ძველი ამბავი
ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00
დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #47 (1300)
ჩემ და ჯანოს გარდა, რომელსაც ოპერაცია უკეთდებოდა და ვერ გამოჰკითხავდნენ, არავინ იცოდა, რომ ეს კონფლიქტი სწორედ ჯემოსთან იყო დაკავშირებული. მე კი ზუსტად ისეთივე პასუხი გავეცი, როგორიც ჯემომ და მეტი არაფერი უკითხავთ. ჩემს გამოკითხვას რომ მორჩნენ, მილიციელებმა ექიმებისკენ გადაინაცვლეს და მე ჯემოს ვკითხე:
– ვინ იყვნენ ის ნაბიჭვრები და შენგან რა უნდოდათ?
– მოკლედ, ამ ორი წლის წინ, სანამ ამ მაიმუნობას თავს დავანებედი, მე ზიპომ და იმ დანარჩენმა ორმა ერთი ბაითი გავიტანეთ. კარგი კუში მოვხიეთ – მაყუთი, ოქრო... მოკლედ, კარგად ვიმუშავეთ. ეს ფული და ოქრო ერთ ზაგაჟნიკში შევინახეთ. მხოლოდ მე და ზიპომ ვიცოდით, სად, მაგრამ ვიღაცამ ზაგაჟნიკი დააცარიელა. მე თითიც არ დამიკარებია. მე მაშინვე ვთქვი უარი და მაგათ ვუთხარი, წილი არ მინდა, ეს ჩემი ბოლო საქმეა-მეთქი. ჩემი წილი ზონაში გაუშვით და დანარჩენი კი სხვა ზაგაჟნიკში შეინახეთ-მეთქი. მოკლედ, სუფთა ვარ. ისინი კი მე მადებენ ხელს.
– ზიპომაც ხომ იცოდა ზაგაჟნიკის ადგილმდებარეობა? – ვკითხე ჯემოს.
– კი. იცოდა და ნაღდად მისი აღებულია ის კუში იქიდან. მაგრამ მალევე სროკზე წავიდა. ისე მოხდა, რომ დანარჩენი ორიც პაბეგში იყვნენ. ახლა კი ერთად შეიკრიბნენ და მე მაწვებოდნენ.
– რაღა ღამით მოგადგნენ წყნეთში, დღისით ვერ გნახავდნენ?
– მე მითხრეს, მაყუთი გვაქვს წაგებული, დღისით უნდა ჩავაბაროთ და გადამალული კუში მოგვეციო.
– მერე?
– რა მერე? მერე ხომ ნახე, რა მოხდა. მთავარია, ჯანო გადარჩეს და ზიპოს, იმ დამპლის სისხლს დავლევ.
– ჯერ შენ უნდა გადარჩე, – ვუთხარი ჯემოს და დავამატე, – თუ გაირკვა, რა მოხდა და ბაითის ამბავიც ამოტივტივდა, არ გაგახარებენ. ხომ ნახე, რა გითხრა, იმ მილიციის ოპერმა.
– ჰო, ვნახე. მართალი ხარ. სროკის არ მეშინია. მთავარია, ჯანო გადარჩეს, – მითხრა ჯემალმა.
ჯანო სიკვდილს გადაურჩა. მაგრამ დიდ ჩემპიონობას სამუდამოდ დაემშვიდობა. საავადმყოფოში ერთი თვე იწვა. იქიდან რომ გამოვიდა, რეაბილიტაციას ერთი წელი მოუნდა. ამასობაში ფორმა სრულიად დაკარგა და არც დაზიანებული ზურგი აძლევდა სრულფასოვანი ვარჯიშის საშუალებას. როგორც კი რეანიმაციიდან გამოიყვანეს და მისი დაკითხვა შეიძლებოდა, გამომძიებელს მან ზუსტად ისეთივე ჩვენება მისცა, როგორიც მე და ჯემალმა, ოღონდ ოდნავი განსხვავებით. ჯანომ გამომძიებელს უთხრა: ქუჩაში მარტო გამოვედი, რომ სახლში წავსულიყავი, დილით შეკრებაზე უნდა დავბრუნებულიყავით. ქუჩაში უცნობებმა სიგარეტი მთხოვეს. მე არ მქონდა, დავა მოგვივიდა და დამჭრესო. ჩვენ (მე და ჯემომ) მილიციელებზე ადრე ველაპარაკეთ ჯანოს და ასეთ ჩვენებაზე წინასწარ შევთანხმდით. ამ დანაშაულის საქმე გაუხსნელი დარჩა. ჯემომ კი თავისი სიტყვა შეასრულა. როგორც კი ჯანო საავადმყოფოდან გამოწერეს და მის ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრებოდა, ჯემო ზიპოს დაუდარაჯდა და აბრეზიდან ორი ტყვია ესროლა ხელში. ამის შედეგად, ზიპომ მარჯვენა ხელი დაკარგა. მილიციელებს კი ყველაფერი ჩაუკაკლა და ჯემალა ჩაუშვა. ჯემო „ააგდეს“, გაასამართლეს და რადგან ჯერ სრულწლოვანი არ იყო, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, ჯერ მალალეტკებში, შემდგომ კი მკაცრი რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში. მე მოსკოვში გავემგზავრე სასწავლებლად და უცხო ენების ფაკულტეტზე გერმანულ-ინგლისურის სპეციალობით მოვეწყვე „ემგეუში“. ჯანო კი თბილისში დარჩა. ამასობაში 20 წელი გავიდა. პარალელურად, მე „კაგებეს“ უმაღლესი სკოლა დავამთავრე ანტიტერორიზმის განხრით და საიდუმლო სამსახურის ღრმად გასაიდუმლოებული აგენტი გავხდი. ოფიციალურად, „ემგეუს“ დიპლომის სპეციალობით ვმუშაობდი და ძირითადად, თარჯიმნისა და გიდის მოვალეობას ვასრულებდი. თუმცა, როდესაც უწყება ქვეყნის შიგნით თუ გარეთ საიდუმლო სპეცოპერაციას ახორციელებდა, არც თუ ისე იშვიათად, მეც ვმონაწილეობდი. ამასობაში საბჭოთა კავშირიც დაიშალა. „კაგებეში“ რეორგანიზაცია მოხდა და ჩემი განყოფილების კარტოთეკა გაქრა. ამიტომ, ჩემი კურატორის გარდა, ჩემ შესახებ არავინ არაფერი იცოდა. გაქრა კურატორიც და ისე გამოდიოდა, რომ საიდუმლო სამსახურიდან თავისუფალი ვიყავი. ხოლო საგარეო-საქმეთა სამინისტროში, სადაც ოფიციალურად ვიყავი გაფორმებული და ვმუშაოდი, რეორგანიზაცია მოხდა. ქართველები თვალის დასანახავად აღარ უნდოდათ და იძულებული გავხდი, სამსახურიდან წამოვსულიყავი. ერთი სიტყვით, ქუჩაში დავრჩი, უსამსახუროდ და პურის ფულის გარეშე დავრჩებოდი, პატარა თანხა რომ არ მქონოდა გადანახული. ცოლ-შვილი მე არ მყავდა და იმ მცირე თანხით შედარებით იოლად გავდიოდი. ჯერ კიდევ საკმაოდ ახალგაზრდა ვიყავი. მუშაობა მინდოდა და ვცდილობდი, კარგი ადგილი მეპოვა, კარგი ანაზღაურებით, მაგრამ არაფერი ჩანდა. ერთ დილას კი ჩემი მოსკოვური ბინის კარზე კაკუნი გაისმა. კარი რომ გავაღე, ზღურბლზე შუახნის მამაკაცი იდგა. მან ხველებით მკითხა:
– ოთარი ხართ?
– დიახ.
– სამსახურს ეძებთ, ხომ? მეც ამ ამბავზე ვარ თქვენთან, შეიძლება, შემოვიდე?
– შემობრძანდით, – ვუთხარი სტუმარს და ბინაში შევიპატიჟე.
ახალმოსული გადაბმულად ახველებდა. მის იერში რაღაც ნაცნობი იყო, ხმაც კი მეცნო, თუმცა ხველება მიშლიდა ხელს, მასში ვინმე ამომეცნო. ის სავარძელში მოკალათდა. უკვე აღარ ახველებდა.
– გამარჯობა, ოთარ, ვერ მიცანი? – მომმართა მან.
– ნაცნობი ხმა გაქვთ, მაგრამ ვერ გიცანით.
– გარეგნობა შეცვლილი მაქვს, ხმას კი ვერ შეიცვლი, თუ, რა თქმა უნდა, ხრიკებს არ მიმართე. ხველებაც ხრიკია. აბა, კარგად მომისმინე „კომეტავ“.
„კომეტა“ ჩემი ფსევდონიმი იყო „კაგებეში“. უკვე ხმაც ვიცანი. ის ჩემს გამქრალ კურატორს, პოლკოვნიკ ლეონიდს ეკუთვნოდა. თვალები გამიფართოვდა და ვუთხარი:
– თქვენ, ამხანაგო პოლკოვნიკო?
– მიცანი. კი. მე ვარ. შენ გარდა ამქვეყნად არავინ იცის, რომ ეს მე ვარ. ვინც სახე შემიცვალა, ის ექიმი უკვე გარდაცვლილია.
მე არ მიკითხავს, ექიმი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა თუ მას ამაში დაეხმარნენ და მხოლოდ ეს ვთქვი.
– ღმერთმა აცხონოს. კარგი სპეციალისტი ყოფილა, ნამუშევარზე ეტყობა.
– გეთანხმები, – მითხრა ლეონიდმა და დაამატა, – ახლა კი საქმე: მე კარტოთეკა წამოვიღე და გარეგნობაც იმიტომ შევიცვალე, რომ ჩვენ შესახებ არავის სცოდნოდა. ეს კი იმიტომ გავაკეთე, რომ ჩვენი მისიაა, იმ საქმეს ვემსახუროთ, რომელსაც ვემსახურებოდით. მართალია, ქვეყანა გაქრა, მაგრამ, ჩვენ ხომ დავრჩით? ხომ დარჩა მოვალეობის გრძნობა? ერთი სიტყვით, ჩვენი საქმე გრძელდება, კვლავ ბოროტებას უნდა ვებრძოლოთ. თუმცა, ამჯერად უკვე ამ ბრძოლაში კაპიკების მაგივრად კარგ ჰონორარს მივიღებთ.
პოლკოვნიკმა ეს დემაგოგია იმით დაასრულა, რომ ქილერობა შემომთავაზა. მისი თქმით, საიდუმლო ორგანიზაცია დააარსა და მასში ჩვენი პროფესიის ხალხს აწევრიანებდა. მე უკვე მცირედი დანაზოგიც მელეოდა. სხვა გზა არ მქონდა და პოლკოვნიკის შემოთავაზებას დავთანხმდი. თან ვუთხარი:
– ამხანაგო პოლკოვნიკო, იმედია, ჩემი საქმიანობის შესახებ მხოლოდ თქვენ გეცოდინებათ.
– რა თქმა უნდა, ოთარ. მხოლოდ მე მეცოდინება და მეტს არავის, – მიპასუხა ლეონიდმა.
საქმე, რომ იტყვიან, ადგილიდან დაიძრა. ლეონიდი შეკვეთას მაძლევდა. მაგრამ ეს ყველაფერი რომ იდეოლოგიურად შეეფუთა, ათას სისულელეს მიყვებოდა ობიექტზე. მე კი სიმართლე რომ ვთქვა, სულ ფეხებზე მეკიდა, კლიენტი-ობიექტი კარგი იყო თუ ცუდი. ბავშვსა და ფეხმძიმე ქალზე ხელს არ ავწევდი, დანარჩენი კი ტექნიკისა და ჰონორარის საქმე იყო. ამასობაში ხუთი წელიც გავიდა. ლეონიდის საქციელი საქმისგან საქმემდე უკვე აღარ მომწონდა. რაღაცნარი ხმააწეული გახდა. თუმცა შეკვეთის მიღება ისევ ჩემზე იყო დამოკიდებული. ასე ვიყავით თავიდან შეთანხმებული. მინდოდა, ავიღებდი საქმეს, მინდოდა – არა. მაგრამ ერთხელ ერთი ქალის სურათი მაჩვენა და მითხრა:
– „კომეტა“, ეს ყველაზე იოლი საქმე იქნება, რაც კი აგიღია და ყველაზე დიდ ჰონორარს მიიღებ, რაც მიგიღია, და ახალგაზრდა, ძალიან ლამაზი გოგონას ფოტო გამომიწოდა.
– ვინაა და რატომ შეუკვეთეს? – ვკითხე პოლკოვნიკს.
– ქმარმა შეუკვეთა. ნამდვილი მონსტრია. არანაირი ხრიკი არ გჭირდება, სახლთან დაუდარაჯე და დაბრიდე.
– თუ მონსტრია, მისი მოკვლა არცთუ ისე იოლი იქნება, – ვუთხარი ლეონიდს.
პოლკოვნიკი ჩემს ირონიას ვერ მიხვდა და მიპასუხა:
– უადვილესია. მეშვიდე თვეზეა და ძლივს დადის.
– ფეხმძიმე ქალს ვერ მოვკვლავ. თუნდაც მილიარდი გადამიხადონ.
– გაგიჟდი?! ამდენი ფული არასდროს მოუციათ და უარზე ხარ?
– ფეხმძიმე ქალს არ მოვკლავ!
– ხომ გითხარი, მონსტრია და უნდა მოკლა, – მითხრა პოლკოვნიკმა. ფულის დასტები წინ დამიდო და დააყოლა, – აი – წინასწარ ნახევარი.
– ვერ გაიგე, რომ არა-მეთქი? ფეხმძიმე ქალს არ მოვკლავ. ისეთი რა დააშავა?
– ქმარს ნახევარ ქონებას ართმევს და შორდება. ხომ გითხარი, რომ ქმარმა შეუკვეთა. მისი ქმარი კი ძველი საბჭოელია, პატრიოტი და კარგი ადამიანი.
– და მაინც არა. სხვა ეძებე. მე კი ამ საქმეში ხელები დამიბანია, – ვუთხარი პოლკოვნიკს და დავამატე, – გაიგე?
– გავიგე, მაგრამ ჩვენი ერთად მუშაობა ძალიან საეჭვო ხდება, „კომეტა“. ჭირვეული გახდი. მე შენ გენდე, მხოლოდ შენ იცი, რომ მე მე ვარ და ყელში დანას მისვამ?
პოლკოვნიკის სიტყვები მუქარა იყო ჩემ მიმართ. ამიტომ ვუთხარი:
– მართალი ხარ. მოიტა შეკვეთა. ვიღებ.
– ასე არ ჯობია? – მითხრა პოლკოვნიკმა და დიდი კონვერტი მომცა, რომელშიც სრული ინფორმაცია იყო და დაამატა, – აი, ფულიც.
ეს საუბარი უკაცრიელი სკვერის სკამზე მიმდინარეობდა. კონვერტი რომ გამოვართვი, ქურთუკის ჯიბიდან ლეონიდს მაყუჩიანი პისტოლეტიდან ორი ტყვია დავახალე და იქაურობას მშვიდად მოვშორდი. სახლში რომ მივედი, კონვერტის შიგთავსი მაგიდაზე გადმოვალაგე. ფული შევინახე. სურათებისა და ინფორმაციების შესწავლას შევუდექი და თვალებს არ ვუჯერებდი, როდესაც ყველაფერს დაწვრილებით გავეცანი, ტელეფონზე დავრეკე და ვთქვი:
– გცალია?
– კი, – მიპასუხა ხაზის მეორე ბოლოდან.
– მაშინ ჩემთან მოდი. ძალიან საინტერესო რაღაც უნდა გიჩვენო.
– ერთ საათში მოვალ, – მითხრა ტელეფონის მეორე ხაზიდან და ყურმილი გათიშა.
ჯემოს ვურეკავდი. ის ჩემი თანაშემწე იყო და მეხმარებოდა. რვაწლიან სროკზე რომ იმყოფებოდა, ციხეში კიდევ ერთი ამდენი დაიმატა და ციხიდან 16 წლის მერე გამოვიდა. მას მე მოსკოვში შევხვდი. მოწყობაში მოვეხმარე, რადგან არც ბინა გააჩნდა და საერთოდ, არანაირი სახსარი. ქუჩაში ბომჟად ყოფნა მოუწევდა. იმთავითვე ავიყვანე დამხმარედ და კარგი ასისტენტი გამოდგა. მას მერე ერთად მოვდიოდით. რომ მოვიდა, მომესალმა და მითხრა:
– აბა, რა ხდება?
მე მას კონვერტის შიგთავსზე მივუთითე და ვუთხარი:
– გაეცანი.
ჯემალი რომ ინფორმაციებსა და ფოტოებს გაეცნო, გაფითრებულმა მითხრა:
– თავს დავდებ, რომ ეს ქონება ამ ნაძირალამ, ზაგაჟნიკიდან ნაკრისალი ოქროთი მოიპოვა. ბიზნესს იმით დაიწყებდა.
აღმოჩნდა, რომ ფეხმძიმე ცოლის შემკვეთი ქმარი, ცალხელა ზიპო იყო. როგორც შემდგომ შევიტყვეთ, ცოლი ზიპოს იმიტომ შორდებოდა და ნახევარ ქონებას იმიტომ ართმევდა, რომ ზიპოს საყვარლების მთელი ჰარამხანა ჰქონდა და ცოლი გამწარებული ჰყავდა. ყველაზე საოცარი კი ის იყო, რომ ზიპოს დაცვის უფროსი ჯანო იყო. სწორედ ის ჯანო, ვინც ზიპომ სასიკვდილოდ დაჭრა წყნეთში. მე და ჯემომ შემკვეთის მოკვლა გადავწყვიტეთ და ჯემომ მითხრა:
– ჯანოს რა ვუყოთ?
– რა უნდა ვუყოთ, რას გულისხმობ?
– იმ ნაძირლის განადგურებისას რომ შემოგვაკვდეს...
– არ შემოგვაკვდება.
ჯემალს გაეცინა და მითხრა:
– რა გარანტია გაქვს, ჯერ ხომ არც ვიცით, თუ როგორ უნდა გავაგოროთ.
– უკვე ვიცი. ჯანოს უნდა დაველაპარაკოთ და ის დაგვეხმარება.
– როგორ?
– ყველაფერს რომ მოვუყვებით, დარწმუნებული ვარ, ჯანომ არ იცის, რომ მისმა შეფმა თავისი ფეხმძიმე ცოლი შეუკვეთა.
– კარგი. ვსინჯოთ, – მითხრა ჯემომ და მეორე დღეს მან უკვე ჯანო მომიყვანა.
ჯანო გაოცებული იყო ჩვენთან ასე მოულოდნელად შეხვედრის გამო და გვითხრა:
– თავი სიზმარში მგონია.
– სიზმრებსა და წარსულზე მერე ვილაპარაკოთ. ახლა კი – საქმე, –ვუთხარი ჯანოს.
– გისმენ.
– ჯანო, იცი, ვინაა შენი ხაზეინი? ის ნაძირალა, შენ რომ სასიკვდილოდ გაგიმეტა. ვინაობა აქვს შეცვლილი, შენ კი მას სახეზე არც იცნობდი.
ჯანომ ძლივს დაიჯერა ეს. შემდგომ კი ვუთხარი:
– ახლა უფრო დაუჯერებელ რამეს გეტყვი. შენმა შეფმა თავისი ფეხმძიმე ცოლის მოკვლა შეუკვეთა.
– ვის შეუკვეთა?
– ჩვენ.
– თქვენ? კი მაგრამ, ვინ ხართ?
ჯანოს ყველაფერი ავუხსენით და როდესაც ჩვენი სიტყვების სიმართლეში დარწმუნდა, გვითხრა:
– სასიკვდილო ყოფილა და სწორი გადაწყვეტილება მიგიღიათ.
ერთი სიტყვით, ზიპო მარილზე გავუშვით, გაღმა. და ამისი დეტალების მოყოლა არაა საჭირო და საინტერესო. უბრალოდ, ყველაფერი ზიპოს ფეხმძიმე მეუღლეს მოვუყევით. ჯანომაც დაგვიდასტურა ნათქვამი და ქალსა და მის შვილს მთელი ქონება დარჩათ. ქალი წარმატებით გაუძღვა ბიზნესს. ჩვენი სამეული გვერდით დაგვიყენა, ჯანო კი ისევ დაცვის უფროსად დარჩა. მე და ჯემო საერთო კონსულტანტები ვიყავით და ერთგულად ვიდექით ჩვენ მიერ გადარჩენილი ქალის გვერდით.
დასასრული
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





