ძველი ამბავი
ავტორი: ნიკა ლაშაური 21:00 07.12
ყოველთვის უბრალო ადამიანი ვიყავი. მორცხვობას ვერ დავიბრალებ, სადაც საჭირო იყო, სითამამე და გამბედაობა არ მაკლდა. მაგრამ თავის გამოჩენა, წინა რიგში დგომა და მსგავსი იაფფასიანი მანიპულაციები არასდროს მიტაცებდა.
უბრალოება ბეჩაობას არ ნიშნავს. რაც თავი მახსოვს, ჩემი დაჩაგვრის, აბუჩად აგდებისა და გაპამპულავების სურვილი არავის გასჩენია. ბავშვებს ახასიათებთ წყნარი თანატოლების გამასხარავება, შერცხვენა და ხან თავში წამოარტყამენ სახალხოდ, ხან კი უკანალში პანღურს ამოარტყამენ. მერე კი დასცინიან და კოლექტიურად აღიზიანებენ.
ჩემ ირგვლივაც ტრიალებდნენ მსგავსი სუბიექტები. თავად ყოველმხრივ უბადრუკნი და სასაცილონი. მაგრამ საკუთარი ნაკლი რომ დაეფარათ, ყოველთვის სხვის მასხრად აგდებას ცდილობდნენ. ერთ-ერთი ასეთი ტიპი იყო ჩემი თანაკლასელი ჯემო. ძალიანაც რომ მოგდომებოდა, ერთ დადებით თვისებას ვერ აღმოუჩენდით. არც გონება უჭრიდა. არც ფიზიკური ძალა. გარეგნულადაც შეუხედავი იყო – ძალიან არაპროპორციული სახე, შავი, ხშირი წარბებით, გრძელი ცხვირითა და ოღროჩოღრო კბილებით, დიდი ყურებითა და გადმოკარკლული თვალებით. ერთი სიტყვით, რომ იტყვიან, არც კი მიაფურთხებდი. თუმცა, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა ჰქონდა. ენაგრძელი იყო და ბინძური სიტყვების არსენალით აღჭურვილი. თუკი ვინმე წყნარ თანატოლს დაინახავდა, მაშინვე აბუჩად აიგდებდა, ჩაგრავდა და თანდათან უმატებდა და უმატებდა თავზე ლაფის დასხმას. ხოლო თუკი ამაში ვინმეს მიიმხრობდა, მაშინ ხომ აღარ გაჩერდებოდა. ერთი სიტყვით, სრული არარაობა იყო და მასთან საქმის დაჭერა არავის უნდოდა, გარდა მისნაირი ნაძირლებისა. ნაძირლებს კი ამქვეყნად რა გამოლევს და ჯემომ როგორღაც შეაკოწიწა მისნაირების ბანდა და ეგონათ, რომ რაღაცას წარმოადგენდნენ. რაღაცას კი... მაგრამ ყოვლად უარყოფითსა და ბინძურს. ჯემო და მისი ბანდა პლეხანოვის გამზირზე დაწანწალებდნენ და წესიერ, გამოუცდელ ბავშვებს ფულს ართმევდნენ. შემდეგ გორკის კლუბში შეიყუჟებოდნენ და შეკოწიწებული ფულით ნაყიდ სიგარეტს აბოლებდნენ. ყველაფერი ეს სკოლის პირველი ცვლის დამთავრების მერე ხდებოდა. ცალტვინა და გაუნათლებელი კი იყო ჯემალა, მაგრამ იმის ინსტინქტი ნამდვილად ჰქონდა, რომ თავისზე ძლიერისთვის რაიმე არ ეკადრებინა. თუმცა, ზოგჯერ ინსტინქტებიც ღალატობს ადამიანს. ერთხელ, გაკვეთილების დამთავრების შემდეგ, როგორც ყოველთვის ჯემო და კამპანია პლეხანოვის გამზირზე დაწანწალებდნენ და საკბილოს ეძებდნენ. იქაურობა ბავშვებით იყო სავსე. ზოგი სახლში მიდიოდა, ზოგი მეორე ცვლაში მიიჩქაროდა, ზოგიც კიდევ – სხვადასხვა წრეზე. თოჯინების თეატრთან ერთი ჩანთაგადაკიდებული, გამხდარი ბიჭი დაინახეს. ის სწრაფი ნაბიჯებით მიდიოდა მეტროს მიმართულებით. ჯემო ბიჭს დაეწია, მხარზე ხელი დაადო, მოაბრუნა და უთხრა:
– ერთი წუთით, ძმაკაც!
– დიახ, გისმენ, – უთხრა ბიჭმა და შეჩერდა.
ამასობაში ჯემოს დანარჩენი ოთხი პაძელნიკიც მოვიდა. ჯემოს გული მოეცა და ბიჭს უთხრა:
– მაყუთი არ გაქვს?
– რა მაყუთი?
ჯემო მიხვდა, რომ ბიჭმა მაყუთის მნიშვნელობა არ იცოდა და დამცინავად უთხრა:
– საიდან ჩამოხვედი, ბიჭო. მაყუთი როგორ არ იცი?
– დუშეთიდან ჩამოვედი. მაყუთი რა არის?
– ფული.
– არ ვიცოდი.
– ახლა ხომ იცი.
– კი.
– ფული არ გაქვს?
– მაქვს.
– ოცი კაპიკი გვასესხე.
ბიჭმა ჩანთა გახსნა. საფულე ამოიღო. ხურდებიდან ოცკაპიკიანი ამოარჩია და ჯემოს გაუწოდა და უთხრა:
– აი, ძმაო, გამომართვი.
ბიჭს საფულეში ქაღალდის კუპიურებიც ჰქონდა და ბლომად ხურდაც. ჯემოს მადა გაუძლიერდა და ბიჭს უთხრა:
– რამდენი მაყუთი გქონია. ოცკაპიკიანს რომ გვაძლევ, მათხოვრები ხომ არ ვართ?
– შენ თვითონ არ მითხარი, ოცკაპიკიანი მინდაო?
– აბა, რა ვიცოდი, თუ ამდენი მაყუთი გქონდა. მანეთი მოიტა.
– არ მოგცემ.
– ჟმოტი ხარ?
– ეგ რას ნიშნავს?
– შენ რა, არიფი ხარ, ბიჭო. სიტყვების მნიშვნელობა არ იცი. ჟმოტი ძუნწს ნიშნავს.
– არიფი? – იკითხა ბიჭმა.
– არიფი? – გაიმეორა ჯემომ და დაამატა, – არიფი არიფია.
– ამიხსენი ქართულად, – თქვა ბიჭმა.
– არიფია, რა, – გაიჭედა ჯემო.
– შენ თვითონ არ გცოდნია სიტყვების მნიშვნელობა და მე მეუბნები, არ იციო?
– არიფი შენნაირი გოიმი კაცია, რა, – ახსნა ჯემომ.
– გოიმი რაღაა? – მხრები აიჩეჩა ბიჭმა.
– ვაა, – ეს ვინ ყოფილა, – გადაიხარხარა ჯემომ და დაამატა, – გოიმი სოფლიდან ქალაქში ჩამოსულს ნიშნავს. ისეთ ადამიანს, ვინც, ვინც... – ჯემო ისევ გაიჭედა და ბოლოს თქვა, – მორჩი ბაზარს და მაყუთი მოჯვი!
ბიჭს გაეცინა და ჯემოს უთხრა:
– ახლა ხუთივემ აქედან აახვიეთ, თორემ თუ ფეხქვეშ გააგიგდეთ, თქვე ფარჩაკებო, ვერცერთი ვერ გამასწრებთ. ჩქარი ნაბიჯით იარ!
ჯემომ ჯერ პირი დააღო გაოცებისგან. შემდეგ გული მოუვიდა, ამდენ ადამიანს როგორ გვემქურებიო და ბიჭს უთხრა:
– რა თავს იტუტუცებდი, თუ ყველაფერი იცოდი?
– გაგოიმებდით, თქვე ლოხებო. აბა, აქედან მშვიდობიანად აახვიეთ. ოცკაპიკიანს კი გჩუქნით.
– ვის აგოიმებდი, შე ფარჩაკო? – გამწარდა ჯემო და ბიჭზე წაიწია. თუმცა, გამხდარმა ბიჭმა ის კისრულზე წამოიღო და ასფალტზე დასცა.
ჯემოს პაძელნიკები ტურებივით დაერივენ ბიჭს, მაგრამ დანარჩენი ოთხიც ასფალტზე დაენარცხა თვალის დახამხამებაში და ზოგმა რა იტკინა და ზოგმა – რა.
– რაო, ბიჭებო, რაიმე ხომ არ იტკინეთ, ექიმს ხომ არ დავუძახო? – დამცინავად უთხრა ძირს დაყრილებს გამხდარმა ბიჭმა და დააყოლა, – იცოდეთ, კიდევ არსად გადამეყაროთ, თორემ ძირს დაყრას არ გაკმარებთ და უარეს დღეში ჩაგყრით.
გამხდარი ბიჭი ჯანო იყო. ძიუდოისტი, ჭაბუკებში საქართველოს ჩემპიონი და მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. ეს ინციდენტი რომ მოხდა, მერვე კლასს ვამთავრებდით. მეცხრეში კი ჯანო ჩვენს სკოლაში გადმოვიდა და ჩვენს კლასში ჩარიცხეს;
პირველი სექტემბერი იყო. კლასის დამრიგებელმა ჯანო ქართულის გაკვეთილზე შემოიყვანა და გვითხრა:
– ეს ჯანოა. გაიცანით, თქვენი ახალი თანაკლასელი. ადრე სპორტსკოლაში სწავლობდა, შემდეგ ეს სკოლა დაშალეს და ჯანო ჩვენთან გადმოვიდა. კარგი სპორტსმენია და ძიუდოში საქართველოს ჩემპიონი ჭაბუკთა შორის.
ჯანო კეთილგანწყობილი ადამიანი იყო. გამხდარი, მაგრამ ძალიან დაკუნთული. საკმაოდ ჭკვიანიც და ცუდად არ სწავლობდა. უფრო კარგადაც კი ისწავლიდა, მაგრამ ვარჯიშს ბევრი დრო და ენერგია მიჰქონდა და ის დიდი სპორტული კარიერისთვის ემზადებოდა. დამრიგებელმა ჯანო ჩემ გვერდით დასვა, რადგან ერთი ადგილი ცარიელი იყო. ჩემ უკან, ბოლო მერხზე ჯემო იჯდა. დამრიგებელი რომ გავიდა, ჯემომ ჯანოს მხარზე ხელი დაადო, ჯანო შეტრიალდა და უთხრა:
– რა იყო?
– მე ჯემო მქვია.
– ჯანო, – თქვა ჯანომ და დაამატა, მაშინ ვერ მოვასწარით ერთმანეთის გაცნობა.
– აი, ძმაო, შენი ვალი დაიბრუნე, – თქვა ჯემომ და ჯანოს ოცკაპიკიანი გაუწოდა.
– არ მინდა. გაჩუქე, – თქვა ჯანომ. შემოტრიალდა. ხელი გამომიწოდა და მითხრა:
– ჯანო.
მე ხელი ჩამოვართვი და ვუთხარი.
– ოთარი.
მე და ჯანო დავძმაკაცდით და პლეხანოვზე მომხდარი კონფლიქტის ისტორია სწორედ მისგან შევიტყვე. მას მერე, რაც ჯანომ სკოლის პირველ დღეს უთხრა ჯემოს ოცკაპიკიანი გაჩუქეო, მე ვხოვე, მოეყოლა. ამ ისტორიას რომ მოვუსმინე, გამეცინა და ჯანოს ვუთხარი:
– წყნარ, მშვიდსა და სუსტს რომ დაინახავს, თავზე აჯდება, მაგრამ შენში სუსტი მაინც რა დაინახა?
– სიმართლე გითხრა, შემეცოდა. ვიფიქრე, მართლა ხომ არ მივცე მანეთიანი-მეთქი, მაგრამ გადავიფიქრე. დამცირება გამომივიდოდა და აღარ გავაკეთე.
რატომ, არ ვიცი, მაგრამ რაც ჩვენს კლასში ჯანო გადმოვიდა, ჯემო გამოსწორების გზას დაადგა. თითქმის აღარ ხულიგნობდა. სწავლასაც მოუმატა. გარდატეხის ასაკის შემდეგ კი გარეგნულადაც უკეთესი გახდა, არაფერი დაეწუნებოდა. მოკლედ, ადამიანს დაემსგავსა. ამასობაში, სკოლის დამთავრების დრომაც მოაღწია. ჯანო საბჭოთა კავშირის ჩემპიონი იყო ჭაბუკთა შორის ძიუდოში და საკავშირო ჭაბუკთა ნაკრებში აიყვანეს. ჯემო გაიზარდა და აბსოლუტურად ჩამოშორდა ქუჩას. ყველას გასაკვირად უკვე ძალიან კარგად სწავლობდა. მე კი სკოლას ოქროს მედალზე ვამთავრებდი. ერთი სიტყვით, მაშინ რომ იტყოდნენ, ახალი ცხოვრების ფართო ასპარეზზე გასასვლელად ვემზადებოდით.
ჯანო გამოსაშვები გამოცდებიდან გათავისუფლებული იყო და შეკრებაზე იმყოფებოდა. ბოლო გამოცდა რომ ჩავაბარეთ, პირველივე შაბათ დღეს ბანკეტი გადავიხადეთ. სუფრა ერთ-ერთი ჩვენი თანაკლასელის აგარაკზე, წყნეთში იყო გაშლილი. ჯანო მწვრთნელს ორი დღით გაეთავისუფლა შეკრებიდან, რომ ბანკეტს დასწრებოდა. ჯანოს დანახვა ყველას გაგვიხარდა. ბანკეტს რამდენიმე მშობელიც ესწრებოდა, სკოლის დირექტორი და მასწავლებლები. თუმცა, პედაგოგები მალევე წავიდნენ და ქეიფიც მეტად გაჩაღდა. ვცეკვავდით, ვმღეროდით, ვმხიარულობდით. ცოტა ალკოჰოლიც კი მივიღეთ. მხოლოდ ჯანოს არ დაულევია. დაახლოებით შუაღამე იყო, როდესაც ჯემო ვიღაცამ გარეთ გაიხმო. ეს პირველმა მე შევამჩნიე და აგარაკის მასპინძელს ვკითხე ჯემოს შესახებ. მან კი მითხრა:
– ვიღაც შავმა ბიჭმა დაუძახა ათი წუთის წინ და მას გაჰყვა.
გულმა მიგრძნო, რომ რაღაც კარგი არ ხდებოდა. ეზოში ჩავედი და ჭიშკრისკენ გავემართე. ქუჩაში რომ გავედი, ოციოდე მეტრში მდგარი „ჟიგული“ შევნიშნე. სამი ბიჭი და ჯემო იდგნენ და რაღაცაზე კამათობდნენ. მათკენ წავედი. ჯემომ რომ დამინახა, ბიჭებს უთხრა, გაჩერდითო და ლაპარაკი შეწყვიტეს. რომ მივუახლოვდი, ვკითხე:
– ხომ მშვიდობაა, ჯემალ. სად წახვედი?
– კი, მშვიდობაა, ოთო. მეგობრებმა მომაკითხეს. პატარა საქმე მაქვს, წადი და მეც მალე მოვალ.
მე უკან გავბრუნდი. ნელა მივდიოდი, რომ მათი საუბრისთვის ყური მომეკრა. როგორც კი ოდნევ გავცდი, მათ დავა გააგრძელეს და ხმას უმატებდნენ. აგარაკის ჭიშკართან რომ მივედი, შევჩერდი, შევტრიალდი და შორიდან ვადევნებდი თვალს. აშკარა იყო, რომ მათი დავა ჩხუბში გადაიზრდებოდა. კვლავ იქით წასვლა დავაპირე, რომ ამ დროს ჯანო გამოჩნდა და მკითხა:
– რა ხდება, ოთო, სად წახვედი?
მე მოდავეებისკენ მივანიშნე და ვუპასუხე:
– ჯემო, ვიღაცებთან სპორობს და მის მოსაძებნად გამოვედი. მითხრა, მშვიდობაა და მალე მოვალო.
– რა მშვიდობა? ნახე, ჯემოსთვის საყელოში ხელი აქვთ ჩავლებული. წამო, მივეშველოთ, – თქვა ჯანომ და სწრაფი ნაბიჯებით დაიძრა წინ.
რომ მივედით, მათ ჩვენთვის არც კი შემოუხედავთ, ისევ აგრძელებდნენ დავას. ერთ-ერთს ჯემოსთვის საყელოში ხელი ისევ ჰქონდა ჩავლებული და თითქმის ახრჩობდა. ჯემომ რომ დაგვინახა, ამოიხროტინა:
– წადით, ბიჭებო, მალე მოვალ, წადით!
ჯანომ ხელი გააშვებინა ჯემოსთან მოდაეს და უთხრა:
– თავი დაანებე, არ დაახრჩო.
– წადი, შენი... – მიუგო მოდავემ ჯანოს და დარტყმა მოუნდომა. მაგრამ ჯანომ ის ძირს დასცა. მეორესაც იგივე ბედი ეწია. მესამემ კი სიბნელეში ხანჯალი იძრო და ჯანოს ზურგში ჩასცა. შემდეგ სამივე მანქანაში ჩასხდნენ და გაიქცნენ. ჯანოს თქრიალით მოსდიოდა სისხლი. ჭრილობა ღრმა იყო და ზურგის მარჯვენა მხარეს ჰქონდა მიყენებული. ჯანო იღიმებოდა და ამბობდა, კარგად ვარო, თუმცა მთელი ზურგი სისხლით ჰქონდა მოსვრილი და გაფითრებული იყო. ჯანო ერთ-ერთი მშობლის მანქანაში ჩავსვით და სასწრაფოდ საავადმყოფოში წავიყვანეთ. საოპერაციოში რომ შეიყვანეს, ჯანო ისევ იცინოდა, თუმცა ძალიან ბევრი სისხლი ჰქონდა დაკარგული და ცარცის ფერი ედო. აშკარა იყო, რომ ძალები ელეოდა და მალე გონებას დაკარგავდა. ექიმმა სასწრაფოდ სისხლი მოითხოვა. გაგვიმართლა, რომ ძებნა არ დაგვჭირდა –საჭირო ჯგუფის სისხლი მე და ჯემოს აღმოგვაჩნდა და სასწრაფოდ გადაუსხეს. ამასობაში მილიციაც მოვიდა და გამოკითხვა დაიწყეს. ერთ-ერთმა ოპერმუშაკმა ჯემო რომ დაინახა, ირონიით უთხრა:
– შენ აქ რა გინდა, ბიჭო?
– ჯანო ჩემი თანაკლასელია და ბანკეტზე ვიყავით. მე და ოთარმა კი მას სისხლი გადავუსხით.
– ბანკეტზე დაჭრეს?
– არა, ქუჩაში.
– ვინ და რატომ?
– არ ვიცი. ქუჩაში მოხდა. რომ გავედით, ჯანო უკვე დაჭრილი იყო და საავადმყოფოში წამოვიყვანეთ, – ჯემო ისე გამოზომილად პასუხობდა ოპერს, რომ აშკარა იყო, ყველაფერი ადრევე ჰქონდა მოფიქრებული. ოპერმა კოპები შეიკრა და უთხრა:
– მატყუებ, ხომ?
– არა, რას გატყუებთ?! – მიუგო ჯემომ.
– იცოდე, რომ გაირკვეს, დამნაშავე ხარ ან ამ საქმეში გარეული, ციხეში ამოგალპობ!
– არა. მართალს გეუბნებით.
დასასრული შემდეგ ნომერში
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





