რომანი და დეტექტივი

ეჭვის ფასი

№47

ავტორი: ნია დვალი 20:00 29.11

რომანი
დაკოპირებულია

მარინა და ოთო მაგისტრატურის ბოლო კურსზე დაქორწინდნენ და ორივე ოცნებობდა დიდ ოჯახზე. უცნაური იყო, მაგრამ ოთოსაც ბევრი შვილი უნდოდა და სქესს მაინცდამაინც არ არჩევდა. დაქორწინების დღიდან მოყოლებული მარინა ყოველთვე სულმოუთქმელად ელოდა, რომ მათი ოცნება ხორცს შეისხამდა, მაგრამ წლები გადიოდა და არაფერი იცვლებოდა.

– აღარ ვიცი, რა ვიფიქრო, – შესჩივლა მარინამ მეგის, – ყველა საუკეთესო სპეციალისტი მოვიარე, ყველა მეუბნება, რომ პრობლემა არ უნდა შეგვექმნას, დაელოდეთო, მაგრამ ველოდები, ველოდები და არაფერი, – მარინას ცრემლები მოადგა თვალებზე.

– აი, ამიტომაც არ გამოდის არაფერი. ჩაიხვიე შეპყრობილივით, რომ სასწრაფოდ უნდა დაორსულდე, ეს კი არ ვარგა. რაც მეტად იჟინებ რამეს, მით გაგირბის, – მეგი ცდილობდა, დაემშვიდებინა მეგობარი, მაგრამ, მართლაც ასე ფიქრობდა.

– ვიცი, რომ ეს დაჟინება არ ვარგა, მაგრამ ყველა ექიმი იმას ამბობს, რომ უბრალოდ, დრო უნდა და ასეთი რამეები ხდება ხოლმე, – ამოიოხრა მარინამ, – მაგრამ თავს ვერ ვერევი. სულ ამაზე ვფიქრობ.

– ფიქრობ, სწორია, რომ ოთოს მხოლოდ შვილების მამად განიხილავ?! გამოვა აქედან რამე?! – არ ცხრებოდა მეგი.

– ჰო, მაგრამ ღმერთმა ხომ სექსი გასამრავლებლად შექმნა? – არ შეეპუა მარინა.

– და შენც მხოლოდ ამ მოსაზრებით ხელმძღვანელობდი, ხომ? – გაეცინა მეგის, თუმცა, ცდილობდა, სერიოზული სახე მიეღო, რომ მარინას არ სწყენოდა.

მარინასაც გაეცინა და, საბოლოოდ, ორივენი ახარახარდნენ.

– მიდი, შენებური ყავა მოადუღე, ისეთი კარგი კაცი გავიცანი, – უცებ შეცვალა მეგიმ საუბრის თემა და თავისი ახალი გატაცების შესახებ საკმაოდ გატაცებით დაიწყო საუბარი.

***

მარინა არ იმჩნევდა, მაგრამ მთელი მისი არსება ბავშვის მოლოდინით იყო მოცული. ამ აზრით იძინებდა, ამ აზრით იღვიძებდა, ნებისმიერ საქმეს ამ ფიქრით აკეთებდა, როდესაც ვინმეს ელაპარაკებოდა, მაშინაც ამაზე ფიქრობდა და მერამდენე წელი იყო უკვე, რომ კრიტიკული დღეების დაწყებას ელოდა, როგორც სამყაროს აღსასრულს ან, პირიქით, დასაწყისს.

ამასობაში მარინა 35 წლისაც გახდა და მათ ოჯახში ბავშვებზე საუბარიც ერთგვარად მიინავლა. მარინა გრძნობდა, რომ ოთო ამ თემაზე აღარ ელაპარაკებოდა. თავისი სამსახურის ამბებით იყო დაკავებული, თუმცა მარინას ყურადღებას არ აკლებდა. ოღონდ ისიც ცხადი იყო, რომ ერთად აღარ ოცნებობდნენ დიდ ოჯახსა და ბავშვებზე...

