რომანი და დეტექტივი

ძვირფასი ჩემოდანი

№29

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 31.07, 2021 წელი

ძვირფასი ჩემოდანი
დაკოპირებულია

– თქვენი ვიზიტის მიზანი ჩვენს ქვეყანაში? – ჰკითხა ოცდაათიოდე წლის ახალგაზრდამ სლავური გარეგნობის ლამაზ წყვილს და მზერა გოგონაზე შეაჩერა.

– თაფლობის თვის გატარება და აქტიური დასვენება, – თქვა გოგონამ და აფხაზ მესაზღვრეს მომხიბვლელად გაუღიმა.

– ესე იგი, ცოლ-ქმარი ხართ? – იკითხა მესაზღვრემ.

– დიახ. ერთი თვეა, რაც დავქორწინდით, – უპასუხა ვაჟმა.

– გასაგებია. შეგიძლიათ, გზა განაგრძოთ. კეთილი იყოს თქვენი ფეხი ჩვენს სტუმართმოყვარე სახელმწიფოში, – თქვა მესაზღვრემ. შემდეგ წყვილს პასპორტები დაუბრუნა და თეთრი „ნივა“ ადგილიდან დაიძრა.

27 წლის ვიტალი ივანოვი და 24 წლის ნატალია მასალოვა, სინამდვილეში, ლევან ანთაძე და ნატო გაბელია იყვნენ, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სპეცაგენტები და ოკუპირებულ აფხაზეთში საგანგებო დავალებით მივლინებულები. რუსული პასპორტები მათ ტექნიკურ განყოფილებაში დაუმზადეს. შემდგომ ერევნის გავლით მოსკოვში ჩაიყვანეს. იქ მათ ერთი კვირა დაჰყვეს და თვითმფრინავით ადლერში ჩავიდნენ. იქვე იქირავეს „ნივა“ და აფხაზეთში გაემგზავრნენ. ამ ოპერაციისთვის წყვილი უაღრესად გასაიდუმლოებულ ვითარებაში სამი თვე ემზადებოდა. ლევანსა და ნატოს უშუალოდ პოლკოვნიკი ვალტერ შალაშვილი კურირებდა. პოლკოვნიკი უშიშროების სამსახურის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. ძალიან გამოცდილი, ძველი მეომარი. წარმოშობით ის გაგრელი იყო და აფხაზეთის ომის დროს ადგილობრივ უშიშროებაში მსახურობდა. შალაშვილი საკმაოდ დიდ დროს ატარებდა წყვილთან ერთად და ოპერაციის ყველა წვრილმანს გულდასმით განიხილავდა. ოპერაციის მიზანი კი ის იყო, რომ სოხუმის მახლობლად, შავი ზღვის აკვატორიაში სპეციალური ჰერმეტული ყუთი მოეძებნათ და ფარულად თბილისში ჩამოეტანათ. ყუთში ოცი ცალი კილოგრამიანი ბაჯაღლო ოქროს ზოდი ინახებოდა. ეს ყუთი სოხუმის დაცემის დღეს ჩაძირეს, რადგან წამოღება ვერ მოხერხდა. „ოქროს ყუთის“ ერთ-ერთი გამცილებელი ვალტერ შალაშვილი იყო. მხოლოდ ის გადარჩა ცოცხალი იმ ხუთი გამცილებლიდან, ვისაც ტვირთზე პასუხისმგებლობა ეკისრებოდა.

– იცოდეთ, ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ და ერთი შეცდომაც რომ დაუშვათ, ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ. თუ გაგშიფრეს, ვინ ხართ და ჩაგავლეს, მათი კლანჭებიდან ვერავინ დაგიხსნით, – ასე მოძღვრავდა წყვილს პოლკოვნიკი შალაშვილი.

მიუხედავად იმისა, რომ გაგანია ზაფხული და საკურორტო სეზონის პერიოდი იყო, აფხაზეთის კურორტები მეოთხედითაც არ იტვირთებოდა. ყველა ერიდებოდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე დასვენებას. მით უმეტეს, რომ იქ მწვავე კრიმინოგენური ვითარება იყო გამეფებული. დამსვენებლებს ისიც კი არ იზიდავდა, რომ იქ ყველაფერი იაფი იყო. ნატოსა და ლევანს, სასტუმრო „ინტურისტი“ მოსკოვიდან ჰქონდათ დაჯავშნილი და ნომერში რომ შევიდნენ, უკვე შებინდდა კიდეც. მათ წინასწარ იცოდნენ, რომ ნაქირავები „ნივაც“ და მით უმეტეს, „ინტურისტის“ აპარტამენტებიც, სავარაუდოდ, „ჟუკებით“ იქნებოდა „გაძეძგილი“. ამიტომ, ისინი არც ქართულად საუბრობდნენ და არც ისეთ თემებზე, რასაც შესაძლოა, ეჭვი გამოეწვია „მსმენელებში“. ახალგაზრდებმა ბარგი სასტუმროში დატოვეს და ღამის ქალაქში სასეირნოდ გავიდნენ. უკან რომ დაბრუნდნენ, არ გასჭირვებიათ იმის მიხვედრა, რომ ყველაფერი, მათ შორის მათი ნივთებიც, ვიღაცას საგულდაგულოდ გაეჩხრიკა.

***

წინასწარი განაცხადის მიხედვით, წყვილი ერთი თვით უნდა დარჩენილიყო სოხუმში. ეს ის დრო იყო, რაშიც სპეცაგენტები უნდა ჩატეულიყვნენ და დავალება შეესრულებინათ. წინასწარი გეგმის მიხედვით, წყალქვეშა ცურვის მოყვარულ წყვილს ჰერმეტული ჩემოდანი დღისით უნდა აღმოეჩინა. შემდგომ ის საიმედოდ დაეფიქსირებინათ და ღამით ამოეღოთ. სპეციალური მოწყობილობის მეშვეობით 50-კილოგრამიანი ტვირთი უკაცრიელ ნაპირზე „ნივაში“ უნდა გადაეტანათ და წინასწარ გამზადებულ კონსპირაციულ ბინაში დაემალათ. შემდგომ კი ადლერში გამგზავრებულიყვნენ. საქართველოს დედაქალაქში კი მოსკოვისა და ერევნის გავლით დაბრუნებულიყვნენ. აი, ეს იყო წყვილის მთელი მისია და მათ ჩემოდანიც კი არ უნდა გაეხსნათ.

– იცოდეთ, არც კი ეცადოთ ჩემოდნის გახსნა. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ დიდი შანსია, რომ ის დანაღმულია. ინსტრუქციით ასე უნდა მოვქცეულიყავით. როდესაც ბიჭებმა ჩემოდანი მოამზადეს, მე შტაბში ვიყავი წასული. უკან რომ დავბრუნდი, მხოლოდ ჩემოდნის ჩაძირვაღა მოვასწარით. შემდგომ ჩეჩნების რაზმს შევეტაკეთ და ყველანი დაიხოცნენ. მე კი აფეთქების ტალღამ წყალში ჩამაგდო და ამან მიხსნა სიკვდილისგან, – ეუბნებოდა შალაშვილი ნატოსა და ლევანს.

პირველი სამი დღე წყვილმა ადგილმდებარეობის შესწავლასა და „კუდის“ აღმოჩენას მოანდომა, რომელიც შესაძლოა, მათ უთვალთვალებდა. თუმცა, „კუდი“ მათ არ აჯდა და ტურისტების შემოწმება ადგილობრივი უშიშროების მხრიდან, მხოლოდ მათი ბარგის ჩხრეკით შემოიფარგლებოდა.

„თაფლობის თვის“ მეოთხე დღეს წყვილი საჭირო წყალქვეშა ცურვის აღჭურვილობით მოიკაზმა და ჩემოდნის საძებნელად უთენია გაემართნენ. ვალტერ შალაშვილის მიერ მითითებული ადგილი ისეთ კვადრატში მდებარეობდა, რომ უცხო თვალისთვის შეუმჩნეველი იყო და არავითარ ეჭვს არ იწვევდა. წყვილს სულ რაღაც 2 საათი დასჭირდათ, რომ ჩემოდნისთვის მიეგნოთ, რომელიც 12 მეტრის სიღრმეზე, წყლის ქვეშ ხავსმოდებულ კლდეებში იყო შენახული. ლევანმა საგულდაგულოდ დაათვალიერა ზღვის ფსკერი. შემდეგ ჩემოდანი ფრთხილად დაძრა ადგილიდან. როდესაც დარწმუნდა, რომ ის ტრანსპორტირებას ექვემდებარებოდა, ჩემოდანი უკან დააბრუნა. შემდეგ ალაგ-ალაგ სპეციალური ორიენტირები დატოვა, რომ ღამით მოძებნა არ გასჭირვებოდა და ნატოსთან ერთად წყლიდან ამოვიდა.

– მაგრად გაგვიმართლა, რომ ასე იოლად და მალე აღმოვაჩინეთ ჩემოდანი, – უთხრა ლევანმა ნატოს. გოგონამ კი ამოიხვნეშა და ნახევრად ხუმრობით მიუგო:

– კარგი კია, მაგრამ ჩვენი თაფლობის თვე რომ ასე მალე მთავრდება, ეს არ მომწონს. კარგი იქნებოდა, რომ კიდევ ორი კვირა მაინც გაგვეტარებინა ამ სამოთხეში.

– გეთანხმები, ნატო, მაგრამ საქმე – უპირველეს ყოვლისა. დავიბრუნებთ ჩვენს აფხაზეთს და პირობას გაძლევ, რომ აუცილებლად წამოგიყვან აქ, – თქვა ლევანმა და დააყოლა, – ახლა კი ნელ-ნელა ავიბარგოთ და ღამის ვოიაჟისთვის მოვემზადოთ.

წყვილმა წყალქვეშ ცურვის აღჭურვილობა „ნივაში“ ჩაალაგა. საჭესთან ლევანი დაჯდა. მას უხმოდ, ნელი სვლით მიჰყავდა მანქანა. ნატო კარგად იცნობდა მეწყვილეს და მიხვდა, რომ ლევანი რაღაცაზე დაძაბულად ფიქრობდა. მან უცებ მანქანა გააჩერა და ნატოს „უცხო ყურის“ გასაგონად უთხრა:

– ნახე, რა წყნარი ზღვაა, საყვარელო. თან, არავინაა. მოდი, აქ შევჩერდეთ.

– სიამოვნებით, ძვირფასო, – უპასუხა გოგონამ და წყვილი „ნივიდან“ გადავიდა.

მანქანას რომ ოციოდე მეტრით მოშორდნენ, ლევანმა გაიხედ-გამოიხედა. როდესაც დარწმუნდა, ირგვლივ უცხო არავინ იყო, ნატოს ქართულად უთხრა:

– მოდი, ჯერ ნუ შევატყობინებთ პოლკოვნიკს, რომ ჩემოდანი ვიპოვეთ. ვითომ, ჯერ ვეძებთ.

– რატომ? – გაუკვირდა ნატოს.

– საეჭვოდ მეჩვენება ეს ყველაფერი და იმიტომ, – თქვა ლევანმა.

– მაინც, რაში გეპარება ეჭვი?

– ბევრ რამეში.

– ერთი მაინც თქვი.

– თუნდაც ის, ნატო, რომ ამდენი ხნის მერე თქვა პოლკოვნიკმა ოქროს ზოდების შესახებ.

– მთავარია, რომ თქვა და ჩვენც იმიტომ გამოგვიშვა აქ, რათა სახელმწიფო ხაზინაში შევიტანოთ. ხუმრობა ხომ არაა – 20 კილოგრამი ოქრო, მინიმუმ, მილიონი დოლარია, – ღიმილით თქვა ნატომ.

– ისიც საეჭვოა, რომ ჩვენი მისია მხოლოდ ჩემოდნის ამოღებაშია და შემდგომ რა ბედი ეწევა, ბუნდოვანია.

– შემდგომ, ალბათ, სხვა ჯგუფი დაასრულებს ოპერაციას, – მხრები აიჩეჩა ნატომ და დაამატა. რა არის ამაში საეჭვო, პირველად ხომ არ ვართ სპეცოპერაციაზე?

– ასეთზე ნამდვილად პირველად ვართ და სწორედაც რომ, საეჭვოა ეს, – თქვა ლევანმა და დაამატა, – აშკარაა, რომ პოლკოვნიკს არ უნდა ჩვენ ჩემოდნის შიგთავსი ვნახოთ.

– იმიტომ, რომ ძალიან საშიშია. სავარაუდოდ, დანაღმულია და რა არის ამაში უცნაური? – თქვა ნატომ. ლევანმა კი უთხრა:

– უცნაური, სწორედ, ისაა, რომ გვითხრა, – ჩემოდანი დანაღმულია... რა საჭირო იყო მისი დანაღმვა ან ასე სასწრაფოდ რატომ დანაღმეს? ან მაშინ აფხაზეთის ომში სად ჰქონდათ ისეთი მიკრონაღმები, რომ სპეცჩემოდანი დაენაღმათ? ტყუილია. ჩემოდანი არაა დანაღმული და პოლკოვნიკმა ეს იმიტომ მოიგონა, რომ შიგნით არ ჩავიხედოთ. ამიტომ ჩემოდანი უნდა გავხსნათ და შიგთავსი ვნახოთ! – მტკიცედ თქვა ლევანმა.

– დარწმუნებული ხარ, რომ ასე უნდა მოვიქცეთ? – იკითხა ნატომ.

– ასი პროცენტით, – მტკიცედ მიუგო ლევანმა.

– თუ მასეა, გავხსნათ. სად და როდის? – იკითხა ნატომ.

– ამაღამ. პირდაპირ ნაპირზე, – თქვა ლევანმა.

– გაგიჟდი? ვინმე რომ წამოგვადგეს თავზე?

– მოდი, ასე მოვიქცეთ, – თქვა ლევანმა, – ნაპირზე კარავი გავშალოთ. ვითომ ზღვის პირას ვისვენებთ. ჩემოდანს რომ წყლიდან ამოვიღებთ, იქვე, კარავში გავხსნით.

– შემდეგ რა ვქნათ?

– თუკი ჩემოდანში ოქროს ზოდები აღმოჩნდება, მაშინ ისე მოვიქცეთ, როგორც ოპერაციითაა გათვალისწინებული. თანაც ბოდიშს მოვიხდი.

– და თუ იქ ოქრო მართლა არ არის?

– თუ ოქრო არ არის, მაშინ გარემოების მიხედვით ვიმოქმედებთ, – თქვა ლევანმა. შემდეგ, წყვილი კვლავ ავტომობილში ჩაჯდა და სასტუმროში დაბრუნდა.

***

ნატომ და ლევანმა მთელი დღე სასტუმროში გაატარეს და მხოლოდ ღამის 10 საათზე გავიდნენ ნომრიდან. ლევანმა საგულდაგულოდ შეამოწმა „ნივის“ საბარგულში მოთავსებული რეკვიზიტები. როდესაც დარწმუნდა, რომ ღამის წყალქვეშა ვოიაჟისთვის ყველაფერი მზად იყო, ნატოსთან ერთად ჩაჯდა მანქანაში და გზას გაუდგა. წყვილმა ჯერ მანქანით იტრიალა ქალაქსა და მის შემოგარენში. ისინი „კუდს“ ამოწმებდნენ. როდესაც დარწმუნდნენ, ყველაფერი სუფთად იყო, გეზი ნაცნობი ნაპირისკენ აიღეს. შუაღამე სრულდებოდა, როდესაც წყვილმა ნაპირზე კარავი გაშალა და ჩემოდნის ამოსაღებად ყველაფერი მოამზადა. ლევანმა იქვე სპეციალური მინი „გამწევიც“ დაამაგრა, რომელსაც 2 ტონის გაქაჩვა შეეძლო. შემდეგ ყვინთვისთვის საჭირო მოწყობილობა მოირგო. წყალქვეშა განათების ნათურა აკვალანგზე მიიმაგრა და ნატოს უთხრა:

– როგორც კი ჩემოდანს ზედაპირზე ამოვიტან და ტროსს ჩავაბამ, სიგნალს მოგცემ. შემდეგ ამ ტროსს ნაპირზე გამოვტყორცნი, შენ გამწევს ჩააბი, ჩართე და გამოვათრიოთ.

– კარგი. ეგრე ვიზამ. შენ კი ფრთხილად იმოქმედე. ღამეა მაინც და არ იჩქარო, – უთხრა ნატომ მეწყვილეს.

ლევანმა თავი დაუქნია ნატოს. ზღვაში ფრთხილად შეცურა. ჩაყვინთა და სპეცჩემოდნისკენ აიღო გეზი. ღამის სიბნელის მიუხედავად, ლევანმა მალევე იპოვა ჩემოდანი და ზედაპირზე აიტანა. შემდეგ ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც შეთანხმებული იყო და მხოლოდ მაშინ ჩამოჯდა, როდესაც ჩემოდანი კარავში მოათავსეს.

დასასრული შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი