურიდებლად გადაიხარხარა.
– რაებს იგონებ?! – შეუტია მარინამ.
– ვიგონებ. ჰო, აბა?! გამომივიდა ესეც რა, თითქოს ოთო იყო პირველი კაცი, რომელიც დედამიწაზე დაინახა, – მეგიმ უცებ ენაზე იკბინა, მაგრამ მარინას გაეცინა. ოთო მოინელა და ისე დაივიწყა, რომ ლამის დაიჯერა ყოფილი ქმრის ვერსია, რომ ბავშვი სხვისგან ჰყავდა.
– უი, გამახსენდა, – შეჰყვირა მარინამ, – პაატა! – და სტუმრისკენ გაიქცა.
– ეგრე, რა, – ჩაილაპარაკა მეგიმ და მიაძახა, – ქვრივია, ისევ უყვარხარ. გიჟდება, გოგო, შენზე. ისევ გიჟდება! – მარინამ მეგის ვითომ გაბრაზებულმა გახედა და ტუჩების მოძრაობით უთხრა: მოგკლავ!
***
ოთო მარინას მშობლების დიდი ალაყაფის კართან იდგა და ხელში დიდი თაიგული ეჭირა. მარინამ ჯერ თვალები მოიფშვნიტა. ხუთი წლის შემდეგ პირველად ხედავდა ადამიანს, რომელიც ერთ დროს ყველაზე ახლობლად მიაჩნდა, მაგრამ რომელიც ახლა ყველაზე უცხო იყო მისთვის.
– როგორ ხარ, მარინა? – დარცხვენილად გაუღიმა ოთომ და გაუბედავად გადადგა ნაბიჯი ყოფილი ცოლისკენ, – დაუპატიჟებლად მოვედი, მაგრამ არ შემეძლო, არ მოვსულიყავი. დიდხანს ვიფიქრე და გადავწყვიტე, ასე აჯობებდა.
– ოთარ? – სრული სახელით მიმართა მარინამ ყოფილ ქმარს, – რამე ნივთია, რაც გამომყვა და დაბრუნება გინდა თუ ვალი მაქვს გადასახდელი?!
– რატომ მელაპარაკები ასე? – ისე გულუბრყვილოდ გაიღიმა ოთომ, რომ მარინა გაცეცხლდა.
– რას ჰქვია, რატომ გელაპარაკები. როგორ გაბედე აქ მოსვლა?! რა პირით მოხვედი?!
– ბოდიშის მოსახდელად მოვედი, – ოთო შეეცადა, მარინასთვის თვალებში ჩაეხედა, – შენ მართალი იყავი. ის კლინიკა შეცდა. მე არ ვარ უშვილო, – ოთომ ერთგვარი დანანებით წარმოთქვა ეს სიტყვები.
– კაი ერთი. რას მეუბნები?! მე კიდევ მეგონა, რომ საყვარელი მყავდა და მისგან გავაჩინე ბავშვი! – დოინჯი შემოიყარა მარინამ: სულ ესაა? დაამთავრე?! შეგიძლია, წახვიდე.
– როგორ წავიდე? მე ხომ ბოდიში მოგიხადე?! – გაიკვირვა ოთომ.
– რა თქმა უნდა, ოთარმა ბოდიში მოიხადა და ახლა წითელი ხალიჩა უნდა გავუფინოთ და ფეხქვეშ გავეგოთ.
– ადრე ასეთი არ იყავი.
– ცუდია, რომ არ ვიყავი. ახლა ვარ. ბოდიში მიღებულია, წადი.
– ბავშვს არ მაჩვენებ?! – შეეხვეწასავით ოთო.
– რომელ ბავშვს, ნაბიჭვარს, რომლის შეტენვაც მინდოდა უშვილო ოთარისთვის?! ისე, როგორ გაარკვიე, რომ უშვილო არ ხარ? – უცებ დაინტერესდა მარინა.
– ერთ ქალს ვხვდებოდი და დაფეხმძიმდა, „დე ენ ემის“ ტესტი ავიღე და ჩემი შვილი აღმოჩნდა. ოღონდ მე უარი ვთქვი იმ ქალზეც და ბავშვზეც, იმიტომ რომ შენ მიყვარხარ და ჩვენი შვი...
მარინა კიდევ უფრო გაცეცხლდა:
– ესე იგი, მე არ დამიჯერე, რომ ბავშვს ველოდებოდი შენგან, „დე ენ ემის“ ანალიზის ჩატარებაზე უარი მითხარი. მე, ვისთან ერთადაც ათი წელი იცხოვრე და მანამდე 7 წელი ვიცნობდით ერთმანეთს, მაგრამ ვიღაც ქალს დაუჯერე და მერე უარი თქვი ბავშვზე. ისევ უარი თქვი და ის ქალიც გააგდე და მიატოვე ბავშვთან ერთად! ღმერთო, რა ნაძირალა ხარ?! სულ ასეთი იყავი და მე ვერ ვამჩნევდი?!
ოთომ თავი დახარა.
– შემეშალა. ძალიან შემეშალა, მაგრამ იმიტომ შემეშალა, რომ შენ ძალიან მიყვარდი, ახლაც მიყვარხარ და მეგონა, მიღალატე.
– კიდევ ამას იმეორებ?! – შეჰყვირა მარინამ.
– არა, ჩვენი შვილის ნახვა მინდა. შენ არ იცი, როგორი გაუსაძლისი იყო ჩემთვის, როდესაც სიმართლე გავარკვიე. მე მინდა, დაგიბრუნო შენ, ჩვენი შვილი, ჩვენი ოჯახი. გოგონა გვყავს, ხომ?!
– შენ ყველაფერი დაანგრიე, რაც იყო. მაგას არაფერი ეშველება და შენ მართალი იყავი. სხვისგან გავაჩინე. გვარიც იმ სხვის აქვს და მამასაც მას უძახის, – მარინას უცებ შეეშინდა, რომ ეს უკვე უცხო კაცი მას მეორედაც აურევდა ცხოვრებას.
– ნუ იტყუები, მე ყველაფერი გავარკვიე და შენ არანაირი უფლება არ გაქვს, ჩემი შვილი სხვასთან გაზარდო, მე მოვითხოვ ჩემს უფლებებს. მე მამა ვარ... – უტეხად უთხრა ოთარმა.
ამის გაგონებაზე მარინას თვალებში დაუბნელდა, თუმცა თავი ხელში აიყვანა, ოთო კი განაგრძობდა: ახლავე გაწყვეტ მასთან ყოველგვარ ურთიერთობას და ჩვენს სახლში დაბრუნდები, ბავშვთან ერთად!
მარინა ყურებს არ უჯერებდა და გულში ნატრობდა, რომ პაატა და მამამისი უცებ არ დაბრუნებულიყვნენ ნატალიასთან ერთად, ვინაიდან მარინას უნდოდა და ეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, თავად მოეგვარებინა ეს პრობლემა. თვალი მოავლო გარემოს, ფოცხი დაინახა. მაშინვე ხელი წაავლო და ოთოსკენ გაიწია:
– არ გაბედო აქ მეორედ მოსვლა, თორემ მიგილეწავ შენს მანქანასაც და სიფათსაც და პოლიციაშიც გიჩივლებ, რომ თავს დამესხი. ხომ არ დაგავიწყდა, რომ ეს ჩემი სახლია?! – მარინას ხმაში ისეთი სიმტკიცე ისმოდა, რომ ოთომ უცებ უკან დაიხია. სწრაფად ჩაჯდა მანქანაში და იქაურობას გაეცალა.
მარინა გზას უყურებდა, მერე ფოცხს დახედა, ბოლოს ზემოთ აიხედა:
– მადლობა, რომ ეს შემაძლებინე! რა კარგია, რომ ხარ!
დასასრული
სიახლეები ამავე კატეგორიიდან