ძველი საქმე
ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00
ეს ისტორია საბჭოთა კავშირში მოხდა. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ქვეყანა მყარად იდგა ფეხზე და მის დაშლას ვერავინ წარმოიდგენდა. „პერესტროიკის“ გარიჟრაჟი იდგა. აგვისტოს თვე იყო. მოსკოვში ისე საშინლად ცხელოდა, ასფალტი დნებოდა. ერთი სული მქონდა, ორი დღე სწრაფად გასულიყო, რომ შვებულებაში გავსულიყავი და ზღვარზე გავმგზავრებულიყავი დასასვენებლად. შხაპიდან რომ გამოვედი, საათს შევხედე. ცხრა სრულდებოდა. ჩემი მძღოლი უკვე ეზოში მელოდა. პიჯაკი ავიღე და სახლიდან უნდა გავსულიყავი, როდესაც ტელეფონზე გრძელი ზარი გაისმა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ვიღაც სხვა ქალაქიდან რეკავდა. ყურმილს დავწვდი და ვუპასუხე:
– გისმენთ.
– ნოდარ, გაბო ვარ, – მომესმა ჩემი ძმის აღელვებული ხმა.
– რა ხდება, გაბო? ხომ მშვიდობაა?
– არა.
– რა მოხდა?
– ეთო დაიკარგა.
– როგორ.
– ნუნუ და ეთო გაგრაში ისვენებდნენ. ბავშვი წყალში შევიდა და გაქრა.
– გაქრა? – გავიმეორე და დავდუმდი, რადგან არ მინდოდა, მეთქვა, ხომ არ დაიხრჩო-მეთქი.
გაბო მიხვდა ჩემი დუმილის მიზეზს და მითხრა.
– გამორიცხულია, რომ დამხრჩვალიყო. ჯერ ერთი, რომ თევზივით ცურავს და თანრიგოსანი ჩემპიონია. თანაც, მყვინთავებმა მთელი აკვატორია დაათვალიერეს და რომ დამხრჩვალიყო, იპოვიდნენ. აქ რაღაც სხვა ამბავია და ვფიქრობ, შენი პროფილით დახმარებაა საჭირო.
– შვებულება ორ დღეში მეწყება, მაგრამ დღესვე გამოვფრინდები. გაგრაში ხარ, ხომ?
– კი. მე, ნუნუ და ჩვენი ახლობლები, ყველანი აქ ვართ, თეასთან.
– ეთო როდის დაიკარგა?
– გუშინ, შუადღეზე.
– გასაგებია. მანქანა მელოდება და სახლიდან გავდივარ. რაც შეიძლება, მალე გამოვფრინდები. ალბათ, დღის მეორე ნახევარში შემოგიერთდებით და იმედია, ყველაფერი კარგად იქნება.
– კარგი. გელოდებით, – მითხრა გაბომ და ყურმილი დაკიდა.
იმ პერიოდში ლუბიანკაზე ვმუშაობდი და კონტრდაზვერვის სამმართველოში ოპერატიულ განყოფილებას ვხელმძღვანელობდი. პოლკოვნიკის ჩინს ვატარებდი და გენერლის თანამდებობა მეკავა. ჩემს განყოფილებაში წამით შევირბინე. შემდეგ კონტრდაზვერვის უფროსს, ჩემს უშუალო ხელმძღვანელს ვეახელი და მოვახსენე:
– ამხანაგო გენერალო, გუშინ გაგრაში ჩემი ძმისშვილი დაიკარგა. თვრამეტი წლის გოგონაა. წყალში შევიდა და გაუჩინარდა. მყვინთავებს მთელი აკვატორია შეუმოწმებიათ, მაგრამ გოგონა იქ არ აღმოჩნდა. თანაც, თევზივით ცურავს. ჩემპიონია და ჩემი ძმა დარწმუნებულია, რომ ცოცხალია. შვებულება ორ დღეში მეწყება, მაგრამ ნება მიბოძეთ, რომ დღესვე გავფრინდე გაგრაში.
– რა თქმა უნდა, გაფრინდი გაგრაში, – მითხრა გენერალმა და დაამატა, – თუ შენი ძმისშვილი ცოცხალია, გამოდის, რომ ის ან წყლიდან გაიტაცეს, ან თავად წავიდა სადმე. იდუმალი საქმეა.
– თავად არა მგონია, ამხანაგო გენერალო. ვიფქრობ, რომ გაიტაცეს. მაგრამ ვინ და რატომ, წარმოდგინა არ მაქვს.
– თუ საჭირო გახდა, საქმეში ჩვენც ჩავერთვებით. შენ კი ბილეთი დაგჭირდება. ახლა ცხელი სეზონია და თვითმფრინავის ბილეთს იოლად ვერ იშოვი. დავრეკავ და ჩვენი რეზერვით ისარგებლე, – მითხრა გენერალმა. ტელეფონის ყურმილს დასწვდა, აეროფლოტის სალაროებში დარეკა და „კაგებეს“ ჯავშანი მოხსნა.
როგორც გაბოს შევპირდი, დღის მეორე ნახევარში უკვე გაგრაში ვიყავი. იქ ჩვენი და თეაა გათხოვილი და ჩემი ძმისშვილი და რძალი მასთან ისვენებდნენ. თეას სახლს რომ მივუახლოვდი, გულმა რეჩხი მიყო, რადგან იქ უამრავი ხალხი იყო შეკრებილი. მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ ისინი მხოლოდ გულშემატკივრები აღმოჩნდნენ. ასე იციან, რა თქმა უნდა, მთელ საქართველოში და განსაკუთრებით დასავლეთ რეგიონში. შეკრებილებს მივესალმე და სახლში შევედი. ჩემი და და რძალი ტირილით შემომეგებნენ. ჩემი ძმა კი ბოლთას სცემდა და სახეზე ფერი არ ედო. ქალებს შემოვუწყერი და ვთქვი:
– ცოცხალ ადამიანს სტირით, თქვე დალოცვილებო?! დამშვიდდით და ყველაფერი დაწვრილებით მომიყევით!
ნუნუმ ცრემლები შეიმშრალა, წყალი მოსვა და მითხრა:
– მე მოგიყვები.
– ყველაფერი დაწვრილებით გაიხსენე და თანმიმდევრულად მოყევი. არაფერი გამოგეპაროს და ემოციების გარეშე, მშვიდად!
– ჟოკვარას პლაჟზე დავდივართ. გუშინ, დილის 10 საათზე მივედით და ეთომ მაშინვე შეცურა და ნახევარი საათი დაჰყო წყალში. რომ გამოვიდა, შეზლოგინზე წამოწვა და ერთი საათი რუჯს იღებდა. შემდეგ მეორედ შეცურა. მე კი ამ დროს ლუდის კიოსკზე გადავიტანე ყურადღება, სადაც ჩოჩქოლი ატყდა. ვიღაც მთვრალი კაცი გამყიდველს ეჩხუბებოდა. რომ მორჩნენ, ისევ ზღვისკენ გავიხედე, მაგრამ ეთო ვეღარ დავინახე. ჯერ ზღვა ვათვალიერე, შემდეგ პლაჟი. დამსვენებლებსაც კი გამოვკითხე, მაგრამ არავინ არაფერი იცოდა. ვიფიქრე, სახლში ხომ არ წავიდა-მეთქი და ქუჩიდან თეასთან დავრეკე. თეამ რომ მითხრა, არ მოსულაო, ისტერიკა დამემართა. ფოსტაში გავიქეცი და გაბოს დავურეკე. თეას ქმარმა მთელი სააკვალანგო სამსახური ფეხზე დააყენა და აკვატორია სულ სანტიმეტრ-სანტიმეტრობით გამოიკვლიეს, მაგრამ ვერაფერი აღმოაჩინეს. ხელმეორედ, ღამითაც იგივე გაიმეორეს, ძლიერი განათებით, მაგრამ შედეგი იგივე იყო. ამ დილით კი შენ დაგირეკეთ. აი, სულ ესაა, ნოდარ.
– ლუდის კიოსკთან ჩოჩქოლი რამდენ ხანს გაგრძელდა?
– დაახლოებით, ხუთიოდე წუთი.
– მაინც, რის გამო იყო ეს ჩოჩქოლი, შეგიძლია მითხრა?
– როგორც მივხვდი, ორნი იყვნენ, მაგრამ ერთი არ ჩხუბობდა და ბოლოს მან წაიყვანა მოჩხუბარი, რომელიც გამყიდველს აუშარდა, წყლიან ლუდს მასმევ და ნორმალური დამისხიო.
– რა ენაზე ჩხუბობდნენ.
– რუსულ ენაზე, მაგრამ მოჩხუბარი, მე მგონი, რუსი არ უნდა ყოფილიყო, უფრო აღმოსავლური აქცენტი ჰქონდა.
– სახეზე დაინახე?
– არა. საშუალო სიმაღლის კაცი იყო, გამხდარი. ალბათ, ოცდაათი-ოცდათხუთმეტი წლის იქნებოდა..
– მეორე მამაკაცი?
– მეორეს მზის სათვალე ეკეთა. ისიც გამხდარი იყო, დაახლოებით მოჩხუბრის სიმაღლის.
– მასაც აღმოსავლური აქცენტი ჰქონდა?
– კი.
– მილიციაში განცხადება შეიტანეთ ეთოს დაკარგვის თაობაზე?
– არა.
– მაშინ, ასე ვქნათ, გაგრის „კაგებეს“ უფროსი ჩემი კურსელია, ავთო იოსელიანი და მას დავუკავშირდები. ხოლო, თუ საჭირო გახდა, „კაგებეს“ ცენტრალური აპარატიდანაც ჩავრთავ ხალხს.
– ჩვენ რა ვქნათ? – მკითხა თეამ.
– რა და, შენ და ნუნუმ დაისვენეთ. გეყოფათ, რაც ინერვიულეთ. დანარჩენს კი ჩვენ მივხედავთ. შეიძლება, ნუნუს გამოკითხვა გახდეს საჭირო და მზად იყავი, ნუნუკა. მე კი წავედი.
– სად მიდიხარ? – მკითხა ჩემმა ძმამ.
– ავთო იოსელიანთან.
– მე რა ვქნა?
– დაისვენე. თუ საჭირო იქნება, დაგიძახებ. შენი მანქანა მჭირდება და გასაღები მომეცი.
გაბომ „ვოლგის“ გასაღები მომცა. „გაზ 21-ში“ ჩავჯექი და გაგრის „კაგებეს“ განყოფილებისკენ დავიძარი. ავთო ადგილზე დამხვდა. რომ დამინახა, ძალიან გაუხარდა, გადამეხვია და მითხრა:
– ალბათ, შენს დასთან ჩამოხვედი დასასვენებლად.
– არა. აქ სხვა საქმეზე ვარ.
– ხომ მშვიდობაა, ნოდარ, რა ხდება?
ავთოს ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი და ბოლოს დავამატე:
– ოპერატიული მოქმედებაა საჭირო. შენი დახმარება მჭირდება და თუ საჭირო გახდება, მოსკოვიდანაც ჩამოვა ჯგუფი.
– ვფიქრობ, რომ ჯერ მოსკოვის დახმარება არ უნდა დაგვჭირდეს და ჩვენი რესურსიც გვეყოფა. ახლავე თათბირს მოვიწვევ და ბიჭებს საქმის ვითარებას გავაცნობ. შენც დაესწარი და ჩაერთე, – მითხრა ავთომ. შემდეგ თავის მოადგილეს დაურეკა და უთხრა, რომ ათ წუთში მთელი პირადი შემადგენლობა თათბირზე მოეწვია.
თათბირზე სწრაფი მოქმედების გეგმა შევადგინეთ და საქმეს შევუდექით. თავდაპირველად გამოიკვეთა ეს ვერსია: ეთერი წყლიდან იყო გატაცებული. მას უთვალთვალებდნენ და ლუდის კიოსკთან ატეხილი აურზაური ეთერის დედის, ნუნუს ყურადღების მისაქცევად იყო მოწყობილი. ეს იყო ვერსიის სქემა, რომელსაც ხორცშესხმა სჭირდებოდა და ავთო იოსელიანის ბიჭები საქმეს შეუდგნენ. პირველ რიგში, გამოიკითხა ლუდის კიოსკის გამყიდველი და მან თქვა, რომ აყალმაყალის ამტეხი მან პირველად იმ დღეს ნახა, ისევე, როგორც მისი თანამგზავრი. გამყიდველის თქმით, აურზაურის ამტეხი ნამდვილი ლუდის ჩამოსხმას მოითხოვდა და მისთვის ჩამოსხმულ ლუდს წყლიანს უწოდებდა. გამყიდველმა რამდენიმე ნაცნობიც კი დაასახელა, ვინც ამ ინციდენტს შეესწრნენ. ყველანი მოვძებნეთ. „კაგებეს“ სამმართველოში ჩვენებები ჩამოვართვით და შემდგომ მათ იმ ორი პიროვნების ფოტორობოტები შეგვადგენინეს. ამ ფოტორობოტების მეშვეობით, მთელი შავი ზღვისპირეთის ზოლზე განხორციელდა მათი მოძიება, როგორც ბინების კერძო გამქირავებლებთან, ასევე კემპინგებში, სასტუმროებსა და ტურისტულ ბაზებსა თუ სანატორიუმ-პანსიონატებში, აგრეთვე, მთელი შავი ზღვისპირეთის ზოლში, მილიციის განყოფილებებში დაიგზავნა მოთხოვნები ადამიანების გაუჩინარების თაობაზე შესული განცხადებების შესახებ. სულ რაღაც სამიოდე საათი იყო გასული, რომ სოჭიდან მოვიდა ცნობა 19 და 20 წლის გოგონების გაუჩინარების თაობაზე. ისინი ორი და სამი დღის წინ გაუჩინარდნენ. ერთი წყლიდან, ისევე, როგორც ეთო, მეორე კი სასტუმრო „მოსკვას“ რესტორნიდან, საღამოს. წყლიდან გაუჩინარებული დედ-მამასთან ერთად იყო სოჭში დასასვენებლად ჩასული. რესტორნიდან გაუჩინარებული კი მეგობარ გოგონასთან ერთად იმყოფებოდა სოჭში და სწორედ მან შეიტანა მილიციაში განცხადება ამის შესახებ, ისევე, როგორც წყლიდან გაუჩინარებულის მშობლებმა. წყლიდან გაუჩინარებული გოგონა, დაახლოებით, შუადღისას გაქრა. მამამისმა გამომძიებელს უთხრა:
– რივიერას პლაჟზე კარტს ვთამაშობდით, „ჯოკერს“. ჩემი გოგონა წყალში შევიდა და მთელი ყურადღება კარტისკენ გვქონდა გადატანილი. მხოლოდ მაშინ მოვიკითხეთ ის, როდესაც თამაშს მოვრჩით.
– „ჯოკერს“ ვისთან ერთად თამაშობდით? – ჰკითხა გაუჩინარებულის მამას გამომძიებელმა.
– წყვილებში. მე და ჩემი მეუღლე და ორი ახალგაზრდა მამაკაცი.
– ეს მამაკაცები თქვენი ნაცნობები არიან.
– არა. ისინი პლაჟზე გავიცანით. ჩვენ გვერდით ირუჯებოდნენ. მე და ჩემი მეუღლე „დურაკას“ ვთამაშობდით და თავად შემოგვთავაზეს „ჯოკერი“ ვითამაშოთო.
– მანამდე თუ გინახავთ ისინი?
– არა.
– რომ ნახოთ, ამოცნობას შეძლებთ?
– შევძლებ.
გამომძიებელმა ცოლ-ქმარს გაგრაში შედგენილი ფოტორობოტები უჩვენეს, მაგრამ მათ მათში „ჯოკერის“ მოთამეშეები ვერ ამოიცნეს.
გამომძიებელმა მათ უთხრა:
– შეგიძლიათ, ისინი აგვიწეროთ?
– 30-35 წლის ახალგაზრდები იყვნენ. გამხდრები. ორივეს მუქი ფერის თმა ჰქონდა და წვრილი თვალები. რუსულად კარგად საუბრობნდენ, მაგრამ რუსები ნამდვილად არ არიან, – თქვა მამაკაცმა.
– ასე რატომ იფიქრეთ?
– ჯერ ერთი, არარუსული გარეგნობის გამო, თანაც, უფრო აზიური, სპეციფიკური აქცენტით ლაპარაკობდნენ. თუმცა, ვიმეორებ, რომ რუსულს კარგად ფლობდნენ.
– რაზე საუბრობდით თამაშის დროს?
– თითქმის არაფერზე, მხოლოდ თამაშზე.
– თამაშის დროს რაიმე უცნაურობა ხომ არ შეგიმჩნევიათ მათთვის?
– რას გულისხმობთ?
– რას და თქვენი ყურადღების გადატანას.
– არა, არ შემიმჩნევია, – თქვა მამაკაცმა. ქალმა კი წამოიყვირა:
– კი, როგორ არა?! მე მგონი, იყო ასეთი რამ.
– თქვით, რა მოხდა.
– შუა თამაშის დროს მეორე „პულკა“ რომ დასრულდა, მან უცებ თქვა: პირველი „პულკის“ ქულები არასწორად ჩამიწერიაო და თავიდან დაიწყო დათვლა. მე და ჩემი მეუღლე კი ამას ყურადღებით ვადევნებდით თვალყურს და აღმოჩნდა, რომ შეცდომას ადგილი არ ჰქონია. აი, ასეთი რამ მოხდა, მგონი, ეს შეიძლება, ყურადღების გადატანად ჩაითვალოს.
– როგორ იჯექით თამაშის დროს?
– მე – წყლიდან ზურგით, ჩემი ქმარი – ჩემ წინ. ჩვენი მოწინააღმდეგეები კი გვერდით – მარცხნივ და მარჯვნივ, – თქვა ქალმა.
– რომელიმე მათგანს რაიმე განსაკუთრებული ნიშანი ხომ არ ჰქონდა.
– ორივე ქოსა იყო. არც წვერი ჰქონდათ და არც ბეწვი – სხეულზე, – თქვა მამაკაცმა. ქალმა კი დაამატა:
– ერთ მათგანს მკერდზე, მარცხენა მხარეს, გულთან ნახევარმთვარის ტატუ ჰქონდა, მარჯვენა ხელის ცერა თითთან კი – ხუთი წერტილი.
– იმ დღის მერე ისინი აღარ გინახავთ?
– არა, – ერთდროულად უპასუხეს მათ.
დასასრული შემდეგ ნომერში
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