მაგრამ ერთ დღესაც ყველაფერი თავდაყირა დადგა: მარინას უჩვეულოდ დაუსივდა და ასტკივდა მკერდი. მაშინვე ინტერნეტს ეცა და მერამდენედ გადაიკითხა მოსალოდნელი ორსულობის სიმპტომები: ყველაფერი ემთხვეოდა, მაგრამ მარინა ვერ ბედავდა ტესტების ყიდვას, ვერც ოთოსთან დარეკვას, რომ მისთვის დაებარებინა.

ბევრი იწრიალა სახლში, ოთახიდან ოთახში აღელვებული დადიოდა. ერთხანს იფიქრა, მეგის დავურეკავო, მაგრამ გადაიფიქრა: თვალი არ მეცესო, – რაზეც თავადვე გაეცინა, მაგრამ მაინც მარტომ გადაწყვიტა ამ ღირშესანიშნავი ამბის გაგება.

ქუჩაში რომ გავიდა, თვალები აუჭრელდა და გული ძლიერად უცემდა. აფთიაქთან მისვლა არ გასჭირვებია, იმიტომ რომ აფთიაქები თითოეულ ფეხის ნაბიჯზეა, რაც მარინეს ადრე აღიზიანებდა, იმიტომ რომ ავადმყოფობის განწყობას ქმნიდა – ამდენი აფთიაქი, გაუთავებელი რიგებით და მედიკამენტებით დახუნძლული ხალხი, მაგრამ ახლა ამაზე ფიქრისთვის არ ეცალა.

მარინემ ყველანაირი ტესტი იყიდა, რაც კი აფთიაქში იყო. სახლში მივიდა, ბევრი წყალი დალია და დაიწყო ლოდინი... ცალ–ცალკე ჭურჭლები მოამზადა თითოეული ტესტისთვის. ისეთი გულმოდგინებით საქმიანობდა, თითქოს დედამიწის გადარჩენა ამაზე იყო დამოკიდებული და... როგორც იქნა, ნანატრი წუთიც დადგა.

მარინემ თვალები დახუჭა და ხელები გულზე მიიდო:

– ღმერთო, გთხოვ, გამახარე. შენ მაინც ხომ იცი, როგორ ველოდები ამას?! შენ მაინც ხომ იცი, როგორ მინდა?! ვიცი, რომ გაწუხებდი ხშირად, გთხოვდი, გეჩხუბებოდი კიდეც, მაგრამ შენ ხომ ჩემზე კეთილი ხარ, დიდი და დიდსულოვანი?! გთხოვ, გამახარე, ძალიან გთხოვ. შეცვალე ჩემი ცხოვრება, მომეცი ნება, გავხდე დედა, – მარინას თავისდაუნებურად წამოსცვივდა ცრემლები. ისე გულმხურვალედ შესთხოვდა დახუჭული თვალებით ვიღაცა უხილავს, ჭერის მიღმა, რომ კინოფილმიდან დადგმულ კადრს უფრო ჰგავდა მისი მონოლოგი.

ბოლოს გამბედაობა მოიკრიფა და თვალები გაახილა: ყველა ტესტზე ორი ხაზი იყო გაწითლებული. მარინა გაიქცა საძინებელში და ლუპის ძებნა დაიწყო: ახლა ლუპით დაათვალიერა ტესტები და რომ დარწმუნდა, თითოეულზე ნამდვილად ორი ხაზი იყო გაწითლებული, მუხლებზე დაეცა, ოღონდ ამჯერად ღია თვალებით უხდიდა მადლობას იმ უხილავს, ვისაც ჭერის მიღმა ელაპარაკებოდა...

***

– სასწრაფოდ უნდა ვუთხრა ოთოს, – უცებ გამოერკვა მარინა და ტელეფონის ძებნა დაიწყო. როგორც იქნა, იპოვა და ოთოს ფოტოს დააჭირა თითი.

ოთო არ პასუხობდა, მარინა კი გაუჩერებლად რეკავდა.

– ხომ მშვიდობაა? – ოთოს შეშფოთებული ხმა ჰქონდა, იმიტომ რომ მარინას არ ახასიათებდა ისტერიული რეკვა, ვინაიდან იცოდა, რომ, თუ ოთოს არ ეცალა, ვერ პასუხობდა, მაგრამ მაშინვე დაურეკავდა, როგორც კი ამის საშუალება მიეცემოდა.

– მარტო ხარ? – აკანკალებული ხმით ჰკითხა მარინამ ქმარს.

– მარტო ვარ, მოსასვენებელ ოთახში გამოვედი.

– დგახარ? – ისევ ჰკითხა მარინამ.

– მაშინებ. რა მოხდა?!

– არ დაიჯერებ, რა მოხდა, – ამოიჩურჩულა მარინამ, – ორსულად ვარ, – და თითქოს ლოდი მოეხსნა გულიდან, – წარმოგიდგენია?

– რა თქვი? – ცივად ჰკითხა ოთომ.

– ორსულად ვარ, პატარა გვეყოლება. ჯერ მხოლოდ ტესტებით ვნახე, მაგრამ ეს ტესტები არ ტყუის, ხვალვე წავალ გინეკოლოგთან. ხომ წამომყვები?! – მარინა პატარა ბავშვივით ატიკტიკდა.

ოთო დუმდა. მარინას გაუკვირდა:

– ოთო, გესმის ჩემი? გაიგონე, რა გითხარი?! ხომ კარგად ხარ? – მარინამ იფიქრა, რომ ოთოს აღელვებისგან ენა დაება.

– ეს შეუძლებელია, – გამოცრა ოთომ კბილებიდან და მარინამ თითქოს დაინახა მისი გაყინული სახე.

– რა არის შეუძლებელი, საყვარელო? – დაიბნა მარინა.

– რასაც მეუბნები.

– როგორ თუ შეუძლებელია?! ხუთი სხვადასხვა ტესტი ვიყიდე და ზუსტად ისეა, როგორც გითხარი, – ისევ გამხიარულდა მარინა.

– მე უშვილო ვარ, მარინა, შენ ჩემგან ვერანაირი ბავშვი ვერ გეყოლება. – ოთოს ხმა უცხოდ ესმოდა მარინას და ყურებს არ უჯერებდა.

– რატომ ხარ უშვილო? – ეს კითხვა უნებურად დაუსვა მარინამ, ანგარიშმიუცემლად.

– ხუთი წლის წინათ გამოკვლევა ჩავიტარე და უშვილო ვარ. ამიტომ აღარ გელაპარაკებოდი შვილებზე, მაგრამ შენ...

– შეეშალათ, საყვარელო, ეს შენი ბავშვია, – მარინას ხმაში მუდარა გაისმა.

– გეყოფა თამაში. იდიოტი გგონივარ?! ასე აშკარად როგორ მატყუებ?! – ოთომ ტელეფონი გათიშა.

მარინა გახევდა – ხეირიანად ვერ აანალიზებდა მომხდარს. აზრები ერეოდა.

– ეს როგორ?! რატომ დაუმალა ასეთი ფაქტი ოთომ?! და რატომ ადანაშაულებს ახლა, როდესაც ასეთი სასიხარულო ამბვი მოხდა?!

მარინა ვერ იჯერებდა გაგონილს, ამიტომ ისევ აკრიფა ქმრის ნომერი, მაგრამ ოთომ ისევ გაუთიშა.

მარინა ჩაიკეცა. რაც უნდა ეეჭვა ან ეთქვა ოთოს, მარინამ ზუსტად იცოდა, რომ, თუ ბავშვს ელოდებოდა, იმ ბავშვის მამა სწორედ ოთო იყო.

– მოვა სამსახურიდან და ყველაფერზე მშვიდად დავილაპარაკებთ, – დედობის ფაქტმა მარინა ერთ წამში თითქოს შეცვალა და საკუთარი თავის რწმენა შეჰმატა. იმდენად იყო სავსე მისი არსება ამ ბედნიერებით, რომ ოთოს უსაფუძვლო ეჭვების გამო არ აპირებდა ჩაშხამებას.

მაშინვე შეუდგა ოთოს საყვარელი კერძის მომზადებას. მშობლებისთისაც უნდოდა დაერეკა, მაგრამ გადაიფიქრა:

– ერთად მივალთ და ყველაფერს ვეტყვით, – გადაწყვიტა ხმამაღლა და ღიღინ-ღიღინით შეუდგა კერძის მომზადებას.

***

ოთომ ტელეფონი გათშა თუ არა, სავარძელში ჩაჯდა და თავი ხელებში ჩარგო: ვერ წარმოედგინა, თუ მარინა ასე უტიფრად მოატყუებდა. ამას არ ელოდა, ამიტომ მისადმი ზიზღი იგრძნო. ცდილობდა, დამშვიდებულიყო, რომ ფიზიკურად არ შეხებოდა ცოლს, არადა, მისი ცემის დაუოკებელ სურვილს ვერ ერეოდა. თავს ძალიან შეურაცხყოფილად თვლიდა.

– თან, მეუბნება, შეეშლებოდათო, – წარმოუდგენელია, – და ოთომ მარინას უწმაწურად შეუკურთხა, მერე, ხელში რაც მოხვდა, კედელს მიანარცხა. ნამსხვრევების ხმამ თითქოს დააწყნარა და გამოაფხიზლა კიდეც.

ბევრი არ უფიქრია, სახლში წავიდა. შევიდა თუ არა, მარინას ძებნა დაიწყო, თან, იმეორებდა:

– შეუძლებელია, ჩემი შვილი იყოს, უშვილო ვარ. გესმის უშვილო?!

მარინამ მექანიკურად მუცლისკენ წაიღო ხელები, შეეშინდა, ოთოს მისთვის არ დაერტყა. ოთომ შეამჩნია მარინას ხელის მოძრაობა და ცოლი კიდევ უფრო შეეზიზღა.

– რატომ არ მითხარი? რატომ მიმალავდი? – მთელი ამ ხნის განმავლობაში თავს ვიდანაშაულებდი, რომ მე ვიყავი უშვილო....

– აა, ის გაინტერესებს, რატომ დაგიმალე და ის არა, ვისგან აჩენ ბავშვს? – ოთომ დაიღრიალა და მარინამ ახლა ყურებზე აიფარა ხელები.

ოთო შეეცადა, დაწყნარებულიყო და, როგორც შეძლო, მშვიდად უპასუხა:

– ეს ამბავი ჩვენს ქორწინებას დაანგრევდა და ამიტომაც არ გითხარი, იმიტომ რომ მე შენ ძალიან მიყვარდი და შენი დაკარგვა არ მინდოდა! მაგრამ შენ ვიღაც გყოლია და ამდენი ხანია, მატყუებდი. ჩემთვის რატომ გინდა ბავშვის შემოტენვა?! ცოლი ჰყავს? – უყვიროდა ოთო ცოლს.

– რა სისულელეს ამბობ?! – აპროტესტებდა მარინა, – ეს შენი შვილია. მე არავინ მყავს და არც მყოლია. როგორ შეგიძლია, ჩემზე ასეთი რამ იფიქრო?! საერთოდ არ მენდობი? – მარინა ატირდა.

– აი, სცენები არ გინდა, გთხოვ. რქიან ქმარს ცრემლებით ულბობს გულს ბოზი ცოლი, – ოთოს ხმაში იმდენად დიდი სიძულვილი გამოსჭვიოდა, რომ მარინამ ავტომატურად შეწყვიტა ტირილი.

– შენ მე მიღალატე და მე შენ ამას არასდროს გაპატიებ. გამორიცხულია, – ოთო ოთახიდან გავიდა, რადგან ეშინოდა, რომ თავს ვერ მოთოკავდა და ცოლს დაასახიჩრებდა.

მარინა შეტორტმანდა, თითქოს ფეხქვეშ მიწა გამოეცალაო. ადგილიდან ქვასავით მოსწყდა და სავარძელში ჩაესვენა. ცდილობდა, გაეაზრებინა, რაც მის თავს ხდებოდა. არადა სულ სხვანაირად წარმოედგინა ყველაფერი, მაგრამ ყველა მისი ოცნება მის თვალწინ ახლა თვალსა და ხელს შუა ნაცარტუტდებოდა.

– რატომ არ მიჯერებს?! რატომ არ მაძლევს, საშუალებას, ყველაფერი გავარკვიოთ? – მარინა სიცარიელეს უსვამდა ამ კითხვებს. როგორც იქნა, უკანასკნელი ძალები მოიკრიბა, როგორღაც აიზიდა სავარძლიდან და ოთოს გაჰყვა.

– შენ მართლა ფიქრობ, რომ მე შემეძლო, შენთვის მეღალატა? ოთო, შემომხედე თვალებში და ისე მითხარი, – მარინა ემუდარებოდა ქმარს და ცდილობდა, სახეზე მოეკიდა ხელი, მაგრამ ოთო უკან გახტა, თითქოს სახეზე გველი აუსრიალდაო.

– შენ მაცნობებ ორსულობის ამბავს, რომელიც შეუძლებელია. რას ელოდი?! რქიანი და ბედნიერი ქმრის დანახვას, ვინც შენს ნაბიჭვარს გაზრდიდა?!

ჩხუბმა კულმინაციას მიაღწია: მარინა ვეღარ იკავებდა ცრემლებს და მოთქვამდა, მისი ხმა ტკივილისგან იბზარებოდა:

– მე არ ვიცი, როგორ დაგაჯერო! წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ ეს შენი შვილია. მე არ გავიმართლებ თავს იმის გამო, რაც არ ჩამიდენია. ჩავატაროთ „დე ენ ემის“ ანალიზი და დარწმუნდები, რომ არ გატყუებ, – ემუდარებოდა მარინა ქმარს.

– არანაირი „დე ენ ემის“ ანალიზი. მე არ ვაპირებ, შენთან ერთად ვიცხოვრო ერთ ჭერქვეშ. გაეთრიე ჩემი სახლიდან და წაეთრიე შენს საყვარელთან შენი ნაბიჭვრიანად.

ოთომ ეს თქვა და კარი გაიჯახუნა. იმ ღამით სახლში არც დაბრუნებულა.

***

მარინას ვერც წარმოედგინა, რომ ოთოს ასეთი რეაქცია ექნებოდა. მაგრამ, რატომღაც, დარწმუნებული იყო, რომ ოთო დამშვიდდებოდა, მომხდარს გაიაზრებდა და ყველაფერი დალაგდებოდა. ამიტომ იმ ღამით მშვიდად დაიძინა: არ უნდოდა, ბავშვისთვის რამე ევნო. დილით მეგის დაურეკა და ექიმთან გაყოლა სთხოვა.

– ბედნიერი მამიკო სად არის? – მეგის ხმაზე ეტყობოდა, რომ ძალიან გაახარა მარინას სიხარულმა.

– ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები აქვს დღეს, ასე დაუგეგმავად მოხდა ყველაფერი და ვერ გადადო, – ხალისიანი ხმით უპასუხა მარინამ, რადგან გადაწყვიტა, რომ ბედნიერებისთვის, რომელიც ღმერთმა აჩუქა, არაფრით მიეყენებინა ჩრდილი.

– მაშინ ერთად წავიდეთ, მაინც ნათლია ვარ. ხომ არ დაგავიწყდა? – ჰკითხა მეგიმ.

– მაგას რა დამავიწყებს? – ისევ მხიარულად უპასუხა მარინამ.

ექოსკოპიამაც დაადასტურა მარინას ტესტების პასუხი და, რაც მთავარია, ვადა იმაზე დიდი აღმოჩნდა, ვიდრე მარინა ელოდებოდა:

– ეს როგორ?! – გაუკვირდა მომავალ დედას.

– ხდება ხოლმე ასეთი რამეები. ხანდახან ციკლი არ წყდება, მაგრამ ბავშვიც იქაა, – რაც მთავარია, ყველაფერი რიგზეა. ასე რომ, სანერვიულო არაფერია, – დაამშვიდა თეთრხალათიანმა სანდომიანმა ქალმა მარინა.

დასასრული შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა