რომანი და დეტექტივი

ძველი საქმე

№11

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00

რომანი
დაკოპირებულია

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #10 (1315)

ცოლ-ქმარს იმ ორი მამაკაცის ფოტორობოტები შევადგენინეთ და რესტორნიდან გაუჩინარებული გოგონას დაქალის გამოკითხვას შევუდექით. გოგონამ თქვა:

– მე და გალია ბიძაშვილ-მამიდაშვილები ვართ. გალია მამაჩემის დისშვილია. მამიდაჩემი ტაშკენტშია გათხოვილი და გალია ტაშკენტელია, მაგრამ უნივერსიტეტში სწავლობს და დროებით ჩვენთან, მოსკოვში ცხოვრობს. დასასვენებლად გალიას გაუჩინარების წინა დღეს ჩამოვედით სოჭში. სასტუმრო „მოსკოვში“ დავბინავდით. გალიას გაუჩინარების დღეს კაფე „მელოდიაში“ ვისხედით და მე და გალიამ რაღაცაზე წავიკამათეთ. მე გავბრაზდი და სასტუმროს ნომერში ავედი. გალია კი კაფეში დარჩა. „მელოდია“ ღია კაფეა. სასტუმროს წინ მდებარეობს და ჩვენი ნომრიდან კარგად ჩანს. მე ფანჯრიდან ვუთვალთვალებდი კაფეში მჯდომ გალიას, რომელიც ნაყინს ჭამდა და დავინახე, რომ მასთან ორი ახალგაზრდა კაცი მივიდა და მის მაგიდასთან ჩამოსხდნენ. სულ რაღაც ათიოდე წუთი გაჩერდნენ და წავიდნენ. გალია ნახევარ საათში დაბრუნდა ნომერში და შევრიგდით. მე არაფერს ვეკითხებოდი. ველოდი, რომ თავად მეტყოდა იმ ახალგაზრდების შესახებ. ცოტა ხნის მერე მითხრა:

– ამ საღამოს რესტორანში ვართ დაპატიჟებული და მოემზადე.

– ვინ დაგვპატიჟა? – ვკითხე გალიას და მივხვდი, რომ იმ ახალგაზრდებმა დაგვპატიჟეს. თუმცა, არ მითქვამს, რომ ფანჯრიდან ვუთვალთვალებდი.

– თანამემამულეებმა.

– ვინ თანამემამულეებმა?

– შენ რომ კაფედან გამოხვედი, ორი ახალგაზრდა ბიჭი მოვიდა და გამეცნენ, უზბეკეთიდან ყოფილან და მათ დაგვპატიჟეს. ხომ წამოხვალ?

– უცხოებთან ერთად რესტორანში რა გვინდა?

– ხომ გითხარი, რომ თანამემამულეები არიან-მეთქი, – გაბრაზდა გალია.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, მე და გალიამ ისევ ვიჩხუბეთ და რესტორანში არ წავყევი. ფანჯარასთან დავდექი და ვუთვალთვალებდი. დავინახე, როგორ შეხვდა იმ ახალგაზრდებს და რესტორანში გაემართნენ. გულმა არ მომითმინა და მეც რესტორანში ჩავედი, მინდოდა, ახლოდან მენახა ის კავალრები და საერთოდ, რას აკეთებდა რესტორანში გალია. სიმართლე რომ ვთქვა, გალია ძალიან ჯიუტი გოგოა და შემეშინდა, რომ რაიმე ხიფათს არ გადაჰყროდა. რესტორანს ოთხი დარბაზი აქვს და გალია და ის ტიპები ევროპულ დარბაზში ისხდნენ. ჯერ მისვლა მინდოდა, მაგრამ გალიას გამოხტომას მოვერიდე და სასტუმროს ნომერში დავბრუნდი. ღამის პირველ საათამდე ველოდე. შემდეგ რესტორანში ჩავედი, მაგრამ ოთხივე დარბაზი დაკეტილი იყო. თურმე, შუაღამეზე კეტავენ. ისევ სასტუმროში დავბრუნდი და რომ არ მოვიდა, მილიციაში გავიქეცი და განვაცხადე.

– გალიას კავალრები რომ შეგხვდეთ, იცნობთ?

– მე მგონი, კი.

გამომძიებელმა გოგონას გაგრასა და სოჭში შედგენილი ფოტორობოტები უჩვენა, მაგრამ ოთხიდან მან გალიას ერთი კავალერიც კი ვერ ამოიცნო. შემდეგ თავად გოგონას შევადგენინეთ ფოტორობოტი და დროებით დავემშვიდობეთ. დავკითხეთ, ასევე, ევროპული დარბაზის მიმტანიც, რომელმაც გალია ფოტოზე ამოიცნო და ფოტორობოტზე – მისი კავალრებიც:

– კონიაკი „ნაპოლეონი“, ნამცხვარი, შოკოლადის ნაკრები და წვენი შემიკვეთეს. შემდგომ ერთი ბოთლი შამპანურიც დაამატეს. მე მაგიდებს შუა დავდიოდი და დროდადრო მესმოდა მათი საუბრის ფრაზები. რუსულადაც საუბრობდნენ და რომელიღაც უცხო ენაზე, ალბათ, აზიურზე.

– ამ ფრაზებიდან რაიმე აზრი თუ გამოიტანეთ? – ჰკითხა მიმტანს გამომძიებელმა.

– დიახ. გამოვიტანე.

– რა აზრი?

– რა და გოგონას უთხრეს, ხვალ იახტით გავისეირნოთ ზღვაზეო.

– რამდენ ხანს დაჰყვეს რესტორანში?

– სანამ არ დაიხურა, შუაღამემდე.

– რამდენი დაუჯდათ ვახშამი?

– ორასსამოცდაათი – ოფიციალურად, მაგრამ სამასი დატოვეს და ოცდაათი მანეთი ჩაი დამრჩა.

– ის ახალგაზრდები თქვენს რესტორანში პირველად იყვნენ?

– დიახ, პირველად.

– ესე იგი, მანამდე არსად გინახავთ, – უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა გამომძიებელმა.

– ვნახე, როგორ არა. ერთ-ერთი მათგანი ერთი კვირის წინ ვნახე, სანამ რესტორანში ვნახავდი.

– სად ნახეთ?

– „კემპინგ ტურისტთან“. მე იქვე ვცხოვრობ, ახალ კორპუსებში. სამსახურში მოვდიოდი. ავტობუსს ველოდებოდი და ბენზინგასამართზე ბენზინს ასხამდა. ჩამომსხმელმა შენიშვნა მისცა, სიგარეტს არ მოუკიდოო და მეორემ ჩამომსხმელს უხეშად მიმართა. შემდეგ კი წავიდნენ.

– ესე იგი, ორნი იყვნენ?

– დიახ.

– რა მანქანით იყვნენ?

– ფურგონიანი „მოსკვიჩით“, შავი ფერის.

– ნომერი ხომ არ დაგიმახსოვრებიათ?

– სერია იყო „სუპ“. პირველი ციფრი კი – ნული. დანარჩენი ციფრები არ შემიმჩნევია.

გამომძიებელმა მიმტანს გაგრასა და ცოლქ-ქმრის მიერ შედგენილი ფოტორობოტები უჩვენა და მან სწორედ ის ახალგაზრდა ამოიცნო, რომელიც ლუდის გამყიდველს აუშარდა. დავკითხეთ ბენზინგასამართი სადგურის ჩამომსხმელიც და მანაც ამოიცნო გალიას კავალერი და დებოშიორი. ეს უკვე მნიშვნელოვანი დეტალები იყო. გამოდიოდა, რომ შავიზღვისპირეთში გოგონების გამტაცებელი ჯგუფი მოქმედებდა, რომლის ყველა წევრი თუ არა, ორი მაინც უზბეკეთიდან იყო. და ყველა ეს ინფორმაცია ავთო იოსელიანის თანამშრომლებთან ერთად, სულ რაღაც, 36 საათში მოვიპოვეთ. მეც და გაგრელი უშიშროების თანამშრომლები ძლივს ვიდექით ფეხზე დაღლილობისგან. სულ რაღაც ორიოდე საათი წავთვლიმეთ და კვლავ საქმეს შევუდექით. ავთოსთან კაბინეტში განვმარტოვდი. დაკარგული გოგონების სურათები მაგიდაზე განვალაგე და ვუთხარი:

– მათ შორის, რამდენიმე სახასიათო მსგავსებაა. სამივე ლამაზი და ტანწერწეტაა. სამივე ახალგაზრდა, თითქმის ერთი ასაკისა და სამივეს ირგვლივ ორ-ორი ახალგაზრდა ტრიალებდა. მათ შორის პირველი და მესამე შემთხვევის წყვილებიდან ორი ერთმანეთს იცნობს.

– ეს – ერთი, – თქვა ავთო იოსელიანმა და დაამატა, – დიდი ალბათობით, ეს ბანდა შუა აზიიდან, სავარაუდოდ, უზბეკეთიდან არიან და რაც მთავარია, საქმეში შავი ფურგონიანი „მოსკვიჩია“, რომელსაც ჩემი ბიჭები სულ მალე მოძებნიან.

ეს თქვა ავთომ და ტელეფონმა დარეკა. ავთომ ყურმილი აიღო და სამიოდე წუთი უსმენდა. შემდეგ ტელეფონი გათიშა და მითხრა:

– ადლერში წავედით! „მოსკვიჩი“ იქ აღმოაჩინეს, ფიჭვნარში. მკვლელობაა.

ადლერის ფიჭვნარში ძებნილი, შავი ფერის, ფურგონიანი „მოსკვიჩი“ იყო მიგდებული. სალონში კი ორმოცდაათიოდე წლის მამაკაცის ცხედარი აღმოჩნდა. მას ორი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი თავსა და მუცელში. ავტომობილი სოჭის რაივაჭრობის სამმართველოს კუთვნილება იყო, მოკლული მამაკაცი კი – ამ უწყების თანამშრომელი, ფურგონიანი „მოსკვიჩის“ მძღოლი. 49 წლის ვინმე უსმან შარფატოვი. ის ეროვნებით უზბეკი იყო, ტაშკენტში დაბადებული და გაზრდილი. სოჭში, ცოლთან, ალა მაქსიმოვასთან ერთად ცხოვრობდა. მოკლულის ცოლს მე და ავთო ვესაუბრეთ. მან გვითხრა:

– უსმანი ძალიან გულკეთილი, გულუბრყვილოც კი იყო და ვის უნდა მოეკლა, წარმოდგენა არ მაქვს. ამ დილით მანქანის წამოსაყვანად წავიდა და ასეთი რამ შეემთხვა.

– მანქანა საიდან უნდა წამოეყვანა? – ჰკითხა ავთომ.

– ისმაილისგან. მისი თანამემამულისგან. სოჭში ტაშკენტიდან ჩამოვიდა. აქ უნდა ემუშავა. უსმანს სთხოვა, სახლში ავეჯი მაქვს გადასაზიდი და მანქანა მათხოვეო.

მოკლულის ცოლს ექვსივე ფოტორობოტის სურათი ვუჩვენეთ და ვკითხე:

– ამ სურათებში ისმაილი არის?

ალამ ყურადღებით დაათვალიერა სურათები და მითხრა:

– ისმაილი აქ არაა, მაგრამ ერთ-ერთი ქარიმს ჰგავს.

– ქარიმი ვინაა?

– ტაშკენტელი მძღოლია. ისიც სოჭში ჩამოვიდა სამუშაოდ და ტაქსიზე მუშაობს. ჩემმა მეუღლემ ამ ორი კვირის წინ მოიყვანა სახლში და გამაცნო.

– აბა, რომელია ქარიმი?

– აი, ეს, – მითხრა ალამ და იმ ფოტორობოტს დაადო ხელი, რომელზეც გაგრაში ლუდის ჩამომსხმელთან აშარებული ახალგაზრდა იყო აღბეჭდილი.

– ეს რომ მოგვაძებნინა, კარგი იქნება, – თქვა ავთომ. ქალმა კი გვითხრა:

– თუ არ ვცდები, „კემპინგ ტურისტში“ ცხოვრობს. ჩვენგან რომ მიდიოდა, ჩემს ქმარს უთხრა, „ტურისტში“ დავიდეთ ბინა და იქ მოდიო.

– დავიდეთო? მრავლობითში თქვა – ჰკითხა ავთომ.

– დიახ. – დაგვიდასტურა ალამ.

დრო არ ითმენდა და მე და ავთო მისი მანქანით „კემპინგ ტურისტისკენ“ გავემართეთ. მხოლოდ მძღოლი გვახლდა. სასტუმროს რომ მივუახლოვდით, იარაღი საბრძოლო მდგომარეობაში მოვიყვანეთ და შენობისკენ გავემართეთ. მძღოლი კი გარეთ დავტოვეთ, დაზღვევაზე. კემპინგის პორტიე გვერდზე გავიხმეთ, ექვსივე ფოტორობოტი ვუჩვენეთ და ვკითხეთ:

– აქედან ვინმე გეცნობათ?

პორტიემ გაგრაში აურზაურის ამტეხსა და რესტორანში, გალიასთან მყოფის ფოტოს დაადო ხელი და გვითხრა:

– აი, ესენი აქ ცხოვრობენ. პირველ სართულზე, მეოთხე ოთახში.

– ახლა იქ არიან?

– დიახ. დილით მოვიდნენ და ორი მთვრალი გოგონა მოიყვანეს. ან სძინავთ, ან საქმეში არიან, – გაეცინა პორტიეს.

მეოთხე ოთახთან იარაღმომარჯვებული მივედით. კარზე დავაკაკუნეთ და ავთომ თქვა:

– გააღეთ, რაიონში გაზის გაჟონვაა და უნდა შევამოწმოთ.

– ორიოდე წუთი მოითმინეთ, ჩავიცმევ, – მოისმა ოთახიდან და ხუთიოდე წუთის მერე ქარიმმა კარი გააღო.

მე და ავთო ოთახში შევვარდით და სანამ გონს მოეგებოდნენ, ქარიმი და მეორე მამაკაცი იატაკზე დავყარეთ. მე პისტოლეტი მქონდა მიშვერილი, ავთო კი მათ ხელებს უკოჭავდა. ოთახის უზარმაზარ კარადაში ორი გაკოჭილი, პირაკრული ახალგაზრდა გოგონა აღმოვაჩინეთ. ისინი გატაცებულები აღმოჩნდნენ და გაკოჭილ გამტაცებლებთან ერთად სოჭის უშიშროების სამმართველოში მივიყვანეთ. შემდგომში განვითარებულმა მოვლენებმა ყოველგვარ ფანტაზიას გადააჭარბა. დაკავებულებმა დაკითხვისას თქვეს, რომ შავიზღვისპირეთში უზბეკეთიდან გამოგზავნილი რვაკაციანი ჯგუფი მოქმედებდა. ისინი ლამაზ, ტანწერწეტა ახალგაზრდა გოგონებს იტაცებდნენ და ასლან ბეი ბადმაევის ჰარამხანისთვის უზბეკეთში მიჰყავდათ. ბადმაევს უზბეკეთში მეტსახელად ფერგანის ველის პრინცსაც უწოდებდნენ. ეს 56 წლის კაცი სამეურნეო დარგში მაღალჩინოსანი იყო. სახელმწიფოსგან მას მილიონები კი არა, მილიარდები ჰქონდა მოპარული. ტაშკენტში რამდენიმე ბინას ფლობდა, ფერგანის ველზე კი – უზარმაზარ სასახლეს და სწორედ იქ იყო მისი 400 ქალისგან შემდგარი ჰარამხანა. ეს კაცი იმდენად თავხედი და ამასთანავე ჭკუასუსტი იყო, რომ თავის სასახლემდე ორმოცდაათკილომეტრიანი რკინიგზა გაჰყავდა და იქ ისეთი გრანდიოზული მშენებლობა მომდინარეობდა, რომ ამერიკელებმა ის თანამგზავრიდან დააფიქსირეს. ახალი ხელშეკრულებით გათვალისწინებული, აკრძალული სამხედრო ობიექტის მშენებლობად მიიჩნიეს და საბჭოთა მთავრობას პროტესტით მიმართეს. სანამ მთავრობა ამ ამბავში გაერკვეოდა, საქმეში ჩვენი უწყება ჩაერია და უშუალოდ მე დამევალა იქ ჩასვლა და ბადმაევის დაპატიმრება. სიტყვით ვერ აღვწერ იმ სიმდიდრესა და უგემოვნობას, რაც ბადმაევის სასახლეში სუფევდა. ოქროს ნივთებით მორთული და მარმარილოთი მოპირკეთებული დარბაზები. ეს კიდევ არაფერი იყო იმასთან, რაც მის სარდაფებში აღმოვაჩინეთ: ასმანეთიანების დასტებს კუბომეტრებით ვზომავდით. ხოლო ოქროს ზოდების ასაწონად კი ტონიანი სასწორი დაგვჭირდა. რა თქმა უნდა, ადგილზე იყვნენ ქალებიც, რომლებიც საბჭოთა კავშირის ყველა კუთხიდან ძალით ჩამოეყვანათ. სხვა გატაცებულებთან ერთად ეთოც იქ აღმოჩნდა. გოგონები თავიანთ სახლებს დავუბრუნეთ. ფერგანის ველის პრინცი კი მოსკოვში, ლუბიანკაზე მივიყვანეთ. მოსკოვში თვითმფრინავით ჩავიტანეთ მისი ქონება. ყველაფერი ბანკის საცავში გაამწესეს. ბადმაევის საქმეს წლების განმავლობაში იძიებდნენ და მას დახვრეტის მუხლი ჰქონდა. ალბათ, არც კი მოვიაზრებდი მას ცოცხლად, შემთხვევით რომ არ მენახა ერთ-ერთ არხზე მისი ბიზნესიმპერიაზე გადაღებული ფილმი და სადაც ის მთავარი გმირის რანგში იყო წარმოდგენილი. საბჭოთა კავშირი უკვე დიდი ხნის დაშლილი იყო. მე კვლავ მოსკოვში ვცხოვრობდი. ავთო იოსელიანი კი საქართველოს უშიშროების შეფის პოსტს იკავებდა. მეორე დღეს ავთოს დავურეკე. მოვიკითხე და გავახსენე ის ძველი საქმე, რომელიც სულ რაღაც 48 საათში გავხსენით.

დასასრული

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი